რა დაინახეს ბათუმში განვითარებულ მოვლენებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა?!

11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის ფაქტების შესახებ „ქრონიკა+“-თან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა ისაუბრეს.

თამარ ავალიანი _ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“:

_ ამ მოვლენებმა სამართალდამცველთა ეფექტიანობის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოკვეთა. სათანადოდ არ იყო განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს წინასწარ დაგეგმილი არ იყო უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფის ღონისძიებები. სამართალდამცველ ორგანოებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ წინასწარ დაგეგმილი მწყობრი გეგმა-სტრატეგია მანიფესტაციებისა და შეკრებების დროს უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, ეს არ ჩანდა. ესკალაციის მიმართულებით სიტუაცია ისე ვითარდებოდა, რომ სამართალდამცველები უმოქმედო მდგომარეობაში იყვნენ და ეს უმოქმედობა საფრთხეს უქმნიდა საჯარო წესრიგსა და უსაფრთხოებას. ეს იყო პრობლემა და ამ მიმართულებით სამართალდამცველი ორგანოების არაეფექტიანობა გამოჩნდა. მეორე ის იყო, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს მშვიდობიან შეკრებას და მანიფესტაციას, როდესაც კანონსაწინააღმდეგო ხასიათს იღებს, მაშინ იქვე იზრდება სახელმწიფოს ვალდებულება ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. მაშინვე უნდა ყოფილიყო გამოყენებული კარგად დაგეგმილი, პროპორციული, ადეკვატური ძალა, რომელიც იმ რისკებსა და საფრთხეებს აღმოფხვრიდა, რაც ჩვენ შემდეგ მივიღეთ ესკალაციისა და გამწვავების სახით. ეს არ განხორციელებულა. რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვის ვემიჯნებით ძალის გამოყენებას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მასობრივი არეულობა ხდება და ეს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს იღებს, პროპორციული ძალა ყველაზე ნაკლებ ზიანის მიმყენებელი უნდა იყოს. ვერ ვიტყვი, რომ სამართალდამცველი ორგანოები განზე იდგნენ და ისე უყურებდნენ ამ პროცესს, მაგრამ მათ თვალწინ ვითარდებოდა ეს მოვლენები და მათ სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა, კარგად შეეფასებინათ ის მოვლენები, რომელიც ვითარდებოდა. თუმცა, მოვლენების განვითარებასთან ერთად, ისინი არ რეაგირებდნენ, რაც სამართალდამცველთა მხრიდან ასევე წარმოადგენს დარღვევას. დარღვევაა როგორც არაპროპორციული ძალის გამოყენება, ასევე დარღვევას წარმოადგენს არასათანადო რეაგირება საფრთხეზე. რა თქმა უნდა, თავიდანვე ჩანდა, რომ ეს პროცესი მართული იყო, რადგან შელაპარაკებას მოქალაქესა და პატრულს შორის არ შეიძლებოდა ასეთი მასობრივი არეულობა გამოეწვია. გარკვეულ ეჭვებს იწვევს, რომ ეს იყო მართული და რაღაც ტიპის დაგეგმილი პროცესი, თუმცა ვის მიერ იყო ორგანიზებული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჩვენ მოვითხოვეთ კიდეც, რომ ობიექტური, დროული და მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს ბათუმში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე მოხდეს სამართალდამრღვევთა იდენტიფიცირება, რომ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები დაწესდეს. ასევე, ვისგან იყო მართული და ორგანიზებული, ესეც სახელმწიფომ სათანადოდ უნდა შეისწავლოს, ასევე უნდა შეისწავლონ მოსახლეობის ის მასობრივი უკმაყოფილება, რამაც გამოიწვია მათი აგრესია, რომელთაც ჰქონდათ პოლიციის მუშაობასთან მიმართებით. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით. ჩანდა, რომ ეს არ იყო ერთ მოქალაქესა და პატრულს შორის დავა, ეს იყო კარგად მართული პროცესი, რომელსაც თავისი გამომწვევი მიზეზები ჰქონდა.

