მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარების დეტალური ამონაწერი „მოდულის“ შენობაში ყალბდება?!

მეოთხე წელია, სააპელაციო სასამართლო „კასრების საქმეზე“ ბრალდებულ კობა თოდუას საქმეს იხილავს. თოდუას მეუღლე „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ მთავარი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის უდანაშაულობას ამტკიცებს, პროკურატურას გაყალბებული აქვს. საქმე ეხება მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარების დეტალურ ამონაწერს, რომელიც საქმის მასალებში დევს. არსებობს ინფორმაცია, რომ სპეციალური პროგრამის მეშვეობით „მოდულის“ შენობაში ეს მონაცემები, საჭიროებისამებრ, ყალბდება.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება კობა თოდუას მეუღლე _ ნანა ანჩაბაძე:

_ თავიდანვე გვქონდა ეჭვი, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი სატელეფონო დეტალური ამონაწერები ზუსტი არ იყო. როდესაც პროკურატურა გვეუბნებოდა, რომ კობა თოდუა 2011 წლის 28-29 მაისს ტელეფონის ამონაბეჭდის მიხედვით იმყოფებოდა ზუგდიდში, ჩვენ დაფიქსირებული თითის ანაბეჭდის მეშვეობით ვამბობდით, რომ თავდაცვის სამინისტროში იყო. რაღაც პერიოდში პროკურატურის მიერ მოპოვებულ დეტალურ ამონაწერში ისიც კი ემთხვეოდა, რომ თავდაცვის სამინისტროში იყო და შესვლა-გამოსვლა ჰქონდა დაფიქსირებული, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ეს ვერანაირად დავამტკიცეთ და მოსამართლემ თავიდან სამოტივაციო წერილი რომ დაწერა, ისიც კი გვითხრა, თქვენი მტკიცებულება თითის ანაბეჭდით არ არისო, ბრალდების მხარესთან წინააღმდეგობრივია და ამიტომ ვერ გავითვალისწინებო. სამაგიეროდ, გაითვალისწინა ორი ცრუმოწმის მიერ მიცემული ჩვენება და პროკურატურის მიერ წარდგენილი დეტალური ამონაბეჭდები. მე თვითონ „მაგთიკომში“ 10 წელი ვიმუშავე, ამ საკითხში გარკვეული გამოცდილება მაქვს და შიდა სამზარეულო კარგად ვიცი. ამასთანავე, კულუარულად მოვიპოვე ინფორმაცია, რომ კავშირგაბმულობის კომპანიებს წარმომადგენლები ჰყავთ, რომლებიც პროკურატურის მოთხოვნაზე ინფორმაციას გასცემენ. თუ პროკურატურას ეს ამონაწერი არ მოეწონა, „მოდულში“ სპეციალური პროგრამა არსებობს, რომლის მეშვეობით, თავიანთი ნება-სურვილით, როგორც უნდათ, ისე ამატებენ და აკლებენ ტელეფონზე განხორციელებულ ზარებს. ამას ვერანაირად დავამტკიცებ, მაგრამ სანდო წყაროდან ასეთი ინფორმაცია მოვიპოვე. ერთადერთი, რაც მე მაინტერესებდა, ის იყო, რომ წლების განმავლობაში ინფორმაცია, რომელიც ბაზაში ინახება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მიმეღო, რომლის უფლებაც მაქვს. როგორც გავიგე, არქივი არ იშლება, დროთა განმავლობაში შეგიძლია მიმართო ინფორმაციის მოსაპოვებლად და რასაც მოგცემენ, ეს იქნება რეალური ამონაწერი. ჩემი მეუღლის დაკავებიდან მე-4 წელი დაიწყო, ჩვენმა ადვოკატმა 20 თებერვალს 2011 წლის 20-დან 31 მაისის ჩათვლით მოითხოვა დეტალური ამონაწერი. აღმოჩნდა, რომ ეს ამონაწერი პროკურატურის მიერ წარდგენილ ამონაწერს არ ემთხვევა.

_ ერთი და იგივე კომპანია სხვადასხვა მონაცემს გასცემს?

_ ასე აღმოჩნდა! შეუძლებელია, როდესაც ანძა ერთ ზარს აფიქსირებს, სხვა ზარები არ დააფიქსიროს. პროკურატურის მიერ წარდგენილი მონაცემებით, ჩემი მეუღლე ქუთაისიდან ზუგდიდში გადავიდა. როგორ შეიძლება, მანამდე ერთმა ანძამ მაინც არ დააფიქსიროს და აქ რატომ არ მომცა ეს მონაცემი?

