რა სია გადასცეს ,,ქრონიკა+”-ს ,,ცენტრ პოინტის” დაზარალებულებმა?!

დავიწყებთ  სიით, რომელიც „ქრონიკა+“-ს დაზარალებულებმა გადმოსცეს.

  1. მაია გვიმრაძე _ ყოფ. დირექტორი _ შპს „ჯიქია“, შპს „წყნეთი ჰაუსი“, შპს „დიდი დიღმის ოაზისის“ წარმომადგენელი, შპს „ცენტრ პოინტის“ წარმომადგენელი. პროექტების სამსახურის უფროსი; დეველოპერი.
  2. ნინო შარიქაძე _ „ცენტრ პოინტი+“, „დექსუსი“, შპს „წყნეთი ჰაუსის წარმომადგენელი+“, შპს „მზიური ველი“, ამხანაგობა „ლუბლიანა“, ამხანაგობა „რობაქიძე 7“,  შპს „ცენტრ პოინტი ნაძალადევის“ ყოფილი დირექტორი. ინდმენაშენთა ამხანაგობა „საბურთალოს დაკიდული ბაღები“;
  3. ქეთევან ჟორდანია _ შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი;
  4. თინათინ (თიკა) რუხაძე, „ცენტრ პონტი“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, აქვს ბინა შპს „წყნეთი ჰაუსში“;
  5. ნინო ყიფიანი _ დირექტორი, შპს „გრინ პოინტი“, „ცენტრ პოინტის“ იურიდიული სამსახურის უფროსი;
  6. ცოტნე მურღულია _ შპს „დექსუსის“ თანამშრომელი, იურისტი. სამართლებრივი ფორმა: უცხოური საწარმოს ფილიალი, დირექტორი ფირმაში, ფირმის რეგ.თარიღი 26.07.2011 (დიდი ბრიტანეთი) Digital Commerce-ის ფილიალი საქართველოში (ს/კ: 401961034); სამართლებრივი ფორმა: უცხოური საწარმოს ფილიალი, დირექტორი ფირმაში, ფირმის რეგ.თარიღი 23.02.2011 (ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.)) ონირამა ინვესთმენთს ლიმითედ-ის ფილიალი (ს/კ: 401955844) _ სავარაუდოდ, ორივე ფირმის უკან არიან „დექსუსის“ დამფუძნებლები (განსაკუთრებით ი. კილაურიძე).
  7. გიორგი მაისურაძე _ ყოფ. დირექტორი, შპს „ჯიქია“, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“, შპს „დიღომი დისტრიქთ აფართმენტი“, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი+“, შპს „ლოპოტა“…
  8. ნოდარ ადეიშვილი _ ყოფ. დირექტორი, შპს „ჯიქია“, შპს „გრინ პოინტის“ წარმომადგენელი, (დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი); მუშაობდა ვლადიმერ გურგენიძესთან ერთად;
  9. ია ბახტაძე _ შპს „ბახტაძე და პარტნიორები“;
  10. მალხაზ წაქაძე _ ყოფ. დირექტორი, შპს „მზიური ველი“;
  11. მამუკა წაქაძე _ აღმასრულებელი დირექტორი, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“; შპს „ჯორჯიან ქონსთრაქშნ ინქორფორეითიდ ჯი.სი.აი“ წარმომადგენელი/მფლობელი 33%;
  12. პაატა სვანიძე (CPTG) _ „ცენტრ პოინტის“ წარმომადგენელი/იურისტი;
  13. მიხეილ ქებურია _ ყოფ. „ცენტრ პოინტის“ იურისტი;
  14. ირაკლი მინდელი _ ბათუმის ოაზისი (დირექტორი);
  15. სოფიო ტიკარაძე _ შპს „დექსუსის“ ფინანსური მენეჯერი;
  16. დავით ქიმერიძე _ შპს „მარიჯანი“, ი.ბ.ა. „რობაქიძე 7ა“-ის წარმომადგენელი;
  17. მარიამ ქუჩულორია (პ/ნ:39001006368), შპს „დექსუსის“ წარმომადგენელი/იურისტი; ადრე მუშაობდა „კორ სტანდარტ ბანკში“.
  18. მანანა ნანიტაშვილი _ შპს „დაკიდებული ბაღების“ ყოფ. დირექტორი;
  19. სალომე სულხანიშვილი _ ცენტრპოინტელი, შპს „ჯიქია“, შპს „ლოპოტა“;
  20. ნატალია ნეფარიძე _ შპს „დექსუსი“ (და პლუს თიკა რუხაძის წარმომადგენელი რეესტრში);
  21. ნიკოლოზ მინაშვილი _ შპს „სასტუმრო ქსელი რჩეული“;
  22. ვასილ ძოწენიძე _ შპს სასტუმროთა ქსელი „რჩეული“; „ცენტრ პოინტის“ ვიცე-პრეზიდენტი;
  23. ნიკოლოზ ბერიძე _ „ცენტრ პოინტი“, ნინო დარასელის ქმარი;
  24. ალექსანდრე შაპოვალოვი _ ფინანსური დირექტორი;
  25. ლაშა ინაშვილი _ „ცენტრ პოინტის“ ფინანსური სამსახურის უფროსი;
  26. დათო სოსიაშვილი _ „ცენტრ პოინტის“ სტრატეგიული მარკეტინგის სამსახურის უფროსი;
  27. სანდრო გალიაშვილი _ „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის მართვის სამსახურის უფროსი.