 

 

ასლან ჭანიძე _ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“:

_ ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ წინასწარ დაგეგმილი იყო პროცესების ესკალაცია. პირველი, რაც მოხდა, ცოტა უცნაურია, ადამიანი იმის გამო დააჯარიმეს, რომ კანონი დაარღვია, შესაბამისად, იქვე მყოფი ადამიანები, რომლებიც უამრავჯერ იყვნენ დაჯარიმებულები, მათი გაღიზიანება გამოიწვია და შემდეგ იმ ადამიანების დაკავება, რომელთაც არ უარყვეს, რომ იგინებოდნენ. მერე ვიღაცამ ეს სიტუაცია ხელოვნურად დაძაბა, რომელიც ვანდალიზმში გადაიზარდა და ქალაქის ნგრევაში გადავიდა. მთელი ბათუმი გაღიზიანდა იმიტომ, რომ იმ საპროტესტო აქციაზე, რომელმაც შემდეგ სხვანაირი მიმართულება მიიღო, ისეთი განცხადებები გაკეთდა აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან: აჭარა აჭარლებს, გორელები გორში და ა. შ. ეს მიუღებელია აჭარის მცხოვრებლებისთვის, ზოგიერთმა პოლიტიკოსმაც ისეთი განცხადებები გააკეთა, რომელმაც ხელი შეუწყო სიტუაციის დაძაბვას. პოლიტიკოსს წინადხედულება ჰმართებს და ნაცვლად იმისა, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს, სიტუაციის განმუხტვას უნდა შეეცადოს. ვფიქრობ, სამართალდამცველების მხრიდანაც დაგვიანებული იყო რეაგირება. მაქანების დაწვა, ქვების სროლა, ინფრასტრუქტურის მოსპობა არ უნდა მომხდარიყო და რეაგირება უფრო სწრაფი უნდა ჰქონოდათ. იმედია, ორგანიზატორები დაისჯებიან, მე არ ვსაუბრობ მშვიდობიანი პროტესტის მომწყობებზე, იმ სიტუაციაზე ვამბობ, რომელიც შემდგომში განვითარდა. მესმის, რომ პროტესტია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბათუმში საგზაო მოძრაობა ძალიან ცუდ დღეში იყო და ხალხი გადაჩვეული იყო წესრიგს. როდესაც საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი მოვიდა, დაჯარიმებები დაიწყო და როგორც ჩემთვის ცნობილია, არც თანამდებობის პირების დაჯარიმებას ერიდებოდნენ. მაგალითად, ცნობილია, ქობულეთის გამგებლის მანქანა გააჩერეს და აღმოჩნდა, რომ მას მართავდა ადამიანი, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა. ეს უკმაყოფილება იზრდებოდა იმიტომ, რომ წესრიგს მიჩვეულები არ იყვნენ. მაგალითად, ყოველდღე აჯარიმებდნენ ტაქსის მძღოლებს. საშინელი სიტუაციაა ბათუმში მოძრაობის წესრიგის მხრივ იმიტომ, რომ არავინ სცემს პატივს წესებს, ტროტუარებზე მანქანების დაყენება, უწესრიგო მოძრაობა და მხოლოდ მანქანის მძღოლებს კი არა, ფეხით მოსიარულეებსაც ექმნებოდათ პრობლემები. გადასასვლელზე დგას მანქანა, ტროტუარზე, როგორ უნდა იმოძრაოს ადამიანმა და მით უმეტეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. პატრული, ამ შემთხვევაში, სწორია. ის განცხადებები, თითქოს პატრულის უფროსი აჭარლებს თათრებს ეძახდა, ამას მტკიცებულება სჭირდება. გამოდის ვიღაც ღოღობერიძე და ტელევიზიით აცხადებს, რომ ამის შესახებ ვიღაცამ უთხრა. თუ ასეთი განცხადებები აქვს გაკეთებული, მაშინ ის მტკიცებულებების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ მიხვიდე და მანქანები დაწვა. ეს არის ძალიან სახიფათო, თან სიტუაციის იმ კონტექსტში წარმოჩენა, რომ აჭარა აჭარლებს, გორელები _ გორში და ა. შ. რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოს მოქალაქე თუ არის ადამიანი, მიუხედავად ეროვნებისა, ნებისმიერ ადგილზე შეუძლია იყოს. ამიტომ, როდესაც პირველად გაჟღერდა ეს ფრაზები, ამაზე უნდა მომხდარიყო რეაგირება. თვითონ შს სამინისტროს რომ ამაზე განცხადება გაეკეთებინა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნებოდა. ეს ყველაფერი რეაგირების ბრალიც არის, რომ სიტუაცია აქამდე მივიდა. ძალიან კარგია, რომ ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა, იმხელა ქვების სროლა, თან წინასწარ მომზადებული, ეს ხომ არ იყო სპონტანურად მომხდარი, ან „მოლოტოვის კოქტეილები“ საიდან უნდა მოსულიყო უცებ? ვინ არის ორგანიზატორი, ეს უნდა გაირკვეს. ხელისუფლება ბრალს სდებს ოპოზიციას, ასეც დაუშვებელია, მტკიცებულებები უნდა დადოს. შეიძლება, ოპოზიციამ რაღაც არასწორი განცხადებები გააკეთა, როდესაც ხალხს ქუჩაში გამოსვლას მოუწოდებდა, უნდა მომხვდარიყო, რომ ნებისმიერი ეგზალტირებული მასის ქუჩაში გამოსვლა ცუდ შედეგს მოიტანდა, შემდეგ მიხვდნენ და თვითონვე განაცხადეს, ამ პროცესს განვერიდეთო. ასე არ შეიძლება, საქართველოში მიჩვეულები ვართ ბრალდებების სროლას, ბრალდებას დამტკიცება სჭირდება. ხელისუფლება ოპოზიციას აბრალებს, ოპოზიცია _ ხელისუფლებას და ჩვეულებრივმა მოქალაქემ რა უნდა ქნას?! ძალიან კარგია, რომ მოქალაქეები არ ცემეს და ყველა დაკავებული ამას ადასტურებს. კარგია, რომ პოლიციამ ძალასაც არ გადააჭარბა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ საქმე აქამდე მივიდა, ხელისუფლებამ შემდგომში უნდა გაითვალისწინოს. ბათუმში ყველა აღშფოთებულია, არ არის ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს, რომ ასეთი ფაქტები მიუღებელია. აუცილებელია დადგინდეს, ვინ იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი და მიზეზი, _ რატომ ხდებოდა?!

