არევის გეგმა ენმ-ში: ვინ ვის ლობირებს და ვინ არის „მნგრეველი“ კანდიდატი ზუგდიდში?

სამეგრელო და სამეგრელოში განახლებული ენმ-ს პოზიციები ისევ დიდი განხილვის თემაა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან რეგიონისა და ამ რეგიონში სხვადასხვა დონის არჩევნების დროს ნაჩვენები შედეგების მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი სწორედ ენმ-ს სამეგრელოს აქტივია.

სამეგრელოს რეგიონის როლის მნიშვნელობაზე კითხვის ნიშნები არც ხელისუფლებას აქვს და არც _ ოპოზიციას. მხოლოდ იმის გახსენება რად ღირს, რომ სწორედ სამეგრელოდან აიღო სათავე „ვარდების რევოლუციამ“ და იმ ცხრაწლიან პერიოდშიც, რომელიც ზოგისთვის აღმშენებლობის, ზოგისთვის კი „სისხლიანი“ პერიოდი იყო, სწორედ სამეგრელო თამაშობდა მნიშვნელოვან როლს და სწორედ ამ რეგიონში დაირწა ინფრასტრუქტურული განვითარების აკვანი.

მიხეილ სააკაშვილი რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სამეგრელოს, არც ესაა ვინმესთვის საიდუმლო. ვინ, ვინ და იქ მცხოვრებმა და მომუშავე ჟურნალისტებმა მაინც ზუსტად იციან, რამდენჯერ გაუღვიძებიათ თბილისიდან ღამის ორ, სამ საათზე ან გარიჟრაჟზე, სააკაშვილი ანაკლიაში ჩადის და დახვდითო.

ანაკლია-ლაზიკა ჯერ დავიწყებას მიეცა, ახლა კი მოქმედმა ხელისუფლებამ, დაინახა რა ამ კუთხის შემდგომი განვითარების პერსპექტივა, სააკაშვილის დროს დაწყებული პროექტების გაყინვა-გაუქმების წამგებიანი მხარეც კარგად გაითავისა და გადაწყვიტა, სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს, ანუ ის, რაც წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო, თავის აქტიურობად გაასაღოს.

მართალია, ჯერჯერობით, იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს კიდევ უფრო წამგებიანია მათთვის, მაგრამ ყურადღების გადატანას, ჯერ კიდევ, ახერხებენ და, შეიძლება ითქვას, სპეცსამსახურების, ძალოვანი სტრუქტურების მთელი სპექტრი იმაზეა გადართული, მოსახლეობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება გააჩინოს, პარტიის დისკრედიტირება მოახდინოს და ამით თავიდან აიცილოს ის შესაძლო უსიამოვნო შედეგები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ელოდება.

აპრობირებული თუ ახალი მეთოდების გამოყენებით, სამეგრელოში ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია, ანუ ამოცანა ნომერი პირველი, _ რაც შეეხება საჯარო გახადონ ენმ-ში არსებული დაპირისპირება და მოსახლეობას დაანახვონ, აი, თქვენი რჩეულები ერთმანეთს როგორ ჭამენო, უკვე შესრულებულია: ჯინი ბოთლიდან უკვე ამოშვებულია და ამ საქმეში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის უნებლიე მოკავშირეებად სწორედ ისინი გამოდიან, რომლებსაც, თავის დროზე, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან ნდობა ჰქონდათ გამოცხადებული და რომელთა სიტყვა ამ დრომდე ანგარიშგასაწევია ამომრჩეველთა იმ ნაწილში, ვისაც ჯერაც არ დაუკარგავს ენმ-ს მიმართ ნდობა.

