90 წლის წინათ ზუსტად ასეთი რიტორიკით იწყებდა მოღვაწეობას „მუკი“

დიდი ხანია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასეთი დარტყმების ქვეშ არ ყოფილა… თუმცა ამაზე უარესიც არაერთხელ გადაუტანია და ბუნებრივია, ამასაც გადაიტანს. საგანგაშო ისაა, რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, თან აშკარად ხელოვნურად. ნაკერს თეთრი ძაფის კვალი იმდენად გამოკვეთილად მიუყვება, ძნელია, თვალში არ მოგხვდეს.

 

ყველაზე არასასიამოვნო ისაა, რომ დარტყმებს საპატრიარქო და სრულიად ეკლესია იღებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან.

ჯერ იყო და მთავარი პროკურორის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ აურ-დაურია ყველაფერი. შემდეგ მეუფეებმა გამართეს სატელევიზიო დებატები ურთიერთშეურაცხმყოფელი ფრაზების გამოყენებით. დაბოლოს, როგორც კულმინაცია ეკლესიის წინააღმდეგ შეტევისა, სოროდან გამოძვრა „მუკი“, ანუ მებრძოლ უღმერთოთა კავშირი. დიახ, ასეთებიც გვყვანან, ოღონდ არა ამ სახელწოდებით, რა თქმა უნდა. თუმცა მათზე ოდნავ ქმემოთ. მანამდე კი მივყვეთ ქრონოლოგიურად.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პროკურატურაში თავის გამოჩენა მოინდომეს და გადაწყვიტეს, მთელი ქვეყანა „უბედურებისგან“ ეხსნათ, შედეგად კი მთელი ქვეყანა (როგორც მოგვიანებით გაირკვა, სრულიად უმიზეზოდ) შოკში ჩააგდეს. გამოგვიცხადეს, რომ იგეგმებოდა მაღალი სასულიერო იერარქის მოწამვლა და ამის გამო ბერლინში მიმავალი დეკანოზი ციანიდით ბარგში დააკავეს. რაც მთავარია, პროკურორების უსტაბაშმა, შოთაძემ, არ დააკონკრეტა, თუ ვის მოწამვლაზე იყო საუბარი. ვისთვის იყო ციანიდი განკუთვნილი, _ პატრიარქისთვის, ეპისკოპოსისთვის თუ კიდევ ვინმესთვის? _ ამაზე მკითხაობის უფლება საზოგადოებას დაუტოვეს. საკითხის სენსიტიურობიდან და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას დიდხანს არ უმარჩიელია ისე დაასკვნა, რომ ციანიდი პატრიარქისთვის იყო განკუთვნილი. შედეგად, მთელი ქვეყანა უკიდურესად დაიძაბა და გაბრაზდა. გაბრაზდა ერზეც, ბერზეც და საკუთარ თავზეც, რადგან ამ ქვეყანას თითოეული ჩვენგანი ვქმნით და, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერ კარგზეც და ცუდზეც ყველანი ერთად ვართ პასუხისმგებლები.

ოთხი დღის განმავლობაში მთელი ქვეყანა მხოლოდ პატრიარქის მკვლელობის მცდელობას განიხილავდა. სად იყო და სად არა, „მხსნელად“ პროკურატურის პრესსამსახური მოგვევლინა. პრესცენტრმა მთელ საზოგადოებას ერთი კარგად წამოგვითაქა თავში და გვითხრა: ვაი, თქვენს პატრონს, პრესრელიზების კითხვა არ იცითო. ჩვენ საერთოდ არ გვიხსენებია მაღალი სასულიერო იერარქიო. საულიერო იერარქი ვინმე ირაკლი მამალაძემ, ანუ იმ ჟურნალისტმა ახსენა, ვინც ეს ინფორმაცია მოგვაწოდაო, შოთაძემ კი, უბრალოდ, მისი ციტირება მოახდინაო. გაუგებარია, რატომ უნდა ეკითხა საზოგადოებას პროკურატურის პრესრელიზები, როცა თვითონ მთავარმა პროკურორმა წაიკითხა თავისივე პრესრელიზი პირდაპირ თერში. შოთაძეს არ დაუკონკრეტებია, სასულიერო იერარქს რომ ვამბობ, ინფორმატორის ტექსტს ვციტირებო. ერთი სიტყვით, ეს მამალი ტყუილი არ იკმარეს და პროკურატურის დეზინფორმაციით აღშფოთებულ საზოგადოებას „იქით შეედავეს“ პრიციპიდან გამომდინარე სულ სპეკულანტები უძახეს.

