გიორგი გიუაშვილი: ,,როგორც ბიძინა ივანიშვილი დაათრევს ხეებს აქეთ-იქით, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება!”

 

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორისტული პარტიიდან“, გიორგი გიუაშვილი, ბორჯომში, სახელმწიფო ქონებების გაჩანაგების მიზანმიმართულ კამპანიაზე გვესაუბრა. ის ასევე შეეხო მეუფე სერაფიმეს თემას, რომელიც ყველა ბორჯომელისთვის ძალიან მტკივნეულია.

გიორგი გიუაშვილი:

_ როგორც ბიძინა ივანიშვილი დაათრევს ხეებს აქეთ-იქით და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს ყველა რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება და ბორჯომიც არ არის გამონაკლისი. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილების შესახებ გეტყვით, რომელიც დეკემბერში მიიღეს: ბორჯომის ისტორიულ-ცენტრალურ პარკში შესვლა გაორმაგდა და 50 თეთრის ნაცვლად გახდა 2 ლარი. ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ გამოუტანიათ და არასწორად, მისი გვერდის ავლით, გამგეობისა და პარკის ადმინისტრაციის მეშვეობით მიიღეს. წინათ ქონების გასხვისების დროს საკრებულოს თანხმობა სჭირდებოდათ ხოლმე და ახლა ესეც დაარღვიეს.

_ ანუ არავის აუხსნია, ერთი ადამიანის შესვლა ბორჯომის ცენტრალურ პარკში, სადაც თბილი ბორჯომის ბუიოკი დგას და ადამიანებს შეუძლიათ თბილი ბორჯომი მიირთვან, გაერთონ და დაისვენონ, 2 ლარი რომ ღირს?

_ ეს იმით ახსნეს, რომ პარკის მოვლა-პატრონობას 50-თეთრიანი შემოსავალი არ ჰყოფნის. წინათ ბორჯომის გამგეობა სუბსიდირებას აძლევდა ბორჯომის პარკს, ახლა ეს აღარ მოხდება და პარკს თავისი შემოსავალი ექნებაო. თითქოს ბილეთების დაბეჭდვა ძვირი უჯდებათ და ელექტრონულ ბარათებზე უნდა გადავიდნენ და ა. შ.

ბორჯომი და მისი პარკი ტურისტებისთვის არის ბორჯომის ხეობის სავიზიტო ბარათი. 50 თეთრი სიმბოლური თანხა იყო. ბორჯომში მხოლოდ ტურისტი არ ჩამოდის, აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან დამსვენებლები, რომლებიც ამ წყლით მკურნალობენ. თანაც მხოლოდ ერთი ადამიანი ხომ არ არის ოჯახში. შესვლაში რომ გადაახდევინებ დამსვენებელ ოჯახს 6 და 10 ლარს ერთ დღეში, ის მეორედ ხომ აღარ ჩამოვა ბორჯომში? ბორჯომში ჩამოსული ადამიანი პარკში თუ არ შევიდა, აბა, იქ რა უნდა?

ზოგადად, რაც ამ მუნიციპალიტეტში ხდება, ტურისტული განვითარებისთვის არ არის კარგი და არც ბორჯომის პარკში შესვლაზე გადასახადის გაძვირებასთან დაკავშირებული  არგუმენტაციაა სათანადო.

ხალხს ატყუებენ და ამბობენ, რომ ბორჯომელებისთვის პარკში შესვლა უფასოაო, მაგრამ არავინ ისიც, როგორ უნდა განასხვავონ. გამგებელი ამბობს, პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს ვცნობთო, რაც არის მარაზმი, დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია. რატომ უნდა ხდებოდეს ადამიანების ასეთი განსხვავება? თანაც, ხომ შეიძლება კონტროლიორმა ვერ მიცნოს, რომ ბორჯომელი ვარ და ამიტომ ფული უნდა გადავიხადო, ან ყველა ბორჯომში მცხოვრები მამაკაცის ცოლი, შვილი ან ქმარი ხომ არ ეცნობება ამ ერთ ადამიანს? ასევე შეიძლება, ბორჯომელი, იქ მცხოვრები ადამიანის პირადი ნომერი იწყებოდეს 01-ით, რადგან თბილისში დაიბადა… მოკლედ, დიდი გაუგებრობაა ამ საკითხში, რაც ბორჯომის ხელმძღვანელობის, მისი დეპუტატის დამსახურებაა, რადგან როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, საკრებულოც და დეპუტატიც გაჩუმებულები იყვნენ, რაც თანამონაწილეობაა.

_ რა თანხა ხმარდებოდა აქამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბორჯომის ცენტრალურ პარკს და საით აპირებენ ახლა გამოთავისუფლებული, ალბათ, არც ისე მცირე თანხის გადასროლას?

_ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, რომ შემოსული ფული არ ეყოფა პარკის შენახვას და პარკს ფული მაინც გამოეყოფა. იქ არსებული ინფრასტრუქტურა, შენობები წლების მანძილზე გასაკეთებელია, შესაკეთებელია. ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა და ხალხიც უარყოფითად აფასებს მას. კმაყოფილი არავინ არის, რადგან ეს გამოიწვევს ბორჯომში ადგილობრივი დამსვენებლების სიმცირეს. როგორც ჩანს, გათვლა არის ჩამოსულ არაბებზე და აზერბაიჯანელებზე _ ფულიან ხალხზე და ბორჯომში დასვენება რიგითი ადამიანებისთვის შეუძლებელი რატომ უნდა იყოს, ამას არავინ ფიქრობს. ეს გახლავთ ბორჯომის ხეობისთვის ძალიან ცუდი და გაუაზრებელი „რეკლამა“ და იმის გაცხადება, რომ ბორჯომი ნელ-ნელა ძვირადღირებული კურორტების სიაში შედის და იქ ყველა ვეღარ შეძლებს დასვენებას.

_ კიდევ რა სახის გაუგებრობებზე საუბრობდით, იქნებ, დაგვიკონკრეტოთ?

_ ზაფხულში ჟურნალისტები გოგირდის აბანოებში წავიყვანე, ე. წ. პერსილვანებზე, სადაც მათ უკრაინელი ტურისტები ჩაწერეს. უკრაინელებმა შეიცხადეს და უარყოფითი ემოცია გამოხატეს, როცა გაიგეს, რომ ეს აბანოები 25 წლით გადაეცემოდათ ხარებავებს და ის ფასიანი გახდებოდა. მათ თქვეს, ფასიანი რომ არ არის და ასეთი კარგია, ამიტომ ჩამოვედით აქ, თორემ ფულის გადახდა რომ შეგვეძლოს, სხვა, უამრავი, ამაზე უკეთესი გოგირდის წყლებიაო. გამგებელი ამბობს, თბილი წყალია, ტუალეტებშიც არის გათბობა, დალიონ წყალი და ისარგებლონ თბილი ტუალეტებითო და ეს არ არის ნორმალური? ფაქტობრივად, ბორჯომის თბილი წყალი ფასიანი გახადეს.

რაც შეეხება გოგირდის ღია აბანოების გასხვისებას, საკრებულომ თანხმობა მისცა, მაგრამ მე მას მხარი არ დავუჭირე და ვაპროტესტებდი. 20 წელზე იყო თავდაპირველად საუბარი, მაგრამ მოუმატეს და 25-წლიანი იჯარით, უსასყიდლოდ, 30 დეკემბერს უზურფრუქტით გადასცეს შპს „პარკ ოტელს“, რომლის წარმომადგენელიც არის გაბუნია. ეს კომპანია ხარებავებისაა, რომელთაც ბორჯომში სასტუმრო „ქრაუნ პლაზა“ აქვთ. საჯარო რეესტრის ამონაწერს გაჩვენებთ, სადაც მითითებულია მესაკუთრეების გვარ-სახელები და მისამართიც.

გარდა ამისა, გოგირდის ღია აბანოებთან დაკავშირებით ძალიან საეჭვო ვითარება იყო. შპს ითხოვდა, რომ აბანოებში მისულ ყველა ადამიანს დაწესებული თანხა გადაეხადა, მაგრამ სექტემბერში საკრებულოში ეკონომიკის სამინისტროსგან ჩვენი მოთხოვნა შემოვიდა და საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ბორჯომელებისთვის იქ შესვლა უფასო ყოფილიყო, ანუ აქაც იგივე სახის, დისკრიმინაციული სიტუაცია შექმნეს. ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა დღემდე არავინ იცის, რა წერია მასში და რა არის, ან არ არის გათვალისწინებული. არავინ იცის გოგირდის აბანოებით სარგებლობისთვის დაწესებული თანხაც. როცა საშუალება მოგვეცემა, ვნახოთ ტარიფი, მერე გაირკვევა, იქ რა წერია. შეიძლება, ტარიფი არც ეწეროს და მითითებული იყოს, რომ მისი რეგულირება და დაწესება ხარებავების პრეროგატივააო. გამორიცხული არაფერია.

_ ბორჯომის პარკის ღია გოგირდის აბანოებში უკვე ხარებავების კანონები მოქმედებს?

_ ეს უკვე მათია. ხალხი ჯერ ჩვეულებრივად შედის და ახლა იქ რას გააკეთებენ და როგორ გამოიყენებენ, თავიანთი საქმეა და არავინ იცის. სეზონზე იქ აქტიურობა დაიწყება და გამოჩნდება, კონკრეტულად, როგორი წესით შევლენ. წელს საარჩევნო წელია და შეიძლება, ჩანაფიქრების ასრულებაზე თავი შეიკავონ, მაგრამ, საბოლოოდ, გოგირდის აბანოებით სარგებლობა ფასიანი იქნება.

_ ხარებავებთან დაკავშირებით გამახსენდა: „რუსთავი 2“-ის ეთერში წაიკითხეს მძიმე ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირის, მამალაძის წერილი, რომელსაც ის საქართველოს პატრიარქს სწერდა. წერილში საუბარი იყო წყალ „სნოზე“, რომლის სახელიც საპატრიარქოს უკავშირდებოდა, თუმცა მე როგორც შევიტყვე, ის ხარებავებისაა და არა საპატრიარქოსი. ასეა?

_ მეც ვიცი, რომ წყალი „სნო“ ხარებავებისაა. ესენი ძლიერი ბიზნესმენები არიან და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ბიზნესი და ქონება აქვთ. ისინი დაახლოებულები არიან ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით კალაძესა და კვირიკაშვილთან და ხელისუფლება მათ ქონებებს ჩუქნის. ბორჯომის გოგირდის აბანოები ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი ფაქტია, როცა მათ 25 წლით, უსასყიდლოდ აჩუქეს გოგირდის აბანოები. უსასყიდლოდ მისცეს 3300 კვ.მ. მიწა აუზით და ბუნებრივი სიმდიდრით _ გოგირდის თბილი წყლით. „სნოს“ ხელში ჩაგდებაც მას არ გაუჭირდებოდა.

რადგან ქონებებს შევეხეთ, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ბორჯომში, ქალაქის ცენტრში, სტადიონის გვერდით უზარმაზარ ტერიტორიაზე საცურაო აუზი გვქონდა. ის წლების მანძილზე დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა. მართალია, მისი ამუშავება დიდ ხარჯებს მოითხოვდა, მაგრამ ამხელა დონის კურორტისთვის მისი მუშაობა აუცილებლი იყო. აღმოვაჩინე, რომ აუზის ტერიტორიაც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელზე გაასხვისეს.

_ ამჯერად, ვინ შეიძინა ეს აუზი?

