ეკა ბესელიას თანხმობა საპროცესო გარიგებაზე

2015 წლის დეკემბერში „ქრონიკა+“-ის რედაქციაში მოქალაქე გელა ღურწკაია მოვიდა და ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირი შემოგვთავაზა.

ჩვენი საჯარო განცხადების მერე ქ. თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და 2016 წლის 3 თებერვალს გელა ღურწკაიასთან ერთად ოთხი პირი დააკავა. მართალია, რამდენიმე დაკავებული საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება.

როგორც ვვარაუდობდით, გელა ღურწკაია მხოლოდ კურიერი იყო და პირადი ფირების საქმეც ისე დასრულდება, რეალური დამკვეთის ვინაობას ოფიციალურად ვერც გავიგებთ, მაგრამ ჩვენი გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ პირადი ფირების სკანდალის უკან ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იდგა, იმ მასალებმა, რომელიც „ქრონიკა+“-ს გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ გადასცა, კიდევ უფრო გაამყარა.

 

რას მალავს გამოძიება და რა მასალები აქვს „ქრონიკა+“-ს?

ინფორმაცია, რომ გელა ღურწკაიასა და პირადი ფირების საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს საპროცესო გარიგებით  უშვებდნენ, ჯერ კიდევ, 2015 წლის ზაფხულში გავრცელდა. ჟურნალისტების, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ხმამაღალი პროტესტის ფონზე, ხელისუფლებამ არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა. დოკუმენტი, რომელიც „ქრონიკა+“-ს მიაწოდეს, ამ ფაქტს უტყუარად ადასტურებს. იმის მაგივრად, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, უფლებადამცველ ეკა ბესელიას, პირად ფირებზე დაკავებული პირების უმკაცრესად დასჯა მოეთხოვა, მან, როგორც ჰუმანურმა ადამიანმა, ბრალდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას თანხმობა მისცა.

 

საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი

15.06.2016                                                                                       თბილისი

ოქმის შემდგენი პირი ლაშა კოტრიკაძე ქალაქ თბილისის პროკურატურა

საგამოძიებო ნაწილის პროკურორი

მონაწილე პირი

ეკა ბესელია დაზარალებული

საქმის #010281215801

 

ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ შევადგინე აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ ამავე პროკურატურის შენობაში საპროცესო შეთანხმების შესახებ კონსულტაციის მიზნით შევხვდი ეკა ბესელიას. დაზარალებულს ვაცნობე, რომ სისხლის სამართლის #010281215801 საქმეზე ბრალდებულებთან ირაკლი ფხალაძესთან, გელა ღურწკაიასთან, ინგა ჩატოიანთან, ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან და ზურაბ ჯამალაშვილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე ეკა ბესელიამ განაცხადა „ვინაიდან ბრალდებულები აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას, ამავე დროს თანამდებობრივად წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, თანახმა ვარ, ბრალდებულებს გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება“.

ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა:

ლაშა კოტრიკაძე

მონაწილე პირის ხელმოწერა:

ეკა ბესელია.

 

სისხლის სამართლის საქმეში მოქალაქე გელა ღურწკაიას სამი ჩვენება დევს. პირველად ის 2016 წლის 3 თებერვალს დაკითხეს.

 

რას წერს გელა ღურწკაია პირველ ჩვენებაში?

