ლორთქიფანიძის პიჯაკი VS ქუჩებში დამწვარი მანქანები _ რა მოხდება ბათუმში?

ბათუმში დაწყებულ და განვითარებულ ქაოსში ხელისუფლებამ ძველი და ნაცადი ადრესატისკენ _ ენმ-სკენ გაიშვირა ხელი, მაგრამ ეს მეთოდი მით უფრო ცუდად მუშაობს, რაც დრო გადის, ბრალდებები კი ბრალდებებად რჩება. ენმ არ ყოფილა მხოლოდ ხელისუფლების სამიზნე _ ვანდალიზმის მხარდაჭერაში ეს პარტია ოპოზიციის ნაწილმაც დაადანაშაულა, იმ ნაწილმაც კი, რომელიც მას ცოტა ხნის წინათ გაემიჯნა.

ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ წარმატებით ვერ ჩააბარა ბათუმის გამოცდა და ჯერ კიდევ მოუწევს იმის დამტკიცება, რომ კანონის სადარაჯოზე დგას და სხვაგვარად არ ძალუძს, რადგან ბათუმში ახალი უკმაყოფილება _ უკვე ქაოსში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა ახლობლების პროტესტის სახით, თანდათან მწიფდება.

ბათუმის ქაოსი და არეულობა კი დასრულდა, მაგრამ ამბავი, ზოგადად, ამ დრომდე არ ამოწურულა და, სავარაუდოდ, კიდევ კარგა ხანს არ ამოიწურება.

ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება თავადვე აიხლართა მის მიერ წამოწყებულ და მართულ ქაოსში, რომლის სადავეებიც საბოლოოდ გაექცა ხელიდან და ახლა იმას იმკის, რაც დათესა _ ბათუმში არეულობისთვის დაკავებული და წინასწარ პატიმრობამისჯილი ახლობლების პროტესტს.

ბოლო ინფორმაციით, სასამართლოს მიერ იმ  9 პირისთვის, რომელიც, თითქოსდა, ქაოსში მონაწილეობდა, ორთვიანი პატიმრობის მისჯას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და პროცესი, სავარაუდოდ, არც ისე მარტივი იქნება, როგორც ეს ხელისუფლებას წარმოუდგენია.

მიზეზი მარტივია: დაკავებულებს ან ხელშეუხებლობის პირობა ჰქონდათ, ან, კიდევ, მართლაც არაფერ შუაში არიან და სპონტანურად აყვანილთა რიგებში მოხვდნენ. ორივე შემთხვევაში ხელისუფლების ნებას და იმას, რომ კანონის სადარაჯოზე დგას და სხვაგვარად არ ძალუძს, დიდი გამოცდა ელის: ჯერ სასამართლოს დარბაზში დაწყებული, მერე ეზოში გაგრძელებული პროტესტი, სავარაუდოდ, ქუჩაშიც გადაინაცვლებს.

ბათუმში მომხდარი არეულობისა და ქაოსის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმანეთისკენ თითის გაშვერა და ბრალდებები დაიწყო: ხელისუფლება არეულობის ორგანიზებას „ნაციონალებს აბრალებდა“, „ევროპული საქართველო“, ფაქტობრივად, ამ ბრალდებას იმეორებდა, ოღონდ ხაზს უსვამდა, რომ ენმ აქციის ორგანიზატორი კი არ იყო, არამედ „სიწუწკის“ გამო დაუჭირა მას მხარი, „ნაციონალები“მერაბ ღოღობერიძისკენ და სუს-ისკენ იშვერდნენ ხელს, მერაბ ღოღობერიძემ კი ეს „ბრალდება“ კარგად მოირგო და ამაყად განაცხადა, _ დიახ, მე ვიყავი ორგანიზატორიო, თუმცა მერე, დაკითხვაზე დაბარების დროს, როცა, ეტყობა, მისი ინიციატივის მთელი არცთუ სახარბიელო პერსპექტივა ცხვირწინ დაულაგეს, გისოსებნაჩვენები მომავალი ძალიან არ ეპიტნავა და შეუძლოდაც კი გახდა.

