ხალხთან და ხალხის გარეშე

19 თებერვლის აქცია რუსთაველზე, როგორც მოსალოდნელი იყო, შედგა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთლად „იმნაირი“ არაა, როგორც ოლიგარქსა და არაფორმალურ მმართველს წარმოუდგენია.

რასაკვირველია, აქციის დასრულების შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება სპეკულაცია აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობის შესახებ: ერთნი რომ ათასობით ადამიანს ითვლიან, მეორენი ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე მოძრაობის გადაკეტვის აუცილებლობაც კი არ იყო. ზოგიერთმა, ტრადიციულად, მკბენარ-მსუსხავმა მედიასაშუალებამ ძველ მეთოდებს არ უღალატა და ისეთი კადრი დაიჭირა, რომელიც მაშინაა გადაღებული, როცა რუსთაველზე სიხალვათე აქციის დასრულებით იყო გამოწვეული.

ამაზე ერთმა ჩემმა კოლეგამ ენამოსწრებულად იხუმრა: ბარემ, ხუთშაბათს დაგეთვალათ ხალხი: ბევრად ნაკლები იყო და, „დაჟე“ მანქანებიც დადიოდნენო.

აქციის დაანონსებისთანავე მისით სპეკულირება მმართველ პარტიასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს. რასაკვირველია, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც წინა ხელისუფლების ლანძღვა-გინებისა და მისი ყველა მხარდამჭერის ერთ ქვაბში მოხრაკვის სურვილი აქვს, კონსპირაციის თეორია სჭირდებოდა და, რადგან სააკაშვილის ჩართვა ამ ყველაფერში, მაინცდამაინც, გონივრული არ გამოდიოდა, ახალი „უტკა“ მარგველაშვილის მონაწილეობით შექმნეს: გავრცელდა ხმები, თითქოს მიტინგზე პრეზიდენტი გამოვიდოდა და მთავრობას გადააყენებდა.

ამ თეორიაში ყველაზე საოცარი ის იყო, რომ როცა „ოცნების“ მხარდამჭერებს უნდათ, მარგველაშვილი ერთი უნიათო, ბეჩავი და სხვის ნება-სურვილზე დამოკიდებული ტიპაჟია, ხოლო როცა თავად დასჭირდებათ, ის უცბად იქცევა საშიშ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ პერსონად, რომელსაც ისეთი მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, როგორიც მთავრობის გადაყენებაა.

სხვათა შორის, ამ ვერსიას ენმ-ს მხარდამჭერების ნაწილმაც დაუჯერა და აღფრთოვანდა, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს ნიუსი არა მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მუსირებდა, არამედ „ნაციონალების“ მომხრეებიც აქტიურად განიხილავდნენ, გაბედავდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მისვლას.

რასაკვირველია, პრეზიდენტი მარგველაშვილი აქციაზე არ მისულა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ 19 თებერვლის აქცია ერთადერთი იყო საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ბოლო პერიოდის განმავლობაში, სადაც ჭრელი პოლიტიკური სპექტრისა და სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანები შეიკრიბნენ: იმ დღეს რუსთაველზე ნახავდით ძმებ ბერძენიშვილებს, არჩილ გამზარდიას, ნინო ჯანგირაშვილსა და ხელისუფლებასთან ასოცირებული მედიის ჟურნალისტებსაც:

როგორც ჩანს, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმეტესობა სულაც არ მიიჩნევს კერძო დავად „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ პროცესს, თუმცა აქციაზე მისვლის გამო ყველა სხვადასხვაგვარ ახსნას დებდა და, კაცმა რომ თქვას, ზოგს თავის მართლებასთან ერთად, იმის ხაზგასმაც გამოსდიოდა რომ, აი, თქვენ კი არა ხართ ღირსი, მაგრამ მე ძალიან კარგი ტიპი ვარ და თქვენნაირი არ ვარ, ამიტომ მოვდივარ აქციაზეო…

ასე მაგალითად, თუ გადავხედავთ, როგორ ახსნეს აქციაზე მათი წასვლა „კავკასიის“ დირექტორმა და „2030“-ის ყოფილმა წამყვანმა, შესაძლოა, ბევრ შეკითხვაზე პასუხიც მივიღოთ:

ნინო ჯანგირაშვილმა დაწერა, რომ ზუსტად იცის, რას აპროტესტებს და რას იცავს _ სწორედ ასე უპასუხა მან მის მიმართ მოსალოდნელ პრეტენზიას აქციაზე წასვლის გამო:

„მე მივდივარ „რუსთავი ორის“ მხარდამჭერ აქციაზე, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ვერ უნდა გაიმარჯვოს მედიასთან ბრძოლაში. წინსწრებით სამომავლო სპეკულაციების პასუხად:

  1. მაინტერესებს თუ არა რამდენი ადამიანი იქნება აქციაზე? _ არა. ამას სახლში დარჩენილები დაითვლით, ასჯერ გადაითვლით და იქირქილებთ. ჩემთვის მთავარია, რომ ზუსტად ვიცი, რას ვიცავ და რას ვაპროტესტებ.
  2. შემიქმნის თუ არა უხერხულობას იმ ხალხთან ერთად მედიის თავისუფლებისთვის აქციაზე დგომა, ვინც, თავის დროზე, მედიის თავისუფლებას ებრძოდა? არა, იმიტომ რომ მიყვარს ირონია. განსაკუთრებით, ბედის ირონია.
  3. გადის თუ არა დემოკრატიის ზღვარი „რუსთავი ორზე“? ბედის ირონიით, ამ კონკრეტულ მომენტში ზუსტად ასეა. ხელისუფლების მხარდამჭერებმა და „რუსთავი ორის“ მოწინააღმდეგეებმა ამ ხელისუფლებას მოჰკითხეთ _ რატომ მიიყვანა საქმე აქამდე“, _ წერდა ის.

აქციაზე მისი წასვლა ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის საყვარელმა წამყვანმა, არჩილ გამზარდიამაც ახსნა:

„ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ დღეს აქციაზე წავიდე, რომელიც ზრუნავს „რუსთავი 2“-ის მოცემული მდგომარეობით შენარჩუნებაზე.

ცხადია, არც იმ ლოზუნგებისა და გამოთქმების სრულ უმეტესობას გავიზიარებ, რასაც, სავარაუდოდ, მოვისმენ, მაგრამ ფაქტი არის ერთი რამე _ დღევანდელი, 2015 წლის შემდეგ მკვეთრად შელახული მედიაგარემო. მხოლოდ ეს მიქმნის ვალდებულებას, მხარი დავუჭირო „რუსთავი 2“-ის აქციას.

მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, თავის დროზე, „იმედს“ უწოდებდა ანტისახელმწიფოებრივს, დღეს ბევრი უწოდებს „რუსთავი 2“-ს ანტისახელმწიფოებრივს; ამიტომაც ვხვდები, რომ მსგავსი მიდგომებით მედიასაშუალებებზე ზემოქმედება იდეურადვე ვერ იქნება სწორი.

ვფიქრობ, ეს უფრო დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. ამ მოცემულობებში, შეფასებებსა თუ მხარდაჭერაში არის ის კვანძი, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ხვალისთვის უნდა გაითვალისწინოს“.

მოგვიანებით, არჩილ გამზარდიას ეს აქტივობა „ოცნების“ ბევრმა მხარდამჭერმა გააკრიტიკა. ზოგმა ისიც კი აღნიშნა, ეტყობა, გამზარდია ივანიშვილმა მოიშორა და ახლა ოპოზიციაში აპირებს გადაბარგებასო. ამაზე თავად გამზარდიამ ირონიული პასუხი გასცა, _ ეს რას მოვესწარი, „ქოცები“ „ნაცს“ მეძახიან და „ნაცები“ _ „ქოცსო“.

