Google და ქართველი ბიჭი

გიორგი მეგრელი წარმოშობით ლეჩხუმიდანაა, ტექნიკური საგნებით ბავშვობიდან დაინტერესდა და დღესაც ამ სფეროში მოღვაწეობს. თავისით მიაღწია იმდენს, რომ დღეს კომპანია Google -ში მუშაობს. არ არის პირველი ქართველი, რომელმაც ამ სფეროში ამგვარ წარმატებას მიაღწია, მაგრამ გიორგი გაჩერებას არ გეგმავს და მეტ წინსვლაზე ფიქრობს.

ამ ნომერში სწორედ 25 წლის ახალგაზრდაზე მოგიყვებით და ვინ იცის, იქნებ, სტატიის წაკითხვის შემდეგ მისი მომავალი პარტიისთვის ხმის მიცემის სურვილიც გაგიჩნდეთ.

 

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე.

_ მე ვარ გიორგი მეგრელი, წარმოშობით ლეჩხუმიდან, სადაც მყავს ბებიები და ბაბუა. როგორც 90-იან წლებში დაბადებული თაობის დიდი ნაწილი, ომიანობის გამო დავიბადე სოფელში და იქ ვიზრდებოდი, შემდეგ, როცა სიტუაცია დაწყნარდა, ჩემებიც ჩამოვიდნენ და, დაახლოებით, 5 წლის ასაკიდან (როგორც მახსოვს) თბილისში ვცხოვრობდი, ვერაზე. დავამთავრე „მზიური“ და მათემატიკური სკოლა,  შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი.

_ რატომ დაინტერესდი ინფორმაციული ტექნოლოგიებით?

_ პატარაობაში ტექნიკური საგნები მიყვარდა, შემდეგ სკოლა „მზიურში“ დავიწყე სიარული, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიების ძალიან კარგი პროგრამა ჰქონდათ, შემდეგ აკაკი ვეკუას სახელობის მათემატიკურ სკოლაში გადავედი და ამ სფეროს გავყევი.

_ რით დაიწყე ამ გზაზე „სიარული“ და რა სირთულეები შეგხვდა?

_ პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, „მზიური“ იყო, სადაც საკმაოდ დიდხანს ვსწავლობდი, სკოლასავით იყო, უფრო სწორად რომ ვთქვათ, პირველი სკოლა იყო. ჩემი დროის დიდ ნაწილს „მზიურში“ მოცემული დავალებების წერას ვუთმობდი და შემდეგ სკოლას. ვეკუაში რომ გადავედი, ცოტა გამიჭირდა დროის გადანაწილება, იმიტომ რომ ვეკუაშიც ძალიან ძლიერი სწავლა იყო და მკაცრად ითხოვდნენ. შემდეგ უკვე თსუ-ში ჩავაბარე. აქ უფრო აკადემიური კუთხით შევეხე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და სულ სხვა მხვრივ დავინახე. „მზიურის“ წყალობით საბაზისო რაღაცები ძალიან კარგად ვიცოდი, ასე რომ, პირველი სემესტრი შედარებით მარტივი იყო, შემდეგ კი ცოტა გართულდა. თან პარალელურად ვმუშაობდი და ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა. სამსახურიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტექნოლოგიასთან მქონდა შეხება, იმათ სწავლასაც დრო სჭირდებოდა. გარდა ამისა, საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობდი და ამასაც თავისი დრო მიჰქონდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამდენი რამის გადანაწილება ცოტა მიჭირდა, მაგრამ ცოტა ხანში მივეჩვიე.

_ Google-ში როგორ მოხვდი?

_ ჩვეულებრივად მოვხვდი, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში რამდენიმე გასაუბრება მქონდა და ბოლოს ამიყვანეს.

_ რა მიიღე იმით, რომ დღეს იქ მუშაობ?

_ პირველ რიგში, ის, რომ ჩემი კარიერული ოცნება ავისრულე და, რა თქმა უნდა, ამან თავდაჯერება მომიმატა.

_ რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ მეგობრებთან ერთად რაიმე სამაგიდო თამაშის თამაში მიყვარს ძალიან, აი, ეს არის ის, რაზეც ყოველთვის თანახმა ვარ.

