ლაშა ჩხარტიშვილი: ,,ონის ჰესების კასკადის მშენებლობაში ბიძინა ივანიშვილის კომერციული ინტერესია!”

„მოქმედმა მთავრობამ კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა „გვახარა“… წინ სტიქიური პროცესების მასობრივი გააქტიურება და დატბორვა გველის, თუკი ხელისუფლება გაატარებს და გაიტანს ამ დანაშაულებრივ პოლიტიკას, რომელიც საკუთარი ფინანსური თუ პოლიტიკური მოგებისთვის მიდის“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან საუბრისას ეკოლოგი, დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი და  ონის ჰესების კასკადზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მშენებლობაც ა. წ. ზაფხულში უნდა დაიწყოს.

ლაშა ჩხარტიშვილი:

_ მოქმედმა მთავრობამ კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა „გვახარა“. ეს არის ონის ჰესების კასკადი, რომელიც დიდი ჰესების კატეგორიას განეკუთვნება და რომელთა აკრძალვაც მოქმედი ხელისუფლების საარჩევნო დაპირება იყო. წინამორბედი ხელისუფლება აღნიშნულის წარმოებას მასობრივად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცდილობდა და ცხადია, ჩვენი კრიტიკის ობიექტი იყო. ეს ორმაგად კარგად მახსოვს, რადგან  მაშინდელი ოპოზიციის, „ქართული ოცნების“ პოლიციის გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი და ასავე მათი პროგრამის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის თავის ავტორი გახლდით. შესაბამისად, მახსოვს, რომ იქ ნამდვილად იყო საუბარი დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვაზე, თუმცა აღნიშნული დაპირების დარღვევის არაერთგზის მცდელობა კი არა, დარღვევაც დიდი ხანია, უკვე სახეზეა. კიდევ ერთი ამდაგვარი შემთხვევა ონის ჰესების კასკადია და პრობლემები  იგივე რჩება. ეს არის მასშტაბური გავლენა ბუნებაზე, გარემოზე, შესაბამისად, სამომავლოდ გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები და მაღალი ალბათობით მსხვერპლი ადამიანთა შორის. ხელისუფლებას 110 ჰესის მშენებლობის სურვილი აქვს, ამის შესახებ, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაჟღერდა ენერგეტიკის სამინისტროში. აქედან 28-30 დიდ ჰესზეა საუბარი, რაც, უბრალოდ, დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება და ჩვენი ქვეყნიდან რა დარჩება? მაგრამ ეს შემთხვევა, რაზეც ახლა მინდა ვისაუბროთ, საინტერესოა ორი რამის გამო: ჯერ ერთი, რომ შედარებით ახალია, ანუ ამ მშენებლობის შესახებ, დაახლოებით, რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა. მეორე მხრივ, გაჟღერდა როგორც შემდგარი ფაქტი, რაც უკვე ნაკლებად ახალია, იმიტომ, რომ ჩვენთან ეს პრაქტიკა წინამორბედმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა და მანკიერი და დანაშაულებრივი მიდგომების ძირითადი უმრავლესობა მოქმედმა ხელისუფლებამაც გადმოიღო, იმიტომ, რომ არ შეიძლება ფაქტზე, როგორც შემდგარზე საუბარი, თუ ნებართვა არ არსებობს. ამასთანავე, საინტერესოა იმით, თუ ვის კომპანიას თუ ყოფილ კომპანიას უკავშირდება ეს მშენებლობა, თუმცა არა მგონია, რომ ეს ყოფილი იყოს, რადგან საუბარია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროზე და მის მინისტრ ზურაბ ალავიძეზე. წლების განმავლობაში სწორედ ეს ადამიანი გახლდათ „დარიალი ენერჯი ჰესის“ დირექტორი, რომელიც კომპანია „ფერისთან“ ერთად იმ ავადსახსენებელი კაშხლების მშენებელი იყო, რომელიც რამდენჯერმე წყალმა წაიღი და, საბოლო ჯამში, ამ კატასტროფას 11 ადამიანი შეეწირა. გვახსოვს თერგთან ტრაგედიაც და შეიძლება სრული ნონსენსი და კატასტროფა დავარქვათ იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი, ამ პროექტების ხელმძღვანელი დაინიშნა მინისტრად. ეს ადამიანი, ამასთანავე, გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი შემომწირველიც. ამ მხრივ, გასაგებია, რომ სრულიად მიუღებელია მისი მინისტრად დანიშვნა და ახლა უკვე ისევ ამ ადამიანის სახელთან დაკავშირებული კომპანიის მიერ დიდი ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ ასე ხმამაღლა გაცხადდა, თითქოსდა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ჯერ არ გადაწყვეტილა. ეს დამოკიდებულია საზოგადოების აქტიურობაზე. ხუდონჰესის შეჩერება, რაც არ უნდა სხვა მიზეზებზე ვილაპარაკოთ, პირველ რიგში, სწორედ სვანეთის მოსახლეობის დამსახურებაა. რაც შეეხება თავად ალავიძის ფიგურას, ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რბილად რომ ვთქვათ და პრეზუმპფცია არ დავარღვიოთ, მხოლოდ და მხოლოდ, ფორმალური თვალსაზრისით, ეჭვს ბადებს, რომ აშკარა კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც სხვა კაშხლების შემთხვევაში. თუნდაც სხვა ნებისმიერი ტიპის კაშხალი რომ ავიღოთ, არც ერთ შემთხვევაში დასაბუთება არ არსებობს. თან კაბალური ხელშეკრულებებია  გაფორმებული, მათ შორის, მოქმედი ხელისუფლების მხრიდანაც, რაც, საბოლოო ჯამში, გარემოს, ბუნების, ეკლესიის, ადამიანების შეწირვის ხარჯზე არაფერს იძლევა სახელმწიფოსთვის.  ეს ყოველივე ისევე ეხება ონის ჰესების კასკადს, როგორც სხვა ნებისმიერ მსგავს შემთხვევას.