„დაახლოებით 2015 წლის ზაფხულში ჩემმა მეგობარმა ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ გამაცნო მისი ახლობელი ვაჟა ციცილოშვილი, რომელიც ამჟამად იმყოფება პატიმრობაში, რადგან 2015 წლის დეკემბერში დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. მე როგორც ვიცი, ვაჟა ციცილოშვილი არის იძულებით ადგილნაცვალი და დაკავებამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა წეროვანში მდებარე დვნილთა დასახლებაში, მე-18 უბანში, 1205-ე კოტეჯში. როგორც მე ვიცი, ის ასევე ცხოვრობდა თბილისშიც, ელენე ახვლედიანის ქუჩა #29-ში. 2015 წლის ნოემბერში ვაჟა ციცილოშვილმა მითხრა, რომ ჰქონდა პარლამენტის წევრ ე.ბ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. კერძოდ, ე.ბ. და პატიმრობიდან პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული ვინმე ვ.ნ.-ს სექსუალური ურთიერთობის ამსახველი ვიდეოკადრი, რომლის ერთი ეგზემპლარი ჩემი თხოვნით გადმომცა მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი სახით. მას არ უთქვამს, საიდან ჰქონდა ეს კადრი. მანვე მითხრა, რომ ასევე არსებობდა ერთ-ერთი თანამდებობის პირის (ასახელებს ინტერნეტსივრცეში ატვირთულ ერთ-ერთ პირად ფირს), რომლის ეგზემპლარსაც გადმომცემდა სამომავლოდ. ვაჟა ციცილოშვილის მიერ გადმოცემულ ვიდეოჩანაწერს ვუყურე ჩემი შვილის კუთვნილი კომპიუტერის მეშვეობით, რა დროსაც ვნახე, რომ ე.ბ.-ს სექსუალური ურთიერთობა აქვს უცნობ მამაკაცთან. როგორც მახსოვს, იმ პერიოდში გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ, ე.ბ.-ს ბრალი დასდო ანგარებისა და პირადი მოტივით არაპოლიტპატიმარი პირებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაში, რაც ე.ბ.-მ კატეგორიულად უარყო. ამის გამო მე აღვშფოთდი და გადავწყვიტე, გაზეთში გამოსაქვეყნებლად ელისო კილაძისთვის მიმეტანა ეს ჩანაწერი, რომლითაც ელისო კილაძე თავის ნათქვამს დაამტკიცებდა, კერძოდ, ე.ბ.-ს ამხელდა პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან განთავისუფლებულ პირთან სამარცხვინო ურთიერთობაში. ამ მიზნით, 2015 წლის დეკემბერში მივედი გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ელისო კილაძესთან შესახვედრად. ვინაიდან ის იქ არ იმყოფებოდა, ჩემთვის უცნობმა იქ მომუშავე ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა მომცა ელისოს მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც აღარ მახსოვს. ამ ნომერზე ელისო კილაძეს ჩემი მობილური ტელეფონით დავურეკე, რომლის ნომერია 501 909 31… და შეხვედრაზე შევუთანხმდი. მართლაც, მეორე დღეს მას რედაქციაში მივაკითხე და აღნიშნული ჩანაწერი მივუტანე, რომელიც სანახავად გადასცა იქ მყოფ ჩემთვის უცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც, როგორც კი ჩანაწერი გახსნა, მაშინვე გამორთო კადრი, მეხსიერების ბარათი დამიბრუნა და ელისო კილაძეს მოახსენა, რაც ეწერა აღნიშნულ მეხსიერების ბარათზე, რის შემდეგაც ელისომ მითხრა, რომ დაინტერესებული არ იყო პირადი ცხოვრების ურთიერთობის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით და უარი მითხრა მის დატოვებასა და გამოქვეყნებაზე. ამის შემდეგ დღეს, ანუ 2016 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით, 13:30 საათზე, როცა ვიმყოფებოდი თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე სკვერში, ჩემთან მოვიდნენ პროკურატურის გამომძიებლები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დამაკავეს და ჩამიტარეს პირადი ჩხრეკა, ყოველივეზე შედგა ჩემი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის სისწორეც დავადასტურე ხელმოწერით. ამის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ქ. თბილისში, ატენის შესახვევი #12-ში მდებარე ჩემი დროებითი საცხოვრებელი სახლიც, რა დროსაც ამოიღეს ზემოაღნიშნული მეხსიერების ბარათი, რაზედაც ჩაწერილია ე. წ. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაზედაც შედგა შესაბამისი ჩხრეკის ოქმი, რომლის სისწორეც დავადასტურე ხელის მოწერით.

კითხვაზე გიპასუხებთ: როცა გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქციაში მივედი და ელისო კილაძეს შევხვდი, იქ მიმიყვანა და დამტოვა ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ  თავისი „სუბარუ ფორესტის“ მარკის შავი ფერის ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო ნომერია 099.

კითხვაზე გიპასუხებთ: რომ ჩემი სახლიდან ამოღებულ ჩემს ბლოკნოტში ვ.ნ. სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი 555 2323… ჩავწერე მე, რაც მომცა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, ზაზა დავითაიამ,  რომელიც არის ყოფილი პოლიტპატიმარი. ამ უკანასკნელს ვკითხე, ხომ არ იყო ვინმე პოლიტპატიმარი ვ. ნ., რაზედაც მიპასუხა, რომ იცნობდა ასეთ პიროვნებას და მოეცა მისი ტელეფონის ნომერი, რაც ჩემი ხელით ჩავწერე ბლოკნოტში, თუმცა აღნიშნულ ნომერზე როცა მოვსინჯე, ვერასოდეს დავრეკე.