_ ეს დოკუმენტი სასამართლოში წარადგინეთ?

_ დიახ, წარვადგინე და პროკურატურამ ამიტომაც მოითხოვა დრო. ჩემს ადვოკატს პროკურატურიდან მოღებული ზეპირი ინფორმაცია აქვს და, ალბათ, ამას სასამართლოშიც წარადგენენ. „მაგთისკენ“ იშვერენ ხელს. ამბობენ, რომ ეს კომპანიის ხარვეზია. 28 მაისს ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზარია განხორციელებული ჩემი „მაგთიფიქსის“ ნომრიდან, რომელიც სახლში მქონდა. უწერიათ, რომ ამ ნომერზე ჩემმა მეუღლემ დარეკა. შეხედეთ ამ ამონაწერს: 31 მაისის მერე ისეთი ტელეფონის ნომრებია ჩამატებული, რომლის პატრონებიც ზუგდიდში ცხოვრობენ _ ჩემი მეუღლის მშობლების, მეზობლების, ახლობლების, რომლებიც მუდმივად ზუგდიდში ცხოვრობენ. ზუგდიდში რომ დაეფიქსირებინათ, ალბათ, მისი ტელეფონიდან ამოწერეს. დეტალური ამონაწერი მოვითხოვე „მაგთისგან“, თუკი ჩემთან „მაგთიფიქსზე“ შემოსულ ზარში ამ დღეს ჩემი ქმრის ეს ზარი დაფიქსირდებოდა, კითხვა აღარ გამიჩნდებოდა. „მაგთიში“ მივედი და დეტალური ამონაწერი მოვითხოვე. თავიდან ოპერატორს პრობლემა არ ჰქონია, განაცხადის შევსება მოითხოვეს, ნახევარი საათი ველოდე ადვოკატთან ერთად, მერე ურეკავენ ოპერატორს და ეუბნებიან, რომ 2011 წლის ბაზა არ აქვთ. გამიკვირდა, როგორც გითხარით, „მაგთიში“ ვმუშაობდი და რომელი ბაზის წაშლაზე იყო საუბარი, რაიმე ხარვეზის შემთხვევაში, თითოეულ ოპერატორს ელექტრონულ ფოსტაზე მოსდიოდა შეტყობინება. ხარვეზს ვასწორებთ და აბონენტმა თუ დეტალური ამონაწერი მოითხოვა, ბოდიში მოუხადეთ და ამა და ამ დროს დაიბარეთო. ამხელა ბაზა კომპანიას წაშლილი ჰქონდეს და ოპერატორმა, რომელიც „მაგთიში“ მუშაობს, შეუძლებელია, ეს არ იცოდეს. ზემოდან ურეკავენ და ეუბნებიან, _ ბაზა გვაქვს წაშლილი და დეტალურ ამონაწერს ვერ მივცემთო. ჩემი ქმრის სახელზე გაფორმებული მეორე ნომრის დეტალური ამონაწერი გვინდოდა, ეს ნომერი ბავშვს ჰქონდა, ამაზეც უარი გვითხრეს. მერე „მაგთისგან“ ოფიციალური საბუთი მოვითხოვე, _ რატომ არ მაძლევთ ჩემს ნომერზე დეტალურ ამონაწერს-მეთქი? გუშინ მომცეს ეს დოკუმენტი და ძალიან მშრალად დამიწერეს, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მაძლევენ და ამ ნომრებზე დეტალური ინფორმაცია არ ინახებაო. ხელს აწერს ადამიანი, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია. მერე ამ ადამიანს პირადად ვესაუბრე, არ ვიცი, რა დავარქვა, ისეთი პასუხი გამცა, აქეთ ვალი დამადო, _ მადლობა თქვით, თქვენს ინფორმაციას რომ ვამუშავებ და ვინახავო. რადგან ამას აკეთებს, თითქოს პრეტენზია არ უნდა მქონდეს. ვუპასუხე, _ მილიონი აბონენტის შემოსავლით არსებობთ, რომლის პირად მონაცემებსაც ამუშავებთ და როდესაც დასჭირდებათ, ხარისხიანი მონაცემი, უნდა მისცეთ-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონა და მიპასუხა, _ შემიძლია, ბაზა საერთოდ წავშალო, არანაირი ვალდებულება შენს(!) წინაშე არ მაქვს, რომ დეტალური ინფორმაცია მოგცეო. ხომ მწერს, რომ შეუძლებელია, „მაგთიფიქსის“ დეტალური ინფორმაცია მოვიპოვოთო, ჩემს მამამთილს ვთხოვე, რომელიც ზუგდიდშია და მათაც აქვთ „მაგთიფიქსი“. დეტალური ინფორმაცია რომ მოეთხოვა, იქნებ, იქ დაფიქსირებულიყო ზარი და ზედმეტი კითხვები არ დასმულიყო. ორი დღის წინ მივიდა ოფისში და იგივე პერიოდზე, ჩვეულებრივ, „მაგთიფიქსის“ დეტალური ამონაწერი მისცეს. აქაც არ ფიქსირდება ის შემომავალი ზარი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. დეტალური ამონაწერის მიხედვით, სხვა დღეებში ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა და კონკრეტული დღე, რითაც ვამტკიცებთ, რომ ჩემი მეუღლე თავდაცვის სამინისტროში იყო და არა ზუგდიდში, ის _ არა. მესამე დეტალურიც გვაქვს, რომელიც ჩვენმა ახლობელმა აიღო, მისი ნომერიც ბევრჯერ აქვთ ჩამატებული, მანაც აიღო დეტალური ზუგდიდში და არც ამ ქალბატონის მიერ აღებულ ამონაწერში გვხვდება.

_ ამ დოკუმენტებიდან გამომდინარე, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად გაკეთდა, რადგან თქვენს მეუღლეს პროკურატურა სხვა ფაქტებით ვერ უმტკიცებს დანაშაულს?

_ დიახ, ამით ამყარებენ! როდესაც ცრუ მოწმე ამბობდა, რომ კობა თოდუა ვიღაცას სცემდა, ის კაცი სასამართლოზე გამოვიდა და პირდაპირ დაადო ადამიანს ხელი, რომელზედაც თქვა, _ ამის სახეს რა დამავიწყებსო? იმ ადამიანს ამ დროს პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუკეთა და გარეთ დადის. როდესაც პროკურატურის დეტალური ამონაწერი დავუდე, „მაგთი“ ხაზგასმით მეუბნება, რომ 2013 წელს გადასარევი, უხარვეზო ბაზა მქონდა, მერე გაფუჭდა და ინფორმაცია ვერ აღვადგინეთ, რომელიც მაშინ წაიშალაო. მიმტკიცებს, რომ 2013 წელს უხარვეზო ბაზა ჰქონდა და ახლა 2011 წლის მონაცემებს რასაც ამოვიღებთ, ხარვეზიანია. ვუთხარი, _ მაშინ ოფიციალური განცხადება გააკეთეთ, ხომ შეიძლება, 2011 წლის სხვა საქმე ამოტივტივდეს და პროკურატურას დეტალურის ამოღება მოუნდეს, დავიჯერო, „მაგთი“ პროკურატურას მიუწერს, ეს ამონაწერი რომ მიგაქვს სასამართლოში, ჩემი ბაზა ხარვეზიანია და მთლად ამას ნუ დაეყრდნობითო?! ვუთხარი, _ კანონი გავალდებულებთ, გასაღები სახელმწიფომ ჩაგაბარათ და ჩემი პერსონალური მონაცემები თქვენს ხელშია, მე რომ ეჭვი არ გამიჩნდეს რამეზე, გამოდი და ოფიციალური განცხადება გააკეთე, რომ კომპანიას ასე დაემართა, ბაზა არ აქვს და მის მიერ გაცემული ამა და ამ წლების დეტალური ამონაწერი არასაიმედოა-მეთქი. ამაზე გაეცინა და არ მიპასუხა. ამ დროს ადამიანის ბედი ამაზეა დამოკიდებული. ამიტომ მოვედი თქვენთან, რომ ეს ფაქტი გასაჯაროვდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მივმართავ, პრეზიდენტსაც. ახლა, როდესაც სწორედ მოსმენების შესახებ კანონზეა საუბარი, იქნებ, ეს ფაქტიც გახმაურდეს და გაითვალისწინონ!

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის კომპანია „მაგთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:

_ ინახება თუ არა „მაგთის“ არქივში, კონკრეტულად, 2011 წელს განხორციელებული ზარების არქივი?

_ თუ ეს არქივი არსებობს, შესაძლებელია თუ არა, რომ რაიმე ტექნიკური ხარვეზი არსებობდეს დეტალური ამონაწერის დროს?

_ თუ კომპანია დაადასტურებს ხარვეზს, არსებობს თუ არა ვალდებულება, რომ ამის შესახებ ოფიციალურად იყოს გაცხადებული, ან თუ ფიქსირდება ეს ოფიციალურად?

 

დაგვპირდნენ, რომ კითხვებზე პასუხს ელექტონულ ფოსტაზე გადმოგვიგზავნიდნენ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

თამარ ბატიაშვილი