სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს?..

როგორც ყველგან, პოლიტიკაშიც ყველაფერს თავისი დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული აქვს. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ამ ფორმაციაზე უარი თქვა და ნახტომებით აპირებს საფეხურიდან საფეხურზე გადასვლას. ასე იქცევა ყველა განხრით და ბევრს სწორედ ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ სადღაც ჩქარობს _ თითქოს იმიტომ, რომ ცოტა დრო აქვს, თითქოს იმიტომ, რომ ეშინია, არ აცალონ, თითქოს იმიტომ, რომ დავალება აქვს შესასრულებელი და ეშინია, ვადები არ დაარღვიოს…

ყველაზე კურიოზული ისაა, რომ ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები, ჯერაც ვერ მივეჩვიეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში აზროვნებასა და სწორი დასკვნების გამოტანას. ამჯერად ყურადღების გადატანის მეთოდებს ვგულისხმობ: იმის მიუხედავად, რომ ეს მეთოდი აპრობირებულია, გამოცდილია სსრკ-ში და არა მარტო იქ, დაძველებულიც კია, კაცმა რომ თქვას, მაგრამ მაინც, _ ამ მეთოდს დღემდე არ აქვს ანალოგი და ეს არაერთხელ დადასტურებულა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

იმ დროს, როცა ჩვენ „ფეისბუქზე“ ვღლიცინებდით, ბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირების გაშარჟებაში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და ვანო ჯავახიშვილის მახვილგონივრულ იუმორზე ვთახთახებდით, თბილისში, კანცელარიის ერთ ოთახში, გიორგი კვირიკაშვილი და კარენ კარაპეტიანი შეიკეტნენ და საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მსჯელობაცაა და მსჯელობაც _ შესაძლოა, კულუარული გარიგებაც კი შედგა და ჩვენ, ახითხითებულებს, ისიც კი არ მოგვეჩვენა საეჭვოდ, რომ ორი ქვეყნის პრემიერმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციულ ბრიფინგზე უარი თქვა და ჟურნალისტების მხრიდან ჩაკირკიტება-ჩაკითხვებს ამ გზით აარიდა თავი.

რასაკვირველია, ვიზიტი საიდუმლო ვერ იქნებოდა და არც ყოფილა: კარაპეტიანის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დღისით-მზისით დაეშვა, კანცელარიაში შეხვედრაც დღისით-მზისით შედგა და ფოტოებიც აიტვირთა პრემიერ კვირიკაშვილის ოფიციალურ გვერდზე, მედიაში რელიზიც გავიდა და კლასიკური კადრებიც ტელევიზიით, ორი პრემიერის „სერდეჩნოე რუკაპაჟატიეს“ ფონით.

და მაინც, შეხვედრამ უამრავი შეკითხვა დატოვა, ხოლო კანცელარიაში, ჟურნალისტების შეკითხვების გარეშე, შეხვედრის შედეგების შეჯამების დროს, ჩვენმა მუდამ ფიქრით შუბლშეჭმუხნილმა პრემიერმა მოგვახსენა, რომ „მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილეს, მათ შორის, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ტურიზმის სფეროებში“.

დიდებულია! ამას რა სჯობს, როცა მეზობელთან კარგი ურთიერთობა გაქვს, ის თბილისში ჩამოდის, შენ ერევანში მიდიხარ, ისიც კმაყოფილია და _ შენც. მაგრამ ფაქტია, რომ კარაპეტიანს ნაკლებად აღელვებდა საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობანი _ მას რუსეთთან სატრანზიტო დერეფნის სახით საქართველოს გამოყენება აინტერესებდა და, როგორც ჩანს, ეს ინტერესი დაიკმაყოფილა კიდეც, რადგან აქედან წასულს ხმაში რიხი შეემატა და ერევანში განაცხადა, მალე ლარსის ალტერნატიული გზაც გვექნება, ოღონდ ახლა ყველაფერს ვერ გეტყვითო.

