ვეფხია ლომიძის კომფორტის ზონა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვეფხია ლომიძის შესახებ ინტერნეტსივრცეში საკმაოდ მრავალფეროვანი მასალა მოიპოვება; მრავალფეროვანია მისი ქონებრივი დეკლარაციაც, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

 

1967 წლის 13 იანვარს ქ. თბილისში დაბადებულმა ლომიძემ 1984 წელს თბილისის რკინიგზის #2 საშუალო სკოლა დაამთავრა; 1985-1987 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური;

1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ იურიდიულ, შემდეგ კი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მიიღო იურისტის კვალიფიკაცია;

1993-1994 წლებში მუშაობდა მთაწმინდისა და გლდანის რაიონის პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე;

1994-1999 წლებში მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის თანამდებობაზე;

1999-2005 წლებში იყო ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2005-2007 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;

2007 წლის ნოემბერში ჩაირიცხა მოსამართლეთა რეზერვში;

2009-2016 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.

ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლე დღეს მსჯავრდადებულებისთვის განაჩენის გამოტანითაა „დაკავებული“.

რაც შეეხება მის ქონებრივ დეკლარაციას, იგი უკანასკნელად მიმდინარე წლის 27 თებერვალს შეავსო და რიგითი მოსამართლისთვის არცთუ ურიგო მდგომარეობა უფიქსირდება:

მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე აღირიცხება 5 მიწის ნაკვეთი, 3 საცხოვრებელი სახლი, 3 ბინა და 2 კომერციული ფართი. ამათგან, 2012 წელს ჩუქებით გადაეცა ჯიქიას (ყოფ. ზანდუკელი) ქუჩაზე მდებარე 2 საცხოვრებელი სახლი, ერთი მიწის ნაკვეთი და ერთი არაკომერციული ფართი;

2005 წელს ნასყიდობით, 24000,00 აშშ დოლარადაა შეძენილი 95,00 კვ.მ.-ის ფართობის ბინა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე #10-ში (ბინა #26);  მოგვიანებით, 2014 წელსაა შეძენილი იმავე მისამართზე მდებარე 80,00 კვ.მ.-ის ფართობის ბინა #27, 38000,00 აშშ დოლარად;

2007 წელს 30000,00 აშშ დოლარად შეიძინა თბილისში კალოუბნის ქუჩაზე, მე-4 კორპუსში 82,00 კვ.მ. ფართობის ბინა #42 (მშენებარე); მის სახელზეა 2009 წელს 6000,00 აშშ დოლარად შეძენილი 529,00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბორჯომში, ახალდაბაში, რუსთაველის ქუჩაზე;

50,00%-იანი წილის მფლობელია, ასევე, ბორჯომში, ახალდაბაში, იმავე რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 400,00 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთისა, რომელიც ჩუქებით გადაეცა და მისი 50,00%-იანი მეწილე დეკლარაციაში მოხსენიებულია NULL NULL-ით. ამავე სახელითაა მოხსენიებული ისევ 50,00%-იანი წილის მფლობელი ლომიძისთვის (დარჩენილი 50,00%) ჩუქებით გადასული 170,00 კვ.მ.-ის ფართობის საცხოვრებელი სახლის (ორსართულიანი) აღნიშვნისას ისევ ბორჯომში, ახალდაბაში, რუსთაველის ქუჩაზე.

მეუღლის, ნინო ჯინჭარაძის სახელზეა 2003 წელს ნასყიდობით 1000,00 აშშ დოლარად შეძენილი 1000,00 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში. ასევე 2013 წელს ნასყიდობით 39000,00 აშშ დოლარად შეძენილი 84,97 კვ.მ.-ის ფართობის კომერციული ფართი თბილისში, შარტავას ქუჩაზე.

შვილის, ნიკოლოზ ლომიძის სახელზე კი  2012 წელს ჩუქებით გადასული 600,00 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთია, რომელიც ბორჯომში, ახალდაბაში, ამჯერად ყაზბეგის ქუჩაზე მდებარეობს.

მოძრავი ქონებიდან მოსამართლის დეკლარაციაში მოცემულია, რომ იგი 11000,00 აშშ დოლარის ღირებულების  BMW X5, 2001-ის მფლობელია 2010 წლიდან; მეუღლე კი 2015 წელს შეძენილ 6000,00 აშშ დოლარის ღირებულების  X-TRAIL 2003-ს ფლობს.

ვეფხია ლომიძე „ლიბერთი ბანკში“ ერთ ფასიან ქაღალდს, 4000,00 აშშ დოლარის სერტიფიკატს ფლობს.