ხელისუფლებამ რომ ბათუმის ქაოსზე რეაგირება დააგვიანა, ამას მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან. ოპოზიცია თითქმის ერთხმად ამბობს, რომ რეაგირება დაგვიანებული იყო, მაგრამ ხელისუფლება მათ ხმას ერთი ყურიდან მეორეში უშვებს. მას თავისი ვერსიები აქვს და ყურადღების კონცენტრაციისთვის ნაცად ხერხსაც მიმართა: თავისი სატელიტი მედიასაშუალებებითა და მართული პირების მეშვეობით (წითელაშვილი, გულაშვილი და მათი საინფორმაციო სააგენტოები) ჭორი ააგორა, ეს აქცია უკრაინიდან იყო დაგეგმილი და მალე სააკაშვილი-ვარშალომიძის სატელეფონო დიალოგსაც გამოვაქვეყნებთ, რომელიც უკრაინულ „ვიკილიქსზე“ დაიდებაო.

არავითარი უკრაინული „ვიკილიქსი“ რომ არ არსებობს, ეს უკვე კარგადაა ცნობილი. არსებობს ლუბიანკიდან და მისი ფილიალებიდან მართული პრორუსული საიტი, რომელზეც კარგად დამონტაჟებული აუდიოჩანაწერები ქვეყნდება და მერე მათ, როგორც უკრაინულ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებულს, ცალკეული მედიასაშუალებები აიტაცებენ ხოლმე. ამ ანონსით და „ინფორმირებულ წყაროებზე“ დაყრდნობით კი ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარი თავი გასცა: წესით, მისმა სატელიტებმა არ უნდა იცოდნენ, რა გამოქვეყნდება უკრაინულ წყაროებში რამდენიმე დღის შემდეგ.

არადა, მათ არა მხოლოდ ის იციან, რომ გამოქვეყნდება, ისიც კი უწყიან, რაზე ლაპარაკობენ ვითომდა სააკაშვილი და ვითომდა ვარშალომიძე. თურმე, ნუ იტყვით და, მიხეილ სააკაშვილი ტელეფონზე ურეკავს ვარშალომიძეს, რომელიც, სხვათა შორის, იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, და ეუბნება, რომ ბათუმის ქუჩებში გვამებია საჭირო.

„ორი გვამი მინდა“, _ ეს ფრაზა, უფრო სწორად, ამ ფრაზის არარსებობა ბათუმის აქციის დაშლის დროს ხელისუფლებას თავის უმთავრეს კოზირად მიაჩნია. ერთიანი მესიჯბოქსი სწორედ ეს იყო: „რასაკვირველია, „ნაციონალებს“ უკვირთ ხელისუფლების რეაქცია, იმიტომ რომ არ ყოფილა ცხვირპირგასისხლიანებული ხალხი, არ ყოფილა „ორი გვამი მინდა“, _ სულ ამას ამბობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან აფილირებული პირები სხვადასხვა კომენტარსა თუ ტოქშოუში.

რასაკვირველია, არც ის შეძახილი ავიწყდებოდათ, კადრებში რომ ისმის, როცა ადგილიდან გაქცეულ ერთ მამაკაცს აკავებენ: „არავითარი ცემა! ხელი არ დააკაროთ!“ მაგრამ ის კი არავის გაუშიფრავს, იქვე, რამდენიმე წამის შემდეგ, როცა კამერის „ფლეშბექის“ შუქი შორდება, როგორ ეუბნება პოლიციელი დაკავებულს, ვისთვისაც ქეჩოში აქვს ხელი ჩავლებული: „მივიდეთ ერთი (სავარაუდოდ, განყოფილებაში, _ ავტ.) და შენი დედის ***ნას იქ გაჩვენებ!“ _ ეს სიტყვები გარკვევით ისმის გავრცელებულ კადრებში.

კაცმა რომ თქვას, ხელისუფლება, თავდაპირველად, სულაც არ აპირებდა, სამაგალითოდ დაესაჯა ქაოსის მონაწილეები, ვინც დაკავებული ჰყავდა და დაკავებული კი ნამდვილად ბევრი იყო _ სპონტანურად 40-ზე მეტი ადამიანი აიყვანეს და იმ ღამეს პოლიცია და სპეცრაზმი ისე იყო დაბნეული, რომ ბათუმში ერთ დასახლებაში გაზის აფეთქების შემდეგ ქუჩაში გამოსული ხალხიც კი დემონსტრანტებად მოეჩვენა და დაშალა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ცნობილი ხუმრობა, _ ბათუმში შეყვარებულები ცალ-ცალკე სეირნობენ, პოლიციას აქცია არ ვეგონოთ და არ დაგვშალოსო…

