რატომ დადიან საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლები?!

 

ბოლო დღეების განმავლობაში საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლები, ადვოკატები და ბრალდების მოწმეები იმყოფებოდნენ. საპატრიარქოში, დაახლოებით, 15 წუთით მივიდა ბიძინა ივანიშვილი მეუღლესა და შინაურ ცხოველთან ერთად. ყოფილ პრემიერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

უცნობია, რა დეტალებზე ისაუბრეს პატრიარქთან ვიცე-პრემიერებმა, რომლებიც გამოსვლის შემდეგ ირწმუნებოდნენ, რომ მხოლოდ უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად იყვნენ საპატრიარქოში მისულები. ინტერვიუდან სამ დღეში კი ახალმა ვიცე-პრემიერმა აღიარა, რომ საპატრიარქოში მხოლოდ უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად არ ყოფილა მოსული. საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე ღიად საუბრობს უფლებადამცველი, ნანა კაკაბაძე, რომელიც პატრიარქთანაც კი იმყოფებოდა. მოგვიანებით, მან პრესკონფერენციაც მოაწყო და სინოდის გადაწყვეტილებების შესახებ მედიას ესაუბრა.

პრეზიდენტის აზრით კი დარღვევაა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოძიების დეტალებს ფლობენ და ამ თემაზე ღიად საუბრობენ მაშინ, როდესაც ბრალდებულის მხარეს მსგავსი შესაძლებლობა არ ეძლევა. არაჯანსაღად მიმდინარე პროცესებზე საუბრობს სახალხო დამცველი. ბრალდებულის მხარის მიმართ განხორციელებულ შეზღუდვასა და საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების ინფორმირებულობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ, ოპოზიცია კი გამოძიების პროცესში ხელისუფლების უხეშ ჩარევასა და მის მართვაზე მიუთითებს.

 

საპატრიარქოში მოწყობილ ვიზიტებსა და ხელისუფლების მიზანზე „ქრონიკა+“-თან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს:

პაატა დავითაია _ „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“:

