რატომ არ უნდა გაიყიდოს ქართული მიწა?!

ქვეყანაში დიდი დავაა გაჩაღებული იმასთან დაკავშირებით, გავყიდოთ თუ არა ქართული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე? დაპირისპირება, ტრადიციულად, კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის მიმდინარეობს. მსჯელობის საგანი, ძირითადად, იმის გარკვევაა, თუ როგორი საკუთრება შეიძლება იყოს მიწა?

ლიბერალები ამბობენ, რომ მიწა ჩვეულებრივი საკუთრებაა, ისეთივე, როგორც ტელეფონი, მანქანა, ან სახლი და მისი ყიდვა-გაყიდვა კანონით არ უნდა რეგულირდებოდეს. მის მფლობელს მისი გაყიდვა უნდა შეეძლოს, როცა უნდა და ვისთვისაც უნდა, ანუ რომელი ქვეყნის მოქალაქისთვისაც უნდა.

განსხვავებულად ფიქრობენ კონსერვატორები (არ შეგეშალოთ, საუბარი არაა პარტია „კონსერვატორებზე“, რომელიც არის თუ არა კიდევ, არავინ იცის). კონსერვატიულად განწყობილი ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქართული მიწა არ არის ჩვეულებრივი საკუთრება, არამედ მიწა არის განსაკუთრებული საკუთრების ფორმა, რომელიც გარდა იმისა, რომ საკუთრების ობიექტია, იმავდროულად, არის ერის საარსებო საშუალება და სახელმწიფოს ტერიტორია. აქედან გამომდინარე, მიწას, როგორც ქონებას, აქვს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური დატვირთვაც. სწორედ ამიტომ მიწას გაცილებით მეტი მნიშვნელობა და ფასეულობა აქვს, ვიდრე მობილურსა და მანქანას. ამიტომ მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხები კანონით უნდა რეგულირდებოდეს.

ლიბერალთა აზრით, მიწასთან მიმართებით ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა მამული, სამშობლო, ქვეყანა, ქართველი ერის სამკვიდრო და ა. შ. სპეკულაცია და პოპულიზმია. ისინი ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა ქვეყანაში სოლიდური ინვესტიციის შემოდინებას შეუწყობს ხელს და სასოფლო-სამეურნეო სექტორის პროდუქტიულობას გაზრდის. ამას გარდა, მიწებს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გავყიდით, ინვესტორები, თურმე, საერთოდ არ დაინტერესდებიან საქართველოთი.

კონსერვატორებს კი ეს არგუმენტები სასაცილოდ არ ჰყოფნით და პასუხად აცხადებენ, რომ მთელი ჩვენი სახნავ-სათესი მიწები, ანუ ერთ მილიონამდე ჰა, უცხოელებზე რომ გავყიდოთ, მიწის ფასი იმდენად დაბალია, ეს ერთჯერადად შემოსული ინვესტიცია ერთ მილიარდ ლარსაც არ აღემატება. ნუთუ, ერთ მილიარდად გვიღირს ყველაზე მნიშვნელოვანი, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოსახლეობის, სასურსათო უსაფრთხოების მთავრი რესურსის სამუდამოდ უცხო ტომელებზე გასხვისება? ანუ როგორც სპეციალიტები მას უწოდებენ, ეს არაინვესტიცია ტევადი დარგია. ასეც რომ არ იყოს და მიწის გაყიდვით მრავალი მილიარდი იშოვებოდეს, ქართველი ერის უმთავრესი საარსებო და სახელმწიფო უსაფრთხოების რესურსის უცხოელებზე გაყიდვა ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, მეტიც: დანაშაულებრივია.

სახელმწიფოს ტერიტორია ეკუთვნის ერს, ერი კი სულაც არ ნიშნავს ერთ რომელიმე თაობას, არც დღევანდელ, არც მომავალ და არც წარსულ თაობებს. ამიტომაც არც ერთ თაობას არ აქვს უფლება, გაყიდოს და სამუდამოდ გაასხვისოს ეროვნული იდენტობის უმთავრესი კატეგორია,  საცხოვრებელი მიწა, იგივე მამული.

