ნიკოლოზ ხაჭაპურიძის სკანდალური აღიარება

ქ. თბილისის პროკურატურამ „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში დაბეჭდილი მასალების გამო გამოძიება დაიწყო, რითაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მასალები ავთენტურია.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხული ვარ, როგორც მოწმე, რადგან მოქალაქე გელა ღურწკაიამ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი სწორედ ჩემთან მოიტანა. საქმის გამომძიებლის მიერ ნამდვილად ვიყავი გაფრთხილებული, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საქმის მასალები, ასევე ის ცნობები, რომელიც ამ პერიოდში ჩემთვის გახდებოდა ცნობილი, არ გამეხმაურებინა. სისხლის სამართლის საქმეზე #010281215801 გამოძიება უკვე დასრულებულია და საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. გამოძების მიმდინარეობისას მე, როგორც საქმის მოწმეს, არ მიმიღია საქმის მასალები, შესაბამისად, არც გამიხმაურებია. რაც შეეხება „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნებულ გელა ღურწკაიას ჩვენებასა და ეკა ბესელიასთან კონსულტაციის ოქმს, აღნიშნული დოკუმენტები გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ გადმომცა. როგორც ჟურნალისტს, შესაბამისად, კანონი მავალდებულებს, წყარო არ გავთქვა. თუ, მაინცდამაინც, გაუთქმელობის ხელწერილზე მიდგება საქმე, გამოძიებას ვურჩევ, ადვოკატ ირმა ჭკადუას ინტერვიუებს გაეცნოს, სადაც ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მოწმე პირდაპირ ეთერში ყვება, რომ მიმდინარე გამოძიების პროცესში სისხლის სამართლის საქმის მასალები წმინდა სინოდსა და პატრიარქს გააცნო.

დღევანდელ ნომერში პირადი ფირების საქმის კიდევ ერთი მოწმის, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის ჩვენებას გთავაზობთ. მკითხველს შევახსენებთ, რომ ნიკოლოზ ხაჭაპურიძე არის პირი, რომელმაც გელა ღურწკაია „ქრონიკა+“-ის ოფისში საკუთარი ავტომანქანით მიიყვანა.

 

რას წერს ნიკოლოზ ხაჭაპურიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში:

„დაახლოებით ორი წელია, რაც ვცხოვრობ ქ. თბილისში, გლდანის მე-7 მიკრორაიონში, 1ა კორპუსში, ბინა 95-ში მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მანამდე, 2008 წლის, დაახლოებით, შემოდგომის პერიოდიდან, ვცხოვრობდი მცხეთის რაიონის სოფ. წეროვანში, დევნილთა დასახლებაში. მყავს ერთი და და ერთი ძმა. და, ნატო ხაჭაპურიძე, ცხოვრობს ქ. სენაკში, რომლის ზუსტი იურიდიული მისამართი არ მახსოვს. ძმა, ლევან ხაჭაპურიძე, ცხოვრობს თეთრი წყაროს რაიონის სოფ. კოდაში, დევნილთა დასახლებაში. წარმოშობით ვარ ცხინვალის რეგიონიდან, ლიახვის ხეობიდან, სოფ. ქურთიდან. დაახლოებით, 2013 წლიდან დღემდე საკუთრებაში მყავს და ვსარგებლობ შავი „სუბარუ ფორესტერის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით Z-099, მაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მუშაობის, დაახლოებით, 8 წლის სტაჟი და გამოცდილება. ბოლო პერიოდში, დაახლოებით, 2008-2009 წლებში, ვმუშაობდი საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში სპეციალური დანიშნულების რაზმში, საიდანაც გავთავისუფლდი პირადი პატაკის საფუძველზე, ოჯახური პირობების გამო. ბავშვობის პერიოდიდან ვიცნობ ვაჟა ციცილოშვილს, რომელიც წარმოშობით არის, ასევე, სოფ. ქურთიდან. ვაჟა ციცილოშვილი წარსულში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში, კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, სპეციალური დანიშნულების რაზმში. მე და ვაჟა ციცილოშვილი ერთ დეპარტამენტში ვმუშაობდით გარკვეული პერიოდის მანძილზე, თუმცა უშუალოდ ერთ დანაყოფში არ გვიმუშავია. ვაჟა ციცილოშვილი გარკვეული დროის მანძილზე აღნიშნულ სამსახურში მუშაობდა სამსახურიდან ჩემი წამოსვლის პერიოდის შემდეგაც. ვაჟა ციცილოშვილი ბოლო პერიოდამდე ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფ. წეროვანში დევნილთა დასახლებაში. როგორც მახსოვს, მე-18 რიგში, სახლის ნომერს ვერ ვიხსენებ. ჩემმა ძმამ, ლევან ხაჭაპურიძემ, დაახლოებით, 5 წლის წინ გამაცნო პიროვნება გელა ღურწკაია. გელა ღურწკაია გამეცნო, როგორც ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერი და აქტივისტი. მასთან პერიოდულად მქონდა როგორც სატელეფონო, ისე პირადი ურთიერთობა. გელა ღურწკაიამ დაახლობით ორი წლის წინ ჩემი მეშვეობით გაიცნო ვაჟა ციცილოშვილი. გაცნობის შემდეგ ვაჟა ციცილოშვილსა და გელა ღურწკაიას რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, დეტალებში არ ვიცი.

2015 წლის, დაახლოებით, დეკემბერში, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, გელა ღურწკაიამ დამირეკა ჩემს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 599 8504… მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან 591 9093… და მთხოვა, რომ შევხვედროდი მას. მანვე მითხრა, რომ გზის ფული არ ჰქონდა და მიმეყვანა ქ. თბილისში ერთ-ერთ მისამართზე. აღნიშნულ დროს მე ვიმყოფებოდი თბილისში, გმირთა მოედნის სიახლოვეს და უარი არ მითქვამს გელა ღურწკაიასთვის დახმარებაზე. ზუსტად არ მახსოვს, სად მივაკითხე მანქანით გელა ღურწკაიას, არც ის მახსოვს, ქუჩაში ჩავისვი, თუ მის საცხოვრებელ მისამართზე, ატენის ქუჩაზე მივაკითხე. მახსოვს, რომ გელა ღურწკაია მკარნახობდა გზის მიმართულებას, სადაც უნდა მიმეყვანა. ჩემს მანქანას საჭე მარჯვნივ აქვს, გელა ღურწკაია ავტომანქანაში იჯდა წინა სალონში, მარცხენა მხარეს, სხვა პირი ჩვენ თან არ გვხლებია. გელა ღურწკაიას მითითებისამებრ,   როგორც მახსოვს, ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქუჩდან ავედი ჯანაშიას ქუჩაზე, დღის ნათელ პერიოდში. არმისული ბარნოვისა და ჯანაშიას ქუჩების გადაკვეთის სიახლოვეს, გელამ მთხოვა, რომ შემეხვია მარცხნივ ქუჩაზე და ჩამომესვა პატარა ქუჩაზე. ეს ქუჩა, ასევე, უკავშირდებოდა თარხნიშვილის ქუჩას. ამ პატარა ქუჩის სახელწოდება არ მახსოვს. სწორედ ამ პატარა ქუჩაზე დავტოვე გელა ღურწკაია და მარტო დავბრუნდი ჩემი შავი „სუბარუ ფორესტის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით Z-099 თარხნიშვილის ქუჩის გავლით. რამდენადაც მახსოვს, გელა ღურწკაიასთვის აღნიშნულ ადგილას აღარ მიმიკითხავს წამოყვანის ან სხვა რაიმე მიზნით. რა საშუალებით გადაადგილდა იგი შემდგომ, ჩემთვის უცნობია. ასევე უცნობია, რა მიზნით მივიდა გელა ღურწკაია ხსენებულ ქუჩაზე. გელა ღურწკაიას, როგორც მახსოვს, არ დავლოდებივარ და, შესაბამისად, არ მახსოვს, უშუალოდ რომელ შენობაში შევიდა იგი, ან ვის შეხვდა.

შეკითხვა მოწმე ნიკილოზ ხაჭაპურიძეს:

გთხოვთ, უჩვენოთ გამოძიებას 2015 წლის დეკემბერში, როდესაც დაგიკავშირდათ გელა ღურწკაია და გთხოვათ ავტომანქანით მიყვანა ქ. თბილისში, ჯანაშიას ქუჩის მიმდებარედ არსებულ პატარა ქუჩაზე, რა დაგისახელათ მან აღნიშნულ ადგილას მისვლის მიზეზად? ასევე, უჩვენეთ, რაზე ისაუბრეთ შეხვედრიდან დაშორებამდე აღნიშნულ დღეს თქვენ და გელა ღურწკაიამ?

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

მე არ შევკითხივარ გელა ღურწკაიას, თუ რა მიზნით მიემართებოდა იგი აღნიშნული ადგილისაკენ, ასევე ჩემთვის უცნობია იმ ადგილას, სადაც ის ჩამოვსვი, მდებარეობს თუ არა რაიმე დაწესებულება, ან ორგანიზაცია. ავტომანქანაში რაზე მიმდინარეობდა საუბარი, არ მახსოვს, რადგან კონკრეტულად რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

გთხოვთ, უჩვენოთ გამოძიებას, ზემოხსენებულ დღეს გელა ღურწკაიას ჰქონდა თუ არა თან რაიმე ნივთი, საგანი, კომპიუტერული ინფორმაციის მონაცემების მატარებელი კომპიუტერული დისკი, ან გარე მეხსიერების ბარათი, ე. წ. ფლეშკა. დადებით შემთხვევაში აღგვიწერეთ აღნიშნული ნივთები.

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

რამდენადაც მახსოვს, გელა ღურწკაიას თან რაიმე საგანი, ნივთი, კომპიუტერული, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი დისკი, ან ე. წ. ფლეშკა ჩემთვის არ უჩვენებია და რაიმე აღნიშნულთან დაკავშირებით არც უსაუბრია, თუმცა სავსებით შესაძლებელია, ასეთი რამე თან ჰქონოდა და ჩემთან ზოგად საუბარში არც ეხსენებია.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

2015 წლის დეკემბერში თქვენ გელა ღურწკაიასთან შეხვედრისას საუბარში უხსენეთ თუ არა რაიმე პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით? დადებით შემთხვევაში აჩვენეთ საუბრის შინაარსი.

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

ზემოაღნიშნული შეხვედრის დროს გელა ღურწკაიას ჩემთან საუბრისას არაფერი უხსენებია, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩემთვის გელა ღურწკაიას არც აღნიშნულ დღეს და არც სხვა დროს არაფერი უსაუბრია, ან უხსენებია.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

გთხოვთ, უჩვენოთ გამოძიებას, რა არის თქვეთვის ცნობილი ვაჟა ციცილოშვილის კავშირზე პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით?

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

ჩემთვის უცნობია ვაჟა ციცილოშვილის კავშირზე პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით. ამასთანავე, რამდენადაც ზოგადად ჩემთვის ცნობილია, ვაჟა ციცილოშვილი 2015 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში დაკავებულ იქნა და მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. იგი ამჟამად, რამდენადაც ვიცი, მოთავსებულია სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში. მისი დაკავებისა და ბრალდების დეტალები ჩემთვის უცნობია.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

გთხოვთ, უჩვენოთ გამოძიებას, ფლობთ თუ არა რაიმე ინფორმაციას პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით? დადებით შემთხვევაში უჩვენოთ ინფორმაციის შინაარსი.

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით, შესაბამისად, არც ვინახავ მსგავს ინფორმაციას და არც არასოდეს მქონია რაიმე კავშირი აღნიშნულთან.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

2015 წლის დეკემბერში, როდესაც ქ. თბილისში, ჯანაშიას ქუჩის მიმდებარედ არსებულ პატარა ქუჩაზე გელა ღურწკაია მიიყვანეთ, შეხვდა თუ არა იგი თქვენი თანდასწრებით ვინმეს, ან სატელეფონო საუბარი ჰქონია თუ არა ვინმესთან? დადებით შემთხვევაში უჩვენეთ გამოძიებას აღნიშნულის თაობაზე.

