ლევან ალაფიშვილი: ,,პრემიერს საკუთარი იმიჯი თუ ძვირად უღირს, გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს!”

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდა. საბუთებისა და განაცხადების მიღება 2017 წლის 14 მარტამდე გაგრძელდება. მსურველებიდან სამ კანდიდატს სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, შემდეგ კი ამ სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაამტკიცებს.

შემოსული განაცხადებიდან სამ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან: იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი, სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წარმომადგენელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი.

კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო კომისიის წევრებს გააცნობს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით საქართველოს მთავრობას წარუდგენს. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან ნებისმიერ სამ კანდიდატს შეარჩევს, რომელთა ვინაობა და საბუთები, თავდაპირველად, წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზეა შექმნილი და რეკომენდაციას გასცემს იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია შესაბამის კომიტეტს გადაეცემა, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, სამივე კანდიდატს მოუსმენს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი ერთ-ერთ მათგანს რეკომენდაციას გაუწევს. პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ირჩევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების თავდაპირველი სია, რომელშიც ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე იყვნენ, ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა არ დაამტკიცა.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში კითხვის ნიშნები არ დარჩება. „ევროსაბჭოს საკმაოდ დეტალური რეგულაციები აქვს კონკურსისა და კანდიდატების შერჩევის წესებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება. ფაქტია, ჩვენ ხელახლა ვატარებთ ამ კონკურსს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ისე წარიმართოს, რომ სამი შეთავაზებული კანდიდატიდან ევროსაბჭომ ერთ-ერთი კანდიდატურა აარჩიოს“, _ განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს. პარტია „თავისუფალი საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გასაგზავნი მოსამართლის შესარჩევი სპეციალური სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს ჩააბაროს: „ეს არის საზოგადოების აზრის მიმართ მკაფიოდ გამოხატული უპატივცემულობა, რითაც ხელისუფლება გვამცნობს, რომ მას არც ქვეყნის შიგნით საზოგადოების აზრი აინტერესებს ამ საკითხზე და არც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ადარდებს. როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის გოცირიძე-მურუსიძე-წულუკიანის ტრიო ბევრად უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე ევროპული სტრუქტურები. მომხდარი სკანდალის შემდეგ ყველა თავმოყვარე ქვეყნის მინისტრი დაუყოვნებლივ დატოვებდა თანამდებობას, თუმცა გვესმის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მსგავსი პრინციპულობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ამიტომ „თავისუფალი საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, მცირედი პატივისცემა გამოიჩინოს კონკურსში მონაწილე, სახელისუფლებო ლობისგან დამოუკიდებელი კანდიდატების მიმართ და კომისიის ხელმძღვანელობა ჩააბაროს შედარებით მაღალი ნდობის მქონე სამთავრობო გუნდის წევრს

_ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს“, _ განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ომანიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძეს ჯერ არ გადაუწყვეტია, განმეორებით მიიღებს თუ არა მონაწილეობას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლის შესარჩევ ახალ კონკურსში: „ნამდვილად არ გადამიწყვეტია, მივიღებ თუ არა მონაწილეობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლის შესარჩევ ახალ კონკურსში. ვნახოთ, რა განწყობა მექნება, ან როგორი კრიტერიუმები შემუშავდება. ასევე ჩემი მოსაზრებები მაქვს კრიტერიუმების თაობაზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ახლა ვგეგმავ, ღია წერილით მივმართო პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრსაც. მექნება კონკრეტული წინადადებები, თუ როგორც უნდა გაუმჯობესდეს შიდა ეროვნული პროცედურები კანდიდატების შერჩევისას. კომიტეტმა ერთწინადადებიანი ფორმულირება გამოაქვეყნა: ყველა კანდიდატი არ იყო მაღალკვალიფიციური. განა, არც ერთი არ იყო, არამედ ზოგი იყო და ზოგი _ არა. მაგრამ ვინ იყო მაღალკვალიფიციური და ვინ _ არა, ამის თაობაზე არავითარი დაზუსტება არ არსებობს. არც ჩვენ მიგვიღია ამის თაობაზე კონკრეტული პასუხი. შესაბამისად, ჩემთვის არ არის ცნობილი, უშუალოდ ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით პოზიტიური მოსაზრებები გამოითქვა თუ ნეგატიური? შესაბამისად, ამ ყველაფრით დავინტერესდი და ევროპის საბჭოს აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარესთან წერილი გავაგზავნე, სადაც ძალიან ბევრი შენიშვნა გამოვთქვი პროცედურებთან დაკავშირებით, რომელიც საკუთრივ ევროსაბჭოს კომიტეტეში იყო. ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ჩემი დასაბუთებული მოსაზრებები გავუგზავნე, რა უნდა გაუმჯობესდეს საკუთრივ ევროსაბჭოს პროცედურებში. კომიტეტის თავმჯდომარისგან პასუხი მივიღე, სადაც ჩემი ძალიან ბევრი სამდურავი გაზიარებული იყო და, ერთგვარად, შეიძლება ითქვას, ბოდიშიც კი მომიხადეს ამ ყველაფერის გამო“, _ განაცხადა ევა გოცირიძემ.