_ პარლამენტის დეპუტატმა ლერი ხაბელოვმა შეიძინა თავისი მეუღლის, ინგა ხაბელოვას მეშვეობით. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ჩემს ხელთ არის. წინასაარჩევნოდ, სექტემბერში გასხვისდა. ხელშეკრულება და პირობები აქაც უცნობია. ამ ქონების მესაკუთრეები ოფიციალურად გახდნენ შპს „ოლიმპი“ და ინგა ხაბელოვა, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ხელში ჩაიგდო პარლამენტის დეპუტატმა, ლერი ხაბელოვმა. შემოდგომითვე დაიწყეს რაღაც სამუშაოები, მაგრამ რას აშენებენ, ისევ საცურაო აუზი იქნება თუ სხვა რამ, ესეც უცნობია. მიმდებარე ტერიტორიაზე ხაბელოვს სასტუმრო „ოლიმპი“ აქვს, რომელიც 10-15 წლის წინათ შეისყიდა. იქ იყო ძალიან დიდი საჭიდაო დარბაზი, რომელიც ასევე მას გადასცეს, თუმცა ერთ-ერთ პირობად ჩაუდეს, რომ ადგილობრივებს უფასოდ მოემსახურებოდა. მისი სარგებლობის დროს წლების მანძილზე პრობლემა იყო, რადგან ადგილობრივ მწვრთნელებსა და ბავშვებს ხაბელოვი შიგნით არ უშვებდა. ამას კი იმით ხსნიდა, რომ დრო არ არის განსაზღვრული, ამიტომ ღამით შემოდით და მაშინ ივარჯიშეთო. ხაბელოვმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოთხოვნა შემოიტანა სტადიონის საკუთრებაში გადაცემაზეც, რაზედაც საკრებულოსგან უარი მიიღო, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ საცურაო დარბაზი გადასცა. ახლა დანგრევის სტადიაშია, გამოშიგნულია, სახურავიც მოხდილი აქვს, მაგრამ რა იქნება იქ, მხოლოდ ხაბელოვმა უწყის. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან საეჭვო გარიგება და ამასაც ხელშეკრულების გამოთხოვა, გამოაშკარავება, გაშუქება სჭირდება, რასაც უახლოეს პერიოდში ასევე გავაკეთებ და ინფორმაციასაც ექსკლუზიურად გადმოგცემთ დოკუმენტებთან ერთად.

_ კიდევ ვის სურს ბორჯომის ხეობის დაპატრონება ბიზნესმენებიდან და სახელისუფლებო წრეებიდან?

_ ბაკურიანში დიდი ინტერესები აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. თავად ბიძინა ივანიშვილს პროექტი აქვს და დიდ ველზე, 600 ჰა-ზე გასართობი კომპლექსის მოწყობა უნდა. მთელი უბედურებები ხდება ბორჯომთან მიმართებით, რადგან ვინც რაიმე თანამდებობაზე დგება, მაშინვე ბორჯომისკენ გამორბის მიწისა თუ სხვა ქონების საყიდლად. არაერთი განცხადება მაქვს შეტანილი პროკურატურაში, რადგან სუს-ის თანამშრომლებმაც კი გადაიფორმებს ქონებები. ვისაც ხელეწიფება, ფული აქვს, ყველა ბორჯომით ინტერესდება და ცდილობს, მცირე თანხებად ჩაიგდოს ხელში ძვირადღირებული ქონება. მიტარბში ოსური მოსახლეობისგან თეთრებად ყიდულობდნენ მიწებს და კვადრატულ მეტრში 1 და 2 ლარს იხდიდნენ. ერთ-ერთი ასეთი შუამავალი იყო ბორჯომის გამგებელიც. მას შექმნილი ჰქონდა გუნდი, რომელიც ორჯონიკიძეში ჩადიოდა, ნახულობდა მიტარბის ოს მცხოვრებლებს და ტიპურად მაკლერობდა, საიდანაც, ცხადია, სარგებელი დიდი ნახა.

_ ბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ბორჯომში მეუფის გამო ხალხი ქუჩაშიც გამოვიდა ლოზუნგით: დაგვიბრუნეთ ჩვენი მეუფე! საპატრიარქოში ფეხით ჩასვლასაც გეგმავდნენ. ამასთან დაკავშირებით ახლა როგორი მდგომარეობაა?