საინტერესოა, როგორაა ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი დარეგულირებული სხვა ქვეყნებში?.. განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ისეთი ქვეყნები, რომლებსაც სახნავ-სათესი მიწების რესურსი აქვთ. როგორც ირკვევა, ყველა განვითარებული ქვეყანა, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი აქვს, უმკაცრესად აკონტროლებს მისი ყიდვა-გაყიდვის საკითხებს. განსაკუთრებულად მკაცრი რეგულაციებით გამოირჩევიან პატარა, ანუ მცირემიწიანი ქვეყნები. მთელ მსოფლიოში მიწა განსაკუთრებული ფორმის საკუთრებაა, რომელსაც, საკუთრების უფლების გარდა, იცავს სახელმწიფო კანონმდებლობა.

მიწის გაყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებთ, მსოფლიოში არსებობს ორი მიდგომა: ერთი, როცა სახელმწიფო საერთოდ კრძალავს თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასეთი მიდგომის კლასიკური მაგალითია ლიტვა, სადაც კონსტიტუციითაა აკრძალული სახნავ-სათესი მიწების გასხვისება. ასეთივე მკაცრი აკრძალვები მუშაობს ჩეხეთსა და ჩვენს მეზობელ სომხეთში; არის მეორე მიდგომა, როცა სახელმწიფო თავისი მიწის რესურსიდან უცხოელებზე გასასხვისებლად გარკვეულ ფონდს გამოჰყოფს. ასევე აწესებს უმკაცრეს რეგულაციებს, ანუ პირობებს, რაც უნდა დააკმაყოფილონ მიწის შეძენის მსურველმა უცხოელებმა. მაგალითად,  იმისთვის, რომ უცხოელმა ავსტრიაში  მიწა იყიდოს, იგი ავსტრიის ტერიტორიაზე, მინიმუმ, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს ლეგალურად, უნდა ეწეოდეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აგრარული განათლება ჰქონდეს. მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია მას მიმართოს სახელმწიფოს მიწის შეძენის თხოვნით. სპეციალური სახელმწიფო კომისია განიხილავს, ღირს თუ არა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება.

უმკაცრესად კონტროლდება სახნავ-სათესი მიწების უცხოელებზე მიყიდვა შეერთებულ შტატებშიც. სხვადასხვა შტატში სხვადასხვა შეზღუდვა და აკრძალვაა დაწესებული. ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე. ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

არგენტინაში სასოფლო-სამეურნეო მიწის, მაქსიმუმ, 20%-ის გასხვისება არის უცხოელებზე დაშვებული. თუმცა მიწის შესაძენად იმდენი პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო, რომ ეს 20%-იანი ფონდი, კიდევ, დიდხანს ვერ შეივსება.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში განვითარებული ეს ტენდენცია, ძირითადად, იმაზეა დაფუძნებული, რომ მიწის რესურსი ამოწურვადია და მისი უცხოელების ხელში        გადასვლა სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებზე უარყოფითად მოქმედებს.

მსგავსი დამოკიდებულებაა მიწის უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით  იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, კანადაში, ავსტრალიაში, პოლონეთსა და ა. შ.

ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც მიწის შესყიდვის მსურველთა განცხადებას განიხილავს, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული.

საინტერესოა, რომ თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო, რათა მიწის შეძენის მსურველმა მიწის კომისიას განცხადებით მიმართოს.

თუ შეერთებულ შტატებში მიწის შეძენის მსურველები, ძირითადად, არიან კანადელები, ევროპაში კი მეზობელი, ასევე ევროპელები, რომელთა სასოფლო-სამეურნეო სექტორი მოწინავეა მსოფლიოში, ხოლო აგროტექნოლოგიები ყველაზე განვითარებული, საქართველოთი, ძირითადად, ინტერესდებიან ინდოელი, არაბი, პაკისტანელი, მაროკოელი, ნიგერიელი და ა. შ. მესამე ქვეყნებიდან წამოსული ფერმერები. დაინტერესების მთავარ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ნაყოფიერი ქართული მიწა ძალიან იაფია, _ საშუალოდ, ერთი ჰა 1000-დან 2000 დოლარამდე ღირს. გარდა ამისა, ძალიან იოლია უცხო ქვეყნის მუშახელის საქართველოში ჩამოყვანა და ადგილობრივების მაგივრად მათი დასაქმება. არავინ გასცემს ხმას უცხოელ ფერმერს, თუ შეძენილ მიწაზე საერთოდ არაფერს გააკეთებს და მას, უბრალოდ, გააჩერებს. არავინ მოჰკითხავს პასუხს, თუ დააზიანებს მიწას და ა. შ. მოკლედ, დაბალი ფასი და არავითარი პასუხისმგებლობა ძალიან მიმზიდველია ბევრისთვის.