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

მე ვერ ვიხსენებ, რომ აღნიშნულ დღეს ჩემი თანდასწრებით გელა ღურწკაიას ვინმესთან სატელეფონო საუბარი ჰქონოდა, ასევე აღნიშნულ პატარა ქუჩაზე მისი მიყვანისას ჩემი თანდასწრებით იგი არავის შეხვედრია. როგორც გამოძიებას ვუჩვენე, მასთან ხანმოკლე ურთიერთობა მქონდა იმ დღეს მანქანით გადაადგილების პერიოდში, ხოლო ჯანაშიას ქუჩის მიმდებარედ არსებულ პატარა ქუჩაზე, რომლის სახელწოდებაც არ მახსოვს, მისი მიყვანისას მე მალევე დავტოვე იქაურობა და გავემართე ჩემს პირად საქმეზე.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

ცნობილია თუ არა თქვენთვის გელა ღურწკაიას სანაცნობო წრე? გყავთ თუ არა საერთო ნაცნობები? დადებით შემთხვევაში გთხოვთ, დაგვისახელოთ შესაბამის პიროვნებათა ვინაობები.

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

გელა ღურწკაიას სანაცნობო წრის თაობაზე ბევრი ინფორმაცია არ გამაჩნია. როგორც მოგახსენეთ, იგი გამაცნო ჩემმა ძმამ ლევანმა. ვიცი, რომ გელა ღურწკაია ხშირად იმყოფება  ქ. თბილისში, ე. წ. კოლმეურნეობის მოედანთან არსებულ სკვერში, სადაც ესაუბრება პიროვნებებს, რომლებიც ხშირად იმყოფებიან იმავე ადგილას. ზოგიერთ მათგანს მეც ვიცნობ მხოლოდ სახელებით, ვინმე ბადრის და ჯამბულის, რომელთა გვარები, სხვა დემოგრაფიული და საკონტაქტო მონაცემები არ ვიცი. აღნიშნული პიროვნებები არიან, დაახლოებით, 55 წლის მამაკაცები. ეს პიროვნებები ხშირად არიან ხოლმე შეკრებილები ე. წ. ბირჟაზე და საუბრობენ სხვადასხვა საკითხზე. აღნიშნულ პიროვნებებს ვიცნობ იქიდან, რომ ხშირად შევხვედრივარ ხსენებულ სკვერში გელა ღურწკაიას, რა დროსაც ეს პირები ახლდნენ სკვერში ბირჟაზე. სულ ესაა ნაცნობების წრე, რაც ჩემთვისაა ცნობილი.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

რა საქმიანობით არის დაკავებული გელა ღურწკაია?

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

გელა ღურწკაიას გააჩნია შპს „დოშაყე“, ასევე, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, იგი ხშირად იმყოფება კოლმეურნეობის მოედანთან არსებულ სათამაშო აპარატების კლუბში, სადაც თამაშობენ აზარტულ თამაშებს. ეს ვიცი იქიდან გამომდინარე, რომ რამდენჯერმე მიმიკითხავს აღნიშნულ ადგილას.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

ცნობილია თუ არა თქვენთვის, რას შეადგენს გელა ღურწკაიას შემოსავალი?

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

რამდენადაც ვიცი, გელა ღურწკაიას შემოსავლის წყაროს წარმოადგენს შპს „დოშაყეს“ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, სხვა რაიმე სახის შემოსავალზე ჩემთვის უცნობია, თუ არ ჩავთვლით სათამაშო აპარატებში თამაშისას ხანდახან მოგებულ თანხებს. გელა ღურწკაიას სხვა შემოსავლის თაობაზე ჩემთვის უცნობია.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

გაგაჩნიათ თუ არა გელა ღურწკაიასთან რაიმე სახის საერთო საქმიანობა?

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

მე და გელა ღურწკაიას ერთჯერადად გვქონდა საერთო საქმიანობა 2013, ან 2014 წლის პერიოდში, როდესაც ერთობლივად განვახორციელეთ კომერციული საქმიანობა შპს „დოშაყეს“ მეშვეობით და შეძენილი საგზაო-სამშენებლო მასალები, კონკრეტულად კი ე. წ. ბიტუმი. აღნიშნული ბიტუმი მივყიდეთ ერთ-ერთ საგზაო-სამშენებლო კომპანიას, რომლის დასახელებაც აღარ მახსოვს. სხვა არანაირი ერთობლივი საქმიანობა მე და გელა ღურწკაიას აღარ გვქონია.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

შეგიძლიათ თუ არა ცალსახად დაადასტუროთ 2015 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც გელა ღურწკაია დატოვეთ ვერაზე ჯანაშიას მიმდებარედ არსებულ პატარა ქუჩაზე, მას აღარ შეხვედრიხართ?

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

2015 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც იგი ჩემი ავტომანქანით შავი „სუბარუ ფორესტერით“, ნომრით ძ-099, მივიყვანე ქალაქ თბილისში, ჯანაშიას ქუჩის მიმდებარედ არსებულ პატარა ქუჩაზე, რომლის სახელწოდებაც არ მახსოვს, იმ დღის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვარ მასთან შეხვედრილი. შეხვედრის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ მისგან მაინტერესებდა, რა მდგომარეობაში იყო მისი შპს „დოშაყე“, პერსპექტივაში შეგვეძლო თუ არა რაიმე კომერციული საქმიანობის განხორციელება, კონკრეტულად კი საგზაო-სამშენებლო მასალა ბიტუმის შესყიდვა და შემდგომი რეალიზაცია სხვადასხვა საგზაო-სამშენებლო კომპანიაზე.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

უკანასკნელად როდის ნახეთ გელა ღურწკაია და რა თემასთან დაკავშირებით მოხდა შეხვედრა?

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

გელა ღურწკაია უკანასკნელად ვნახე 2016 წლის პირველ თებერვალს, რა დროსაც მას შევხვდი ქალაქ თბილისში ზემოხსენებულ კოლმეურნეობის მოედანთან არსებულ სკვერში, სადაც, ასე ვთქვათ, ბირჟაზე იყო. შეხვედრა მინდოდა იმ მიზნით, რომ გელა ღურწკაიას უნდა მოეცა თავისი შპს „დოშაყეს“ ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ამონაწერი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ შპს-ს დავალიანება არ ჰქონდა. მან მართლაც გადმომცა აღნიშნული ამონაწერი. გელა ღურწკაიასთან აღნიშნულ საკითხზე შეხვედრას კვლავ ვაპირებდი კომერციული საკითხის ერთად განხილვის მიზნით.

შეკითხვა მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს:

2015 წლის ნოემბრიდან დღემდე პერიოდში ხომ არ უთხოვია გელა ღურწკაიას თქვენთვის რომელიმე მედიასაშუალებაში მიყვანა, ან ხომ არ უხსენებია საზოგადოებისთვის რომელიმე ცნობილი პიროვნების სახელი და გვარი? დადებით შემთხვევაში, რა კონტექსტში?

მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის პასუხი:

დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე, და არც მანამდე, გელა ღურწკაიას არ უთხოვია ჩემთვის რომელიმე მედიასაშუალებაში მიყვანის თაობაზე. ასევე ვერ ვიხსენებ ფაქტს, რომ გელა ღურწკაიას ეხსენებინოს ჩემთან საუბარში საზოგადოებისთვის ცნობილი რომელიმე პიროვნების სახელი და გვარი, მით უმეტეს, რომ ჩემი ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება ასეთი თემები. ჩვენი საუბარი, ძირითადად, შეეხება, საერთო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვა დასამატებელი ამჟამად არაფერი მაქვს“.

 

2016 წლის 14 მარტს ნიკოლოზ ხაჭაპურიძე, მოწმის სტატუსით, მეორე ჩვენებას აძლევს და ამჯერად უკვე სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. კერძოდ, ამბობს, რომ მან მის მეგობარს, გელა ღურწკაიას, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი გადასცა, რომელიც კიდევ ერთ პირად ფირთან ერთად (ასახელებს ინტერნეტსივრცეში ატვირთულ ფირს) მას 2015 წლის ზაფხულში მისცა ინგა ჩატოიანმა. ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ასევე ასახელებს ჯაჭვს. ჩატოიანისთვის ეს ფირები მიუცია მისსავე ადვოკატს, ირაკლი ფხალაძეს, ხოლო ირაკლი ფხალაძისთვის მის მეგობარს _ ზურაბ ჯამალაშვილს. მოგვიანებით, ექსპერტიზა დაადგენს, რომ ზურაბ ჯამალაშვილის არც ერთ კომპიუტერში პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები არ აღმოჩნდა. ამავე ჩვენებაში ნიკოლოზ ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან გამოუტანია ვასილ ჯამალაშვილს, რომელსაც სხვა თანამდებობის პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირებიც ჰქონდა და ეს ირაკლი ფხალაძემ ინგა ჩატოიანს მოუყვაო. სწორედ ამ ჩვენებაში ჩნდება ფირის გაყიდვისა და ფულის გაყოფის ვერსია:

„მე და გელამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩანაწერი მიგვეყიდა ელისო კილაძისთვის. ამ მიზნით გელამ წინასწარ დაურეკა ელისო კილაძეს რედაქციაში და შეხვედრაზე შეუთანხმდა, სადაც მივიყვანე ჩემი „სუბარუ ფორესტერის“ მარკის ავტომანქანით, რა დროსაც გადავეცი მეხსიერების ბარათზე, ე. წ. ჩიპზე გადაწერილი ე.ბ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და ავუშვი გაზეთ „ქრონიკა+“-ის  რედაქციაში. ელისო კილაძის ოფისში, როცა ელისო კილაძის ახლობელს აღნიშნული ჩანაწერი უნახავს, მას და თავად კილაძესაც უარი უთქვამთ გელა ღურწკაიასთვის აღნიშნული ჩანაწერის დატოვებაზე და ღურწკაია უარით გამოუსტუმრებიათ. აღნიშნული ჩანაწერი, კერძოდ, მეხსიერების ბარათი, რაზეც ჩაწერილი იყო ხსენებული ვიდეოჩანაწერი, გელასთვის უკან აღარ გამომირთმევია, არც მე დამიბრუნებია ინგასთვის მის მიერ მოცემული დისკები, რაც გავტეხე, ანუ ორივე გავანადგურე მას შემდეგ, რაც ელისო კილაძემ ჩანაწერის ყიდვაზე უარი გვითხრა“, _ წერს თავის ჩვენებაში ნიკოლოზ ხაჭაპურიძე.

ნიკოლოზ ხაჭაპურიძის ჩვენებით, კიდევ ერთხელ დასტურება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ორგანიზებულმა ჯგუფმა მოიტანა და ღურწკაია ამ საქმეში მხოლოდ კურიერი იყო. რაც შეეხება ფირის ყიდვაზე უარის თქმას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე მარტივად იტყუება, _ პირადი ცხოვრების ამსახველ ფირში გელა ღურწკაიას ფული არ მოუთხოვია. არსებობს „ქრონიკა+“-ის ოფისში მისი სტუმრობის ამსახველი ვიდეოფირი, რომელიც პირადად მე გადავიღე, რაც იმას ადასტურებს, რომ ფირის ყიდვაზე საუბარი ჩვენ შორის საერთოდ არ ყოფილა.

„როგორც მე და გელამ მოვილაპარაკეთ, აღნიშნული ჩანაწერი ელისო კილაძისთვის უნდა მიგვეყიდა 1000 ლარად, თუ მეტს გადაიხდიდა, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ თუ არ გადაიხდიდნენ, 1000 ლარზეც თანახმა ვიყავით, რადგან ახალი წელი მოდიოდა და საახალწლოდ ფული გვჭირდებოდა“, _ წერს ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ამავე ჩვენებაში. ანუ პირი, რომელიც გელა ღურწკაიასთან ერთად ბიტუმის შემოტანით იყო დაკავებული, ურთიერთობა ჰქონდა საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან, ამტკიცებს, რომ მას დეპუტატის პირადი ფირი ჩემთვის 1000 ლარად უნდა მოეყიდა და ეს თანხა საახალწლოდ ხუთ პირს უნდა გაეყო.

რაც შეეხება კიდევ ერთ ფიგურანტს, ვაჟა ციცილოშვილს, რომლის სახელიც და გვარიც ამ სისხლის სამართლის საქმიდან საერთოდ გამქრალია, გელა ღურწკაია თავის ჩვენებაში ამბობს, რომ პირადი ფირები მას ვაჟა ციცილოშვილმა მისცა, ხოლო ნიკოლოზ ხაჭაპურიძე თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ჩანაწერების არსებობის შესახებ ინფორმაცია მისგანაც ვაჟა ციცილოშვილს ჰქონდა.

დაკითხა თუ არა გამოძიებამ კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი, ვაჟა ციცილოშვილი, ამ ეტაპზე, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. თუ დაკითხა, რატომ დაიჯერა უპირობოდ მისი უდანაშაულობა, ან თუ არ დაკითხა, რატომ არ ედავება გამოძიება მას, თუნდაც, დანაშაულის დაფარვას, რადგან ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ვაჟა ციცილოშვილს ინფორმაცია ჰქონდა იმის თაობაზე, რომ მისი მეგობარი ფლობდა და ინახავდა რამდენიმე თანამდებობის პირის პირადი ცხოვრების ამსახველ ფირებს.

რატომ დადგა მოულოდნელად ნიკოლოზ ხაჭაპურიძე აღიარებითი ჩვენების ხასიათზე?

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენების მიცემის თარიღს, 2016 წლის 14 მარტს, _ წინა დღით ინტერნეტსივრცეში აიტვირთა ერთ-ერთი იმ პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, რომელზეც ჩვენებებშია საუბარი. სავარაუდოდ, გამოძიებას ამ ჩვენებების მერე უნდოდა, ფირების გამოქვეყნების კვალი მამა-შვილ ჯამალაშვილებისკენ წაეყვანა. ჩვენი ინფორმაციით, მამას შესთავაზეს კიდეც, შვილისთვის დაედო ხელი, მაგრამ უარი მიიღეს. ისმის კიდევ ერთი მარტივი კითხვა, _ თუ პირადი ცხოვრების ამსახველ ფირებს ადვოკატი ირაკლი ფხალაძე ყიდდა, რისთვის სჭირდებოდა მას ამ საქმეში სამი შუამავალი ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანისა და გელა ღურწკაიას სახით? არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს სცენარი რეალური კვალის ასარევად დამუშავდა და ინგა ჩატოიანის მეშვეობით, საქმეში, დამატებით, ორი პირი სწორედ ამიტომ შემოიყვანეს. ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ ინგა ჩატოიანი დაკავებულიც კი არ ყოფილა, ის იმთავითვე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ფხალაძეს პირადი ფირები მისმა კლიენტმა, ინგა ჩატოიანმა მიუტანა. ფირები კომპიუტერში მხოლოდ გადაწერის შემდეგ გაიხსნა. სხვათა შორის, გელა ღურწკაიამ ფურცელზე დაწერილი მოიტანა იმ პროგრამის დასახელება, რომელიც ფირის საყურებლად და, სავარაუდოდ, ჩვენს კომპიუტერში გადასაწერად იქნებოდა საჭირო, მაგრამ ჩვენ ღურწკაიას შემოთავაზებული პროგრამის გამოყენებაზე უარი ვთქვით.

ვინ იდგა „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაციის უკან?

თითქმის 100%-იანი გარანტიით, ამ სპეცოპერაციის უკან იდგა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ცოლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი. ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელია. ეს ინფორმაცია პირადად მე მისმა ძმამ, ლევან ხაჭაპურიძემაც დამიდასტურა.

ნიკოლოზ ხაჭაპურიძის ჩვენებაში არის ერთი არაფრისმთქმელი, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან საგულისხმო ეპიზოდი:

„ვაჟა ციცილოშვილი არის ჩემი მეგობარი, ჩვენ ორივენი დაგვაკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით და ორივენი ამჟამად მოთავსებული ვართ გლდანის მერვე დაწესებულებაში. ის დააკავეს 2015 წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მე _ მიმდინარე წლის 15 თებერვალს“.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ეს ფინანსური მაქინაცია პირდაპირ დაკავშირებულია ზვიად ჯანაყარაშვილის სახელთან და საქართველოში გადმორიცხულ დიდი ოდენობით თანხასთან, რომელიც ბანკის ბარათების მეშვეობით თეთრდებოდა და ამ საქმეში, სხვა პირებთან ერთად, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და ვაჟა ციცილოშვილიც მონაწილეობდნენ.

 

„ქრონიკა+“ განაგრძობს აღნიშნულ ფინანსურ სქემაზე მუშაობას.

 

ელისო კილაძე