ციანიდი ჰაერში

ვინც თქვა, ფოტოგრაფია უფრო ზუსტად და ზედმიწევნით ასახავს რეალობას, ვიდრე მხატვრობაო, _ მაგრად მიქარა. არანაირ ფოტოობიექტივს არ ძალუძს ჩვენი და ჩვენი ყოფის ჭეშმარიტი სახის ასახვა. ჩვენი ყოფის შემზარაობას ისევ ბოსხის ფერწერა თუ ესადაგება. მით უფრო მას შემდეგ, რაც პანდორას ყუთი გაიხსნა და ბევრი რამ გაირკვა, იმდენი რამ ამოვარდა იმ ყუთიდან _ ბევრი რამ ვერც გაირკვა.

ციანიდის სკანდალმა, თავიდან ბორჯიებთან რომ გადაგვიყვანა და ეკატერინე მედიჩი გაგვახსენა, მალევე კიჩის სახე მიიღო და ისევ აქეთ, ჩვენ ბერწ ეპოქაში გადმოგვაგდო, სადაც ტყუილ-მართალი ისე აზელილა, თვით მზელავთაც ვეღარ გაურკვევიათ თავი და ბოლო. ის, რაც ამ ყველაფრის პარალელურად მოხდა ბოლო კვირაში, სიურეალისტების ფანტაზიასაც სჯაბნის _ მღვდლები ნატოში აპატურაისთან… და ეს იმ ფონზე, როდესაც ეკლესიის მსახურები ჯიქურ გვიმტკიცებენ, რომ ისინი არ ერევიან სახელმწიფოს საქმეებში, არავის საქმეებში და არავის აქვს საპატრიარქოს საქმეებში ჩარევის უფლება.

„საპატრიარქოს საქმეში ჩახედვისა და იქიდან ამბის გამოტანის უფლება არავის აქვს. იცით თქვენ, რომ ჩვენ არ ვერევით არავის საქმეში“, _ დიახ, სიტყვა-სიტყვით ასე ბრძანა დედა ანისია ბოლოთაშვილმა… შეხედავ რა ჩვენს საეკლესიო პირებს დედაოებს თუ მამაოებს (ვიცი, დედაო და მამაო გრამატიკულად არასწორი ფორმაა და წოდებითში უნდა იწერებოდეს დედა, მამა (ან: დედავ, მამავ; ა-ზე გათავებული კვეცადი საზოგადო სახელები) და არა დედაო, მამაო, მაგრამ სწორედ მათ დაამკვიდრეს მრევლში ამგვარი გრამატიკა), შეხედავ რა მათ შეუვალობას, წამიერად გრიგოლ ხანძთელი და დედა ფებრონია მოგაგონდება, მაგრამ… შემდეგ გახსენდება, რა პირობებში ცხოვრობდნენ ისინი და რა პირობებში ცხოვრობენ ესენი, რა ქონებას ფლობდნენ ისინი და რა ქონებას ფლობენ ესენი… ცხადია, ისიც გაგახსენდება, რომელი საუკუნე იდგა მაშინ და რომელი დგას ახლა და მოისმენ კიდეც საუკუნის განცხადებას: „როგორ გგონიათ, რომელი წმინდა სინოდი გინდათ და გინდა მეუფეებიდან, სად წაიღებენ იმ ქონებას?!. სად უნდა წაიღონ ის ქონება?! ვისმეს თან წაუღია? არავის! ყველაფერი აქ რჩება…“

ასეთია დედა ანისია ბოლოთაშვილის ლოგიკა, რომელიც არათუ ქვას, საუკუნეებს გახეთქავს. თურმე, რაკი იმქვეყნად არავის არაფერი მიაქვს (და გეგონება, ეს მათი არჩევანია და არა სამყაროს კანონზომიერება), თურმე, ამქვეყნად კითხვაც არ უნდა დაისვას, კრინტიც არ უნდა დაიძრას ამ ქონებაზე. მერე რა, რომ მათი ქონება წლების მანძილზე ივსებოდა და ივსება ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული გადასახადების ხარჯზე, სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული მიწებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემის ხარჯზე? ასეა, რაკი ჩვენ ვაძლიერებთ, ჩვენვე უნდა მოვიდრიკოთ ქედი მათი ძლიერების წინაშე და კრინტიც არ დავძრათ, ხმაც არ ამოვიღოთ არც ქონებაზე და არც მაშინ, როდესაც შემზარავი ამბები ხმაურდება. არც უნდა ვიკითხოთ, რა ხდება? _ ვინ ვის კლავს და ვინ ვის წამლავს, ჩვენ უნდა ვიყოთ ცხვრები და ისინი გადაწყვეტენ, ნატოს ფარეხში შეგვრეკონ, თუ რუსულ _ ფარეხში! რა ოხრად გვინდა წარმართი ბერძნების მოჩმახული დემოკრატია, როცა ისინი გვთავაზობენ თეოკრატიას?

მათ კარგად უწყიან, რომ შესანიშნავად იმუშავებს მათი დოქტრინა: „იმქვეყნად არავის არაფერი მიაქვს, ყველაფერი აქ რჩება“. შესანიშნავად იმუშავებს მიუხედავად იმისა, რომ მრევლი ღატაკია. მრევლის დიდი ნაწილი ისედაც მეტისმეტად მიმტევებელია მათი „მამაოების“ მიმართ (პრინციპით _ არ უნდა განიკითხო, მათ უკეთ იციან) და დაუნდობელია ყველას მიმართ, ვინც კი ბედავს და კრიტიკულ კითხვას სვამს. ახლა კი მოისმენენ რა, რომ ეს ქონება არავის თან არ მიაქვს და აქ რჩება, იმ ეჭვის ჭიასაც მშვენივრად მიაძინებენ, აქამდე რომ ხანდახან მაინც გაიფაჩუნებდა მათში.

არადა, კარგად დავუკვირდეთ ამ მართლაც საუკუნის განცხადებას: იმქვეყნად არავის არაფერი მიაქვს, ყველაფერი აქ რჩება. კი, ნამდვილად ამქვეყნად რჩება, მაგრამ ვინ სარგებლობს ამ დიდძალი ქონებით, ვინ ცხოვრობს ფუფუნებაში აქ, ამქვეყნად? ხალხი? ვინმეს, გარდა სასულიერო პირებისა, ან რამე ხელი, ან რამე ხეირ-სარგებელი აქვს ამ ქონებიდან? ამავე ლოგიკით, რომელიმე კორუმპირებულ მინისტრს, პარლამენტარს, ნებისმიერი თანამდებობის პირს იმქვეყნად რამე წაუღია?

აღმოსავლური ოხუნჯობაა: მოლა ნასრედინს ეუბნებიან, ინდაური მოაქვთო. მერე მე რაო? თქვენთან მოაქვთო. და მერე შენ რაო? ხალხს რა, თუ იმქვეყნად არავის არაფერი მიაქვს?

სხვათა შორის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი აშენებდა ბათუმს, სიღნაღს და ა. შ. ვერაგი სპეცსამსახურები კარგად ანეიტრალებდნენ მის ძალისხმევას, საზოგადოებაში წარმატებულად დანერგეს მითი, რომ სააკაშვილს სიღნაღიც, ბათუმიც, ყველაფერი თავისთვის უნდოდა და თავისთვის აშენებდა. როდესაც ძალიან მარტივ ჩამჭრელ კითხვას სვამდი, _ პრეზიდენტობის შემდეგ თან ხომ არ წაიღებდა გინდა ავლაბრის რეზიდენციას, გინდა აშენებულ სიღნაღს თუ დამშვენებულ ბათუმს, წამიერად ჩერდებოდნენ და გეუბნებოდნენ, _ იმისთვის აშენებდა, რომ პიაცაზე ყავა დაელია. წავიდა სააკაშვილი და არათუ იმქვეყნად, იმ კიევ-ოდესებშიც არაფერი წაუღია, აშენებული ბათუმი კი არა, ქიშმირის პალტო და „კასტუმებიც“ აქ დატოვა, მაგრამ „ქოცნი“ ამა სოფლისანი დღესაც ჯიუტად გაიძახიან, რომ მიშამ თავისთვის ააშენა სიღნაღი, ბათუმი და ა. შ., მაგრამ იგივე ნაწილი ასევე ჯიუტად და პირგამეხებით გიმტკიცებს, რომ ხმა არ უნდა დაძრა ეკლესიის ქონებაზე, რადგან იმ ქონებას თან არავინ წაიღებს!

არადა, სწორედაც რომ პრინციპული განსხვავებაა. იმ აშენებული ბათუმით, სიღნაღით და მთელი იმ ინფრასტრუქტურით მიშას დროსაც სარგებლობდა ხალხი და დღესაც სარგებლობს, ანუ ინაწილებს იმ მატერიალურ სიკეთეს და მე გეკითხებით თქვენ, საპატრიარქოს, _ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ხელში აკუმულირებულ მატერიალურ სიკეთეს ინაწილებს ვინმე იმ სასულიერო პირების გარდა?

„იმქვეყნად ვის რა წუაღია“-ო _ ამ განცხადების ქვეტექსტი რა არის? გვაცადეთ ფუფუნებაში ცხოვრება, იმქვეყნად მაინც ვერ წავიღებთ, აქ დარჩებაო? ვინმეს შეუძლია წაღება და თავისი ნებით არ მიაქვს და ტოვებს აქ? არა მგონია, მკრეხელობა იყოს იმ ანეკდოტის გახსენება, მიხო მიტუას სიკვდილის წინ რომ ამაყად ეუბნება, ამას გიტოვებ, იმას გიტოვებო და მიტო რომ კახურად „დაასტოპებს“, _ კი არ მიტოვებ, გრჩებაო… რაღაც უცნაური დანანებაც ხომ არაა აქ? იქ წაღება რომ ვერ ხელეწიფებათ? მართლაც და რა მუხთალია წუთისოფელი, აგროვებ, აგროვებ და იქ ისეთივე ცარიელ-ტარიელი მიდიხარ, როგორიც მოხვედი… რას იფიქრებდა მიხა ხელაშვილი, რომ ოდესღაც სასულიერო პირები მის პოეტურ სტრიქონებზე („მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს; ჩვენ რას წავიღებთ ამსოფლით, სხვას არა წაუღია რა!“) დააშენებდნენ თავის მართლების სტრატეგიას ლოჯიასავით…

აგერ, რა ხანია, ტაბუ აეხსნა ამ თემას, ახლა უკვე ცალკეული სამოქალაქო პირები კი არა, თავად საეკლესიო პირები არიან ჩართული მხილების ორომტრიალში. ბევრი რამ, რაც აქამდე შეიძლებოდა ცალკეულ პირთა ფანტაზია ჰგონებოდა ვინმეს, დასტურდება და საცნაურდება თავად საეკლესიო პირთა მიერ, ბევრი დღესაც ყბაჩამოვარდნილია იმის მოსმენისგან, რაც ესმის, ქვეყანა დანთქმულია გაკვირვებაში, არადა, მართლაც საინტერესოა, რა გვიკვირს? რომც ეს ყველაფერი არ გვცოდნოდა, არც გვსმენოდა, გვეპარებოდა ეჭვი იმ მართლაც უკვდავი ფორმულის, „რაც ერი, ის ბერი“ შეჭმარიტებაში? განა, ერი უკეთეს დღეშია? განა, ციანიდი არ ტრიალებს ჰაერში? განა, ხშირად ციანიდზე უარესი საწამლავით არ უმასპინძლდებიან ადამიანს? ამ მდგომარეობის საილუსტრაციოდ ისიც კმარა, რაც ბოლო კვირას დატრიალდა ამ ქვეყანაში. ტელეწამყვანს 18 წლის შვილი დაეღუპა. მაია ასათიანის თავს დამტყდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რა ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს. ყველამ, ვისაც წვდომა აქვს სოციალურ ქსელებზე, კარგად უწყის იმ ბინძური პოსტების შინაარსიც და იმ პოსტების ავტორთა ვინაობაც და არ ღირს მათი ქაღალდზე ტირაჟირება. მაგრამ თავად ფაქტი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. თავს ნუ მოვიტყუებთ იმით, რომ ასეთები ცოტანი არიან, რომ მათ სიბინძურეს მხოლოდ დაბლოკვით და იგნორით გავუმკლავდებით. ბოროტებისთვის თვალის დახუჭვა არ ასუსტებს ბოროტებას, პირიქით, აძლიერებს, სითამამეს ჰმატებს ასეთ ვიგინდარებს. რა გინდა, რომ ქნა, როდესაც ასეთი ბოროტება, ღვარძლი, ბოღმა, შურისძიების წყურვილი ბუდობს საზოგადობის, თუნდაც, მცირე ნაწილში? რა გინდა რომ ქნა, როდესაც შენ გვერდით დადიან ასეთი ადამიანები? ადამიანები, რომელთაც უხარიათ სრულიად ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლის მოსპობა? რა გინდა რომ ქნა, როდესაც ვიღაცის ბინძური ტვინი ამ ტრაგედიას ხარშავს ღვთის სასჯელად და ნიშნს უგებს ტრაგედიისგან თავზარდაცემულ ადამიანს? სცხია ასეთ ადამიანს რაიმე ნიშანწყალი ადამიანობის? ან რომელ ცხოველს უნდა მიაყენო შეურაცხყოფა, რომ ეს არსებები მათ შეადარო? ნაცვლად იმისა, რომ წამიერად წარმოიდგინო შენი თავი, ან შენი შვილი ამ დედა-შვილის ადგილზე და განიმსჭვალო თანაგრძნობით, სიმწრით აღმოგხდეს, _ რატომ, რისთვის? დაგეწვას ძვლები, დაგეწვას გული, დგახარ და გიხარია და გესლად იღვრები? რამ შეგქმნა ადამიანად, რატომ არ მოხველ წვიმადა კი არა, ფეკალურ მასად? გიხარიათ ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი, რომელსაც არც თქვენთვის, არც თქვენი სამშობლოსთვის არაფერი დაუშავებია და იმედი გაქვთ, რომ ანაფორების კალთების ლოკვა გიშველით ღმერთთან? თავზარდამცემი იყო ეს გესლიც და თავზარდამცემი იყო „მაგრამებით“ თანაგრძნობის გამოცხადებაც. ვიღაც თუ ღიად და უტიფრად ანთხევდა თავის გესლს, სხვა ფარისევლობდა _ თანაგრძნობას უცხადებდა, უცხადებდა უცნაურად, რაღაც დათქმებით, რომ არ მოსწონთ მაია ასათიანი, არ მოსწონთ ის გადაცემა, რომელიც ამ წამყვანს მიჰყავდა, „მაგრამ“, „მიუხედავად ამისა“, თანაუგრძნობენ. ეს შეშლილობის რომელი სტადიაა? რა შუაშია პროფილი, ოვალი, კვადრატი ასეთი ტრაგედიის დროს? რა შუაშია, ვის მოსწონს გადაცემა და ვის _ არა, რას ბოდიშობთ, რას მატრაკვეცობთ და რას ემიჯნებით? ან ვის აყვედრით მაგ თანაგრძნობას თუ სიბრალულს? როდესაც ასეთი ტრაგედიაა, ვის რაში აიტერესებს თქვენი აზრი გადაცემაზე და რა შუაშია დედის წაყვანილი გადაცემა შვილის სიკვდილთან? რას ბოდავთ, თქვენც „პროფილის“ „სასჯელად“ მიიჩნევთ ამ ტრაგედიას, უბრალოდ იმდენად „კეთილშობილი“ ხართ, რომ სასჯელის ამ ზომას არ ეთანხმებით? გემკაცრებათ? სარკეში ჩაიხედეთ, თქვენს პროფილს შეხედეთ…

 

 

რეზო შატაკიშვილი