 

ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ პირს დღეს გარკვეული პოზიცია და მაღალი თანამდებობები უკავია კერძო კომპანიებსა და საჯარო სექტორში. ამავე დროს, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა განცხადებით, თითოეულ მათგანს თავისი წვლილი მიუძღვის ამ თაღლითურ და მაქინაციურ სქემაში. 6 ათასზე მეტი დაზარალებული მოითხოვს არა მხოლოდ სათავეში მყოფი პირების დასჯას, არამედ პასუხისმგებლობის განაწილებას სქემის შემსრულებლებზეც.

 

მენაშენე თემურ ფიფია:

_ ამათ ყველას მოუწევს პასუხისგება! იურისტი არ დაგვავიწყდეს, ეგ გვაწერინებდა ხელს ხელშეკრულებებზე. გვანცა ოქროპირიძე უკრაინაში გათხოვდა, დანარჩენები აქ იქნებიან.

 

მენაშენე ილონა ბერულავა:

_ ქეთი ჟორდანიაზე მეტი პროფესიონალი აფერისტი არ გენახოთ. ჩვენი ბინა ავზომეთ და კვადრატებიც მოგვპარეს ამ თაღლითებმა.

 

მენაშენე დიანა მიქაძე:

_ „პრარაბთა პრარაბი“ მურმან ლობჟანიძე, რომელმაც სამივე გასაღები დამიკარგა. ორი დაკარგა, მერე, არიქა, ცივი წყლის მილი შემყავს შენს ბინაში და ნახევარ საათში გასაღები მომიტანეო. თან მეუბნებოდა, ხომ მაინც უნდა გამოცვალო საკეტი, მერე რა მოხდა, მუშებმა დაკარგესო. ეს მუშები ჩემს ბინაში ცხოვრობდნენ. ერთხელ მივედი და საცოდავად ხახვსა და მოხარშულ კარტოფილს ჭამდნენ. ლესავდნენ კედლებს. ამ მუშებმა მითხრეს, კომპანია ფულს არ გვიხდის, თქვენ მაინც გადაგვიხადეთო. კიდევ ელექტრიკოსი მერაბი, დაამატე, გენაცვალე, წერტილები, მერე დაგჭირდება და თავიდან მოგიწევს გალესვაო. რამდენი ფული „ამახია“, არ მახსოვს“. გვანცა ოქროპირიძე, საოცრება. ფულის გადახდა რომ დავასრულე გრაფიკზე  ადრე, 2008 წლის 30 მაისს, მეუბნება: აგერ, უკან, პირველ ნაწილში იყიდე ფართი, უკეთესი ვარიანტია, რამდენიმე კვადრატულის თანხის დამატება მოგიწევს და 1 წელიწადში კორპუსი მზად იქნებაო. კიდევ კარგი, ფული არ მქონდა, თორემ გამაბითურებდა ეგ თაღლითი. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მოკლედ, „ვერხუშკიდან“ დაწყებული, წვრილფეხობით დამთავრებული, ამდენმა აფერისტმა როგორ მოძებნა ერთმანეთი?