ცოდვა გამხელილი სჯობს და პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე პროცესს არ ჩაუვლია. გაჟღერდა თუ არა მთავარი პროკურორის განცხადება, „ნაც2“-მა (ე. წ. ევროპული საქართველო) სასწრაფოდ მოითხოვა პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც გამოძიების პროცესს დააკვირდებოდა. დაუჯერებელია, მაგრამ გიგა ბოკერია, თურმე, აღშფოთებული ყოფილა, ვინ გაბედა ჩემს პატრიარქზე ხელის აღმართვა, ვის მოუვიდა ეს თავშიო?!. აგერ ვარ და მე მომანდეთ პატრიარქის დაცვა და სიმართლის დადგენაო (სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს)…

მთავარმა პროკურორმა თავისი განცხადებით უამრავი კითხვა გააჩინა და უამრავ ჭორს დაუდო საფუძველი. მათ შორის, ერთ-ერთი, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა _ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, მთელ ამ ორომტრიალში თავად ხელისუფლების ხელი ხომ არ ურევია?.. ბოლოს და ბოლოს, საზოგადოების ყურადღება პატრიარქის შესაძლო მოწამვლაზე პროკურატურამ შეგნებულად გადაამისამართა, თუ შეუგნებლად?.. თუ ეს ყველაფერი შეგნებულად დაგეგმილი პროვოკაციაა,  ქვეყანა მართლა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ხოლო თუ ეს ყოველივე არაპროფესიონალიზმისა და დილეტანტიზმის ბრალია, მაშინ მთავარ პროკურორს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო, გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი უნდა ჰქონდეს, ხოლო მოსახლეობის ნერვებზე თამაშის გამო დღეში სამჯერ ბოდიშს უნდა იხდიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კონსპირაციული შეთქმულებების თეორიებს სერიოზულად არასდროს ვუყურებ, დამეთანხმეთ, ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ ქვეყნის მთავარი პროკურატურა ასეთი არასერიოზული და უვიცი ადამიანებით იმართება. თითქმის დაუჯერებელია, რომ შოთაძე ვერ ხვდებოდა, მის განცხადებაში მთელი ქვეყანა პატრიარქის მოწამვლის სცენარს რომ ამოიკითხავდა. სწორედ ამიტომ დღეს საზოგადოებაში ყველაზე აქტიურად იმას განიხილავენ, რა მიზნს ისახავდა პროკურატურისა და მთლიანად ხელისუფლების ეს შეგნებული თუ შეუგნებელი ავანტიურა?

ვერსიები ბევრია, _ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული თემების გადაფარვის მცდელობით დაწყებული, ეკლესიის დიდი ნდობის შემცირების სურველით დამთავრებული. არის კიდევ ერთი აქტიურად განხილვადი ვერსია, _ თითქოს არსებობს ჩანაწერი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ძალზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს პატრიარქზე და ეკლესიაზე. და ამ ჩანაწერის გამომზეურების შიშით ხელისუფლება თადარიგს იჭერს, მართალია ხელოვნურად, მაგრამ მაინც ცდილობს, პატრიარქისა და ეკლესიის გადამრჩენელი გმირის მანტია წინასწარ მოისხას. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვერსიებია, რომელთა არსებობისთვისაც ნოყიერ ნიადაგს თავად ხელისუფლება ქმნის. რამდენად საფუძვლიანია რომელიმე მათგანი, ეს ძალიან მალე, პატრიარქის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გაირკვევა. გაირკვევა, ალბათ, ისიც, დეკანოზი თუ მართლა სჩადიოდა დანაშაულს, მარტო აკეთებდა ამას, თუ თანამოაზრეები, ან დამკვეთები ჰყავდა? ვინ მოიძია მომწავლელი ნივთიერება და რაც მთავარია, უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი საპატრიარქო ტახტისთვის უკვე სააშკარაოზე გამოსულ ბრძოლას?!.

