სახიფათო თამაშები მედიასთან!

ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ „ქრონიკა+“-თან პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

გიორგი გუგავა _ „ლეიბორისტული პარტია“:

_ ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესები _ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ნება, რომ მიიტაცოს ტელევიზიები. მან უკვე მიიტაცა პოლიტიკური ძალაუფლება, 2/3-ით გაიყვანა პარლამენტის შემადგენლობა გაყალბების გზით, მთლიანად აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი მარიონეტებით და ხელის ბიჭებით არის მთავრობა დაკომპლექტებული, ახლა სჭირდება შეიქმნას მისთვის სასურველი მართვადი გარემო და ამისთვის აუცილებელია ტელევიზიების მიტაცება. ვხედავთ, როგორ გააერთიანა-გამოერთიანა „ჯიდიესი“, „მაესტრო“, „იმედი“ როგორ ჩაისვა ჯიბეში და საკუთარ რუპორად აქცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ნაკლებად უქმნიდა იდეოლოგიურ პრობლემას, ის უფრო შენობით არის დაინტერესებული და მისი კარის მოძღვარი ვასიკო დანიშნა, რომ გამოუთავისუფლოს მთელი ის სივრცე. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ეს ყველაზე მძლავრი არაკონტროლირებადი საერთო მაუწყებელია, რომელიც ვერ ჩაიგდო ხელში და ახლა ცდილობს, სასამართლოს მოსყიდვით, შანტაჟით ხელში ჩაიგდოს ესტელევიზია და საკუთარ რუპორად აქციოს, მაგრამ გუშინდელმა დღემაც აჩვენა, რომ ეს ნამდვილად არ გამოუვა და ვფიქრობ, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

 

მალხაზ პატარაია _ „აფხაზთა კრება“:

_ ქართულ მედიაში მიმდინარეობს ის, რაც, ზოგადად, საქართველოში. დღეს წინააღმდეგობის ხაზი საქართველოში გადის დასავლურ და რუსულ ორიენტაციას შორის. შესაბამისად, როგორც პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ასევე საზოგადოებრივ სექტორში, მედიაშიც ზუსტად ეს ხაზი გადის. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, შესაბამისად, მისი შემადგენელი აუცილებელი ნაწილი _ დემოკრატია, მისი ტერიტორიული მთლიანობა არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს გარკვეული პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ში მომხდარი სახელისუფლებო ცვლილების შედეგად წარმოქმნილი რაღაც გაურკვევლობების გამო და მას ის კი არ უნდა, რაც შეიძლება მეტი მიიღოს საქართველოში, არამედ, მან უნდა მიიღოს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ფორმალური მმართველის სურვილია, რომ სრულად გააკონტროლოს მედია. ის სრულად აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, პარლამენტს, ყველა შტო მის ხელშია, ახლა დარჩა ხელისუფლების მეოთხე შტო _ პრესა და მისი მონოპოლიზება უნდა, რომ საქართველოში რუსული გეგმები ადვილად განხორციელდეს. „ჯიდიესში“ და „მაესტროზე“ მიმდინარე პროცესებს კავშირი არ აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებთან, „მასტრო“ და „ჯიდიესი“ ეს არის საკუთარი სივრცის გაძლიერებისა და გაფართოების პროგრამა, აქ საუბარია დასავლური ტიპის მედიასაშუალებების მონოპოლიზებაზე, „პირველი არხის“ ჩაბნელებაზე, რადგან მას კანონით აქვს ვალდებულება _ პროპაგანდა გაუწიოს დასავლურ ღირებულებებს. აქვს თუ არა რეიტინგი, ის ამას აკეთებს იმიტომ, რომ კანონს ასრულებს. გარდა ამისა, არჩევნები მოდის და, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი საშუალებაა დღეს ოპოზიციაში დარჩენილი დასავლური ძალებისთვის საკუთარი პროპაგანდისთვის. ამიტომ სავსებით გასაგებია შტურმი როგორც „რუსთავი 2“-ზე, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომ მოსპონ შესაძლებლობა _ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ პროპაგანდას. გახსოვთ, ალბათ, არც ისე დიდი ხნის წინ ევროკავშირში საგანგებო რეზოლუცია მიიღეს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, იმდენად დიდ საფრთხეს ხედავს დასავლეთი ამის გამო და იქვე იყო დათქმა, რომ არა მარტო რუსული პროპაგანდა იყო საფრთხე, არამედ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, კერძოდ, მის მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და, შესაბამისად, მიმართულებების მიცემა. ამ ფერხულშია ჩაბმული საქართველოს ხელისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ყველა სხვა მიმართულებით ხელი შეუწყოს რუსეთს საკუთარი გეგმების განხორციელებაში. გეგმები, კიდევ, ის გახლავთ, რომ არ არსებობდეს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მთლიანობა. „რუსთავი 2“-ის აქციაში ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობდა იმისთვის, რომ თავისუფალი მედიის დაცვით ვიცავთ საკუთარ თავისუფლებას, დემოკრატიას და, შესაბამისად, სახელმწიფოს.

 

ვახტანგ ხმალაძე _ იურისტი:

_ ჩემთვის ცოტა რთულია ობიექტური შეფასების გაკეთება, ვინაიდან ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, ეს არის მხოლოდ მედიის მეშვეობით მიღებული. ამის საფუძველზე შემიძლია გამოვთქვა შემდეგი სახის ვარაუდები: პროცესი, რომელიც მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მიმაჩნია, რომ არის უაღრესად სახიფათო სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის მოსალოდნელი შედეგების თვალსაზრისით. რაც მაქვს მოსმენილი, მაგალითად, სხვადასხვა გადაცემის შეფასების კრიტერიუმი, ფაქტობრივად, აღებულია ყურებადობის ინდექსით. მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი მაუწყებლები სწორედ იმიტომ იქმნება და არსებითად იმიტომ განსხვავდება კომერციული მაუწყებლობისგან, რომ ის უნდა აკმაყოფილებდეს საზოგადოების მაქსიმალურად ყველა ჯგუფის ინტერესს. იქ აუცილებლად უნდა იყოს ისეთი გადაცემები, რომლებიც საჭიროა საზოგადოების განვითარებისთვის, რომელსაც შეიძლება მოცემულ დროსა და მომენტში უყურებდეს მცირე რაოდენობის ადამიანები, მაგრამ აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნილებებს. მისი დანიშნულება ის არის, რომ გაიზარდოს ასეთ ადამიანთა ინტერესი. მაგალითად ავიღოთ კულტურის სფეროსთან დაკავშირებული გადაცემები. ვგულისხმობ არა კონცერტებს, არამედ გადაცემებს, რომელიც ემსახურება კულტურასთან ზიარებას, საგანმანათლებლო გადაცემებს. ცხადია, ამ ტიპის გადაცემები ვერ იქნება კომერციულად მომგებიანი. ამიტომ ასეთ გადაცემებს იშვიათად თუ აკეთებენ კომერციული ტელევიზიები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მოგებაზე, შესაბამისად, რეკლამის განთავსებისთვის. რეკლამა უნდა განათავსო იმ გადაცემაში, რომელსაც ბევრი მაყურებელი ჰყავს, ხოლო ბევრი მაყურებელი უყურებს ან გასართობ გადაცემებს, ან გადაცემებს, სადაც არის ინტრიგები, რასაც აკეთებს ხოლმე, მაგალითად, ყვითელი პრესა. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ შეიძლება ამ გზით მიდიოდეს, ამიტომ მისი მთელი რიგი გადაცემების ყურებადობა, ბინებრივია, დაბალი იქნება. ამიტომ როდესაც ესა თუ ის გადაცემა ფასდება, იქ მხოლოდ ერთ-ერთი პარამეტრი შეიძლება იყოს ყურებადობა იმისთვის, რომ ინახოს ტენდენცია, _ იზრდება თუ არა ამგვარი გადაცემების ყურებადობა? შეფასებები უნდა იყოს სხვა კრიტერიუმებით: საზოგადოებისთვის საჭიროება, სარგებლიანობა და არ შეიძლება იყოს მხოლოდ დათვლა. აქედან გამომდინარე, როგორც დღეს მიდის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ არის გადაცემები, რომლებიც არც მე მომწონს, არც სხვას, მაგრამ თუ ის რომელიმე ჯგუფისთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანი, ასეთ გადაცემებსაც აქვთ სიცოცხლისა და არსებობის უფლება. ამიტომ ის მიდგომა, რომელიც დღეს ჩანს, მიმაჩნია, რომ მხოლოდ სახიფათო კი არა, შეიძლება დაიკარგოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი. რაც შეეხება სხვა პროცესებს, რომელიც მედიაში მიდის, ფრიად სახიფათოდ მიმაჩნია სატელევიზიო მაუწყებლობების გაერთიანება და ერთი მესაკუთრის ხელში თავმოყრა. თუ ამას კომერციული თვალსაზრისით შევხედავთ, შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ ის ზიანს მიაყენებს მრავალფეროვნებას და არა მხოლოდ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, არამედ, ზოგადად, მრავალფეროვნებას. ჩვენ საშუალება გქონდა გადაგვერთო და გვეყურებინა სხვადასხვა ტელევიზიისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტელევიზიები ერთმანეთისგან განსხვავებულები იყვნენ და საკუთარი გემოვნების მიხედვით შეგვერჩია, ვისთვის გვეყურებინა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ტელევიზია გაერთიანდა და ერთი მესაკუთრის ხელში აღმოჩნდა, მივიღებთ იმ მდგომარეობას, რაც იყო სსრ კავშირის დროს, რომელ არხზეც არ უნდა გადაგერთო, ყველგან უსმენდი ერთსა და იმავეს, ეს იქნება კატასტროფა! ამიტომ დღეს მიმდინარე პროცესები არის სახიფათო მოსალოდნელი შედეგის თვალსაზრისით. ჯერჯერობით, განსახვავებები ჩანს და არის, მაგრამ თუ ეს გაერთიანებები შედგა და მერე ერთიანი პოლიტიკა ჩამოყალიბდა სხვადასხვა ტელევიზიისთვის, ჩვენ შეიძლება ძალიან სერიოზულად გავღარიბდეთ მრავალფეროვნების თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე, საზოგადოებას საშუალება არ ექნება, თავისი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. მეორე, რაც გაცილებით სახიფათოა, არის ის, რომ შეიძლება საზოგადოებაში დომინირებადი აზრის ჩამოყალიბდეს. მოგეხსენებათ, ტელევიზიები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოების განწყობებზე და მონოპოლიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივ აზრზე მონოპოლიის აღება და ერთი აზრის ჩადება მაყურებლის თავში. ესეც გავლილი გვაქვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, ასეთი რამ ხდებდა ტოტალიტარულ სახელმწიფოებში და იმედი მინდა ვიქონიო, რომ საქართველოში ასეთი ვითარება არ შეიქმნება, რადგან ჩვენი ბუნებით არ ვართ ტოტალიტარიზმის მომხრეები, ჩვენთვის ბუნებრივია მრავალფეროვანი გარემო, ვიდრე ერთფეროვანი და თუ ვინმეს თავში ასეთი იდეები უტრიალებს, არა მგონია, მან შეძლოს მისი რეალიზება. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს.

 

მამუკა კაციტაძე _ „ახალი მემარჯვენეები“:

_ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მარტივი შეფასება მაქვს: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიღეთ ასეთი სურათი, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ სრულად კონტროლდება ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტო _ საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართული ოცნების“ ხელშია; აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ მთავრობა ერთი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელშია; ადგილობრივი ხელისუფლება, ჯერ კიდევ, 2014 წლის არჩევნების შემდგომ სრულად არის „ქართული ოცნების“ ხელში, _ 71 მუნიციპალიტეტი პირდაპირ არჩეული მერებითა და გამგებლებით, ანუ ადგილობრივი ხელისუფლების ორივე შტო როგორც წარმომადგენლობითი, ასევე აღმასრულებელი; სასამართლო ხელისუფლება სრულად კონტროლირებადია ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ცნობილი მურუსიძით, ასევე უმაღლესი ინსტანცია _ უზენაესი სასამართლო, ბოლო პერიოდში სრულ კონტროლზეა აყვანილი საკონსტიტუციო სასამართლო, ანუ სასამართლო ხელისუფლების ყველა განშტოება ასევე „ქართული ოცნების“ ქვეშ არის და ე. წ. მეოთხე ხელისუფლება, ანუ მედია, ფაქტობრივად, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, რომელთაც წინააღმდეგაც ახლა მიმდინარეობს სერიოზული შტურმი, ასევე ერთი პარტიის კონტროლისკენ მიდის. არ არის დასრულებული, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი შედეგით დასრულდეს, მაგრამ მედიაშეტევა _ ეს არის ხელისუფლების ბოლო შტოს კონტროლის აღება, რაც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, „რუსთავი 2“-თან მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ თუკი ვინმე გაჩნდა ანგარიშგასაწევი, სერიოზული მედიასაშუალება, ის აუცილებლად დაექვემდებარება ისეთივე გაკონტროლების მცდელობას, როგორც სხვა მედიასაშულებებზე ეს ყველაფერი ხორციელდება. ამიტომ როდესაც ვაფასებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას მედიაგარემოს ჭრილში, ალბათ, ასე უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტური ძალაუფლების ხელში აღების პროცესი. კიდევ: ამას საერო ხელისუფლება ვერ დაერქმევა, მაგრამ სასულიერო ხელისუფლება ნამდვილად არის დღესდღეობით საპატრიარქოში კონცენტრირებული და საპატრიარქო წარმოადგენს სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალას, ყველაზე რეიტინგულს და მორალურ ავტორიტეტს ქვეყანაში, რომელზედაც, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ დამატებითი დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვცა. მართალია, ეს ყველაფერი ჯერ პირველი სტადიაა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სამომავლოდად აქეთაც გაამახვილებს „ქართული ოცნება“ ყურადღებას. რეალურად, ვიღებთ იმას, რომ ერთმა პარტიამ სრულად უნდა გააკოტროლოს ქვეყანაში ყველა და ყველაფერი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ისეთ შედეგამდე, რომ, რეალურად, ყველაფერი გაქრება. პოლიტიკურ ოპოზიციაზე უკვე აღარ ვსაუბრობ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა და ოპოზიციონერის კუთხით ამის თქმისა. რეალურად, ეს ყველაფერი თავს იყრის ერთ ხელში. ერთ ხელში თუ იმასაც წარმოვიდგენთ და გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნება“ თავისთავად ერთი პიროვნების ხელში პყრობილი ძალაუფლებაა, ეს არის ძალიან სავალალო შედეგი XXI საუკუნის დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის. ამას ჰქვია სწორედ როდესაც საუბრობენ, რომ აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას თუ პიროვნებას, ისე როგორც, თავის დროზე, დაემართა „მოქალაქეთა კავშირს“, როდესაც გარშემო ყველაფერი გაქრა და დაიწყო შიდა დაპირისპირება, შიდა ხრწნა, იგივე განვითარდა შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“, პოლიტიკური ლოგიკა იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შიდა ხრწნა დაიწყება „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ ამით ზარალდება სახელმწიფო, მისი განვითარება, XXI საუკუნისთვის შესაფერისი განვითარება და რეგრესირდება როგორც ქვეყნის განვითარების პროცესი, ასევე საზოგადოების მდგომარეობისა. ჩემი აზრით, ამ მდგომარეობიდან არის ორი გამოსავალი _ ერთი უფრო სწრაფი, გონივრული და სწორი, მეორე _ იძულებითი. პირველი ეს არის ის, რომ ხელისუფლებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღების მეტ-ნაკლები უნარი, საშუალება აქვთ და ხელეწიფებათ, დაწყებული ივანიშილიდან, გაგრძელებული სხვებით, რომლებიც ასე ან მსგავსად დაინახავენ პროცესთა განვითარებას და რეალურად იფიქრებენ იმაზე, რომ ეს არის გზა არსაითკენ და შეეცდებიან, რომ ისევ საკუთარი და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იფიქრებენ, რომ დაასრულონ ქვეყნის განვითარების ეს გზა. რამდენადაც სასურველი, იმდენად არარეალისტური შეიძლება იყოს ეს მომენტი, მაგრამ თუ გამოსავალზე ვსაუბრობთ, ერთი გამოსავალი ეს არის და მეორე _ დრო. რასაც ჰქვია ნდობის ვოტუმი, „ქართულ ოცნებას“ ეს ყავლი საზოგადოებაში ჯერ არ გასვლია, საზოგადოებაში არ არის იმ ხარისხში უკმაყოფილება და საპროტესტო დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, აქედან გამომდინარე, ისინი თითქოს თავს მშვიდად გრძნობენ, მაგრამ ეს ყველაფერი დროის საკითხია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბუნებრივია, მომწიფებას იწყებს და შედეგი ვითარდება. ეს არის არასასურველი ფორმა და გზა, რადგან ასეთ დროს ყოველთვის მწვავე ფორმებს იძენს ხოლმე პროცესების განვითარება, რასაც არ ვუსურვებდი არც არსებულ ხელისუფლებას და არც სახელმწიფოს. იქნებ, აქედან გამომდინარე ეფიქრა ხელისუფლებას იმაზე, რომ სანამ იძულებით განვითარდება მოვლენები გარკვეული დროის შემდეგ, ნაკლებად მტკივნეული და უფრო პროგრესული გზა აერჩია.

 

პეტრე მამრაძე _ „მართვის სტრატეგიული ცენტრი“:

_ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, მართალია მოიპოვა კურიოზული გზით, რადგან ამომრჩევლების 20%-ზე მეტს ხმა არ მიუცია, მაგრამ ჩვენი კოდექსი ამის საშულებას იძლევა, შეუდგა პროგრამის განხორციელებას. „რუსთავი 2“ ნამდვილად არ მიმაჩნია თავისუფალი სიტყვის წყაროდ, ეს არის სააკაშვილის რუპორი, მან და მისმა თანამზრახველებმა რაც არ უნდა ჩაიდინონ, ხმას არ ამოიღებენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ხელიუსუფლების კრიტიკაში ძლიერები არიან და ამას ვერავინ დაუკარგავს. ინფორმაციაც აქვთ და ყველგან ჰყავთ თავიანთი ხალხი. კულმინაცია რომ იყო, ურთმელიძე რომ გამოდიოდა და მოსამართლე აცხადებდა, დედაჩემი ჩემი ოჯახის წევრი არ არისო, როდესაც 75 წლის ქალს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, ხელისუფლებას გამოჭერილი ჰყავდა და წერდა, რომ ამ არხის პოლიტიკა მავნეაო, რაც არ შეიძლება დაწეროს მოსამართლემ, თან იუსტიციის საბჭო რომ ერთხმად ამართლებდა და ა. შ. გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, _ მე რომ ვყოფილიყავი ამ პროცესების უკან, რაც „რუსთავი 2“-ში ხდება, ეს არ მოხდებოდა, ვინაიდან ჩვენთვის საზიანოაო. მეორე დღეს როგორც ჯადოქარი ჯადოსნურ ჯოხს იქნევს, ისე გაჩერდა ყველაფერი, აქიმიძემ და დვალმა უკან წაიღეს ყველაფერი, ხალვაში ხომ საერთოდ გაჩუმდა და ყველაფერი შეწყდა, მაგრამ გამოვიდა ინფორმაცია – არჩევნებმა გადაიაროს და მერე „რუსთავი 2“-ს მივხედავთო. ახლა ყველაფერს უნდათ, რომ მიხედონ, ეს არის ნებისმიერი ხელისუფლების წიაღში არსებული რამ, დასავლეთშიაც კი, მაგრამ იქ გაწონასწორებულია სამოქალაქო საზოგადოებით, ძლიერი მასმედიით, რომელსაც ვერავინ მოერევა. აქ ასე არ არის. აქ ფრონტია გახსნილი, რომ „მიეხედოს“ ყველა ტელევიზიას, გაზეთები არ ანაღვლებთ, რადგან იმხელა აუდიტორია არ ჰყავს, როგორც ტელევიზიას და ძალიან დიდ გავლენას არ ახდენს საზოგადოების ფორმირებაზე. ის, რომ „იმედი“, „მაესტრო“ და „ჯიდიესი“ ერთად აღმოჩნდნენ, ის პროცესები, რაც წარიმართა, რატომ გაუშვეს ვახო სანაია, მერე ნინო ჟიჟილაშვილი, ხომ გვახსოვს, გოგელია პირდაპირ ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ თქვენი ყოველი გამოსვლის შემდეგ ხელისუფლებასთან პრობლემები მექმნებაო, ეს ხომ დაიბეჭდა, ხომ განაცხადეს, ამ მანქანებით „მაესტრო“ საერთოდ გაჩერდა. გახსოვთ, ვახო სანაიას ჰქონდა ძალიან რბილი გადაცემა _ რას ჰპირდებოდა ხალხს „ოცნება“ და რას აკეთებდა, ესეც კი საკმარისი გახდა. ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ დიდი ხანია, „ჯიდიესიდან“ წამოვიდა და განცხადება გააკეთა, რომ მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს, მაგრამ, თურმე, სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვს. მაშინ თბილისში ხომ ყველა ხარხარებდა, ვისაც შეხება აქვს ამ საკითხებთან. ყველამ იცოდა, მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ საზმაუსთვის უნდა „მიეხედა“. დილით რომ გამოსულიყო და საღამოს საზმაუსში მისულიყო, ეს ხომ უხერხული იქნებოდა, ამიტომ დროებით გამოიყვანეს. ეს ყველამ იცის და ეს არის მთავარი, რაც აღიზიანებს საზოგადოებას, თორემ რეფორმა საჭიროა. გამჭვირვალე რეფორმაა საჭირო დაწყებული ფინანსური საკითხებიდან, გაგრძელებული ავარიული შენობიდან და დამთავრებული გადაცემებიდან, ეს ყველაფერი გასაკეთებელი იყო, მაგრამ რატომ არ გააკეთეს, როცა ამის დაწყება უპრობლემოდ შეეძლოთ, თუნდაც 2013 წლის იანვრიდან, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ? 4 წელი არ გაუკეთებიათ და ახლა დაიწყეს, რატომ? იმიტომ, რომ ფიქრობენ, ახლა ისეთი პოზიცია აქვთ, აღარ არსებობს კოალიცია, მონოლითური ადმინისტრაციული სახელმწიფო რესურსი ზის, „ოცნება“ ხომ პარტია არ არის. მაგალითისთვის გეტყვით ხელშეკრულებას „გაზპრომთან“, იმიტომ გადაიდო, რომ არჩევნების მერე მიხედეს და ასე ხდება ყველაფერი. იგივეა სასამართლოებთან მიმართებით, იმდენი არასწორი რამე გააკეთა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ლექციისთვის არ გვეყოფა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც ვენეციის კომისიამ თქვა, ის გააკეთა პრეზიდენტმა და იმ პუნქტებს დაადო ვეტო, რითაც ხელისუფლება სასამართლოს ბერკეტებს ინარჩუნებდა, აქაც იგივე პროცესია. უნდათ, რომ გაკონტროლებული იყოს მასმედიის ის ფრაგმენტი, ყველაზე მნიშვნეოვანი ნაწილი, რომელიც ლომის წილ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. შეგახსენებთ: 2009 წელს, როდესაც ტალიავინის კომისიის დასკვნა დაიდო, „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერდა, რომ, სამწუხაროდ, ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი ვერ გაიგებს სიმართლეს, ვინაიდან სააკაშვილი ტოტალურად აკოტროლებს სამ ნაციონალურ ტელევიზიასო. მოგეხსენებათ, დასავლეთში ნაციონალურს უწოდებენ, როდესაც ტელევიზია ფარავს ქვეყნის ტერიტორიას, ნაგულისხმევი იყო „რუსთავი 2“, მაშინდელი „იმედი“ და „პირველი არხი“. გაიხსენეთ მერაბიშვილის ცნობილი ინტერვიუ „იმედის“ დახურვის შემდეგ. ვციტირებ: „იმედი“ რომ არ დაგვეხურა, ძალაუფლებას ვკარგავდით“, _ პირდაპირ თქვა. აქ ცოტა სხვა რამ ხდება _ იციან, რომ ივანიშვილი ღიზიანდება. ის არაფერს კითხულობს, მაგრამ ხანდახან ტელევიზიას უყურებს და მერე ვაითუ, გაღიზიანდა. მეორე _ არავინ ამხილოს იმ ადამიანების უკანონო საქციელი, ვინც ახლა ხელისუფლებაში ზის. ამისთვის კეთება ეს ყველაფერი.

 

თამარ ბატიაშვილი