ეკლესიის ინიციატივით აღებული სესხი და გაჩერებული „ქვევრის სახლი“ იყალთოში!

2015 წლის 2 ივნისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 2 290366,37 ლარია და ის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიზანი ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება იყო. გარდა ამისა, როგორც პროექტის ავტორები ამბობდნენ, სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნებოდა, შეესწავლა ქვევრის დამზადების წესი და შეენარჩუნებინა უძველესი ტრადიციები, რაც ხელს შეუწყობდა როგორც ტურისტების რაოდენობის გაზრდას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

პროექტის განხორციელების კიდევ ერთ მთავარ ამოცანად სახელდებოდა მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. პროექტის ძირითადი ბენეფიციარები კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები იქნებოდნენ, რომელთაც შესაძლებლობა ექნებოდათ, გაუმჯობესებულ პირობებში გასცნობოდნენ ქართულ ძირძველ ტრადიციებსა და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებდნენ.

პროექტის განხორციელების კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს და განსაკუთრებულ გარემოებად ქვევრის ღვინის დაყენებას ასახელებდნენ. ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა, რაც პროექტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდიდა. როგორც აღნიშნავდნენ, მშენებლობის დასრულების შემდეგ „ქვევრის სახლში“ დასაქმდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, რაც რეგიონს დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში 70 ადამიანი 2016 წლის სექტემბრამდე დასაქმდებოდა.

საბოლოოდ, პროექტის ფარგლებში, აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო, კერძოდ, ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. იყალთოს სკოლა-სახელოსნოში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს ნახოს ქვევრის დამზადების უძველესი ტექნოლოგია. ამას გარდა, ობიექტს აქვს ფართი მუზეუმისთვის, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება. გარდა სახელოსნოსა და მუზეუმისა ობიექტს, ასევე, აქვს ბიბლიოთეკა და ინტერნეტკაფე, ამასთან, ტურისტებს საშუალება ექნებათ, ადგილზე ისწავლონ და დაამზადონ თიხის ჭურჭელი.

პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალსადენი სისტემა, კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემა, ელექტროგაყვანილობა, გათბობისა და გაგრილების,  ვენტილაციისა და გაზმომარაგების სისტემა. ამას გარდა, ტერიტორია კეთილმოეწყო. „ქვევრის სახლის“ სკოლა-სახელოსნო კომპლექსურ ნაგებობათა ტიპს განეკუთვნება. 2016 წლის 22 სექტემბერს იყალთოს „ქვევრის სახლი“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, თელავის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი გელა სამხარაული, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში უკვე პირველი ქვევრი მზადდება.

 

კოკა კანდელაკი _ „ქვევრის სახლის“ მმართველი: „ახლა მიმდინარეობს სატესტო ქვევრის გამოშვება, რომელიც უნდა გამოიწვას. ფაქტობრივად, ახლა პირველად ვიმუშავებთ ამგვარად მოზელილ თიხაზე. სკოლა-აკადემიაში სასწავლო პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც სასწავლო პროგრამა შემუშავდება. სასწავლო პროგრამის შემუშავება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. ფაქტობრივად, ახალი წლიდან გვეცოდინება, რამდენ სტუდენტს მივიღებთ, როგორ ისწავლიან, ვინ შეასწავლის, თუმცა გვყავს სპეციალისტები გურამ გაფრინდაშვილი, ლევან კარტოზია, რომლებიც ჩვენს ფაიფურის საწარმოსაც და თიხის საწარმოსაც ხელმძღვანელობენ. მექვევრეები, ტრადიციული ხერხებით, ერთი წლის განმავლობაში, 15-20-ტონიან 2 ქვევრს ამზადებენ, ქვევრის სახლის წარმადობა კი, თანამედროვე და გაადვილებული მეთოდებით, დროის იმავე მონაკვეთში, 120-150 ქვევრი იქნება.

ქვევრი ისევ ტრადიციული, უნიკალური ქართული მეთოდით აშენდება, თუმცა მისი გამოწვისთვის საჭირო დრო იტალიური თანამედროვე ღუმლის მეშვეობით მცირდება.

გარდა ამისა, ამ ღუმლის მეშვეობით, ქვევრის დამზადების პროცესი, სეზონისგან სრულიად დამოუკიდებელი ხდება და საწარმო პროდუქციის წარმოებას წელიწადის ნებისმიერ დროს შეძლებს.

„ქვევრის სახლის“, იგივე იყალთოს ქვევრის პირველი სკოლა-აკადემიის დაარსების იდეა მიტროპოლიტ დავით მახარაძეს ეკუთვნოდა და მისი რეალიზება მსოფლიო ბანკმა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.