სანამ უშუალოდ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე გადავიდოდეთ, მოკლედ უნდა განვიხილოთ ის სოციალურ-პოლიტიკური ფონი, ის პოლიტიკური მოცემულობა, რაც ამ დროისთვის სამეგრელოში არსებობს, რადგან ამ მოცემულობის გაუთვალისწინებლად სურათი კონტექსტიდან ერთობ ამოგლეჯილი იქნება:

სოციალური ფონი ყველა წინაპირობას იძლევა, რომ გაზაფხულზე სამეგრელოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს. ბუნებრივია, რეგიონში ასეთი პროტესტი სპონტანურად ვერ დაიწყება და ამისთვის რომელიმე პოლიტიკური გუნდის ინიციატივაა საჭირო. ასეთად სამეგრელოში ან ენმ განიხილება, ან „ევროპული საქართველო“, თუმცა როგორც ერთი, ასევე მეორე ორგანიზაცია, ამ ეტაპზე, ამხელა ტვირთის საკუთარ თავზე ასაღებად, სამწუხაროდ, მზად არ არის:

ენმ შიდაპარტიულ „რაზბორკებშია“ ჩართული. ეს მას შემდეგაა დამახასიათებელი, რაც პარტია ადგილზე დატოვეს მისმა ყოფილმა მმართველებმა, რომლებიც, ამავდროულად, პარლამენტში არიან წარმოდგენილი, ხოლო „ევროპული საქართველო“ ჯერაც ემბრიონის პოზაშია და მსგავსი მასშტაბის პოლიტიკური აქტივობისთვის, უბარლოდ, ადამიანური რესურსიც არ გააჩნია.

ამასთან, როგორც ენმ-ს სამეგრელოს აქტივის ნაწილში ამბობენ, „ევროპული საქართველოს“ ის წევრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ენმ-ს სამეგრელოს ორგანიზაციის ვერტიკალს წარმოადგენდნენ, აქტიურად, მაგრამ ფარულად არიან ჩართული „მოწინააღმდეგის ბანაკში“ (ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგედ ენმ განიხილება და არა „ოცნება“) არეულობის შესატანად.

ყოველ შემთხვევაში, იმ პროცესებში, რაც ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციაში მიმდინარეობს და რაზეც ქვემოთ ვრცლად დავწერთ, ბევრნი სწორედ გუნავა-დამენიას ხელს ხედავენ და ფიქრობენ, რომ ენმ-დან წასულები პარტიაში დარჩენილი პირებიდან მათთვის სასურველის შერჩევით ცდილობენ, კონტროლი შეინარჩუნონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანიზაციაზე.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამ ბრალდებებს უარყოფენ და ხაზს უსვამენ, რომ პარტიაში სწორედ ისეთი პროცესები დაიწყო, როგორსაც ისინი პროგნოზირებდნენ და რასაც, პრინციპში, გაერიდნენ კიდეც. მათი თქმით, სამეგრელოში ერთმანეთს ე. წ. ახალაიების ფრთა და გოროზია-კონჯარია-წითლიძის ფრთა უპირისპირდება, ამ დაპირისპირებაში კი მათი ხელი არ ურევია. მათივე თქმით, ამ ყველაფრისთვის წერტილის დასმა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, რადგან რაც უფრო მეტი იქნება შიდა დაპირისპირების მუხტი ენმ-ს კულუარებში, მით უფრო მეტად გაძლიერდება ის. „ევროპულ საქართველოსთან“ აფილირებული პირები „ქრონიკა+“-ს ინკოგნიტოდ დარჩენის პირობით უმხელენ, რომ, მათი აზრით, სააკაშვილი ახალაიების ფრთის წარმომადგენლებს ენდობა, მაგრამ მათი იმ დონეზე გაძლიერებაც არ სურს, რომ სამეგრელოში ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ, ამიტომაც თვითონ ისეთ პოზას იღებს, რომ მოვლენებში არ ერევა.

დაპირისპირების თემა სამეგრელოში გოროზია-კონჯარიას თითქოსდა უკვე შემდგარი ტანდემი გახდა, რომელსაც, ადგილობრივი აქტივის ნაწილის სახით, ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ანი წითლიძე უჭერს მხარს. თავად ანი წითლიძე მისი მხრიდან ყველანაირ ლობირებას გამორიცხავს:

„…რას ნიშნავს, ვლობირებ? ეს კაცი (ზაალ გოროზია, _ რედ.) ენმ-ს მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ჩემამდე იყო ეგ კაცი მანდ და კანდიდატი გახლდათ. მე რა უფლებით უნდა ჩავერიო იმაში, მარტვილი ვის აირჩევს? ან რა უფლებით უნდა ვურჩიო?