 

რა თაღლითურ სქემაზეა საუბარი?!

რამდენადაც, ამ თემის გარშემო, მიმდინარე სასამართლო პროცესების ფონზე, საკმაოდ ბევრი იწერება, „ქრონიკა+“ გამოუქვეყნებელ დოკუმენტებსა და იმ პირებთან ჩანაწერებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც „ცენტრ პოინტში“, მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, არანაკლებ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე გადაინაცვლეს და მიაჩნიათ, რომ ისინი საერთოდ არაფერ შუაში არიან.

„ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ დოკუმენტებს, რომლის შემდეგაც „ცენტრ პოინტში“ მომუშავე ვერც ერთი ზემდგომი პირი ვერ იტყვის, რომ არაფერ შუაშია.

1999 წელს მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა დააარსეს კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფი“. 2004 წლის 15 აგვისტოს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88“-სა („დამკვეთი“) და შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფს“ („შემსრულებელი“) შორის გაფორმდა #1 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდა ქ. თბილისში, თაბუკაშვილის ქ. #7-ში „დამკვეთის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საჭირო საშუამავლო მომსახურების განხორციელებას. სანაცვლოდ, „დამკვეთი“ მოახდენდა ანგარიშსწორებას „შემსრულებლის“ მიერ გაწეული მომსახურების მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, „ცენტრ პოინტ ჯგუფი“ იღებდა ვალდებულებას, განეხორციელებინა საშუამავლო მომსახურება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე „შემსრულებელს“ უნდა გაეწია საშუამავლო მომსახურება საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად, საიდანაც ამხანაგობის წევრთა საცხოვრებელი ბინების დასაკმაყოფილებლად „დამკვეთზე“ გაიცემოდა 7250 კვ.მ. ბინის ფართი; მეორე ეტაპზე კი „შემსრულებელს“ უნდა განეხორციელებინა ასევე საშუამავლო მომსახურება საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად და მშენებლობის ამ ეტაპზე აშენებული ფართი მთლიანად გადაეცემოდა „ცენტრ პოინტ ჯგუფს“ მის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯის სანაცვლოდ.

პარალელურად, 2004 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88“-სა (შემდგომში „ამხანაგობა“) და „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლებთან დაკავშირებულ სააქციო საზოგადოება „ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს“ (შემდგომში „სააგენტო“) (დამფუძნებლები: ვახტანგ რჩეულიშვილი _ წილი 25%, გურამ რჩეულიშვილი _ 25%, რუსუდან კერვალიშვილი _ 25%, შპს „კონსალტინგისა და მენეჯმენტის ჯგუფი“ _ 25%; სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: მაია რჩეულიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი, ირაკლი მინდელი) შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად, „სააგენტო“ უზრუნველყოფდა თაბუკაშვილის ქუჩა ##7,9,11,11ა,16,18,19-ში დაწყებულ ბინათმშენებლობის დასრულებას და 3.500.000 აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მოძიებას.

„ამხანაგობასთან“. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ „სააგენტომ“ 2004 წელს მიიღო საბანკო კრედიტი 3.500.000 დოლარით, რომლის მიზანი იყო თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დაფინანსება. მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ეფექტური სარეკლამო კამპანიის მეშვეობით, მრავალი კლიენტი დაარწმუნეს, ფული ჩაედოთ ჯერ კიდევ არაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, იმ იმედით, რომ მშენებლობა დროულად დასრულდებოდა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ამხანაგობის ახალ წევრებს თანხები შეეტანათ „სააგენტოს“ საბანკო ანგარიშზე, როგორც ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მითითებით, თანხის უდიდესი ნაწილი პირდაპირ შედიოდა „ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს“ სალაროში ნაღდი ფულის სახით.

