ალექსანდრე ჯეჯელავას კომფორტის ზონა

დღევანდელი კომფორტის ზონის რუბრიკის გმირი არის ადამიანი, რომელიც არსებული პოსტის დაკავებისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა არა მხოლოდ ჭეშმარიტი, ქართული, ტრადიციული გარეგნობის, არამედ ინოვაციური იდეებისა და საინტერესო გამონათქვამების გამო.

ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ მას კომბლესთან ორი პრეტენზია ჰქონდა: „კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს: ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია“, _ აღნიშნა დღევანდელმა განათლების მინისტრმა გასული წლის ნოემბერში. როგორ გადაწყდება „კომბლესა“ და სხვა ზღაპრის გმირების ბედი, ჯერ არ ვიცით, მაგრამ გეტყვით, რომ დღევანდელი სტატიის გმირი სწორედ რომ ჩვენი განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავაა.

იგი თბილისში დაიბადა და 1995 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, სპეციალობა _ გამოყენებითი მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები.

2003-2005 წლებში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ზოგადი მართვის მიმართულებით _ ბიზნესის სკოლა (ESM) _ თბილისი;

2009-2010 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი პროექტების მართვის მიმართულებით;

2015 წლიდან არის სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერი, ტრანსფორმაციული ტრენერი;

2016 წლის 3 ივნისიდან ალექსანდრე ჯეჯელავა იკავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს; 2010-2016 წლებში იყო მართვის აკადემიის თავმჯდომარე და მთავარი ტრენერი. ამავდროულად, ლექციებს კითხულობდა „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტსა და „კავკასიის ბიზნესის სკოლაში“; იყო ლექტორი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში; სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში;

მუშაობდა ბიზნესის განვითარების მიმართულებით „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში“; სხვადასხვა პოზიციაზე „საქართველოს ეროვნულ ბანკში“, „თიბისი ბანკსა“ და „ინტელექტ ბანკში“.

აქვს გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. იყო სპიკერი TEDX თბილისი; 2009-2011 წლებში იყო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე საჯარო სკოლაში; იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი საქართველოს ლატარიის კომპანიაში.

ჩვენი განათლების მინისტრს ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. მისი ქონებრივი დეკლარაცია კი მოიცავს ორ საცხოვრებელ ბინას (აქედან ერთი ბათუმში, ერთი _ თბილისში), ორ მსუბუქ ავტომობილს, 11 საბანკო ანგარიშს ერთ-ერთ უმსხვილეს კომერციულ ბანკში საქართველოში (აქედან 5 ანაბარი, 2 მიმდინარე და 4 სახელფასო ანგარიში), ასევე 2010-2016 წლებში მართვის აკადემიის თავმჯდომარედ და მთავარ ტრენერად მუშაობისას აღებული ანაზღაურება, ჯამურად, 215,740 ლარს უტოლდება, ასევე აქვს სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები ზემოთ ხსენებულ და არდასახელებულ კომერციულ ბანკში.

საბოლოო ჯამში, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიმოხილვის შემდეგ დროა, უკვე მის პირად კომფორტის ზონაზე გადავიდეთ.

თბილისში ვაკის პარკსა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს რომ გასცდებით, სპორტის სამინისტროა, მას შემდეგ ცოტა გზასაც გაივლით და ვაკის საცურაო აუზის შესახვევთან რამდენიმე კორპუსი დგას, უფრო სწორად, რამდენიმე არა _ ბევრი. ყველა მათგანი, ცხადია, დანომრილი და შესაბამისი წარწერის მქონეა.

როგორც კი ხსენებულ სამინისტროს გასცდებით და მარჯვენა მოსახვევში შეუხვევთ, რომელსაც ამ კორპუსებისკენ მიჰყავხართ, დაინახავთ დიდი ქსელური მაღაზიის ერთ-ერთ ფილიალს, შემდეგ პირდაპირ ივლით და როგორც ვთქვით, ბევრ ერთნაირ, მაგრამ სხვადასხვა წარწერიან კორპუსს შეამჩნევთ, რომელთაგან მხოლოდ ერთია ჩვენთვის საინტერესო.

მივაგენით მე-10 კორპუსს და სადარბაზოშიც უპრობლემოდ შევედით, ვინაიდან კოდირებული რკინის ნაცრისფერი კარი ღია აღმოჩნდა.

მეორე სადარბაზოში შევედი და სამი სართულის ასვლისა და ყველა კარზე კაკუნის შემდეგ მესმოდა:

_ ვინ არის?

_ ჟურნალიტი ვარ, ორიოდე კითხვა მექნება, თუ შეიძლება.

_ ისა, რა ჰქვია იმას… არ გვცალია, _ მპასუხობდნენ კარს მიღმა. ასე გაგრძელდა კიდევ ერთ სართულზე, სადაც უკვე იმავე პოზიციიდან (კარს მიღმა) მდგარმა ქალბატონმა გამომძახა, _ ამ სადარბაზოში მე-8 ბინა არ არის და გვერდით სადარბაზოში გადადითო.

_ კარგით, _ ამოვიოხრე, _ იმედია, თქვენნაირი სიტყვაძუნწი მეზობლები არ იქნებიან შემდეგ სადარბაზოში-მეთქი და კიბეები სწრაფად ჩამოვირბინე. რამდენიმე წამში გვერდით სადარბაზოში ამოვყავი თავი.

აქ, სადარბაზოს შესასვლელში, კიბეებზე ორი ახალგაზრდა ბიჭი რაღაცაზე საუბრობდა, ერთმა მაღლა აირბინა და მეორე ქვევიდან ეძახდა, _ თავისუფალი დრო რომ გაქვს, მხოლოდ მაგიტომ მუშაობო? _ იმანაც, _ კი, მხოლოდ მაგიტომო და თან მაღლა აირბინა. ქვევით დარჩენილ ახალგაზრდას ვკითხე, _ აქ ცხოვრობ-მეთქი? _ არაო. ამდენ ხანში ზემოთ ასულმაც ჩამოირბინა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ან წერილებს ტოვებდნენ კარზე, ან _ ქვითრებს. როგორც კი ზემოთ ასულმა ჩამოირბინა, ორივემ იმ თემაზე განაგრძო საუბარი, რაზეც აქამდე საუბრობდნენ და წამში გაუჩინარდნენ.

მე კი საქმეს შევუდექი.

პირველსავე სართულზე მარჯვნივ მდებარე კუთხის კარზე მივუკაკუნე, აშკარად ტელევიზორის ხმა ისმოდა  და დარწმუნებული ვიყავი, რომ ტყუილად არ ვაკაკუნებდი. კარი სათვალიანმა, ჭაღარა ქალბატონმა გამიღო, რომელსაც ვარდისფერი, თბილი ხალათი ეცვა:

_ რა გნებავთ?

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ გაზეთ „ქრონიკა+“-დან, ალექსანდრე ჯეჯელავას „კომფორტის ზონაზე“ ვწერ. თუ იცნობთ მას?

_ როგორ არა, ჩემი მეზობელია, ზემოთ ცხოვრობს, მესამეზე.

_ როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ არაჩვეულებრივი, საოცრად სალმიანი ბიჭია. მიუხედავად იმისა, რომ  თავიდანვე, 1969 წლიდან აქ არ ცხოვრობს, არამედ 5-6 წელია, რაც გადმოვიდა, მაინც სალმიანია.

_ მის ოჯახს თუ იცნობთ?

_ კი, არაჩვეულებივი ოჯახი ჰყავს, ცოლ-შვილი და ისინიც ძალიან სალმიანები არიან.

_ გმადლობთ.

_ არაფრის, შვილო.

წამოვედი. იმავე სართულზე მდებარე არც ერთი ბინის კარი აღარ გამიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ისევ ცხადად მესმოდა ტელევიზორის ხმა. ახლა მეორე სართულზე გადავინაცვლე, სადაც ზუსტად პირველ სართულზე მცხოვრები ქალბატონის ბინის ზემოთ მდებარე საცხოვრებლის კარი შუახნის, წარმოსადეგმა მამაკაცმა გამიღო. ოთახიდან მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი მოჩანდა.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მაინტერესებს, ალექსანდრე ჯეჯელავას თუ იცნობთ?

_ კი, მეზობელია.

_ მე, მის კომფორტის ზონაზე ვწერ, მაინტერესებს, როგორი მეზობელია, სალმიანია თუ არა?

_ ძალიან, ძალიან კარგი მეზობელია.

_ ხშირად ხედავთ ხოლმე?

_ სამწუხაროდ, არა, მაგრამ კარგი მეზობელია, ძალიან ვაფასებთ.

_ გმადლობთ.

_ არაფრის.

ამ კარის პარალელურ ბინას მივადექი. ეტყობოდა, ხის მძიმე კარი იქნებოდა. კარზე დავრეკე და იმწამსვე მომესმა:

_ ვინ არის?

_ ჟურნალისტი ვარ, ორიოდე კითხვა მექნება, თუ შეიძლება.

ამ დროს ერთწამიანი სიჩუმე ჩამოწვა და მძიმე კარის გაღების ხმა გავიგონე. მასპინძელი კარგა ხანს ეჯახირა კარის გაღებას, ლამის, იმდენ ხანს, რომ უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ, ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა და კარს უკან საშუალო სიმაღლის, გამხდარი, წაბლისფერთმიანი, ჩოლკიანი და მწვანეთვალება ქალბატონი გამოჩნდა, წარბები რომ ძალიან მაღლა ჰქონდა აზიდული, ისეთი.

_ გამარჯობა, მობრძანდით.

_ არა, გმადლობთ, რამდენიმე წამის საქმეა, რომ მითხრათ, თუ შეიძლება, როგორი მეზობელია ბ-ნი ალექსანდრე თქვენთვის?

_ მე პირადად არ ვიცნობ, ჩვენ ახალი გადმოსულები ვართ და იმიტომ, მაგრამ ისე სულ ყველა აქებს და ძალიან დადებითი ადამიანია, როგორც ვიცი.

_ სალმიანია?

_ კი, კი, მისალმებით ვიცნობ, ძალიან დადებითი და კონტაქტური ადამიანია.

_ გმადლობთ.

მესამე სართულზე ავედი, მინისტრის კარს ფოტო გადავუღე. აქ არ იყო არც კამერები და არც ობიექტს იცავდა დაცვის პოლიცია. ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული რკინის თეთრი კარი იყო.

გზა განვაგრძე.

მეოთხე სართულზე ავედი, სადაც კარები არც ერთმა არ გამიღო, ამიტომ მეხუთე სართულისკენ გადავინაცვლე, სადაც კარი მხოლოდ უკიდურეს მარცხენა მხარეს მდებარე ბინაში მცხოვრებმა გამიღო. საკმაოდ საინტერესო გარეგნობის მამაკაცი იყო: ჭაღარა თმით, წვერით, დიდი სათვალით და ჯინსით.

_ გამარჯობა! _ მივესალმე.

_ გამარჯობა (ისე სწრაფად მიპასუხა, რომ უცებ შევცბი).

_ ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავას კომფორტის ზონაზე ვწერ, იცნობთ?

_ კი, ვიცნობ.

_ როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ კარგი.

_ ანუ სალმიანი ადამიანია?

_ კი, ძალიან

_ გმადლობთ.

_ არაფრის.

კვლავ შემდეგ სართულზე გადავინაცვლე და აქ არც ერთ კარზე კაკუნმა არ გაჭრა, ამიტომ უფრო მაღლა ავიჭერი. აქ ისევ მარჯვნივ მდებარე კარზე დავრეკე ზარი. უცნაური ზარის ხმის გაგონების შემდეგ რა გადაეღობებოდა ჩემს კომფორტის ზონაზე ვოიაჟს წინ, თუ არა ძაღლი, რომლის ყეფის ხმამაც გული შემიღონა, მაგრამ კართან მაინც ვიდექი ბინის პატრონის მოლოდინში. მანაც კარის გაღების გარეშე მკითხა, ვინ ვიყავი, მეც ვუთხარი და ამის პასუხად, ძაღლს გავიყვან სხვა ოთახში და კარს გაგიღებთო, ძალიან გამიხარდა და დავთანხმდი.

რამდენიმე წამში კარი მე-11-კლასელმა სკოლის მოსწავლემ გამიღო. ესეც გამიხარდა, რადგან მაინტერესებდა, როგორ ფიქრობდა სწორედ ასეთი ასაკის ბავშვი განათლების მინისტრზე, რომელიც მისი მეზობელიც იყო.

_ გამარჯობა, მაინტერესებს, განათლების მინისტრი როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ ძალიან კარგი, მათგან არასდროს შევწუხებულვართ, ბავშვს ვხვდები ხოლმე ხშირად.

_ როგორც განათლების მინისტრი, მოგწონს? სკოლის მოსწავლე ხარ, როგორც ვხედავ.

_ დიახ, მე-11 კლასში ვარ და ძალიან მომწონს.

_ შენთვის დადებითი პიროვნებაა?

_ კი, ძალიან საყვარელი და თბილი პიროვნებაა, არ შეიძლება გაიარო და გამარჯობა არ გითხრას, არ გაგიღიმოს.

_ მადლობა გადავუხადე და წამოვედი. იმ ძაღლსაც მიეცა თავისუფლება და _ მეც.

ახლა წინა კართან გადავინაცვლე. კარზე ჩიტის სტვენის მაგვარი ზარი ჰქონდათ და ისევ კარის გაუღებლად მომიწია ვინაობის ახსნა. კარი გამიღო ახალგაზრდა, ცისფერთვალება და წითელთმიანმა ქალბატონმა.

_ გამარჯობა, მაინტერესებს, ალექსანდრე ჯეჯელავა როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ ძალიან კარგი.

_ ხედავთ ხოლმე?

_ კი, ვხედავთ ხოლმე.

_ სალმიანია?

_ ჩვენ, ძირითადად, გასულები ვართ, დღის მანძილზე, სამსახურის გამო და ღამე, სამსახურის მერე შევხვედრილვართ,  მოგვსალმებია კიდევაც. ურთიერთობაშიც თბილი ადამიანია.

_ გმადლობთ.

_ კარგად.

ამავე სართულზე შუაში მდებარე კარს მივადექი. ახლა ვხვდები, რომ მისი პატრონი კართან იდგა და მე და თავის მეზობელს გვისმენდა. როგორც კი ზარი დავრეკე, იმწამსვე დამიძახა, _ ვინ არის?

_ ჟურნალისტი ვარ. ორიოდე კითხვა მაქვს.

_ ახლავეო! _ და კარი გააღო. კართან იდგა შუახნის ასაკს გადაცილებული, ოდნავ მსუქანი, წითური თმებითა და სათვალით ქალბატონი თავის პატარა შვილიშვილთან ერთად, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და არაჩვეულებრივი თმა ჰქონდა.

კარის გაღების შემდეგ ხელახლა მომიწია ყველაფრის ახსნა და როცა ვკითხე:

_ მაინტერესებს, როგორი მეზობელია თქვენთვის-მეთქი?

მიპასუხა:

_ ჯეჯელავა ჩვენი მეზობელია?

_ დიახ, ქვევით ცხოვრობს, მესამე სართულზე. თქვენ თვალიც კი არ მოგიკრავთ ჩვენი მინისტრისთვის?

_ არა, არადა, ძალლიან დიდი ხანია, აქ ვცხოვრობ.

_ კარგი, გმადლობთ.

ახლა უფრო ზევით გადავინაცვლე და რამდენიმე კარზე უშედეგოდ ვაკაკუნე, თუმცა ბოლო სართულზე შუახნის ასაკს გადაცილებულმა, გამხდარმა კაცმა გამიღო კარი:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ გაზეთ „ქრონიკა+“-დან, ალექსანდრე ჯეჯელავას კომფორტის ზონაზე ვწერ. თუ იცნობთ თავად მას?

_ ვის, სანდროს?

_ დიახ.

_ ჩემთან როგორი ურთიერთობა აქვს?

_ დიახ.

_ კარგი კაცია, ზრდილობიანი, ძალიან თბილი და ძალიან გემრიელი.

_ ანუ სალმიანი ადამიანია?

_ კი, კი, ძალიან. ცოლ-შვილსაც ვიცნობ. კარგები არიან ძალიან.

_ დიდი მადლობა.

 

ლიფტით ჩამოვედი. გარეთ კვლავ არავინ იდგა. ეზოში ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ და მათი ხმა არემარეს ავსებდა.

ალექსანდრე ჯეჯელავას კომფორტის ზონაა ვაკე, ჭავჭავაძის ქუჩა _ ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეუძლია ცურაობა, საცურაო აუზთან სიახლოვის გამო.

 

ნინო ტაბაღუა