„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტზე ფასების მატებას პროგნოზირებს

ქუთაისში შიდა საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის ფასის შესაძლო მომატების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია განხილვის თემად იქცა. მართალია, საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, აქ ტარიფები გაცილებით ნაკლებია, მაგრამ მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო ფასების მატება დაუშვებელია.

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის სახით მხოლოდ მიკროავტობუსები და ავტობუსებია წარმოდგენილი. თბილისის მსგავსად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტროლეიბუსის გამოყენებაზე, ჯერ კიდევ, წლების წინათ განაცხადა უარი. მაშინ ყოველივე ელენერგიის სიძვირით და, შესაბამისად, ზედმეტი ხარჯებით ახსნეს, თუმცა არავის დაუთვლია, რა უჯდება ქალაქის მოსახლეობასა და გარემოს ძველი, ამორტიზებული ავტობუსებით მიყენებული ზიანი. დღეს ქუთაისში მოძრავი ტრანსპორტი 100%-ით მეორადია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა იგი, ძირითადად, ევროპიდან შემოიყვანეს. ჩამატებული სკამებით, ხშირად, ტვირთის გადაზიდვისთვის გათვალისიწნებული სხვადასხვა მოდელის ავტომობილები კომფორტულ მგზავრობაზე გათვლილი ნამდვილად არ არის. სწორედ ასეთ ფონზე, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგა შუშანიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უახლოეს ერთ თვეში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა ქუთაისელებს 20 თეთრით გაუძვირდებოდათ, რაც, მისი თქმით, საწვავის ფასის მატებასა და გეგმურ წლიურ გადასახადებს უკავშირდებოდა.

 

„ქრონიკა+“ გიგა შუშანიას ესაუბრება:

_ რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ მარტიდან საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ფასი გაიზრდება?

_ მძღოლებისგან ინფორმაცია მივიღეთ, რომ მათ მერიასთან კონსულტაციები ჰქონდათ. მძღოლები ამას პირად საუბრებში არ უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ არის შეთანხმება, პირველი მარტიდან ავტობუსზე ფასი 30-დან 50 თეთრამდე გაიზრდება, ხოლო მიკროავტობუსით გადაადგილება 50-ის მაგიერ 60 თეთრი ეღირება. თუმცა მერია ყოველივეს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ თითქოს ჩვენ მოვიტყუეთ. სინამდვილეში, პროცესი, სწორედ, აქეთკენ მიდის.

_ რამდენად კმაყოფილი ხართ საქალაქო ტრანსპორტის მუშაობით და იმ სერვისით, რომლითაც ვსარგებლობთ?

_ არა მგონია, ვინმეს გაესაუბროთ და ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკით, მისი მდგომარეობით კმაყოფილი იყოს. ფაქტობრივად, პარკი არ ახლდება, რადგან მერიის მიერ ყოველწლიური  მოსაკრებელი გაზრდილია, რომელიც 300 ათასი ლარიდან 700 ათასამდე ავიდა. თავისთავად, ამ თანხას გადამზიდავები მძღოლების მეშვეობით უკეთებენ მობილიზებას. მერიას შევთავაზეთ, ეს მოსაკრებელი 400 ათასი ლარით შეამციროს, რითაც მძღოლებს ყოველდღიური გეგმა შეუმცირდებათ და გაძვირებაც აღარ გახდება საჭირო. ფაქტია, რომ საწვავსა და სათადარიგო ნაწილებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა და ფიზიკურად შეუძლებელია, მათ მიერ გამომუშავებული თანხით, ყოველწლიური მოსაკრებელიც დაფარონ და ტრანსპორტის გამართულობაზეც იზრუნონ. როგორც მძღოლების, ისე ქუთაისის მოსახლეობის ინტერესები უნდა დავიცვათ. ეს 400 ათასი ლარი თავისუფლად შეიძლება მოაკლდეს პრემიებსა და დანამატებს. ცნობისთვის: 2016 წელს მერიისა და საკრებულოს პრემიებისა და დანამატების ჯამი 800 ათასი იყო.

_ ამბობთ, რომ საქალაქო ტრანსპორტის მუშაობით კმაყოფილი არ ხართ. რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

_ ამას მონიტორინგი სჭირდება. მერია და, კონკრეტულად, ტრანსპორტის სამსახური რაღაც დღეების გადანაწილებით და მანქანების ჩამატებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ უნდა ზრუნავდეს და აკონტროლებდეს, ვინ როგორ დადის, როგორ იცავს გრაფიკს და ასე შემდეგ.

_ როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც იყო საუბარი მუნიციპალური ტრანსპორტის შესახებ. ამ იდეას როგორ უყურებთ და რამდენადაა შესაძლებელი, ან გამართლებული ამის განხორციელება?