კითხვაზე გიპასუხებთ: რომ ვაჟა ციცილოშვილს შეიძლება ჰქონდეს (ასახელებს სახელსა და გვარს და ინტერნეტსივრცეში ატვირთულ ერთ-ერთ ფირს), პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერიც, რომლის ეგზემპლარის გადმოცემასაც დამპირდა სამომავლოდ. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლებელია მან მისცა ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს და მასაც ჰქონდეს, მაგრამ ამ უკანასკნელს ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს“.

 

ეს არის გელა ღურწკაიას პირველი ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას დაკავების დღეს, 2016 წლის 3 თებერვალს მისცა. ამავე დღეს „ქრონიკა+“-ის თანამშრომლებთან ერთად ვიმყოფებოდი „მოდულის“ შენობაში, სადაც ჩვენ მიერ მოხდა გელა ღურწკაიას ამოცნობა.

გელა ღურწკაიას ჩვენებაში ნახსენებია „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია. ღურწკაია ამბობს, რომ ფირზე ასახული პოლიტპატიმრის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი მას სწორედ ზაზა დავითაიამ მისცა. ლოგიკურად, ზაზა დავითაიას გელა ღურწკაიამ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი აჩვენა, მოხდა მასზე ასახული პირის (რომელიც, მათივე განცხადებით, პოლიტპატიმარია) იდენტიფიკაცია და ტელეფონის ნომრის დადგენა. ღურწკაია ჩვენებაში აცხადებს, რომ მან რამდენჯერმე დარეკა ზაზა დავითაიას მიერ მიცემულ ტელეფონის ნომერზე, მაგრამ დაკავშირება ვერ შეძლო.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რაში სჭირდებოდა გელა ღურწკაიას აღნიშნული პირის ტელეფონის ნომერი და ხომ არ ჰქონდა გეგმაში მისი დაშანტაჟება პირადი ცხოვრების ამსახველი ფირით? გამოძიებას გელა ღურწკაიასთვის ეს კითხვა არც კი დაუსვამს, ისევე როგორც ჩვენთვის უცნობია, დაკითხულია თუ არა ამ საქმეზე ზაზა დავითაია და ედავება თუ არა მას გამოძიება დანაშაულის დაფარვას?

 

ვინ არის გელა ღურწკაიას ჩვენებაში დასახელებული პირი ვაჟა ციცილოშვილი?

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვაჟა ციცილოშვილი კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმში ამ საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან ერთად ირიცხებოდა, მაგრამ, იმავდროულად, გია უდესიანის ზონდერჯგუფთან ერთად ვარჯიშობდა. მოგვიანებით, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, გია უდესიანი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილთან, ზვიად ჯანყარაშვილთან გადაპორტირდა. ეს ურთიერთობები იმდენად მჭიდრო იყო, რომ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც კახი კალაძეც ესწრებოდა, ზვიად ჯანყარაშვილმა საკითხი დააყენა გია უდესიანის „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო სიაში მეშვიდე ნომრად ჩაწერის შესახებ და თქვა, რომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან არის შეთანხმებული. ჯანყარაშვილის ამ წინადადებას კახი კალაძემ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, მანვე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შტაბის უფროსის პოსტს დატოვებდა, თუ საარჩევნო სიაში გია უდესიანი მოხვდებოდა. ასე ჩაიშალა  ჯანყარაშვილის გეგმა, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გია უდესიანის ჯგუფის წევრები, მათ შორის, ვაჟა ციცილოშვილიც და ნიკოლოზ ხაჭაპურიძეც, რომელიც, ასევე, კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი გახლდათ, სწორედ ზვიად ჯანყარაშვილის მფარველობის ქვეშ გადავიდნენ. ჯანყარაშვილი მათ სხვადასხვა დავალების შესასრულებლად იყენებდა, და როგორც პირველ ჩვენებაში გელა ღურწკაია აცხადებს, სწორედ ვაჟა ციცილოშვილმა მისცა მას დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი და ინახავდა კიდევ ერთ ფირს, რომელიც ინტერნეტსივრცეში მოგვიანებით აიტვირთა.

 

გელა ღურწკაიას მეორე ჩვენება 2016 წლის 4 მარტით თარიღდება.

