როდის უნდა გადაიჭრას სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელთა კომპეტენციისა და ანაზღაურების პრობლემა?!

რა არის სკოლამდელი აღზრდა? რა უნარ-ჩვევები უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს? რა უნდა ისწავლოს და რის აკრძალვას უნდა მივაჩვიოთ მოზარდები?.. რატომ იწყება ქალაქ თელავის ბაგა-ბაღებში აღზრდის პროცესი 9 საათიდან 10-ის ნახევრამდე? რატომ არის ბაგა-ბაღები 10 საათის შემდეგ ჩაკეტილი? რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ აღმზრდელებს? რა იცვლება და რა რჩება შესაცვლელი სკოლამდელ დაწესებულებებში? რამდენად მნიშვნელოვანია მენიუს საჯაროობა? არის თუ არა გავრცელებული მითი თუ რეალობა ის ფაქტი, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვებს ძილს უკრძალავენ?

ყველა ამ მწვავე და მნიშვნელოვან კითხვაზე „ქრონიკა+“-ს პასუხობს ქალაქ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი _ თინათინ ხანჯალიაშვილი:

_ შორიდან ვერ დავიწყებთ, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ცოტა ხანია, რაც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ხართ, მაგრამ, მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენად იცნობთ სკოლამდელ დაწესებულებას?

_ თემას ასე შევხედოთ: რა არის სკოლამდელი აღზრდა? ადამიანის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის პირველ ექვს წელს. როგორც ბოლო ათწლეულების კვლევებმა აჩვენა, სწორედ ამ ასაკში ხდება ბავშვის იმ თვისებებისა და უნარების ჩამოყალიბება, რომელიც მომავალში განსაზღვრავს მის წარმატებებსა და მიღწევებს. ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს შევუქმნათ ყველა პირობა მათი ყოველმხირვ განვითარებისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლის ასაკის ბავშვების ინტელექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფდნენ უფროსები ბავშვის ტვინის აქტიურად მუშაობისთვის პირობებს მისი ცხოვრების პირველი ექვსი წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ თავის ტვინის ეს არეები, რომელსაც არ ავარჯიშებენ, წყვეტს განვითარებას და თანდათან შეიძლება, ნაწილობრივ, ან მთლიანად, ატროფირდეს.

_ რა არის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მთავარი არსი? რა უნდა შეცვალოთ თელავის ბაგა-ბაღებში?

_ პირველი: სასწავლო პროგრამები, რომლებიც სადღაც ვიღაცისგან კი არ უნდა ავიღოთ მაგალითად (თუმცა კარგის აღება მუდამ შეიძლება), ნებისმიერი სასწავლო პროგრამა კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბაღებს აღმზრდელთა მაღალი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ და, ამავე დროს, პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი, მშობლებისა და ოჯახების მხარდაჭერა და ჩართულობა ბაღებთან ერთად ბავშვის განვითარების პროცესში აუცილებელია. აქვე ფიზიკური, შემეცნებითი, მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება, ბავშვზე დაკვირვება და სწორედ ყველა ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომაა აუცილებელი. ყველაზე უმთავრესი, რაც უნდა მოხდეს, არის მცირე რიცხვიანი ჯგუფებისა და ბავშვების რაოდენობის ადეკვატური თანაფარდობა. თუმცა ეს ბოლო სამომავლოდ გადასაჭრელი საკითხია.

_ და თუ ეს ყველაფერი მოხდა, რას ვცვლით, რა შედეგს ვიღებთ?

_ ბავშვს უკეთესი სასკოლო მზაობა ექმნება, კარგი აკადემიური მოსწრება სკოლაში და მაღალი მაჩვენებელი სკოლის დამთავრებისას. პირველ 6 წელს ჩვენ ვყრით საფუძველს, შემდეგ კი ვიღებთ ბავშვს, რომელსაც ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ აქვს მიდრეკილება, მას შეუძლია, აირიდოს მავნე ჩვევებისადმი დამოკიდებულებები და დეპრესია. მომავალში იგი ადვილად გამოავლენს და გადაწყვეტს პრობლემებს გუნდური მუშაობით. იგი წარმატებული ადამიანი იქნება წარმატებულ საზოგადოებაში.

_ რამდენად კვალიფიციური კადრია დღეს ბაგა-ბაღებში, რომ ეს ყველაფერი საფუძვლიანად შეცვალოს?

_ ამ ეტაპისთვის ბაგა-ბაღის პერსონალი, მეტ-ნაკლებად, საჭიროებს გადამზადებას, კომპეტენციების ამაღლებას. 2017 წლიდან ბაღებში კადრების მიღებაზე შემდეგი აქცენტები კეთდება: გამგეს მოეთხოვება, რომ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სასწავლებლებისგან აღიარებული უმაღლესი განათლება ჰქონდეს, სასურველია სკოლამდელი აღზრდა, ან მისი მონათესავე სპეციალობა; სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სასწავლებლებისგან აღიარებული უმაღლესი განათლება, ასევე, სავალდებულოა დღისა და საღამოს აღმზრდელ-პედაგოგებისთვის სკოლამდელი აღზრდის, ფსიქოლოგის, ან მისი მონათესავე სპეციალობით. რაც შეეხება ბაგა-ბაღის დანარჩენ პერსონალს, შერჩევის უპირატესობა ენიჭება შესაბამისი მიმართულების პროფესიული განათლების მქონე პირებს.

_ მეც მყავდა პატარა შვილები. მახსოვს, რომ სერიოზული პრობლემა იყო ბავშვის ბაღში მიყვანა, რადგან ძალიან ხშირად სოფლიდან ამოჰყავდათ და აქ უწევდათ სიარული. ამის მიზეზი კი მაშინ სოფლებში დახურული ბაგა-ბაღები იყო. დღეს ეს საკითხი სოფლად გადაჭრილია, მაგრამ მაინც არის პრობლემა, სოფელში მცხოვრებლები ისევ თელავში ატარებენ ბავშვებს ბაგა-ბაღში. შევსებული ჯგუფების ფონზე კი ხშირად ადგილობრივ მოქალაქეებს პრობლემები უჩნდებათ, სად მიიყვანონ ბავშვები. რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს ამ დროს?!

_ 2017 წლის სექტემბრიდან ეს აუცილებლად შეიცვლება. თვითმმართველ ქალაქ თელავის ბაგა-ბაღებში შემავალ ბაღებში მიიღებიან მხოლოდ ფიზიკურად ქ. თელავის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები. გამომდინარე აქედან, ვაზუსტებ: მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები! აი, იმ მშობლებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით ნაქირავები აქვთ ბინა აქ და, ამ დროს, სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მკვიდრნი არიან, ამის დასადასტურებლად მოუწევთ წარმოადგინონ ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რომელიც მერიის წარმომადგენლის მიერ უნდა იყოს გაცემული.

_ ე. ი. მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ბავშვები ქალაქის ბაღებში აღარ მიიღებიან?

_ არ მიიღებიან აღსაზრდელები, რომელთა ოჯახიც ცხოვრობს მუნიციპალიტეტის მომიჯნავე და 15 კმ.-ის დაშორებით გაშენებულ სოფლებში. მიმაჩნია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმართული თანხები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტის მოქალაქეებზე არის გამოყოფილი და იხარჯება სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებისთვის, არამიზნობრივი ხარჯია და უკვე დიდი ხანია, ქალაქის ხელმძღვანელობის თავსატეხია. ამ ყველაფრის დარეგულირების შემდეგ უკვე თავად ქალაქშიც, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, გადანაწილდებიან აღსაზრდელები.

_ იყო რამდენიმე კითხვა: 10-ის ნახევრის შემდეგ თელავის ყველა ბაღი იკეტება და ვერავინ შედის. უცხო თვალისა და ყურისთვის უცნაურია, ბაღის კარი იკეტება. ზოგ მშობელს, შესაბამისად, სხვა პრობლემაც გაუჩნდა _ 11 საათისთვის მიყვანილი აღსაზრდელისთვის ბაღის კარიც დაკეტილი დახვდა და როგორც ამბობენ, გაფრთხილებულები აღმოჩნდნენ, რომ 10-ის ნახევარზე ბავშვები ბაგა-ბაღებში აღარ უნდა მიიყვანონ.

_ დიახ, არ დაიშვებიან. ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია ვალდებულია, მშობელს აუხსნას, რომ ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა მიღება იწყება დილის 9:00 სთ-დან 9:30-მდე, 9:35 წთ-ზე ბაღის კარი იკეტება. აღნიშნული წესი ყოველთვის არსებობდა, მშობლებიც წლებია, ამ წესზე ინფორმირებულნი არიან, ამას ბაგა-ბაღებში გამოკრული წარწერებიც ადასტურებს, მაგრამ მშობლების ნაწილი ასეთ ახსნა-განმარტებებს და თხოვნას უგულისყუროდ ეკიდება. კარის დაკეტვის აუცილებლობა კი გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: აღსაზრდელის გვიანი გამოცხადებით გვიანდება აღსაზრდელთათვის რაოდენობის შესაბამისი საკვების მომზადება და მეორეც, ბაღის ტერიტორია დაუცველია უცხო პირთა შეღწევისგან. თუმცა მშობელს ნებისმიერ დროს შეუძლია შემოვიდეს და მონიტორინგის სახით ნახოს, როგორ მიდის სასწავლო პროცესი. ასევე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია, მშობელმა მოამზადოს წერილობითი განცხადება ბაღის გამგის სახელზე, სადაც მიეთითება, ბაღში დილით გამოცხადებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, ამასთან მიეთითება, რომ მშობელი ინფორმირებულია 9:00-9:15-მდე მოახდინოს აღმზრდელ-პედაგოგის გაფრთხილება იმ შემთხვევაში, როდესაც აღსაზრდელი არ გამოცხადდება ბაღში სრული დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსაზრდელს 9:35-ის მერე ბაღში არ მიიღებენ. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ 1550 პატარას საკვები ყოველდღიურად დროულად, დილის 10:30-ზე მიეწოდოს და ამასთან, კვებაზე თანხების ხარჯვაც რაციონალურად წარიმართოს.

_ ობიექტურობისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ მართალია, თელავში ჯერ ღიად არ ყოფილა ასეთი პრეცენდენტი, თუმცა პედაგოგი, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობისას ნორმებს არღვევს, რა ზომებს უნდა მიმართოს მაშინ გაერთიანებამ?

_ ბაღში ბავშვის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევაა: ბავშვზე ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხმამაღალი საუბარი, ბავშვთან მის მშობელზე ან მეურვეზე ნეგატიური ენით საუბარი და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. გამოვლენის პირველსავე დადასტურებული შემთხვევა ექვემდებარება სამსახურიდან დათხოვას. დადასტურებაში იგულისხმება მოწმეთა ჩვენებების არსებობა, ხოლო ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში _ ექიმის ცნობა. თუ შედარებით მარტივია დარღვევა, თავდაპირველად, ვიძლევით გაფრთხილებას, მაგრამ ფაქტის განმეორების შემთხვევაში თანამშრომელი ტოვებს სააღმზრდელო დაწესებულებას. ბავშვის ძირითადი უფლებების დარღვევის სიმწვავიდან გამომდინარე, შესაძლოა, დადგეს თანამშრომელთა როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პასუხისმგებლობის საკითხი.  შესაძლებელია, გაერთიანებამ კონტროლი განახორციელოს ადგილობრივი  ხელისუფლების სხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საკითხთან შესაბამისობაში.

_ მშობელი საიდან იგებს, რა აქვს მის შვილს საკვები?

_ ბაღში თვალსაჩინო ადგილზე განთავსებულია მენიუ და, ამავდროულად, სოციალურ ქსელში არსებობს გვერდი, სადაც კვების რაციონია განთავსებული.

_ კიდევ ერთი პრეტენზია: ბაღში ბავშვებს არ აძინებენ. რა არის თქვენი პასუხი?

_ უკვე რამდენიმე წელია, ყველა ბაღში იძინებენ 2-3 და 3-4-წლიანი ჯგუფის ბავშვები, 4-5 და 5-6-წლიანი ჯგუფები არ იძინებენ. როგორც აღმზრდელებისგან და მშობლებისგან ვიცი, ამ ასაკობრივ ჯგუფებში ბავშვების უმეტესობას არ სურს ძილი და აღმზრდელისთვის რთულია, ერთი მხრივ, ასეთი ბავშვების გართობაზე ზრუნვა უხმაუროდ (რათა დაძინებული ბავშვები არ შეწუხდნენ) და მეორე მხრივ, მეთვალყურეობა არ მოაკოლოს ჩაძინებულ ბავშვებს. ამ მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში არიან ბავშვები, რომლებიც დღის განმავლობაში ითენთებიან, იღლებიან. ბაღებს მათთვის შესაბამისი ინვენტარი, თუნდაც, რბილი პუფები აქვთ იმისთვის, რომ დაისვენონ მაშინ, როცა არ აქვთ ფიზიკური აქტივობები.

_ რამდენად დაცულია ბაგა-ბაღებში ჰიგიენური პირობები?

_ ალბათ, ამაზე სურსათის უვნებლობას უნდა ჰკითხოთ. ჩემგან მინდა იცოდეთ, რომ მაქსიმალურად ვახორციელებთ კონტროლს ჰიგიენასთან დაკავშირებით. ბაღებში აღსაზრდელებიც და აღმზრდელებიც ოთახის ფეხსაცმლით გადაადგილდებიან. სისუფთავე უზრუნველყოფილია ოთახებში, სველ წერტილებში, სამზარეულოებსა და, მთლიანად, გარემოში. მშობლებსაც მოვუწოდებთ, ითანამშრომლონ ჩვენთან და ნებისმიერი გადაცდომის შესახებ მოგვაწოდონ შეტყობინება. ყველა გადაცდომაზე შესაბამისად ვრეაგირებთ.

_ და მაინც, რას ისურვებდით და რას შეცვლიდით?

_ მეტ თანამშრომლობას ბაღსა და მშობლებს შორის, ასევე შრომითი ანაზღაურების გაზრდას ბაღის თანამშრომელთათვის და გაზრდილ კვალიფიკაციებს! ძალიან მინდა, საზოგადოება ბაღებს მეტი სერიოზულობით მოეკიდოს და ხელი შეგვიწყოს მართვის სწორი სტანდარტების დამკვიდრებაში.

 

მაკა მოსიაშვილი