ყველაზე არასასიამოვნო ესაა, სიტუაციის დაძაბვის სურვილით და საკუთარი გამორჩენის ინტერესით არა მხოლოდ ხელისუფლება გამოირჩევა, საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებებმა ერთბაშად გამოხეთქა. ყველამ დაინახა, თუ როგორი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება მიმდინარეობს ეპისკოპოსებს შორის სამომავლო პატრიარქობაზე. როგორც სასულიერო წრეებში ამბობენ, კონფრონტაცია, რომელიც, ამ ეტაპზე, მხოლოდ ორ ეპისკოპოსს, ჭყონდიდელ პეტრესა და ბოდბელ იაკობს შორის წარმოჩინდა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით  რაც სინამდვილეში ხდება და რაც ჯერ კიდევ დაფარულია.

ამასობაში სულ უფრო და უფრო ახლოვდება ის დღე, როცა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხმის ამოღების უფლებას მისცემენ. ხმის ამოღება კი იმას ნიშნავს, რომ დეკანოზი თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება. მის უდანაშაულობაზე ყველაზე მეტს, ჯერჯერობით, მეუფე პეტრე საუბრობს, რომელმაც ღიად გამოუცხადა ომი პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს. ჭყონდიდელი ეპისკოპოსი დეკანოზ გიორგის უდანაშაულოდ მიიჩნევს და ინტრიგის მსხვერპლად ასახელებს. ამავდროულად, საყურადღებოა ის წერილი, რომელიც დეკანოზმა გიორგიმ რამდენიმე თვის წინ პატრიარქს გაუგზავნა და საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდა. დეკანოზ გიორგის ამ დარღვევების შესახებ სინოდის სხდომაზე უნდოდა ესაუბრა, მაგრამ მეუფე პეტრეს თქმით საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს ამის საშუალება სწორედ შორენა თეთრუაშვილმა არ მისცა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ წერილში დეკანოზი მეუფე იაკობსაც ახსენებს და წერს, რომ ხუთმილიონიანი გაფლანგვის შესახებ ხმამაღლა სუბრისგან თავის შეკავებას მას სწორედ მეუფე იაკობი ურჩევდა. ინფორმაციებმა ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო გახეთქვა. გაირკვა, რომ პროკურატურის ინფორმატორი, ვინმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, მის მიერვე ჩაშვებული დეკანოზ გიორგი მამალაძისგან იღებდა საპატრიარქოს შიგნით არსებულ სკანდალურ თემებზე ინფორმაციას და შემდგომ ფსევდონიმით აქვეყნებდა პრესაში. მეუფე თეოდორე ჭუაძის ფინანსური სკანდალიც მამალაძეებს მოუძიებიათ და გაუმჟღავნებიათ.

ამასობაში კი დაპატიმრებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სულ უფრო და უფრო ეხვევა რაღაც კონსპირაციულ, მითიურ საბურველში. ნახევარი სინოდი მას პოზიტიურად ახასიათებს და არ სჯერა მისი ქილერობის; მეორე ნახევარი კი იმუქრება, რასაც დააკლებენ, ჩვენ დავუმატებთო. მის გარშემო ბურუსი კიდევ უფრო გააღვივა პატრიარქის ინტერვიუმ, რომელიც ჩვენამდე დამონტაჟებული სახით მოვიდა და სადაც სწორედ ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო მოჭრილი, რომელშიც უწმინდესი დეკანოზის არათანმიმდევრულ საუბრებზე მიუთითებს და ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას სვამს: ვისი დავალებით ხდება ეს?!!