სინამდვილეში რომ ვერ ლობირებენ, თვითონ რომ უნდათ იმ კანდიდატებს, და რომ ვერ გაჰყავთ, სწორედ ამიტომ ატეხეს ეს გამოგონილი ისტერია გოროზიას ვითომ კლანზე, როდესაც ჩემამდე თვითონ იცნობდნენ და ახლა ამ ყველაფერს რეგიონული კონფერენციის გაჭიანურება დაემატა.

გოროზიას გარდა, 6 წარმომადგენელია კიდევ ასარჩევი სამეგრელოდან. იქნებ, სულ არ აირჩიეს წინასწარ გოროზია, რა იცით? ხალხს არ გინდათ, ჰკითხოთ, ვის აირჩევს?“ _ ამბობს ანი წითლიძე მასზე ატეხილი განხილვების შემდეგ.

როგორც „ქრონიკა+“ წინა ნომრებში წერდა, მზარდი უკმაყოფილება ენმ-ს სამეგრელოს სხვადასხვა ორგანიზაციაში იმან გამოიწვია, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სავარაუდო კანდიდატთა შორის მარტვილიდან ზაალ გოროზიას კანდიდატურა დასახელდა.

ზაალ გოროზია, რასაკვირველია, მაშინვე მის ძმასთან, ზაზა გოროზიასთან ასოცირდა, რომელიც სამეგრელოს გუბერნატორი იყო და სააკაშვილის ხელისუფლებაში სოფლის მეურნეობის მინისტრიც გახლდათ. გოროზიების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არახალია: ზოგი მიიჩნევს, რომ ზაზა გოროზიას 2012 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური აქტივობისთვის არ მუმართავს და ახლა მისი დაინტერესება ენმ-თი არაადეკვატურია (თუმცა ზაზა გოროზია არსად ფიგურირებს, თუ არ ჩავთვლით განხილვების დროს მის მხარდამჭერ და მოწინააღმდეგე განწყობებს), ხოლო მისი ძმის, ზაალ გოროზიას მიმართ ბრალდება, ძირითადად, იმაში გამოიხატება, რომ მართალია, 2012 წლის შემდეგ ის აქტიურად უჭერდა მხარს და განამტკიცებდა ენმ-ს პოზიციას მარტვილის საკრებულოს ჯიუტი თავმჯდომარის იმიჯით, მაგრამ 2014 წელს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატზე იმუშავა და ამიტომაც, ენმ-ს პოლიტსაბჭოში მოხვედრას არ იმსახურებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს პარტიული აქტივის ნაწილი იქამდეც კი მივიდა, რომ პარტიიდან ზაალ გოროზიას გარიცხვა მოითხოვა. გოროზიას წინააღმდეგ უარყოფითი დამოკიდებულებისთვის დამატებითი მოტივატორი თავად ზაალ გოროზიას არაადეკვატური რეაგირება გახდა კრიტიკაზე, რაც იმით გამოიხატა, რომ ფეისბუქზე დაწყებული განხილვის აქტიურ მონაწილეებს, მათ შორის, ილო ნიკოლაიშვილს (ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე) მან პირად მიმოწერაში აგინა, რაც ნიკოლაიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებულ მიმოწერას გამოეხმაურა თვითონ ჩიორა თაქთაქიშვილიც, რომელმაც დაწერა, რომ აქამდე არასდროს ჩარეულა სამეგრელოში მიმდინარე შიდაპატრიულ განხილვებში, ახლა კი იმედს გამოთქვამს, რომ ისეთ პიროვნებებს, როგორიც ზაალ გოროზიაა, ენმ-ს სამეგრელოს ორგანიზაციების კონფერენციის დელეგატები პოლიტსაბჭოში არ აირჩევენ.