_ არ ვფლობ ოპერატიულ ინფორმაციას და შემიძლია, მხოლოდ დასკვნები გავაკეთო იმაზე, რაც მედიიდან ისმის. ცალსახად ჩანს, რომ ე. წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. როდესაც უკვე ბარგი ჩაბარებულია და მერე აღმოაჩენენ მასში ციანიდს, როდესაც თავისუფლად შეიძლება, რომ ჩადო, უამრავ კითხვას ბადებს. რაც შეეხება თვითონ ციანიდს _ ის არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებებს. ვერსად ნახავთ რეგულაციას, რომ ციანიდი აკრძალული ნივთიერებაა და მის შეძენას რაიმე ნებართვა სჭირდება. აქედან გამომდინარე ის, რომ ციანიდი აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს, ასეთი რამ არ არსებობს. მესამე საკითხი ეხება მოტივს _ საუბარი იმაზე, რომ ანგარებას ჰქონდა ადგილი, ხაზს ვუსვამ, რასაც მედიით ვიგებთ, დეკანოზი, რომელიც დაჭერილია, ქალბატონი თეთრუაშვილის ადგილზე დაინიშნებოდა? პატრიარქის ადგილს დაიკავებდა? აბა, რა ანგარებაზეა საუბარი? ამიტომ მოტივთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა. როგორც ყოფილი გამომძიებელი, ისე ვლაპარაკობ, აქედან გამომდინარე, რა მოტივი და ანგარება უნდა ყოფილიყო? ადვოკატებისგან ვიგებთ, რომ იარაღთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომ ვიღაცამ შესანახად მისცა. ეს საკითხიც გასარკვევია, იყო თუ არა დაგეგმილი ოპერაცია, ესეც გამოსაძიებელია. ერთი სიტყვით, რა გადასახედიდანაც დღეს ამ საქმეს ვხედავ, გამოძიება სერიოზულ ჩიხშია. მით უმეტეს, ჭიანურდება ბრალდებულის დაკითხვა. ეს ცხადყოფს, რომ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. ჯერ ცხადდებოდა, რომ პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა, მერე სხვა მიმართულებით წავიდა განცხადება. დააკვირდით, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განცხადება გააკეთა, _ არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება, ციანიდი გასაყიდად მიჰქონდაო. თუ ციანიდი გასაყიდად მიჰქონდა, ეს დანაშაული საერთოდ არ არის. ბევრი კითხვის ნიშანია და აქედან შეიძლება, ერთი დასკვნა გამოიტანო: „ვიღაცა“, რომელიც ჩემთვის ნათელია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი (როგორც გამომძიებელი, ისე ვსაუბრობ ვიღაც იქსზე, თორემ პაატა დავითაიასთვის ნათელია, ვინ არის ეს ვიღაცა), ისახავს მიზნად, რომ თავიდან ბოლომდე მოახდინოს ეკლესიის დისკრედიტაცია იმ მხრივ, რაც დღეს ხორციელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესიას, რომელსაც სრული ნდობის მაღალი რეიტინგი აქვს, ხდება მისი ჩამოშლა. ეს ჩანს ცალსახად იმ მიმართულებით, რაც დღეს ხორციელდება. ამ საქმიდან გამომდინარე და იმ დაპირისპირებებით, რაც საპატრიარქოშია, ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის მიუღებელია. როდესაც ვისმენ, რომ მეუფეები თუ სხვა სასულიერო პირები ერთმანეთს ხელით შეეხნენ, რაზეა საუბარი?! ეს არის ძირითადი მიზანი ამ ე. წ. სპეცოპერაციისა, რასაც „ციანიდის საქმე“ ჰქვია და როგორც ახლა ჩანს, ამის მიზანს წარმოადგენს საპატრიარქოს დისკრედიტაცია. ნორმალურ ქვეყანაში ბევრი ჩინოვნიკი უკვე აგებდა პასუხს იმ სულელურ განცხადებებზე, რაც კეთდებოდა. აქ არათუ პასუხისგება, არაფერი ხდება და აქედან გამომდინარე, მთელი ეს ღონისძიებები მიმართულია საპატრიარქოს, ეკლესიის რეიტინგის დაცემასთან და ეკლესიის ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით.

 

ანი მიროტაძე _ „ეროვნული ფორუმი“:

