საკონსტიტუციო კომისიის ალტერნატივა და პიჯაკიდან ამომხტარი ხელისუფლება

მარგველაშვილმა „ოცნებას“ ხურდა დაუბრუნა, თან ისე, რომ ნახევარი მთავრობა და პარლამენტი ცოფებს ყრის, _ ეს როგორ გაგვიბედაო?!

ყველაფერი კი საკმაოდ უწყინარი ინიციატივით დაიწყო: მარგველაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარედ არ მიიწვიეს, შეეცადა, ბრძოლის ველიდან ისე არ წასულიყო, რომ ერთხელ მაინც არ მოექნია ხელი. მოიქნია კიდეც და კონსტიტუციასთან დაკავშირებული სადისკუსიო ფორმატის შექმნა გამოაცხადა. იდეა ასეთია: ყველამ ერთად ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა ეწეროს კონსტიტუციაშიო. ვისაუბროთ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, არამედ წავიდეთ სხვადასხვა ქალაქში, სოფელში და მოსახლეობას ვკითხოთ, რა უნდა ჩავწეროთ და რა _ არა ქვეყნის მთავარ კანონშიო. და რაც მნიშვნელოვანია, ფორმატში მონაწილეობისთვის მოიწვია ყველა.

„ქართული ოცნების“ რეაქცია „პიჯაკიდან ამოხტომა“ იყო. ინიციატივა შეფასდა, როგორც პარლამენტისთვის კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უფლების წართმევა, პარლამენტის შეურაცხყოფა, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში ჩარევა, მისთვის ხელის შეშლა და ა. შ.

რაც შეეხება საყოველთაო-სახალხო განხილვას, შეუძლებელია, ეს უფლება პარლამენტს ვინმემ წაართვას, რადგან საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის უფლება პარლამენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ასე რომ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ისტერიკა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი უფლებებს გვართმევსო, უბრალოდ, სასაცილოა. პარლამენტის შეურაცხყოფა რა შუაშია, საერთად ვერავინ გაიგო. თუმცა ხელისუფლებას სერიოზულ შეშფოთებას საფუძველი მაინც აქვს. გავიხსენოთ, როგორ დააკომპლექტა ხელისუფლებამ კონსტიტუციის გადასინჯვის სახელმწიფო კომისია. პირველად მოხდა ისე, რომ კომისიაში არ შეიყვანეს კვალიფიციური პარტიების უმრავლესობა, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში არ ჩართეს, მრავალი ავტორიტეტული ექსპერტი არ მიიწვიეს. მარგველაშვილმა კი თავისი სადისკუსიო ფორმატი არ შეზღუდა და, წარმომადგენლობითობის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო კომისიას რამდენჯერმე გაუსწრო რიცხოვნობით და, შესაბამისად, მასშტაბურობით. პრეზიდენტის სასახლეში პროექტის პრეზენტაციაზე შეკრებილი სტუმრები ხუმრობდნენ კიდეც, _ ასეთი ხალხმრავლობა ამ შენობას დაარსების დღიდან არ ღირსებიაო.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას, ამ ბრალდებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად შეიძლება ვიპოვოთ, კერძოდ კი, შესაძლოა, ხელი შეეშალოთ კომისიის უმრავლესობაში მყოფ, ხელისუფლების მიერ დანიშნულ წევრებს, რადგან ისინი ივანიშვილისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას უპრობლემოდ ვეღარ მოახერხებენ.

პრეზიდენტის გაჟღერებული ინიციატივა იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობას აზრი ვკითხოთ, ერთგვარად, სახალხო აზრის კვლევას ემსგავსება. ხელისუფლების შეშფოთების მთავარი მიზეზიც ესაა. „ქართულ ოცნებაში“ შესანიშნავად იციან, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას. ასევე ეწინააღმდეგება იმას, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ერთმა პარტიამ დანიშნოს თანამდებობაზე. „ოცნებაში“ ისიც შესანიშნავად იციან, რომ საზოგადოება სამართლიან საარჩევნო სისტემას ითხოვს და არა ისეთს, როცა ყველაფერი პირველ ადგილზე გასულს რჩება. შედეგად, როცა ეს, და კიდევ უამრავი, ხელისუფლებისთვის მიუღებელი მოსაზრება გაჟღერდება, როგორც საზოგადოებრივი აზრი, მის წინააღმდეგ წასვლა არც ისე იოლი იქნება. საზოგადოებაში რეიტინგდაცემული „ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდება. ამიტომაც შემოიხია „ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობამ ტანზე ყველაფერი.

თუმცა შემოხევის პროცესი ერთი კვირით ადრე დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა პრეზიდენტთან კონფრონტაციის ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა. თუ აქამდე მარგველაშვილის ლანძღვის კამპანიას მთავრობის წევრები ხელმძღვანელობდნენ, დღეს, როგორც ჩანს, ექსკლუზივი პარლამენტის ახალგაზრდა და გამოუცდელ თავმჯდომარეს აქვს მინიჭებული. პოლიტიკური  გამოუცდელობის მაგალითი იყო ის, როცა ირაკლი კობახიძე მარგველაშვილს დაემუქრა, _ წესიერად თუ არ მოიქცევი, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს 2023-ის ნაცვლად, 2018-ში გავაუქმებო. ე. ი. „ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს ახორციელებს არა იმის მიხედვით, რა სჭირდება ქვეყანას, არამედ იმის მიხედვით, მოეწონება თუ არა მმართველ პარტიას პრეზიდენტის გამონათქვამები. ესაა სწორედ გამოუცდელობა და პოლიტიკური უმწიფრობა, რაც ასე აზარალებს, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ პროცესს და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებას.

დღეს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული და არა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დანიშნული. მთავარი არგუმენტი შესანიშნავად ჩანს სწორედ დღევანდელ პროცესებში. პრეზიდენტის ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია ავტომატურად ქმნის ისეთ პოლიტიკურ ვითარებას, სადაც ყველაფერი ერთ პოლიტიკურ კონიუნქტურას არ ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ფუნქციები უკიდურესად შეზღუდულია, მისი საპრეზიდენტო ტრიბუნა მაინც საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ ბევრ მნიშვნელოვან პროცესზე ზეგავლენა მოახდინოს. ტრიბუნის სიმაღლეს კი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევითობა და, აქედან გამომდინარე, მისი მაღალი ლეგიტიმაცია განაპირობებს. მხოლოდ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს შეუძლია რეალურად შეასრულოს დამბალანსებლისა და არბიტრის ფუნქცია.

სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის აუცილებლობა, ბოლო წლებში, ყველამ კარგად დაინახა. ანუ ყველანი თუ ერთ მიკროფონში მღერიან, მთავრობაც, პარლამენტიც და პრეზიდენტიც, ქვეყანა, აშკარად, არასწორი გზით მიექანება, ან, კიდევ, უარესი, _ ავტორიტარიზმის ნიშნები იკვეთება. ასეთ დროს მთავრობა ხდება უკონტროლო, პარლამენტი კი _ მთავრობის ნოტარიუსი, რომლის ერთადერთი ფუნქცია მთავრობის ინიციატივების დამტკიცებაა. პრეზიდენტიც თუ იგივე ორკესტრის ერთ-ერთი ვიოლინოა და ისიც განსხვავებულს არაფერს ამბობს, ვითარება საგანგაშოა. სამწუხაროდ, ასეთი საგანგაშო ვითარება არაერთხელ გვინახავს და იმასაც მოვსწრებივართ, ყოველივე ეს რით სრუდება ხოლმე. ასე რომ, პრეზიდენტის განსხვავებული პოზიცია, მაგალითად, ვეტოს უფლების გამოყენება და, ზოგადად, ალტერნატიული პოზიციის მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, პოლიტიკური პროცესის მონოპოლიზაციას შეუძლებელს ხდის.

ვეტო, კიდევ, ცალკე თემაა. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულ ვითარებას ვიღებთ, როცა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ზუსტად იმდენივე დეპუტატის ხმაა საჭირო, რამდენიც კანონის მიღებას სჭირდება, ანუ 76 დეპუტატით მიიღება კანონი და შემდეგ ამ კანონზე დადებული ვეტოც იგივე 76 დეპუტატს შეუძლია დაძლიოს. ანუ გვაქვს კანონი ვეტოსთან დაკავშირებით, რომელიც უფუნქციოა და ვერასდროს იმუშავებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, განსხვავებული პოზიციის წარმოსაჩენად მაინც გამოდგება ხოლმე. წარმოიდგინეთ, ვეტოს დასაძლევად გაცილებით მეტი დეპუტატის ხმა რომ იყოს საჭირო, რამდენად ეფექტიან და კიდევ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკურ რეალობას მიიღებდა ქვეყანა.

