ციხის ქრონიკა – რამდენი პატიმარი გარდაიცვალა და რამდენმა მოიკლა თავი?!

ეს გახლავთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ექსკლუზიური პასუხები „ქრონიკა+“-ის კითხვებზე, რომელიც ერთი კვირის წინათ გავუგზავნეთ, _ მონაცემები, რომელიც ქართულ მედიაში, სავარაუდოდ, პირველად ქვეყნდება.

პასუხები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბაია ცანავამ გადმოგვიგზავნა:

 

_ თუ შეიძლება, გადმოგვიგზავნეთ იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც პატიმარი ე. წ. გადავადებას ექვემდებარება.

_ პირველ რიგში, ის მინდა გითხრათ, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისგან განთავისუფლება და სასჯელის მოხდის გადავადება.

_ მაშინ, ჯერ ის დაავადებები ჩამოგვითვალეთ, რომელიც პატიმრის გადავადებას ითვალისწინებს.

_ სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს განაჩენის გამომტანი სასამართლო. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდადებულს მძიმე ავადმყოფობა დაუდგინდა, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას. სასჯელის მოხდის გადავადება ხორციელდება მსჯვარდადებულის გამოჯანმრთელებამდე, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. ამ შემთხვევაში, სახლში სამკურნალოდ გაშვებულმა მსჯავრდადებულმა, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

_ დაავადებების ჩამონათვალი გთხოვეთ…

_ სასჯელის გადავადებისთვის დაავადებათა ჩამონათვალი არ არსებობს და დამოკიდებულია მოსამართლის შინაგან რწმენაზე.

_ უკაცრავად, როგორ, „მოსამართლის შინაგან რწმენაზე“?

_ დიახ. რაც შეეხება სასჯელის მოხდისგან განთავისუფლებას, მას  ახორციელებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია (კომისიის საქმიანობის ორგანიზებასაც სამინისტრო უზრუნველყოფს). კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის (#181/01-72/ნ) ბრძანებით დამტკიცებული დებულებითა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის ბრძანებით, რომლითაც განსაზღვრულია იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლითაც მსჯავრდადებული სასჯელის მოხდისგან თავისუფლდება. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და მისი ნახვა შესაძლებელია საქართველოს „საკანონმდებლო მაცნესა“ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებგვერდებზე, საბოლოო რედაქციით, რა თქმა უნდა.

_ მინისტრის კონკრეტულად რომელი ბრძანებულებით რეგულირდება ეს ჩამონათვალი? 2013 წლიდან განახლდა თუ არა ჩამონათვალი?

_ იმ მძიმე და განუკურნებელი დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს მსჯავრდადებულის სასჯელის მოხდისგან განთავისუფლების (და არა სასჯელის გადავადების) საფუძველს, განსაზღვრულია ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის #01-6/ნ ბრძანებით.

_ 2013 წლიდან არაფერი შეცვლილა?

_ აღნიშნულ ბრძანებაში პერიოდულად ხორციელდება ცვლილებები. ბოლო ცვლილება 2014 წლის 8 ივლისს შევიდა, რითაც გარკვეული დაავადებები დაემატა. აქვე დავძენთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. კანონპროექტის თანახმად, ავადმყოფობის გამო განთავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისგან გაათავისუფლებს მსჯავრდადებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდადებულის გამოჯანმრთელება, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი. სასამართლო, ასევე, ვალდებული იქნება, შეაფასოს განთავისუფლებისას მსჯავრდადებულისგან მომდინარე რისკები და საფრთხეები. რაც შეეხება საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას, ამ კომისიას შეეძლება, სასჯელის მოხდისგან გაათვისუფლოს მსჯავრდადებული, როდესაც სახეზეა დაავადება, ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებელი ვერ ნარჩუნდება.

_ 2013 წლიდან დღემდე რამდენი პატიმარი დაექვემდებარა სასჯელის მოხდის გადავადებას?

_ გადავადებას ავადმყოფობის, ასევე, ორსულობის გამო დაექვემდებარა: 2013 წელს 10 მსჯავრდადებული, 2014 წელს _ 7 მსჯავრდადებული, 2015 წელს _ 13 მსჯავრდადებული, 2016 წელს _ 5 მსჯავრდადებული, 2017 წელს, ჯერჯერობით, 1 მსჯავრდადებული.

_ რამდენი პატიმარი გაათავისუფლეთ ავადმყოფობის გამო?

_რაც შეეხება ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდადებულთა ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისგან განთავისუფლდა: 2013 წელს _ 95 მსჯავრდადებული, 2014 წელს _ 26 მსჯავრდადებული, 2015 წელს _ 25 მსჯავრდადებული, 2016 წელს _ 22 მსჯავრდადებული, 2017 წელს _ არც ერთი.

_ რომელ კლინიკებთან აქვს სასჯელაღსრულების სამინისტროს გაფორმებული ხელშეკრულება? აქედან, 2013 წლიდან რომელთან შეუწყდა და რომელი კლინიკა დაემატა? და კიდევ: კლინიკებთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი რა იყო?

