სოსო ცინცაძე: „ამ სკანდალით ყველაზე მეტად ეკლესიის ავტორიტეტი დაეცა!“

საქართველოს მთავარი პროკურატურა აქამდე უპრეცედენტო, სკანდალურ საქმეს იძიებს _ დაკავებულია სასულიერო პირი, რომელიც, სავარაუდოდ, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწამვლას შხამიანი ნივთიერებით _ ციანიდით აპირებდა. ეს გამოძიების ოფიციალური ვერსიაა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ იზიარებს.

„უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება“, _ ამ ბრალდებით 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასულიერო პირი და საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. მამალაძე სასულიერო პირების დელეგაციასთან ერთად გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ბერლინში 2 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩავიდა. მამალაძის ბარგის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მომწამვლელი ნივთიერება _ „ნატრიუმის ციანიდი“ იპოვეს. დეკანოზი წინასწარ პატიმრობაშია, ციანიდი კი საქმეში მტკიცებულებად დევს.

დაკავების ფაქტი მთავარმა პროკურატურამ სამი დღის დაგვიანებით გაახმაურა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. მამალაძის დაკავების შესახებ განცხადება 13 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა: „მზადდებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა“. სამართალდამცველებისთვის ცნობილია, ვინ იყო მამალაძის სავარაუდო მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ მის ვინაობას ღიად არ აცხადებენ, როგორც სამართალდამცველების, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა მკაფიო მინიშნებები, რომ მამალაძის მსხვერპლი ქართული ეკლესიის წინამძღვარი, 84 წლის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უნდა ყოფილიყო. პრესკონფერენციაზე არაერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ მამალაძე სწორედ იმ ქვეყანაში აპირებდა ჩასვლას, სადაც ილია მეორე იმყოფებოდა. თუმცა უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის ვერსია პროკურატურამ რამდენჯერმე შეცვალა.

გიორგი მამალაძის მიერ, სავარაუდოდ, პატრიარქის მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებით ინფორმაციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სასულიერო პირებს შორის. სამღვდელოების ერთ ნაწილს პროკურატურის ვერსიის არ სჯერა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეკლესია მკვლელებისგან უნდა გაიწმინდოს. თეოლოგების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პროცესები დაკავშირებულია იმ ბრძოლასთან, რომელიც საპატრიარქოში პატრიარქის ტახტის მემკვიდრის გამო მიმდინარეობს. ოპოზიცია პროკურატურის ვერსიას არ ენდობა და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რათა საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალი გაირკვეს. კითხვები პროკურატურასთან არ აქვთ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პირველივე წუთიდან გამოძიების ვერსიას ნდობას უცხადებენ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:

_ რადგან საქმის დეტალები არ ვიცით და უაღრესად გაუმჭვირვალე სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ამიტომ რა იყო ჩანაფიქრი, სად არის სიმართლე, ტყუილი, ფანტაზია და სად არის გათვლილი დემაგოგია, ამას ვერ გეტყვით. ფაქტებზე ვილაპარაკოთ: ე. წ. ციანიდის საქმით, საზოგადოების ყურადღება უცებ ჩამოშორდა ძალიან ბევრ მტკივნეულ თემას, როგორიც არის, თუნდაც, ის, რომ „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად ათასი ადამიანი დარჩა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ძალიან დიდი ეჭვია და რამდენიმე დაზარალებულსაც ველაპარაკე, რომ ეს ობიექტი შეგნებულად დაწვეს, მაგრამ ეს ამბავი არავის ახსოვს. ეს თემა დაიკარგა! გაურკვეველია ამ ხალხის ბედი, სახელმწიფო უნაზღაურებს თუ არა დანაკარგს, ან, საერთოდ, ვინ უნაზღაურებს, ეს უკვე აღარავის აინტერესებს. აღარავის აინტერესებს ის, რომ ყოველდღე საწვავი ძვირდება, დღითი დღე სულ უფრო და უფრო იზრდება უმუშევრობა, უფრო მეტი გაჭირვებულია ქვეყანაში, ვიდრე წინა წელს იყო და ა. შ. ეს ყველაფერი უკვე დავიწყებულია და დღეს მოსახლეობა ასე ცხოვრობს. შეგნებულად არ ვამბობ ტერმინ „საზოგადოებას“, ვინაიდან საქართველოს უკვე აღარ ჰყავს საზოგადოება. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში საზოგადოება აღარ არის 90-იანი წლებიდან დაწყებული, არის მხოლოდ მოსახლეობა უაღრესად დაბალი პოლიტიკური კულტურით და ქვეყანა, რომელიც ჭორებზე ცხოვრობს.

