მარადიული მაჟორიტარები და პარლამენტარობის ,,მარადისობის კანონი“

„არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა“, _ უკვე ლოზუნგად ქცეული ეს ფრაზა იდეალურად მიესადაგება იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში, აგერ უკვე, 22-ე წელია, გვაქვს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საუბარია მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე, რომელმაც საქართველოში უკიდურესად მანკიერი სახე მიიღო.

სისტემურ მანკიერებებზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ამ სტატიის დაწერის სურვილი ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინათ გაჟღერებულმა ინიციატივამ გამიჩინა. კერძოდ, გასულ ხუთშაბათს, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით ჩაანაცვლოს.

ანუ ბრძოლა, რომელიც 1995 წლიდან პოლიტიკოსთა რამდენი თაობის მიერ მიმდინარეობს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების წინააღმდეგ, შესაძლოა, გამარჯვებით დასრულდეს(?).

თუმცა ხელისუფლება რისი ხელისუფლებაა, ბოლო მომენტში რომ არ ჩასვაროს და საქმე არ გააფუჭოს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პირობა მოაყოლა, სიხარულის ღიმილი ყველას პირზე მიაშრა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუ არჩევნების შემდეგ დარჩენილი, გადაუნაწილებელი მანდატები, მთლიანად პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეცემა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

მაგალითისთვის, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. „ქართულმა ოცნებამ“ 48% მიიღო, „ნაციონალებმა“ _ 27%, ხოლო _ „პატრიოტთა ალიანსმა“ _ 5%. ერთად მათ აიღეს 80% და მანდატებიც შესაბამისად გაინაწილეს. გადასანაწილებელი დარჩა კიდევ 20% მანდატებისა. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი შერეული სისტემით 150-კაციან პარლამენტში პროპორციული წესით 77 დეპუტატს ვირჩევთ (დანარჩენი 73 მაჟორიტარია), გადასანაწილებელი დარჩა სწორედ ამ 77-ის 20%, ანუ 16 მანდატი, რომელიც ბარიერგადალახულებზე თანაბრად გადანაწილდა. აი, სწორედ ამ დარჩენილი და გადასანაწილებელი მანდატების სრულად მიკუთვნებას ითხოვს „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზე გასული სუბიექტისთვის. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:

როცა 150-ვე დეპუტატს პროპორციული სისტემით ავირჩევთ, გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობას დავითვლით უკვე არა 77-დან, როგორც დღეს, არამედ 150-დან. შედეგად კი მივიღებთ, რომ, მაგალითისთვის, თუ დარჩა კვლავ გადაუნაწილებელი მანდატების 20%, ეს უკვე იქნება 150-ის 20%, ანუ  30 მანდატი.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, _ რა ღორობაა?!. რა დუოკებელი მოთხოვნილება უჩნდება ყველა ხელისუფლებას, მიისაკუთროს ის, რაც მას არ ეკუთვნის?!. „ქართული ოცნების“ პასუხი სრულიად არადამაჯერებელია, მაგრამ მაინც პასუხია, და აი, როგორი: პირველ ადგილზე გასულ პარტიას, მიუხედავად იმისა, გადალახა თუ არა მან 50%-იანი ზღურბლი, უნდა მიეცეს საშუალება (ამ შემთხვევაში დამატებული მანდატებით) დააკომპლექტოს უმრავლესობა. „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ არჩევნების შემდეგ, თუ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოაგროვა უმრავლესობა და საჭირო გახდა საპარლამენტო კოალიციის ჩამოყალიბება სხვა პარტიასთან, ესაა არა დემოკრატიის რეალური გამოვლინება, არამედ კატასტროფა, ქვეყნის დაღუპვა და ა. შ. უკვე მერამდენედ, ხელისუფლება საკუთარ თავს ეწინააღმდება. როცა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევითობაზე გვესაუბრება, გვიმტკიცებს, ეს იმიტომაა საჭირო, რომ კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე უნდა გადავიდეთო. მაგრამ ეს კლასიკური საპარლამენტო მოდელი არჩევნების შემდეგ, კოალიციური უმრავლესობისა და მთავრობის ჩამოყალიბებასაც რომ ითვალისწინებს ხოლმე, ავიწყდებათ, ან შეგნებულად ივიწყებენ.

ე. ი. მთელი ევროპული, საპარლამენტო პრაქტიკა დამღუპველი ყოფილა. კოალიციების შექმნით ევროპელი პოლიტიკოსები, თურმე, კი არ ავითარებენ, არამედ ღუპავენ თავიანთ ქვეყნებს. არ დაიჯერებთ და „ოცნებაში“ მართლა არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ზუსტად ასე ფიქრობენ ევროპულ დემოკრატიაზე. „ოცნების“ გუნდში შემავალმა „რადიკალ მაჟორიტართა“ ფრთამ ერთგვარი ანალიზი მოამზადა იმისა, თუ როგორი კარგია მაჟორიტარული სისტემა და როგორი ცუდია პროპორციული. ამ ანალიზით დიდხანს არ გადაგღლით, უბრალოდ, მისი პირველი გვერდის პირველ წინანადადებას გაგაცნობთ. ანალიზის ავტორი შესავალში ამბობს:

„ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალების სწორი და დაბალანსებული კონცენტრაცია. პროპორციული საარჩევნო სისტემა კი აღნიშნულის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს და ამის თვალსაჩინო მაგალითია ფინეთი, ბელგია, ჩეხეთი, ისრაელი, ესპანეთი და სხვა ქვეყნები“(!).

რას ვიზამთ, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფინეთსა  და ისრაელში პოლიტიკური ძალების ბალანსი დარღვეულია, სამაგიეროდ, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. უფრო ზუსტად, მარადიული მაჟორიტარებისთვისაა ყველაფერი კარგად და ამ მარადიული პარლამენტარობის დაკარგვა ადარდებთ მხოლოდ.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას და, ზოგადად, მაჟორიტარიზმს, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ეს სისტემა ერთმნიშვნელოვნად ცუდია და მიუღებელი. ამას ვერავინ იტყვის.  მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს შეერთებულ შტატებში, ინგლისში და კიდევ უამრავ ქვეყანაში, მაგრამ არსად არ ხდება ის, რაც ხდება ჩვენთან. არსად ის პარტია, რომელიც ამომრჩევლის 48%-ს იღებს, არ შედის პარლამენტში 78%-ით. წარმოუდგენელია ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისთვის, რომ პარტიამ, რომელმაც უმრავლესობისთვის საჭირო 50%-იც კი ვერ დააგროვა, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, სადაც ერთპალატიანი პარლამენტი გვაქვს შერეული საარჩეევო სისტემით, 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარი დეპუტატით. არ აქვს მმართველ გუნდს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა? რა პრობლემაა… აგერ არ არიან მაჟორიტარები? მათი მეშვეობით ყოველთვის გეყოლება საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო თუ შუბლის ძარღვსაც გაიწყვეტ, ისე როგორც ეს „ოცნებამ“ ქნა ბოლო არჩევნებზე, ყველა მაჟორიტარსაც მოიგებ და საკონსტიტუციო უმრავლესობასაც დაითრევ. აი, ესაა მაჟორიტარული სისტემის ქართული განსაკუთრებულობა. ესაა ის ნაკლოვანება, რომლის გამოც, უკვე, წლებია, უსამართლო საარჩევნო გარემო გვაქვს. ასეთი სისტემის გამო დაკარგეს ადამიანებმა საარჩევნო პროცესისადმი ნდობა. ამიტომაცაა, რომ ყველა რევოლუცია თუ არეულობა არჩევნებს უკავშირდება.

ადამიანები ხედავენ, რომ არჩევნებით არაფერი იცვლება, იცვლება მხოლოდ კომბლით, ქუჩით და რევოლუციით. ამიტომაც დავდივართ მუდმივად ამ წრეზე და ვერც ვხვდებით, რაა შესაცვლელი. რახან დემოკრატია ავირჩიეთ, მაშინ ხელისუფლებასაც და ხალხსაც უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლების მთავარი წყარო ხალხია. ანუ ხალხი იძლევა ძალაუფლებას და აკეთებს ამას არჩევნების გზით. ნორმალურ ქვეყანაში ადამიანმა იცის, რომ მივა არჩევნებზე, გამოხატავს თავის ნებას და თუ ხელისუფლება მოსწონს, მას დატოვებს, ხოლო თუ არ მოსწონს, გადაირჩევს. ასეთ დროს არავის უჩნდება პროტესტი და ქუჩაში გამოსვლის სურვილი. ასეთ დროს ადამიანები მშვიდად და მოთმინებით ელიან არჩევნებს და დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნების დღეს სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვის მიანიჭონ ძალაუფლება. სანამ ქართველ ერს სამართლიანი არჩევნების მიმართ ასეთი რწმენა არ გაუჩნდება, მშვიდობაზე ოცნებაც ზედმეტია. და რომელ მშვიდობაზეა საუბარი, როცა საქართველოში ოც წელიწადზე მეტია, ყველანი საპირისპიროს ვხედავთ? ანუ ვხედავთ, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ გამოხატული ნება არასდროს ემთხვევა პარლამენტში საბოლოოდ ჩამოყალიბებულ სურათს. ამომრჩეველი ხედავს, რომ როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოს ამომრჩეველთა უმრავლესობამ, პარლამენტშიც და საკრებულოშიც იმარჯვებს ის, ვისაც ამომრჩეველთა უმცირესობამ დაუჭირა მხარი.

მაგალითები საკმარისზე მეტი გვაქვს: 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალებმა“ 59% მიიღეს, მაგრამ მაჟორიტარული სისტემის წყალობით პარლამენტში 80%-ით შევიდნენ; მაშინ როცა უნდა ჰყოლოდათ 88 დეპუტატი და მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა, ჰყავდათ 120 დეპუტატი და საკონსტიტუციო უმრავლესობა. საბოლოო ჯამში, ამ უსამართლო საარჩევნო სისტემის ბრალია ის უამრავი აბსურდული საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მეშვეობითაც სააკაშვილი, პრაქტიკულად, მონარქი გახდა. იგივე მოხდა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. „ოცნებამ“ თბილისში ამომრჩევლის მხოლოდ 44% მიიღო, მაგრამ მაჟორიტარების მეშვეობით მანდატების 76% მიისაკუთრა. და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია. „ოცნებამ“ ხმების მხოლოდ 48% მიიღო, ანუ საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც კი არასაკმარისი რაოდენობა, მაგრამ ყველა მაჟორიტარის მოგებით (ეს შუბლის ძარღვის გაწყვეტის შესანიშნავი მაგალითია) მანდატების 78% მიითვისა. შედეგად უმცირესობით მხარდაჭერილმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნა.

ასეთი მაგალითების შემხედვარეს, აღარ გიჩნდება კითხვები, რატომ აქვს ქართველ ერს არჩევნებისადმი ამხელა უნდობლობა. ამ უნდობლობას და უკმაყოფილებას აღვივებენ თავად ეს ხავსმოდებული მაჟორიტარები, რომლებიც წლებია, დეპუტატის მანდატს ყიდულობენ და ერთმანეთს მხოლოდ იმაში ეჯიბრებიან, ვინ მეხუთედაა მაჟორიტარი და ვინ _ მეექვსედ, საქმეს კი არც ერთი აკეთებს. უმეტესობა მათგანი სხდომებზეც არ დადის, მიკროფონთან მისვლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მათ  აბსოლუტურ უმრავლესობას ამომრჩევლები არ იცნობენ, რადგან არჩევის შემდეგ არავის უნახავს თავის საარჩევნო ოლქში. იკითხავთ, ალბათ, როგორ ახერხებენ ასეთი ადამიანები მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებასო?.. როგორ და ძალიან მარტივად: ერთმა საარჩევნო ოლქმა ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს, ამიტომ ხელისუფლება, უმეტეს შემთხვევაში, ცდილობს, რომ მაჟორიტარობის კანდადატად ფინანსურად შეძლებული ადამიანი შეარჩიოს, უპირატესობა ენიჭებათ ბიზნესმენებს. ასეთი კანდიდატები თავის საარჩევნო კამპანიას თავადვე დააფინანსებენ და ხელისუფლების ჯიბეს ტვირთად არ დააწვებიან. ეს ბიზნესმენები, ძირითადად, თბილისიდან იგზავნებიან რაიონებში. საკმარისია, ამ რაიონთან წარმოშობა მაინც აკავშირებდეთ. ხელისუფლების კანდიდატებს, ყველა თავის კონკურენტთან მიმართებით, კამპანიის დაწყებიდანვე 15-20-პროცენტიანი უპირატესობა აქვს. ფინანსებს რომ შევეშვათ, მათ უკან უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი დგას: ესაა გუბერნიები, გამგეობები, სამხარეო პოლიციები, სკოლები, საარჩევნო ადმინისტრაციები და ა. შ. ყველა საბიუჯეტო დაწესებულება. და რაც მთავარია, სპეცსამსახურები, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ არჩევნებში. ასეთი უპირატესობით ძნელია, არ მოიგო, ხოლო იმასაც თუ დავამატებთ, რომ საქართველოში ამომრჩეველი ხშირად ხათრით იძლევა ხმას, უბრალოდ, შეუძლებელია (თუმცა გამონაკლისი შემთხვევები მაინც გვინახავს).

ასეთი უსამართლო მეთოდებით გამარჯვებული მაჟორიტარების მიმართ უკმაყოფილებას, თავის დროზე, თვით ბიძინა ივანიშვილიც ვერ მალავდა. იგი მათ „ფეოდალებს“ უწოდებდა, რაც საარჩევნო სისტემის ცვლილების იმედს აჩენდა, მაგრამ მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. როგორც კი ბიძინამაც და მთელმა „ოცნებამაც“ დაინახა, რომ რეიტინგი კატასტროფულად დაუვარდათ, გადარჩენის ერთადერთ გზად ისევ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება გადაწყვიტეს.

ავად თუ კარგად, დღემდე მოვაღწიეთ, მაგრამ უკვე „ოცნებაშიც“ ხვდებიან, რომ მუდმივად ასე გაგრძელება არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ უკვე ყველა ამ საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს. ითხოვენ პოლიტიკური პარტიები, ითხოვენ არასამთავრობოები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ევროსაბჭო უკვე საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებში წერს და მიგვითითებს, რომ გადადით პროპორციულ სისტემაზეო. ამას გარდა, ყველა მუდმივად ახსენებს „ოცნებას“, რომ დღევანდელი სისტემის გაუქმება მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო 2012 წელს.

და, აი, როგორც იქნა, ხელისუფლებას სანუკვარი ფრაზა აღმოხდა:  „გთავაზობთ, გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე“. ნეტა კი აქ დაესრულებინა და არ ეთქვა, რომ ყველა გადაუნაწილებელი მანდატი მაინც მე უნდა წავიღოო. როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ვერ ხვდებიან, რომ უსამართლობის უსამართლობით ჩანაცვლება შედეგს არ იძლევა. უსამართლობა რჩება და მშვიდობასაც კვლავ საფრთხე ემუქრება.

ხელისუფლების მიერ თავისივე ინიციატივის გაუფასურება ამით არ დასრულებულა. პოლიტიკურ კულუარებში ხმა გავრცელდა, რომ „ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხოლოდ 2024 წლისთვის გეგმავსო. ეს თუ სიმართლეა, ამ თემაზე საუბარს ხელისუფლებასთან, საერთოდ, აზრი ეკარგება. ამით „ოცნების“ პოზიცია კი კიდევ უფრო გაუგებარი ხდება. თუ ხედავ, რომ პროპორციული სისტემა უფრო სამართლიანია და ქვეყნის განვითარებას ის უფრო წაადგება, რატომ გადაგაქვს შვიდი წლის მერე? და თუ ფიქრობ, რომ არ ვარგა და არ გამოგადგება, შვიდი წლის მერეც რად გინდა?

ძალაუნებურად გიჩნდება ეჭვი, მორიგ ეშმაკობასთან ხომ არ გვაქვს საქმე?  რჩება შეგრძნება, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობის ოპონენტებზე აკიდებას ცდილობს.

