ეთერ მათურელი: „რა გახდა „დედობის დაცვის შესახებ კონვენციის“ რატიფიცირება?“

პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტმა არსებულ პრობლემებსა და გადაწყვეტის გზებზე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტსა და პრეზიდენტს მორიგი მიმართვა გაუგზავნა. მასში განხილულია დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა დედების წინაშე მდგარი პრობლემები, რომელთა გადაჭრა სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა. ყურადღება მახვილდება ქვეყნის რთულ დემოკრატიულ ვითარებაზე, აქედან გამომდინარე, „დედობის დაცვის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის რატიფიცირების აუცილებლობაზე.

პროფკავშირების ინფორმაციით, სახელმწიფოს 2004 წლის შემდეგ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე _ ეთერ მათურელი:

_ 2013 წელს დაგვპირდნენ, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდოდა და ქალთა შრომითი უფლებები გაუმჯობესდებოდა. შრომის კოდექსში ერთადერთი ცვლილება შევიდა, რომლითაც სამსახურიდან ფეხმძიმე ქალის განთავისუფლება აიკრძალა. მაგრამ ცვლილების შეტანა ერთია და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფეხმძიმეებს სამსახურიდან მაინც უშვებენ.

_ სად დაირღვა კანონის აღნიშნული მთხოვნა?

_ ახმეტის გამგეობამ 8 თვის ფეხმძიმე სამსახურიდან გაათავისუფლა. რა თქმა უნდა, ვიჩივლეთ და მთელი 2 წელი დაგვჭირდა მიგვეღწია, რომ სასამართლო სხდომა ჩანიშნულიყო. მერე, იცით, სასამართლო მუდმივად გადაიდება ხოლმე. როგორც იქნა, სხდომა გაიმართა და ამ ქალს მთლიანად აუნაზღაურეს დანაკლისი, რაც გამგებლის მიერ უკანონოდ განთავისუფლებით მიაყენეს.

_ სამსახურში დაბრუნების საკითხი როგორ გადაწყდა?

_ ეს გოგონა ქუთაისშია გათხოვილი და ახმეტაში მუშაობა აღარც სურს. კიდევ ასეთი მაგალითი გვაქვს: ქალბატონს ვადიანი ხელშეკრულება რომ ამოეწურა (არსებობს ვადიანი და უვადო ხელშეკრულება), ეს ითვალისწინებს დამსაქმებლის უფლებას, რომ ის გაათავისუფლოს. ამ შემთხვევაში ფეხმძიმობა მისი დაცვის საფუძველი არ არის. ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში წერილი გავაგზავნეთ, რომ ეს ხარვეზი გაესწორებინათ და ქალების ვადიანი ხელშეკრულებით განთავისუფლება არაკონსტიტუციურად ეცნოთ.

_ სადამდე მივიდა ეს პროცესი?

_ ამ საკითხისთვის ჯერ ვერ მოუცლიათ. საერთოდ, შრომის სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს არც საკონსტიტუციო და არც სხვა სასამართლო ინსტანციები დროულად არ იხილავენ.

თუმცა, ამ მხრივ, წინა ხელისუფლების მმართველობასთან (იმდროინდელ პრაქტიკასთან) შედარებაც არ არის. დღეს ბევრი სასამართლო დავაა მოგებული და ანაზღაურება მიღებულია. კვალიფიციურადაც იხილავენ და გვიდასტურებენ, რომ მართალი ვართ.

_ საქმეების დროულად არგანხილვას და პროცესების გაწელვას რას უკავშირებთ?

_ მათი შიდა სამზარეულო არ ვიცით. ალბათ, გასამართლებელი ისაა, რომ ბევრი საქმე აქვთ და ა. შ. მეორე მხრივ, თუ ადრე სასამართლოში მიმართვიანობა შრომის სამართალზე, უკანონოდ განთავისუფლებასა და ა. შ., ერთგვარ, სირცხვილად განიხილებოდა (მე სასამართლოს კარზე არ დავდგები და მისთ.), დღეს ეს ბარიერი მოიხსნა და ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა დაიწყეს. მოდის პროფკავშირის წევრი და გვიხსნის, რომ ამა და ამ საკითხში ჩემი უფლება დაირღვაო. ადრე ვეუბნებოდით, რომ დაწერეთ განცხადება და ამ საქმეს დავიწყებთო. იცით, რომ ჩვენი იურიდიული სამსახური ყველა ასეთ მოქალაქეს უფასოდ ემსახურება. ადრე ისინი თავს იკავებდნენ, _ სასამართლო და განცხადება არ მინდა, იქნებ, ისე მომიგვაროთო.

