„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიები და დანამატები დათვალა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ 2016 წელს იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. როგორც ირკვევა, რეგიონში ამ კუთხით ქუთაისი და ზესტაფონი ლიდერობენ.

ქუთაისის მერიაში გასულ წელს გაცემულმა პრემიამ 450 455 ლარი შეადგინა, სახელფასო დანამატი კი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება და იგი 195 541 ლარით შემოიფარგლება, ხოლო დეკრეტისა და მატერიალური დახმარების სახით თვითმმართველობიდან 88 985 ლარია გაცემული.

რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს: საკანონმდებლო ორგანომ, დამატებითი ხარჯის სახით, სულ 177 370 ლარი გაიღო, საიდანაც 86 500 პრემიას, 67 140 დანამატს, ხოლო 23 730 ლარი დახმარებას შეადგენდა.

კვლევის მიხედვით, ქუთაისის შემდეგ „საპატიო“ მეორე ადგილზე ზესტაფონია, სადაც, იგივე მიზნით, გამგეობამ და საკრებულომ 500 270 ლარი გახარჯა.

შესწავლილი ინფორმაციების გამოქვეყნების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“  ადგილობრივი წარმომადგენელი   ქუთაისის მერს ამ უკანასკნელის თხოვნით შეხვდა.

 

ლელა მოწონელიძე _ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“:

_ თქვენი კვლევებიდან ირკვევა, რომ ყველაზე დიდი ოდენობით პრემია-დანამატი ქუთაისშია გაცემული. ფლობთ თუ არა ინფორმაციას, ვინ და რა დამსახურებისთვის აიღო თანხები?

_ მონაცემებს, თუ ვისზეა კონკრეტულად გაცემული დახმარება ქუთაისის შემთხვევაში, არ გვაწვდიან და ამიტომ ინფორმაცია წარმოდგენილი გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ, საერთო რიცხვის სახით.

_ მოითხოვეთ თუ არა სახელობითი ინფორმაცია?

_ რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ. ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირი წერილი გაიგზავნა, რომლითაც, ბუნებრივია, კონკრეტიზაციას ვითხოვდით თითოეული პირის შემთხვევაში თვეების მიხედვით, მაგრამ, როგორც კვლევაშიც შეგიძლიათ ნახოთ, ქუთაისმა ეს ინფორმაცია არასრულყოფილად წარმოადგინა. რიგმა მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს, მაგრამ დამატებითი ინფორმაციების მიღება გახდა აუცილებელი და როცა კონტაქტზე გავდიოდით, გვაწვდიდნენ.

_ რომელ მუნიციპალიტეტს გამოჰყოფდით, რომელმაც სრულყოფილად წარმოადგინა მოთხოვილი ინფორმაცია?

_ საბოლოო ჯამში, გარდა ქუთაისისა, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში გვაქვს ინფორმაცია. როცა სწრაფად მოგვდიდოდა პასუხები, დამატებითი შესაძლებლობა გვქონდა, წერილითაც მიგვემართა. ქუთაისის შემთხვევაში ბოლომდე გამოიყენეს ვადა, ყველაზე გვიან მივიღეთ აღნიშნული ინფორმაცია და დაკონკრეტების საშუალება უკვე აღარ გვქონდა.

_ კვლევაში განსაკუთრებულ ყურადღებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტზე ამახვილებთ. რა განსხვავებულ მიდგომას წააწყდით აქ?

_ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი იმით გამოირჩევა, რომ მათ გამოიყენეს ტერმინი „საშვებულებო დახმარება“, რომელსაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

_ სხვაგან დაფიქსირდა მსგავსი მოტივით თანხის გაცემის ფაქტი?

_ წინა წლებშიც ვატარებდით კვლევებს და მსგავსი ფაქტი არ შეგვხვედრია. ყოველი შემთხვევისთვის, იმერეთის რეგიონში მსგავსი არ ყოფილა.

აქვე მინდა დავამატო, რომ მათ კომენტარი გააკეთეს და განმარტეს, რომ ეს საპრემიო თანხებში შედიოდა. შესაძლებელია, დასახელება ტექნიკურად გაეპარათ, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს რომც იყოს პრემია, მიზანს მაინც არ პასუხობს, რადგან თანხა მაშინ გაიცემოდა, როცა დასაქმებული პირები გადიოდნენ შვებულებაში. თუ ეს ანაზღაურებადი შვებულება იყო, თანხა ეძლეოდათ კიდეც ამისთვის, მაგრამ დამატებით ემატებოდათ საშვებულებო დახმარება, ანუ ორმაგი ხელფასის ოდენობას იღებდნენ.

