დავით ჯანდიერი: „აუცილებელია, ისეთი სასამართლო რეფორმა ჩატარდეს, რომელიც საქართველოში არასოდეს განხორციელებულა!“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმხილველმა პალატამ, „რუსთავი 2“-ის იურისტების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დააკმაყოფილა ტელეკომპანიის მოთხოვნა და უვადოდ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. 7 მარტის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ 3 მარტს მიღებული გადაწყვეტილება გააგრძელა, რომელიც თავდაპირველად აღსრულების რამდენიმედღიან შეჩერებას გულისხმობდა.

რა გზავნილებს შეიცავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობისა და სასამართლოს მიმართ? რა ინტერპრეტაციები მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სტრასბურგში 2 და 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებებს? რამდენად აზარალებს ქვეყნის რეპუტაციას ამ ტიპის პროცესები და რატომ არის პრეცედენტული ევროპული სასამართლოს ისტორიაში „რუსთავი 2“-ის საქმე?

ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება იურისტი, სტრასბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ევროპული სამართლისა და სწავლების მაგისტრი _ დავით ჯანდიერი:

_ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მან პრეცედენტი შექმნა, რომელიც ევროპული სასამართლოს ისტორიაში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიიღო დროებითი ღონისძიების სახით. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით, ევროპელმა მოსამართლეებმა საქართველოს ხელისუფლებას აუკრძალეს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო თავისუფლებაში ჩარევა. ევროპული სასამართლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების შესახებ. ის, როგორც წესი, სიცოცხლის უფლებას უკავშირდება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთმნიშვნელოვნად აკრძალულია რაიმე სახის ღონისძიების მიღება, რომელიც „რუსთავი 2“-ის მესაკუთრის ცვლილებებს განახორციელებს, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას განაპირობებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სანამ სასამართლო საკითხის დასაშვებობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას გამოიტანს, აკრძალული აქვს რაიმე ღონისძიების განხორციელება, ე. ი., ამ ეტაპზე, „რუსთავი 2“-ის ინტერესები სრულად არის დაცული და ის არ შეიძლება სხვაგვარად შეილახოს, გარდა იმისა, თუ ხელისუფლება უარს არ იტყვის მიღებული ღონისძიების შესრულებაზე.

_ ბატონო დავით, ყველაზე უკეთეს, ან უარეს შემთხვევაში რა გადაწყვეტილება შეიძლება გამოიტანოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ?

_ სტრასბურგის სასამართლო უფლებამოსილია, ორი ტიპის გადაწყვეტილება გამოიტანოს. პირველი: თუკი კონვენციის ესა თუ ის მუხლი დაირღვა; მეორე: განსაზღვროს თანხობრივი კომპენსაცია. სტრასბურგის სასამართლო არ აუქმებს ქვეყნის ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და კონვენციის დარღვევის აღიარება, თავისთავად, არ არის საბოლოო შედეგი. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა და საბოლოო გახდება, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტს ეგზავნება, რომლის შემადგენლობაში შედიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და აღსრულებას ის ხელმძღვანელობს. საკითხის არსი ის არის, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები დასაბუთებულია და იქ კონკრეტულად არის აღწერილი ის გარემოებები, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენცია დაირღვევა. თუკი სასამართლო მიიჩნევს და გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან მიმართებით პროცედურული დარღვევები იყო, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას ვალდებულება წარმოეშვება, რომ მან საქმის წარმოება განაახლოს. რეალურად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში მინისტრთა კომიტეტს სახელმწიფომ გეგმა უნდა წარუდგინოს, თუ რის განხორციელებას აპირებს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. თუ ეს გეგმა არ შეესაბამება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, მის შინაარსს, ასეთ შემთხვევაში, მინისტრთა კომიტეტი უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ გეგმას და გადაწყვეტილება აღასრულოს არა ჩვეულებრივი გზით, არამედ გაძლიერებული პროცედურის მეშვეობით, რაც გულისხმობს, რომ ადგილზე მიავლინოს და დიპლომატიური ზეწოლა განახორციელოს ხელისუფლებაზე, რომ მან ზედმიწევნით, ზუსტად განახორციელოს ევროპული სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „რუსთავი 2“-ის პროცესუალური უფლებები შიდა სასამართლოებში საქმის განხილვის დროს დაირღვა, როდესაც ეს საქმე მინისტრთა კომიტეტს გადაეცემა, იქ უკვე იმაზე დაიწყება მსჯელობა, რომ საქმის წარმოება საქართველოში უნდა განახლდეს.