_ მთავარი პროკურატურის ოფიციალური ვერსიაა, რომ უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობა მზადდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია რამდენჯერმე გადათქვეს. საზოგადოების დიდი ნაწილი პროკურატურას არ ენდობა და დაბნეულია, თქვენ რას უკავშირებთ, რასთან გვაქვს საქმე?

_ ყველა ტელევიზიიდან ისმის, თითქოს ვიღაცას პატრიარქის მოკვლა უნდოდა, მაგრამ ეს ამბავი არავის სჯერა, რადგან ჯაჭვი ლოგიკურად არ ებმის. ვის აწყობს დღეს პატრიარქის სიკვდილი და ვინ სარგებლობს ამით? _ ბუნდოვანებით არის მოცული და არაფერს გვეუბნება. პროკურატურამ დიდი სკანდალი შექმნა და შემდეგ არაფერს ამბობს, თითქოს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ორსიტყვიანი მაქსიმა, რომელიც შევარდნაძის დროიდან დაწყებული, ხელისუფლების გაუჭრელი კოზირია ასეთ დაბნეულ მდგომარეობაში, _ ამბობენ, გამოძიებას უნდა დაველოდოთო. ამ დროს, ვინც მართლა უნდა ელოდებოდეს, ის არ ელოდება. გამოძიებას, პრაქტიკულად, არავინ ელოდება და ყველა თავის ჭორს ავრცელებს. ამით გამოვლინდა ისიც, რომ შეიძლება მარსი უფრო ახლოსაა ჩვენს პლანეტასთან, ვიდრე ჩვენ _ სამართლებრივ სახელმწიფოსთან. მხედველობაში მაქვს იგივე უდანაშაულობის პრეზუმპცია. ყველა ლაპარაკობს მკვლელობის მცდელობაზე, ზოგი უკვე ხელსაც ადებს, მაგალითად, ამას წინათ ტელევიზიით დავით ოქიტაშვილი გამოვიდა და მამალაძეს პირდაპირ მიმართა, _ არაკაცი იყავი და არაკაცად დარჩიო! ამ დროს სად არის უდანაშაულობის პრეზუმპცია?! ამას ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის ძალიან ახლოს იყო ხელისუფლებასთან. ამას ასევე ლაპარაკობენ ტელეჟურნალისტები, წამყვანები და პირდაპირ ვთქვათ, ამას ლაპარაკობს ქვეყნის პრემიერიც კი, როდესაც აცხადებს, _ დიდ უბედურებას გადავრჩითო. ყველაზე საშიში და ყველაზე ცუდი, ჩემი აზრით, რაც ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალურ მდგომარეობაზე მეტყველებს, არის ის, რომ ჩვენ ვერ იქნა და ვერ გამოვედით მესიის, გადამრჩენის, მამა-მარჩენლის ჰიპოთეზირების ტყვეობიდან. მე, მაგალითად, წინააღმდეგი ვარ და არ მინდა ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერი ერთი ადამიანის სიკვდილი ქვეყნისთვის აუნაზღაურებელი უბედურება იქნება. თუ ვინმე პატივს სცემს პატრიარქს და უყვარს, ერთ-ერთი პირველთაგანი მე ვარ, წლების მანძილზე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, იმაზე უფრო მეტი, ვიდრე არამკითხე მეტიჩრებს, მაგრამ რეალურად ვთქვათ, პატრიარქი გადაცილებულია 80 წელს, არ არის ფორმაში.

_ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პატრიარქის ჩამოსვლა ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს…

_ როცა ამბობენ, რომ პატრიარქი ჩამოვა და ყველაფერს დაალაგებს, ასე არ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას ჯანმრთელობა სჭირდება. ქვეყნის სიძლიერის,  სტაბილურობის გარანტი არ შეიძლება იყოს ერთი პიროვნება, ამის გარანტი უნდა იყოს ინსტიტუტები, თუ გნებავთ, მთავრობა, პარლამენტი, მეოთხე ხელისუფლება, პროკურატურა, სასამართლო _ ეს ინსტიტუტები უნდა იყოს სტაბილურობის გარანტი და არა ერთი რომელიმე ადამიანი. ვგულისხმობ ნებისმიერ ადამიანს და არა მხოლოდ პატრიარქს. ჩვენი ასეთი მესიანური მიდგომა, სადღაც, აფრიკის ქვეყნებში და ჩრდილოეთ კორეაში თუ მოქმედებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ლამის აქეთკენ გვიბიძგებენ, როდესაც ამბობენ, რომ ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებას გადარჩა. ამ დროს პროკურატურა დამატებით აცხადებს, რომ პატრიარქის მოკვლა არ იგეგმებოდა და ახლა შორენა თეთრუაშვილის, თუ ვიღაც მეუფის მკვლელობის ამბავზე დაიწყეს ლაპარაკი. ეკლესიის ნებისმიერი წევრის _ მდივანი იქნება, მეუფე თუ ნებისმიერი მღვდელი, მისი მოკვლა თუ გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი უბედურებაა? სიმართლე გითხრათ, კვირიკაშვილი ძალიან მომწონდა იმიტომ, რომ მისი წინამორბედივით დაუფიქრებელ განცხადებებს არ აკეთებდა, მაგრამ ბოლო ხანებში, ალბათ, ისეთი მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში ეკონომიკის თვალსაზრისით, რასაც ჩვენ არ გვეუბნებიან, რომ ის პრემიერიც კი, რომელიც გაწონასწორებული, დინჯი და აუჩქარებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სანამ პრემიერი გახდებოდა, უცებ გამოდის და ძალიან მაგარ წელიწადს გვპირდება. კი, ძალიან მაგარი წელიწადი დადგა, ძალიან მაგარი ფასების ფონზე. სამწუხარო ის არის, რომ ოპოზიცია აცხადებს, ამ სკანდალით კიდევ უფრო დაეცა პროკურატურის ავტორიტეტიო, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ყველაზე ცუდი და რეალური რაც არის _ ყველაზე მეტად ამ სკანდალით დაეცა თვითონ ეკლესიის ავტორიტეტი.

_ ვის მიუძღვის წვლილი?