ზოგადად, როცა ვსაუბრობთ, თუ რა თანხა გაიცა, ბუნებრივია, გასათვალისწინებელია მუნიციპალიტეტების სიდიდე და ის, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ როცა ვამბობთ, რომ პირველ ადგილზე გახლავთ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, საინტერესოა და ყურადღება უნდა გამახვილდეს, თუ რამდენ ადამიანზე განაწილდა გაწერილი თანხები. სამწუხაროდ, ამას ვერ ვაკონკრეტებთ, რადგან, როგორც გითხარით, ინფორმაცია არ მოგვწოდებია.

_ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ქუთაისის მერიაში გარკვეული შენიშვნები გამოითქვა. თქვენ შეხვდით ქალაქის მერს. თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რა პრეტენზიები აქვს ქალაქის ხელმძღვანელობას და ხომ არ შევა რაიმე სახის სესწორება თქვენ მიერ გასაჯაროებულ მასალებში?

_ დიახ, კვლევის გამოქვეყნების მეორე დღეს მათი ინიციატივით შევხვდით. ინფორმაცია მოგვაწოდეს ვერბალურად, დაკონკრეტდა ის საკითხები, რაც სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში უკვე მითითებული გვაქვს და შეგვპირდნენ, რომ ინფორმაციას სრული სახით მოგვაწოდებენ. ჩვენი მხრივ, დავპირდით, რომ თუკი ქუთაისის მუნიციპალიტეტი რაღაც კუთხით გამოსაყოფი იქნება, აუცილებლად მივუთითებთ. მათი პოზიცია, რომ ქალაქი ყველაზე დიდია მუნიციპალიტეტებთან შედარებით, არგუმენტად ვერ მიიჩნევა, რადგან, სავარაუდოდ, 450 455 ლარი ყველა იქ დასაქმებულ ადამიანზე არ განაწილებულა. ამიტომ ვუპასუხეთ, რომ თუკი მონაცემებს მივიღებთ, თუ რამდენ ადამიანზე და ვისზე გაიცა თანხები, ანალოგიურად მივუთითებთ ისე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში გავაკეთეთ.

_ ე. ი. მერიის წარმომადგენლებმა არასწორად გააკეთეს განცხადებები კვლევის შედეგებში ცვლილებების შეტანის თაობაზე?

_ აქ მოყვანილ ციფრობრივ მონაცემებს ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ შეეხება. კვლევაში აღვნიშნეთ, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დანამატი არ აუღია. ქალაქის მერმა შეხვედრის დროს ვერბალურად მომაწოდა ნფორმაცია, რომ არც მას აუღია პრემია და დანამატი, მაგრამ ამის დაწერის საშუალება არ მოგვეცა, დოკუმენტურად ინფორმაცია არ გაგვაჩნდა. თუკი ისინი დააკონკრეტებენ, ჩვენც დავაკონკრეტებთ. მხოლოდ და მხოლოდ, ამაზე შევთანხმდით.

ასევე, ვერბალურად, განაცხადეს ისიც, რომ სადღესასწაულო დღეებში თანხებს არ გასცემენ და დასაბუთებული აქვთ პრემიისა და დანამატის გაცემის ყველა შემთხვევა. თუკი ეს ასეა, გამოვყოფთ და იგი არანაირად არ შეეხება ჩვენ მიერ გაჟღერებულ საერთო მონაცემებს.

_ შექმნილი ფინანსური კრიზისის ფონზე რომელმა მუნიციპალიტეტებმა განაცხადეს უარი პრემიებისა და დანამატების გაცემაზე?

_ კვლევაში გამოვყავით რამდენიმე მუნიციპალიტეტი, რომელიც პრემიების გაცემის სიმცირით გამოირჩევა. ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს ბაღდათში, სადაც საკრებულოში საერთოდ არ გაცემულა პრემია-დანამატი, ხოლო რაც შეეხება გამგეობას, ამ კუთხით გახარჯულმა თანხამ 17 550 ლარი შეადგინა, რაც, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ნამდვილად ცოტაა. ასევე აღსანიშნავია ხარაგაულის საკრებულო, სადაც მხოლოდ 1000 ლარია გახარჯული პრემიის სახით; ტყიბულის საკრებულოში აპარატის თანამშრომლებზე გაცემულია 3600 ლარი. თანამდებობის პირები აქ პრემიებსა და დანამატებს არ იღებენ.