 

რატომ აიღო სესხი სახელმწიფომ მსოფლიო ბანკისგან? ვისია დღეს „ქვევრის სახლი“ და რა სამართლებრივი სტატუსი აქვს მას?

 

„ქვევრის სახლის“ იდეა უდავოდ უნიკალურია. მისი ნებისმიერი მიმართულება კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას ემსახურება. როგორც ზემოთ ითქვა, იდეის ავტორი სახელმწიფო არ ყოფილა, იდეის ავტორი ეკლესიაა. 3 მილიონამდე დახარჯულ თანხას, მიღებულ შედეგსა და „ქვევრის სკოლა-სახლის“ მომავალს ვინ გადაწყვეტს, დღეს უცნობია.

„ქვევრის სკოლა-სახლი“ თელავის თემის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. სკოლას ჯერ ფუნქციონირება არ დაუწყია. მიზეზი კი ამის ერთადერთია, _ „ქვევრის სახლის“ შენახვა, მოვლა-პარტონობას საკმაოდ დიდი თანხები და რესურსები სჭირდება. როგორც ცნობილია, სატესტოდ გამომწვარი და გამზადებული ორი ქვევრის დამზადებას გაზის მოხმარება იმაზე მეტი დაუჯდა, ვიდრე ბაზარზე ქვევრის ღირებულებაა. სკოლას არ გააჩნია არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსი, უბრალოდ, რამდენმე მილიონად ღირებული ქონება, ამ ეტაპზე, მხოლოდ მუნიციპალურ საკუთრებად ითვლება. მუნიციპალიტეტის საერთო ბიუჯეტი 10 მილიონს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ თელავის თემი ვერ უზრუნველყოფს „ქვევრის სახლის“ საკუთარი სახსრებით ამუშავებას. რამდენად მიზნობრივი იყო აღნიშნული სესხის აღება და მუნიციპალური განვითარების ფონდისთავის ამის გაკეთება, მომავალი გვიჩვენებს.

 

ალექსანდრე შათირიშვილი _ თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

_ ჯერ არ მუშაობს, იმიტომ, რომ იურიდიულად ვინ გახდება მისი პატრონი, უცნობია. მართალია, ამ ეტაპზე, ჩვენ ვართ „ქვევრის სახლის“ მეპატრონეები, მაგრამ ვერ ავამუშავებთ, შესაბამისად, გადასაწყვეტია, ვინ იქნება მისი მომავალი მფლობელი, _ განათლების სამინისტრო, კერძო პირი, თუ კომპანია, ჯერჯერობით, უცნობია. აღნიშნულ ქონებას სახელმწიფოს გადავცემთ, ანუ ეკონომიკის სამინისტროს და გადაცემის შემდეგ სახელმწიფო გადაწყვეტს, ვინ გახდება მისი მეპატრონე.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს „ქვევრის სახლის“ მუშაობის საკუთარი რესურსების ფონზე უზრუნველყოფას, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქვევრის სახლი“ სწორედ მეუფე ალავერდელი დავითის ინიციატივით აშენდა, აქვე უნდა მივხვდეთ, რომ აღნიშნულ ქონებას ეკლესია კერძო პირს არ დაუთმობს.

თუ ეკონომიკის სამინიტროს ბალანსის შემდეგ, ან მუნიციპალიტეტის საკუთრების შემდეგ „ქვევრის სახლი“ ეკლესიის ქონებად იქცა, გასაკვირიც არაფერი იქნება. ე. ი. ეპარქიამ საკუთარი ინიციატივა სახლმწიფოს ხარჯზე განახორციელა, ხოლო ქონება, საბოლოოდ, მის საკუთრებაში უნდა, რომ გადაიყვანოს.

საინტერესოა, როგორ შეძლებს ალავერდის ეპარქია „ქვევრის სახლის“ შენახვა-პატრონობას, როცა, ამ ეტაპისთვის, მაგალითად, თავად ალავერდის მონასტერს წლებია, ათასობით ლარი აქვს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დავალიანება. ვალის გადაუხდელობის მიუხედავად ელექტროენერგიას მონასტერს ვერ უწყვეტენ.

შესაბამისად, წინსწარი დასკვნით შგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა ვალი მხოლოდ იმიტომ აიღო, რომ „ქვევრის სკოლა-სახლი“ ეპარქიისთვის აეშენებინა. რამდენად იხდის საგადასახადო ვალდებულებებს ქართული ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ეს თემა 2017 წლის მდგომარეობით კვლავ შესასწავლია და ღიად დარჩენილ კითხვებს ტოვებს!

 

მაკა მოსიაშვილი