აქციასთან და აქციის თემასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პოზიცია ჰქონდა დავით ზურაბიშვილს:

„როდესაც პეტრეს კლავდნენ, ისინი ქაქს ჭამდნენ. როდესაც პავლეს მიადგნენ, მაშინაც ჭამდნენ. როდესაც ივანეს გადაუარეს, ისინი ისე განაგრძობდნენ ჭამას, ვითომც არაფერიაო.

და ახლა მაგათ რო მიაკითხეს, ჩვენ რა სინდისით გვიშლიან ქაქის ჭამას? სამართალი აღარალი? როგორ ბედავენ, პროსტა!..“

ბევრმა ამ ფრაზების ადრესატი ვერ გაიგო, ზოგმა არასწორად გაიგო, ბევრმა კი სათავისო კუდი გამოაბა, თუმცა არც ავტორს მოუკლავს თავი განმარტებებით, თქვა და გაიარა.

რაც შეეხება თავად აქციას, მას არც ჰქონდა გრანდიოზულობის პრეტენზია, თუმცა პარლამენტის ყოფილი შენობის წინ შეკრებილთა რაოდენობა ნამდვილად თვალში საცემი გახდა, როცა მათ ვარდების მოედნიდან დაძრული ენმ-ს ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების კოლონა შეუერთდა.

ენმ ამ აქციისთვის საგანგებოდ ემზადებოდა და მაქსიმალური მობილიზაციაც გამოაცხადა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან აქციაზე მისასვლელად „ევროპული საქართველოც“ ემზადებოდა და, ბოლოს და ბოლოს, ენმ-სთვის პრესტიჟის საკითხიც იყო, მათზე მეტი ხალხი გაეყვანა.

თუ აქციაზე მისულებს სწორედ ამ კრიტერიუმებით დავითვლით, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ენმ-მ ამ ამოცანის შესრულება ნამდვილად შეძლო: დაახლოებით 13:00 საათისთვის ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორია რეგიონებიდან წამოსული მსუბუქი ავტომანქანებითა და სამარშრუტო ტაქსებით გაივსო. თბილისისკენ დაიძრა აჭარა, სამეგრელო, გურია და იმერეთი. დედაქალაქში ჩამოსულებმა ვარდების მოედანზე აინაცვლეს, სადაც მათ ლიდერები ელოდებოდნენ.

განწყობა ვარდების მოედნიდანვე პოზიტიური და დადებითად დამუხტული იყო, რასაც ამინდიც განაპირობებდა. რუსთაველი უკვე გადაკეტილი ჰქონდა საპატრულო პოლიციას, მზად იყვნენ დრამერებიც და მსვლელობა დაიწყო.

როგორც ყოველთვის, „ქრონიკა+“ ისევ აკვირდებოდა ტროტუარებზე მოძრავი მოქალაქეების რეაქციებს. ამ მსვლელობის ორიგინალური გაფორმება მათ მოწონებას იწვევდა: ხელში ივანიშვილის სახიანი პლაკატი, რომელიც შეგეძლო, ნიღბად გამოგეყენებინა, სასტვენები, ვუვუზელები და პლუს ამ ყველაფერს, წითელი და თეთრი საკვამლე შუშხუნები დემონსტრაციას აზარტს ჰმატებდა. ედპ-ს ოფისთან მსვლელობას ბაჩუკი ქარდავა და საკოორდინაციო საბჭოში შემავალი სხვა პირები შეუერთდნენ და, საბოლოოდ, აქციამ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა.

სულ ცოტა ხანში ჩიტაძის ქუჩით კანცელარიიდან „ევროპული საქართველოს“ წევრებიც დაეშვნენ. ისინი კანცელარიის შენობის წინ შეიკრიბნენ და შემდეგ მსვლელობით ძირითადი აქციის ადგილამდე ჩამოვიდნენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ეს დღე თავიანთი ახალი ლოგოს პრეზენტაციისთვისაც გამოიყენეს. მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობაზე სხვადასხვაგვარი ვერსია ისმოდა. ასე მაგალითად, ზურაბ ჩილინგარაშვილს მოეჩვენა, რომ მსვლელობაში 3000 ადამიანი მაინც მონაწილეობდა, რაც ენმ-ს მომხრეებს სასაცილოდაც არ ეყოთ. „თქვენ, დანარჩენმა რვა პარტიამ, რამდენი გამოიყვანეთ?“ _ ჰკითხა ზურაბ ჩილინგარაშვილმა ენმ-ს მხარდამჭერებს.

