ვალერიანე ფოცხვერია: „გასაგებია, რომ კახი კალაძემ დამავალა, მაგრამ ყველაფერი ხომ კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს?!”

სამტრედიის მკვიდრი, ირაკლი იმნაიშვილი, „ქრონიკა+“-თან საუბრისას რაიონის ხელმძღვანელობასა და სამტრედიაში მომუშავე ექიმებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს.

ირაკლი იმნაიშვილი:

_ 2014 წლის 11 მაისს სამტრედიაში კახი კალაძე ჩამოვიდა, რათა 15 ივნისის არჩევნებისთვის რაიონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატები დაესახელებინა. ღონისძიებაზე რაიონის გამგებლად ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად კი ზაზა ადეიშვილი დასახელდა. მე მთელი ოთხი წლის განმავლობაში პრობლემა მქონდა კუთვნილი მიწისა და ვაუჩერების მიღებასთან დაკავშირებით, ამიტომ გადავწყვიტე, კახი კალაძისთვის მიმემართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ მასთან მივედი, ყველაფერი მოვუყევი და დახმარება ვთხოვე. ისიც ვუთხარი, რომ ვაუჩერების გარეშე არა მარტო მე, არამედ მთელი 3 ათასი ოჯახი დატოვეს. კახიმ მომისმინა, მერე ვალერი ფოცხვერიას დაუძახა და დაავალა, რომ ჩემს საქმეს გასცნობოდა და გაერკვია, რა ხდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, კონკრეტულად, 16 მაისს მივედი ფოცხვერიასთან, რომელმაც ზაზა ადეიშვილი გამაცნო და თქვა, რომ ამ საქმეს ის მოაგვარებდა. მასაც მოვუყევი, რომ 7500 კვ.მ. მიწის ფართობი მეკუთვნის, მე კი 2500 კვ.მ. მაქვს. ვუთხარი ისიც, რომ გაუსაძლისი პირობების გამო ჩემი ოჯახის ცხრა წევრი საზღვარგარეთ იყო წასული. საერთოდ, ნოდარ დუმბაძისა და კარლო კალაძის ქუჩების გადაკვეთაზე ვცხოვრობ. ორივე ქუჩაზე, სულ, 74 მოსახლეა, აქედან 12 სახლი მიტოვებულია, საზღვარგარეთ 36 ადამიანია წასული… მოკლედ, არც ფოცხვერიას და არც ადეიშვილს ჩემი საქმის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებიათ. ძალიან საწყენია, რომ კახი კალაძემ რაიონისთვის ორი ჭკვიანი და პატიოსანი კაცის შერჩევა ვერ შეძლო. სხვათა შორის, ფოცხვერიას, საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბურიასა და დეპუტატ გიორგი კახიანის ოფისში წერილი დავტოვე. გასული წლის 9 მაისს წერილი კახის მამას, კარლო კალაძესაც გადავეცი. ამ ხალხმა, კალაძეების ჩათვლით, ჭკუა ვერ ისწავლა და არავისი ეშინია, არც _ ღმერთის… დეპუტატის ოფისში რომ მივედი, იქ ოთხი თანამშრომელი ქალი დამხვდა. მათ სათანადოდ არ მიპასუხეს. შენიშვნის სახით ვთქვი, _ კახი კალაძეც თაღლითი ხომ არ არის-მეთქი? რაზეც სამმა თანამშრომელმა წივილ-კივილი ატეხა. მხოლოდ ერთი ქალბატონი, გვარად ნუცუბიძე, არ კიოდა. მან მითხრა, რომ გამგეობაშიც მუშაობდა და საქმის გასარკვევად გამგებელთან წამყვებოდა. მივედით და ფოცხვერიას თათბირი ჰქონდა. მიწისა და ვაუჩერების შესახებ რომ ვუთხარი, გამგებელს არაფერი უთქვამს, იქ მყოფმა ერთმა ახალგაზრდამ კი მითხრა, _ მიწა თუ შენია, საბუთი რატომ არ გაქვს, ეგებ, არ გეკუთვნისო?..

_ და რატომ არ გაქვთ საბუთი?.. რით ამტკიცებთ, რომ მიწა თქვენია, ბატონო ირაკლი?..

_ მეკუთვნის, ყველას დაურიგეს ჩემ გვერდით, კაცო, ჩემი ძმისშვილია აგერ, მასაც მისცეს და მეზობლებსაც… ყველას მისცეს ჩემ გარდა… არც ვაუჩერი მოუციათ არასდროს. ადრე სასუქს,  პურის ფქვილსა და ასეთ რამეებს არიგებდნენ, მაგრამ ექვსი წელია, არავის არაფერი მოუცია… ოცი წლის წინათ „გაერო“ დამეხმარა, „პასპორტშიც“ ჩაარტყეს და ზეთი, პურის ფქვილი და შაქარი მომიტანეს…

_ ე. ი. ითხოვთ, რომ მიწა მოგცენ და ამის გამო რაიონის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიაკითხეთ…

_ ყველასთან ვიყავი, ათასი დღეა, ამ საქმეს მივყვები, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ ოთხი წელია, კიბო მაქვს და არ მმკურნალობენ… გამწარებული ვარ კაცი. საერთოდ, სამედიცინო კუთხით ძალიან რთული მდგომარეობაა სამტრედიაში, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე. ჯერ კიდევ 2013 წლის 14 სექტემბერს მივედი კლინიკაში ექიმ იური პოგორელაკთან, ექთანი ირმა ჭახნაკია იყო. ზურგზე პრობლემა მქონდა და ლაზერის სხივით მომიწვეს დაავადებული ადგილი, რაშიც 40 ლარი გადავიხადე. ერთი კვირის შემდეგ დაზღვევის პოლისი ავიღე და კვლავ მივედი კლინიკაში მდგომარეობის შესამოწმებლად, მაგრამ ექიმმა ნახვაც არ მოინდომა, რადგან ეს პოლისი მქონდა. დიდი ხვეწნის შემდეგ, როგორც იქნა, ნახა, რა შედეგი ჰქონდა მკურნალობას, მხარზე ხელი დამარტყა, _ „ხარაშო“, _ თქვა და სულ ეს იყო. წამოვედი. არადა, ეს „ნამკურნალევი“ ადგილი კვლავ მაწუხებდა და რა მექნა, ჩემით დავიწყე თურმანიძისა და „ვიშნევსკის“ მალამოების გამოყენება. გარკვეული დროის შემდეგ უკვე ისე შემაწუხა, რომ გასული წლის 18 აგვისტოს კვლავ მივედი სამტრედიის კლინიკაში. ექიმმა მენაბდემ გამსინჯა, საბუთები შეავსო და ქუთაისის საავადმყოფოში გამიშვა. იქ ანალიზები ამიღეს და კანის კიბო აღმომაჩნდა, რომლის მკურნალობაც 7000 ლარი ღირსო. ცოტა ხნის შემდეგ, 31 აგვისტოს, კლინიკის მენეჯერთან, ლაურა კახიანთან მივედი და დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, თუ როგორ ვიმკურნალე სამი წლის წინათ, საავადმყოფოში დაზღვევის პოლისი რომ მივიტანე, როგორ არ მომხედეს, რა მჭირდა, ისიც არ მითხრეს და სახლში გამომიშვეს, კარგად ხარო. _ რატომ არ მიმკურნალეს, მაშინ ქუთაისში რატომ არ გამიშვეს და ანალიზები რატომ არ ამიღეს-მეთქი? _ ვკითხე კახიანს, რომელმაც ექიმები _ მენაბდე და კოხრეიძე გამოიძახა კაბინეტში. მენაბდეს სიტყვა არ დასცდენია, _ ჭკვიანია. კოხრეიძემ კი თქვა: სამი წლის წინათ კანის კიბო არ გქონდა და მკურნალობა ამიტომ არ გააგრძელეს, სიმსივნე ახლა აღმოგაჩნდა და იმკურნალეო. უფასოდ ვის არ მკურნალობენ და ჩემი მკურნალობა არ შეიძლება, ამდენი ფული სად მაქვს-მეთქი? _ ებრაელი სიძეები ხომ გყავს (ორი ქალიშვილი მყავს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან), გამოგიგზავნონ ფული, აბა, რა გეგონა, მკურნალობა ძვირი ღირსო, _ მითხრა კახიანმა. _ ცოტა ხნის წინათ პოლიციამ სტურუა აიძულა, თავი მოეკლა, თავდაცვის სამინისტრომ ორი ჯარისკაცი ზღვაში დაახრჩო და ახლა ექიმებს გინდათ, რომ მე მომკლათ-მეთქი? _ ნუ იქადნები, შენ ჯანზე ხარ და გადი აქედანო, _ გამომიშვეს. ამ დაწყევლილი პოლისის გამო ჩემსავით უამრავ ადამიანს არ მკურნალობენ სამტრედიაში და საერთოდ, საქართველოში. დროა, ჯანდაცვის მინისტრმა უცოდინარი, მკვლელი და ბოროტი ექიმებისგან გაასუფთაოს ეს სისტემა. ყველამ უნდა გაიგოს ამის შესახებ, ამიტომ გთხოვთ, რომ დაბეჭდოთ. ამით მეც გადამარჩენთ და სხვა მრავალ ავადმყოფსაც.

სხვათა შორის, ვის აღარ მივმართე დახმარებისთვის, მათ შორის, სამტრედიაში წერილი მივიტანე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გივი ღაღანიძესთან, რომელმაც წაიკითხა და დაიტოვა. ვთხოვე, რომ დეპუტატობის კანდიდატ ჯანელიძისთვისაც ეჩვენებინა. მერე რომ ვკითხე, წააკითხეთ ჯანელიძეს-მეთქი, მიპასუხა, _ ჯანელიძეს არ სცალია, ჩამოვა ვინმე და წერილს გადავცემო. წერილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-საც გავუგზავნე, მაგრამ არავინ დამკავშირებია, არავის აინტერესებს ხალხის გასაჭირი.

_ რამდენი წლის ბრძანდებით, ბატონო ირაკლი?

_ 78 წლის გავხდები მაისში. როგორც გითხარით, ჩემი ოჯახის ცხრა წევრი საზღვარგარეთაა (ოთხი შვილიშვილი მყავს) და მიწას არ მაძლევენ, ვაუჩერს არ მაძლევენ, არ მმკურნალობენ, არ ხარ ავადო და სამი წლის შემდეგ ანალიზი ამიღეს.

_ შვილებს აქვთ თქვენთან ურთიერთობა?

_ ერთი ქირით ცხოვრობს, 500 დოლარს იხდის ბინაში, მეორეს სესხი, 25 ათასი დოლარი აქვს გამოტანილი ბინისთვის… ებრაელი სიძეები გყავს და მათ გამოგიგზავნონ ფულიო, შეიძლება, ასე გითხრან, კაცო?! აბა, ეს ქვეყანა რატომაა ჩემი? მამაჩემი ქერჩში დაიღუპა, მე სამხედრო სპეციალისტი ვარ, რვა სამხედრო სპეციალობა მაქვს, ოცი წლის ასაკში ათმეთაური ვიყავი. აბა, მამაჩემი ივანიშვილისა და კალაძის გამო დაიღუპა?.. შეიძლება, ასე იქცეოდნენ?..

 

„ქრონიკა+“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ვალერიანე ფოცხვერიას დაუკავშირდა:

 

_ ბატონო ვალერიანე, თქვენი რაიონის მკვიდრი, ირაკლი იმნაიშვილი, აცხადებს, რომ წლებია, პრობლემები აქვს, კუთვნილ მიწას და ვაუჩერებს არ აძლევენ, ამასთან, ავად არის და ექიმები არ მკურნალობენ… ამის შესახებ რაიონის ხელმძღვანელობამ ყველაფერი იცის, ვისთან არ ვიყავი მისულიო. პირველი თქვენ გასახელებთ, კახი კალაძემ პირადად დაავალა, ჩემი საქმისთვის მიეხედაო…

_ ირაკლი იმნაიშვილი _ არ მახსენდება მაგ სახელისა და გვარის მქონე პიროვნება… მაგრამ უამრავი პრობლემაა ჩვენთან და ბევრი მომმართავს, უყურადღებოდ არავინ დამიტოვებია და არ ვიცი, რა გიპასუხოთ…

_ 78 წლის კაცია… სამი წლის წინათ, თქვენ რომ გამგებლად აგირჩიეს, იმ პერიოდზე ამახვილებს ყურადღებას: კახი კალაძემ დაუძახა და უთხრა, ჩემი საქმისთვის მიეხედაო. 2500 კვ.მ. მიწის ფართობი მაქვს და 7500 კვ.მ.  მეკუთვნისო. მისი ოჯახის ცხრა წევრი საზღვარგარეთ არის წასული, თან ავადაა _ კანის სიმსივნე აქვს.

_ გამახსენდა… ჩვენ შევისწავლეთ მისი საკითხი და მიწის ის ფართობია გამოყოფილი, რაც აქვს, კანონით მეტი არ ეკუთვნის და რა ვუყოთ? ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, მიწა ვაჩუქოთ… გასაგებია, რომ კახი კალაძემ დამავალა, მაგრამ ყველაფერი ხომ კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს? კახისაც დიდ პატივს ვცემ და, საერთოდ, ყველას, მაგრამ კანონი კანონია, დავალება _ დავალება. საკითხი შეისწავლეო მითხრა, შევისწავლეთ და არსებულ ნორმებს არ აკმაყოფილებდა. სხვა რა გითხრათ? თავის დროზე, როცა მიწები განაწილდა, მაშინ უნდა გაენაწილებინათ ნორმალურად… ახლა მე მიწის დამრიგებელი არ ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც კოლმეურნეობის მიწები განაწილდა და მოსახლეობას დაურიგეს, მას შემდეგ მიწა პრივატიზებას ექვემდებარება, მიწის საკუთრების სხვა ფორმები არსებობს და ამ ფორმების გათვალისწინებით, თუკი კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რა უფლება გვაქვს, უარი ვუთხრათ ვინმეს? მაგრამ ამ შემთხვევაში კანონით რაც ეკუთვნის, მიწის იმ ფართობს ფლობს.

_ წლებია, არც ვაუჩერებს მაძლევენო.

_ ვაუჩერებიც ყველას ურიგდება, ვისაც ეკუთვნის… თუმცა საკითხს თავიდან შევისწავლით, ჩავიწერე მისი სახელი და გვარი და წარმომადგენელს გავაგზავნი. თუკი შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებს, ყველაფერი მოგვარდება…

_ რაც შეეხება მის დაავადებას? კანის სიმსივნე აქვს და ყურადღებას არავინ მაქცევსო, ამბობს… მეუბნებიან, ოპერაცია გჭირდება, 7000 ლარი უნდა გადაიხადო, ებრაელი სიძეები გყავს და ფული გამოგიგზავნონო.

_ არ ვიცი, ვინ რა უთხრა… ვინმე ექიმი თუ უყურადღებოდ მოექცა და შეურაცხყოფა მიაყენა, პირველად მესმის… ჩემთვის არ მოუმართავს, თორემ, ყურადღებას მივაქცევდი. ხომ იცით, ახლა როგორ არის, პოლისები არსებობს და პროგრამული დაფინანსება.

_ სწორედ პოლისი რომ მქონდა, ადრე ამიტომაც არ მომაქციეს ყურადღებაო…

_ მერე, ჩვენ მოგვმართოს, გაზეთთან რა უნდა? მოვიდეს და შევისწავლით მის მდგომარეობას… ახალი წლიდან დღემდე, დაახლოებით, 500 ადამიანს დავეხმარეთ და რა, ეგ გამონაკლისი იქნება? ვინც ნორმებს აკმაყოფილებს, ვეხმარებით, აბა, რას ვშვრებით?..

საერთოდ, ამ ყველაფერს დამატებით შევისწავლით, თქვენს ზარს უყურადღებოდ არ დავტოვებთ, რაც იქნება. დამიკავშირდით და ყველაფერს დაგიკონკრეტებთ.

 

 

თამარ ოთიაშვილი