დღეს საკითხი ასე აღარ დგას, რადგან საზოგადოება უფრო განათლდა, სამოქალაქო საზოგადოებამ ფორმირება დაიწყო იმ თვალსაზრისით, რომ შენი უფლებებისთვის ბრძოლა სირცხვილი არ არის.

მეორე საკითხი ისაა, რომ ქვეყანაში არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და შრომის კოდექსი, რომელიც ქალებს არათანაბრ პირობებში აყენებს. კერძოდ, საჯარო სექტორში დასაქმებული ქალი, რომელიც, ვთქვათ, 5 ათას ლარ ხელფასს იღებს (ძალიან მინდა, რომ ყველა ქალმა ამხელა ხელფასი მიიღოს), დეკრეტულ შვებულებაში გასვლისას სახელმწიფოსგან მიიღებს იმ ათასი ლარის დახმარებას და დანარჩენი 4 ათასი ლარი სახელმწიფომ, ან იმ დამსაქმებელმა უნდა შეუვსოს, სადაც ის მუშაობს.

კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთან მიმართებით (თუ მასაც 5 ათასი ლარი აქვს, აიღეთ ბანკები, კერძო სექტორი, სადაც მაღალი ხელფასებია), დამსაქმებელს სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული. უნდა, მისცემს, საერთოდ, რამეს და უნდა, _ არა. ანუ სააგენტო გადაუხდის ათას ლარს და მას შეუძლია, აღნიშნული ხელფასი არ შეუვსოს. თუმცა პროფკავშირები ამას ვამბობთ, რომ გადასახადის გადახდის დროს ორივე ქალი (საჯაროში მუშაობს თუ კერძოში) 20%-ს იხდის. თუკი გადასახადის გადახდის დროს ჩვენ ერთმანეთთან ვათანაბრებთ, ასევე იმ ბიუჯეტში შესული თანხის უკუგებიდანაც უნდა გავათანაბროთ, ხომ?

ამას გარდა, საჯარო სამსახურში დასაქმებული ქალი, რომელსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს, არ შეიძლება, სამსახურიდან განთავისფლდეს, თუკი ატესტაცია ვერ გაიარა. ეს ძალიან პროგრესული და კარგი მუხლია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. ასეთივე მუხლი არ არსებობს კერძო შრომის კოდექსში. აქ ბავშვების მიმართაც არათანაბარი მოპყრობაა, რაც არასწორია და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებს შორის აშკარა სხვაობას ქმნის.

ვაყენებთ საკითხს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესისა და ოდენობის შესახებ. ის, რომ 2006 წელთან შედარებით პროგრესულია, ოთხი თვიდან ექვსი თვე და 600 ლარიდან 1000 ლარი გახდა, კარგი ბატონო, ეს ტაშს იმსახურებს, მაგრამ ინფლაცია არ გაითვალისწინეს. როდესაც ჩვენ ინფლაციის დონის გათვალისწინებით, მაშინდელი 600 ლარის მსყიდველუნარიანობას ვითვლიდით, აღმოვაჩინეთ, რომ დღევანდელი ათასი ლარი 653 ლარია! ამასთან, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა და ჩვენ ხმა თუ არ ამოვიღეთ, ამაზე არავინ საუბრობს. არავინ ამბობს, რომ ქვეყნის 3 მილიონ 700 ათას 400 მოსახლიდან 900 ათასამდე პენსიონერია. ეს ხომ ელემენტარული არითმეტიკაა, გამოვაკლოთ მათი რაოდენობა და ვნახოთ, შობადობის თვალსაზრისით, რეალურად, რა მდგომარეობა გვაქვს. რას აკეთებს ქვეყანა დედობის წახალისების, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით? მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი შევიმუშავეთ, მაგრამ წინა მოწვევის პრლამენტმა თაროზე ისე შემოდო, არც განიხილა.

