ციანიდი „საკმეველში“?!

სტატიაში ოთხ სკანდალურ თემას შემოგთავაზებთ!!!

პირველი: კონკრეტული პირის აუდიოჩანაწერის სრულ გაშიფრულ ვარიანტს, რომელმაც „ქრონიკა+“-თან საუბრის დასაწყისშივე განაცხადა, რომ არ ეშინია და საკუთარ ვინაობას არც მალავს, შეუძლია, საჯაროდ განაცხადოს ეს; რომ თითოეულ სიტყვაზე პასუხისმგებელია და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაადასტუროს კიდეც იგი. მხოლოდ, ამ ეტაპზე, პატრიარქის გერმანიიდან ჯანმრთელად ჩამოსვლას დაელოდება და მანამდე ჩვენგან სრულ კონფიდენციალურობას ითხოვს. აღნიშნულ პიროვნებას გარკვეული თანამდებობა უკავია იმ უწყებაში.

მეორე: „ქრონიკა+“ ასევე გამოაქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც ბულგარეთიდან მაქინაციურ ტრანშს უკავშირდება და რომლის მიხედვითაც, ხსენებულ მოვლენებამდე რამდენიმე ხნით ადრე, საპატრიარქოს კუთვნილი შენობა მისმა დირექტრომა _ მამა გიორგი მამალაძემ სოფიაში მცხოვრებ კერძო პირს ჩაუდო იპოთეკაში 12,5 მილონ დოლარად.

მესამე: აუდიოჩანაწერი, სადაც სახელდება მამა გიორგი მამალაძისადმი 2017 წლის 10 თებერვალს მისადაგებული 108-ე მუხლი (სსკ განზრახ მკვლელობა, მკვლელობის მომზადება, ან თანამონაწილეობა, _ თ. რ.). ჩანაწერის მიხედვით, მამა გიორგი საზღვარზე, უფრო სწორად, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ აიყვანეს, როდესაც კიევის (და არა გერმანიის, როგორც ინფორმაცია გავრცელდა) მიმართულებით მიფრინავდა. იგი იმ დროისთვის უკვე „გაწითლებული“ (წითელ ცირკულარში შესული) იყო, თუმცა აყვანის შემდეგ მოეხსნა. ჩვენი წყარო აყვანის თარიღსა და მუხლს ასახელებს. ასევე იმას, რომ ეს დეკანოზისთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. პირველად იგი 2011 წელს დააკავეს აჭარაში საპატრიარქოს მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით.

მეოთხე: საუბრის ჩანაწერი საპატრიარქოს სამშობიაროს საპატიო დირექტორთან, მარიკა ბარნოვასთან, რომელმაც „ქრონიკა+“-თან განაცხადა, რომ 10 თებერვალს დილის 6 საათზე მამა გიორგი მამალაძე სამშობიაროში მოვარდა, თავის კაბინეტში შევარდა, ყველაფერი მოხვეტა და გაიქცა. ოთხი საათის შემდეგ, დილის 10 საათზე, პროკურატურიდან ჩხრეკის ორდერით ჯგუფი მოვიდა, მამა გიორგი მამალაძის კაბინეტში შევიდა, გამოიტანა და წაიღო… საკმეველი. მეტი არაფერი! კომპაქტდისკები არ წაუღიათ, იქვე გახსნეს.

დირექტორისა და სამშობიაროს თანამშრომლებთან გასაუბრების შემდეგ „ქრონიკა+“-ის კითხვაზე, _  ნარკოტიკებს ხომ არ ეძებდნენ, ანუ საკმეველი რად უნდოდათ? გვიპასუხეს, რომ „ნარკოტიკებზე უარესიო“.

„ქრონიკა+“ ჩვენ მიერ მომზადებული გამოძიების არც ერთ ნაწილში არ აფიქსირებს თავის აზრს. მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს ვააშკარავებთ. კითხვასაც არ დავსვამთ, რატომ და რა ქიმიურ ნივთიერებას ეძებდა პროკურატურა (და არა შსს) მამა გიორგი მამალაძის კაბინეტში. ჩვენც, ჩვენი რესპონდენტების არ იყოს, უწმინდესის საქართველოში ჯანმრთელად ჩამოსვლას დაველოდებით, ვინაიდან, ამ ეტაპზე, მთავარი ეს არის.