_ 100%-იანი წვლილი თვითონ მაღალი იერარქიის მღვდლებს მიუძღვით. ნახეთ, როგორ დაერივნენ ერთმანეთს, რას არ უწოდებენ ერთმანეთს და ჩვენი საზოგადოება, რომელსაც ყელში აქვს ამოსული კორუფციის თემა, დაბნეული და დაზაფრული შეჰყურებს მათ. როგორც უდაბნოში ოაზისი, ერთადერთი იყო, თითქოს, პატრიარქთან დაკავშირებული ადგილი და რადგან იქ, სადაც პატრიარქია, არ შეიძლება იყოს რაღაც საძაგლობა, არ შეიძლება იყოს იქ ის, რაც დანარჩენ ინსტიტუტებში ხდება. ეკლესია სხვა არის და პარლამენტი _ სხვა, სასამართლო სხვა არის, იქ შეიძლება იყოს კორუფცია, მერიაში შეიძლება იყოს კორუფცია, _ აგერ, ნარმანია ვიღაცას მილიონებს ჩუქნის, ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ ეკლესიაში არ შეიძლება, რადგან იქ ჩვენ გვყავს ჩვენთვის ნახევრად ღმერთი ადამიანი _ კათოლიკოს-პატრიარქი. ამ დროს გამოდის მეუფე პეტრე ცაავა და ამბობს, რომ ვიღაცამ ამოდენა ქონება მიითვისა და ა. შ. იმ დროს, როცა 3 მილიონი ადამიანი მშიერია. ბევრი მორწმუნე ვიცი, რომელიც უკანასკნელი კაპიკებით სანთლებს ყიდულობს და ეკლესიაში ანთებს. ე. ი. თვითონ ეკლესიაში, შიგნით არის უაღრესად მდიდარი ხალხი, ეშმაკმა უწყის, როგორ გამდიდრებული, ამას თვითონვე ლაპარაკობენ, ეს ხომ ჭორი არ არის?! ერთ პარლამენტარს მეორზე არ უთქვამს, სულელია, ქურდია, არაპროფესიონალიაო _ ამას ჩვენ ვამბობთ მათზე; არც ერთ მოსამართლეს მეორეზე არ უთქვამს, რომ ის კორუფციაშია გარეული, _ ამას სხვები ამბობენ, მაგრამ თვითონ მღვდლებმა დაიწყეს ერთმანეთზე ლაპარაკი, მანამდე ამ საკითხზე ენა არავის უბრუნდებოდა. იყო გარკვეული ხალხი, რომელიც 10-15 წლის წინათ ებრძოდა ეკლესიას, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო პროცენტი გახლდათ, რომელთაც არც გავლენა ჰქონდათ და არც არავინ უჯერებდა, როდესაც ლაპარაკობდნენ, როგორ დადიოდნენ ჯიპებით შავწვერიანი მღვდლები, ამის არავის სჯეროდა, მაგრამ ახლა თვითონვე გამოვიდნენ მღვდლები და ერთმანეთზე დაიწყეს ლაპარაკი. ამას წინათ რომელიღაც სასულიერო პირს ვუსმინე, მოგვიწოდებდა, _ რაც ხდება, ამაზე თქვენ ნუ საუბრობთ, ეკლესია თქვენი საქმე არ არისო. ჩემი საქმე არ იქნება ეს, რომ ეკლესია სახელმწიფოსგან არაფერს იღებდეს, როგორც არის ევროპაში და აშშ-ში. აშშ-ში რამდენი კონფესიაა, კაპიკს არ აძლევენ, რაც არ უნდა სთხოვონ, კონგრესი არც ერთს დოლარსაც არ გამოუყოფს. ევროპის ქვეყნებში, ბრიტანეთში ბიუჯეტიდან ვინ გადაუხდის თანხას ანგლიკანურ ეკლესიას, თუ გნებავთ, კათოლიკურს?! აქ ჩვენს ხარჯზე არიან და თან გვეუბნებიან, თქვენს ფულს რაში ვხარჯავთ, ეს თქვენ არ გეხებათო! ეს იგივეა, 50-მილიონამდე რომ იჭმევა საზოგადოებრივ ტელევიზიაში და ჩვენ არ გვეკითხება, როგორ. იქ არის სამეურვეო საბჭო, რომელიც თვითონ ანაწილებს და ახლაც თვითონ უნდა დაადგინოს, როგორ შეიჭამოს მილიონები. ეს უკვე ძალიან ცუდია, ვინაიდან საქართველოში ეკლესია რელიგიაზე გაცილებით მეტი იყო, ჩვენმა რწმენამ და ეკლესიამ მოიტანა ის, რომ ისლამისტურ გიგანტებში ჩავარდნილმა პატარა მართლმადიდებლურმა ქვეყანამ თავისი რწმენა შეინარჩუნა, არ გადაშენდა, არ გადაჯიშდა, ისტორიულად რომ მოგვდევდა _ ნუ გათათრდები, ნუ გათათრდებიო, საქართველო ამიტომ არ გათათრდა. ამიტომ გვყავდა ეროვნული გმირები _ თევდორე თავდადებული, პატრიარქები, თუ გნებავთ, ჩემი პირადი წინაპარი კალისტრატე ცინცაძე და სხვები. ისინი სახელმწიფო მოღვაწეებზე მეტ ღირსებას იმსახურებდნენ და დღეს მიიჩნევა, რომ ჩვენს წარმოსახვაში ოცნებასავით რაც არის, თვითონ შიგნით არ ყოფილა ისეთი წმინდა, როგორიც გვგონია. როგორც კი ადამიანი ასაკში შევიდა და ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა, მაშინვე დაიწყო საშინელი პროცესი! ტელეეკრანიდან კი მღვდელი გვეუბნება, რომ თქვენ ამაზე ნუ ლაპარაკობთ და აქ რაც ხდება, თქვენი საქმე არ არისო, რაც ძალიან ცუდია! ასევე ძალიან ცუდია უდანაშაულობის პრეზუმპციის ფეხქვეშ გათელვა, რომელიც პრემიერიდან მოდის. როგორ შეიძლება ასეთი არაადეკვატურობა?!