ენმ-ს სამეგრელოს აქტივის ნაწილი მიიჩნევს, რომ ზაალ გოროზია და მის ლობისტებად დასახელებული ორი პირი ზუგდიდის ორგანიზაციიდან: ანა წითლიძე (ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი) და ლევან კონჯარია (ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე) ენმ-ს რაიონული კონფერენციების პირადი ნაცნობობით ადგენენ დელეგატთა სიებს, რომლებიც პოლიტსაბჭოში მათთვის სასურველ პირებს, მათ შორის, ზაალ გოროზიას აირჩევენ, რაც მათი აზრით, დაუშვებელია.

ზუგდიდის ორგანიზაციაში, ასევე, ამბობენ, რომ შესაძლოა, ამ ლობირების უკან ენმ-დან „ევროპულ საქართველოში“ გადასული დეპუტატები _ თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია იდგნენ, რათა ენმ-ში სიტუაცია მათთან დაახლოებული პირების მეშვეობით მართონ.

ენმ-ს წესდებისა და დელეგატთა არჩევის წესების თანახმად, სამეგრელოს 9 რაიონიდან ადგილობრივი კონფერენციების 191 დელეგატი პოლიტსაბჭოს 6 წევრს ირჩევს. ამ 192 დელეგატიდან 67 ზუგდიდზე მოდის, თუმცა ენმ-ს სამეგრელოს აქტივის ის ნაწილი, ვისაც ზაალ გოროზიასთან და სხვა პირებთან პრეტენზია აქვს, მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, „ზუგდიდის 67 დელეგატის ხმა არ აღმოჩნდეს გადამწყვეტი და ზაალ გოროზიას მსგავსი 6 კანდიდატი პოლიტსაბჭოში გაიყვანონ. ამ ექვსი პირის სია უკვე არსებობს“.

სწორედ მოვლენათა ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად ითხოვენ ისინი ენმ-ს ლიდერებთან შეხვედრას.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრა შედგა კიდეც თბილისში, სადაც პარტიის სათავო ოფისში სამეგრელოს ორგანიზაციების თავმჯდომარეები დაიბარეს. შეხვედრამ საკმაოდ მწვავედ ჩაიარა, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია ვერ დალაგდა, რადგან ამ „გენერალური“ შეხვედრის შემდეგაც გაგრძელდა ფეისბუქომი, რომლის ახალი ფაზა ანა წითლიძემ გააჩაღა, როცა დაწერა, რომ ცენტრი განგებ აჭიანურებს რეგიონული კონფერენციის ჩატარებას მაშინ, როცა სხვა რეგიონებში უკვე თითქმის ყველგან ჩატარდა და ზუგდიდში კი, იმის მიუხედავად, რომ უკვე კარგა ხანია, ყველაფერი მზადაა და პოლიტსაბჭოს მიერ ადრე დადგენილი ვადებითაც 28 თებერვლამდე უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი ვადით გადადებულია:

„ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით რეგიონული კონფერენციები, რომლებმაც საკუთარი წარმომადგენლობა უნდა აირჩიონ პოლიტსაბჭოში, 28 თებერვლამდე ყველა რეგიონში უნდა ჩატარებულიყო.

თითქმის ყველა რეგიონში კონფერენციები უკვე ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ დელეგატების სიები დამტკიცებულია და კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დიდი ხანია, ამოწურულია, სამეგრელოში სადაც რეგიონული კონფერენცია 17 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, გაუგებარი(?) მიზეზით გადაიდო.

ჩემთვისაც კი, როგორც პოლიტსაბჭოს წევრისთვის, გაუგებარია, რატომ ჭინაურდება დღემდე სამეგრელოს რეგიონული კონფერენციის თარიღის განსაზღვრა მაშინ, როდესაც ყველა რაიონი კონფერენციის ჩასატარებლად მზად არის და ყველა რაიონი ითხოვს კონფერენციის წესით დადგენილ ვადაში ჩატარებას?

რა ხდება? რა არ მოგწონთ? რამე განსაკუთრებული ხდება სამეგრელოში? რატომ არ აძლევთ სამეგრელოს უფლებას, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება? რას რევთ? რისი გეშინიათ? იმისი ხომ არა, რომ როგორც არასოდეს პარტიულ ისტორიაში, პირველად, სამეგრელო თვითონ წყვეტს, დღეს ვინ უნდა აირჩიოს თბილისის ჩარევების გარეშე?