_ მგონი, ონის ჰესების კასკადის მშენებლობა, ჯერ კიდევ, 2008 წლისთვის იგეგმებოდა, ხომ?

_ არა მარტო ონის ჰესების კასკადის მშენებლობა, თუმცა დაგეგმვა და სურვილი ეს ერთია, მაგრამ შემდგარი ფაქტი არ ყოფილა არც მაშინ და არც ახლა.

_ აცხადებენ, წინასაპროექტო კვლევები უკვე ჩატარებულია და მშენებლობა ზაფხულში დაიწყებაო.

_ ეს ასე არ არის,  რეალურად, გარემოს ზემოქმედების შეფასების კვლევაც კი არ ჩატარებულა, არც ნებართვა აქვს აღებული ამ კომპანიას და დანაშაულებრივი პრაქტიკაა, როცა არანაირი პროცედურული, თუნდაც მინიმალური მოსამზადებელი სამუშაოები არ არის განხორციელებული და უკვე შემდგარ ფაქტად გვასაღებენ. ეს,  უბრალოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ამგვარ ქმედებას ეწეოდა წინამორბედი ხელისუფლებაც. მაგალითად, როცა თუ არ ვცდები, ორჯერ გაიხსნა ჰესის მშენებლობა ფორმალურად და სიმბოლურად კაფსულაც კი დამარხა. შემდეგ უკვე ღარიბაშვილმა გახსნა ის და ნებართვა გზაში დააწია დღევანდელი გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა. თუმცა აქ უკვე მინისტრებს და პრემიერმინისტრს რაც შეეხება, ყველანი სიმბოლურ ფიგურებად გვევლინება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ნება-სურვილით ხორციელდება მსგავსი მოქმედებები. ამ პროცედურების თუნდაც სიმბოლურად დაცვასაც არ ცდილობენ, თანმიმდევრობას არ იცავენ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ესა თუ ის პროექტი. არის ცალკეული პროექტები, რომლის ერთადერთი მიზანია ნებისმიერ, თუნდაც ადამიანის სიცოცხლის ფასად, თუნდაც უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფასად,  დიდი შემოსავლები მიიღონ უმაღლესი თანამდებობის პირებმა და, რა თქმა უნდა, იგივე ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ამ ყველაფერში კომერციული ინტერესი. ეს ჩემი აბსოლუტურად საფუძვლიანი ვარაუდია, რადგან მის გარეშე ამ ქვეყანაში ასეთი კი არა, გაცილებით ჰუმანური საკითხები არ წყდება. მეორე მხრივ, ეს არის ბიუჯეტის შევსების, ბიუჯეტში არსებული ხვრელებისა თუ ორმოების ამოვსების ყოვლად მიუღებელი პრაქტიკა. ამგვარი მოქმედება ემსგავსება გაკოტრებული ადამიანის ქმედებას, რომელიც მზად არის, ყველაფერი გაყიდოს, რომ რაღაც ერთი თუ ორი თვით თავი გადაირჩინოს, თუმცა ამას შემდეგ რა შედეგამდე მიჰყავს ოჯახი ან სახელმწიფო, ყველამ კარგად ვიცით.

_ მოსახლეობა რას ამბობს ამ ყველაფრის შესახებ?

_ ჩვენ გვახსოვს „სადმელი ჰესისა“ და სხვა ჰესების ისტორია, რომელმაც საკმაოდ დიდი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. რაჭაში ათას კაცზე მეტი  ადგილობრივი მკვიდრი შეიკრიბა, რაც რაჭისთვის კოლოსალური ციფრია. შეიძლება, ვინმეს მცირე რაოდენობად მოეჩვენოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ რაჭა, პრაქტიკულად, დაცლილია მოსახლეობისგან, ათასი ადამიანი  უკიდურეს უმრავლესობას ნიშნავს.

ბევრს საუბრობენ პრიორიტეტებზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ტურისტულ პოტენციალს ასე ეპყრობიან, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას, მის მრავალფეროვნებას ემყარება, რითაც შეიძლება საინტერესო ვიყოთ ტურისტულ ბაზარზე. ჰესებისა და კაშხლების სანახავად, ბუნებრივია, საქართველოში არავინ ჩამოვა. ამგვარ  პროექტებს ეკოსისტემა ეწირება. შესაბამისად, ასეთი მიდგომა, უბრალოდ, მოღალატეობრივია.

არავის დაუსაბუთებია, არც ენერგეტიკის სამინისტროს, არც მთავრობას, რომ საქართველოს, მეტ-ნაკლებად, გარდაუვალი აუცილებლობა გააჩნია დამატებითი, მით უმეტეს, ასეთი მსხვილი ენერგოობიექტების მშენებლობისა და ენერგიის რესურსების, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი სრულფასოვანი დოკუმენტი. საერთოდ, კომერციულადაც საეჭვოა ეს პროექტები, სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე. თუნდაც პროექტის სამჯერ თავიდან დაწყება ტოვებს ეჭვს, რომ აქ უკვე კომერციულ მოგებაზეც აღარ არის საუბარი.

_ შეაჩერებს რაიმე მშენებლობას?

_ მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებზე, თავის დროზე, საბჭოთა კავშირსაც კი ათქმევინა უარი მაშინდელი მეცნიერებისა და საზოგადოების აზრმა.  მაშინ ეს კეცხოველის, გულისაშვილისა და სხვა დიდი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების, მთელი ქართველი საზოგადოების დამსახურება იყო. ახლაც, ამ ყოველივეზე უარის თქმისა და შეჩერების ერთადერთი ავტორი და საწინააღმდეგო მხარე საზოგადოება და ის ცალკეული ადამიანები, სპეციალისტები არიან, რომლებიც დაასაბუთებენ (და, შეიძლება ითქვას, რომ დასაბუთებული გვაქვს), რომ ეს ყოველივე ძალიან მძიმე და დამანგრეველი შედეგის მომტანია. თუმცა ჩვენი აზრი მხოლოდ აზრად დარჩება, თუ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიური  არ იქნება. და კიდევ ერთი საკითხი: გარდა აქციებისა და სამართლებრივი გზის გამოყენებისა, დიდი ხანია, ვსაუბრობ, რომ ჩვენს მცირე ორგანიზაციას, დემოკრატიის ინსტიტუტს, პრაქტიკულად, არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ რეფერენდუმისთვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების დაძლევა მოახერხოს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ძალიან ცოტა პოლიტიკური ორგანიზაცია თუ აკეთებს რამეს.

ძალიან კარგია, რომ თუნდაც მიწის მსხვილ კომპანიებსა და უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების წინააღმდეგ გამოდიან ადამიანები, მაგრამ მე მათ მოვუწოდებდი, რომ ამ საკითხზეც იფიქრონ, იმიტომ, რომ არც გასასხვისებელი დარჩება რამე, არც დამატებითი ოკუპაციისგან დასაცავი, თუკი ყველა ეს პროექტი და თუნდაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელდა. არადა, მასშტაბი ძალიან დიდია, ეს არ არის მარტო რაჭა, ეს არის ლეჩხუმი, ხევი, სვანეთი, მთიანი აჭარა…

 

***

ონის ჰესების კასკადი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის  მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონში უნდა აშენდეს. როგორც შპს „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, სამშენებლო ნებართვა, ჯერჯერობით, ნამდვილად არ მიუღიათ. სანებართვო პროცედურები, სავარაუდოდ, 3 თვის ვადაში დასრულდება და ონის ჰესების კასკადის მშენებლობას ზაფხულში დაიწყებენ. წინასაპროექტო კვლევების ანგარიში უკვე დასრულებულია. აღნიშნული კვლევა გერმანულმა კომპანია „ლა მაიერმა“ ჩაატარა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება კი _ კომპანია „გამამ“.

200-მეგავატიანი ჰესის (თავდაპირველად 280 მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იყო განსაზღვრული) საინვესტიციო ღირებულება 335 მილიონი დოლარია.

შპს „ფერი“ ჰესს თანაინვესტირების ფონდთან ერთად აშენებს. იმის გათვალისწინებით, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს, იორდანაშვილის განმარტებით, ჰესს კაშხალი არ ექნება, იგი მოდინებაზე იმუშავებს. ჰესის მშენებლობა 4-5 წელიწადში უნდა დასრულდეს.

 

თამარ ოთიაშვილი