 

მალხაზ ჭკადუა _ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“:

_ აუცილებელია, ძალიან წრაფად დაიწყოს გამოძიება მოქალაქეთა პრეტენზიებთან დაკავშირებით, რამდენად საფუძვლიანი იყო ის განცხადებები, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები აკეთებდნენ, როდესაც პოლიციას ბრალს სდებდნენ ძალაუფლების გადამეტებაში ადამიანების დაკავების დროს და, ამავდროულად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, იყო თუ არა შეურაცხმყოფელი განცხადებები მოქალაქეების მისამართით? ვგულისხმობ იმას, რომ თითქოს აჭარლებს თათრებს ეძახდნენ. ეს უნდა გამოიძიონ, რომ საბოლოოდ გაირკვეს, რა მოხდა? ჭორია, თუ სიმართლე, რადგან საზოგადოებას სჭირდება ნდობა ჰქონდეს პოლიციელთა მისამართით. თავისთავად ცხადია, ის პროტესტი, რაც ვიხილეთ ღამის პირველი საათის შემდეგ, არანაირად არ ჯდება კანონის ჩარჩოში, ეს არის ერთგვარად ფეხქვეშ გათელვა მოქალაქის, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი საყრდენის, თვითონ საკუთარ თავს გაუკეთეს ძალიან დიდი დისკრედიტაცია ამ ახალგაზრდებმა, მათ აერთიანებდათ განადგურების რაღაც ჟინი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „ბათუმი პლაზადან“ პოლიციის სამმართველოსკენ გადაადგილებული პირების ძალიან მცირე ნაწილი დარჩა იმ აქციაზე, რომელიც გაზის შაშხანების პირველი გაშვების შემდეგ იმართებოდა. ვხედავდით, როგორ მოდიოდნენ ქალაქის სხვადასხვა უბნიდან ახალგაზრდები, შემდგომ მათ ჯაჭვი გაარღვიეს, იქ შენდება „სმარტი“ და მის მესაკუთრეებს ეს ტერიტორია შემოღობილი ჰქონდათ რკინის სარებითა და ჯაჭვებით, იმის აღსანიშნავად, რომ ის კერძო საკუთრებაა, გაარღვიეს ეს ჯაჭვები, ჩაბეტონებული რკინის სარებიც ამოიღეს და ამით შეიარაღდნენ, ამავდროულად, „მოლოტოვის კოქტეილები“, გატეხეს პიროტექნიკის მაღაზია და ფოიერვერკებიც კი ვიხილეთ პოლიციის თავზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ მოქალაქეებს პოლიციის მისამართით რაღაც პრეტენზია აქვთ, ეს ყველა იმ ინსტიტუტში უნდა გასაჩივრდეს, რომელიც სახელმწიფოშია, ვგულისხმობ გენინსპექციას, პროკურატურას, სასამართლოს და ა. შ. ჩვენი ტიპის ორგანიზაციებიც ვეხმარებით მოქალაქეებს, რომ მათი უფლებების დარღვევის დროს ვაპოვნინოთ სამართალი. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს ყველაფერი გასული იყო სამართლებრივი ჩარჩოდან. თავისთავად ცხადია, ისმის კითხვა, _ რამდენად დროული იყო ხელისუფლების ჩარევა და სპეცრაზმის გამოყვანა _ ეს არ იყო დროული, ეს დაგვიანებული რეაქცია იყო, პრემიერის განცხადება გაცილებით ადრე რომ გაკეთებულიყო, ალბათ, აღიკვეთებოდა ის უკანონო ქმედებები, რომელიც განვითარდა. ბოლოს ვნახეთ სპეცრაზმელების ქმედებები, მათ დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მომხდარიყო და დიდი წვალების მიუხედავად, 40-მდე პირი დააკავეს, შემდეგ ყველანაირად მოსუფთავდა ტერიტორია, რომ მერიას მეორე დღისთვის მწყობრში ჩაეყენებინა ყველაფერი. ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ოპოზიციურ ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელით მოქმედ რამდენიმე პირს, რომელიც ამ აქციაში იყვნენ ჩართულები. სოლიდარობას უცხადებდნენ ამ პირებს და გაუგებარი დარჩა, რა იყო სოლიდარობის თემა. ჯერ ერთი, რასაც აცხადებდნენ, არ იყო დადასტურებული. მე, ადამიანმა, რომელმაც მთელი საღამო გავატარე ამ ხალხთან, ვერ ვიპოვე ერთი მოქალაქეც კი, რომელიც იტყოდა, რომ დიახ, მე დამიძახეს თათარი და შეურაცხყოფა მომაყენეს გაუგებარი განსაზღვრებებითო. ბევრი საკითხია, რომელიც დასაზუსტებელი იყო, მაგრამ პოლიტიკური წრეები არ მოერიდნენ გაზვიადებას და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას. ახლა რასაც ხელისუფლება აკეთებს, რომ ყურადღება გადაიტანოს ერთ პოლიტიკურ ძალაზე, არასწორია, რადგან ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს, პასუხი გასცეს კითხვაზე, _ რა მოხდა, ეს იყო მართული თუ სპონტანურად დაგეგმილი პროტესტი?! იყო მხოლოდ შიდა პოლიტიკური ამბავი თუ იყო სხვა ძალების დაინტერესებაც? ამას იმიტომ ვამბობ, რომ, ალბათ, კადრებში ნახეთ, პროტესტის მონაწილეთა რაღაც ნაწილი საქართველოსაც შეურაცხყოფდა, აბსოლუტურად გაუგებარია მსგავსი მოწოდებები და შეძახილები, უამრავ აქციაზე ვყოფილვარ როგორც ჟურნალისტი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. საკუთარი ქვეყნის შეგინება, არც ერთ აქციაზე არ მინახავს, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური საქმე და ამას გამოძიება სჭირდება. მთავრია ის, რომ თუ მოქალაქეებში უსამართლობის განცდაა, ხელისუფლებამ არ უნდა წაუყრუოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს და სიმართლე დაადგინოს. თუ მოქალაქეები გრძნობენ არასწორ ქმედებას პოლიციელთა მხრიდან, თუ გადამეტებული, არათანაზომადი ჯარიმები იყო ამ ხნის განმავლობაში, უნდა გამოიკვლიონ და გამოიძიონ. მოქალაქეთა დაჯარიმება არ უნდა იყოს თვითმიზანი, თვითმიზანი უნდა იყოს წესრიგის დამყარება. ის გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბათუმში ლოიალური დამოკიდებულება იყო პოლიციელების მხრიდან და ბევრი ბათუმელი დამეთანხმება, რომ ახლა, ამ პოლიტიკის გატარების შემდეგ, საგზაო მოძრაობა რაღაც ტიპის რეგულაციებს დაექვემდებარა. რაღაც ტიპის ჩარევა საჭირო ყოფილა, მაგრამ ის, რომ ამ ფორმით გააპროტესტო ოქმი, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიწერს, ის, რომ ხელკეტი, ქვა და „მოლოტოვოს კოქტეილი“ არის პასუხი, არასწორია და ეს არასახელმწიფოებრივი ქმედებაა. პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან მას აქვს რესურსი და ვალდებულება, რომ არ გამოიწვიოს მსგავსი ფაქტები და არ დაუშვას სიტუაციის ასეთ შედეგებამდე მიყვანა. თუ ეს ფაქტები დაუსჯელი დარჩა, შემდგომში კვლავ იგივეს მივიღებთ.