რატომაა ასეთი იაფი ქართული სახნავ-სათესი მიწები?.. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჯერ კიდევ, სახელმწიფო საკუთრებაშია. სახელმწიფო ფასი კი, როგორც ცნობილია, რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ყოველთვის რამდენჯერმე დაბალია. და რადგან არსებობს სახელმწიფო, იაფი მიწები, კერძო სექტორში არსებულ მიწის ნაკვეთებსაც ფასი არ ემატება.

დაბალი ფასი სერიოზულად აზარალებს ქვეყნის აგრარულ სექტორს. ქართველ გლეხებს, რომლებსაც მეურნეობის განვითრება სურთ, ბანკიდან კრედიტის გამოტანის საშუალება არ გააჩნიათ. ერთადერთი, რაც მათ აქვთ, გირაოში ჩასადებად მიწაა. მიწა კი ისეთი იაფია, რომ ბანკი მის სანაცვლოდ კრედიტს  არ იძლევა. გამოსავალი აქ ერთია, მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს მიწის აუქციონები, სადაც საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოს ხელში არსებულ მიწებს შეიძენენ. როცა სახნავ-სათესი მიწები მთლიანად კერძო მესაკუთრის ხელში იქნება, მიწის ფასი საბაზრო ღირებულებას გაუტოლდება, ეს კი გლეხებს იმის საშუალებას მისცემს, რომ მეურნეობის განვითარებისთვის რეალურად მოიზიდონ კაპიტალი.

სასოფლო-სამეურნეო მიწა მილევადი რესურსია, ანუ იგი არ მრავლდება, მხოლოდ მცირდება. ყოველწლიურად უამრავ მიწის ფართობს იტაცებს ზღვა, ხდება მისი გაუდაბნოება, ასევე, სხვადასხვა საჭიროებისთვის ანადგურებს მას ადამიანი. ერთი სიტყვით, მოსავლის მომცემი და კაცობრიობის სურსათით უზრუნველმყოფელი მიწა ყოველ წამს ცოტავდება. რაც ცოტაა, როგორც ცნობილია, ძვირია. ამიტომაცაა, რომ მიწა დღეს ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტალდაბანდების არეალია. უამრავი მსხვილი ბიზნესმენი თუ საერთაშორისო კორპორაცია დღეს ფულის ბანკში შენახვას მის მიწაში დაბანდებას ამჯობინებს. ნაყოფიერი მიწა არ გაიაფდება, მხოლოდ გაძვირდება. რამდენიმე წლის შემდეგ იგი რამდენჯერმე ძვირი იქნება, ეს ყოველთვის მომგებიანი კაპიტალდაბანდებაა, მინიმალური რისკებით. ახლა კი ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ნაყოფიერი სახნავ-სათესი მიწები არცთუ ისე მსხვილმა საერთაშორისო ბიზნესორგანიზაციამ, სულ რაღაც, ერთ მილიარდ ლარად, ან, თუნდაც, დოლარად შეიძინა და დააკონსერვა: ანუ არც დაამუშავა, არც მოსავალი მოიყვანა, უბრალოდ, გააჩერა იმისთვის, რომ რამდენიმე წელიწადში გაცილებით ძვირად გაყიდოს. ადვილი წარმოსადგენია ის კატასტროფული მდგომარეობა, რომელშიც ყველა ერთად ამოვყოფთ თავს. აღარ იარსებებს ქვეყნის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და, ზოგადად, სასურსათო პოლიტიკა. გარდა იმისა, რომ ქართული მიწა აღარ უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სურსათით, სოფლად მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის 52% საარსებო რესურსის გარეშე დარჩება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქართული მიწის საკუთრებაში გადაცემა სხვა უმრავ საფრთხეს შეიცავს, მაგალითად, საზღვრისპირა ტერიტორიებზე. ყველას შესანიშნავად მოგეხსენებათ, თუ როგორი ინტერესი არსებობს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში ქართულ მიწებთან დაკავშირებით. დღეს სირთულეების თავიდან აცილების ერთადერთი ბერკეტი ისაა, რომ ჯავახეთსა და მარნეულში არსებულ ნაყოფიერ სახნავ-სათეს მიწებს საქართველოს მოქალაქე სომხები და აზერბაიჯანელები ფლობენ. მეტიც, ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება გართულდეს ვითარება ე. წ. საოკუპაციო საზღვრის სიახლოვეს. უცხოელებზე მიწის გაყიდვის ლეგალიზების შემთხვევაში, კანონმდებლობა ვერ განსაზღვრავს, შიდა ქართლსა და სამეგრელოში რუსეთის მოქალაქეს მიწა არ მივყიდოთო, ხოლო ოკუპაციის ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უკიდურეს გაჭირვებას თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა, რომ ბევრმა ის მიწა გაასხვისოს, რაც დარჩა, აიყაროს მშობლიური ადგილიდან და სხვაგან გადასახლდეს. ეს იქნება ქართული ტერიტორიების ოკუპაციის სრულიად ახალი ფორმა, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ოკუპაციის ნებართვას თავად გავცემთ მიწების უცხო ტომელებზე გაყიდვის ნებართვით.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, ევროპული თუ ამერიკული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, როგორც სოციალ-ეკონომიკური, ისე ტერიტორიული პრობლემების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პრობლემების მოგვარებამდე მიწების უხოელებისთვის მიყიდვაზე საუბარიც კი დანაშაულის ტოლფასია. სულ მცირე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე არავითარი გამონაკლისი და გასასხვისებელი ფონდი არ უნდა არსებობდეს.