დიახ, მალეო, _ ასე თქვა. და ყველაფერს ვერ გეტყვითო, _ ჯენტლმენია კაცი, ხომ ვერ დაარღვევდა შეთანხმებას: როგორც ჩანს, შეხვედრის დეტალების არგახმაურება პრემიერმა კვირიკაშვილმა ითხოვა.

რა თქმა უნდა, აქ ლეგიტიმური კითხვა ჩნდება: რა აზრი აქვს ამ შეთანხმების (ანუ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის) დამალვას, საბოლოოდ ხომ ყველაფერი მაინც ცხადი გახდება?

არა, ეს მხოლოდ თავის დანუგეშებაა და იმის ცრუ მოლოდინი, რომ პულსზე ხელი გვიდევს და ვერავინ ვერაფერს გამოგვაპარებს. რატომ? ინებეთ ანალოგები, ეს ცნობილი მეთოდია:

1992 წელს, საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლამდე, ბატალიონ „თეთრი გიორგის“ მეთაური, მერე კი გვარდიის სარდალი გია ყარყარაშვილი, ზუგდიდში სამთავრობო ჯარების შეყვანისას, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი უამრავი ადამიანის წინაშე ამბობდა:

„არის ვარაუდი, რომ ჩვენ შევარდნაძის ჩამოსაყვანად ვიბრძვით, მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს ტყუილია. იმ „თეთრ მელას“ აქ ჩამოსასვლელი პირი არ აქვს და თუ ჩამოვა, მე პირველი ვიქნები, ვინც ამას იარაღით ხელში დაუპირისპირდება“. მახსოვს, მაშინ გია ყარყარაშვილს ამ სიტყვების გამო ზუგდიდლებმაც კი, რომელთა ქუჩებს, სულ მალე, აწიოკება ემუქრებოდა, ტაში დაუკრეს. რა მოხდა შემდეგ, ალბათ, გეხსომებათ: ყარყარაშვილი შევარდნაძის მთავრობის თავდაცვის მინისტრი გახდა.

1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ, როცა თბილისში, „იმელის“ შენობაში, პარლამენტის სხდომები იმართებოდა, ედუარდ შევარდნაძე, ვახტანგ გოგუაძე, ვახტანგ რჩეულიშვილი და სხვები კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ საქართველო დსთ-ში („სნგ“ _ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) შესვლას აპირებდა. შედეგი ყველას გვახსოვს…

ასეა, ჯერ უნდა იყვირო, რომ რასაც აპირებ, რაც გულში გაქვს, აბსოლუტურად მიუღებელია, ხოლო შემდეგ, უცებ, ფაქტის წინაშე დააყენო საზოგადოება. შევარდნაძემაც დსთ-ში შესვლის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. კვირიკაშვილი ჯერ ვერ იტყვის, რკინიგზის გახსნაზე იმიტომ დავთანხმდით, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდაო, მაგრამ ბოლოს მაინც აღმოჩნდება, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით ასეთი ნაბიჯის გადადგმა გამართლებული იყო, როგორც ეს „გაზპრომის“ შემთხვევაში აღმოჩნდა.

და მაინც, სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს მოსკოვი-ერევანი? რატომ არის ეს გზა უგზოობის ტოლფასი და როდიდან, რა ფორმით დაიწყო მის აღდგენაზე საუბარი?

რკინიგზის აღდგენის თემა მაშინვე აქტუალური იყო, როცა ცხადი გახდა, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად მონათლული დაპირისპირება, ასე თუ ისე, დაკონსერვდა. ამის მიუხედავად, საკითხი მკვდარი წერტილიდან არ იძროდა არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის მმართველობის პირობებში. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, თუმცა შეიცვალა თუ არა 2013 წელს საქართველოში ხელისუფლება, ახალი ხელისუფლების პირველი ვიზიტები სწორედ სომხეთში შედგა.

მანამდეც საინტერესოდ ვითარდებოდა ქრონოლოგია და მის აღსადგენად „ქრონიკა+“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალ წევრს, რუსუდან ცირეკიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დოკუმენტურად გაიხსენა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თემას უკავშირდება:

_ ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ, 2012 წლის მარტში დაიწყო, როცა ვლადიმირ პუტინმა არჩევნების შემდეგ ინტერვიუში ორი თემა დაასახელა, რაზეც სააკაშვილმა, მისი თქმით, „გადააგდო“: აფხაზეთის რკინიგზა და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნა.

2012 წლის დეკემბერში პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „გაცილებით მომგებიანი იქნება, თუ ტრანზიტულ ტვირთებს, არა ახალი ხაზით, ყარსი-ახალქალაქით (რუსეთის გვერდის ავლით), არამედ სოჭის მიმართულებით გავუშვებთ“.

მაშინ პრემიერის ამ განცხადებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა და, რასაკვირველია, ივანიშვილმაც ვრცელი „ჩანმარტება“ მოაყოლა, _ ასე კი არ მითქვამს, თქვენ ვერ გაიგეთ სწორადო.

2013 წლის იანვარში ივანიშვილის სომხეთში ვიზიტისას სერჟ სარქისიანმა თქვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, დამარწმუნა, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება და სომხეთისთვისაცო.

თავად ბიძინა ივანიშვილმა კი თქვა: „ეს არის ფაქიზი თემა, მასთან ჩვენი დამოკიდებულება უცვლელი რჩება. ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს ეკონომიკისთვის დადებითი საქმეა. როცა ჩვენც დავრწმუნდებით და საზოგადოებასაც დავარწმუნებთ, რომ ეს კარგია, ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერთ ამას“.

რასაკვირველია, გზავნილი საკმაოდ ნათელი და კონკრეტული იყო, თუმცა საზოგადოების დარწმუნება არც ისე ადვილი საქმეა _ ამისთვის „ქართულ ოცნებას“ ამ კუთხით უფრო მეტად გამოსადეგი ადამიანური რესურსი უნდა ჰქონოდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო…

2013 წლის აპრილში პაატა ზაქარეიშვილი ამბობდა: „ქართული მხარე არ არის წინააღმდეგი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის, რკინიგზა შეიძლება არ აღდგეს საბოლოო ჯამში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საქართველოს მხარის, ქართული მხარის ბრალი… მე მიმაჩნია, რომ რკინიგზის აღდგენა ერთიორად ხელს შეუწყობს ძალიან ბევრი საკითხის მოგვარებას, როგორც ეკონომიკური, ისე რეგიონული და კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისითაც“.

2013 წლის ივნისში ჩიორა თაქთაქიშვილმა გაახმაურა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დასკვნაში არსებული ჩანაწერი აფხაზური პასპორტების აღიარებაზე და ასევე, იმ ნაწილზე, სადაც ეწერა, რომ ახალი ხელისუფლება მზადაა, რკინიგზის აღდგენის საკითხს გადახედოს. ჩანაწერი ორიგინალში ასე გამოიყურებოდა:

„51. თო ფურტჰერ ფაცილიტატე ტრადე ანდ ინცრეასე ფრეედომ ოფ მოვემენტ, ტჰე ნეწ გოვერნმენტ საყს იტ ის წილლინგ ტო

ცონსიდერ რესტორინგ ტჰე რაილწაყ ოვერ ტჰე ABL ბეტწეენ ტჰე თბილისი- ანდ შუკჰუმი-ცონტროლლედ ტერრიტორიეს“.

ამაზე ხელისუფლებამ მაშინ ერთი ვაიუშველებელი ატეხა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და ენმ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს.

2013 წლის 28 ივნისს სერგეი შამბამ ინტერვიუში განაცხადა, რომ „აფხაზეთი აფხაზური რკინიგზის აღდგენას დათანხმდება…“ „…მიმაჩნია, რომ მოცემული საკითხი საინტერესოა აფხაზეთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არსებული კომუნიკაციები ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს და ამით წყდება ჩვენი ყველა სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური საკითხები.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი მაინც ერთგული რჩება თავისი მოკავშირული ურთიერთობებისა რუსეთთან, ეჭვი არ მეპარება, რომ, საბოლოო ჯამში, ის დასთანხმდება ასეთ პროექტს, თუ საქართველო უარს იტყვის ამ პროექტზე, იგი კიდევ უფრო მეტად დასცილდება აფხაზეთს. „საქართველო ამ რკინიგზის გახსნით უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, ვიდრე აფხაზეთი“, _ აღნიშნა მაშინ შამბამ.