_ როგორ შეაფასებთ ჩვენი ხელისუფლების პოზიციას, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს არის საქმე საქართველოს წინააღმდეგ და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ გაიმარჯვოს. იმავე დღეებში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც ვნახეთ…

_ გასაგებია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იქ დავალებით ჩავიდა და არ მგონია, რომ ეს მისი ინიციატივა ყოფილიყო, ისევე როგორც იუსტიციის მინისტრის მიერ ბრიფინგის მოწყობა მთავრობის კანცელარიიდან იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლების პოზიციის მიხედვით, ეს საქმე ორ პირს შორის დავას ეხებოდა. რა თქმა უნდა, ასეთმა ქმედებებმა ევროპაში და ევროპულ სასამართლოში გააძლიერა ეჭვები და ვარაუდები იმის შესახებ, რომ სწორედ ხელისუფლების ორკესტრირებული კამპანიაა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმართული პროცესი. ამ ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან დაუშვებელი და ზიანის მომტანი იყო თვითონ სახელისუფლებო ინტერესისთვის, რომელსაც „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ვუყურეთ. არ მგონია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, რომ ყველა საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში შედის, მას მიეკუთვნება მომჩივნის გვარი, ან კომპანიის დასახელება და მეორე მხარეს _ სახელმწიფოს სახელწოდება, რომელთან მიმართებაშიც შედის საქმე. ყველა საქმე, რომელიც იქ შედის, საქართველო მონაწილეობს და იგი არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, მეორე კი არის მომჩივანი, რომელსაც საჩივარი შეაქვს. ეს არის დამკვიდრებული ტექნიკა და პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანასთან და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით. მე რომ შევიტანო საჩივარი ევროპის სასამართლოში, ის იქნება „ჯანდიერი საქართველოს წინააღმდეგ“. როდესაც საჩივარი შედის, ამას ორი მიზანი აქვს, _ ერთი, რომ მომჩივანმა დაიკმაყოფილოს მისი ინტერესი და მისი დარღვეული უფლება აღდგეს და მეორე მხრივ, სახელმწიფო უკეთესი გახდეს, რომ მან უკეთესად დაიცვას ადამიანის უფლებები და თუკი ის თავისი ნებით არ იცავს ადამიანის უფლებებს, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოხატვის უფლებების თვალსაზრისით, მაშინ ევროპული სტრუქტურების მონაწილეობით, ევროსასამართლოს დავალებით, მან შეძლოს, რომ აღასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და ამით დაამკვიდროს ისეთი წესი, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ამ უფლებით სარგებლობას.

_ „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ იმ მოსამართლეებმა, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ამ კონკრეტულ საქმეში, ისინი სასამართლო სისტემიდან უნდა განარიდონ. თქვენ რას იტყვით ამაზე?

_ ყველა სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, პოლიტიზებული იყო. მთელი პრობლემა ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლების პარტნიორები მორჩილი მოსამართლეები არიან, სასამართლოს დამოუკიდებლობა არათუ ეჭვქვეშ დგას, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვის უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და სასამართლოს დამოუკიდებლობა არა ბანალურ საქმეებზე ვლინდება, არამედ სწორედ ისეთ საქმეებზე, სადაც ხელისუფლების ინტერესი დგას. „რუსთავი 2“-ის მთელი პროცესი ამის დასტური იყო და ამ მოსამართლეებმა ვერ შეძლეს, რომ მათ დაეცვათ კონსტიტუცია, ასევე, მხარის, ამ შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ის საპროცესო უფლებები. ამ მოსამართლეებმა ძალიან მძიმე ზიანი მიაყენეს მართლმსაჯულების რეპუტაციას და უფრო დამძიმებული სიტუაცია მივიღეთ იმ მხრივ, რომ თუკი სასამართლოს მიერ სასამართლოს მიმართ ნდობა სუსტი იყო, დღეს ეს ნდობა გაცილებით ღრმა არის. სჯობს, ამ მოსამართლეებმა საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობა, რომ საზოგადოებას გარკვეული რწმენა შეუნარჩუნდეს სასამართლოს მიმართ. რა თქმა უნდა, ეს მოსამართლეები აღარ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში, მაგრამ უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს, რომელიც საქართველოში არასოდეს განხორციელებულა. ყოველი ე. წ. რეფორმა, რომელიც აქამდე იყო, მხოლოდ ფასადური იყო. ამ შემთხვევაში საჭიროა ძირეული, ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც ამ სისტემას ფეხზე დააყენებს.

თამარ ბატიაშვილი