ზუსტად ამ დროს ღურწკაია ჩვენებას ცვლის და წერს:

„აღვნიშნე, რომ ე.ბ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი მეხსიერების ბარათით მე გადმომცა ვაჟა ციცილოშვილმა, მაშინ როცა, სინამდვილეში, ეს ჩანაწერი მე გადმომცა მისმა მეგობარმა ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ უშუალოდ. ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს მე ვიცნობ დიდი ხანია, მისი ძმა ლევანი არის ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც ჩართული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში. უშუალოდ, ვაჟა ციცილოშვილი და ნიკოლოზ ხაჭაპურიძე არიან მეგობრები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ვაჟა ციცილოშვილს ამ ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, უბრალოდ, ჩვენების მიცემის დროს ის დააკავა ფინანსურმა პოლიციამ და ისეთი მსუბუქი მუხლი, როგორიც ამ ჩანაწერების გავრცელება იქნებოდა, ვერ იმოქმედებდა მისი სასჯელის ზომაზე. აღნიშნულ დასკვნამდე მე თვითონ მივდი, როდესაც დამიჭირეს და ამ განზრახვაზე არც ციცილოშვილთან და არც ხაჭაპურიძესთან საუბარი არ მქონია, სინამდვილეში კი ეს ვიდეოჩანაწერი მე გადმომცა ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ 2015 წლის ნოემბერში „ახმეტელის“ მეტროსთან. სწორედ აქ გამიმხილა, რომ მას ჰქონდა ე.ბ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი, რის დამადასტურებლადაც მის მობილურ ტელეფონში, რომელსაც დიდი ეკრანი ჰქონდა და რომლის მოდელი მე არ ვიცი, მაყურებინა ამ ჩანაწერის ნაწყვეტებს, სადაც მე ნამდვილად ვნახე ხსენებული შინაარსის ჩანაწერი. ამავე შეხვედრაზე მითხრა, რომ მას ჰქონდა სხვა ფირიც (ასახელებს კიდევ ერთ პირს, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ინტერნეტით გავრცელდა), თუმცა მას ეს ვიდეო ჩემთვის არ უჩვენებია, სხვა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი არ ყოფილა, ამის შემდეგ ვისაუბრეთ სხვა ყოფით თემებზე და ერთმანეთს დავემშვიდობეთ“.

გელა ღურწკაიას 4 მარტის ჩვენებაში პირველად ჩნდება ვერსია იმის თაობაზე, რომ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი 1000 ლარად უნდა გაეყიდათ. ამავე ჩვენებაში ღურწკაია ადასტურებს, რომ ფულზე საუბარი ჩემთან საერთოდ არ ყოფილა, რომ მან ამის შესახებ ნიკოლოზ ხაჭაპურიძესაც უთხრა, ხოლო ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ სხვა კლიენტებიც გამოჩნდებოდნენ.

ამავე ჩვენებაში გელა ღურწკაია წერს:

„გარდა ამისა, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჩემს ადვოკატს #8 დაწესებულებაში ვთხოვე ნიკოლოზ ხაჭაპურიძისთვის საერთო მეგობრის (ბადრი უგრეხელიძე) მეშვეობით ეკითხა, თუ რა დაუშავდა ჩემი ჩვენებით ვაჟა ციცილოშვილს, რაშიც მე იმას ვგულისხმობდი, რომ ჩემთვის მოექცია ყურადღება, რადგან მე ჩვენ მიერ ერთად მოფიქრებული საქმის გამო ვიჯექი, რასაც, წესით, უნდა მიმხვდარიყო, რადგან ციცილოშვილი ამ საქმეში არაფერ შუაში იყო, ყურადღებაში ვგულისხმობდი იმას, რომ ის დამხმარებოდა ჯარიმის თანხის შეგროვებაში, თუ საკითხი ასე დადგებოდა, მან კი, ელემენტარულად, სიგარეტიც არ შემომიგზავნა. სწორედ ამიტომაც მივიღე მონაწილეობა დღეს გამოკითხვაში და გაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას“.

