გაიღვიძეთ, ქართველობას კი არა, სახელმწიფოებრიობას გვართმევენ

ან მე ვარ ფრიად ნიჭიერი, რომ კიდევ შემრჩა რაიმეთი გაკვირვების შნო და უნარი, ან, კიდევ, თქვენ ხართ უკიდეგანოდ ნიჭიერები და მაკვირვებთ ახალ-ახალი საშუალებებითა და ახალ-ახალი ფორმებით.

ვიტყვი, რაღამ უნდა გამაკვირვოს-მეთქი? და ეს მეთქი, ხანდახან, ნათქვამიც არ მაქვს და უკვე მაკვირვებთ.

რუსთაველზე „რუსთავი 2“-ის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მრავალათასიანი აქცია ჩატარდა. არა, ის უმსგავსი რეაქციები სულაც არ გამკვირვებია, რაც ამ აქციას მოჰყვა საზოგადოების დაბოღმილი ნაწილისგან, რომ, თურმე, არც იმდენი ხალხი იყო, რომ, თურმე, 20-20 ლარად მოუყვანიათ ხალხი და ა. შ. ეს თითქმის ყველა მასშტაბურ აქციას სდევს თან, _ სახელმწიფო მანქანა სწორედ ასე ცდილობს ხოლმე პროტესტის განიორწყლებას _ ერთი მხრივ, იმით რომ, თურმე, ცოტა ხალხი იყო და მეორე იმით, რომ ეს ხალხიც ფულით იყო მიყვანილი. ეს ერთგვარი მამაძაღლობაცაა და შეშინებული, ინფანტილური ხელისუფლების თვითდამშვიდების ფორმაც. მამაძაღლობს ხელისუფლებაც და მამაძაღლობენ მისი მომხრეებიც. თავს იმშვიდებენ _ ხელისუფლებაც და მათი მომხრეებიც თუ დაქირავებული მუშახელი ცუკერბერგის მინდორში. ეს მათი ჩვეული პოზაა და არც გამკვირვებია. უბრალოდ, პოზა კი არა, უკვე პლასტიკაში გადაუვიდათ და დაიარებიან ასე _ გამოსირაქლემებულნი თუ გამოპინგვინებულნი და სჯერათ, რომ ის 20-20 ლარი რომ არ დაერიგებინათ, რუსთაველზე არავინ მივიდოდა. თუ ასე მარტივად იყო საქმე, 30-30 ლარი ბატონ ბიძინას დაერიგებინა და უკან გაეტრიალებინა გზიდან. აჰ, უი, ბატონი ბიძინა მაგას როგორ იკადრებდა? ჯერაც არ დაურიგებია, რას ამბობ, არა, ბიჭოს და ყველა მუქთად იქნევდით ცოცხს 2012-ში სააკაძის ხმალივით… მაგის ნახევრის ნახევარი ხალხიც არ იდექით ხოლმე და მთელი ერის სახელით ლაპარაკობდით. თან მარტო დღევანდელის კი არა, ზეზვა-მზიას დროინდელის და იმათიც, ვინც 29-ე საუკუნეში დაიბადება და ეგ თქვენი დღევანდელი ლიდერი, მაქსიმუმ, ისე ეხსომება ისტორიას, როგორც დღეს გვახსოვს ვიღაც ჭუჭუნიაშვილი, იმერეთის ტახტზე რომ აძვრა.

მოვეშვათ ამას. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს სულაც არ გამკვირვებია, რაც თავი მახსოვს, მთელი ქვეყანა ამ ბუღალტერიაში ვართ _ ვდაობთ და ვკამათობთ იმაზე, თუ რამდენი ათასი კაცი მივიდა. მოკლედ, ყოველი აქციის შემდეგ მომენტალურად „ვსოჩიკდებით“.

მე სხვა რამემ გამაკვირვა, ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ნაწილის, თუნდაც, მცირე ნაწილის იმედგაცრუებამ. თუნდაც მათმა განცხადებამ იგივე აქციის მასშტაბებზე, თუნდაც ახლა, პოსტ ფაქტუმ იმ კითხვების წამოწევამ, რა იყო ამ აქციის მიზანი.

აქცია იყო მრავალათასიანი _ ძლივს უჩანდა თავი და ბოლო. მაინც, რა გინდოდათ და რას ელოდით? რა გინდოდათ? გვინდოდა _ ერთია, კონკრეტულად, რას ველოდით? რომ მთელი ქვეყანა აღდგებოდა და რუსთაველზე დასცემდა კარვებს? ან ეს ერთმანეთის დამუნათება, რატომ არ გამოდიხარ ქუჩაში აქციაზე _ ახალი ტრენდია? გამაგებინეთ, განა, ეს მრავალათასიანი პროტესტი საკმარისი არაა საიმისოდ, რომ ოლიგარქი გონს მოეგოს და შეეშვას ცეცხლთან თამაშს? თუ ოლიგარქი იმ ფაზაშია, რომ ხალხის ამ რაოდენობის „არ ესმის“, არც მაშინ გაიგებდა, ათი ამდენი რომ შეკრებილიყო.

როდესაც ხალხის რაოდენობაზე პედალირებთ, არ გახსოვთ მაინც, რომ ამ ხალხს, რამდენიმე თვის წინ, საკუთარი არჩევანის დაცვის საშუალება არ მისცეს. ჯერ ბიძინამ გაუყალბა არჩევნები, ხმები მოპარა და მერე „ნაცების“ იმდროინდელმა ლიდერშიპმა ხმის დაცვის საშუალებაც არ მისცა. როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტმა არ იმოქმედა არანაირად? ადამიანს საკუთარ არჩევანის დაცვის საშუალებას რომ არ მისცემ და გულს აუცრუებ ყველაფერზე, ის გამოვა მერე კიდევ ქუჩაში?

იქნებ, ეს ის შემთხვევაა, როცა „ნაცების“ მიერ ოქტომბერში ნაკვნეტმა ტყემალმა „რუსთავი 2“-ს მოჭრა კბილი თებერვალში? ალბათ, არც უამისობაა და არც უმისობა, რომ ძალიან ბევრმა, ვისთვისაც „რუსთავი 2“ ძვირფასია, ეს მიიღო, როგორც გამაფრთხილებელი და არა გადამწყვეტი აქცია და მიიჩნია, რომ მისი უშუალო მონაწილეობის გარეშეც მოხდებოდა ეს. ეს მიდგომა, ცხადია, არასწორია, ყველამ რომ ასე იფიქროს, აქცია ორგანიზატორების ამარა დარჩება, თუმცა ის, რომ ეს აქცია გამაფრთხილებლად ჩათვალეს, ბევრად სწორია იმაზე, ბევრს რომ ეგონა, ეს აქცია ბიძინა ივანიშვილის გაქცევით დასრულდებოდა.

ბევრი დგას და ახლა კითხულობს, _ რა მიზანი ჰქონდა ამ აქციასო? შე კაი კაცო, რომ მიხვედი და დადექი, „რუსთავი 2“-ისთვის ან ჩართულისთვის გეყურებინა, ან გამორთულისთვის და გაიგებდი, რომ ეს იყო „რუსთავი 2“-ის და არა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია. გაიგებდი, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება მხოლოდ რ2-ელებს ჰქონდათ. ან ისე რას ელოდით, რა მოლოდინი გქონდათ, ერთსაათიან აქციას დაინახავდა ბიძინა და ხარაკირს გაიკეთებდა ზებრაზე ამხედრებული? თუ „ქოცებივით“ თქვენც „დეზინფორმატ 2“-ად მიიჩნევთ „რუსთავი 2“-ს და გეგონათ, რომ მიხვიდოდით და იქ ოპოზიციის აქცია დაგხვდებოდათ?

ახლა, მე თქვენ გეკითხებით, _ ეგ თქვენი ინფანტილური მოლოდინები უფრო რეალურია, თუ იმ ხალხის სკეფსისი, ვინც „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერია, მაგრამ იცის, რომ ბიძინას ასე ვერ მოიშორებს და გადამწყვეტად არ მიიჩნევს ამგვარ აქციებზე სიარულს?

ზებრა რამდენად ჯიუტია, ეგ არ ვიცი, მაგ დონეზე ვერ „ჩავერკვიე“ ზოოლოგიაში, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს ფაქტია და ვირივით ჯიუტი: ამგვარი აქციებით ოლიგარქს ოდნავ თუ შეაფხიზლებ და ხელს ააღებინებ ამ ვერაგ განზრახვაზე _ წაიღოს „რუსთავი 2“, თორემ ასე, ერთჯერადი და ერთ-ორსაათიანი აქციებით ის ძალაუფლებას არაფრის დიდებით არ დათმობს. ამ შემთხვევაში, სწორედაც რომ ის შეფხიზლება იყო ამოცანაც და მიზანიც _ გადააფიქრებინოს ამ არხის წაღება.

ეს ის პროგრამა მინიმუმია, რაც დღეს საქართველოს პროგრამა მაქსიმუმად უღირს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთი ფანჯარა მაინც იყოს, საიდანაც გავიგებთ, რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება, რეალურად, და არა ისე, როგორც გვამცნობენ სოლოლაკიდან ორკესტრირებული არხები. იმისთვის საჭიროა, რომ არ ვიქცეთ ჩრდილოეთ კორეად, საჭიროა, თუნდაც, იმისთვის, რომ ოლიგარქს, რომელსაც ყველაფერი გასდის ამ ქვეყანაში, ერთგან მაინც არ გაუვიდეს თავისი! კაცმა, რომელიც ყველაფერს ჯიბეში ისვამს, ერთი რამ მაინც ვერ ჩაისვას ჯიბეში და რაც მთავარია, სწორედ „რუსთავი 2“-ის ვერწაღებააა აუცილებელი იმისთვის, რომ დაინგრეს მისი უძლეველობის მითი! თუ მან შეძლო და „რუსთავი 2“ წაიღო, საბოლოოდ ფორმდება მისი ყოვლისშემძლეობა და როცა ფიგურა ცხადდება და ფორმდება ყოვლისშემძლედ, ასმაგად ძნელია მისი დამარცხება! ყველა თუ არა, უდიდესი ნაწილი ყურებს ყრის ასეთ დროს, უძლეველ, ყოვლისშემძლე ძალასთან ბრძოლის ჟინი და უნარი მცირე ნაწილს აქვს. კი, ცხადია, საბოლოოდ, ამ მცირე ნაწილის თავგანწირვა მაინც ასამარებს „ყოვლისშემძლეებს“, მაგრამ ეს ბრძოლა გაცილებით ხანგრძლივი და დამქანცველია. მსოფლიოს ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, რა ფასად უჯდებოდათ იმ ერთეულ გამონაკლისებს ყოვლისშემძლეების წინააღმდეგ ბრძოლა. ბრძოლაში ხალხი უნდა გამოგყვეს. ხალხი რომ გამოგყვეს, შენი ძალა უნდა ირწმუნოს და არა იმისი, ვისაც უპირისპირდება. და ახლა ჩვენ რა ვითარება გვაქვს? ავიკვიატეთ, _ ლიდერი არაა, ლიდერიო. ლიდერი კი არა, ხალხი ვერ ხედავს მას, ვინც ბიძინა ივანიშვილის მმართველობას დაამარცხებს. უფრო სწორად, კი ხედავს, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ ის _ მიხეილ სააკაშვილი _ საქართველოში არ არის. ამიტომაც ყურებჩამოყრილი სახლში რჩება და ერიდება იმ ჩამოყრილი ყურების რუსთაველზე უსაზმნოდ განიავებას. და ასეთ დროს თუ ივანიშვილმა შეძლო და „რუსთავი 2“ წაიღო, კიდევ უფრო განმტკიცდება მისი უძლეველობა და კიდევ უფრო მეტი ჩამოყრის ყურებს და ვინძლო, სააკაშვილიც რომ გამოჩდეს საქართველოში _ თვითონ სააკაშვილი, ან ვინმე ახალი „სააკაშვილი“, მასაც გაუჭირდეს ხალხის აყოლიება. იმ შემთხვევაში, ცხადია, ძველი სააკაშვილი უფრო ადვილად და დროულად დაარწმუნებს ხალხს გამარჯვებაში, ვიდრე ახალი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ვისაც მოუკლავს, ის მოკლავს, ნადირსა შავი ტყისასა (შენიშვნა: იმ კაცს აუხსენით, რომ ეს სტრიქონები, ჩემი არაა, ხალხურია, რომლის მოხმობითაც იმის თქმა მინდა, რომ ამა თუ იმ საქციელის ჩადენა, ამ შემთხვევაში, მისი დამარცხება, მას ძალუძს, ვისაც უკვე დაუმარცხებია სხვა _ იგივე შევარდნაძე)

მოკლედ, „რუსთავი 2“-ის შენარჩუნება დღეს სამკვდრო-სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, ამის გარეშე თავზე ჩამოგვექცევა ისედაც მოფახფახებული სახელმწიფოებრიობა. სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანწყალი აღიგვება პირისგან მიწისა. ამ ქვეყანაში სასამართლო არც არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელი, მაგრამ თუ აქამდე, ასე თუ ისე, ერთეულები მაინც ბედავდნენ და იყვნენ დამოუკიდებლები, თუ ბიძინას ეს გაუვიდა, ყველა მოსამართლე მარიონეტი გახდება. მოსამართლეებს ნუ ექნებათ იმის ილუზია, რომ მათ ძმებსაც ვინმე მილიონებს დაურიგებს მერე. არა, ბატონებო, ეს ახლა უჭირდა ბიძინას და ახლა გაიმეტა (ისიც ბიუჯეტიდან), ყველას და ყველაფერს რომ დაიმონებს, მერე არავის არაფერს გადაუხდის _ დაიმახსოვრეთ, მონებს არაფერს უხდიან. მერე ასეთ უმსგავსობებზე სულ მუქთად მოგაწერინებენ ხელს.

ძალად და ძალუმად პატრიოტებს კი რომლებიც მოთქმით გოდებენ ისტერიულ რეჟიმში, რომ ქართველობას ართმევენ, ერთი რამ მინდა მოვახსენო: ქართველობა _ ეროვნება _ ისაა, რაც არც ცხადის ძალით წაირთმის, არც მალვით მოიპარების. თუ შენ თვითონ, პირადად არ გინდა, ვერავინ გადაგაჯიშებს. ამის დასტურია მთელი ისტორია, ებრაელებს ვერავინ წაართვა ებრაელობა, მაგრამ მათ წართმეული ჰქონდათ სახელმწიფოებრიობა! შორს რომ არ წავიდეთ, ასე ვიყავით ქართველებიც _ ქართველობა ვერავინ წაგვართვა, იმიტომ რომ არ ექვემდებარებოდა წართმევას, მაგრამ რაც ამქვეყნად ვართ, უმეტესად წართმეული გვქონდა სახელმწიფოებრიობა! რატომ? იმიტომ, რომ სწორედ სახელმწიფოებრიობაა ის, რისი წართმევაც შეიძლება და დიახ, დღეს სახელმწიფოებრიობაა სწორედ ის, რასაც გვართმევენ!

 

რეზო შატაკიშვილი