2004 წლის პერიოდში, მშენებლობის საწყის ეტაპზევე, „სააგენტოს“ სალაროში ნაღდი ფულის სახით შევიდა 1.283.784 აშშ დოლარი, რასაც დაემატა ამავე პერიოდში „თიბისი ბანკიდან“ მიღებული საბანკო კრედიტი. მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, პირადი სარგებლობისათვის სალაროდან უკანონოდ, ეტაპობრივად გაიტანეს 2.403.750 ლარი, რაც „სააგენტოს“ მთავარი ბუღალტრის, მანანა კირჩხელის მონაწილეობით 2004 წლის 31 დეკემბერს გაწერეს ყალბი სალაროს გასავლის ორდერებით.

სალაროდან უკანონოდ გატანილი და გახარჯული თანხის გაწერის მიზნით, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელთა მიერ შემუშავდა თანხის გაწერის სქემა, რისთვისაც შეიქმნა რამდენიმე ამხანაგობა.

„წყნეთი 2004“-მა, თითქოსდა, შეიძინა 15.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაშიც უკანონოდ გაიწერა „სააგენტოს“ სალაროდან უკანონოდ გასული 1.556.950 ლარი. მაია რჩეულიშვილის დავალებით, მანამდე „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ თანამშრომლებზე, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა მიწის ნაკვეთები, ხოლო ამხანაგობა „წყნეთი-2004“-ის თავმჯდომარე გიორგი ზარიძემ ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა, რომლებშიც ქაღალდზე გაიზარდა უძრავი ქონების ღირებულება და ნასყიდობის ფასად მიეთითა სწორედ ის თანხა, რომელიც ყალბი სალაროს გასავლის ორდერებით გაიწერა „სააგენტოს“ სალაროდან. სინამდვილეში, „სააგენტოს“ არ გადაუხდია აღნიშნული თანხა, არამედ მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ეს თანხა 2004 წლის 31 დკემბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ და თაღლითურად მიისაკუთრეს.

ანალოგიური სქემით ზემოაღნიშნული უკანონო ოპერაციის ჩატარებისთვის შეიქმნა ასევე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ბაგები-2004“ (დამფუძნებლები: მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები: რამაზ როხვაძე და ეკატერინე ჭინჭარაული, მოგვიანებით, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ თანამშრომლები), რომლის სახელზე 2004 წლის 31 დეკემბერს ასევე გაიწერა 546.000 ლარი. ამ შემთხვევაშიც, იგივე სქემით, ფიზიკურ პირებზე რომან მაჭავარიანზე, თამარ გოცირიძესა და მიხეილ ციცქიშვილზე, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, 2004 წლის 22 ნოემბერს, საკუთრების უფლებით უკანონოდ აღირიცხა ბაგების სატყეო უბნის ტერიტორიაზე მდებარე 3.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (თითოეულზე 1.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი). ამ ნაკვეთზე ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით, ხსენებულმა პირებმა ვითომდა 8.000 ლარად, 2004 წლის 22 ნოემბერს გაასხვისეს მიწის ნაკვეთი რუსუდან კერვალიშვილის სიძეზე _ ნიკოლოზ ბერიძეზე, რომელმაც, თავის მხრივ, 2004 წლის 31 დეკემბერს, უკვე გაზრდილ (ქაღალდზე) ფასად, 546.000 ლარად ასევე, ფიქტიურად, გაასხვისა მიწის ნაკვეთი ამხანაგობა „ბაგები-2004“-ზე. ნასყიდობის ფასად ამ შემთხვევაშიც მიეთითა სწორედ ის თანხა, რომელიც ყალბი სალაროს გასავლის ორდერებით გაიწერა და სინამდვილეში ამხანაგობას არ გადაუხდია. ზემოთ მითითებული თანხა ასევე 2004 წლის 31 დეკემბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ და თაღლითურად მიისაკუთრეს მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა.