_ მე პირადად არ ვარ მომხრე, მუნიციპალური ტრანსპორტი იყოს, რადგან ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, რომელსაც ამ კუთხით ბიუჯეტში თანხა შემოაქვს. აქ იმხელა თანხაა და იმდენი შავი ხვრელი გაჩნდება, რომ კონტროლი გართულდება. მერია დღეს ტრანსპორტის გრაფიკს ვერ არეგულირებს და, წარმოგიდგენიათ, რამდენიმე მილიონიანი მონსტრი რომ გაჩნდება, მის კონტროლს როგორ მოახერხებს? ეს კორუფციის წყარო იქნება. უბრალოდ, ტენდერების დროს მოსაკრებელი უნდა შემცირდეს და გადამზიდავებს ტრანსპორტის განახლების საშუალება უნდა მივცეთ: პირობებში ჩავუწეროთ, რომ გარკვეული წლის ქვემოთ გამოშვებული მანქანა არ უნდა იყოს და ა. შ. მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში არა მგონია, უკეთესი შედეგი მივიღოთ, თანაც ქუთაისის ბიუჯეტი ამხელა ხარჯს ვერ გასწვდება.

_ ე. ი. ასეთ პირობებშიცაა შესაძლებელი, გამართული სატრანსპორტო სისტემა გვქონდეს?

_ რა თქმა უნდა. მარტო თანხისა და მოსაკრებლის გაზრდაზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ პირობებში უნდა ჩაიდოს ვალდებულებები, რომ მათ განაახლონ ავტოპარკი, შემოიყვანონ ერთნაირი მოდელის ავტომანქანები და ა. შ. ჩვენს რჩევაზე მათ გვიპასუხეს, რომ ყოველწლიური მოსაკრებლის შემცირებას არ აპირებენ, ანუ არ გეგმავენ მოიკლონ თანხა, რომელიც მათ კომფორტს ხმარდება.

 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი _ ირაკლი ცხვედიანი:

_ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, რომ უახლოეს ერთ თვეში ტრანსპორტზე ფასები მოიმატებს?

_ უახლოეს პერიოდში ტრანსპორტზე ფასების მატება არ იგეგმება. კონკრეტულმა ჯგუფმა შავი პიარის მიზნით ჭორი ააგორა, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მასში უკმაყოფილების გამოწვევას.

_ რამდენი გადამზიდავი კომპანია ემსახურება დღეს ქუთაისის მოსახლეობას? მიმდინარეობს თუ არა მონიტორინგი როგორც სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობის, ისე სვლა-გეზების გრაფიკის დაცვის კუთხით?

_ ქალაქში დღეისთვის სულ 19 გადამზიდავია, როგორც საავტობუსო, ისე მიკროავტობუსების ხაზებზე. როცა 2014-15 წლებში კონკურსებზე კონკრეტული ხაზები გამოვიდა, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო ჯპს მონიტორინგით აღჭურვა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ 200-მდე სატრანსპორტი საშუალებაზე აღნიშნული სისტემა დამონტაჟებულიყო, რისი მეშვეობითაც ნებისმიერ დროს გვაქვს შესაძლებლობა, გავაკონტროლოთ მოძრაობის გრაფიკი, გაჩერებები, სიჩქარის მაჩვენებელი და ა. შ.

_ გადამზიდავები ხშირად არღვევენ წესებს?

_ მიმდინარე წელს სულ 5 შემთხვევა გვქონდა და ყველა მათგანის დროს მძღოლს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.

_ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გრაფიკს აკონტროლებთ, ფაქტია, მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა. საღამოს საათებში ქალაქში გადაადგილება შეფერხებულია. ხალხის შენიშვნები ასევე უკავშირდება იმასაც, რომ სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და არ არის დაცული სანიტარიული ნორმები. ამ მიმართულებით რის გაკეთებას აპირებთ?

_ როცა სატრანსპორტო საშუალებები დილით ხაზებზე გამოდის, ყველა მათგანი გადის სავალდებულო შემოწმებას სისუფთავეზე, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ მუშაობის პროცესში მგზავრები მათ აბინძურებენ. ხშირია ფაქტები, როცა სხვადასხვა სახის ნარჩენს პირდაპირ სალონში ყრიან.

_ გავრცელებული ინფორმაციით, გადამზიდავები ნანათხოვარი ავტობუსებით, ან მიკროავტობუსებით მონაწილეობენ ტენდერში, ანუ მათ მიერ წარმოდგენილ ტექნიკას, უბრალოდ, საჩვენებელი ფუნქცია აკისრია, ხოლო გამარჯვების შემდეგ ხაზზე ამორტიზებული, ჩამატებულსავარძლებიანი მანქანები გამოჰყავთ.

_ პირობებიდან გამომდინარე, ნებართვის ნებისმიერ მაძიებელს შეეძლო წარმოედგინა სატრანსპორტო საშუალებები კონკურსზე და მის შემდეგ უფლება ჰქონდა, სხვა მანქანებით ჩაენაცვლებინა, ოღონდ ზუსტად იგივე წლოვანების, ან უკეთესით. ანუ აქ არ იყო შეზღუდვა, მაინცდამაინც, კონკურსზე წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალებებით დაეწყო მუშაობა.