_ ძალიან საინტერესო საქმეა და არა მხოლოდ საინტერესო. თითქმის ყველა განცხადებას ვადევნებ თვალყურს და საჯარო განცხადებებისგან მხოლოდ იმიტომ ვიკავებ თავს, რომ არ ვიცი დაცვის პოზიცია. მხოლოდ ერთი პოზიციიდან გაკეთებული განცხადებების საფუძელზე, ვფიქრობ, პოლიტიკოსი განცხადებას არ უნდა აკეთებდეს და მით უმეტეს, კომპეტენციაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, პროცესთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა მაქვს, საქმე ძალიან ბუნდოვანია, უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე პასუხი და ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე დაკავებული დეკანოზი ჩვენებას არ მისცემს. გუშინ ძალიან მენიშნა ადვოკატების განცხადება, რომლებიც ამბობდნენ, რომ მარტო არ დავტოვოთ ეს ადამიანი და მისი სიცოცხლე საფრთხეშიაო. იმედს ვიტოვებ, რომ სახალხო დამცველი და შესაბამისი სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე დადგებიან და მძიმე ფაქტთან არ გვექნება საქმე. ეს რაც შეეხება  საქმის მიმდინარეობას, რომელზეც მოსაზრება არ მაქვს, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე ძიების პროცესიდან გამომდინარე. ზოგადად, ყველა ნორმალურ ქვეყანაში არავის უნდა უჩნდებოდეს კითხვა, მით უმეტეს, საფრთხეებთან დაკავშირებით, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და საგამოძიებო უწყება უნდა უზრუნველყოფდეს როგორც გამოძიების სწორად წარმართვას, ისე ადამიანის უსაფრთხოებას. რაც ხდება საპატრიარქოში, ჩემთვის წარმოუდგენელია! ვერ გავიგე, ამ ბოლო დღეების განმავლობაში ყველა რატომ დადის იქ?! მესმის, შეიძლება, მოინახულო პატრიარქი, მაგრამ ასეთ ინტენსივობას რა ჰქვია, არ ვიცი. რიგითი მოქალაქე, ან ისეთი ადამიანი, რომელსაც საქმესთან შეხება არ აქვს და საპატრიარქოში მიდის, გასაგებია, პატრიარქია, შეიძლება, მისი მდგომარეობა გაწუხებდეს და მიხვიდე, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირები და მით უმეტეს, საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები დადიოდნენ, ჩემთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია. იმის მიუხედავად, რომ იმ ადამიანების კატეგორიას წარმოვადგენ, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ ქვეყანაში პატრიარქი ძალიან მაღალი ნდობის მატარებელია (და მან ეს თავისი განვლილი ცხოვრებით დაამტკიცა), მეც ვითვლები იმ მოქალაქედ, რომელსაც ძალიან მეიმედება როგორც ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ბრძენკაცი, მაგრამ ჩემთვის მაინც აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასეთი ხშირი მიმოსვლები საპატრიარქოში, რომელიც, რა თქმა უნდა, ეჭვებს მიჩენს. ველოდები, რომ დაკავებულმა დეკანოზმა ჩვენება მისცეს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრო, ზოგადად, ამ მდგომარეობის შესახებ. რაც დეკანოზის საქმემ გამოავლინა და რაც ცალსახად ცხადია, ეს არის დაწყებული პროცესი საპატრიარქო ტახტის მემკვიდრეებს შორის, მისი დაკავებისთვის ილია მეორის შემდეგ. არ ვიცი, რამდენად არიან ამაში ჩართულნი საერო პირები, ვეჭვობ, რომ არიან, მაგრამ ფაქტია, გამოკვეთილია რამდენიმე ფრთა, რომელიც, ფაქტობრივად, ამისთვის იბრძვის. ეს ბრძოლა, ამ ეტაპისთვის, წაგებისთვის განწირულია და, ალბათ, ამას თვითონაც ხვდებიან, რადგან ასეთ ბრძოლებს არასოდეს მოუტანია შედეგი. მეჩვენება, რომ ვინც ფიქრობდა, გამხდარიყო პატრიარქი, ახლა შანსი აღარ აქვს და ცდილობენ, სხვა ბრძოლა წამოიწყონ. ეს არ არის კარგი იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი იკარგება, ეს არის მრევლის პატივისცემა და თუ სასულიერო პირმა მრევლი დაკარგა, მაშინ მისი ფუნქცია რაღაა?! ის რჩება იმ ინსტიტუციის წარმომადგენლად, რომელსაც თვითონ მიაყენა დიდი ჩრდილი. ადამიანური და მოქალაქეობრივი ვალდებულება მგონია, რომ მოვუწოდო, _ იქნებ, გვერდიდან შეხედონ იმ პროცესებს, რომელშიც ასე აქტიურად არიან ჩართულნი და რომელიც აზარალებს ჩემი ქვეყნის ყველაზე მაღალი გავლენის მქონე ინსტიტუციის იმიჯს, რაც არ შედის, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში, მაგრამ ის შეიძლება შედიოდეს საქართველოს მტრების ინტერესებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. პასუხისმგებლობა ახლა უფრო მაღალი აქვთ საპატრიარქოში, განსაკუთრებით მაღალი იერარქიის პირებს, რომ გაიაზრონ, _ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ეკლესია.

 

გოჩა თევდორაძე _ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“:

_ ძალიან ფაქიზი თემაა. როდესაც საერო ცხოვრებით ცხოვრობ და საპატრიარქოზე საუბრობ, რთულია, მით უმეტეს, როდესაც ინფორმაციის ნაკლებობა გაქვს. პროკურატურისგან უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს, რა თქმა უნდა, კითხვები ძალზე ბევრია. როდესაც ადვოკატების განცხადებას ვისმენთ, თუნდაც, უმრავლესობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებისას, ფაქტობრივად, დეკანოზ მამალაძის მხრიდან ადვოკატებიც კი ვერ აკეთებენ კომენტარს, რადგან გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული. პროკურატურა რაღაც ინფორმაციებს ასაჯაროებს და ვფიქრობ, რომ მათთვის მისაღები ინფორმაციებია. ჩვენ იმის მომხრენი ვართ, რომ გამოძიებას დაველოდოთ. საპატრიარქოს წარმომადგენელთა თქმით, ისინი პროკურატურას ნდობას უცხადებენ. თუმცა ერთი რამ მინდა შევნიშნო, რომ განათლების მინისტრი, ახლა უკვე ვიცე-პრემიერად ქცეული და მეორე ვიცე-პრემიერი განცხადებებს აკეთებენ, რომ საპატრიარქოს ინფორმაციას აწვდიან არსებულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ვიცე-პრემიერებმა და განათლების მინისტრმა თავიანთ საქმეს რომ მიხედონ, ის სჯობია. პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოებიც აწვდიან ინფორმაციას საპატრიარქოს მათ გარეშეც.

 

რომან გოცირიძე _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:

_ ე. წ. ციანიდის საქმემ მრავალი მანკიერი მხარე გამოავლინა. გამოძიებას ვერ დავასწრებ და ამ კუთხით შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ პოლიტიკურად ის უზარმაზარი პრობლემები გამოჩნდა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. პირველ რიგში, ეს არის ხელისუფლების როლი ეკლესიის ირგვლივ ინტრიგების ხლართვაში. როგორც ჩანს, ეკლესიაში პრობლემები ისედაც ბევრია, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს პრობლემები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ეკლესიაზე ზემოქმედება მოახდინოს, რომლის საბოლოო მიზანია მრევლის ელექტორატად მოქცევა, მისი გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. სამარცხვინოს ვუწოდებდი იმ „პარადს“, რომელიც ამ დღეებში ვიხილეთ, ვგულისხმობ მთავრობის კაბინეტის წევრების მსვლელობას კანცელარიიდან საპატრიარქოში. პრემიერ-მინისტრი, მერე მას მიჰყვა ენერგეტიკის მინისტრი, განსაკუთრებით აქტიურობს განათლების მინისტრი, რომელსაც განათლებისთვის ვერ მოუვლია და ახლა საეკლესიო საქმეებს აგვარებს. მერე პროკურორი, მერე თვით მისი აღმატებულება თბილისის მერიც კი გამოჩნდა საპატრიარქოში, დაბოლოს, ივანიშვილმა დააგვირგვინა ეს მსვლელობა. მათ რომ ჰკითხოთ, საპატრიარქოში არსებული პრობლემების მოგვარებაში მედიატორის როლს ასრულებენ, სინამდვილეში, ვინ მისცათ ამის უფლება, რომ ეკლესიის საქმეებში ჩაერივნენ, ან მომრიგებლები იყვნენ?! ან ვინ მისცათ მათ მხოლოდ გამოძიებისთვის ცნობილი ფაქტების ეკლესიაში მოყოლა?! მაშინ როდესაც ბრალდების მხარის შეხედულებებს ახმოვანებს მთელი მთავრობა, მათ მიერ დაქირავებული მედია, შემდეგ ვიღაც საეჭვო მოწმეები და დაცვის მხარეს აკრძალული აქვს, მათი ვერსია წარმოადგინონ, რომ ბრალდება გაბათილებული იყოს და ამ პროცესში აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან. საბიუჯეტო ინექციები, მრავალმილიონიანი ქონების ჩუქება ბობოყვათში, ეკლესიასთან სიახლოვის სხვადასხვა ფორმის გამოხატვა, საბოლოო ჯამში, ეს არის ფარისევლური ხერხი ეკლესიის ჩათრევისა მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. საბოლოო პოლიტიკური მიზანი კი არის არჩევნები. ამ არჩევნებმა კი დაგვანახა, რომ ისინი არაფერს მოერიდნენ, რუსეთიდან კრიმინალებმაც კი თავიანთ უბანში საკუთარი მოძმეები მოძებნეს და აამოქმედეს, თავი რომ დავანებოთ მაჟორიტარების მიერ დახარჯულ მრავალ მილიონს, გაყალბებას და სუს-ს. ნაცვლად იმისა, რომ ჯაშუშებს დასდევდეს, 118 მილიონი აქვს ბიუჯეტი და 30 000 ადამიანს უსმენს წელიწადში, მათ მიერ მოსმენებით გამოვლენილი დამნაშავე კი ჯერ არ გვინახავს. გვაჩვენონ, ამ მოსმენებით რომელი დანაშაული გახსნეს?! ეს ყველაფერი, ერთად აღებული, სუს-ით დაწყებული და მედიის კონტროლით დამთავრებული, მიანიშნებს იმას, რომ საპატრიარქოს გაკონტროლებაც უნდათ. ასე რომ, ხელისუფლებას ლომის წილი მიუძღვის ამ ვითარების არევ-დარევაში.