უნდა ითქვას, რომ როგორც ენმ-ს, ასევე პარტიიდან გამიჯნულთა მომხრეები, მაინცდამაინც, დიდად კმაყოფილი არ ჩანდნენ და მიზეზი ის იყო, რომ ლიდერები როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდიდან მსვლელობის გარდა, ხალხთან კონტაქტში არ შესულან. ამის გამო ბევრმა გამოთქვა საყვედური და სასაყვედურო თემად იქცა ისიც, რომ, მაგალითად, ნიკა მელია, მიტინგის დასრულების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან ერთად იდგა და პირდაპირი ჩართვის რიგს ელოდებოდა.

„რატომ დგას მელია მაგათთან?“ _ ცხარობდნენ ენმ-ს მხარდამჭერები, ძირითადად, ქალები, ხოლო მათვე არასწორად მიაჩნდათ ისიც, რომ დათო ბაქრაძე და გიგი უგულავა პირდაპირ ეთერში ჩაერთნენ ისე, რომ მათ ზურგს უკან უამრავი ხალხი ჩანდა, იმის მიუხედავად, რომ ამ ხალხის უმრავლესობა „მათი მიყვანილი არ იყო“. ზოგიერთი ამან იმდენადაც კი გააბრაზა, რომ პირდაპირი ჩართვის დროს მათ ზურგსუკან დადგნენ (ბაქრაძისა და უგულავას) და სულ „მოღალატეები“ ეძახეს, თუმცა არც ერთს და არც მეორეს ამ გამოხტომებისთვის არ უპასუხიათ.

განსაკუთრებით მაინც უგულავა აითვალწუნეს, ეტყობა, სწორედ გიგის ადრინდელი გამონათქვამები მოხვდა ენმ-ს მხარდამჭერთა ყურს უხეშად.

„ქრონიკა+“ თავად გახდა მოწმე, მიტინგის დასრულების შემდეგ როგორ მიიწევდა გიგი უგულავა მთავრობის სახლის კიბეებისკენ, იქ სადაც პირდაპირი ჩართვის აპარატურა იდგა და როგორ არ აქცევდა ყურადღებას მას ადევნებულ რამდენიმე მოქალაქეს, რომელსაც არანაირი ორკესტრირება არ დასჭირვებია: დაინახეს თუ არა გიგი უგულავა, ჯერ ქართულად, მერე მეგრულად, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართვა დაუწყეს.

არა, მისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, უბრალოდ, პოლიტიკური პოზიციის ცვალებადობაში სდებდნენ ბრალს და სხვადასხვა ფორმით „მოღალატეს“ უწოდებდნენ. კაცმა რომ თქვას, ძალიან ცუდი სანახავი იყო ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილი გიგი უგულავა, რომელიც სხვა დროს აუცილებლად მოექცეოდა თაყვანისმცემელთა წრეში, გადაჰხვევდნენ ხელს, გადაიღებდნენ სელფებს მასთან ერთად და ისიც თავის საფირმო ღიმილს აქეთ-იქით უშურველად დაარიგებდა…

მიტინგის დაშლის შემდეგ იქ მისულ მოქალაქეებს მაინც დარჩათ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. „ქრონიკა+“ რამდენიმეს ესაუბრა და მათი პრეტენზია, ძირითადად, „ასე მალე დაშლას“ ეხებოდა:

„ასე სიმწრით მოგროვილი ხალხის უკან გაშვება იქნებოდა? ავსულიყავით იმ სოლოლაკზე, რა, აღმართის გვეშინია? ავიდოდით და გამოვუცხადებდით პროტესტს, იქნებ, გამოსულიყო და პასუხიც გაეცა“, _ საკმაოდ შორს წავიდა ზესტაფონელი, დაახლოებით, 60 წლის ქალი, რომელმაც დაამატა, რომ სახლში ავადმყოფი ქმარი მეზობელს დაუტოვა მოსავლელად და თვითონ აქციაზე წამოვიდა.

მსვლელობა რომ არ ჩატარდებოდა, თავად „რუსთავი 2“-ის სახემ, ზაალ უდუმაშვილმა განმარტა, რომელმაც კურიერის წამყვანობის შემდეგ მიტინგის წამყვანობაც გასინჯა და, როგორც აღმოჩნდა, არც ისე ურიგოდ გაართვა თავი: როცა დაინახა, რომ მადლობის გადახდისა და დამშვიდობების მიუხედავად, ხალხი არ იშლებოდა, მან მიკროფონში საგანგებოდ გამოაცხადა, არავითარი მსვლელობა არ იგეგმება, ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვისო. მანამდე კი სცენიდან აღნიშნა, რომ თუ „რუსთავი 2“ დაეცემა, ეს არ იქნება მხოლოდ ამ მედიის დაცემა:

„დღეს თუ „რუსთავი 2“ დაეცა, ეს სრულიად მედიას შეეხება, რადგან ხვალ აღარ იქნება მედიასაშუალება, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს გააშუქებს. „რუსთავი 2“ არ არის მხოლოდ თანამშრომლების ერთობლიობა, ეს არის ერთი ღირებულების მქონე ადამიანების თავშეყრა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავალი.

სწორედ ამიტომ ვერ გაგვტეხეს დღემდე, სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. სახელმწიფო მანქანა ძალიან ძლიერია, შეუძლია, ადამიანების ჯგუფი დაჩაგროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ანდაზა „ძალა აღმართს ხნავს“ ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს“.

ყველაზე მძაფრი, როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკა გვარამიას გამოსვლა აღმოჩნდა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი „ათრია“ და იმდენად შევიდა ეშხში, რომ მისი ნიღაბიც კი ხალხში მოისროლა და პირობა დადო, რომ მას და მის დამქაშებს ტელევიზიაში არასდროს შეუშვებდნენ: „მისი ადგილი საქართველოშია? იყოს საქართველოში, მაგრამ მისი ადგილი არ არის ჩვენს გულებში. ამ კაცს არ ვუყვარვართ და არ ვუყვარვართ არა მარტო რუსთავი2-ელები, არამედ არაფერი ქართული“, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცალკე აღნიშვნის ღირსი იყო ვანო ჯავახიშვილის გამოსვლა, რომელმაც დამსწრეები გაამხიარულა, როცა აღნიშნა, რომ იმ დღეს, როცა „რუსთავი 2“ გათიშული იყო, 10 საათზე ძილი მოერია: „დამეძინა ათზე, გამეღვიძა დილის ექვს საათზე და მომინდა იოგას ვარჯიში… და მე მივხვდი, რომ მალე ყველა ახლოს ვართ ამ რეჟიმთან, რომ დავიძინოთ საღამოს 10 საათზე და გავიღვიძოთ ისე, როგორც ის კაცი იღვიძებს“, _ აღნიშნა „რუსთავი 2“-ის „იუმორის მამამ“.

სცენაზე მხოლოდ „რუსთავი 2“-ის სახეები გამოდიოდნენ და ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: დიკო ჯოჯუა, მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, პაატა იაკობაშვილი და სხვები. ბოლოს მთელი „რუსთავი 2“-ის ცნობილი სახეები, დირექტორის ჩათვლით, სცენაზე გამოვიდა და საქართველოს ჰიმნი მომიტინგეებთან ერთად შეასრულა.

როგორც იტყვიან, დემონსტრანტები დაიშალნენ, მაგრამ დაიბარეს, რომ ისევ დაბრუნდებიან, თუ ეს საჭირო გახდება. „რუსთავი 2“-მა კი საზეიმოდ განაცხადა, რომ არხი ჩაირთო და ამიერიდან არასდროს გამოირთვება…

 

ლაშა ბერულავა