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის დავალებით „სააგენტოს“ სალაროდან ამხანაგობა „ბაგები-2004“-ის სახელზე 2004 წლის 31 დეკემბერს გაიწერა ასევე 288 800 ლარი, თითქოსდა დაბა გუდაურში 2.040 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესაძენად. მაია რჩეულიშვილის მითითებით, აღნიშნული თანხის გაწერის მიზნით, 2004 წლის 05 ნოემბერს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის უფროსის, მიხეილ ნინიაშვილის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მიწის ნაკვეთი დაბა გუდაურში. მოგვიანებით, ამ უკანასკნელსა და ამხანაგობა „ბაგები-2004“-ს შორის, 2004 წლის 24 დეკემბრის თარიღით, გაფორმებული ფიქტიური ხელშეკრულებით, ნაკვეთის ნასყიდობის ფასად მიეთითა ასევე გაზრდილი ფასი _ 288 800 ლარი, რაც ამხანაგობას ასევე არ გადაუხდია და მითითებული თანხაც ასევე 2004 წლის 31 დეკემბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ და თაღლითურად მიისაკუთრეს მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა.

იგივე მეთოდით, ფიქტიური სალაროს გასავლის ორდერებით, უკანონოდ გაიწერა თანხები ამხანაგობა „დიღომი-2004“-ზე, რომელზეც გაცემულად ნაჩვენებია 200 200 ლარი, რომლითაც, თითქოსდა, ამხანაგობამ დიდუბის ტერიტორიაზე შეიძინა 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა ხსენებული თანხაც მიისაკუთრეს მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სქემით, მათ მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაისაკუთრეს მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები 2 403 750 ლარის ოდენობით, რომლის მიღების კანონიერი საფუძველი არ გააჩნდათ და რაც განკარგეს პირადი საჭიროებებისთვის, ხოლო ახალი საცხოვრებელი ფართის მიღების მოლოდინში მყოფ მენაშენეებს მიაყენეს მატერიალური ზიანი.

„ქრონიკა+“-ის მიერ ზემოთ ჩამოთვლილ პირებს, მაგალითად, იურისტებს კარგად უნდა სცოდნოდათ, რა კომპანიასთან და ფინანსურ მაქინაციებთან ჰქონდათ საქმე.

განვაგრძოთ: 2005-2008 წლებში მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა წინასწარი შეთანხმებით, „სააგენტოს“ სალაროდან, პირადად და მათი ნდობით აღჭურვილი პირების, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ თანამშრომლების: ნიკოლოზ ქსოვრელის, მიხეილ ნინიაშვილის, გიორგი ზარიძის, „სააგენტოს“ მოლარე ნიკოლოზ კირვალიძისა და კომპანიის სხვა თანამშრომლების მეშვეობით, სალაროს გასავლის ორდერებში მითითებული, ჯერ კიდევ, მშენებლობის დასრულებამდე თავიანთთვის წინასწარ განსაზღვრული „წილების“ მიღების საფუძვლით, გაიტანეს მენაშენეთა კუთვნილი თანხები 4 133 341 აშშ დოლარის ოდენობით.

2008 წლის 01 ივლისიდან 2010 წლის 06 მარტამდე პერიოდში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობისას, რუსუდან კერვალიშვილმა არაერთგზის, სხვადასხვა სამშენებლო ობიექტიდან პირადად და მისი ნდობით აღჭურვილი პირის, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ თანამშრომლის, გიორგი ზარიძის მეშვეობით, მშენებლობის დასრულებამდე თავისთვის წინასწარ განსაზღვრული „წილების“ მიღების საფუძვლით, მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, კერძოდ „თიბისი ბანკში“ მის პირად საბანკო ანგარიშზე _ 208 981 აშშ დოლარი, ასევე იმავე ბანკში გახსნილ მის ანგარიშზე _ 25 188 ფუნტი სტერლინგი, რაც გადარიცხა ქ. ლონდონში ერთ-ერთი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე. მოგვიანებით, ამავე პირის ანგარიშზე დამატებით, ეტაპობრივად გადარიცხა 159 881 ფუნტი სტერლინგი გიორგი ზარიძის მეშვეობით, ამ უკანასკნელის მიერ „თიბისი ბანკში“ არსებული საბანკო ანგარიშიდან. ზემოაღნიშნული უკანონო შემოსავალი რუსუდან კერვალიშვილს არ აუსახავს თანამდებობის პირის ყოველწლიურ დეკლარაციაში.