 

როგორ წარიმართება სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევად ახალი კონკურსი? მეორედ ხომ არ მოუწევს საქართველოს შერცხვენა ევროპის წინაშე? რა მოლოდინები არსებობს? „ქრონიკა+“ იურისტებს ესაუბრა.

 

ლევან ალაფიშვილი _ იურისტი:

_ კონკრეტული მოლოდინები კონკრეტულ მოცემულობასთან, ან კონკრეტულ სუბიექტებთან ნაკლებად მაქვს, მე მაქვს, ზოგადად, გონიერების იმედი. ადრე თუ გვიან, გონიერება იმარჯვებს. გარდა ამისა, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება, გონებრივი აზროვნება მცირედით მაინც შემორჩენილია ქართულ პოლიტიკურ ასპექტში და, პირველ რიგში, პრემიერის მიმართულებით ვფიქრობ ამ ყველაფერზე. თუკი მას ეს ყველაფერი შემორჩა და თუკი საკუთარი ავტორიტეტიც კი, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ პერსონალურ, ძალიან მერკანტილურ საკითხზეც რომ ვიმსჯელოთ, საკუთარი იმიჯიც კი თუ ძვირად უღირს, მგონია, რომ ცოტა გონივრული და სახელმწიფოებრივად გააზრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი კი დაიწყო, მაგრამ შესაძლოა, რომელიმე, თავმჯდომარე იყოს თუ წევრი, არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში სულაც აღარ იყოს მინისტრი და შეიცვალოს როგორც პოლიტიკური მოცემულობა, ასევე პროცედურები და, შესაბამისად, გადაწყვეტილებები.

 

არჩილ კაიკაციშვილი _ „ახალგაზრდა ადვოკატები“:

_ სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების დაწუნებით საქართველოს სახელმწიფომ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა იქიდან გამომდინარე, რომ პირველად აღმოჩნდა ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში და სტრასბურგმა მოსამართლეობის კანდიდატები დაიწუნა. მართალია, ევროსასამართლოს განმარტება არ გაუკეთებია იმის შესახებ, თუ რა საფუძვლებით, კრიტერიუმებით და რა კონკრეტული მიუღებლობების გამო იყო დაწუნებული საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამი კანდიდატი, რომელთაგან ერთი უნდა ყოფილიყო არჩეული, მაგრამ ფაქტია, რომ თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ევროსასამართლომ უარყოფითი შეფასების გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს გაცილებით მეტი გამჭვირვალობა ჰმართებს კონკრეტული კანდიდატების წარდგენის პროცესში სწორი აქცენტის დასმაში, კანდიდატების, მხოლოდ და მხოლოდ, პიროვნულ და პროფესიულ მახასიათებლებთან დაკავშირებით. თუმცა, წარსულის გათვალისწინებიდან გამომდინარე, რომ შერჩევის პროცესი პოლიტიზებული აღმოჩნდა და კანდიდატების მიმართ კითხვები არსებობდა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთაც აქტუალური იყო და სახელმწიფოს ამ თვალსაზრისით მწარე გამოცდილება აქვს, ევროსასამართლოს მომავალში ისეთი კანდიდატები უნდა შესთავაზოს, რომლებიც სწორედაც პროფესიონალიზმითა და პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე შეფასდებიან. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, როგორი იქნება სახელმწიფოს დამოკიდებულება. გარდა ამისა, მართალია, შესაბამისი დებულების საფუძველზე შერჩევის უფლებამოსილება კვლავ იუსტიციის სამინისტროს აქვს, რომელსაც საბჭო უხელმძღვანელებს და მისი ხელმძღვანელი მინისტრი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, გადახალისდება თუ არა, შემცირდება ან გაიზრდება საბჭოს წევრები, დარჩება თუ არა იგივე კრიტერიუმები, რომელიც კანდიდატების შეფასებისთვის არის მნიშვნელოვანი და ვინ იქნება ამ შემთხვევაში ევროპის სასამართლოში წარსადგენი რეალური კანდიდატი? მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დაამტკიცოს როგორც საერთაშორისო თვალსაზრისით, ასევე ეროვნული საზოგადოების წინაშე, რომ წარსადგენი მოსამართლეების კანდიდატები შემდეგ ევროსასამართლომ უნდა შეარჩიოს და იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული იქნება, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია. საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით თამამი განცხადებები გააკეთა, ეროვნული სტრატეგიები შექმნა, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუციების მზადყოფნა დააფიქსირა და ამ დროს ევროსასამართლოს წინაშე მნიშვნელოვან უხერხულობაში აღმოჩნდა. ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოა და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ევროპული სასამართლო მომავალშიც კრიტიკულად მიუდგება საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს, რადგან ადამიანის უფლებების დაცვის თამასა, როგორც ასოცირებულ ქვეყანას და, ასევე, ევროპარლამენტს, საქართველოსთან მიმართებით უფრო მაღლა აქვს აწეული. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვინ დაიკავებს ევროსასამართლოში საქართველოს მოსამართლის კანდიდატურას. ეს არ არის სიმბოლური პოზიცია და თანამდებობა, ეს ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ საფუძვლებს უკავშირდება, რადგან ევროსასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრები არა რომელიმე თანამდებობის პირს ეხება, არამედ, ეს საჩივრები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაა, რომელმაც თავისი კონსტიტუციური ვალდებულება ეროვნულ დონეზე არ შეასრულა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ვერ დაიცვა, რომელიც ევროკონვენციით არის გარანტირებული. საქართველოდან წარგზავნილ საჩივრებს ევროსასამართლოში საქართველოს მოსამართლის სახით იმდენად მიუკერძოებელი, პირუთვნელი, პროფესიონალი და შეუბღალავი რეპუტაციის პიროვნება უნდა დახვდეს, რომლის მიმართაც არანაირი კითხვა არ იქნება პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, ევროსასამართლომ წინა შემთხვევაში დაწუნებულ კანდიდატებთან დაკავშირებით სწორედ ასეთი გარემოება შეამჩნია, შეაფასა, კანდიდატები ამ თვალსაზრისით შეუფერებლად მიიჩნია და ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც უხერხულობის წინაშე დააყენა არა მარტო ხელისუფლება, არამედ სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ თვალსაზრისით მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ახალ კონკურსში ევროსასამართლოს მხრიდან დაწუნებული კანდიდატები, არ არის გამორიცხული, ახალ კონკურსში ის კანდიდატებიც ვიხილოთ, რომლებიც ადრე შესარჩევი კონკურსის შემდეგ სამეულში ვერ მოხვდნენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოსაც, სამოქალაქო საზოგადოებასაც და მოქალაქეებსაც ძალიან მკვეთრი გამოცდილება ჩამოუყალიბდათ, უფრო გაზრდილია მოთხოვნა პერსონების მიმართ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით და მოლოდინი მაქვს, რომ სახელმწიფო და წარგზავნილი ახალი კანდიდატები იმ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, რომელსაც ევროსასამართლო გვთავაზობს. სხვა შემთხვევაში კვლავ მივიღებთ კანდიდატების დაწუნების საკითხს და ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წინდახედულება ჰმართებს.

 

თამარ ბატიაშილი