2013 წლის 3 ივლისი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზა აუცილებლად აღდგება:

„რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზას, ეს საკითხი ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, რკინიგზა უნდა გაიხსნას. ეს, ზოგადად, რაც შეიძლება, რომ ვთქვა. საუბედუროდ, ძალიან ხშირად მსგავს საკითხებში ბევრს თამაშობს პოლიტიკა. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რამეთუ აქ კითხვები არსებობს, გვაქვს რაღაც კითხვები, მათ შორის, რუსეთთან. აფხაზებთან ჩვენ ვახერხებთ სახალხო დიპლომატიის დამსახურებით ინფორმაციის გაცვლას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ზედმეტ ვნებათაღელვას არ გამოიწვევს. ჩემი აზრით, ეს საკითხი დღეს ზედმეტად პოლიტიკურია. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მაშინ, როცა კითხვები აღარ იარსებებს. საერთო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის გადაჭრას მოვახერხებთ და რკინიგზა აუცილებლად აღდგება“.

2013 წლის 6 სექტემბერი, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ბაღდასარიანი „Новости-Армения“-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი თანახმა არიან, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მონაკვეთი გაიხსნას: „ქართულმა მხარემ თანხმობა მოგვცა, ასევე თანახმა არიან რუსეთი და აფხაზეთი. თუმცა ეს პროცესია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კონფლიქტური მხარეები. მთავარია, რომ ამ რკინიგზის მონაკვეთის გახსნის პოლიტიკური ნება არსებობს“, _ რასაკვირველია, ხელისუფლებაში ისევ განაცხადეს, რომ ეს ბაღდასარიანის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა, მოვლენების განვითარებამ დაადასტურა, რომ ასე არ არის.

2013 წლის 11 ოქტომბერი, პარასკევი, „მაესტროს“ საღამოს საინფორმაციო გამოშვება: ზურაბ აბაშიძე აკეთებს კომენტარს საქართველოდან ხილისა და ციტრუსების გატანაზე რუსეთში და ამბობს:

„ჩვენი სატრანსპორტო კომპანიები ჩაერთვებიან ამ პროცესში, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ამავე დროს, რკინიგზითაც მოხდება შემდეგში ტრანსპორტირება. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მიღწეულია შეთანხმება“.

ამავე კონტექსტში უნდა გავიხსენოთ 2014 წლის იანვარში რუსეთის სტარტეგიული კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილის, ჩერნოვის ჩვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენი მოხსენება სომხეთში, სადაც მან თქვა:

„Прямая граница между Россией и Арменией, Евразийским союзом и Арменией будет установлена в ближайшие 2-4 года, Россия получит прямой выход в Армению, а Армения – в Россию, беспрепятственный доступ к Черному и Каспийскому морям“.

2014 წლის 18 ივნისი, „კურიერში“ გადის სიუჟეტი აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე.

სერჟ სარქისიანის კომენტარი:

„ეს საკითხი არ არის მარტო რუსეთისა და სომხეთის გადასაწყვეტი, არსებობენ სხვა მხარეებიც (Зависит от других сторон тоже) _ ანუ მან, სიმბოლურად, აფხაზეთი და საქართველო, როგორც მხარეები, ცალ-ცალკე იგულისხმა…

2014 წლის 16 ივნისი, ზურაბ აბაშიძის განცხადება:

„Грузия готова к диалогу с Россией по Абхазской железной дороге.

Грузинская сторона готова внимательно выслушать предложения России по восстановлению железнодорожного сообщения через Абхазию.

У нас есть серьёзные условия для открытия железнодорожного движения, и если со стороны России будет серьёзная инициатива, мы готовы очень внимательно выслушать её, но мы также предложим свои условия“, _ ამბობდა ის.