საკონსტიტუციო კომისიაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა კონსტიტუციის 21-ე მუხლში მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვაზე. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ეს ვარიანტი გამონაკლის შემთხვევებს არ ითვალისწინებს, მაგრამ ხელისუფლება აშკარად ცდილობს მის გადაკეთებას და უფრო ლიბერალურ კანონად ქცევას. არადა, კონსტიტუციური ნორმა შეიძლება იყოს  ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც საქართველო, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, შეძლებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გასხვისებული მიწების უკანონოდ გამოცხადებას და მათი დაბრუნების მოთხოვნას. როგორც ცნობილია რუსეთი სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს აფხაზეთზე, რათა მათ რუსეთის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის უფლება დაუშვან. აფხაზებს კარგად ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში რუსები, უბრალოდ, წალეკავენ მათ და, სულ მალე, აფხაზი აფხაზეთში სანთლით საძებნელი იქნება. მაგრამ ზეწოლა იმდენად დიდია, რომ ღმერთმა უწყის, რამდენ ხანს გაუძლებენ აფხაზები. დანარჩენი საქართველო კი ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა იყოს მზად.

გამონაკლისების არსებობა კიდევ ერთ საფრთხეს შეიცავს. რა რაოდენობის ფონდიც არ უნდა გამოვყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საქართველოს მცირე მიწიანობიდან გამომდინარე, ეს ფონდიც მცირე იქნება. მაგალითისთვის: სახნავ-სათესი მიწების 10% რომ გამოვყოთ, ეს, სულ რაღაც, 100 ათასი ჰა იქნება. ქართული მიწების, ჯერ კიდევ, ძალიან დაბალ ფასსა და აზიელ-აფრიკელი ფერმერების მადას თუ გავითვალისწინებთ, ეს ფონდი ძალიან მალე ამოიწურება, ხელისუფლებას კი ყოველთვის ექნება ახალ-ახალი ფონდების შექმნის ცდუნება. ამიტომაც ქართული მიწების დაცვის ერთადერთი რეალური სამართლებრივი ბერკეტია კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ქართული მიწების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აიკრძალოს, ხოლო გამონაკლისი შემთხვევები დაიშვას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ.

ასეთმა მკაცრმა აკრძალვამ არ უნდა შეგვიქმნას ისეთი განწყობა, რომ საქართველო იზოლაციონისტურ პოლიტიკას ატარებს და ინვესტორებს კარს უხურავს. ის, რომ მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გაიყიდოს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უცხოელ ფერმერებს არ უნდა მიეცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება. ამისთვის არსებოს მთელ მსოფლიოში აპრობირებული, არაჩვეულებრივი საშუალება, _ მიწის გრძელვადიანი იჯარით გადაცემა. ესაა ძალიან მოქნილი და უამრავ ქვეყანაში წარმატებით დანერგილი პრაქტიკა.

საუბარია მიწის გრძელვადიან, მაგალითად, 45-წლიან იჯარაზე,  რომელიც მოიჯარეს საშუალებას აძლევს, სრულფასოვნად დაგეგმოს, შემდეგ განავითაროს თავისი აგროპროექტი და მრავალი წლის განმავლობაში მიიღოს მოგება თავისი საქმიანობიდან. ჯერ კიდევ, XX საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე, სწორედაც რომ, გრძელვადიანი, მემკვიდრეობითი იჯარის გამოყენებას სთავაზობდა ქართული მიწით დაინტერესებულ უცხოელებს. ესაა გასხვისებადი იჯარა, ანუ როცა მოიჯარეს სარგებლობის უფლების გაყიდვის საშუალებაც კი აქვს. რა თქმა უნდა, იმ ვადით, რა ვადითაც გაფორმებულია იჯარა. იჯარის შემთხვევაში მიწა და, შესაბამისად, ქვეყანა სრულადაა დაცული. იჯარის ხელშეკრულებაში თავიდანვე განსაზღვრულია ყველა ის ვალდებულება და მოვალეობა, რომელიც მოიჯარეს აქვს მიწასთან მიმართებით. ანუ ის, რომ მიწა უნდა გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით; ის, რომ მიწა არ უნდა გააცდინოს და არ უნდა დააზიანოს; ის, რომ ადგილობრივი მუშა-ხელი უნდა დაასაქმოს და ა. შ. დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუქმდება და პრობლემაც აღმოიფხვრება, რაც ვერ მოხდება მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში. ასე რომ, ყველა პატიოსან, უცხოელ ფერმერს, რომელსაც საქართველოში მხოლოდ აგრარული საქმიანობა აინტერესებს, გრძელვადიანი იჯარა უნდა აწყობდეს, ხოლო მას, ვისაც სხვა გეგმები აქვს, ბუნებრივია, მხოლოდ ყიდვა აინტერესებს.

ქართულ საოფლო-სამეურნეო სავარგულებს, უხეში გათვლებით, 13 მილიონი ადამიანის გამოკვება შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მუდმივად გამძაფრებული სასურსათო დეფიციტის პირობებში, ქართულ მიწას კიდევ უამრავი თაობის საჭირო საკვებით უზრუნველყოფა შეუძლია. 1990 წელს, გაეროს მიერ გაკეთებული  გაანგარიშების მიხედვით, ნივთიერი სიმდიდრე, რომელსაც საქართველო მიწის სახით ფლობს, 150 მილიარდ დოლარს უტოლდება. ქართველი ლიბერალები კი ყოველივე ამის უცხოელებზე გაყიდვას და ეკონომიკაში ერთჯერადი, არაფრისმომცემი ინვესტიციის განხორციელებას გვთავაზობენ.

დაბოლოს, ბრაზმორეულს მაინც გიჩნდება კითხვა, რომელსაც კბილებიდან თუ გამოსცრი: მაშინ, როცა ყველა ექსპერტული გათვლებით, სოფლის მეურნეობა არ არის ინვესტიციატევადი დარგი; მაშინ, როცა არსებობს გრძელვადიანი იჯარა; მაშინ, როცა გვაქვს დაკარგული ტერიტორიების  ურთულესი პრობლემა და მაშინ, როცა მიწაა ჩვენი უმთავრესი სასურსათო და სახელმწიფო უსაფრთხოების რესურსი, რატომ უნდა მივყიდოთ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?!!

 

დემნა ვეშაპიძე