_ თქვენ რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი შეიმუშავეთ, ამაზე ჩვენც ვმუშაობთ, ერთად ვიმუშაოთ და მოსახლეობის აღწერას დაველოდოთო, _ ასე გვითხრეს პარლამენტში.

_ კი ბატონო, თქვენ იმუშავეთ, აგერ გამზადებული პროექტი გვაქვს, გაძლევთ, ოღონდ საქმე გაკეთდესო, _ ვუთხარით.

თითი თითზე არ დაუკარებიათ. ამასობაში, წავიდა ძველი მოწვევის პარლამენტი და ახალი მოვიდა. შემდეგ კვირაში მრავალშვილიანი მშობლების შეკრება მაქვს დაგეგმილი. რადგან გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, აღარ ვამბობთ მარტო დედებზე, უნდა იყოს მშობლები, რადგან, რიგ შემთხვევაში, შრომით ურთიერთობაში მამასაც სჭირდება დაცვა. შვილი ეკუთვნის როგორც დედას, ასევე, მამას. გარდა ამისა, პრობლემურია ქალთა შრომითი უფლებები, მათი ჯანმრთელობის დაცვა, უსაფრთხოების დაცვა და, ბოლოს და ბოლოს, ღირსეული შრომის პირობები.

_ მოსახლეობის აღწერა ხომ ჩატარდა და მრავალშვილიანი დედობის კანონის მიუღებლობას ახლა რაღას უკავშირებენ?

_ ადრე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხუნდაძე იყო, ამ საკითხზე ჩვენც ვმუშაობთ და შევაჯეროთო. საქმე მაინც არ გააკეთეს. გვეჯიბრებოდნენ. ოღონდ გაეკეთებინათ, მაგრამ _ არა! უბრალოდ, პრობლემაზე მივანიშნებთ და სახელმწიფო ინსტიტუტმა, პარლამენტმა, პრეზიდენტმა საქმე გააკეთოს…

ხომ გახსოვთ, 2015 ქალთა წელი იყო. მითხარით ერთი საკითხი, რომელიც ქალებისთვის გაკეთდა. ასეთი, უბრალოდ, არ არსებობს.

ამ კომიტეტის თავმჯდომარეს, ზოიძეს მივმართავთ, დავსხდებით და თავიდან მოვითხოვთ. ოღონდ, ამჯერად, ჩემ უკან მრავალშვილიანი მშობლების დიდი არმია დადგება. ასევე მუნიციპალიტეტებს ცალკე პროგრამები აქვთ, მაგრამ ერთ მუნიციპალიტეტში, შეიძლება, 4 მრავალშვილიანი მშობელი იყოს, მეორეში _ სამი და მესამეში _ ხუთი. ერთი, შეიძლება, ათას ლარს გასცემდეს, მეორე _ 50 ლარს, გააჩნია, რა ბიუჯეტი აქვს.

ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რამდენი შვილის მშობელია მრავალშვილიანი. მე სამი შვილის დედა ვარ და მრავალშვილიანი დედა მერქვა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაბალი თამასაა იმისთვის, რომ აქედან ათვლა დაიწყოს. თუმცა დავიწყოთ, პროცესი წახალისდეს.

მე სხვადასხვა სფეროს ადამიანებს ვხვდები. ერთხელ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ერთ-ერთმა ქალმა მითხრა (ბევრი შვილი ჰყავს), _ ჩემზე, როგორც მრავალშვილიან მშობელზე, სახელმწიფო რომ ზრუნავდეს, სოციალურად დაუცველის სტატუსი კი არ მხიბლავს, არც მეამაყება, სადმე რომ ვთქვაო; ჩემი შვილები იმას კი არ იტყვიან, რომ სოციალურად დაუცველი ვარ, აი, მე მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და სახელმწიფო ჩემზე ზრუნავს, მეხმარებაო; ამით ჩემი შვილები უფრო წელგამართული იქნებიანო.

_ შრომითი უფლებების სფეროში რა მდგომარეობაა, თუნდაც, მომსახურების სფეროში დასაქმებულებთან დაკავშირებით რა გამოწვევებია?

_ საერთოდ, ეს სფერო აუღებელი ციხესიმაგრეა, რადგან არ ვიცით, იქ დასაქმებული ქალების რეალური მდგომარეობა. ისინი ამ ქალებს ორმოციდან სამოც საათამდე ამუშავებენ, მე თუ გამყიდველი ვარ, შეიძლება, იმ წუთში რაღაც მასალა შემოვიდა და მისი შემოტანაც მე დამავალონ, ასევე სალაროსთან მისვლა და ათასი მსგავსი რაღაც.

ხშირად მათ ხელშეკრულების გარეშე ამუშავებენ. სადღაც გაფორმებულ ხელშეკრულებებში კიდევ ხშირად წერია, რომ ხელფასი თავის დროზე მიეცემა. ეს „თავისი დრო“ როდისაა, ყოვლად გაუგებარია. ჩვენ ვერ მოვთხოვთ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს, იურიდიულად იცოდეს, როგორი უნდა იყოს შრომის ხელშეკრულება. მაგრამ დამსაქმებელმა კი უნდა იცოდეს, როგორი ხელშეკრულება უნდა დაუდოს დასაქმებულს.

როგორც აღვნიშნე, საერთოდ, შრომითი ხელშეკრულების გარეშე ამუშავებენ. არ აქვთ ბიულეტენის ანაზღაურების, დეკრეტულ შვებულებაში გასვლისას რაიმე დახმარების მიღების საშუალება…

ასე საკუთარ ბედ-იღბალზე გაშვებული არიან, სახელმწიფო მათზე საერთოდ არ ზრუნავს.

ასევე ჩვენ უმუშევრობის შემწეობას ვითხოვდით. არ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ზარმაც ადამიანებსაც დაეხმაროს. უმუშევრის სტატუსის განსაზღვრაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მოთხოვნები აქვს. ადამიანი უმუშევრად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ მუშაობა სურს და სამსახურს ეძებს. ჩვენთან უმუშევრობის აღრიცხვა არ ხდება, დასაქმების სამსახური არ არის, ასეთი კანონი არ არსებობს…

ახლა ხომ გვითხრეს, რომ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა იყოსო, დაველოდოთ როდის იქნება.

რა გახდა ეს დედობის დაცვის შესახებ კონვენცია? ერთადერთი მუხლია, სადაც წერია, რომ სახელმწიფომ დამსაქმებელთა სოციალური პარტნიორობის კომისიასთან ერთად დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესს უნდა გადახედოს, რომ დედამ შეძლოს, ინფლაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თავისი თავისა და შვილის რჩენა.

_ პროფკავშირების ინფორმაციით, სახელმწიფოს 2004 წლის შემდეგ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია, რატომ?

_ რატომ მოხდა ისე, რომ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში დასაქმებულთა ინტერესების წარმომადგენელი არც ერთი ადამიანი არ არის? საკონსტიტუციო კომისიას მივმართეთ, რომ პროფკავშირების წარმომადგენელი ჩართული ყოფილიყო, რადგან შრომის საკითხები ამ ქვეყანაში 35-ე ადგილზეა გადასული.

_ გამოსავალი?

_ ხელისუფლებამ ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე აკეთოს აქცენტი და ისეთ რთულ გამოწვევებს მიხედოს, რაც ქვეყანას სოციალურ აფეთქებამდე არ მიიყვანს.

_ ბოლო მიმართვაზე რა რეაგირებას ელოდებით?

_ წინა წლების გამოცდილებიდან წერილების ნაწილი შეიძლება უპასუხოდ დარჩეს, ნაწილი ვიღაცას დაეწეროს, სოციალური პარტნიორობის კომისიას გადმოეგზავნოს და ეს კომისია შეიძლება ჩაინიშნოს ან _ არა. გვეტყვიან, რომ თქვენი წერილი ჩვენთანაა. 183-ე კონვენციის რატიფიცირებაზე ვფიქრობთ, ამას და იმას ველოდებითო, ამასობაში კი დრო გავა და ეს ყველაფერი გადაიფარება.

 

გელა მამულაშვილი