 

ირმა ზოიძე _ ჟურნალისტი:

_ ამ ყველაფერს ანალიზი სჭირდება, როდესაც ამბობენ, _ სირცხვილი ბათუმსო, არ ვეთანხმები, რადგან შეიძლება, ეს საქართველოს ნებისმიერ ადგილას მომხდარიყო. მე როგორც ვაკვირდები, ამ აქციას სოციალური ფონი ჰქონდა, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც განცდა ჰქონდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ მიხედავდა. როგორც ვიცი, აქციაზე ამოიცნეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ეს ხალხი იქ ცხოვრობს ყოველგვარი იურისდიქციის გარეშე და მუნიციპალური სამსახურებისთვის ისინი არ არსებობენ. რაღაც სისტემა ხომ უნდა არსებობდეს და რადგან ეს არ არსებობს, არის განცდა, რომ რასაც გინდა, იმას გააკეთებ, შენთვის არავის სცალია და ვისაც უნდა ეცალოს, იმას სხვა საქმე აქვს. ასეა სხვა საკითხებთან მიმართებითაც, _ სადაც არ ჩანს სახელმწიფოს როლი, სადაც სისტემა არ არსებობს, სადაც ხელისუფლება თავის როლს არ ასრულებს, ასეთი ფაქტები მოსალოდნელია. თუ ჩვენ ამას არ გავაანალიზებთ, ასეთი პრობლემა მომავალშიც გვექნება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დამნაშავე დაისჯება და ამით პრობლემა დამთავრდება, ასე არ არის, ეს მომავალში კიდევ ბევრ პრობლემას მოგვიტანს. სამწუხაროდ, დღეს ამ პრობლემას ვხედავ, რომ ხელისუფლება არ არის ადეკვატური. აკეთებს მხოლოდ შეფასებას, რომ ეს იყო ვანდალიზმი, მაგრამ არავინ ამბობს, რატომ წავიდნენ ეს ადამიანები ამაზე? შს მინისტრი ამბობს, რომ ძალოვნების დამსახურებით ერთ ქუჩას არ გასცდენია ეს პრობლემა. დიდი ბოდიში, მაგრამ რა მოლოდინი ჰქონდა შს მინისტრს, სირიის დედაქალაქი ხომ არ არის, ყველაფერი დაენგრიათ?! ძალიან მინდა ვთხოვო გადაწყვეტილების მიმღებს, რომ მოიკვლიონ, რატომ მივიდნენ ეს ადამიანები ამ მდგომარეობამდე?! რატომ იქცევიან ასე, ამას სჭირდება დაფიქრება და მოსმენა.

 

ტატო ცეცხლაძე _ ჟურნალისტი:

_ ჩვენი, ჟურნალისტების წვლილი ამ პროცესებში არის შემდეგი: თავის დროზე, იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში და, ზოგადად, რეგიონებში, საკმაოდ პრობლემურია რესპონდენტები, კომპეტენტური ადამიანები, ვინც გააკეთებს კომპეტენტურ შეფასებას სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენაზე, რამდენიმე ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს უწოდა უფლებადამცველი, ჩვენც ერთგვარად დავეთანხმეთ და ჟურნალისტურ მასალებში თუ ტიტრებში ამ ადამიანებს ვუწოდეთ უფლებადამცველები. შემდეგ ამ ადამიანებმა უკვე დაიწყეს სიტუაციით სარგებლობა და ხელისუფლებასთან ვაჭრობა. ამის არაერთი მაგალითი არსებობს. მათ შორის იყო მერაბ ღოღობერიძე. ის ვერ იქნებოდა და არ არის ამ პროცესების ინიციატორი, რადგან მას არ აქვს არც ამხელა ძალაუფლება და ნაცნობობის წრე, რომ ამხელა აქციის ორგანიზება შეეძლოს, მაგრამ ღოღობერიძის წვლილი ამ ყველაფერში არის ის, რომ შეეხო რეგიონისთვის მგრძნობიარე თემას, როდესაც თქვა, რომ თითქოს საპატრულო პოლიციის უფროსმა აჭარლებს თათრები უწოდა, რაც ერთ-ერთი საბაბი გახდა იმისა, რომ ეს პროცესები დაიწყო. თუმცა პროცესები აბსოლუტურად ჯანსაღი იყო თავის დროზე, საუბარი მაქვს პირველ დღეს, პირველ საათებში, როდესაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა არასწორი პარკირების გამო. ბოლო დროს მართლაც გამკაცრებულია საგზაო მოძრაობის წესები აჭარაში, რაც მისასალმებელია. ბათუმში ეს ძალიან დიდი პრობლემაა, აქ არ სცემენ პატივს არც ფეხით მოსიარულეებს და არც მანქანის მძღოლები ერთმანეთს მოძრაობის დროს. ეს გამკაცრება მართლაც საჭიროა და კანონის დამორჩილებას უნდა შევეჩვიოთ, მაგრამ ეს პროცესები შემდეგ რაშიც გადაიზარდა, აბსოლუტურად სხვა ნაწილი იყო. აქციის მეორე ნაწილი, რომელიც პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე მოეწყო, იყო აბსოლუტურად სხვა, სხვა ადამიანებით, მთელი ღამის განმავლობაში იქ ვიმყოფებოდი და საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო, არასრულწლოვნები 10-11 წლის ბავშვები, გარდატეხის ასაკში მყოფი ახალგაზრდები, რომლებიც ფილმებში ნანახი საქციელით გამოირჩეოდნენ, მანქანების დაწვა თუ სხვა კადრები, რომლებიც ფილმში ჰქონდათ ნანახი, საშუალება მიეცათ, რომ რეალურად გაეკეთებინათ, მათ შორის იყო ბევრი ჩემი ნაცნობი და რომ ვეკითხებოდი, რატომ იქცეოდნენ ასე, მპასუხობდნენ, რომ ამის საშუალება სხვა დროს არ ექნებოდათ. ბავშვური ჭკუით მიაჩნდათ, რომ კარგს თუ არ აკეთებდნენ, პოლიციელებზე ხომ იყრიდნენ ჯავრს. ეს ადამიანები იყვნენ, რომლებიც ძალიან უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ ქვეყნის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს და იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა. დღეს ბათუმის მერმა განცხადება გააკეთა, რომ 150 000 ლარის ზარალი განიცადა ქალაქმა. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ჩვენს ჯიბეზე აისახება იმიტომ, რომ ბიუჯეტი ყველა ჩენგანის გადასახადებისგან დგება. ეს არ ჰქონდათ გაცნობიერებული იმ ადამიანებს და ეს აგრესია გამოწვეული იყო, მარტივად რომ ვთქვათ, პოლიციის ჯინით. რაც შეეხება პოლიციას, მე მახსოვს მათი ქმედება 2007-2009-2011 წლის მოვლენების დროს, ბათუმის ბულვარში ხეებს რომ ჭრიდნენ, ახლა მთელი ღამის განმავლობაში მოლოდინი იყო, რომ დარბევა იქნებოდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ პოლიციელები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია და ცდილობდნენ, ადამიანები გაეფანტათ. დაკავებებიც მხოლოდ მას შემდეგ ხდებოდა, როდესაც მოუწოდებდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ და ისინი მაინც წინაამდეგობას უწევდენ. მოგვიანებით, სადარბაზოებში დამალული აქციის მონაწილეებიც დააკავეს. უსამართლობა იქნება, არ აღვნიშნოთ: პირველად, ჩვენმა პოლიციამ მოახერხა, რომ არაძალადობრივი გზით დაეშალა აქცია.

 

თამარ ბატიაშვილი