თანმიმდევრობით რომ გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები დაკავებების დაწყებიდან, ანუ თერთმეტსაათიანი ქაოსის დასრულების შემდეგ, მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „სამართლებრივი ქაოსი“: ქაოსურად აყვანილი ქაოსის მონაწილეები ქაოსურად გადაჰყავდათ ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ქაოსურადვე ასამართლებდნენ:

დაკავებულების ახლობლები, რომლებმაც თავიანთი ოჯახის წევრების შესახებ არაფერი იცოდნენ, მეორე დილით საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, რომ რაიმე სახის ინფორმაცია მიეღოთ.

„ეს ბავშვი ავადმყოფი ბიჭია, ჩემი შვილი. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, სახლში რომ არ მოვიდოდნენ. ერთის შესახებ საერთოდ არ შემატყობინეს და მეორემ დამირეკა, პოლიციაში ვარო“, _ აცხადებდა ერთ-ერთი დაკავებულის დედა, რომელმაც შვილის ადგილსამყოფელის შესახებ „კურიერიდან“ შეიტყო.

დაკავებულთა უმრავლესობას ადვოკატი არ ჰყავდა. ერთ-ერთი დაკავებული აცხადებდა, რომ სამართალდამცველების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. მისი თქმით, აქციაზე იმიტომ გამოვიდა, რომ გადმოცემით გაიგო იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდა.

იმ დროს, როცა პრემიერმა პოლიციელებს „გმირობისა და მოთმინებისთვის“ მადლობა გადაუხადა, სახალხო დამცველმა მას ხარვეზების შესწავლისკენ მოუწოდა და ეს იყო ერთადერთი სწორი გზავნილი იმ უწყებისგან, რომელიც, წესით, არც ხელისუფლებას ეკუთვნის და არც _ ოპოზიციას:

„მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ფართომასშტაბიანი ძალადობის პრევენცია მაინც ვერ მოხდა. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ გაანალიზებას საჭიროებს, რამდენად მზადაა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცველი სისტემა, დროულად და ეფექტიანად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს და არსებობს თუ არა ეფექტიანი რეაგირების გეგმა, რომელიც შეეცდებოდა მოვლენების პრევენციას და შემდეგ განმუხტავდა უკიდურესად დაძაბულ ვითარებას.

სახალხო დამცველი სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება ჩაატარონ დამნაშავეთა გამოვლენისა და სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით. ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება იმისთვის, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული იყოს და კანონის დამრღვევმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. ამასთან, უნდა გამოიძიონ პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები, თუკი ასეთი იყო.

გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, აღნიშნული ძალადობრივი მოქმედებები და დაპირისპირება მართლაც სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგი იყო, თუ მართული პროცესი? სახელმწიფო ხელისუფლებას აღნიშნულ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემის ვალდებულება აკისრია, რაც ეფექტიანი და ყოვლისმომცველი გამოძიების შედეგი უნდა იყოს. ამასთან, მიუღებელია, რომ შექმნილი ვითარება პოლიტიზირდეს და პოლიტიკური მანიპულაციების საგნად იქცეს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შეისწავლოს ხარვეზები, რომლებიც სამართალდამცველ უწყებებს კრიზისების მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით აქვს“, _ ასეთი იყო ომბუდსმენის პირველი რეაგირება ბათუმის მოვლენებზე.

რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრს არავითარი ხარვეზები არ შეუსწავლია და არც ამ ხარვეზების შესწავლა დაუვალებია ვინმესთვის. სამართლებრივი ქაოსი გაგრძელდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების სრული მობილიზაცია გახდა საჭირო, რადგან 13 პროცესი ერთდროულად მიმდინარეობდა. ამ პროცესების უმრავლესობის დროს, გადაწყვეტილების მიღებისას, ხელისუფლებამ/სასამართლომ თავი არ აიტკივა და დაკავებულთა ურავლესობას 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით.