 

ლეილა გაფრინდაშვილი _ „ლეიბორისტული პარტია“:

_ ე. წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით რაც ხდება, უამრავ ეჭვს ბადებს. თავიდანვე ვნახეთ, რომ დეკანოზის დაპატიმრება დამალეს. თვითონ საპატრიარქოში რომ არ არის ყველაფერი წესრიგში და უამრავი მინუსი აქვს, ამას რად უნდა ლაპარაკი?! მაღალი იერარქიის სასულიერო პირები თვითონ დაერივნენ ერთმანეთს და რაც ხდება, ეს უკვე წარმოუდგენელი და შემაშფოთებელია. როგორც ჩანს, ეგონათ, პატრიარქი ოპერაციას ვერ გადაიტანდა და მისი ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო. განსაკუთრებით მარჯვედ არის ხელისუფლება, რომელსაც მისი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანის დასმა უნდა ამ ტახტზე, ეს ივანიშვილის ხელწერაა, ის მორწმუნე არასოდეს ყოფილა და ყოველთვის აკრიტიკებდა ეკლესიას! ასეთი საუბარი მას ერთ-ერთ სუფრაზეც ჰქონდა, სადაც ჩემი ახლობლები იმყოფებოდნენ და ის პატრიარქს აკრიტიკებდა. ახლა რომ ეახლა და სანახავად მივიდა, ეს არის ფარსი! საერთოდ, მორწმუნეობიდან ეს კაცი ძალიან შორს დგას. როგორც ჩანს, ხელისუფლებას მთლად კარგად არ აქვს საქმე და თქვენც ხედავთ, რომ მისი ავტორიტეტი საზოგადოებაში დღითი დღე ეცემა, ამიტომ ერთადერთი დარჩა _ მას უნდა, ეკლესიაში ჰყავდეს დასაყრდენი. გვახსოვს, ეკლესიამ რა პოზიცია დაიკავა, ცნობილია, „ოცნების“ მაისურები გადაიცვეს და ისე დარბოდნენ მღვდელ-მონაზვნები, ეს იყო შემაშფოთებელი და ჩვენი პარტია ამაზე თავიდანვე ლაპარაკობდა. ეკლესია პოლიტიკურად ისეთი ანგაჟირებული გახდა, რომ ეს საქციელი მიუღებელი იყო ყველა ნორმალური ადამიანისთვის. რასაკვირველია, საპატრიარქოს ამბებში ხელისუფლების ხელი ურევია და კიდევ ვიმეორებ: დარწმუნებული ვარ, ეგონათ, პატრიარქი ოპერაციას ვერ გადაიტანდა და მათ მიერ შერჩეული კანდიდატურა ჰყავდათ. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, მის მიმართ კარგი წარმოდგენა არასოდეს მქონია, რადგან ამ ქალბატონზე და მის შესაძლებლობებზე დიდი ხანია, მითები დადიოდა. ჩემთვის ასეთი რამ ძალიან მიუღებელია, ქალბატონი, რომელიც არანაირ სასულიერო იერარქიას არ ფლობს და არის უბრალო მდივანი, ამხელა პრივილეგიით სარგებლობდეს. ეს ახალი ამბავი კი არ არის, ამაზე საუბარი იყო, ჯერ კიდევ, ზვიად გამსახურდიას დროიდან. ეს ქალბატონი მთავარი ბერკეტი იყო, რომლის გარშემოც ტრიალებდა მთელი იერარქია. ახლა, როგორც ჩანს, მღვდელმთავრები რამდენიმე ნაწილად არიან გაყოფილნი და ყველა საკუთარი თავისთვის იბრძვის. პატრიარქი არავის ანაღვლებს და საკუთარ თავს დარდობენ _ ვინ რა სარგებელს მიიღებს. სწორედ ერთ-ერთი ფლანგია დაახლოებული ხელისუფლებასთან და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ეს ფლანგი გაბატონებულიყო, ხელში ჩაეგდო მაღალი იერარქია, პატრიარქის ტახტი და მერე ხელისუფლება თავის ნებაზე დაატრიალებდა. რა თქმა უნდა, სამღვდელოებაში არიან წესიერი ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ, ძირითადად, მაფიოზურმა კლანებმა წალეკეს იქაურობა. ნათქვამია, _ რაც ერი, ის ბერიო. როგორც ჩანს, ხელისუფლებასთან დაახლოებული ძალები ფიქრობენ, რომ ძალაუფლება ხელში თვითონ ჩაიგდონ. არის მეორე ფლანგი, რომელიც სხვა ძალებს უკავშირდება. ისინი ერთმანეთს უკვე ფიზიკურად უსწორდებიან, რაც სრულიად მიუღებელია. მოგეხსენებათ, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული ძალა იყო სამღვდელოება, რომელსაც ხალხი პატივს სცემდა და მის მიმართ დიდი მოწიწებით იყო გამსჭვალული. პირადად მონურად არასოდეს ვარ არავის მიმართ, თუნდაც, სასულიერო პირების, თავგადადებული ეკლესიური და მორწმუნე არ ვარ, მაგრამ როგორც ყველა ქართველს და მართლმადიდებელს, მიყვარს ჩემი სარწმუნოება და დიდ მორწმუნეებად რომ მოაქვთ თავი, იმათზე კარგად ვიცი ბიბლიაც, სახარებაც და უკეთესად ვიცავ იმ წესებს, რომელსაც ღმერთისადმი დამოკიდებულება გვავალდებულებს. საპატრიარქოში წესრიგში რომ არ არის გარკვეული საკითხები, ფაქტია, კიდევ უფრო დიდი ამბებიც მოხდება, ღმერთმა კარგად ამყოფოს პატრიარქი და ახლა იქ ტახტისთვის იბრძვიან. ივანიშვილმა ყველაფერი დაიქვემდებარა, სფერო არ დარჩენია: პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, ერთი დარჩა _ ეკლესია, რომელიც მთლიანად არ არის დაქვემდებარებული, რადგან იქ სხვადასხვა შტოა და ახლა მისი დაპყრობაც განიზრახა. მოგეხსენებათ, საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც რასაც მღვდელი ეტყვის, იმას აკეთებენ. მე პირადად მყავს ახლობლები, რომლებიც ეკლესიაში დადიან და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე არ აპირებდნენ, „ოცნებისთვის“ მიეცათ ხმა, მღვდელმა გააკეთებინა არჩევანი. ბევრ უცნაურობას კიდევ უნდა ველოდეთ, ამით არ დასრულდება ეს ყველაფერი, რომელი კლანი გაიმარჯვებს, ჯერჯერობით, ხელის გულზე არ ჩანს, მაგრამ რამდენადაც დღეს ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშ იმყოფება, კაცი, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ხელისუფლებასთან და მთლიანად მართავს არა მარტო საერო ხელისუფლებას, ახლა სასულიეროსაც მიადგა, ის ადამიანი ჩემთვის წარმოუდგენლად მონსტრია, რომელსაც ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა. საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და გარწმუნებთ, აუცილებლად იფეთქებს ეს ყველაფერი. რაც დღეს საქართველოში ხდება, ასე ცხოვრება წარმოუდგენელია და საპატრიარქოში როგორ დალაგდება სიტუაცია და რას მიაჩუმათებენ, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ იქ რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ამას ყველა ვხედავთ!

 

თამარ ბატიაშვილი