გრაფაში: „საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლება გაქვთ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრს“, დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ „თი-ბი-სი ბანკში“ საკრედიტო ანგარიშზე დეკლარაციის შევსებისას 500,00 ლარი(+) ერიცხებოდა. ზუსტად იმავე ოდენობისა და იმავე ანგარიშზე ჰქონდა ნაშთი „ლიბერთი ბანკშიც“. რაც შეეხება მეუღლეს, ნინო ჯინჭარაძეს, მას „თი-ბი-სი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე დეკლარაციის შევსებისას 1000,00 ლარი(+) ერიცხებოდა.

ვეფხია ლომიძეს „რესპუბლიკა ბანკში“ ერთ საკრედიტო ანგარიშზე დეკლარაციის შევსებისას 5000,00 ლარი(+), ხოლო მეორეზე 8500,00 ლარის(+) ოდენობის ნაშთი მოეპოვებოდა.

სამეწარმეო საქმიანობასაც რომ გადავხედოთ, ვეფხია ლომიძე 100%-იანი წილის მფლობელია კალოუბნის ქუჩაზე მდებარე შპს „პირამიდის“, რომლის საქმიანობითაც წინა წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა 56000,00 ლარი შეადგინა. ასევე ფლობს შპს „საბას“, რომლის საქმიანობამაც ზემოთ აღნიშნული დროის ფარგლებში 10000,00 ლარი მოუტანა. შპს „პირამიდა“ + 6000,00 ლარი. მეუღლის სახელზეა შპს „პერიმეტრი“, ზემოთ მითითებულ ვადებში შემოსავლის ოდენობა 20000,00 ლარი და ისევ ნინო ჯინჭარაძის სახელზე შპს „პერიმეტრი2“, შემოსავალი _ 11600,00 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეობისას მხოლოდ ერთ წელიწადში (12.02.2016-31.12.2016  ვადებში) მიღებული შემოსავალი უდრის 50400,00 ლარს.

მის სახელზე აღინიშნება, ასევე, ს/ს „ბანკი რესპუბლიკასთან“ დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, 100000,00, აშშ დოლარი. აქედან წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგია 16044,00 აშშ დოლარი (გასავალი).

ბოლოს კი დეკლარაციაში აღნიშნულია ნიკოლოზ ლომიძის (შვილის) სწავლის გადასახადი: გასავალი, 8750,00 ლარი. ამ უკანასკნელი მასალით მოსამართლის ქონებრივი დეკლარაცია იხურება.

ბუნებრივია, საინტერესოა მისი უშუალო „კომფორტის ზონის“ მდებარეობა და სწორედ ამიტომ კახეთის გზატკეცილს მივაშურე.

მეტროსადგურ „სამგორიდან“ კახეთის გზატკეცილამდე მიმართულების მაჩვენებელი ისრებიც მიგიყვანთ, ამის შემდეგ კი ხელმარცხნივ, გზის გადაღმა, უკვე დასახლებულ პუნქტს მიადგებით. ნახავთ რესტორანსაც, თონესაც, ავტომობილების ვუკლანიზაციასაც და 16-სართულიან მაღალ კორპუსებსაც. ერთი მათგანი სწორედ ჩვენი დღევანდელი ინტერესის ობიექტის, ვეფხია ლომიძის საცხოვრებელი კორპუსია.

საკმაოდ მრავალფეროვანი ქონებრივი დეკლარაციის მქონე მოსამართლე კახეთის გზატკეცილის 10 ნომერში ცხოვრობს. ცისფრად შეღებილი მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი, მსგავსი, ვარდისფერი, ამავე სიმაღლის კორპუსი და საბჭოთა დროინდელი უგვანი, მიტოვებული შენობა დგას.

ცისფერი, მაღალი კორპუსის შესასვლელთან კი იქ მცხოვრები „ჯეელების“ გუნდი გადახურულ მაგიდა-სკამების ათვისებითა და მასზე დომინოს, ან კარტის თამაშით ირთობენ თავს. ყოველთვის ასე ხდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ რაც იქ მისვლისას დამხვდა, ზუსტად ასე იყო.

მოკლედ, შუადღის 15:00 საათი იქნებოდა, როცა სწორედ ამ მისამართისკენ დავიძარი და მოსამართლე  ლომიძის ცისფერი კორპუსისკენ ავიღე გეზი. მისამართს საკმაოდ მარტივად მივაგენი და #10-ის დანახვისას უკვე მივხვდი, რომ დანიშნულების ადგილზე ვიყავი.