_ ვისთვის, ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ თავგადასავლებისთვის არ მენანება არაფერი.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)?

_ ჩემი აზრით, ჩემს და არა მარტო ჩემს, საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, როდესაც ადამიანი ზრუნავს იმაზე, რასაც აკათებს, უფრთხილდება და, უბრალოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, მთელი გულით აკეთებს და პასუხისმგებლობასაც იღებს.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ აი, ასე პირდაპირ დასახელება „ყველაზე“ ღირებული თვისების, ძალიან რთულია, მაგრამ რამდენიმე შემიძლია, ჩამოვთვალო, რასაც 24 წლის განმავლობაში ჩემი დაკვირვებით მივხდი: კარგი იუმორის გრძნობა, მომავლის სწორად განჭვრეტის უნარი და თავდაჯერებულობა.

_ გქონია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, ზოგი დიდი გავლენის მქონე, ზოგიც პატარა გავლენის მქონე, მაგრამ დასაშვებია ის ფაქტიც, რომ ჩემი დღევანდელობა პოტენციურად საუკეთესოა.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ უსამართლობა.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ მეგობრებთან ერთად ყოფნისთვის.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ არ ვიცი, ასეთი გაწერილი გეგმა არ მაქვს. ზოგჯერ _ რას, ზოგჯერ _ რას, ზოგჯერ საერთოდ არც არაფერს.

_ მაქსიმალისტი ხარ? და რაში გამოიხატება ეს?

_ რაც მაინტერესებს და რისი პასუხისმგებლობაც მაქვს აღებული, იმაში ყოველთვის მაქსიმალურს ვითხოვ საკუთარი თავისგან. არ შემიძლია მოსვენება, სანამ რაღაც მინდა და ვერ ვაღწევ (ოღონდ გულწრფელად უნდა მინდოდეს) და ამის გამო ბევრს უთქვამს, იმ პატარა ბავშვივით ხარ, რომელიც მანამდე ტირის, სანამ სათამაშოს არ უყიდიანო.

_ მუსიკას თუ უსმენ ხოლმე (რას)?

_ ამ ბოლო დროს თანამედროვე ქართულ რეპს ვუსმენ და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმდინარეობით, ასე თუ ისე, ქართველებიც დაინტერესდნენ და საკმაოდ კარგ სიმღერებსაც წერენ, კიდევ ჯგუფი „დაგადანი“ მომწონს.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ შანსს, რომ ჩემს მიზნებს ხორცი შევასხა.

_ რაზე ოცნებობ?

_ მინდა, რომ ჩემი დაწყებული წიგნის წერა დავამთავრო.

_ შენი დაწყებული წიგნი რაზეა? (არ დამიმალო :)))…)

_ პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ საკმაოდ დასაჯერებელ ამბავზე.

_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ.

_ ბალთაზარს, Odette Toulemonde-იდან.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ გააჩნია, რა სფეროში, ასე ზოგადად ძალიან რთულია პასუხის გაცემა. ჩემს სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვისგანაც მაგალითს ვიღებ, ჩემი მეგობრებიდან დაწყებული, დიადი ადმიანებით დამთავრებული. პოლიტიკასა და ერის კაცობაში _ ილია ჭავჭავაძე, კინომატოგრაფიაში _ ფედერიკო ფელინი, სპორტში _ მუჰამედ ალი.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად საქართველოში?

_ ზოგადად საქართველოში ის პრობლემაა, რომ მთავრობისგან ხელშეწყობა არ არის და ეს უკვე სტერეოტიპზეც აისახება. მაგალითად, ადრე, ოჯახების უმეტესობას უნდოდა, რომ შვილს სამედიცინოზე, ან ბიზნესზე ჩაებარებინა. პროგრამირებას მეტი პოპოლურაზიაცია სჭირდება. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება, თუ ესტონეთის მაგალითს ავიღებთ და სახელმწიფო ინფორმაციული ტექნოლოგიების რეფორმას გაატარებს.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