_ ყოველი წლის ბოლოს სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ მსჯავრდადებულთათვის სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების საჭიროება განისაზღვრება ყოველი მომდევნო წლისთვის, სადაც გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ახალი საჭიროებები. 2017 წლის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებს ჩამოგითვლით. ესენია: ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, კ. ერისთავის სახელობის კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, შპს „მედ ჯორჯია“, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრი, „ავერსის“ კლინიკა, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო, ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ _ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“, კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი, შპს „უნიმედი აჭარა“, „ნიუ ჰოსპიტალსი“, „უნიმედი აჭარა“ _ ონკოლოგიის ცენტრი, მ. ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (თოდუას კლინიკა), ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის ცენტრი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი.

_ საკმაოდ დიდი ჩამონათვალია, მაგრამ ბოლო წლებში სხვადასხვა მიზეზით თანამშრომლობა შეწყდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასთან. რომელი დაწესებულებებია და რა გახდა მიზეზი მათი კონტრაქტორობიდან ჩამოცილებისა?

_ მიზეზი რამდენიმეა: საჭიროების არქონა, ფასთა კვლევის შედეგების მიხედვით თავად კლინიკების უარი თანამშრომლობაზე. „გასული“ სამედიცინო დაწესებულებებია: გადაუდებელი დახმარებისა და ქირურგიის ცენტრი „ჰიგია“, ვ. ბოჭორიშვილის სახ. სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი, ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, კარდიოლოგიური კლინიკა „გული“, ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“, პეტრე სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტი, რუსთავის ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერი, კლინიკა „ჰელსი“, ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, შპს „ჯანმრთელობის ცენტრი“, „ჯეო ჰოსპიტალსი“, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი „ურანტი“, „გიდმედი“, „ახალი მზერა“, პედიატრიის ინსტიტუტი, ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, „არქიმედეს კლინიკა“, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი, „დეკა“, კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, „ლანცეტი“, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, „მედი ქლაბ ჯორჯია“, ნეფროლოგიის განვითარების კლინიკური ცენტრი, „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“, „ტომოგრაფი“, „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“.

_ რომელი ფარმაცევტული კომპანიები ამარაგებენ მედიკამენტებით სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებებს? ეს კომპანიები ტენდერებში იმარჯვებენ?

_ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანუ ტენდერით მომწოდებელი კომპანიები გამოვლინდებიან და მათგან მედიკამენტებისა და სხვა სახარჯი მასალას ვიძენთ. 2013 წელს პენიტენციურ დაწესებულებებს მედიკამენტებით შემდეგი კომპანიები ამარაგებდნენ: „ავერსი ფარმა“, „მედფარმა პლუსი“, „პსპ ფარმა“, „გერმანულ-ქართული კომპანი“, „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია“, „ჯანმრთელობის მომსახურების გერმანია-საქართველოს კომპანია“, „მერმისი“, „მირკო“. 2013 წელს, სულ, მედიკამენტებზე გაიხარჯა 1 776 126.35 ლარი.

2014 წელს პენიტენციურ დაწესებულებებს მედიკამენტებით ამარაგებდნენ: „მირკო“, „ავერსი ფარმა“, „პსპ ფარმა“, „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია“, „მერმისი“, „ეი ბი სი ფარმაცია“, „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია“, „კალიიდი“, „სამაია“, „მედფარმა პლუსი“. 2014 წელს სულ მედიკამენტებზე გაიხარჯა 2 086 497.60 ლარი.

2015 წელს პენიტენციურ დაწესებულებებს მედიკამენტებით ამარაგებდნენ კომპანიები: „პსპ ფარმა“, „ავერსი-ფარმა“, „ეი-ბი-სი ფარმაცია“, „მედფარმა პლუსი“, „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია“, „მერმისი“, „ივერმედი“. 2015 წელს მედიკამენტებზე გაიხარჯა 2 146 246.82 ლარი.

2016 წელის პენიტენციურ დაწესებულებებს მედიკამენტებით ამარაგებდნენ: „ეი-ბი-სი ფარმაცია“, „პსპ ფარმა“, „ავერსი ფარმა“, „მედფარმა პლუსი“, „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია“~, „მერმისი“, „აქვა ტერრა“, „ეი-ბი-სი ფარმაცია“. მედიკამენტებისთვის გამოიყო 2 100 908.015 ლარი.

2017 წელს პენიტენციურ დაწესებულებებს მედიკამენტებით მოამარაგებენ: „პსპ ფარმა“, „ავერსი ფარმა“, „ეი-ბი-სი ფარმაცია“, „მერმისი“. 2017 წელს მედიკამენტებისთვის გამოყოფილია 1 702 700 ლარი.

_ არის თუ არა სათანადოდ აღჭურვილი სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებები, თუ მოითხოვს აპარატურის დამატებას?

_ პენიტენციურ სისტემაში ორი სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს: #18 სამკურნალო დაწესებულება და #19 ტუბერკულოზის სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი. #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესაძლებელია სხვადასხვა დიაგნოსტიკური და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება. #19 ტუბერკულოზის სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრში პაციენტები განთავსებული არიან დაავადების ფორმების შესაბამისად. ფუნქციონირებს ორი ამბულატორიული და ერთი სტაციონარული განყოფილება. #19 სარეაბილიტაციო ცენტრის ლაბორატორიაში, 2015 წლიდან, შესაძლებელია ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტირება „GENEXPEღთ“-ის მეთოდით.

