„დანაშაულს არ ვაღიარებ – გამოწვევა მიღებულია!“

2017 წლის 13 მარტ ჩვეულებრივად დაიწყო.

ორშაბათია, სამუშაო დღე, დილიდან ოფისში ვართ.

მიმდინარე თემებს გავდივართ, მე მორიგი სკანდალური თემის დასაწერად ვემზადები. მოკლე თათბირის შემდეგ ყველა თავის საქმეს უბუნდება, მათ შორის, ჩემი უფროსი შვილიც, დავით ხარშილაძე, რომელიც გაზეთის დაარსების დღიდანქრონიკა+“-ის ადმინისტრატორია.

არაფერი უცნაური, ჩემს თვალწინ ტრიალებს, საქმეებს აგვარებს, მერე მეუბნება, _ დედა, ლომბარდში გავალ, პროცენტის გადახდის დროა, 108 ლარი მჭირდება. ჩანთიდან ფულს ვიღებ, ვუთვლი, _ ათი ლარიც, რააბენზინს დავამატებ

ეს ჩვენი ბოლო საუბარია. ჩვეულებრივად მეხუტება, მკოცნის და მიდის. მოგვიანებით, „თიბისი ბანკისსაკრედიტო ბარათები უნდა დავფაროთ

როგორც ყველა წესიერ ოჯახს, ჩვენც გვაქვს ბანკის სესხი, რამდენიმე საკრედიტო ბარათი და ხანდახან, როცა ფული მოულოდნელად გვჭირდება, ლომბარდის მომსახურებასაც ვიყენებთ.

ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ახალი რეალობა იწყება, რომელსაც ბრძოლა შვილის თავისუფლებისთვის ჰქვია.

 

***

დათო იმ რთული 90-იანების პირმშოა. ადრე გაზაფხულზე დაიბადა, ქვეყანა დუღდა, გარეთ 1989 წელი იდგა და ყველაფერი მხოლოდ მაშინ იწყებოდა.

არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი. ხშირად ვხუმრობდი, ხიფათთან ერთად დაიბადა-მეთქი. პირველკლასელი სახლთან ახლოს შევიყვანეთ სკოლაში, მეორე შვილს ვზრდიდი თან. დაგვიანებები არ შემინიშნავს. აღმოჩნდა, რომ გამომეპარა. ერთი თვე ფეხბურთზე სავარჯიშოდ ისე დადიოდა, არც გაგვიგია. ერთი თვის თავზე ალეკო კვერნაძემ შემოგვითვალა, _ ამ ბავშვს დედ-მამა თუ ჰყავს, მოვიდესო. ფეხბურთი მისი ცხოვრების ყველაზე მთავარი გამოწვევა და პირველი სიყვარული იყო, _ თამაშობდა, ვარჯიშობდა, ოცნებობდა, გეგმებს ვაწყობდით… დედა _ ჟურნალისტი, მამა _ პოლიციის მაღალჩინოსანი. ფასეულობებით გაიზარდა, სიკეთით და სიმართლით. პირველი სკოლა დაამთავრა, ქალაქელობდა, მაგრამ არ ძველბიჭობდა, ჰქონდა პროტესტი, იყო აზარტული, მერე იყო მძიმე ტრავმა, როცა მხოლოდ ექიმების პროფესიონალიზმმა გადაარჩინა; პირველი დიდი იმედგაცრუება, რომ ფეხბურთის თამაში ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა. ადრე იქორწინა, ჰქონდა თავგადასავლებიც, ჰყავს ულამაზესი ლიზა.

ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი შვილები საზოგადოებისგან დამემალა, არ მინდოდა, პოლიტიკის სიბინძურე მათ შეხებოდათ, ვერ მოვახერხე. დათო ყოველთვის იყო ვიღაცის სამიზნე, ჯერ _ ქუთაისში, მერე _ თბილისში. ბევრჯერ გვილაპარაკია ამ თემაზე. არ უყვარს სხვისი წესებით ცხოვრება… იმის გამო, რომ, განსაკუთრებით ბოლო დროს, მუქარები რეალური იყო, საცხოვრებლად ოფისთან ახლოს გადმოვიყვანე, მეგონა, პროვოკაციის მოწყობას ვერ გაბედავდნენ. მაინც გაბედეს…

უფრო ადრე ნარკოტიკების თემის იდეოლოგიური მომზადება დაიწყეს. პირველად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმამ, ლექსო თამაზაშვილმა დაწერა, რომ მე ნარკოდამოკიდებული ვარ, მერე ლადო სადღობელაშვილი ამბობდა, რომ ჩემი მეუღლე, რომელიც იმხანად მომსახურების სააგენტოში მუშაობდა, კაბინეტში ინსულინის შპრიცით იჩხერდა (მაშინ, როცა კაბინეტი საერთოდ არ ჰქონდა), მერე ცნობილი ნარკორეალიზატორი, ქეთევან ზარნაძე, თამაზ თამაზაშვილის დავალებით ათასგვარ სიბინძურეს წერდა ჩემს შვილზე და მის მეგობრებზე, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი ჩემი შვილის დაჭერას იდეოლოგიურად ამზადებდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ჯღარკავა. მას ამ ენით აუწერელი სიბინძურეების წერაში დამატებით უხდიდა ხელფასს სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი და რაც ყველაზე მთავარია, ამ ე. წ. იდეოლოგიურ შეტევებს გეგმავდა ის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ მე მისი შვილობილი ვარ!!!

ცხადია, ჩემი შვილი, ისევე როგორც მე, მუდმივი მეთვალყურეობისა და სატელეფონო მიყურადების რეჟიმში ცხოვრობდა, მან ეს იცოდა. მე ვიცი იმ ორი პირის ვინაობა, რომელმაც ის სპორტის სასახლის უკან, თითქმის, გაუვალ ადგილზე, ბარაკებთან და მშენებარე ბინებთან ახლოს მიიყვანა. ერთი მათგანი პოლიციას სწორედ ამგვარი მძიმე ფაქტით ჰყავდა დაკავებული და ამ შემთხვევამდე ათი დღით ადრე გამოუშვეს, როგორც ჩანს, სწორედ ამ მისიით, რომ ჩემი შვილი სატელეფონო ზარით იქ მიეყვანათ.

ოთხი საათის განმავლობაში ვეძებდით. ტელეფონზე ჯერ ზარი გადიოდა, მერე გაითიშა. ვეძებდით ყველგან. ბოლოს, დაახლოებით შვიდი საათისთვის, უცნობმა პირმა მის მეგობარ გოგონას დაურეკა და უთხრა, რომ საბურთალოზე დააკავეს. დავრეკე 112-ზე, დავურეკე შსს-ს პრესსამსახურის უფროსს, თეა პერტაიას, რომელმაც მითხრა, რომ ჰაერშია. ბოლოს, რომელიღაც გამომძიებელმა ჩემს მეორე შვილს უთხრა, რომ დაკავებული თბილისის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩატარებული პოლიციური ოპერაცია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ის დაკავებამდე მიწაზე დადგა, ორივე ხელი ასწია და ყვიროდა, რომ არაფერი აქვს. სცემეს, მიწაზე დაგდებულმა გონი დაკარგა, სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს ისე შეეშინდათ, რომ თავად აპირებდნენ სასწრაფოს გამოძახებას. მერე გადაიფიქრეს, ბორკილები დაადეს და პოლიციის სამმართველოში წაიყვანეს. არ ჰქონდა ზარის განხორციელების საშუალება, არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექცეოდნენ უკიდურესად ცინიკურად, აგინებდნენ დედას, უხსენებდნენ გაზეთს, სადაც მუშაობს და ორ-სამ მილიონს… პროვოკაციაზე ვერ წამოაგეს, არც ერთ ოქმზე ხელი არ მოაწერა, ნარკოლოგიურში გადაყვანისას კლინიკური დათვალიერებით ექიმმა თქვა, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იმყოფება, ანალიზის ჩაბარების მომენტში დამსწრეებს ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ. ქალაქ თბილისის პოლიციის სამმართველოში, მისვლიდან ორი საათის განმავლობაში, ადვოკატი დაკავებულთან შეხვედრას ითხოვდა, ისევე როგორც მასთან არ უშვებდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს. ნარკოტესტი ადვოკატის თანდასწრებით ჩააბარა. ტესტი სუფთა იყო. პოლიციელები ექიმს გაკვირვებულები ეკითხებოდნენ, _ როგორ, ბიოც არ ამოუვიდა? ყოველი შემთხვევისთვის, ლაბორატორიული კვლევაც დანიშნეს. ცხადია, საქმის შესაკერად მზადება სწორედ ასე დაიწყო…

მოგვიანებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იტყვის, რომ პოლიციელები მისი თანდასწრებითაც კი ბილწი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ დაკავებულ დავით ხარშილაძეს, ანუ ჩემს შვილს.

ვიდექი გარეთ შენობასთან, სადაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობენ პირები, რომლებიც ჩემი შვილის დაკავებამდე ორი კვირით ადრე ვამხილე  ნეპოტიზმში, კორუფციაში, არაპროფესიონალიზმში, თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. ვიდექი და ზუსტად ვიცოდი, რომ დათო იყო სისტემის მძევალი და ეს სისტემა, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ჩემი შვილით მევაჭრებოდა. სწორედ ამიტომ იყო ჩემი პირველი განცხადება შვილის დაკავების მერე, რომ ჩემი პასუხია _ არა! ვაჭრობა დიდი ხნის წინ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის საყვარელმა დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა. დეტალებზე სხვა დროს დავწერ. გარანტირებული კეთილდღეობის სანაცვლოდ ითხოვდნენ მეგობრისა და პრინციპების გაყიდვას, ანუ ივანიშვილს არ სჭირდება პარტნიორები, მისი ამოცანაა, გაანადგუროს მორალური ავტორიტეტები, საზოგადოებას გაუჩინოს შიში და ნიჰილიზმი.

პოლიციის სამმართველოს შენობასთან იდგნენ საგანგებოდ გამოგზავნილი ადამიანები, რომლებიც მანქანიდან არ გადმოდიოდნენ, მაგრამ ამოწმებდნენ ჩემს ყველა სიტყვას, ჩემს ნებისმიერ ქმედებას, აინტერესებდათ, ვტიროდი, თუ ისტერიკა მქონდა…

ამ დროს მხოლოდ შვილის სიცოცხლესა და იმ გაზეთზე ვფიქრობდი, რომელიც, ჯერ მხოლოდ, ოთხი წლისაა და რომელმაც მოახერხა, ამ ქვეყანაში რეალობა შეეცვალა.

„ქრონიკა+“-ში მუშაობენ იდეური ადამიანები, მუშაობენ პროფესიონალები და მუშაობენ მხოლოდ ფაქტებზე, წერენ მხოლოდ სიმართლეს. ვერც ამ ადამიანებს დავაყენებდი დარტყმის ქვეშ და ვერც იმ მკითხველს, რომელიც ყოველ სამშაბათს ელოდება გაზეთს და ეს გაზეთი მათთვის ერთადერთი ნათელი წერტილია ამ ბნელ სამყაროში.

საქმის მასალებზე დეტალურად აღარ შევჩერდები, ამ თემაზე დიდხანს მოუწევთ საუბარი ადვოკატებს, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დარღვეულია ყველა სამართლებრივი ნორმა, რომლის დარღვევაც შეიძლებოდა, აღარაფერს ვამბობ ადამიანის უფლებებზე, რომელიც ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს, არც მოსამართლე ვეფხია ლომიძის გადაწყვეტილებაზე, რომელიც, უბრალოდ, ბიზნესმენია და თან _ ქოცი.

ჩემთვის მთავარი იყო გამეგო, რა მოხდა სინამდვილეში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კუკური წივწივაძემ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომ დავით ხარშილაძე ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია, 2017 წლის 13 მარტს აუცილებლად იქნებოდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე და მას თან ექნებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება ამბობს, რომ დავით ხარშილაძემ დაუდგენელი პირისგან დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა,  დაახლოებით, 12 000 ლარზე მეტი ღირებულების „ბუპრენორფინი“. საქმეში არ დევს არც სატელეფონო ჩანაწერი, ვიდეოფირი, რომელიც ყიდვის ფაქტს ასახავს და ყველაზე მთავარი, _ არ არსებობს დაკავების ოპერატიული კადრები.

ჩემი შვილი სულ რომ გაგიჟებულიყო და ქალაქის ცენტრში ნარკოტიკით სავსე ჯიბეებით ევლო, შსს-ს ხელს არაფერი უშლიდა, სპეცოპერაცია ხალხმრავალ ადგილზე ჩაეტარებინა და საქმეში მოწმეებად მხოლოდ პოლიციელები არ გამოეყვანა. სხვა დროს, გახმაურებული სპეცოპერაციებისას, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად ავრცელებს ოპერატიულ ვიდეომასალას. ჩემი შვილის დაკავება ბევრად უფრო რეალური არ იქნებოდა, თუ სხვა მოწმეების თანდასწრებით დაკავებას და ნარკოტიკის ამოღებას ფირზე ასახავდნენ? მე დამინდეს, ჩემი შვილი, თუ ვიდეოკამერა დარჩათ პოლიციაში?

როგორც ჩემმა შვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დაკავების ადგილზე თორმეტამდე პოლიციელი იმყოფებოდა, მაგრამ ერთი მათგანი რეზინის ხელთათმანებით იყო, რომელმაც მას ჯიბეში ორი პაკეტი ფხვნილი ჩაუდო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რეზინის ხელთათმანებიანი ჩამდები ზაქარია ვასაძეა. ეს მისი არც პირველი ჩადებაა და ცხადია, არც ბოლო იქნება. ჩვენი წყარო ამბობს, რომ სამი თვის წინ წყნეთში, ევროპის ქუჩაზე მცხოვრებ გიორგი ოთარის ძე ავაზაშვილს, ზაქარია ვასაძის მეგობარმა და ქორწილის მეჯვარემ, ლევან ავაზაშვილმა, სახლის ეზოში მდებარე საქვაბეში გადაჭრილი თოფი დაუდო. გიორგი ავაზაშვილი დაიჭირეს.

წყნეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გია გურჩიანი და ზაქარია ვასაძე ახლო მეგობრები არიან, სწორედ ზაქარია ვასაძემ დაავალა ლევან ავაზაშვილს, მის მეჯვარეს, გია გურჩიანს დახმარებოდა.

ზაქარია ვასაძის მამა, თამაზ ვასაძე, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი იყო. რაც შეეხება გადაჭრილ თოფს, წყნეთის პოლიციის უფროსმა, გია გურჩანმა, თავისი ხელით გადაჭრა თოფი, „აბრეზი“ გააკეთა, თეთრ ქსოვილში გაახვია და ასე გაატანა ლევან ავაზაშვილს გიორგი ავაზაშვილის სახლში. ლევანმა სახლში რომ ვერ შეაღწია, „აბრეზი“ ეზოში, საქვაბეში დადო და 15 წუთში დაიწყეს კიდეც ჩხრეკა.