რასაკვირველია, ამას გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა ის გაიხსენა, რა მოხდა ქუთაისში, პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს, როცა ახალგაზრდები დააკავეს და ბრალად დეპუტატის პიჯაკის დახევა წაუყენეს. ყველას კარგად გვახსოვს, რამდენ ხანს ისხდნენ ეს ახალგაზრდები ციხეში, როგორ „აპრავებდნენ“ მათ დაკავებას უმრავლესობის დეპუტატები და როგორ ამბობდა თავად დეპუტატი ლორთქიფანიძე, რომ სულაც არაა მომხრე, ახალგაზრდები ციხეში ისხდნენ, მაგრამ „კანონი ყველასთვის კანონიაო“.

ეს პოსტულატი რომ შერჩევითი იყო, ბათუმის ამბებშიც კარგად გამოჩნდა: დეპუტატის პიჯაკი, რეალურად, უფრო მეტად შეფასდა სამართლებრივად, ვიდრე ქუჩებში მანქანების დაწვა, მაღაზიების ვიტრინების დამსხვრევა და საპატრულო პოლიციის სამმართველოსთვის ქვების დაშენა.

დაწყებული ხმაურის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, მიდგომა შეეცვალა. ადმინისტრაციულის გარდა, სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყო და უკვე ამ ბრალდებით პირების დაკავებასაც შეუდგნენ.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით გამოძიება ადგილიდან არ დაძრულა. საქმე ეხება პრესაში აქა-იქ გაჟონილ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უწევდა ორგანიზებას ბათუმში საპროტესტო აქციებში მონაწილე ადგილობრივებს „ქურდული სამყარო“:

ამ წყაროების მიედვით, 10 მარტს, საღამოს ბათუმის სხვადასხვა უბანში ქურდული სამყაროს წევრებმა უბნის ე. წ. მაყურებლები შეკრიბეს და მათ დაავალეს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მინიმუმ, 10 ან 15 ადამიანი მოენახათ.

„სხადნიაკი“ მოაწყვეს 10 მარტს, ღამით, ჩვენს უბანში, გარეთ. უბნის მცხოვრებლები ადამიანების შეკრებას ხედავდნენ. ამ შეკრებაზე ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს დავალებები მისცეს, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შეეკრიბათ, სასურველი იყო ხელკეტებით შეიარაღებულები“, _ განაცხადა შეკრების ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

„ახალგაზრდების შეკრებაში ჩართული იყვნენ, ძირითადად, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანები, მათ შორის, რამდენიმე  სხვადასხვა დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი პირი.

შეკრების ადგილად ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა ახაგაზრდებს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დაუსახელეს. გარდა ამისა, ისინი ახალგაზრდების პროპაგანდირებას ცდილობდნენ არგუმენტებით, თითქოს „ბათუმი გაწითლდა“, „პოლიცია უნდა დაასუსტონ“ და „ხალხი უნდა ააბუნტონ ყველა მიზეზით“, _ ეს ის გზავნილებია, რაც ახალგაზრდებთან ქურდული სამყაროს წევრებმა გაიტანეს და მათი მიბილიზება მოახდინეს.

ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების ნაცვლად ხელისუფლებამ მთავარ სამიზნედ ლევან ვარშალომიძე აირჩია. ეს არც იყო გასაკვირი _ ვარშალომიძეს აჭარაში კარგი ავტორიტეტი აქვს, ბევრი მხარდამჭერიც ჰყავს და არჩევნებზეც კარგი შედეგი უჩვენა, ამიტომაც მისი დისკრედიტაცია სულაც არ იქნებოდა ზედმეტი.

ხელისუფლების საქმის ნახევარი, კაცმა რომ თქვას, ოპოზიციური სპექტრის იმ ნაწილმა გააკეთა, რომელიც ენმ-ს სულ ცოტა ხნის წინ გაემიჯნა და რომელთა წარმომადგენლებიც, სულ ცოტა ხნის წინ, სწორედ ვარშალომიძესთან ერთად იღერებდნენ ყელს ბათუმში წინასაარჩევნოდ გამართულ ხალხმრავალ აქციებზე.

ვარშალომიძე აქციასთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის ეთერში რამდენჯერმე ჩაერთო, ყველაზე ბოლოს კი ჩართვა იყო, დაახლოებით, ოთხის ნახევარზე, როცა სიტუაცია უკვე უმართავი იყო. ალბათ, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, რას ამბობდა ის პირდაპირ ეთერში:

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობა, მნიშვნელოვანია წესრიგი იყოს ქვეყანაში, ამისთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ერთად დავდგეთ, არ დავუშვათ ეს უსამართლობა, არ დავუშვათ ის, რაც ხდება დღევანდელ აჭარაში. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ხალხი ერთად შევიკრიბოთ ხვალ 6 საათზე მშვიდობიანად. მართლაც მშვიდობიანად ვესაუბროთ მოსახლეობას და მოსახლეობასთან ერთად ვუთხრათ მთავრობას, როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაწყვეტა.