2014 წლის 7 ნოემბერი, სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილის, არტურ არაკელიანის მიერ გაკეთებეული განცხადება, სადაც ის პირდაპირ საუბრობს აღნიშნული მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და მასში ქართული მხარის მონაწილეობაზე.

2014 წლის 24 ნოემბერი, პუტინის განცხადება სოჭში, სოხუმთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სადაც მან პირდაპირი მინიშნება გააკეთა მარშრუტის სარგებლიანობასა და მისი აღდგენის მხარდაჭერაზე.

2014 წლის 14 ნოემბერი, სოჭი, რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, ვლადისლავ სურკოვის განცახდება იმის თაობაზე, რომ თბილისი აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა.

2014 წლის 14 ნოემბერი, რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა „კავკაზსკი უზელ“-ს განუცხადა, რომ აფხაზეთისთვის აღნიშნული პროექტი საინტერესოა. ინტერვიუ თარიღდება 2014 წლის 14 ნოემბრით.

2014 წლის 20 ნოემბერი, პაატა ზაქარეიშვილი: „ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ რკინიგზის გახსნაში, თუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები იქნება გათვალისწინებული“.

პარალელურად, თამარ ბერუჩაშვილი აცხადებდა, რომ არანაირი მოლაპარაკება ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული, თუ სხვა ტიპის პროექტი განხილული იქნება, თუ ის ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესს.

2014 წლის 24 ნოემბერი, პაატა ზაქარეიშვლის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობს საქართველოს პოლიტიკური ელიტის შესაძლო მზაობაზე, განიხილოს აღნიშნული საკითხი.

2014 წლის 27 ნოემბერი, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ტარასიანის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო მზადაა, თავისუფალი სატრანზიტო დერეფანი მისცეს სომხეთს: „Грузия готова предоставить свободный транзитный коридор для экспорта армянских товаров в страны Евразийского экономического союза, – сказал в среду заместитель министра экономики, Эмиль Тарасян в ходе организованных Союзом промышленников и предпринимателей Армении обсуждений по вопросам“.

მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ მოლაპარაკებებს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემაზე რუსეთთან:

„ის, რომ სადღაც კულისებში მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკება, არის წმინდა წყლის სპეკულაცია. იქამდე, სანამ რაიმე დადებითი დინამიკა არ იქნება რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ველზე, ამ პრობლემის განხილვა ჩემთვის წარმოუდგენელია.

ეს არის დაკავშირებული იმ პოლიტიკურ პრობლემასთან, რასაც საქართველოსთვის აფხაზეთის პრობლემა ჰქვია. ამ პრობლემის მოგვარების გარეშე წარმოუდგენელია იმ პრობლემის მოგვარება, რასაც რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო აღდგენა ჰქვია“, _ ამბობდა კვირიკაშვილი.

2015 წლის 26 თებერვალი, პრაღაში კარასიძე-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ კარასინის კომენტარი. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით: „გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა არა დეტალურად, რადგან ეს საკითხი აფხაზური მხარის მონაწილეობით უნდა განიხილონ“.

როგორც რუსუდან ცირეკიძე ამბობს, ამ ფაქტების თანმიმდევრობით გაანალიზებით მხოლოდ ერთი რამ იკვეთება: საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ღალატის ქრონოლოგიაა, ყველაზე ცინიკურად კი მას ის ეჩვენება, რომ „მხარეები“ აქეთ გვამადლიან რკინიგზის შესაძლო აღდგენას. ანუ სომხური მხარე კი არ ამბობს, ეს გზა მე მჭირდებაო, პირიქით, იმას ამბობდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოსთვისაც და სომხეთისთვისაც მოგებიანი იქნებაო; სერგეი შამბა, საერთოდაც, აქეთ გვეუბნება, თქვენთვის უფრო საჭიროა ეგ გზა, ვიდრე ჩვენთვისო და, რაც ყველაზე მეტად ცინიკურია, სომხეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ამ საკითხის განხილვაში, რუსეთისა და სომხეთის გარდა, „სხვა მხარეებიც“ მონაწილეობენ.

თუ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის ადრინდელ კომენტარებს გადავხედავთ, ერთი ამბობდა, რომ „სანამ პოლიტიკური ფონი არსებობს, საკითხის განხილვა საფრთხილოა“, ხოლო მეორე აღნიშნავდა, რომ საკითხის განხილვა წარმოუდგენელია, სანამ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის პოლიტიკურ ველზე დადებითისკენ რაიმე არსებითად არ შეიცვლებაო. როგორც ჩანს, ერთსაც და მეორესაც უკვე ჰგონია, რომ რუსეთთან ურთიერთობა დათბა, ხოლო საზოგადოება იმდენადაა გადართული სხვა საკითხებზე, რომ რკინიგზის აღდგენის საკითხის „გაპარება“ უმტკივნეულოდ მოხერხდება…

როგორც მოსალოდნელი იყო, რკინიგზის გახსნის თაობაზე შესაძლო კულუარული მოლაპარაკებების არსებობას საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდანაც მოჰყვა გამოხმაურებები. მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ თუ ამ საკითხზე ისევ გაგრძელდება შესაძლო კულუარული საუბრები და ის არ გასაჯაროვდება, ხელისუფლება მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მიიღებს.

ნიკა რურუა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზა გაიხსნება, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს, ეს გამორიცხავს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე დევნილების დაბრუნებას და არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას.

რურუას განცხადებით, საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტის შემდეგ, საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ მან და გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს.

ეჭვს საფუძვლიანს ხდის აღნიშნულთან დაკავშირებით  კარაპეტიანის მკაფიო განცხადებაც, რაც შემდგომ სომხურმა და რუსულმა მედიამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა გაიხსნება.

„აფხაზეთის რკინიგზის გახსნა სრულიად დაუშვებელია. ეს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს, გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ჩვენი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას.

აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ეროვნული ინტერესების ღია ღალატია და დაუშვებელია, როგორც მტრული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ რუსებს, სეპარატისტებს ახეირებს,  ამასთან, გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დაასუსტებს ტვირთბრუნვას ფოთის პორტში და გაგვიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან.

აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია გაჟღერდა აბაშაიძე-კარასინის ფორმატშიც, რომელიც აშკარად სცილდება თავდაპირველი ფორმატის საზღვარს, რადგან ეს ფორმატი მხოლოდ ეკონომიკური საკითხებისთვისაა შექმნილი.

აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ცალსახად პოლიტიკური საკითხია. სწორედ ამიტომ, აბაშიძე უნდა გამოცხადდეს პარლამენტში და ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ დაგროვდა.

ხსენებულ თემაზე მოლაპარაკებებს, რომელიც კულუარულ ფორმატში მიმდინარეობს, ფართო საზოგადოებრივი განსჯის ფორმატი უნდა მიეცეს. თუ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, ჩვენ პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ, რასაც სახალხო ვნებათაღელვა მოჰყვება, რადგან ეს ფაქტი გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, _ აცხადებს რურუა.

მანამდე კი, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ აფხაზეთშიც გაზაფხულს ელოდებიან. 2015 წელს რუსეთის სამხედრო-სარკინიგზო ჯარებმა უკვე მიიღეს დავალება, რომ გაწმინდონ გავერანებული რკინიგზის მონაკვეთი ენგურის ხიდამდე და ამ დავალების შესრულებას ისინი უკვე მორჩნენ.

შესწავლილია გზა, შესრულებულია განაღმვა, აღრიცხულია ის მონაკვეთები, სადაც რკინიგზა მთლიანად ან ნაწილობრივ არის დასაგები. მეტიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ენგურიდან დაწყებული ოჩამჩირემდე (ოჩამჩირის იქით, სოხუმი-სოჭის მიმართულება უკვე აღდგენილია, იქ მატარებლებიც მოძრაობენ) სარკინიგზო მონაკვეთის გასწვრივ დასაწყობებულია სამშენებლო მასალები და რელსები, დაყენებულია კოშკურები, ობიექტებს კი რუსეთის სამხედრო-სარკინიგზო ჯარების წარმომადგენლები დარაჯობენ.

 

ლაშა ბერულავა