2007 წლის 28 დეკემბერს რუსუდან კერვალიშვილმა „ცენტრ პოინტ ინვესტიდან“ (პარტნიორები: მაია რჩეულიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი) სესხის სახით მიიღო 400 000 აშშ დოლარის თანხა, რომლის დაფარვის ნაცვლად, 2011 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, განახორციელა მისი უკანონო დასაკუთრების სამართლებრივი გაფორმება, რისთვისაც გამოიყენა ამხანაგობა „წყნეთი-2004“-ის სახელზე უკანონოდ რიცხული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ამავე ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ფიქტიურად იყო რეგისტრირებული გიორგი ზარიძისა და გიორგი გუბელაძის სახელზე.

ამ მიზნით, 2011 წლის აპრილში, რუსუდან კერვალიშვილმა და მაია რჩეულიშვილმა დახმარებისთვის მიმართეს ნდობით აღჭურვილ პირს, გიორგი ზარიძეს, რომელსაც შესთავაზეს მასთან ფიქტიური გარიგების შემდეგი სქემა: გ. ზარიძესთან 2010 წლის 10 ივნისის თარიღით (ანუ უკანა რიცხვით) უნდა გაეფორმებინათ სესხის ფიქტიური ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირდებოდა, რომ გ. ზარიძეს რ. კერვალიშვილისგან სესხის სახით ვითომდა მიღებული ჰქონდა 800 000 აშშ დოლარი. ამ ხელშეკრულების თანახმად რ. კერვალიშვილს გადაეცემოდა გ. ზარიძის სახელზე რიცხული 11 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ვითომდა ალტერნატიული ვალდებულების შესრულების სახით, რომელიც, თავის მხრივ, საკუთრებაში გადასცემდა ამ ნაკვეთს შპს „ცენტრ პოინტ ინვესტს“ საკუთარი სასესხო დავალიანების გასაქვითად.

აი, აქ მოხდა ყველაზე დიდი საოცრება: გიორგი ზარიძემ ამ წინადადებაზე უარი განაცახადა. ამის შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა და მაია რჩეულიშვილმა შპს „ცენტრ პოინტ ინვესტის“ დირექტორ ივანე ცაგურიასთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, ემოქმედათ იგივე სქემით და ისარგებლეს რა სანდო პირის, მიწის ნაკვეთის ფორმალური მესაკუთრის, გიორგი გუბელაძის სამსახურებრივი დამოკიდებულებით (ანუ მათზე მუშაობდა), ამ უკანასკნელს გააცემინეს მინდობილობა საქართველოს პარლამენტში რ. კერვალიშვილის აპარატის თანამშრომელ ნანა ღვალაძეზე, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელს მიენიჭა უფლებამოსილება, ეწარმოებინა ყოველგვარი ოპერაცია წყნეთის ტერიტორიაზე გ. გუბელაძის სახელზე ფორმალურად რიცხულ 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

2004-2009 წლებში „თაბუკაშვილი 88“-ის ბინათმშენებლობისთვის, რაც განკუთვნილი იყო ამავე ამხანაგობის წევრების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფისთვის, სულ მოიზიდა 27 701 299,13 აშშ დოლარი, მათ შორის, თავად მენაშენეების შენატანებმა შეადგინა 23.380.000 აშშ დოლარი.

საბოლოოდ, რუსუდან კერვალიშვილმა საცხოვრებელი სახლების მშენებლობებისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1 828 806 აშშ დოლარი და 185 069 ფუნტი სტერლინგი, მაია რჩეულიშვილმა მიითვისა 1 065 159 აშშ დოლარი, ხოლო რუსუდან კერვალიშვილმა და მაია რჩეულიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს _ 2 023 202 აშშ დოლარი და 2 403 750 ლარი.

ეს სქემის მხოლოდ მცირე ნაწილია და შეგნებულად ამოვიღეთ 2010 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენები. წარმოდგენილ მონაცემებში კარგად ჩანს, თუ როგორ რთავდა „ცენტრ პოინტი“ თავის უკანონო გარიგებებსა და თაღლითურ ქმედებებში თავისივე კომპანიის თანამშრომლებს. რა თქმა უნდა, გარკვეული გარიგების, ან ფინანსური დაინტერესების, ბინის, ან ფართის სანაცვლოდ.

როდესაც ეს სია შედგა, პასუხისგებაში მიეცნენ მხოლოდ კომპანიის დამფუძნებლები. ერთი წლის შემდეგ ქეთევან ჟორდანიაც _  კომპანიის თანამშრომელი.

ციტირება პროკურატურის განცხადებიდან:

 

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ბოლოს, შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის“ დირექტორი, მაია რჩეულიშვილი, მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დასაუფლებლად შეუთანხმდა ამავე საზოგადოების საორგანიზაციო განყოფილების უფროს ქეთევან ჟორდანიას, რათა ეს უკანასკნელი დაკავშირებოდა შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის“ მშენებარე ობიექტების მენაშენეებს და იმ მოტივით, თითქოს მათი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და მშენებარე ობიექტზე კომუნიკაციების შესაყვანად საჭირო იყო დამატებითი თანხების მობილიზაცია, მოეთხოვა თითოეული მათგანისთვის 1870 ლარის გადახდა“, _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამის შემდეგ ქეთევან ჟორდანია დაუკავშირდა ობიექტის მენაშენეებს და შეატანინა ჯამში 258 092 ლარი, საიდანაც მიზნობრიობით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის გადაირიცხა მხოლოდ 21 915 ლარი, ხოლო დარჩენილ თანხას _ 236 177 ლარს _ ქეთევან ჟორდანიას დახმარებით დაეუფლა მაია რჩეულიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მაია რჩეულიშვილს შეფარდებული ჰქონდა გირაო 250 000 ლარის ოდენობით და მის საქმეს 2014 წლის ნოემბერში  სასამართლო იხილავდა, როგორც პროკურატურა აცხადებს, მან კვლავ განაგრძო მოქმედება მენაშენეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დასაუფლებლად და ეპიზოდი, რის გამოც მას წარედგინა ბრალდება, ჩადენილია გირაოში ყოფნის პერიოდში.

 

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა „ცენტრ პოინტით დაზარალებულთა“ მენაშენეების ერთ-ერთ ლიდერს _ ეკატერინე შაფათავას:

_ სტაჟიანი დაზარალებული ვარ. ძალიან დაგვავალებთ, თუ შეძლებთ ემიგრანტების ინტერვიუების გაშუქებას. ბევრი ვერ ბრუნდება საქართველოში. გვყავს უკვე დაბრუნებული და ქუჩაში დარჩენილი ხალხი. ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგი სამადლოდ ნათესავებთან შეკედლებულია. ხვალ სასამართლოში ორი პროცესია ჩანიშნული. ერთ-ერთზე მაინც თუ შეძლებთ მისვლას და დასწრებას, კარგი იქნება. პროკურორებთან გასაუბრებასაც შეძლებდით და დაზარალებულებთანაც, ვინც მუდმივად ესწრება.

_ დაზარალებულებმა შეადგინეს სია, სადაც ყველა ის პირია ჩამოთვლილი, რომელთაც, მათი აზრით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ  მომხდარში.

_ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ყოფილ თანამშრომელს, რომელიც გაყიდვებთან და ფინანსებთან იყო კავშირში. აგრეთვე იმათ, ვინც რჩეულიშვილების ქონების გადამალვაში ეხმარებოდა. ასე დაწერეთ: ასეთი ერთ-ერთი „რიგითი“ თანამშრომელი, რომლის სახელზეც თითქმის ერთი ჰა მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა გადამალულ-გადაფორმებული, 7-წლამდე მუხლითაა ბრალდებული. მან არათუ  პროკურატურაში, არამედ სასამართლოშიც მისცა ჩვენებები. სამ პროცესზე გაგრძელდა მისი დაკითხვა.

_ ვიცით, ქეთევან ჟორდანიაზეა საუბარი? ქეთევან ჟორდანიას ამ სიაში უწერია: გარდა იმისა, რომ იყო გაყიდვების სამსახურის უფროსი, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც წარმოადგენდა. ამ სამსახურის უფროსი კი გახლდათ თიკო რუხაძე. თიკო რუხაძე დღეს არის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, მისი პირველი მოადგილე კი ნინო ყიფიანი გახლავთ, რომელიც „ცენტრ პოინტის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო!

_ რა თქმა უნდა, ყველას აკისრია თავისი წილი პასუხისმგებლობა. არც ერთი მათგანი არ ყოფილა მიამიტი ბავშვი რომ ვერ მიმხვდარიყო, რა აფერის თანამონაწილეობაში იღებდნენ ანაზღაურებას. ზოგი კი პროცენტებსა და წილებსაც იღებდა. თუ რაიმე სახით თაღლითობასა და მენაშენეთა თანხების მითვისება-გაფლანგვაში თინათინ რუხაძის, ან ყიფიანის ბრალეულობა გამოიკვეთა, მერწმუნეთ, თავზე ხელს არავინ გადაუსვამს.

 

რამდენადაც ჟორდანია გაყიდვების გარდა „ცენტრ პოინტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც წარმოადგენდა, ამ სამსახურის ყოფილ უფროსს, დღეს კი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორს _ თინათინ რუხაძეს დავუკავშირდით:

_ თქვენ იყავით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი?

_ დიახ, მენეჯერი ვიყავი.

_ ნინო ყიფიანი დღეს თქვენი მოადგილეა, „ცენტრ პოინტის“ ყოფილი იურიდიული სამსახურის უფროსი?

_ დიახ.

_ თქვენ სასამართლო პროცესებზე უკვე მოწმედ გამოგიძახეს, გამოგიძახებენ თუ როგორ იქნება?

_ არა, ჩვენ არა. რიგითი თანამშრომლები ვიყავით და შეხება არ გვქონდა. იცით, მოდით, ყველა კითხვა მომწერეთ და გიპასუხებთ.

_ კარგით, ქალბატონო თიკო, გადმომიგზავნეთ მეილი და მოგწერთ კითხვებს.

 

თინათინ რუხაძეს არანაირი მეილი ჩვენთვის არ გადმოუგზავნია, ასე რომ, მოკლე კომენტარით მოგვიწევს შემოფარგვლა. არადა, გვაინტერესებდა, მასთან მიმართებით მაგალითად, მართლა აქვს თუ არა ბინა შპს „წყნეთი ჰაუსში“ (როგორც დაზარალებულები წერენ), რომლის 100% მაია რჩეულიშვილის საკუთრებაა.

 

მკითხველს მოკლედ შევახსენებთ ობიექტების ჩამონათვალს, რომელიც დღემდე დაუსრულებელია:

„მარიჯანი“ _ გაყიდვები დაიწყო 2003 წელს, მშენებლობის ნებართვა გაიცა 2004 წელს. მშენებლობა დაიწყო 2006 წელს. 13 წლის მანძილზე პროექტი სამჯერ გადაკეთდა;

„დაკიდებული ბაღები“ _ პირველადი პროექტით უნდა აშენებულიყო ორი მრავალსართულიანი კორპუსი. მშენებლობა არც კი დაწყებულა. მენაშენეები მოტყუებით გადაიყვანეს მიმდებარედ არსებულ ავარიულ შენობაში;

„ღრმაღელე“ _ მშენებლობა დაიწყო 2007 წელს და ერთ წელიწადში გაჩერდა. 235 მენაშენისგან „ცენტრ პოინტმა“ მიიღო 8 მილიონ დოლარზე მეტი;

„სააკაძის ობიექტი“ _ მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მაკეტი არ არსებობს, „ცენტრ პოინტმა“ 6.5 მილიონი დოლარი მიიღო.

 

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

თამარ როსტიაშვილი