_ ბოლო პერიოდში საპატრიარქოსთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ცოტა გადაფარა ეს თემა. თუმცა ამ ფაქტებმა ბორჯომის მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მეუფეს ამბავი არ იყო შემთხვევითი და ეს გახლდათ ამ უკეთური მოვლენების დაწყება პატრიარქისა და საპატრიარქოს ირგვლივ. მეუფე სერაფიმე კი პირველი მსხვეპლი იყო. როგორც ერში არის დიდი პრობლემები, კორუფცია, არეულ-დარეულობა, ისევე არის ბერშიც. სასულიერო პირებიც ხლართავენ ერთმანეთის მიმართ სხვადასხვაგვარ ინტრიგას და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ ინტრიგების მსხვერპლი გახდა მეუფე სერაფიმე. ამ სიტუაციაში ჩარეულები არიან როგორც სასულიერო პირები, ასევე სახელმწიფო მანქანა, უშიშროების სამსახური და ა. შ. მეუფე გახდა ბინძური შანტაჟისა და ინტრიგების მსხვერპლი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მეუფეს არ უნდა დაეხია უკან, ის არ უნდა გამდგარიყო განზე, გვერდზე არ უნდა გასცლოდა სიტუაციასა და დუმილის, შეგუების გზა არ უნდა აერჩია. ის უნდა დამდგარიყო მტკიცედ და მთელი ბორჯომის მრევლი, ჩემი ჩათვლით, დავუდგებოდით გვერდით და ის კვლავ იქნებოდა ჩვენი მეუფე.

_ სიმართლეა, რომ გოგონას, ვის გამოც მეუფეს ჩირქი მოეცხო პედოფილიაში, ბორჯომის გამგებლის ახლობელია? იმასაც ამბობენ, რომ დედამისს, რომელიც ნოტარიუსად მუშაობს, დარღვევები ჰქონდა და როგორც ბორჯომის მოსახლეობა ამბობს, შემდგომ მას ეს ყველაფერი აპატიესო?

_ გოგონას ნათესაური კავშირები ამ ადამიანებთან სწორია, თუმცა ნოტარიუსის ვალებთან და მის გასტუმრებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. არც ის მესმის, როგორ შეიძლება საკუთარი შვილისა თუ ოჯახის წევრების ასე დამცირება რაიმე დიადი სარგებლის სანაცვლოდ? ჩემთვის ეს ძალიან მიუღებელია.

_ კიდევ ისიც ითქვა, რომ ეს გოგონა სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ახლობელიც არის. ესეც სიმართლეა?

_ პირად კავშირებს თუ გავითვალისწინებთ, სუს-ი და გამგებელი ერთად მოქმედებდნენ, მაგრამ რამდენად აქვთ მათ ერთმანეთში ნათესაური კავშირი, ეს არ ვიცი.

_ რას აპირებს ბორჯომის მოსახლეობა, კიდევ დააყენებს მეუფე სერაფიმეს დაბრუნების მოთხოვნას?

_ თუ მეუფე თავადაც მტკიცედ იქნება და პოზიცია შეცვალა, ცხადია, მრევლი მის გვერდით იდგება, მაგრამ თუ კვლავ უკან დაიხია და ის გზა არჩია, რომელზეც აქამდე იდგა, მაშინ მას ვერავინ უშველის და ვერც დაეხმარება.

 

ბორჯომის გამგებელმა, დავით ყიფიანმა, როცა გაიგო, რომ საკრებულოს დეპუტატის, გიორგი გიუაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე ვთხოვდით კომენტარს, გვითხრა: _ ძალიან გთხოვთ, მაგის ბოდვაზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთო.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ყიფიანმა ასე მოგვიცილა თავიდან და საკრებულოს დეპუტატის ინტერვიუში დასმულ პრობლემებს არ უპასუხა, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან უცნაური დამოკიდებულებაა გამგებელსა და საკრებულოს დეპუტატს შორის.

რაც შეეხება პარლამენტის დეპუტატ ლერი ხაბელოვს, მასთანაც გვქონდა რამდენიმე შეკითხვა. ის, რომ ბორჯომის ყოფილი საცურაო აუზი მართლაც მისი ოჯახის წევრის საკუთრებაა, ამას ოფიციალური დოკუმენტებიც ამტკიცებს, თუმცა რის აშენებას აპირებენ იქ ხაბელოვები, ან როდის, ამის გარკვევა ვერ შევძელით, რადგან ლერი ხაბელოვზე პარლამენტში დაფიქსირებული არც ერთი ტელეფონის ნომერი არ პასუხობდა.

 

ნელი ვარდიაშვილი