_ 2013 წლიდან დღემდე რამდენი პაციენტი გარდაიცვალა სასჯელის მოხდის პერიოდში?

_ პატიმართა სიკვდილობის სამწუხარო შემთხვევები ფიქსირდება, მაგრამ შევადაროთ 2010-2011 წლის მონაცემებს: თუ 2010 წელს 144 მსჯავრდადებული გარდაიცვალა, 2015 წელს გაირდაიცვალა 12 მსჯავრდადებული. სასჯელის მოხდის პერიოდში, 2013 წლიდან დღემდე, წლების მიხედვით გარდაცვალების შემთხვევები ასე გამოიყურება: 2010 წელს _ 144 მსჯავრდადებული გარდაიცვალა, 2011 წელს _ 140 მსჯავრდადებული, 2012 წელს _ 67, 2013 წელს _ 25, 2014 წელს _ 27, 2015 წელს _ 12, 2016 წელს _ 17, 2017 წელს _ 2 მსჯავრდადებული.

_ 2013 წლიდან დღემდე რომელი კომპანიები ამარაგებენ პატიმრებს საკვებით (თუ შეიძლება, ქრონოლოგიის მიხედვით ტენდერში გამარჯვებული კომპანიები) და აქვე, რამდენი ლარია გამოყოფილი ერთი პატიმრის კვებაზე დღეში?

_ 2013-2016 წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში კვებით მომსახურებას ახორციელებდა: შპს ქართული კვების კომპანია, შპს GMM და შპს „ელფი“. 2017 წელს, ფასთა კვლევის შედეგად, პენიტენციური დაწესებულებების კვებით მომსახურებას ახორციელებს: შპს „ელფი“.

_ რატომ, „ფასთა კვლევა“ რას ნიშნავს?

_ საქმე ის არის, რომ 2017 წლიდან სატენდერო პირობებში დამატებითი მოთხოვნები ჩაიდო. მაგალითად, შემსყიდველ კომპანიას დაევალა უზრუნველყოს შემსყიდველის კვებითი მომსახურების გაწევისთვის გამოყოფილი ტექნიკური მოწყობილობა-დანადგარების მიმდინარე რემონტი; უზრუნველყოს მომსახურების გაწევის ადგილზე საკომუნიკაციო-გაყვანილობების გამართული ფუნქციონირება, კერძოდ: გაბიდვნის შემთხვევაში საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა, სანტექნიკისა და ელექტრო სისტემების მოვლა-პატრონობა და დაზიანების შემთხვევაში შეკეთება, ან ახლით ჩანაცვლება. ასევე თავად გადაიხადოს მოხმარებული კომუნალური გადასახადები: წყლის, ელექტროენერგიისა და სხვ.

_ პატიმრის კვებაზე რა თანხაა გამოყოფილი?

_ 2017 წელს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში კვებითი მომსახურებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 20 170 000 ლარი.

_ როგორია პატიმრის მენიუ?

_ ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა კვების მენიუ და კალორაჟი დამტკიცებულია სასჯელაღსრულების მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის (2015 წლის 13 აგვისტო #88-#01-34/ნ) ერთობლივი ბრძანებით. განსაკუთრებული რისკის, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო, ქალთა დაწესებულების, სტაციონარულ მკურნალობაზე და დიეტურ კვებაზე მყოფ, ტუბერკულოზით დაავადებულ, ორსულ, მეძუძურ ქალთა, შაქრიანი დიაბეტის, კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის დაავადების მქონე და პოსტოპერაციულ მკურნალობაზე მყოფ პირებისთვის არსებობს 12 სახის მენიუ. ასევე, სადაც დადგენილია ენერგეტიკული მაჩვენებელი, რაც დღიურ რაციონაში 960-3390 კ.კალს შეადგენს. მსჯავრდადებულები 3-ჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილნი და მენიუ მოიცავს ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების, პარკოსნების, ბურღულეულისა და პურპროდუქტების საჭირო რაოდენობას, როგორც კალორაჟის, ისე ოდენობის თვალსაზრისით.

_ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული ბოლო 5 წლის განმავლობაში?

_ კვალიფიციური სპეციალისტები, მათ შორის, ფსიქოლოგები, მუდმივად მუშაობენ მსჯავრდადებულების ფსიქოლოგიური მდგომარეობის კორექტირების მიზნით. 2013-2016 წლებში ეს მონაცემები რადიკალურად შემცირდა. თუმცა, სამწუხაროდ, სუიციდის რამდენიმე ფაქტი ყოველწლიურად მაინც ფიქსირდება. სუიციდის შემთხვევები წლების მიხედვით: 2013 წელს _ 6 მსჯავრდადებულ/ბრალდებული, 2014 წელს _ 7, 2015 წელს _ 2 მსჯავრდადებულ/ბრალდებული, 2016 წელს _ 5, 2017 წელს _ არც ერთი.

 

თამარ როსტიაშვილი