_ როგორც ზემოთ ვახსენე, ძალიან კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ხელის შეწყობას დაიწყებს ამ სფეროსთვის, შტარტ-უპ-ებს წაახალისებს, საინტერესო იდეებს დააფინანსებს, ტექნიკურ უნივერსიტეტებს ააშენებს, სადაც მაღალკვალიფიციური ლექტორები ასწავლიან, კვლევებს დააფინანსებს.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ ვისვენებ საღამოობით და შაბათ-კვირას. ვისვენებ სხვადასხვანაირად, ზოგჯერ აქტიურად, ზოგჯერ პასიურად.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემს ცხოვრებაში.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ არა, იმიტომ რომ თავისუფლება მხოლოდ ლომთა ხვედრია, მე, კიდევ, ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ, სამწუხაროდ. ისე, ხუმრობის გარეშე, რა თქმა უნდა, თავისუფალი ვარ.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ ჩემთვის თავისუფლებაა სხვისი თავისუფლების არშეზღუდვა.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ?

_ 20-დან 30 წლამდე რომ ეტაპია, აი, მაგ ეტაპზე ვარ ახლა, არც კი ვიცი, რა ჰქვია.

_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?

_ ჩემი აზრით, ყველა ადამიანს აქვს თავის თავი ნაპოვნი. ის ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს, მხრების ზემოთ. ხუმრობის გარეშე, ანუ ის ხომ არ არის მართლა, გასაღები რომ დაკარგო და ვეღარ იპოვო, ან მერე ახალი დაამზადებინო.

_ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ კი, მაგრამ ვერ გეტყვით, სამწუხაროდ.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ ბრძოლა, ჩემი აზრით, ცოტა გადაჭარბებულია, იმიტომ, რომ, რეალურად, არაფრისთვის ვიბრძვი. ვცდილობ, რომ ცხოვრების ტემპს არ ჩამოვრჩე და ყოველთვის, ასე თუ ისე, კონკურენტუნარიანი ვიყო.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში ან ქვეყანაში?

_ არსებობს ჰიპოთეზა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი დღევანდელობა საუკეთესოა ყველა შესაძლო დღევანდელობას შორის და არ ვარ დარწმუნებული, რომ წარსულში რაიმეს შეცვლა, საბოლოო ჯამში, აწმყოში უარესად არ აისახება.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი მსოფლიოში და რას ნიშნავს წარმატება შენთვის?

_ შანსი, მეტ-ნაკლებად, ყველას აქვს, გააჩნია, როგორ წარმართავ შენს შესაძლებლობებს და დროს. ჩემთვის წარმატება არის ის, როდესაც ვხედავ, რომ ხალხი ბედნიერია იმით, რასაც ვაკეთებ.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს არ უღალატებ?

_ არასოდეს გავამხილო ჩემი პრინციპები.

_ ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობ ხოლმე?

_ მომავალზე.

_ რომ არა გიორგი მეგრელი, ვინ იქნებოდი?

_ ალბათ, არც არავინ არ ვიქნებოდი.

_ და მაინც, ვინ არის გიორგი მეგრელი?

_ როგორც ყველა _ არაჩვეულებრივი ადამიანი.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ არანაირი კონკრეტული გეგმა არ მაქვს, ჯერჯერობით. მხოლოდ, ზოგადი მისწრაფებები.

_ რა გაძლევს ხვალინდელი დღის იმედს?

_ დღევანდელი დღე.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ ჩემი ყველა ძალიან ახლობელი ადამიანის იმედი მაქვს.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ თუ ოდესმე მთავრობაში მოვედი, ჩემს პარტიას მიეცით ხმა.

_ მთავრობაში მართლა აპირებ მოსვლას?

_ არა, არაფერს არ ვაპირებ საერთოდ, რასაც პოლიტიკა ჰქვია, მაგრამ თუ დავაპირე და ოდესმე თავში „რაღაც“ გადამიტრიალდა, მაშინ ძალიან გამიხარდება, თუ საზოგადოება გვერდით დამიდგება.

 

გვერდით დაუდგება თუ არა საზოგადება, ამას მკითხველი თავად გადაწყვეტს, ახლა კი გიორგი საქართველოსა და ახალგაზრდებს წარმოადგენს დიდ კომპანიაში და სამშობლოს მონატრებული წარმატების გზაზე სვლას არ წყვეტს!

 

ნინო ტაბაღუა