გამორიცხულია, ამორტიზებულმა ავტომანქანამ იმუშაოს, რადგან პარკიდან გამოსვლის დროს იგი მოწმდება. რაც შეხება იმას, რომ შესაძლებელია სავარძელი იყოს დაზიანებული, ან საქარე მინა გაბზარული, ბუნებრივია, ჩვენ, შეიძლება, რამე გამოგვრჩეს, ამიტომ ყველას ვთხოვთ, თუკი კანონდარღვევას დააფიქსირებენ, შეგვეხმიანონ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

_ ფაქტია, რომ, ხშირად, უკეთესით არ ნაცვლდება და ტრანსპორტის მდგომარეობა თანდათან უარესდება.

_ თუ ასეთი შემთხვევები გამოვლინდა, ბუნებრივია, ჯარიმა დაიწერება და კანონის შესაბამისი ზომები გატარდება. სულ ქალაქში 42 მიკროსაავტობუსო ხაზია, საიდანაც 21 ხაზზე კონკურსი გამოცხადდა და თუკი ამ შემთხვევაში 2003-ში და უფრო ადრე გამოშვებული მიკროავტობუსები მუშაობდა, კონკურსის შემდეგ ტრანსპორტის წლოვანება 5-7 წლამდე გაუმჯობესდა. რაც შეეხება დანარჩენ ხაზებს, რომლებსაც მოქმედი ნებართვები ჰქონდათ და ამის გამო ვერ გავიტანეთ კონკურსზე, მათ ის ავტოპარკი შეინარჩუნეს, რომლითაც ეს ნებართვა მოიპოვეს.

_ რაც შეეხება ავტობუსების მდგომარეობას, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულია, აქვთ გამონაბოლქვი და და სერიოზულ ზიანს აყენებენ როგორც გარემოს, ისე უშუალოდ ადამიანების ჯანმრთლობას?

_ არ დავმალავ, რომ ავტოპარკი შესაცვლელია და ამ კუთხით მოკვლევა მიმდინარებს, თუ რომელი ქვეყნის წარმოებული და რა ზომის ავტობუსი უფრო მისაღებია ქალაქისთვის. ასევე შესწავლის საგანია, რა რაოდენობის მგზავრი გადაჰყავს ავტობუსებს დღის განმავლობაში, რამდენი იქნება მისი სავარაუდო ხარჯი? თუ სამომავლოდ ბიზნესი კონკურსში მონაწილეობას მოისურვებს და დააკმაყოფილებს ქუთაისის მოსახლეობის მოთხოვნას საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებაზე, ჩვენ ამას მივესალმებით. ყველაფერი უკავშირდება ხარჯებს და, შესაბამისად, ამას დაანგარიშება სჭირდება, რომ შემდგომ რამე არ გახდეს საკამათო. ვთანხმდებით, რომ ავტოპარკი აუცილებლად უნდა განახლდეს, უნდა დამონტაჟდეს ელექტრონული გადახდის სისტემა, ამავე დროს, ავტობუსები უნდა იყოს ადაპტირებული. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ. რაც ამჯერად გვაქვს, ეს არის საუკეთესო ვარიანტი: მოსახლეობის გადაყვანა 30 თეთრად, რაც საქარველოს არც ერთ რეგიონში არ ფიქსირდება.

_ რას უპასუხებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის წარმომადგენელთა აზრითაც, აუცილებელია ყოველწლიური მოსაკრებლის შემცირება, რაც შექმნილ სიტუაციაში მძღოლებისთვის დიდი შეღავათი იქნება.

_ როცა ხაზები კონკურსებზე გადიოდა, მაშინ თვითმმართველობამ ფასი დააფიქსირა, რომელიც ნებართვის მაძიებელს უნდა გადაეხადა ნებართვის მიღების შემთხვევაში. კონკურენტი თითქმის ყველა ხაზზე დაფიქსირდა. იყო შემთხვევები, როცა ნებართვის მაძიებლებმა მომატებული ფასი დააფიქსირეს, რასაც ისინი დღეისთვის ბიუჯეტში იხდიან. ჩემთვის გაუგებარია, თუკი კონკურსების შედეგად ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა შემოდის, ვინმეს რატომ არ უნდა მოსწონდეს ეს?

 

მიუხედავად განყოფილების ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, ფაქტია, რომ ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე საუბარი, ჯერ კიდევ, ნაადრევია. როგორც ჩანს, კომფორტული სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობა ქუთაისელებს კარგა ხანს არ მოუწევთ. მხოლოდ უფროსი თაობის ადამიანებს შეეძლებათ გაიხსენონ დრო, როცა ქალაქში ერთი ფერის ავტობუსები ქუჩებს ღამის 24 საათის დადგომის შემდეგ ტოვებდნენ. სამწუხაროა, მაგრამ 21-ე საუკუნეში მოწესრიგებული საქალაქო ტრანსპორტი, კეთილმოწყობილი გზები და სხვა სიკეთეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვლავ ოცნების თემად რჩება.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე