ხელოვანი დარდით – მისი ერთადერთი სიყვარულის ფუნჯი თავისაზე ადრე გაჩერდა

შეიძლება, ის ბევრს გინახავთ, მაგრამ ცოტას გახსოვთ. შეიძლება, მიგიმსგავსებიათ კიდეც ვინმესთვის, მაგრამ იშვიათად შეგხვდებათ ადამიანი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ყველა იმ უბედურებას გაუძლებს, რასაც ჩვენი სტატიის გმირმა გაუძლო.

ხელოვანია, როგორც ამბობენ, დაბადებიდან და ტანსაცმლიანად მხატვარიაო. დღეს მარტო ცხოვრობს. უამრავი სირთულე და დაბრკოლება შეხვდა გზად. ჯერ ყველა საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა, მერე ძმამ სახლი გაუყიდა და ქუჩაში დატოვა, თუმცა ყველაფერი გმირულად აიტანა. დღეს ავლაბარში, ნაქირავებ ბინაშია, თითქმის ისეთივე ცხოვრება ხვდა წილად, როგორც დიდ ნიკალას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მისი სახლი კიბის ქვეშ არაა.

არ ჰგონია, რომ მისაბაძი პიროვნებაა, მაგრამ როცა სტატიას წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ მისნაირი ძლიერი ადამიანები ბევრ რამეს გვასწავლიან… მისი ნამუშევრები კი ცალკე განხილვის თემაა.

მაშ, ასე! გაიცანით ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი, მხატვარი _ არჩილ ჯაფარიძე:

_ არჩილ, თავდაპირველად, ცოტაოდენი შენზე მოგვიყევი.

_ აჩიკო ჯაფარიძე ვარ, თბილისში დავიბადე. ვცხოვრობდი ფალიაშვილის ქუჩაზე. 55-ე სკოლა დავამთავრე მე-8 კლასამდე, მერე მამა გარდამეცვალა და სწავლა მივატოვე. თოიძის სახელობის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში დავიწყე სწავლა, რადგან მუშაობასაც ვახერხებდი და სწავლასაც. უკვე სამხატვრო აკადემიის დრო რომ დადგა, აკადემიაში აღარ გავაგრძელე, რადგან იგი კონკრეტული დავალებით იფარგლებოდა და მე მეტი მინდოდა, თან სხვა ადგილზეც ვმუშაობდი, ამიტომ აკადემიას მუშაობა ვამჯობინე.

რომ დამსვა და ბავშვობა გამახსენო, ძალიან გამიჭირდება. ვიტყვი, რომ ბავშვობა არ მქონია, რადგან მე და ჩემს ძმას ბევრი რამ გვაკლდა. იმის გამო, რომ მამა ძალიან მკაცრი იყო, ბევრი რამის უფლებას არ გვაძლევდა. ცხოვრების ეტაპებიდან ამომივარდა ბავშვობაც და სტუდენტობაც, რაც შემეტყო, როცა ასაკში შევედი _ არ მყავს ჩემი ტოლი მეგობრები, ან არიან უფროსები, ან ჩემზე უმცროსები. უფროსებმა დამტოვეს და სიცარიელე ვიგრძენი.

ბევრი რამე ვისწავლე ცხოვრებაში და ჩემი პროფესიითაც. მაგალითად, როგორ კეთდება მაკეტი, ინტერიერი, ექსტერიერი, რეკლამები, წიგნები, ქანდაკებები, მინიატურა და დიდი ქანდაკებების დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგია, მაგრამ მერე რა? _ სწავლა სიკვდილამდეა და ბევრი რამე დღესაც მაინტერესებს, მაგრამ ბოლოს მაინც რჩება შეკითხვა, _ რისთვის ეს ყველაფერი, როცა მის რეალიზებას ვერ ვახერხებ? რაც მეტი იცი, ურო მეტი ხარ, მაგრამ რეალიზაცია თუ არ მოხდა, რაღა აზრი აქვს?