ჩემო დებო, ძმებო, ვინც ხართ ჩართული, არ წამოეგოთ პროვოკაციას. ახლა დიდი საფრთხეა პროვოკაციის, ამიტომ მშვიდობა, წესრიგი და ხვალ 6 საათზე, მთავრობის სახლთან გავაკეთოთ მშვიდობიანი აქცია, რომ მთავრობა ვაიძულოთ იმ ცვლილებებისკენ, რაც ჩვენს რეგიონს სჭირდება“.

სწორედ ეს გამოსვლა გახდა საკმარისი ხელისუფლებისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის, რომ ლევან ვარშალომიძისთვის და, ზოგადად, ენმ-სთვის „ვანდალების მხარდაჭერა“ დაებრალებინა. არადა, მეორე დილით უკვე გავრცელდა განცხადება, რომ ენმ-მ გააუქმა ბათუმში დაგეგმილი მიტინგი, რომელიც წინაღამით ლევან ვარშალომიძემ დააანონსა. ამის მიუხედავად, მისი განცხადებები და, ასევე, ნიკა მელიას ჩართვა „კურიერის“ ნონ-სტოპში, ოპოზიციის ნაწილის მიერ „სიწუწკედ“ და „სიბრიყვედ“, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული ქაოსის აგორების მცდელობად შეფასდა.

და მაინც, რა მოხდა ბათუმში და რა შეიძლება მოხდეს ხვალ?

თუ პოლიტოლოგ ნოდარ ლადარიას დავეკითხებით, ეს იყო ხელისუფლების წარმატებული სვლა, რათა სპონტანური პროტესტის იდეის დისკრედიტირება მოეხდინა. ამავე აზრს იზიარებენ ენმ-ს მხარდამჭერების ნაწილშიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გარკვეულწილად, შეშინდა, როცა ბათუმის აქციის იდეას და არა ფორმას _ გაემიჯნა. ენმ-ს რადიკალი აქტივისტები მიიჩნევენ, რომ არაფერია გასაკვირი, თუკი ოპოზიციური პარტია ხალხში არსებულ უკმაყოფილების მუხტს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებს.

ენმ-ს ოფიციალური პოზიცია აქციების მეორე დღესვე გახდა ცნობილი, როცა პარტიამ საგანგებოდ გაავრცელა განცხადება და დაგმო ძალადობა ბათუმის ქუჩებში, თუმცა ხელისუფლება იმ ქაოსის მოწყობაში დაადანაშაულა, რაც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა.

„ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი მოქმედება, ამავდროულად, პროცესის თავის ნებაზე მიშვება, ასევე წახალისება იმ ვანდალური აქტებისა, რაც იქ ხდებოდა, ბუნებრივია, ამ ყველაფერზე, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია ხელისუფლება, თუმცა ის, როგორც ყოველთვის, დაკავებულია არა რეალური გამოძიებით, არა რეალური დამნაშავეების ძიებით, არამედ _ გადაბრალებით“, _ განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა ბათუმის აქციის შეფასების დროს.

„დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ბინძური რუსული ძალა. რუსული საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი მეთოდია, რომ დააბრალო სხვას ის, რასაც თავად აკეთებს. მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას ვთხოვო, დავფიქრდეთ, ერთი ბრალდება მაინც, რომლიც ხელისუფლებამ გააჟღერა ოდესმე, თუ გამართლებულა.

ისინი ჩვენ გვაბრალებდნენ საბურავების შეძენას, ტერაქტის მოწყობას, პორტატული აპარატებით ადამიანების მოსმენას, „რუსთავი 2“-ში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას და ა. შ. ყველაფერი ეს პირველი დღიდან, მოსვლის დღიდან, ბედუკაძიდან დაწყებული, არის მათი გაკეთებული. უაღრესად დაბალია იმის ალბათობა, რომ ამ შემთხვევაში გამოიძებენ“, _ ამბობს ზაზა ბიბილაშვილი.

სხვათა შორის, სწორედ ზაზა ბიბილაშვილი იყო ის ფიგურა ენმ-დან, რომელმაც ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნა ბათუმის მოვლენებში ძალადობა და ლეგიტიმური პროტესტი. მან სწორი ტაქტიკა აირჩია და ძალადობისა და ვანდალიზმის წახალისებაში ხელისუფლება დაადანაშაულა, ამავდროულად, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ასეთი გზით, ანუ საპროტესტო გამოსვლების მარგინალიზაციით, მოქალაქეთა ლეგიტიმური პროტესტის შეჩერება შეუძლებელია:

„ბათუმის მოვლენები ცხადყოფს, რომ ასეთი პროტესტი, თავისთავად, ცარიელ ადგილზე არ ჩნდება. ადამიანებში უსამართლობის უზარმაზარი განცდაა დაგროვილი. ქვეყანაში გამეფებულია უიმედობა, უპერსპექტივობისა და დამცირებულობის განცდა. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ინციდენტი, მასობრივ პროტესტში გადაზრდილიყო.

ადამიანების მშვიდობიან პროტესტს მოჰყვა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური გაგრძელება _ საიდანღაც გაჩნდნენ ხულიგნები და ნიღბიანები, დაიწყო თავდასხმები, საბურავებისა და მანქანების დაწვა, ვანდალიზმი. რიგითი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდა კარგად ორგანიზებულ და, როგორც ჩანს, წინასწარ დაგეგმილ, ანტისახელმწიფოებრივი მესიჯებით გაჯერებულ ძალადობაში, რაც ბევრ კითხვას აჩენს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, გუშინდელი მოვლენები გამოიძიონ სწრაფად და გამჭვირვალედ. უნდა გამოვლიდნენ და, კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისაჯონ დანაშაულის ორგანიზატორები და შემსრულებლები. ამასთან, გუშინდელ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გამოძიების სანდოობა ნულის ტოლია, პროკურატურა და შსს მთლიანად პოლიტიზებულია _ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. არც ერთი გახმაურებული საქმე საზოგადოებისთვის დამაჯერებლად არ გამოძიებულა. გამოძიებისადმი ნდობას კიდევ უფრო ამცირებს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ მზაკვრული პროვოკაციის აქტიური ფაზის უკან თავად ხელისუფლება დგას. პროვოკაციის პასიური ფაზა კი მოვლენათა თვითდინებაზე მიშვება იყო, როცა ხელისუფლება 10 საათის მანძილზე უმოქმედოდ იყო, რათა მაქსიმალური ზიანი მიაყენებინა ბათუმისთვის, რათა შემდეგ ეს ყველაფერი ისევ ოპოზიციისთვის გადაებრალებინა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც შექმნა პატრული და ააშენა ბათუმი. ჩვენ არ მივიღებთ ბრალდებას, რომ ოდესმე, რიტორიკის დონეზე მაინც, დავაზიანებთ ჩვენივე შექმნილს, მით უმეტეს, ივანიშვილის მოღალატე რეჟიმის წამომადგენლებისგან, რომლებსაც ნგრევისა და პირად კომფორტზე ზრუნვის გარდა არაფერი უკეთებიათ 5 წელია. რა ბინძური სცენარებიც არ უნდა დაიდგას და გათამაშდეს, ოლიგარქი ვერ შეაჩერებს იმ ლეგიტიმურ სახალხო პროტესტს, რომელიც ყველა წესიერ ადამიანს აქვს რეჟიმის მიმართ“, _ ამბობს ზაზა ბიბილაშვილი.

როგორ განვითარდება მოვლენები ბათუმში და როგორ გაგრძელდება თემა ლორთქიფანიძის პიჯაკი VS  ქუჩებში დამწვარი მანქანები, მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გაზაფხული და კარგი ამინდები ხელისუფლების მოკავშირე ნამდვილად არ არის _ დიდი ალბათობით, პოსტქაოსური მოვლენები ბათუმში ისევ გაგრძელდება და გაგრძელდება კი ისე, რომ ხელისუფლება დიდად კმაყოფილი არ დარჩება. მე შენ გეტყვი და, გურიიდან თუ აჭარიდან ხეების პროწიალი არ უწყობს ხელს, ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდეს.

 

ლაშა ბერულავა