„არ გინდათ ჩემი შემოთავაზებული, პროპორციული სისტემა, მაშინ ავდგები და მაჟორიტარულს დავტოვებ“. ეს ხელისუფლება ასეთი რამის მთქმელი რომ არის, იმავე საკონსტიტუციო სხდომაზე გამოჩნდა, როცა მარგველაშვილის განცხადებებით განაწყენებული უმრავლესობა დაიმუქრა, თუ გავბრაზდით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა 2023-ში კი არა, მომავალ წელსვე  გავაუქმებთო. ამის შემდეგ ვის გაუკვირდება, რომ პროპორციულ სისტემაზე  გადაუსვლელობა „ოცნებამ“ ოპოზიციას გადააბრალოს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მუდმივად აპელირებს თავისსავე მაჟორიტარებზე და გვაფრთხილებს, _ არ დაგავიწყდეთ, რომ მაჟორიტარები პროპორციულ სისტემას მხარს არ უჭერენო. შეგახსენებთ: 150-კაციან პარლამენტში 73 მაჟორიტარი ზის და თუ მათ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს, პროექტი ვერ გავა. ასე რომ, „ოცნებაში“ როცა მოუნდებათ, მაჟორიტარების კარტს მაშინ გაათამაშებენ. თუმცა როგორაც არ უნდა ფიქრობდნენ მაჟორიტარები, ყველას კარგად მოეხსენება, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი 117-ვე დეპუტატი ისე მოიქცევა, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. შესაბამისად, რაოდენ საგანგაშოდაც არ უნდა ჟღერდეს,  საარჩევნო სისტემის ბედიც ერთი ადამიანის ხელშია.

ხელისუფლების დათქმები და მოთხოვნები არც ამით ამოწურულა. პროპორციული სისტემის სანაცვლოდ, ხელისუფლება ასევე ითხოვს საარჩევნო ბლოკების აკრძალვას, ანუ „ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ბლოკით მოვიდა, დღეს ბლოკებისა და კოალიციების აკრძალვას ითხოვს. საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველა ხელისუფლება ხელისუფლებაში ბლოკით მოვიდა. როგორც ჩანს, „ოცნება“ შიშმა შეიპყრო და გული უსკდება, რომ მასაც პარტიებისგან შექმნილი ახალი ბლოკი ჩამოაშორებს ხელისუფლებას. ამიტომაც გადაწყვიტეს, თავი დაიზღვიონ და ბლოკებისა და კოალიციების შექმნა კონსტიტუციით აკრძალონ. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ პარტიების განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელიო. ანუ ერთმანეთს შეერწყან და გაძლიერდებიანო. ეს თუ ასეთი პროგრესული და ქვეყნისთვის სასარგებლო ქმედება იყო, რატომ არ შეერწყნენ თავიანთი კოალიციის წევრებს, გაუგებარია.

ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბლოკები აკრძალულია და არჩევნებში პარტიები მხოლოდ ინდივიდუალურად მონაწილეობენ, საარჩევნო ბარიერი ან არ არსებობს, ან ძალიან მცირეა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ გაქრნენ და მათი ოპტიმალური რაოდენობა, ანუ საზოგადოების მიერ მეტ-ნაკლებად მხარდაჭერილი პარტიები, პარლამენტში შესვლას ახერხებდნენ. ეს, სულ მცირე, იმისთვისაა საჭირო, რომ  პოლიტიკური ბრძოლა  მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდეს და არა _ ქუჩაში. ანუ ქვეყნის სტაბილურობისთვის და მდგრადობისთვისაა საჭირო. „ოცნება“ კი გვთავაზობს ბლოკების გაუქმებას ბარიერის დაწევის გარეშე. ეს კი, მარტივად, რომ ავხსნათ, ნიშნავს: პარლამენტში მუდამ უნდა ვიყოთ ჩვენ, „ოცნება“ და ჩვენი კომფორტული ოპოზიცია „ნაცმოძრაობა“. იმავდროულად, ყველა გადაუნაწილებელი მანდატი ჩვენ უნდა წავიღოთ და მუდამ უმრავლესობაში უნდა ვიყოთ. ყველა დანარჩენმა კი ტაში დაგვიკარით, რადგან თქვენი მოთხოვნა შევასრულეთ და პროპორციულ სისტემას მხარი დავუჭირეთო.

აი, ეს არის ის, რასაც ხელისუფლება დანარჩენ ქვეყანას სთავაზობს. ერთი მანკიერი და დანაშაულებრივი სისტემის მეორით ჩანაცვლებას.

დაბოლოს, საარჩევნო სისტემის ცვლილებას მაღალი პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება. ამის გარეშე არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, პირველ რიგში, ვენეციის კომისია, პოზიტიურ შეფასებას მას არ მისცემს. ქვეყანაში კი ისევ დაპირისპირება იქნება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ხოლო საზოგადოებაში არჩევნების შედეგებთან მიმართებით კვლავ უნდობლობა იარსებებს.

ასე რომ, არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა!!!

 

დემნა ვეშაპიძე