_ არ გიკვეთავენ ხოლმე რაიმე ნამუშევრის შესრულებას?

_ შეკვეთები არის _ ვიღაცას ძველი თბილისის გრაფიკული, ან ზეთში შესრულებული ნამუშევარი უნდა, ზოგს პორტრეტი, ზოგს ნატურმორტი. ბევრს უფასოდ ვუკეთებ ხოლმე.

_ გარეთ, ქუჩაში ხატავთ ხოლმე?

_ არა, იყო დრო, რუსთაველზე ვიჯექი და პორტრეტებზე ვმუშაობდი, იქვე იყიდებოდა ხოლმე. ვხატავდი, მაისურებზე ვაკეთებდი წარწერებს, სკოლის დასრულებისთვისაც ვღებულობდი შეკვეთებს, მაგრამ ახლა სახლში ვარ და აღარ გავდივარ, უკვე გარეთ გასვლის აზრს ვერ ვხედავ. რომ გავიდე, სად წავიდე? ან რა გავაკეთო? ჩემი მეგობრები ნახევარზე მეტი ცოცხლები აღარ არიან, ახალი თაობა მოდის და მათ ნაკლებად ვაწუხებ ჩემი მისვლით, თუ დახმარება დასჭირდათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუფორმებ, ან ვუხატავ რამეს _ პროფესიიდან გამომდინარე გვერდში ვუდგავარ.

_ მეუღლე არ გყავთ?

_ ორჯერ მყავდა, თუმცა არც ერთი არ იყო სიყვარულით მოყვანილი. პირველი მოლაპრაკებით მოვიდა და მეორეს პრობლემა ჰქონდა, ვიღაცები აწუხებდნენ, ამიტომ შევიფარე, თუმცა იმ პირობით, რომ როცა მოუნდებოდა, ადგებოდა და წავიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარდა, მაინც მტკივნეული იყო, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცი.

_ როდის გყვარებიათ?

_ სკოლის პერიოდში მიყვარდა და ის დღესაც მიყვარს, ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, ის აღარ არის უკვე ცოცხალი, თუმცა სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს, რომ შემეძლოს, რამეთუ მისი ცხოვრება ბევრად უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ჩემია. ისიც ხატავდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ნაადრევად წავიდა. 43-ის იყო, როცა გარდაიცვალა. მე ახლა 54 წლის ვარ.

_ რატომ არ შედგა თქვენი ურთიერთობა?

_ გვარის გამო. სკოლაში ძალიან ხშირად აკითხავდა ბაბუამისი, რათა ნანა სახლში წაეყვანა, ისინი ვაკის პარკთან ცხოვრობდნენ. ბაბუა, რატომღაც, ჩემთან მეგობრობდა. ერთხელაც, დაბადების დღეზე, ნანას სახლში წავედი და მაშინ გავიგე, რომ დედამისი _ ელენე, ჯაფარიძეა. ე. ი. ბაბუამისი, დედის მამაც, ჯაფარიძე იყო. აი, რატომ მეგობრობდა სკოლაში ის ჩემთან, ჩემ გარდა არავინ იყო ჯაფარიძე სკოლაში.

მე რომ ყველაფერზე თვალი დამეხუჭა და ნანასთან მივსულიყავი, მეთქვა ჩემი გრძნობის, მდგომარეობის შესახებ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებოდა ნანაც და ბაბუამისიც, მთელი ოჯახი.

_ ნანამ იცოდა თქვენზე?

_ ვერ იტყვი, რომ არ იცოდა. ერთხელ მათთან მივედი, ბოლო წლები იყო თითქმის და სკოლისდროინდელი, ჩემით ხისგან გამოთლილი ნიანგი გენა და ჩებურაშკას პატარა ქანდაკება რომ ვაჩუქე, ის თაროზე ჰქონდა შემოდებული. არც გატეხილი იყო, არც დაზიანებული. ვკითხე, _ როდინდელია-მეთქი? _ სკოლის დროინდელიო, _ მიპასუხა. მასაც ჰქონდა ჩემი ინტერესი, შეიძლება, ხატვის გამოც. ჯგუფში 11 ვხატავდით, აქედან გამორჩეულად ჩვენ ორი, დანარჩენი ნაკლებად და არც ერთს არ გაუგრძელებია ხატვა, მხოლოდ ჩვენ ორმა გავაგრძელეთ.