რაც შეეხება არბიტრის ფუნქციას, იმისთვის, რომ პრეზიდენტი რეალური არბიტრი იყოს, მას, ისევ და ისევ, მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება. ლეგიტიმაციას კი მას ხალხის მიერ არჩევითობა ანიჭებს. მაგალითისთვის, პრეზიდენტის, როგორც არბიტრის ფუნქცია კარგად ჩანს იმ უფლებიდან, რომელიც მას მოსამართლეების დანიშვნასთან და წარგენასთან დაკავშირებით აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან სამს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს პრეზიდენტი წარადგენს. ამ უფლების მქონე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ერთგვარი, გარანტია იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე, რომელსაც ის ნიშნავს, არ იქნება ხელისუფლების ნების ბრმად აღმსრულებელი. ანუ პრეზიდენტი, რაღაც დოზით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობის გარანტი ხდება და თავისი ლეგიტიმაციით სასამართლო ხელისუფლებას დანარჩენ ხელისუფლებასთან მიმართებით აბალანსებს. ახლა კი წარმოიდგინეთ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დანიშნული პრეზიდენტი და მერე მის მიერ დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე. ქვეყანაში რამდენ ადამიანს ექნება განცდა, რომ ეს მოსამართლეები მიუკერძოებლები არიან და მათ თავისუფალი არჩევანის უფლება აქვთ მიცემული?.. რა თქმა უნდა, კითხვა რიტორიკულია. როგორც კი პრეზიდენტი ერთი, სახელისუფლებო პარტიის მიერ დაინიშნება, სასამართლოსთან მიმართებით ბალანსის დაცვა შეუძლებელი გახდება. ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზე დარჩება დამოკიდებული. ეს კეთილი ნება კი, როგორც ცნობილია, მაქსიმალური ძალაუფლების მოპოვების სურვილს ვერ უძლებს და უგზო-უკვლოდ ქრება ხოლმე.

დავუბრუნდეთ მარგველაშვილის მიერ შექმნილ სადისკუსიო ფორმატს და ამის გამო გაწიწმატებულ ხელისუფლებას. პრეზიდენტი თავის ინიციატივას, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო კომისიის ალტერნატივას არ უწოდებს, პირიქით მას სურს, რომ მშვიდობისმყოფელის როლიდან არ გავიდეს და თავისი ფორმატი წარმოაჩინოს, როგორც კომისიისთვის დამხმარე ინსტრუმენტი. ამისთვის ხელისუფლებასაც ეპატიჟება თავისთან. მაგრამ როგორაც არ უნდა შენიღბოს ეს მარგველაშვილმა, ალტერნატივად ჩამოყალიბების პერსპექტივა მის ამ სადისკუსიო არეალს მაინც აქვს.

საკონსტიტუციო კომისიაში შემავალმა ექვსივე ოპოზიციურმა პარტიამ ღიად გააჟღერა, რომ თუ ხელისუფლება ხელის გადაგრეხის პრინციპით იმოქმედებს და არ გამოხატავს სურვილს საკონსტიტუციო ცვლილებების მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით მიღებასთან დაკავშირებით, ბოიკოტი გარდაუვალი იქნება. ბოიკოტი კი იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“, შეიძლება, საკონსტიტუციო კომისიში ერთადერთი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდეს, რაც უკვე სრულიად გამორიცხავს კონსენსუსის შესაძლებლობას. არადა, ეს კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას თავზე ხელი გადაუსვას და შეაქოს. მაგრამ ერთია, როცა პოლიტიკური პარტიები კომისიას ბოიკოტს გამოუცხადებენ და, უბრალოდ, პროცესს გაემიჯნებიან და სულ სხვაა, როცა პროცესი კიდევ უფრო დიდი მასშტაბით სხვაგან, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო განვითარდება. ე. ი. რეალური პოლიტიკური პროცესი არა ხელისუფლების, ან, თუნდაც, პარლამენტის გარშემო, არამედ პრეზიდენტის გარშემო ტრიალებს. ეს კი უკიდურესად მწვავე მაგალითი იქნება იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგი და მით უმეტეს, შეთანხმება, ხოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმატში ეს შესაძლებელია. ამდენად, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას ოპოზიციური პარტიები კი არა, ხელისუფლება უშლის ხელს და ამას ყველაფერს ნათლად დაინახავს არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ ვენეციის კომისია და მთელი მსოფლიო. ამიტომაცაა ხელისუფლება სრულ ისტერიკაში. ის დარწმუნებული იყო, რომ მისთვის სასურველი საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი მთლიანად დალაგებული ჰქონდა, ახლა კი ყველაფერი აირია.