არ გამოვა ეგ ამბავი!

სასწრაფოდ დანიშნეთ რეგიონული კონფერენციის თარიღი სამეგრელოში. ერთადერთი ფუნქცია კონკრეტულ სიტუაციაში რაც დღეს თბილისს აქვს, ეს არის! სამეგრელო თვითონ გადაწყვეტს, რა ქნას და როგორ“, _ აღნიშნა ანა წითლიძემ და მის ამ პოზიციას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

ამომრჩევლებისა და აქტივის პოზიციები, რომელთა წარმომადგენლები განსახილველად სწორედ ანა წითლიძეთან შეიკრიბნენ, ორად გაიყო: ერთნი ანა წითლიძეს საჯაროობას უწონებდნენ, მეორენი კი ეუბნებოდნენ, რომ პოლიტსაბჭოს წევრმა ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე უნდა განიხილოს და არა ასე საჯაროდ, რასაც თავად ანა წითლიძე არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ მანამდე სწორედ იმას უწუნებდნენ, პოლიტსაბჭოზე განსახილველი საკითხები რომ საჯაროდ არ ითქმებოდა ხოლმე.

სწორედ ამ განხილვების დროს გამოიკვეთა ანა წითლიძის პოზიცია, რომელიც, როგორც ჩანს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალაიების ფრთას და მათ „მეგისებად“ მოიხსენიებს. ისინი, ვინც თავს ანა წითლიძის ასისტენტებად, დამხმარეებად თუ მეგობრებად ასაღებენ, უფრო პირდაპირები არიან და „ახალაიების მხრიდან ბრძოლაზე“ წერენ. ამან დამატებითი გაღიზიანება გამოიწვია, მით უმეტეს, რომ კამათის დროს რამდენიმე „მეგისი“ ანა წითლიძემ, უბრალოდ, დაბლოკა. დაბლოკა ისინიც, ვინც მას სუს-ის აგენტობას აბრალებდა. ამან გამოიწვია მისი შედარება თამარ ჩერგოლეიშვილის მეთოდთან (რომელიც არც მალავს, რომ ცრუ ბრალდებების მოყვარულებს ბლოკავს, მათთან კამათში ფუჭად დროის ხარჯვის თავიდან ასაცილებლად) და ადრინდელი პოლიტსაბჭოს ცნობილი განცხადების პათოსთან, როდესაც ენმ-ს ლიდერები, ცესკოსთან არჩევნების რამეს ჩაშლილი საპროტესტო გამოსვლისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე კრიტიკის გამო, ამომრჩევლებს გაემიჯნენ.

სწორედ ამიტომ, ანა წითლიძემ, რომელიც განსაკუთრებული პოლიტიკური აქტივობით გამოირჩეოდა, გულშემატკივართა სამართლიანი შენიშვნებიც დაიმსახურა:

„ამომრჩეველს, პარტიის მხარდამჭერს, უფლება აქვს, გამოთქვას ეჭვები თქვენს შესახებ, გეძახოთ გაყიდული, მიყიდული, სუს-ის აგენტი, საკუთარ პრინციპებზე უარის მთქმელიც, მოკლედ, შეუძლია, სრულიად არასათანადოდ და უზრდელადაც გამოხატოს საკუთარი აზრი თქვენი პოზიციის მიმართ, თქვენ იგივეთი ვერ უპასუხებთ.

საჯარო პირი ხართ და ვალდებულება გაქვთ, ახსნათ საკუთარი პოზიცია, დამოკიდებულება, ქმედება, გადაწყვეტილება, მუდამ ახსნაში უნდა იყოთ. ესაა პოლიტიკოსობა. კიდევ, ამომრჩეველს და მხარდამჭერს, აქტივის წვერებს, ვერ დაჰყოფთ იმის მიხედვით _ ვინც მოგწონთ და ვინც არ მოგწონთ.