ერთ შეხვედრაზე სკოლაში ვუთხარი, _ წინ აკადემია გვაქვს და მერე გადავწყვიტოთ ყველაფერი-მეთქი. მერე გვარის ამბავი გავიგე და მას შემდეგ მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით.

სკოლის დამთავრების 25 წლისთავი იყო, როცა სახალხოდ გამოვუტყდი სიყვარულში ყველას თვალწინ. ვთქვი, რომ ნანა იყო ერთადერთი, ვინც მიყვარდა. ამაზე ატირდა, მაგრამ მერე აღარ მახსოვს, რა მოხდა…

მთელი საღამო მას ველოდებოდი, ყველას ვაცადე დასხდომა, რომ მის შორიახლოს მაინც მოვხვედრილიყავი, ყველა დასხდა და ის თამადის გვერდით დაჯდა, მე სუფრის ბოლოში დაჯდომა მომიწია, რადგან ყველა ადგილი დაკავებული იყო. მაშინ 32 წლისები ვიყავით. ამ ამბის მერე ერთხელ მასთან სახლში მივედი, ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ღამე საუბარში გავათენეთ, დედის გვარი არ მიხსენებია, დანარჩენს ყველაფერს შევეხეთ.

მე რომ მითხრეს, ნანა გათხოვდაო, თურმე, არ იყო გათხოვილი. წლები დავიანგარიშეთ და აღმოჩნდა, რომ მე უფრო ადრე ვუღალატე გრძნობას, ვიდრე _ მან. თავადაც კი ვერ ვიხსენებ იმ კლასელს, ვინც მითხრა, გათხოვდაო. ჩემს გრძნობას სიყვარული კი არა, რაღაც სხვა ერქვა, წინა ცხოვრებაში დედა, შვილი, ცოლი, და, ან არ ვიცი ვინ, მაგრამ ვიღაც ძალიან, ძალიან ახლო იყო ჩემთვის.

_ გაქვთ გადაწყვეტილება, რომელიც გინანიათ?

_ მთელი ცხოვრება სანანებელი არ არის?! ყოველი დღე ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი. როცა მარტო ხარ, ბევრს ფიქრობ ამაზე, მუშაობ და მაშინაც ამაზე ფიქრობ, დასანანი ძალიან ბევრი რამეა. ასე, კონკრეტულად, ერთ რამეს ვერ ვიტყვი.

_ აქ როგორ აღმოჩნდით?

_ ბევრი რამ გამოვიარე და ეს ოთახი აღმოჩენა იყო ჩემთვის მას შემდეგ, რაც მითხრეს, დღეიდან ქუჩაში ხარო. მე და დედა ერთად ვცხოვრობდით. ერთ ბინაში ვიყავით დაბადებიდან, დედაც ხატავდა და ძალიან კარგად ვუგებდით _ მეგობრები ვიყავით, მაგრამ ჩემმა ძმამ მოახერხა, რომ ბინა წაგვართვა. ჯერ დედა გარდაიცვალა, ამ ბინაში მარტო დავრჩი და წამართვა. მეკითხებოდნენ, ძმას როგორ ენდეო? _ თუმცა ძმას თუ არა, აბა, ვის უნდა ვენდო?! ერთად გავიზარდეთ, არაფერი იყო მტრობის მსგავსი, ის ცალკე ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად და მაინც, რატომღაც, ბინას დაადგა თვალი, როგორც ფულს, და არა როგორც საცხოვრებელს. არადა, არც ბინა უჭირდა და არც _ ფული, მაგრამ არ ვიცი… მას შემდეგ 8 წელი გავიდა და დღესაც არ ვიცი, რას აკეთებს, სად არის… არაფერი ვიცი. შეიძლება, მან მეტი იცის ჩემზე.

_ რა სირთულეები შეგხვედრიათ ცხოვრებაში?

_ საქმიანობასთან დაკავშირებით არაფერი. ისე, ცხოვრებაში ღალატი ძალიან ბევრი იყო. სინანულიც იმ ღალატებს უკავშირდება, ვისგანაც არ ველოდი, იმისგან სხვა რამე მივიღე. ამით ჩემში არ წაიშალა ის, რომ სიკეთე უნდა აკეთო, მაგრამ ღალატი და პირფერობა მაინც მაღიზიანებდა. მტერს სხვაგან ვეძებდი და, თურმე, ძმა ყოფილა.

_ ჯანმრთელობის კუთხით როგორ ხართ?

_ დაბადებიდან მხატვარი ვარ, როგორც ამბობენ, ტანსაცმლიანად მხატვარი ვარ, მაგრამ ახლა მედიცინაშიც ვაფათურებ ხელებს და ეს ისევ ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. სისხლ-ძარღვების შევიწროვება მაქვს, ამის გამო სისხლი არ მოძრაობს, ჭრილობა იხსნება და მისი მორჩენა რთულია, თითქმის მოურჩენელია, მაგრამ უნდა უმკურნალო. ყოველდღე საკუთარ თავზე რაღაც ცდას ვატარებ, ყოველ ახალ მედიკამენტსაც მოქმედებისთვის დრო სჭირდება. ერთი რაც მოვახერხე ისაა, ახლა რომ საუბარი შემიძლია, ჩემი დამსახურებაა, თორემ ისეთი ტკივილები მქონდა, სასწრაფო დახმარების მანქანები ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდნენ. ტკივილს ვერ ვაჩერებდი. დამწვრობის ტკივილს უტოლდება, კანს ჭამს ეს დაავადება, ქსოვილი ღიად რჩება.

ახლა მალამო მისვია და „ბინტითაა“ შეკრული. კიდევ კარგია, რომ საუბარი შემიძლია და ისე არ მტკივა.

_ მეზობლებს თუ იცნობთ?

_ ყველას. ყველასთან ვსაუბრობ, ხან რელიგიაზე, პოლიტიკაზე, სოციალურ თემებზე.

_ თუ გყავთ ვინმე გმირი, ან, უბრალოდ, ადამიანი, ვისაც გგონიათ, რომ ჰგავხართ?

_ „ჭოლას“ მამსგავსებენ. ბევრი მეუბნება, რომ გარეგნობით ვგავარ. ერთხელ მაღაზიაში მკითხეს: სპექტაკლები  როდის დაიწყებაო? მივხვდი, რაზეც იყო საუბარი და ვუთხარი, ჯერ სეზონი არ გახსნილა-მეთქი.

_ მუსიკას თუ უსმენთ?

_ კი, კლასიკას, უფრო ბახს; ასევე როკს.

_ რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში, თუნდაც, ადამიანების ცნობიერებაში?

_ მე ვერ შევცვლიდი, მხოლოდ ვისურვებდი, შეცვლილიყო. ასე გლობალურად თქმის უფლებაც არ მაქვს, უბრალოდ, ვისურვებდი, ისევ და ისევ, ქრისტიანობას, რომ მეტად ქრისტიანები ვიყოთ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ქრისტიანობა ჩვენგან ძალიან შორსაა. დავბერდი, 54 წლის ვარ და ჭეშმარიტი ქრისტიანი ჯერ არ შემხვედრია. პირჯვრის წერა, ან სანთლის დანთება ქრისტიანობას არ ნიშნავს, ეს ძალიან რთული რამაა. შეიძლება, სადმე ბერები არიან, მაგრამ მე არ მინახავს.

ბევრი კითხვა მაქვს, ბევრი მეკითხება ამას და მეც ვერ გამიცია პასუხი: იესოს მოსვლის მერე რატომ არ შეიცვალა ადამიანის აზროვნება? საერთოდ, ადამიანმა რატომ არ შეიცვალა შეხედულება, ვინც იწამა, იმან მაინც?!

მინდა, ქრისტიანი ვიყო, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სურვილია. ქრისტე ჩვენში ყველაზე მეტად სიკეთის კეთებისას არის, ყველაზე მეტად მაშინ ხარ ქრისტიანი.

_ ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად?

_ ჩემიანები _ მშობლები, მეგობრები.

ერთხელ ლესელიძეზე ვცხოვრობდი, ჯვარის მამის მონასტრის ეზოში და იქ უზარმაზარი, რამდენიმეტონიანი ქვა იდო. ერთ საღამოს ამ ქვასთან ვიჯექი, იქვე, წყალი მოდიოდა, შავები მეცვა, თეთრი წვერი მქონდა მოშვებული, ტურისტები იყვნენ შემოსულები და, რატომღაც, იფიქრეს, რომ იქ მოღვაწე ვიყავი. ერთი მომიახლოვდა და მითხრა, _ თუ შეიძლება გასაუბრებაო და მკითხეს, _ ეს ქვა რას ნიშნავსო? რა მეთქვა, რომ არაფერს? უბრალოდაა-მეთქი? და უცებ მომაფიქრდა ისტორია (რომელიც მერე ტაძრის წინამძღვარს ვუამბე და დააბეჭდვინეს კიდეც): ვუთხარი, _ ეს ქვა არის სიმბოლო იმისა, რომ ყველამ თავისი ჯვარი უნდა ატაროს. თუ მე ამ ქვას, აი, იმ მთაზე (მთაწმინდისკენ გავიშვირე ხელი) არ ავიტან, მაშინ ჩემიანებს ვერ ვნახავ, თუმცა ვზივარ ახლა და ვფიქრობ, ძვრა როგორ ვუყო ქვას-მეთქი.

ამიტომ ჩემიანები მენატრება, რომელთაც იმ ქვის მთამდე მიტანის გარეშე ვერ ვნახავ-მეთქი.

_ რა გეამაყებათ ყველაზე მეტად?

_ ის, რომ მხატვარი ვარ.

_ რისი ხატვა გიყვართ?

_ მე ჩემთვის არ ვხატავ, შეიძლება, შეკვეთებმა „გამაფუჭა“ და სხვა რაღაცებზე გადამიყვანა. ბევრ მხატვარს სავსე აქვს სახლი თავისი ნახატებით და ა. შ., მაგრამ მე არ შემიძლია. ახლა მზად რომ იყოს რამე, იმას გაგატანდით, გაჩუქებდით. არ ვაჩერებ ჩემს ნამუშევრებს სახლში. კლასიკურად მიყვარს ხატვა.

_ ვისთვის. ან რისთვის არ გენანებათ რამე?

_ ესაა ზუსტად ქრისტიანობა, რომ ჩვენ ამ ქვეყნიდან არაფერი მიგვაქვს და, რატომღაც, ქონება, სახლი, მანქანა _ მაინც ამათ ებღაუჭებიან. არაფერი არ მენანება არავისთვის. ძალიან დამთმობი ვარ.

_ ყველაზე ძვირფასი რა თვისებაა ადამიანში, რას აფასებთ?

_ სიკეთე და ყურადღება.

_ თქვენში რა არის ასეთი, ყველაზე ძვირფასი?

_ მოგონებების გარდა აღარაფერი.

_ ყველაზე მეტად ვისთან მეგობრობდით?

_ ოჯახში უფრო დედასთან. მამა მკაცრი იყო.

_ ახლა მხოლოდ შეკვეთებისთვის ხატავთ?

_ კი, თუ ვინმემ იცის ჩემ შესახებ, მაკითხავს, ან მირეკავს. ზოგს გამოსაძერწი აქვს, ან სუვენირი უნდა, პერსონალური რაიმე ნივთი, ან ტურისტები ჰყავთ, ან უცხოეთში უგზავნიან, ზოგს აქვე უნდა სუვენირები და ა. შ. _ არასტაბილური შემოსავალია. სულ კარზე ვარ მიჩერებული, _ ვინ შემოვა, ვინ დარეკავს. სამსახური რომ გაქვს, მაშინ კარგია, სტაბილურია, ხელფასი მაინც არის, სხვა რომ არაფერი.

_ საყვარელი მხატვარი?

_ დისნეი. უკვდავია ჩემთვის და ძალიან მიყვარს. ასევეა მოდილიანი, მიყვარს და ვაფასებ მის ცხოვრებას, მას, როგორც პიროვნებას.

_ რა გაბედნიერებთ?

_ ბედნიერება აღარც ვიცი, რა არის. ისევ ხატვას დავუკავშირდები, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვხატავ.

_ ყველაფერი წავშალოთ და წარმოიდგინეთ, ცხოვრების ხელახლა დაწყების შანსი გაქვთ, ვისთან იცხოვრებდით, რომ ბედნიერი იყოთ?

_ ისევ ნანასთან. მთელი ცხოვრება მინდოდა მასთან მისვლა, დალაპარაკება, მაგრამ სულ დაკეტილი გზა იყო. სამი წლის მანძილზე ვიჯექი რუსთაველის პროსპექტზე, მხატვრები რომ სხედან იქ, რომ აკადემიაში მიმავალი ან მომავალი ნანა მენახა, თორემ რა მინდოდა იქ?!! ერთადერთი, იქ დაჯდომის მიზანი ნანას ნახვა იყო და დაიჯერებთ, რომ სამი წლის მანძილზე, ზამთარ-ზაფხულ, ერთხელაც არ შემხვედრია?! შემეძლო, მასთან აკადემიაში ავსულიყავი, მაგრამ არა! დაგეგმილს არაფერს აქვს ფასი. მჯერა, რომ ყველაფერი წინასწარაა დაწერილი. თუ იესოს ცხოვრება იყო დაწერილი, ჩვენ რით ვართ მასზე უკეთესი?! შეიძლება, გვარის ამბავი რომ მოგვარებულიყო, მაინც არ გამოსულიყო ჩვენი ურთიერთობა. ბედი თუ არის, ურთიერთობა თავისით მოვა. ბედს ვერ იპოვი. თუ არ გიწერია, არ მოხდება! მე ერთ რამეზე მწყდება გული, რომ ის ახლა აქ არ არის, რომ მისი ფუნჯი გაჩერდა და მის პალიტრაზე საღებავები გაშრა.

_ ვინ არის აჩიკო ჯაფარიძე?

_ მხატვარია, რომელსაც არ გაუმართლა. ჩემი ცხოვრებისთვის გვერდიდან შემიხედავს და მიმაჩნია, რომ უბედური კაცია, რადგან ბევრი რამ დაემართა, მხოლოდ სიყვარულს არ ვგულისხმობ. ხატავს და უყვარს, რასაც აკეთებს, მაგრამ სხვა რამეში არ გაუმართლა: არც ნათესაობაში, ოჯახში, ძმასთან, შეყვარებულთან. უბრალოდ, არ გაუმართლა. დღეს ცხოვრობს სხვა უბანში, სხვა მეზობლებთან.

 

საუბრის დასრულებამდე აჩიკოს ბინის პატრონმა შემოურბინა, ერთმანეთი ორიოდე სიტყვით მოიკითხეს და ის წავიდა. გზად არჩილმა მეპატრონე შეაჩერა და ჩემი დანიშნულების ადგილზე მიყვანა სთხოვა. მე წამოვედი. აჩიკო ისევ მარტო დაბრუნდა სახლში. ექვს საათზე ერთ შეკვეთას ელოდებოდა. მერე ისევ მარტო მოუწევდა ყოფნა. თუმცა ის გმირია, რომლის ძალაც ყოველდღე მაოცებს და მეტის კეთების სურვილს მიღვივებს. იმედი მაქვს, შენც.

 

ნინო ტაბაღუა