მოგვიანებით, პოლიციის სამმართველოში ჩემი შვილი გამომძიებელს ხუმრობით ეტყვის, _ ეს ფხვნილები საიდან მოიტანეთ, „სუბოტექსის“ აბები მაინც ჩაგედოთ, უფრო დამაჯერებელი იქნებოდაო. დათოს ამ ხუმრობამ გონება გაუნათა ჩამდებებს და ერთი პაკეტი ფხვნილი მეორე აბებიანი პაკეტით ჩაენაცვლა. _ ჩემი არ იყო, ჩამიდეს, _ ეს სიტყვები სამმართველოს კიბეებზე ნარკოლოგიური ექსპერტიზიდან დაბრუნებულმა შვილმა ხმამაღლა გადმომძახა, რასაც პოლიციის ეზოში მოსული მისი მეგობრების სტვენა და შეძახილები მოჰყვა. სწორედ ამ დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით, მას გინება და შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს.

ჩემი შვილი არც პირველი მსხვერპლია და არც ბოლო იქნება, თუ საზოგადოების პროტესტი არ გააქტიურდა.

მსგავსი ფაქტები ბევრია. შს სამინისტროსთვის მთავარია, სტატისტიკა და ჩადებების პრაქტიკა, ფაქტობრივად, ჩვეულებად იქცა. ჩემი შვილის დაკავებიდან მეორე დღეს, სურამში პრეზიდენტის სიძის მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი დააკავეს, რომელსაც 18 აბი „სუბოტექსი“ ჩაუდეს. პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ მისი მეგობარი დაკავებას ელოდებოდა და სახლიდან გასვლის წინ ვიდეომიმართვაც კი ჩაწერა.

კუკური წივწივაძე, ზაქარია ვასაძე, ვალერიან ჩიბირაშვილი, ზურაბ ქუმელაშვილი _ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩემი შვილის საქმის შეკერვაში.

ვინ იყო დამკვეთი?

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდა სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, მეტსახელად „ანტრიკოტა“, რომელიც „ქრონიკა+“-მა, არც მეტი არც ნაკლები, კუდ-ის აგენტობაში ამხილა. სოსო გოგაშვილი გადაბირებული ჰყავდა მისსავე მეზობელს, გოგიტა პაპაშვილს. 2012 წელს იგი „ქართული ოცნების“ შტაბიდან ცნობებს სწორედ კუდ-ს აწვდიდა.

განსაკუთრებით ბოლო დროს, სოსო გოგაშვილი უკიდურესად გაღიზიანებული იყო. მას აშინებდა ჩემი რეპუტაცია, დიდხანს და დაჟინებით ეძებდა კომპრომატებს, საკუთარი აგენტურის მეშვეობით ავრცელებდა ჭორებს, აქტიურად იყენებდა სუს-ის მიერ დაფინანსებულ სააგენტოებს, შედეგმა დააგვიანა… ხალხმა არ დაიჯერა, ამიტომ დაიგეგმა ეს ბინძური პროვოკაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი შვილის დაკავებით, ჩემზე ზეწოლასთან ერთად, ასევე მიზნად ისახავდა ჩემს რეპუტაციულ შეურაცხყოფას.

მიაღწია თუ არა ხელისუფლებამ მიზანს?

პირდაპირ გეტყვით, რომ ვერა!!!

ხელისუფლება ჩიხშია _ არც გირაოს შეთავაზებას ვაპირებთ, არც საპროცესო გარიგებას ვითხოვთ, ჩემი შვილი უკანონო პატიმარია და ის უნდა განთავისუფლდეს!!!

_ დანაშაულს არ ვაღიარებ, გამოწვევა მიღებულია! _ ეს ჩემი შვილის სიტყვებია სასამართლო პროცესზე.

ის დღეს პატიმარია და გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება.

ზუსტად ვიცი, რომ ახალ რეალობაში ბევრს ფიქრობს და ბევრს ფიქრობს სწორედ მომავალზე.

ჩემს გისოსებში მზეა _ წინ დიდი გზაა… თავისუფლებისაკენ.

ჩვენ ერთად გავტეხავთ საზოგადოებაში დაბუდებულ შიშს და ერთად ვივლით გამარჯვებისკენ.

 

ელისო კილაძე