ვერც იმის მიხედვით, ვის მოსწონხართ და ვის _ არა. მუდმივ ახსნა-განმარტებაში უნდა იყოთ ჩართული, როდესაც თქვენი პოზიცია ეჭვებს იწვევს და ადამიანებს „შე მაქაცარიას ბიძაშვილო“ და „შე მეგისის მეგობარო“ არ უნდა უძახოთ, და არ უნდა მიაყენოთ შეურაცხყოფა, რომ ისინი ვიღაცას ახმოვანებენ და საკუთარი აზრის გამოხატვა არ შეუძლიათ.

ვინმე მაქაცარიას „ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც“ და „მეგისის მეგობრებიც“ იმ პარტიის მხარდამჭერები და აქტივის წევრები არიან, რომლის პოლიტსაბჭოს წევრიც ხართ. და არავის არ ექნება გარანტია, რომ მომავალში მხარდამჭერებს და აქტივის წევრებს იმიტომ არ მოექცევით უდიერად და ქედმაღლური ზიზღით, რომ მათი დამოკიდებულება თქვენს მიმართ არ მოგეწონებათ, რომ ისინი ვინმე სიჭინავა-ბაბუხადია, ან ვინმე სხვისი ბიძაშვილ-მამიდაშვილ-კლასელი იქნებიან და მოგეჩვენებათ, რომ მხოლოდ მათ ახმოვანებენ და საკუთარი აზრი არ გააჩნიათ…“ _ მიმართავს წითლიძეს ენმ-ს აქტიური მხარდამჭერი ეკა ჯანაშია, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო კატეგორიულია: „…თქვენ ძალიან კარგი გოგო ხართ _ მებრძოლი და პრინციპული, ოღონდაც გამოხატვის დისკუსიისა და ურთიერთობის ფორმები იმ ადამიანებთან, ვინც არ გეთანხმებათ, ვისაც ეჭვები აქვთ და ახსნა-გნმარტებებს მოითხოვენ, იმდენად წარმოუდგენლად მიუღებელი და ამაზრზენი გაქვთ, რომ თუ გინდათ, რაიმე წარმატებას მიაღწიოთ, უნდა შეცვალოთ. თუმცა თუ გოროზიას მართლაც ლობირებთ, შეგიძლიათ, არაფერიც არ შეცვალოთ, იმიტომ რომ ეს თქვენს მომავალ კარიერას ვერაფერს უშველის…“

როგორც ვნახეთ, ეკა ჯანაშიას პასუხში მაქაცარიას გვარი გაკრთა და აქ მივადექით ყველაზე მთავარს, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს მთელ ამ ორომტრიალში: საუბარია ლაშა მაქაცარიაზე, რომელიც ოდითგან ბაჩო ახალაიას კადრად, მის მხარდამჭერად მიიჩნეოდა ასაეთად დარჩა დღემდე _ ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ის მოიაზრება ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად.

ლაშა მაქაცარიას ზედმეტი წარდგენა, ალბათ, არც სჭირდება. „მნგრეველის“ სახელით თუ მეტსახელით ცნობილმა ამ პირმა, თავის დროზე, ქუთაისში სიტუაცია ისე დაალაგა, რომ მაფიის არა მარტო იმერელი ბოსები დატოვა სახტად და ხახამშრალი. ბუნებით ძალოვან ლაშა მაქაცარიას მართვის სტილიც შესაბამისი ჰქონდა და გუნდიც შესაბამისი ჰყავდა, რის გამოც დასახული მიზნის შესასრულებლად ყველაფერზე წასვლა მისთვის ნამდვილად არაა უცხო ხილი. ადგილზე

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ჯერ კიდევ, 2004 წლიდან უშიშროების საბჭოს წევრი, 1981 წელს დაბადებული ლაშა მაქაცარია კარგა ხანს იყო ამ ხელისუფლების სამიზნე _ თექვსმეტსაათიანი დაკითხვაც გაუვლია თბილისის პროკურატურაში, რამდენჯერმე სხვა დროსაც დაუბარებიათ დაკითხვაზე, მაგრამ მისგან სასურველი ჩვენების მიღებას ვერ მიაღწიეს.

სწორედ ამის გამო და კიდევ იმის გამო, რომ სამეგრელოში არსებული პრობლემების გამკლავებისთვის, ენმ-ს აქტივის ნაწილის აზრით, გამოცდილი და მკაცრი ხელის საჭირო, ლაშა მაქაცარიას კანდიდატურას აქტივის წევრები მხარს უჭერენ. რომელი მხარე გაიმარჯვებს, რა პოზიციას დაიკავებს მიხეილ სააკაშვილი და რა პოზიცია ექნება პოლიტსაბჭოს, მომავალში გამოჩნდება, თუმცა მანამდე ამ ორ ფრთას შორის დაპირისპირება თანდათან აშკარად გამოხატულ, ენმ-ს მხარდამჭერებისთვის შემაშფოთებელ მასშტაბებს იძენს, ამიტომაც ამ სურათსაც წერტილი უნდა დაესვას: ბოლოს და ბოლოს, ენმ-ს შიდა დაპირისპირების გარდა, სამეგრელოში უამრავი გამოწვევა არსებობს, რომელთა გამკლავება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა დაპირისპირებები და წამოყვედრებებით, სქრინშოტებითა და სხვადასხვა რეალური თუ არარეალური ფაქტის წამოძახებებით ერთმანეთისთვის ლაფის სროლა.

მარტო ის რად ღირს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლო გახსნის, აფხაზეთიდან დევნილთა სავალალო ყოფისა თუ ახლად აღმოცენებული „სამეგრელოს დამოუკიდებლობის“ გამომცხადებელი ორკაციანი ჯგუფის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანად საზოგადოებრივი აზრის მომწიფება სწორედ რომ ენმ-სა და მის აქტივს შეუძლია.

შიდა და მკვეთრად გამოხატული დაპირისპირება რომ უნდა დასრულდეს, საეჭვოდ არც ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრებს ჩიორა თაქთაქიშვილსა და ზაზა ბიბილაშვილს მიაჩნიათ. პოლიტსაბჭოს ორივე წევრი იმაზე მიანიშნებს, რომ დელეგატთა და პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობა სამეგრელოს ორგანიზაციებმა ცენტრიდან ჩაურევლად უნდა გაარკვიონ:

ზაზა ბიბილაშვილი: „ხალხმა თავად უნდა აირჩიოს თავისი წარმომადგენლები პოლიტსაბჭოში. ის დელეგატებიც, ვინც შემდეგ წარმომადგენლებს აირჩევენ, ასევე დემოკრატიულად უნდა იქნენ შერჩეული, შესაბამისი წესით. გამომდინარე აქედან, მე ამ პროცესში არ ჩავრეულვარ და არც ჩავერევი“.

 

ჩიორა თაქთაქიშვილი სამეგრელოს როლს განსაკუთრებულად აფასებს და ამბობს, რომ იქ ივანიშვილის გეგმა ვერასდროს იქნება ხორცშესხმული:

„დაუშვებელია, რომ სამეგრელოს, მისი მებრძოლი, პატრიოტი და იდეის ერთგული ხალხის ნაცვლად ვინმე სხვამ განსაზღვროს მათი ბედი. ბიძინა ივანიშვილმა, მისმა დაჭერებმა, სამსახურიდან გამოყრამ, სუს-ის კონტროლმა, გაქოცებულმა ყოფილმა თანამებრძოლებმა ვერ აიძულა სამეგრელო, რომ მიხეილ სააკაშვილზე უარი ეთქვა და ივანიშვილის წინაშე დაეჩოქა, ზუსტად ვიცი, რომ ეს ვერასოდეს მოხდება! და ისიც ვიცი, რომ სამეგრელოა ის ადგილი, რომელსაც ძალიან კარგი იმუნიტეტი აქვს „ქოცებზე“ მიყიდული და თანამდებობისმოყვარე ჩინოვნიკების მიმართ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. მე ვთხოვ მათ, არ აყვნენ სუს-ის პროვოკაციებს და იმოქმედონ პრინციპულად, ჭკვიანურად და იმ იდეის მხარდასაჭერად, რისი პირობაც ყველამ ერთად დავდეთ 20 იანვრის ყრილობაზე“.

 

ლაშა ბერულავა