თუ რისი შეცვლა უნდა „ოცნებას“ კონსტიტუციაში, ეს თავიდანვე ნათელი იყო. პირველი და უმნიშვნელოვანესი მისთვის არის პრეზიდენტის არჩევის წესის გაუქმება, მისი უფლებების ბოლომდე გამოშიგვნა, რითაც ივანიშვილი დარწმუნდება, რომ მარგველაშვილზე შური იძია, როგორც დედის წინ მორბენალ კვიცზე. მეორე საკითხი არის ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღება, სადაც გარანტირებული საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობის ფორმირების უფლება მაინც მათ დარჩებათ, როგორც პირველ ადგილზე გასვლის ყველაზე მაღალი შანსის მქონე პარტიას. მესამე ცვლილება კი იმისთვის უნდა განხორციელდეს, რომ პირველ ადგილზე გასვლის შანსი ყოველთვის „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს. ამისთვის პარტიებს უნდა წაერთვათ პოლიტიკური ბლოკების შექმნის საშუალება, ხოლო ბარიერი კვლავ 5% უნდა დარჩეს. შედეგად, ვიღებთ ორპარტიულ საქართველოს, _ „ქოცებისა“ და „ნაცების“ საქართველოს, რომლებიც არჩევნების წინ მუდმივად გარიგდებიან, ხოლო არჩევნებიდან არჩევნებამდე დაპირისპირების ილუზიას შექმნიან. ესაა სწორედ ივანიშვილის მიერ 2012-ში გაჟღერებული იდეა „შუა უნდა გაიკაფოს“. და უცებ, მთელი ეს ჩაწყობილი კარტი აირ-დაირია. რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლებამ მოინდომა, ყველა თავის მიზნის მიღწევას მაინც შეძლებს, რადგან პარლამენტში 117 დეპუტატს ფლობს და საკონსტიტუციო უმრავლესობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები კომისიის მეშვეობით უნდა გაემართლებინათ. ივანიშვილის სასურველი ცვლილებები, როგორც პასუხისმგებლობა, მხოლოდ „ოცნებაზე“ კი არა, ბევრ სხვა პოლიტიკურ პარტიაზე, არასამთავრობოსა და ექსპერტზე უნდა გადანაწილებულიყო. არ მოეწონა ვინმეს რამე?.. მიმართეთ საკონსტიტუციო კომისიას. ახლა კი პასუხისმგებლობის გამზიარებელი, შეიძლება, არავინ აღარ დარჩეს. ამიტომაც აღიქვამს ხელისუფლება მარგველაშვილის ინიციატივას, როგორც საფრთხეს და კომისიის ალტერნატივას.

მთელ ამ პოლიტიკურ არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ, არსებობს კიდევ ერთი, შესაძლოა, ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომაც ამწვავებს „ოცნების“ ხელმძღვანელობა დაპირისპირებას პრეზიდენტთან: ესაა პერსონალური მოტივი. მოტივი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ქვეყნის კულუარულ მმართველს, _ წყენა, რომელიც არ გასდის ბიძინა ივანიშვილს, დაუოკებელი სურვილი დასაჯოს ის, ვინც მისი ნების საწინააღმდეგოდ წავიდა. ცოტა საეჭვოა, ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის შავ კატას მხოლოდ იმის გამო გაერბინა, რომელ რეზიდენციაში იცხოვრებდა პრეზიდენტი. როგორც ჩანს, პირდაპირი წესით არჩევა და შედეგად მიღებული მაღალი ლეგიტიმაცია აღარ გაძლევს საშუალებას, ვიღაცის ყურმოჭრილი მონა იყო, თუნდაც ეს ვიღაც იყოს ის, ვისი ხათრითაც ხარ არჩეული. თუ ეს ასეა, მაშინ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მარგველაშვილიც კი, რომელიც 1%-საც ვერ აიღებდა, რომ არა ივანიშვილი, ვერ გახდა მართული პრეზიდენტი. და წარმოიდგინეთ, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც მისივე თვისებებისა და პოლიტიკური წონის გამო აირჩევს ამომრჩეველი. თუმცა მანამდე იმით დავკმაყოფილდეთ, რაც გვაქვს და ვიმედოვნოთ, რომ ოდესმე ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ კულტურად ჩამოყალიბდება ისეთი რეალობა, როცა ხელისუფლებაში მოსული პარტია იმაზე კი არ იფიქრებს მხოლოდ, მუდამ ხელისუფლებაში როგორ ვიყო და ამისთვის კონსტიტუციაში რა შევცვალოო, არამედ იძულებული იქნება, დაბალანსებული ძალაუფლებით დაკმაყოფილდეს.

ძალაუფლება, როგორც ცნობილია რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. მუდმივად ძალაუფლების კონცენტრაციაზე ფიქრი ავტორიტარიზმამდე მიდის, დემოკრატია კი ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობს.

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აშკარად ახალი ეტაპი იწყება. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებამ უკვე ნახა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესისთვის, ყველა სახელისუფლებო შტო ერთი კაცის ჯიბეში რომ არ დევს. ასე იწყება სვლა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების  ჩამოყალიბებისკენ. მთავარია, არ გადავუხვიოთ.

 

დემნა ვეშაპიძე