კორპუსის კარი ღია იყო, თუმცა რადგანაც იქვე ახლოს, გადაფარებულში მსხდომარე და მოთამაშე ხსენებული „ჯეელები“ შევნიშნე, გადავწყვიტე, ჯერ მათთან მივსულიყავი. დაახლოებით ათი-თხუთმეტი მამაკაცი იყო და თითქმის ყველა მათგანს ტყავის, ან „დუტის“ შავი ქურთუკი ემოსა (ზოგიერთ მათგანს ამავე ფერის „კენგურუდ“ წოდებული ქუდიც ეფარა).

მათთან მიახლოებისას ერთმა, რომელიც მე მიყურებდა, დანარჩენს ჩემზე თვალით ანიშნა: „ბიჭებო, ჩვენკენ ვიღაც მოდის“-ო და ყველა ერთად მე მომაჩერდა, თუმცა უკვე 40-დან 60-წლამდე მამაკაცების მზერამ დიდად არ დამაფრთხო და პირდაპირ საქმეზე გადავედი:

_ გამარჯობა, ამ კორპუსში ცხოვრობთ?

_ დიახ, რა ხდება? _ მიპასუხეს თითქმის ერთდროულად.

_ მაინტერესებს, მოსამართლე, ვეფხია ლომიძე აქ ცხოვრობს?

_ ჰო, მე-7 სართულზე.

_ თქვენ იცნობთ? როგორი მეზობელია, მაინტერესებს, _ ეს კითხვა იყო და დაბნეული სახეებით შეხედეს ერთმანეთს.

_ რა ვიცი, ძალიან კარგი, _ მომესმა ამ თხუთმეტი მამაკაცისგან იქით-აქედან.

_ შეხედე ახლა?! _ გაბრაზებულმა წარმოთქვა ჩემ წინ მჯდარმა, 55-იოდე წლის შავ ქურთუკ-ქუდიანმა, ოდნავ წითურმა, სახეზე რამდენიმე სისხლძარღვგაფართოებულმა (ან ჩაქცეულმა) მამაკაცმა, ალმაცერად ამომხედა და მითხრა:

_ შვილო, წადი, ახლა, შენ და ვინც დაგავალა ეს ამბავი, იმასთან მიდი.

_ უკაცრავად, რას გულისხმობთ?

_ რას და აყვნენ ახლა იმ ამბებს და არის ერთი ამბავი.

_ რის ამბავს? მითხარით ბოლომდე, რისი თქმაც გინდათ.

_ არაფერი, ძალიან კარგი ბიჭია, მეოჯახე, ექვსი შვილის პატრონი, მშრომელი… არა, ბიჭო, მაინც აყვნენ იმ ამბავს ახლა.

_ კარგი ბიჭია, კარგი მეგობარი და ოჯახის კაცი, _ გამომეხმაურა მეორე.

_ წადი, ბიძია, ახლა, წადი, შენ, _ მეუბნება ისევ ის წითური მამაკაცი.

_ რა თქმა უნდა, გადავწყვეტ, სად წავალ. გმადლობთ, _ ვეუბნები და ამ დროს სხვა ერთვება საუბარში.

_ კი, ჩვენთან კარგი კაცია, რამე ცუდს ხომ არ ვიტყვით, აბა?!

_ არ ვიცი, როგორც გინდათ, _ ვპასუხობ და უკვე შედარებით ნერვებმოშლილ სახეებს რომ ვხედავ, მადლობას ვუხდი და სადარბაზოში შევდივარ.

უკან ჩამოვიტოვე ეს „მამაკაცები შავებში“ და სადარბაზოში შევედი. არასდროს ვარღვევ სტატიის გმირის პირად სივრცეს და არ ვიჭრები მათ სახლში, უბრალოდ, ვცდილობ მისი კომფორტის ზონის დათვალიერებასა და მასზე მეზობლების დამოკიდებულების გაგებას. ამიტომ ახლაც მხოლოდ მეზობლების გამოკითხვითა და მათი აზრის გაგებით შემოვიფარგლე და პირველსავე სართულზე მცხოვრებ ბინის პატრონთან მომიწია გასაუბრება.

სადარბაზოში შესვლისთანავე მარჯვენა მახრეს კიბეებია, რომელსაც მაღლა სართულებისკენ მიჰყავხარ. მე-7 სართულამდე ჯერ ცოტა შორია, ასე რომ, პირველსავე სართულზე, პირველსავე კარზე ვაკაკუნებ, კარი დიდი, რკინის და მუქი ფერისაა. ვაკაკუნებ და პასუხი კარგა ხანს, არ არის. ბოლოს მამაკაცის ხმა ისმის:

_ ვინ გნებავთ?

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, ორიოდე კითხვა მექნება, თუ შეიძლება.

_ გასაღები არ მაქვს, რა გნებავთ?

_ მაინტერესებს, ვეფხია ლომიძე როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ მოსამართლე?

_ დიახ.

_ ერთი წუთით, _ მეუბნება, მტოვებს და რამდენიმე წამში კარს აღებს შუახნის მამაკაცი საშინაო ტანსაცმლით.

_ როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ ვეფხია?

_ დიახ.

_ კარგი.

_ სალმიანია? რამდენად ხშირად ხედავთ ხოლმე?

_ კი, სალმიანია როცა ვხედავთ ხოლმე და რა არის რო? _ მეკითხება.

_ არაფერი, უბრალოდ, მაინტერესებს, გმადლობთ, _ იქაურობას ვშორდები და მაღლა სართულებისკენ ვინაცვლებ.

რამდენიმე სართულის გამოტოვება მომიწია იმიტომ, რომ კარი არავინ გამიღო. ბოლოს, მე-4 თუ მე-5 სართულზე, კაკუნისას, ისევ მაღალ სართულზე გადავინაცვლე, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭის ხმამ, _ ვინ არის? _ ქვემოთ ჩამომიყვანა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, მაგრამ უფროსკლასელი იქნებოდა. მასაც გავაცანი ჩემი თავი და საქმეზე გადავედი:

_ რამდენიმე კითხვა მაქვს, თუ შეიძლება.

_ გასაღები რომ არ მაქვს (ამ დროს კითხვა მებადება, რატომ არავის აქვს გასაღები და თუ გარეთ გასვლა მოუწიათ, როგორ ახერხებბენ ამას?!)…

_ არა უშავს, აქედან გკითხავთ: თქვენს მეზობელს, მოსამართლე ვეფხია ლომიძეს, იცნობთ?

_ დიახ.

_ მაინტერესებს, როგორი მეზობელია, როგორი პიროვნებაა?

_ მეზობელია, ორი სართულით მაღლა ცხოვრობს.

_ ჰო, ეგ გავიგე, შენთვის როგორი მეზობელია, ხშირად ხედავ ხოლმე?

_ კი, ვხედავ ხოლმე, სალმიანია და კარგი ადამიანი.

_ გმადლობთ.

_ არაფრის.

შემდეგ სართულზე კარი არავინ გამიღო. ძალიან მაღლიდან, რომელიღაც სართულიდან, ხმაური ისმოდა. ვიცოდი, რომ მე-7 სართულზე #26 და #27 ბინა სწორედ ექვსი შვილის მამისა და  სხვათა შვილებისთვის განაჩენის გამოტანის პასუხისმგებლობის მატარებელი ლომიძის სახელზე იყო.

ავედი და ფოტო გადავუღე. აქამდე მხოლოდ მის მუქი ფერის კარს ეკრა ოქროსფერი ციფრებით 26.

ასვლა შემდეგ სართულებზეც გავაგრძელე, სიტუაცია, დაახლოებით, მარკ ტვენისეული ტომისა და დეიდამისის დამოკიდებულებას ჰგავდა:

„_ ტომ!

_  პასუხი არ არის!“

ვაკაკუნებ კარზე:

_ უკაცრავად, არის ვინმე?

_ პასუხი არ არის!

მხოლოდ მაღლა, რომელიღაც სართულზე მიპასუხა შუახნის ქალბატონმა, რომელიც იმწამსვე დადუმდა, რაც ორიოდე კითხვა ვუხსენე (ალბათ, მასაც გასაღები არ ჰქონდა და ხმა ჩაუვარდა!). იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, კიბეზე ფეხით დავეშვი იმ იმედით, რომ გზაზე ვინმეს გადავეყრებოდი და კიდევ რაიმეს გავიგებდი ხსენებულ „ინტერესის ობიექტზე“ გარდა იმისა, რომ ექვსი შვილის მამა და მეოჯახე ადამიანია. სამწუხაროდ, გზად არავინ შემომხვდა, სადარბაზოდან გამოვედი და ისევ დომინოსა თუ კარტის მოთამაშე მამაკაცების მზერა ვიგრძენი, თავი დავუკარი და წამოვედი.

გზად ისევ საბჭოთა დროინდელ უცნაურ ნაგებობას და, ალბათ, ყოფილ საამაყო შენობას ვუცქერდი. ცისფერი კორპუსის გვერდით ღია ვარდისფერი კორპუსი იდგას, წინ ბავშვებისთვის სათამაშო პარკია, იქვე კი _ ვულკანიზაცია.

ფოტოები გადავუღე, იქაურობას მოვშორდი. გზატკეცილზე მანქანები ისევ დიდი სისწრაფით მოძრაობდნენ და მოსამართლის კომფორტის ზონაც კვლავ ამ ცისფერ კორპუსში, მე-7 სართულზე, 26-ე ბინაში მეუღლესთან და ექვს კანონდამცველ შვილთან მდებარეობდა.

 

 

ნინო ტაბაღუა