ჩემი გვარის წარმომადგენლები _ ცინცაძეები, სულ მღვდლები იყვნენ და ეს ამბავი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ჩვენს თვალწინ იმსხვრევა სულიერი კარიბჭე, რომელიც მთელი საზოგადოების ლუსტრაციად იქცა, ხელისუფლებიდან დაწყებული.

_ ე. წ. ციანიდის საქმის ოფიციალურ ვერსიას რომ დავუბრუნდეთ, თქვენ როგორ გაიგეთ?

_ დღემდე ვერ გავიგე! თქვენი კოლეგა ირაკლი მამალაძე ამბობს, _ მე, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ განვაცხადეო. პროკურატურამ თქვა, რომ ჟურნალისტ მამალაძეს დახმარება სთხოვა მღვდელმა მამალაძემ, მაგრამ ეს საწამლავი მისცა, ბოლოს და ბოლოს? იმიტომ ვერ გავიგეთ, რომ არავის მოუვუდა თავში, ეს კითხვა დაესვა. „იბერიამ“ 2 თუ 3 გადაცემა მიუძღვნა მთლიანად ამ თემას, მამალაძის ჩართვა ჰქონდათ და არავინ ჰკითხა, წამალი რომ გთხოვა, უშოვე და მიეციო? სად იშოვა ის წამალი მღვდელმა, ბოლო-ბოლო? პროკურატურა ამბობს, რომ მღვდელმა მამალაძემ თავის ახლობელ ჟურნალისტ მამალაძეს სთხოვა დახმარებაო და დამთავრდა. დაეხმარა-არ დაეხმარა? თუ დაეხმარა, გადასცა და მერე განაცხადა, მაშინ ეს ჟურნალისტი პროვოკატორი ყოფილა, კლასიკური პროვოკატორი, როგორც მღვდელი გაპონი იყო, მაგრამ თუ არ დაეხმარა და იმან სხვა საშუალებებით მოიპოვა, მაშინ სულ სხვა სურათს ვიღებთ. სიმართლე გითხრათ, მე დავიბენი, _ გამოდის ახალგაზრდა კაცი და აცხადებს, რომ კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, რომ არ განმეცხადებინა, საშინელი ამბავი მოხდებოდაო, მაგრამ მისი როლი როგორია?! ძალიან ბევრი კითხვაა! მე არ ვარ შეთქმულების თეორიის მომხრე, თორემ ვიტყოდი, რომ ეს ბევრი კითხვა ხელოვნურად არის შექმნილი, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეები სულ ყურებზე იდგნენ და დაავიწყდეთ, დანარჩენი რა ხდება ქვეყანაში. მაგრამ კიდევ ვიმეორებ: მე არ ვარ შეთქმულების თეორიის მომხრე. ის, რომ პატრიარქი ჩამოვა და ყველაფერი გაირკვევა, ასე არ არის, პატრიარქი ჩამოვა და მას რეაბილიტაცია სჭირდება. მე თუ მკითხავთ, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დღეს პატრიარქს გაუკეთო ის არის, რომ მიადგეთ ჟურნალისტები, ამ საკითხზე ინტერვიუები სთხოვოთ და კიდევ ღრმად ჩაფლოთ ამ ინტრიგაში. პატრიარქს სიმშვიდე და რეაბილიტაცია სჭირდება, მისი ფიზიკური მდგომარეობა დღეს ამას მოითხოვს და არა ის, რომ მან საქმის გარჩევა დაუწყოს მღვდელმთავრებს. პატრიარქი კიდევ მათ ხელში უნდა ჩავაგდოთ?!

 

თამარ ბატიაშვილი