არ ვამბობთ, რომ წახალისების ფორმა არ უნდა გამოიყენონ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მას მასობრივი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და არ უნდა გაიცემოდეს სადღესასწაულოდ. ადამიანს პრემია უნდა მიეცეს დამსახურებით, მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებით და შედეგით.

ბევრი მუნიციპალიტეტის მოწოდებულ ინფორმაციაში სათაურშივე ვკითხულობთ, რომ პრემია გაცემულია აღდგომის, ან ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, რაც, ბუნებრივია, მიუღებელია. დანამატსაც კი ამ სახით გასცემენ, რაც არასწორია.

ფაქტია, მოქალაქეებს მონაცემების გამოთხოვის საშუალება არ გააჩნიათ. ჩვენი კვლევებიც იმას ემსახურება, რომ საზოგადოებამდე ინფორმაცია მივიტანოთ, თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯება ბიუჯეტიდან თანხები.

 

ზვიად ჯავახია _ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

_ კვლევასთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა გამოვაქვეყნეთ. პირველ რიგში, ქუთაისში საყოველთაო პრემირების მანკიერი სისტემა მოშლილია. ჩვენთან თანხები გაიცემა, მხოლოდ და მხოლოდ, დამსაურების მიხედვით და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ცხრილის ნიმუშიც კი გადავუგზავნეთ იმის საჩვენებლად, თუ რა სტანდარტით გაიცემა პრემია. შესაბამისად, დადანაშაულება, რომ სადღესასწაულო დღეებში საყოველთაო პრემიას გავცემთ, ტყუილია. ასევე, ქალაქის მერს პრემია და დანამატი არ აუღია. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა: აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიამ ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა გასცა პრემიებისა და დანამატების სახითო. მინდა, აღვნიშნო, რომ ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში, შესაბამისად, ლოგიკურიცაა, რომ გაცემული თანხა ცოტა მეტი იქნება. ქუთაისის მერიის შედარება სხვა გამგეობებთან, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, უბრალოდ, არაკვალიფიციურობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

_ დეტალური ინფორმაცია რამდენად ოპერატიულად მიაწოდეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“?

_ მონაცემები ვადებში გავეცით. შემდგომში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი ქუთაისის მერსაც შეხვდა, რომელსაც დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ და ვუთხარით, რაშიც არ ვეთანხმებოდით.

_ კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ ის ინფორმაცია გაასჯაროვეს, რაც მიიღეს. შესაბამისად, თქვენ დაკონკრეტებული მონაცმეები არ წარმოგიდგენიათ. ქალბატონი მოწონელიძის განცხადებით, მერთან შეხვედრისას პრეზენტაციის გამართვის მეორე დღეს განმარტებები დამატებით ვერბალური სახით გაკეთდა.

_ ტყუილია! თუკი ისინი არ გაასწორებენ, რაც მივაწოდეთ, გავასაჯაროებთ. კერძოდ, თუ როგორაა გრაფაში სიცარიელე, რომ ქალაქის მერს პრემია არ აუღია. ასევე წერია, რომ ხელფასის ოდენობის პრემია ერთხელ გაიცა, პირდაპირ იქვე, გრაფის ქვემოთ. ცოტა წაკითხვა უნდოდა და როგორც ჩანს, „გამჭვირვალობას“ შეეზარა. თანამდებობის პირებზე უკლებლივ მივაწოდე ინფორმაცია, მაგრამ ყველა თანამშრომელზე _ ვერა. თუმცა ჯამური რაოდენობა, თუ რამდენია, ეს გადაეგზავნათ.

 

შესაძლებელია, ქუთაისის მერიაში საყოველთაო პრემირების ტრადიცია მართლაც აღარ არსებობს, მაგრამ ცალსახაა, რომ კვლევაში დაუკონკრეტებელია, თუ ვინ და რატომ აიღო პრემიები. როგორც ჩანს, გაცემული ინფორმაცია, რომელიც მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა საკმარისად მიიჩნია, არასრულყოფილად შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“, რაზედაც მათ გამოქვეყნებულ ანგარიშში გაკეთებული განმარტებაც მეტყველებს: „ქუთაისის მერიას არ მოუწოდებია ინფორმაცია, კონკრეტულად, ვისზე გაიცა აღნიშნული პრემია/დანამატი. მათ შორის, წარმოდგენილი დოკუმენტით გაუგებარია ქუთაისის მერისა და სხვა თანამდებობის პირების პრემიის ოდენობის შესახებ და შესაბამისად, საშუალება არ გვაქვს, სრულყოფილი სახით დავამუშავოთ და გავასაჯაროოთ ინფორმაცია. მერიის მითითებით, პრემია გაიცა IშO სერტიფიკატის მიღების გამო (ქუთაისის მერიის ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქს მაღალი ხარისხის მენეჯმენტის გამო აღნიშნული სერტიფიკატი 2016 წლის 16 აპრილს მიენიჭა)“.

როგორც კვლევაში გაკეთებული ჩანაწერიდან ჩანს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არ დაზარებია მიღებული დოკუმენტაციის ბოლომდე წაკითხვა და არ გვეუბნება, რომ პრემია მერმა, ან რომელიმე თანამდებობის პირმა აიღოო. არასაკმარისი ინფორმაციის გამო ორგანიზაცია მხოლოდ საერთო ციფრის გასაჯაროებით შემოიფარგლება, რაც მათთვის მერიის მხრიდან წარმოდგენილი ინფომაციის საფუძველზე გახდა ცნობილი.

 

ნიკოლოზ ლატარია _ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:

_ მე ჩემი კოლეგა, ბექა ყანჩელის მსგავსად, სახელფასო დანამატს ქველმოქმედებაში ვხარჯავ, _ საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და განსაცდელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ვურიცხავ. ამის დამადასტურებელი საბუთებიც შემიძლია წარმოვადგინო. რაც შეეხება ხელფასს, მას მთლიანად ჩვენს კოლეგას ვაძლევ, რადგან მას ბევრი პრობლემა და განსაცდელი აქვს. აღარ დავკონკრეტდები, ისედაც ბევრმა იცის ეს ამბავი. კიდევ ამის ზემოთ რამდენ ლარსაც ქველმოქმედების სახით გავცემდე, იმდენი სიკეთე ჩემს ოჯახს.

_ თქვენს ქველმოქმედებასა და ბიზნეს-ინტერესებთან დაკავშირებით ქალაქში მართლაც ბევრი საუბრობს. როგორც გაირკვა, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებთ.

_ არჩევნები ახლოვდება და ეს ამბავი ჩვენ წინააღმდეგ შეუკვეთეს. დამკვეთებს მივმართავ, რომ მშვიდად იყვნენ, რადგან მეტჯერ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ და საერთოდ მივდივარ მალე პოლიტიკიდან. არაა ეგ ჩემი საქმე. ასე რომ, ტყუილად ირჯებით“.

 

ბექა ყანჩელი _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:

_ ზოგადად, განაკვეთის გაცემის საფუძველი ზეგანაკვეთური სამუშაოა. გარდა იმისა, რომ თანამდებობაზე ვართ, დამატებით გვიწევს კომისიებში მუშაობა. არ ვთქვით უარი ამ დანამატზე, რადგან ეს ქველმოქმედებისთვის ირიცხება. ეს თანხები ჩვენ მიერ დეკლარირებულია. შეგვიძლია, დოკუმენტაცია წარმოვადგნოთ ქველმოქმედების მიზნით გადარიცხვებთან დაკავშირებით. ჩემ მიერ წინა წელს გადარიცხულმა თანხამ 25 000 შეადგინა, ნიკა ლატარიამ კი 45 000-მდე ლარი გადარიცხა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს მიერ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2016 წელს გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ 22 323 636 ლარი შეადგინა. აქედან გამგეობებში/მერიაში 17 217 253 ლარი, ხოლო საკრებულოებში _ 5 106 383 ლარი გაიცა, რაც შეეხება პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატს, მართალია, ციფრი, ხელფასებთან შედარებით, მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ „ქამრების შემოჭერის“ პირობებში ამ მიზნით გახარჯული თანხები მაინც სოლიდურია. როგორც ირკვევა, წლის განმავლობაში, მთლიანად რეგიონში, 3 360 132 ლარი დაიხარჯა, საიდანაც აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლებისთვის ბიუჯეტიდან 2 592 786, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს მესვეურების წახალისებისთვის _ 767 346 ლარი გამოიყო.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე