მიხეილ გიორგაძის კომფორტის ზონა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი პროფესიით ეკონომისტი მიხეილ გიორგაძეა.

იგი 1984-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მისი დასრულების შემდეგ, 1992-1993 წლებში, იყო სახელმწიფო მრჩეველი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტში. 1993-1994 წლებში საგარეო ეკონომიკური საკითხების კომიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

1994-1997 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 1998 წლიდან 2014 წლის ივლისამდე _ შპს „ისთერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი, რომელიც ჯაზ-ფესტივალებს უწევს საქართველოში ორგანიზებას. პარალელურად, 2005-2014 წლებში იყო თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრიც.

უკვე 2014 წლის 23 ივლისს საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე კომპანია „ისტერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერის, მიხეილ გიორგაძის, კანდიდატურა დაასახელა.

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის წარდგენას იწონებდა საპარლამენტო ოპოზიციაც. იმჟამად მთავრობის პრესცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიხეილ გიორგაძე კომპანია „ისტერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი, ლონდონის BPღ Pროდუცტიონ-ის ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის კონსულტანტი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი გახლდათ. ეს ყველაფერი, რაც მოკლედ მოგახსენეთ მის შესახებ, ახლა კი მისი ქონებრივი დეკლარაცია მიმოვიხილოთ.

2016 წლის 21 მარტით დათარიღებული დეკლარაციის მიხედვით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ჰყავს მეუღლე _ ნინო ქომეთიანი და ორი შვილი, ილია და ანდრია.

მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სია კი ყვველა უკვე „გამოკვლეულ“ მინისტრთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ნაკლებია. მის სახელზე ერთი, გაბაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაა, მეუღლის, ნინო ქომეთიანის სახელზეც, ასევე, ერთი, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ბინა აღინიშნება.

მათ დეკლარაციაში არ მოიპოვება მოძრავი ქონება (არადა, ძალიან მეეჭვება, რომ ავტომობილს რომელიმე მათგანი მაინც არ ფლობდეს); ხოლო ოჯახის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების გრაფაში მოცემულია, რომ მინისტრი 104021 ცალ 0.01 ლ. ღირებულების აქციას ფლობს „სს ლიბერთი ბანკში“.

რაც შეეხება საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშს ან/და შენატანს, რომლის განკარგვის უფლებაც კანონის მიხედვით გაქვთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრს, გიორგაძის სახელზე „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ბარათზე 7.96 GEL კრედიტი(+) არსებული ნაშთი (კრედიტი, ან დებეტი) აღენიშნებოდა დეკლარაციის შევსების დროს.

ასევე, ამავე ბანკში, საკრედიტო ბარათზე 2544.21 GEL კრედიტი(+) რაოდენობის ნაშთი აღენიშნება.

მის ანგარიშზე არ არის მისი, ან ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4000 ლარს, თუმცა მინისტრობისას სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულ შემოსავალში მის მიერ გამომუშავებული თანხა 75000.00 ლარს შეადგენს.

ასევე, მის ანგარიშზეა იპოთეკური სესხი, 50000.00 აშშ დოლარის ოდენობით და ამავე რაოდენობის შემოსავალი უფიქსირდება წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით მიღებულ მატერიალურ შედეგში.

მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ არანაირ დამატებით დეტალს აღარ შეიცავს და ამიტომ პირდაპირ საქმეზე, მისი კომფორტის ზონის დადგენასა და შესწავლაზე გადავალთ.

 

პირველ რიგში, რადგანაც გიორგაძის ქონებრივ დეკლარაციაში მოცემული საცხოვრებელი ბინის ჩამონათვალში გაბაშვილის ქუჩაზე არსებული ბინა აღინიშნებოდა უშუალოდ მის სახელზე, ამიტომ სწორედ ამ ქუჩას დავადექი.

გაბაშვილის ქუჩა მდებარეობს ვაკეში,  ვაკის პარკამდე არმისული. როცა ყიფშიძის ქუჩაზე აღმოჩნდებით, მას დაბლა, ხეობისკენ უნდა ჩაუყვეთ.

აღნიშნული გაბაშვილის ქუჩა უაღრესად მშვიდ და სუფთა ადგილად მოგეჩვენებათ და შესაძლოა, დაფიქრდეთ კიდეც, ეს ნამდვილად ქაოსით და მანქანებით გადავსებული ცენტრალური ვაკის ტერიტორიაა, თუ არა?

მოკლედ, როგორც კი ყიფშიძის ქუჩიდან ბენზინგასამართ სადგურს გასცდებით და დაბლა დაეშვებით, ახალაშენებული კორპუსების წყებას დაინახავთ, რომელსაც პატარა ბაღი აქვს და სადაც, ძირითადად, ბავშვებს და, ზოგიც, ძაღლს ასეირნებს. მოსახვევში მარჯვნივ ჩაუყვებით და სასურველ ნომერსაც მიადგებით. ეს უკვე ექვსსართულიანი ახალაშენებული კორპუსია, რომელიც იმ ზემოხსენებული კორპუსების წყობის გადაღმა ქუჩაზე მდებარეობს.

პირველი სართულის გვერდზე ბაღია და სიმწვანესაც დიდად არ უჩივიან. ჩემს დანიშნულების ადგილსაც მივაგენი. ბინის მისამართიც ზუსტად ვიცოდი და უკვე მეზობლებთან მისაკაკუნებლად და სასაუბროდ მოვემზადე.

შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ სადარბაზოს სისუფთავე და მოწესრიგებული გარემო. პირველ სართულზე თეთრი დიდი კარი შავ კაბაში ჩაცმულმა ქერა ქალბატონმა გამიღო:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, მაინტერესებს, მიხეილ გიორგაძეს თუ იცნობთ?

_ კულტურის მინისტრს?

_ დიახ.

_ აქ ცხოვრობს? არ ვიცი, ჩვენ ახალი გადმოსულები ვართ.

_ გმადლობთ, _ ვუთხარი და სხვა კარზე დავაკაკუნე.

თითქმის იმავე შინაარსის იყო დანარჩენი სამი პოტენციური მეზობლის პასუხი, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, ტრადიციულად, ერთ-ერთ კარზე მიკაკუნებისას ძაღლის ყეფა შემომესმა, რომელიც პატარა ფინიას არ ჰგავდა და გარისკვადაც ნაკლებად ღირდა (მართალია, არც ბინაში მცხოვრებს გამოუხედავს ჩემი კაკუნის შემდეგ, მაგრამ, მაინც, უსიამოვნო შეგრძნებაა, როცა გგონია, რომ კარს უკან მდგარი ძაღლი ნებისმიერ წამს მზადაა, გეცეს), ამიტომ ზემოთ სართულზე გავაგრძელე ასვლა.

დანიშნულების ადგილამდე სანამ მივიდოდი, ერთი სართულით დაბლა შუახნის კაცმა გამიღო კარი, ოდნავ მელოტი და კოხტად ჩაცმული იყო.

_ გამარჯობა, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი ვარ და ორიოდე კითხვა მექნება კულტურის მინისტრზე, მიხეილ გიორგაძეზე, თქვენი მეზობელია, ხომ?

_ მინისტრი? არა!

_ წესით, თქვენს ზემოთ სართულზე უნდა ცხოვრობდეს.

_ არა, იცით, რამდენიმე გაბაშვილის ქუჩა არსებობს თბილისში და შესაძლოა, სხვაგან უნდა მოძებნოთ. ვიცი, რომ ჩვენი სართულის ზემოთ ჯონდი ბაღათურია ცხოვრობს, მაგრამ გიორგაძე _ არა. ამის თქმა იყო და ასევე შუახნის, შავთმიანმა ქალბატონმა გამომხედა, რომელმაც იგივე მითხრა, ამიტომ დავემშვიდობე და ზემოთა სართულზე მაინც ავირბინე, გადამოწმების მიზნით (ჟურნალისტური ჩვევაა, _ ენდე, მაგრამ გადაამოწმეს პრინციპით) და ზუსტად იქ, სადაც უნდა ყოფილიყო კიდეც, თეთრი კარი დამხვდა, რომლის გარეთაც ფლომასტერით ეწერა: „გიორგაძე 11“. ამით დავრწმუნდი, რომ მცდარ მისამართზე სულაც არ მოვსულვარ, თუმცა მეზობლებთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, აქ „სხვა რამ ხდებოდა“ და ქვემოთ იმ მაღაზიას მივაშურე, რომელიც მისვლისთანავე მომხვდა თვალში.

ამ ერთოთახიან, სუფთად დალაგებულ და პროდუქტშემოლეულ მაღაზიაში შესულს ერთი ქალბატონი დამხვდა, რომელსაც ასევე წარვუდგინე ჩემი თავი და ვკითხე, თუ იცოდა მინისტრისა და მისი აქ, ამ კორპუსში ცხოვრების შესახებ, მან კი მიპასუხა:

_ კი, როგორც ვიცი, აქ დადის ხოლმე, მაგრამ თვითონ არ ცხოვრობს, მისი შვილი და რძალი ცხოვრობენ, თვითონ იშვიათად მოდის ხოლმე.

_ თუ გინახავთ და რამდენად სალმიანია?

_ მე შორიდან მომიკრავს თვალი, თან იშვიათად დადის, ამიტომ შეხება არც მქონია.

_ კარგი, გმადლობთ-მეთქი, _ და წამოვედი.

ახლა ცხადი იყო, რომ ჭავჭავაძის ქუჩას უნდა დავდგომოდი და ის ბინა მეპოვა, რომელიც ჩვენი მინისტრის მეუღლის სახელზე იყო.

დავტოვე გაბაშვილის ქუჩა და ისევ ყიფშიძის გავლით ცენტრალურ, ჭავჭავაძის ქუჩაზე აღმოვჩნდი, საიდანაც უკვე, რა თქმა უნდა, ტაქსის დახმარებით უნდა მეპოვა აღნიშნული 83 ნომერი და აქ ისევ თანამედროვე ტექნოლოგიები გამომადგა, რომლის წყალობითაც ზუსტად დავადგინე, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გავლით უნდა მოვხვედრილიყავი დანიშნულების ადგილზე.

თითქმის წყნეთის გზატკეცილამდე ვიყავით მისულები, რომ ექსპერტიზის ბიუროს შენობასთან ავუხვიეთ და ხელმარჯვნივ, სრულიად ახალ დასახლებაში, ახალი კორპუსების წყებაში მოვხვდით, სადაც იმდენი ნაცნობი პოლიტიკოსისა და მინისტრის სახელი და გვარი ამოვიკითხე, რომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ამ ადგილს კიდევ ვესტუმრები!

აღმართზე განთავსებულ მანქანების სადგომს რამდენიმე შენობისკენ აჰყავხარ, რომლის ქვემოთაც მანქანის სამრეცხაოა, სამრეცხაოს გვერდით კი შესასვლელი კარია, რომელშიც კიბეებს ზემოთ სართულებამდე და სართულებს უკვე დასახლებამდე აჰყავხარ.

ბოლო სართულის შემდეგ კარს აღებ და ეზოში აღმოჩნდები, რომელიც მაღალი, მრავალსართულიანი, ექვსი ბლოკისგან შემდგარი კორპუსით არის გარემოცული. ყველა კორპუსს დაცვის სისტემა აქვს, რომელიც არა კონკრეტული გვარების მიხედვით გარეკინებს ზარს რომელიმე მცხოვრებთან, არამედ მხოლოდ კოდის აკრეფის, ან სპეციალური, მრგვალი გასაღების ქონის შემთხვევაში გიღებს კარს.

აღნიშნული გზის გავლის შემდეგ მეც ამ ეზოში აღმოვჩნდი, სადაც აშკარად არაქართველი აღნაგობის გოგონას ბავშვი ჰყავდა სათამაშოდ გამოყვანილი, გვერდზე კი კორპუსში მცხოვრები, შედარებით  მოზრდილი ბავშვები თამაშობდნენ „წრეში ბურთს“.

როდესაც კორპუსის გარეთ გამოკრულ სიას შევხედე და დავინახე, რომ 1103 ნომრადაც იყო რომელიღაც მცხოვრები „განთესილი“, მივხვდი, რომ ძალიან ბევრისთვის უნდა მეკითხა, კონკრეტულად რომელ ბლოკში ცხოვრობდა ჩვენი ინტერესის ობიექტი და ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა აქ?

თითქმის ყველა ბლოკი შემოვიარე და ვერც ერთი მათგანის წინ გამოკრულ სიაში ვერ ვიპოვე მისი გვარი, ვერც მოსეირნე მცხოვრებლები, ვერც იქ მყოფი მუშები დამეხმარნენ, რომლებსაც თითქმის მთლიანად ჰქონდათ გადათხრილი ამ კორპუსის უკანა ნაწილი და ისღა დამრჩენოდა, რომელიმე მცხოვრების მიერ კარის გაღებას დავლოდებოდი.

გამიმართლა.

მალევე გამოჩნდა პროდუქტებით დატვირთული შუახანს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც ჩემი ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი გავუმხილე, მანაც კარი გამიღო და დანამდვილებით მითხრა, რომ მსგავსი ვინმე მის სამეზობლოში არ ეგულებოდა.

რამდენიმე სართული ფეხით ავედი და როდესაც იმ ბინის ნომერს მივადექი, სადაც, წესით, ჩვენი მინისტრი უნდა ყოფილიყო, კარის მეზობლების ზარი დავრეკე, წითლად შეღებილი კარიდან ახალგაზრდა გოგონამ გამომხედა:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მიხეილ გიორგაძის კომფორტის ზონაზე ვწერ, ხომ ვერ მეტყვით, როგორი მეზობელია?

_ ვინ? ეგ ვინ არის? _ მკითხა და მაშინ მივხვდი, რომ აშკარად სხვაგან მოვხვდი, რადგან მანამდე გამოკითხულთაგანაც არც ერთმა იცოდა არათუ ამ მისამართზე მცხოვრები მინისტრის, არამედ, საერთოდ, კულტურის მინისტრისა და ისიც, ამ პოსტზე გიორგაძის არსებობის შესახებ. ამიტომ მოკლედ „განვანათლე“ და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ზემოთ სართულზე გადავინაცვლე, ვიფიქრე, შესაძლოა, ინტერესის ობიექტის ბინის „თავზე“ მდებარე სახლში მცხოვრები იცნობდეს გიორგაძეს და იქნებ, რაიმე მითხრას, რაც გამოსადეგი იქნება-მეთქი.

ზარი დავრეკე და კარი ახალგაზრდა, წაბლისფერ თმა-წვერიანმა მამაკაცმა გამიღო, რომელსაც ისევე წარვუდგინე ჩემი თავი და იქ „მივლინების“ „მისია“, როგორც სხვებს. მერე კი პირდაპირ კითხვაზე გადავედი:

_ მიხეილ გიორგაძეს თუ იცნობთ?

_ კულტურის მინისტრს? _ მკითხა და ამის გამგონეს სახე გამინათდა.

_ დიახ.

_ ადრე ყიფშიძეზე ცხოვრობდა, მაშინაც ჩემი მეზობელი იყო (გამახსენდა, რომ გაბაშვილის ქუჩა სწორედ ყიფშიძისას ერწყმის).

_ კი ბატონო, იქ ცხოვრობდა, როგორი მეზობელია, აქ ცხოვრობს ახლა, ხომ?

_ ამ ბინაში არა, კორპუსის გვერდით 6-სართულიანი საცხოვრებელი დგას, მგონი, იქ უნდა ცხოვრობდეს.

_ როგორი პიროვნებაა?

_ დადებითი პიროვნებაა, ხშირად ვერ ვხვდებოდი, მაგრამ როცა ვხედავდი ხოლმე, მაშინ ძალიან დადებითი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა.

_ სალმიანია?

_ მე შეხება არ მქონია, უბრალოდ, ვიცი, რომ მინისტრია და შორიდან მინახავს.

გახარებული წამოვედი და იმ გზას დავადექი, რომელიც ამ უკანასკნელმა და „სწორმა“ იმედმა მასწავლა. კორპუსის უკანა კარიდან გავედი, უზარმაზარ მანქანებსა და მუშებს ქვების გროვად უქცევიათ იქაურობა, ყველა ჩამოცვენილ ქვას გადავახტი და ძლივს მოვუხვიე ჩახერგილ გზაში, ეს კორპუსი გავიარე და ამ ექვსსართულიან კორპუსს მივადექი.

კარი აქაც იმავე პრინციპით იღებოდა, ირგვლივაც არავინ ჩანდა, ამიტომ კონკრეტული გვარების მიხედვით დავიწყე მეზობლებთან გარედან დაკავშირება, რაც მთავარია, ამ სიაში ვიპოვე როგორც გიორგაძის, ასევე მისი მეუღლის გვარი. აღმოჩნდა, რომ ორი ბინა აქვთ ერთად, ოღონდ ერთს გიორგაძე, მეორეს კი ქომეთიანი აწერია.

საშინელი ხმაურისა და ჩემს უკან უზარზამაზი „ბულდოზერის“ მუშაობის ფონზე და ხმაზე ავიღე ჩემი ხმის ჩამწერი და რეკვას შევუდექი. პირველად ქალბატონმა მიპასუხა:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მაინტერესებს, მიხეილ გიორგაძე როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ ძალიან კარგი.

_ ხშირად ხედავთ ხოლმე? გესალმებათ?

_ ხშირად ვხედავ, ხან დილას, ხან საღამოს. ძალიან სალმიანია და ძალიან კმაყოფილი ვარ.

_ გმადლობთ.

დაკიდა. შემდეგს მივმართე იმავე გაცნობის ტექსტით. ამჯერად, ბიჭის ხმა იყო, ოღონდ, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლე იქნებოდა, 16-17 წლის.

_ ვინ არის? _ იკითხა

_ ჟურნალისტი ვარ, კულტურის მინისტრზე მექნება ორიოდე კითხვა, როგორი მეზობელია?

_ ძალიან კარგი.

_ ხშირად ხედავ, სალმიანია?

_ რავი, ხანდახან, როცა ვხედავთ ხოლმე, გვესალმება.

_ გმადლობთ.

ამასობაში პატარა ბავშვმა მოირბინა, ასე, 6-7 წლისამ და დედამისს დაურეკა, კარი გამიღეო, მანაც გააღო და მეც შიგნით შევყევი. ბავშვის დედა პირველივე სართულზე აღმოჩნდა და კარის გაღებისთანავე კითხვებით მივმართე, თუ რამდენად სალმიანია და როგორი მეზობელი მიხეილ გიორგაძე?

_ ძალიან კარგი, არ ვიცნობ ასე, პირადად, მაგრამ ძალიან დადებითი პიროვნებაა, სულ გვესალმება, მართალია, არ მიკითხავს, როგორ ხართ, ან რაიმე მსგავსი, მაგრამ სულ ამბობს ხოლმე, გამარჯობა, შვილო, გვიღიმის. მე პირადად ძალიან მიყვარს და ვაფასებ, როგორც ადამიანს.

_ გმადლობთ.

_ არაფრის.

ზემოთ სართულზე გადავინაცვლე, სადაც კარი ასაკოვანმა, კოხტად ჩაცმულმა ქალბატონმა გამიღო, რომელმაც მითხრა, რომ ახალი გადმოსული იყო და ბევრი არაფერი იცოდა, ამიტომ სხვა კარზე მომიწია დაკაკუნება, საიდანაც შუახნის ასაკს გადაცილებულმა მამაკაცმა გამომხედა და მითხრა:

_ პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მინახავს ხოლმე, საკმაოდ სალმიანია და დადებითი პიროვნება.

_ გმადლობთ-მეთქი.

მსგავსი დახასიათება ჰქონდა ჩვენს მინისტრს ყველა დანარჩენ მეზობელთანაც.

ცოტა ხანში წამოვედი. ხედი კი არაჩვეულებრივი იყო, თან ისეთ დროს გამოვედი, როცა თითქმის ბინდდებოდა. ეს ადგილი საკმაოდ შემაღლებული იყო, თბილისს გადაჰყურებდა, თან მზეც ჩადიოდა და ბავშვების თამაშის ხმაც იქვე მოისმოდა (მართალია, ამ ხმას ბულდოზერის ხმაც ერთვოდა, მაგრამ გონება მხოლოდ სასიამოვნო წამებს აღიქვამდა).

მოკლედ რომ ვთქვათ, კულტურის მინისტრის კომფორტის ზონა სწორედ აქ, შემაღლებულ ადგილზე, მეტ სიმწვანეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსშია, საიდანაც შესანიშნავად მოჩანს ულამაზესი ხედი და კარგ ამინდში, ალბათ, ყოველ საღამოს ისმის ბავშვების ჟრიამულის ხმა.

 

ნინო ტაბაღუა