ამასობაში დეკანოზი საავადმყოფოში გადაჰყავთ და ახლა იმისი ეშინია ყველას, გიორგი მამალაძე სამუდამოდ არ გააჩუმონ და საზოგადოებამ საერთოდ ვეღარაფერი გაიგოს. ვიმედოვნოთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავის დაცვის საშუალება მიეცემა, თან ძალიან მალე. მან საზოგადოებას ან უნდა დაუმტკიცოს, რომ უდანაშაულოა და საშინელი ინტრიგის მსხვერპლია (ამისთვის იმის ახსნა მოუწევს, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ეს ინტრიგა დახლართეს და იგი მსხვერპლად აქციეს), ანდა, უარეს შემთხვევაში, მას მოუწევს იმაზე საუბარი, თუ ვინ იყო სავარაუდო მსხვერპლი და რაც მთავარია, ვინ იყო დამკვეთი. ორივე შემთხვევაში საზოგადოებას სტრესი და სანერვიულო არ მოაკლდება, რადგან ციანიდის საქმესთან კავშირში კიდევ არაერთი ცნობილი სახელი გაჟღერდება.

ბრძოლა ჯერ არგანთავისუფლებული საპატრიარქო ტახტისთვის იმდენად მწვავეა, რომ საეკლესიო წრეებში, მართალია, ჩურჩულით, მაგრამ მაინც საუბრობენ იმაზე, რომ მშვიდობის აღსადგენად გამოსავალი ერთია, მისმა უწმინდესობამ ახალი პატრიარქი თავის სიცოცხლეშივე უნდა აკურთხოს. ილია მეორის ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ მისი ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა. სხვაგვარად მშვიდობის დამყარების პერსპექტივა ძალიან ბუნდოვნად ჩანს.  დაძაბული ვითარების განსამუხტად ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ვინმეს, შესაძლოა, ზედმეტადაც მოეჩვენოს და შესაძლოა, მართალიც იყოს. ყველაზე უკეთ თავისი საქმე პატრიარქმა იცის და ეკლესიის მთლიანობისთვის მასზე მეტად ვერავინ იზრუნებს.

***

უკვე აღვნიშნე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ათასჯერ უფრო მძიმე განსაცდელი ჰქონია და, ღვთის წყალობით, არც ერთი დარჩენილა დაუძლეველი. საქართველოში მართლმადიდებლობის ჩანაცვლება ბევრ  რელიგიას უცდია, მაგრამ ყველაზე საშიში და ვერაგი მაინც უღმერთობა იყო, კიდევ უფრო საშიში კი ის ადამიანები, რომლებიც თავის თავს უღმერთოებს უწოდებდნენ და რომელთა მთავარი მიზანს რელიგიისა და, შესაბამისად, ეკლესიის დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

ზუსტად 90 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1927 წლის 5 იანვარს საქართველოში „მუკი“, ანუ „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“’ შეიქმნა. ეს ორგანიზაცია ოცი წელი არსებობდა და 1947 წლისთვის 75 ათასზე მეტ წევრს აერთიანებდა(!!!).

XXI საუკუნეში ჩვენი ქვეყანა მებრძოლი უღმერთოების ნაკლებობას კვლავინდებურად არ განიცდის. უბრალოდ, მათ დღეს სულ სხვა სახელები ჰქვიათ, _ ზოგს _ ექსპერტი, ზოგს _ პოლიტოლოგი, ზოგს _ არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგს კი _ პოლიტიკური პარტია. საერთო კი ლიბერალური იდეოლოგია აქვთ, უფრო ზუსტად, აგრესიული ლიბერალიზმი.

საკმარისი იყო, ეკლესიაში არსებული სირთულეები გამომზეურებულიყო, თანამედროვე მუკელებმა მაშინვე წამოყვეს თავი, ამჯერად „რესპუბლიკურმა პარტიამ“, უფრო ზუსტად, იმან, რაც ამ პარტიიდან დარჩა. ისინი უკვე დაჟინებით მოითხოვენ, ჩამოერთვას ეკლესიას დაფინანსება და ჩამოერთვას მიწის ნაკვეთები, და, რა თქმა უნდა ყველანაირი შეღავათი გაუქმდეს, რომლითაც საქართველოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს.

90 წლის წინათ ზუსტად ასეთი რიტორიკით იწყებდა მოღვაწეობას „მუკი“. მათი მთავარი მოთხოვნები სწორედ ეკლესიის უფლებების შეზღუდვა, ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის მაქსიმალურად ხელის შეშლა და ეკლესიის ქონების ექსპოპრიაცია იყო, მაგალითად, ეკლესია-მონასტრების საწყობებად და ბოსლებად გადაკეთება.

