რა აკავშირებს მოსამართლე ვეფხია ლომიძეს ,,მეტეხის საძმოსთან?”

შეშფოთებულმა თბილისის საქალაქო სასამართლომ გვამცნო: „თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის, ვეფხია ლომიძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მედიაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. მოსამართლის უძრავ-მოძრავი ქონება და შემოსავლები ასახულია ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და მასში მოყვანილი ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ვეფხია ლომიძემ განიხილა ელისო კილაძის შვილის, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ბრალდებულ დავით ხ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა, საინფორმაციო სააგენტოებზე მიკერძოებულად გავრცელდა ინფორმაცია მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, მასალაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია მოსამართლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუმცა ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი სასესხო ვალდებულება, რომელიც მისსავე დეკლარაციაშია ასახული. დეკლარაციის შევსების სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში ინფორმაცია ცალ-ცალკე შეიტანება, როგორც მიწის ნაკვეთზე, ასევე მასზე განთავსებულ თითოეულ შენობა-ნაგებობაზე. აღნიშნულ სტატიაში კი თითოეული ნაგებობა ცალკე უძრავ ქონებადაა წარმოჩენილი.

დეკლარაციაში მითითებული ქონების აბსოლუტური უმრავლესობა შეძენილი და რეგისტრირებულია ვეფხია ლომიძის მოსამართლედ განწესებამდე რამდენიმე წლით ადრე. შესაბამისად, ინფორმაციის იმგვარად წარმოჩენა, თუნდაც ირიბად, რომ თითქოს მოსამართლე ვეფხია ლომიძის ძლიერი ქონებრივი მდგომარეობა მაკომპრომეტირებელი გარემოებაა, ცალსახად ემსახურება მოსამართლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ სანდოობის შემცირებას“, _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

გააჩნია, რა შემთხვევაშია ქონება მაკომპრომეტირებული. რეალურად, ვინ არის მოსამართლე, რომელმაც თემიდასგან განსხვავებით, სმენაც დაივიწყა და სამართალიც და აი, ასე, ხელაღებით, დავით ხარშილაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა?

მოსამართლის დღევანდელობაზე ვრცელ მასალას გაზეთის ამავე ნომერში, რუბრიკაში ,,კომფორტის ზონა” წაიკითხავთ. ახლა კი იმ დეტალებზე, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ და ჩვენ ვაქვეყნებთ.

 

ვეფხია ლომიძე _ განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი;

განსაკუთრებული ღვაწლი შევარდნაძის ხელისუფლებისადმი _ „მეტეხის საძმო“ _ სასტუმრო „მეტეხი პალასი“

 

80-იან წლებში დათო სანიკიძე მაღალ საზოგადოებაში დიდი ბიზნესმენის სახელით გამოჩნდა. მის წარმატებებს ის ფართო კონტაქტები განაპირობებდა, რომელიც მას სხვადასხვა ქვეყნის საქმიან წრეებთან ჰქონდა. მის ფინანსურ ოპერაციებში ყოველთვის რუსეთში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ვიაჩესლავ ივანკოვის („იაპონჩიკი“), ფული ბანდდებოდა და წარმატების შემთხვევაში მონაგები ერთიორად იზრდებოდა (ცნობისთვის: ვიაჩესლავ ივანკოვი ბადრი პატარკაციშვილისა და ბერეზოვსკის ჯგუფის სხვა წევრებთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა). ამ დროს ედუარდ შევარდნაძე მოსკოვშია და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს. დათო სანიკიძე პაატა შევარდნაძის მეგობრად ითვლება (რამდენიმე წლის შემდეგ, როცა დათო სანიკიძეს მოკლავენ, პაატა შევარდნაძე მისი დასაფლავების ცერემონიალზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვა თბილისში). როგორც ამბობენ, სანიკიძის მასშტაბური ბიზნესის მფარველობას და ხელშეწყობას, სწორედ, ბატონი ედუარდი კისრულობდა. სხვათა შორის, შევარდნაძე არასდროს მალავდა სანიკიძესთან ახლობლობას. საზღვარგარეთის ვოიაჟებში მას დათო სანიკიძე მუდამ თან ახლდა. სწორედ ერთ-ერთი შემთხვევისა და მფარველის წყალობით, ავსტრიაში სანიკიძემ სამშენებლო ფირმისა (ABV) და სასტუმრო ქსელების მაგნატი, ლეოპოლდ ბაუსბეკი, გაიცნო. ამის შემდეგ დათო სანიკიძე თბილისში ბაუსბეკთან ერთად ჩამოვიდა. ეს იყო 1988 წელი. გადაწყდა, ფირმა ABV-ს აეშენებინა ორი სასტუმრო კომპლექსი: თბილისში _ „მეტეხი პალასი“, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, ხოლო გუდაურში _ დასასვენებელი კომპლექსი „მარკო პოლო“ (ამ უკანასკნელის აშენების იდეა სოლიკო ხაბეიშვილსა და ვანო ყიფიანს ეკუთვნოდა. სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად, სწორედ, ბაუსბეკ-სანიკიძესთან წილების საკითხზე წარმოშობილ პრობლემას ასახელებენ).

1991 წელს მოსკოვში გაიხსნა ABV-ს მიერ აშენებული სასტუმრო „მარკო პოლო“, რომლის დირექტორი მოსკოვშიც დავით სანიკიძე გახლდათ. ამავე პერიოდში ხდება იგი გუდაურის „მარკო პოლოსა“ და თბილისის „მეტეხი პალასის“ სრული განმკარგულებელი. შემდეგ წლებში იძენს ABV-ის სასტუმროებს სანკტ-პეტერბურგსა და ალმა-ათაშიც. ვინაიდან საქართველოში არასტაბილური მდგომარეობა იყო, სანიკიძემ სასტუმროს საიმედო დაცვისთვის იარაღის მრავალფეროვანი არსენალი შეიძინა და ქვეყანაში შემოიტანა. შექმნა სასტუმრო „მეტეხი პალასის“ ძლიერი დაცვა. სასტუმრო „მეტეხი პალასი“ მაშინდელ საიმედო ხელს, კერძოდ, „ველურ მხედრებს“ (ასე უწოდებდნენ მხედრიონს ავსტრიაში) ჩააბარა! სწორედ მათი წყალობით იქცა იმ პერიოდში ფეშენებელური სასტუმრო ყველა დონის შეხვედრის, კონფერენციისა თუ ბრწყინვალე მიღებების ღირსეულ მასპინძლად, მეორე მხრივ კი „მეტეხის“ გოროზი საძმოსა და სისხლიანი ვენდეტების არენად.

ასე შეიქმნა „მეტეხის“ არაოფიციალური დაცვა. ქუჩის დონეზე მას „მეტეხის საძმოს“ ეძახდნენ. ამ საძმოსთან ურთიერთობას ყველაზე სასტიკი კრიმინალური დაჯგუფება, „ვერის საძმოც“ კი უფრთხოდა. ლაშა და ლადო დათო სანიკიძის ძმისშვილები იყვნენ. სანიკიძეს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა და მათ მამასავით ექცეოდა. დრო გადიოდა… არც „მეტეხის საძმოს“ არსებობა აღმოჩნდა მარადიული. როგორც ყოველთვის, ციხე შიგნიდან ტყდება. „მეტეხის“ გენერალურმა მენეჯერმა, დათო სანიკიძის მფარველობის ქვეშ მყოფმა რიჩარდ ჯავახაძემ, გადაწყვიტა, სასტუმროს ეკონომიკური ძალაუფლება ჩაეგდო ხელთ, რაზეც, რა თქმა უნდა, სანიკიძე არ დასთანხმდებოდა. „მეტეხის საძმო“ ორ ჯგუფად გაიყო. რადგან დათოს საქართველოში უფრო მეტი „წონა“ ჰქონდა, რიჩარდ ჯავახაძე იძულებული გახდა, მოსკოვში წასულიყო.

დათო სანიკიძეს იმხანად ბედი აღარ სწყალობდა. მას ურთიერთობა გაუფუჭდა სახელმწიფოს მაშინდელ მეთაურთან, ყველაზე ძლიერ მფარველთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან. ამ უკანასკნელს ყოველთვის ახსოვდა დათოს „ამაგი“, რაც 1991 წელს საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დასამხობად საჭირო ფინანსების თავმოყრაში გამოიხატებოდა. დათო სანიკიძე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, რომელსაც შევარდნაძესთან კაბინეტში შესვლა კაკუნის გარეშე შეეძლო, მაგრამ ერთხელ მას დელიკატურად შეახსენეს, რომ სახელმწიფოს მეთაური მაფიასთან კავშირში მყოფ პირებთან არ მეგობრობს.

მალე დათო სანიკიძის ძმისშვილი მოკლეს, „მეტეხის საძმომ“ ვენდეტა გამოაცხადა, ვენდეტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დღემდე უგზო- უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, რამდენიმე კი მოკლულია. სანიკიძემ ძმისშვილის მკვლელობა არავის აპატია და არც მოწმეები დაიტოვა. ეს იმდენად გახმაურებული მკვლელობა იყო, რომ განსაკუთრებულ საქმედ ჩაითვალა…

29 აგვისტოს სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმა უშედეგოდ მთავრდება, რაც ზეობის ხანაში მყოფი „მხედრიონისთვის“ წელს ქვემოთ დარტყმას ნიშნავს. ეს დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სახელმწიფოს მეთაურმა პრეზიდენტობა ისურვოს, ხოლო „მაშველთა კორპუსის“ ბობოლები საპატიო თავმჯდომარესთან ერთად მათთვის ასე ნაცნობ მეხუთე იზოლატორში განთავსდნენ. თბილისში კვირაიას რკინის რეიდების ხანა დაიწყო _ ტერორისტთა („მხედრიონი“) წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ხელისუფლებამ „მხედრიონის“ საქმეების გამოძიებას მიჰყო ხელი.

ამ საქმეში ერთ-ერთ ეპიზოდად შევიდა სანიკიძის ძმისშვილის დაკრძალვის დღეს ვინმე კოტრიკაძე-გრძელიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტიც. 1995 წლის 22 ნოემბერს საქმე წარმოებაში გადაეცა გენერალური პროკურატურის გამომძიებელს, ვეფხია ლომიძეს.

რაც შეეხება უკვე დაშლილ „მეტეხის საძმოს“ _ მისი წევრების უმეტესობამ საქართველო 29 აგვისტოს ტერაქტის შემდეგ დატოვა და მოსკოვს, ან ვენას მიაშურა. ქართველმა სპეცსამსახურებმა ტერაქტის შემკვეთის კვალის ძებნა საზღვარგარეთ დაიწყეს და ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილად დათო სანიკიძე მიიჩნიეს. ამის საფუძველს შემსრულებელ-ეჭვმიტანილთა ფენებიც იძლეოდა.

დათო სანიკიძე კი 1995 წლის ზამთარს მოლდოვაში ატარებდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, იქ გამართულ ქურდების „სხოდკაზე“ ტარიელ ონიანმა მას ქუთაისური კლანის კუთვნილი იმ ორასი მილიონი შილინგის დაბრუნება მოსთხოვა, რომელიც სანიკიძემ ნიუ-იორკში „იაპონჩიკის“ ანგარიშზე ჩარიცხა. სანიკიძე ჩვეულ ამპლუაში აღმოჩნდა და არ დაუთმო, ამით კი მან საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.

1996 წლის 11 ივლისი სანიკიძისთვის საბედისწერო გამოდგა. გამოძიების მასალები აჩვენებს, რომ ბუნდოვნად, მაგრამ მაინც, კაზინოს მონიტორმა მკვლელები დააფიქსირა: ისინი სამნი უნდა ყოფილიყვნენ. მისი სიკვდილი შემდეგ სიტყვებს ათქმევინებს ლეო ბაუსბეკს, სანიკიძის ყოფილ პარტნიორსა და საქართველოს სასტუმრო ქსელის ფუძემდებელს: „ის, რაც დაკავშირებულია შევარდნაძესთან და წინააღმდეგობაში მოდის მის ინტერესებთან, ან იღუპება, ან უკვე სამიზნედ არის ქცეული. ეს კი მეტისმეტია“.

თბილისში კარგა ხანს დუმდნენ სანიკიძის მკვლელობაზე. აშკარა იყო სამართალდამცველნი პრეზიდენტის რეაქციას ელოდებოდნენ. მკლელობიდან ერთი კვირის შემდეგ (მანამდე კი დათო სანიკიძე მეფური პატივით დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე) მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კახა თარგამაძემ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საზოგადოებას ამცნო, რომ, სწორედ, დათო სანიკიძე გახლდათ 29 აგვიტოს ტერაქტის ორგანიზატორი, რომელსაც, თურმე, ნაღმის აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუცია შესაბამისი ბრძანება ტელეფონით, ასე რომ, სპეცსამსახურების მუშაობას „უკვალოდ“ არ ჩაუვლია და მათი „პროფესიონალიზმის“ წყალობით დამკვეთიც „გამოიძებნა“. მკვდარს ხომ შეიძლება ყველაფერი დააბრალო (მთავარია, პრეზიდენტი დააჯერო).  საქმე გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის გამომძიებელს, კობა ნარჩემაშვილს გადაეცა.

1996 წლის დეკემბერში კობა ნარჩემაშვილი პროკურატურის ორგანოებიდან უშიშროების საბჭოში გადაიყვანეს, საქმე კი გამომძიებელ ვეფხია ლომიძეს გადაეცა გამოსაძიებლად.

1999 წელს ვეფხია ლომიძემ წარმატებით ჩააბარა მოსამართლის გამოცდები და პროკურატურიდან წავიდა.

„მხედრიონის“ ეს საქმეები, რომლებიც უშუალოდ ვეხია ლომიძის გამოსაძიებელი იყო, დღემდე თაროზეა. ორი წელი იყო იგი ამ საქმეების გამომძიებელი, ეს გახლდათ საქმეები, რომლებიც პრეზიდენტის პრაქტიკულ ტერაქტსაც კი ხსნიდნენ და სიმართლეს აჩვენებდნენ, ეს იყო საქმეები, რომელთა დროულად გახსნის შედეგად, თბილისში ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეფხია ლომიძემ _ განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა, თავის დროზე არ დაადგინა „მეტეხის“ მეპატრონე სანიკიძის ბრალეულობა ამ საქმეებში. მოგვიანებით, უკვე მკვდარი სანიკიძე ტერაქტის ორგანიზატორად ზეპირსიტყვიერად გამოცხადდა. მკვდარზე საქმის გადაბრალება, ალბათ, ადვილი იყო როგორც მაშინდელი მინისტრისთვის, ისევე გამომძიებლისთვის…

ეს მცირე ჩამონათვალია ვეფხია ლომიძის განსაკუთრებული საქმეების შესახებ, რაც ამ დროისთვის მოვიძიეთ…

რაც შეეხება ბატონ მოსამართლეს, დიახ ბატონი მოსამართლე ქონებრივადაც ძლიერია და წარსული მოგონებებითაც _ მდიდარი. როგორც მითხრეს, იგი ითვლება კობა ნარჩემაშვილის მეგობრად, მხოლოდ სააკაშვილის პერიოდში ვერ ითანამშრომლა ადეიშვილთან, დანარჩენი მას თითქმის ყველა იუსტიციის მინისტრთან თავისი კულუარული ურთიერთობები ჰქონდა და აქვს.

 

  1. S. ჩვენ ყველა მოსამართლე უნდა ვიცოდეთ, საიდან მოდის, ვინ არის და რით უსუნთქია! არც ერთ მოსამართლეს არ უნდა აშინებდეს უკან მიხედვის, და თუ უკან მიხედვის ეშინია და თუ ოდესმე ხელისუფლების მონა, ან მძევალი ყოფილა, მაშინ დღესაც იგივე როლში ვნახავთ, ამიტომ ყველა ასეთმა მანდატი უნდა გაიხადოს!

 

მაკა მოსიაშვილი