4 მარტის ჩვენებაში გელა ღურწკაია პირდაპირ ამბობს, რომ მან ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს საერთო მეგობრის საშუალებით შესთავაზა ჯარიმის თანხის გადახდა და ციხიდან გაყვანაში დახმარება, ხოლო ხაჭაპურიძის მხრიდან უყურადღებობის მერე გადაწყვიტა, მისთვის დაედო ხელი. აქვე მარტივად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვაჟა ციცილოშვილმა პირველი ჩვენების მერე გელა ღურწკაიას ანალოგიურ შეთავაზებაზე თანხმობით უპასუხა და სწორედ ამ გარიგების სანაცვლოდ დაივიწყა გელა ღურწკაიამ მისი სახელი და გვარი.

ეს ხდება ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების ატვირთვამდე ათი დღით ადრე. საქმის მასალებიდან საერთოდ ქრება პირი, რომელსაც გელა ღურწკაიას განცხადებით, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ჰქონდა. ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია, დაიკითხა თუ არა გამოძიებამ ვაჟა ციცილოშვილი და რა პასუხები გასცა მან თბილისის პროკურატურას.

 

ბრალდებულ გელა ღურწკაიას მესამე ჩვენება 2016 წლის 14 მარტით თარიღდება:

„მე ვაღიარებ, რომ ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ მომცა ე.ბ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი პირადი ჩანაწერები, რომლის გასაღების მცდელობაც მქონდა ელისო კილაძესთან. რაც შეეხება ირაკლი ფხალაძესა და ინგა ჩატოიანს, მე მათ არ ვიცნობ და დღეს გავიგე პირველად მათ შესახებ. რაც შეეხება ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, ჩემთვის უცნობია, თუ საიდან მოიტანა მან ეს ჩანაწერები და როცა ამის შესახებ ვკითხე, არ მიპასუხა, ის თავს იკავებდა ჩემთან წყაროს დასახელებაზე“.

 

ასე გაქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების საქმიდან ვაჟა ციცილოშვილის კვალი, რომელიც „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილთან დაახლოებული პირია. ღურწკაიას ბოლო ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მისსავე მეორე ჩვენებასთან, რომლის თანახმადაც მას ჩემთან ფირის გაყიდვაზე და ფულზე საერთოდ არ უსაუბრია. ამასვე ადასტურებს ის ფარული ჩანაწერი, რომელიც ჩემ მიერ იქნა გადაღებული და სრულად ასახავს „ქრონიკა+“-ის ოფისში გელა ღურწკაიას სტუმრობას და ფირის შემოთავაზებას.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ფინანსური მაქინაცია, რომლის გამოც ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებული იყო  ვაჟა ციცილოშვილი, ასევე ზვიად ჯანყარაშვილის სახელს უკავშირდება. საქმე უნდა ეხებოდეს კიევიდან გადმორიცხულ თანხას, რომლის ნაწილიც რამდენიმე პირმა, მათ შორის, ვაჟა ციცილოშვილმა და ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ ბანკის ბარათების მეშვეობით მოხსნეს. ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელია. სწორედ მისი იმედი ჰქონდათ ხაჭაპურიძის ახლობლებს და ვარაუდობდნენ, რომ ყოფილი პრემიერი ხაჭაპურიძეს პატიმრობიდან განთავისუფლებაში დაეხმარებოდა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ვაჟა ციცილოშვილი ამჟამად უკვე თავისუფალია, მას ჯანყარაშვილმა ბოლომდე უპატრონა და ციხიდან დაიხსნა.

რატომ შეკერა საქმე თეთრი ძაფით ქ. თბილისის პროკურატურამ და რატომ გაქრა საქმიდან პირი, რომელიც, გელა ღურწკაიას ინფორმაციით, იმ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ ფირებს ფლობდა, რომელიც, მოგვიანებით, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა?

საიდან გაჩნდა საქმეში დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის ათას ლარად გაყიდვის ვერსია, მაშინ როცა გელა ღურწკაიას ჩემთან ფულზე საერთო არ უსაუბრია?

აშანტაჟებდნენ თუ არა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველ ფირზე ასახულ პოლიტპატიმარს და რა კავშირი ჰქონდა ამ საქმესთან „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას? დააფარეს თუ არა მას ხელი ამ საქმეში და სანაცვლოდ ასრულებს თუ არა ის იმ დაკვეთებს, რაც ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებაში გამოიხატება?

დაფარა თუ რა არა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ფირების საქმეში შეგნებულად ე. წ. კახელების კლანის, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის კვალი?

რა ჩვენებებს აძლევს გამოძიებას ნიკოლოზ ხაჭაპურიძე?

 

გაგრძელება იქნება

 

ელისო კილაძე