თანამედროვე უღმერთოები შეგნებულად უვლიან გვერდს იმ რეალობას, რომ საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ კონფესიას და არა მხოლოდ მათ, ყველა სექტასაც კი ჰყავს დამფინანსებელი უცხოეთიდან. მაგალითად, კათოლიკურ ეკლესიას ეხმარებიან ვატიკანიდან. ეხმარებიან როგორც სოლიდური ფინანსებით, ისე ადამიანური რესურსით, მისიონერების გამოგზავნით და ა. შ. ებრაულ თემს ეხმარება ისრაელი, მაჰმადიანებს ეხმარებიან ისლამური სახელმწიფოები. თავისი დამფინანსებლები ჰყავთ სექტებსაც. ბევრი ვერ დაიკვეხნის იმხელა ფინანსური საშუალებებით, რამდენითაც იეღოველთა სექტა ფინანსდება შეერთებული შტატებიდან. ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გაცილებით ცუდ მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს, ვიდრე საქართველოში მოღვაწე სხვა რელიგიური კონფესიები და სექტებიც კი.

მეტიც, უკვე მეოთხე წელია, საქართველოს ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, 4.5 მილიონი ლარით ფინანსდება საქართველოში მოქმედი ოთხი რელიგიური გაერთიანება: ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესია. თან ძალიან საინტერესო მოტივით, _ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანისთვის და მისი ფინანსური კომპენსაციისთვის. საინტერესოა, როდიდან გახდა საქართველო საბჭოთა ტოტალიტარიზმზე პასუხისმგებელი, ან სსრკ-ს სამართალმემკვიდრე, რომ კომპენსაციებს ვარიგებთ მსოფლიო რელიგიებისთვის?!! ასე რომ, საზღვარგარეთულ დაფინანსებას ქართველი გადამხდელების ფულიც ემატება, _ თითოეულ კონფესიას წელიწადში მილიონზე მეტი.

ყოველივე ამის ფონზე, ერთადერთი, რომელსაც უცხოეთიდან არავინ აფინანსებს, ესაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მას არავინ ჰყავს დამხმარე საქართველოს სახელმწიფოს გარდა. მუკელები კი ითხოვენ, რომ სწორედ ეს საბიუჯეტო დაფინანსება შეუჩერდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, ანუ ითხოვენ, რომ საპატრიარქომ ვეღარ შეინახოს ეკლესია-მონასტრები, ვერ ააშენოს ახალი ტაძრები, დახუროს სასულიერო სემინარიები და აკადემიები, გააუქმოს უამრავი თავშესაფარი და საერთოდ უარი თქვას თავისი ფუნქციის შესრულებაზე. ფაქტია, რომ მათ არ აინტერესებთ და, ალბათ, არც აღიარებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადამწყვეტ როლს საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში. მათი მიზანია, როგორმე დაასუსტონ ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი. სხვაგვარად მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია. ეკლესიის დასუსტების გარეშე ისინი ვერ მოახვევენ საზოგადოებას თავს ცრულიბერალურ ღირებულებებს. სანამ ეკლესია ძლიერი იქნება, ვერაფერი შეარყევს ტრადიციული, ქართული ცხოვრების წესს. შესაბამისად, გარყვნილება და ცოდვა ვერასდროს დამკვიდრდება როგორც ნორმა. ამიტომაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა ეკლესიის ავტორიტეტის შენარჩუნებას. ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თავად ეკლესიის შიგნით ვითარების დასტაბილურება. ცოცხალი პატრიარქის ტახტს რომ ყოფენ, ეს თავისთავად აღმაშფოთებელია, მაგრამ მხოლოდ საზოგადოების აღშფოთება ამას ვერ შეაჩერებს. ამას ვერც დაპირისპირებულ ბანაკებში გადანაწილებული მეუფეები, მოძღვრები და მდივან-რეფერენტები შეაჩერებენ. არც ერთ მათგანს საამისოდ საკმარისი ავტორიტეტი არ გააჩნია. ამ ქვეყანაში ასეთი ავტორიტეტი და ნდობა აქვს მხოლოდ ერთ ადამიანს _ პატრიარქს.          ამ კვირაში ბევრი რამ გაირკვევა.

 

დემნა ვეშაპიძე