მანამდე კი ფაქტების კონსტატაცია:

 

დასაწყისი.

სად დაიგეგმა?

 

ჩანაწერი #1

„სანამ 10 თებერვალს მომხდარ მოვლენებამდე მივალ, როდესაც პროკურატურა საპატრიარქოს კუთვნილ სამშობიაროში ჩხრეკის ორდერით შემოვიდა, საზოგადოებამ იმის შესახებ უნდა გაიგოს, რა უძღოდა ამას წინ. ყველაფერი აქედან დაიწყო. „წმინდა ანასა და იოაკიმეს სახელობის სამშობიაროს“ ყველა იცნობს, როგორც საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფ საავადმყოფოს. 2008 წლამდე ის  თარხნიშვილის ქუჩა 4-ში მდებარეობდა. შენობა-ნაგებობა 4000 კვ.მ.-მდე იყო 4000 კვ.მ.-ვე მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთით. აღნიშნული ტერიტორია „ემჯაი“ ჯგუფის სამიზნე გახდა, რომლის უკანაც მანანა შარაშიძე იდგა. 2007 წელს, როდესაც საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესი დაიწყო, ჯანდაცვის სამინისტრომ შემოგვთავაზა, კოლექტივს პრივატიზება გაგვეკეთებინა, მაგრამ ეს თემა ჩვენთვის იმდენად უცნობი იყო, გარკვეულმა ჯგუფმა პრივატიზაციაზე უარი თქვა და საპატრიარქოს მიმართა, რათა მას თავისი ფრთის ქვეშ ავეყვანეთ. გვეგონა, რომ ამით შენობას გადავარჩენდით, მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, შენობა-ნაგებობა ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის განკარგულებაში დარჩა, შპს „წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის სამშობიარო“ კი საპატრიარქოს ქვეშემდგომობაში გადავიდა. ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით ტენდერი ჩაატარა, სადაც მონაწილეობა მიაღებინეს მხოლოდ ერთ კომპანიას, შპს „ემჯაის“ და სამშობიაროს შენობა მასვე გადაეცა. ამრიგად, 2007 წელს 1000 დოლარად გავიყიდეთ. ავტეხეთ ერთი ამბავი და საპატრიარქოში გავაპროტესტეთ. ამ დროს ჩვენი გენერალური დირექტორი არის მამა ადამი. ამის შემდეგ საპატრიარქო მოლაპარაკებას აწარმოებს ეკონომიკის სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტრო საპატრიარქოს ერთ დოლარად უთმობს ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობას _ ე. წ. ბარნოვის კლინიკას, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს. მანანა შარაშიძე, თავის მხრივ, პირობას დებს, რომ იქ ახალ კლინიკას ააშენებს, ძველ შენობას გაარემონტებს და ორივეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვავს. რაც სამუშაო ხელშეკრულებაში ჩაიდო, დღემდე არ შესრულებულა. მაგალითად, ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ ახალი ნაგებობა 18 თვეში უნდა აშენებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობები დარღვეულად ჩაითვლებოდა. 18 თვე ისე გავიდა, რომ იმ ქალს არაფერი გაუკეთებია. ბოლოს და ბოლოს, დიდი ხმაურის შემდეგ, ამ სამუშაო პროცესში ჩაგვრთეს. ჯანაშვილის საპროექტო ინსტიტუტმა, როგორც იქნა, ჩვენი კლინიკის პროექტი მოამზადა, კლნიკისთვის ფუნდამენტი ამოთხარეს, უწმინდესი ღამე მოიყვანეს, ანახეს, რომ აი, აქ აშენდება წმინდა იოაკიმესა და ანას სამშობიაროო. ამის შემდეგ უწმინდესი წავიდა და მეორე დღესვე საძირკვლის ნახევარი ამოავსეს, ანუ კლინიკის ფართობი შეამცირეს. შეპირებული და პატრიარქისთვის ნაჩვენები პროექტის ნაცვლად უფრო პატარა შენობა აშენდა. ფუნდამენტის მეორე ნახევარი ნაყარი მიწით ამოავსეს, ზემოდან ასფალტი გადააგეს და მანქანების სადგომი გააკეთეს. ერთ დილას მივედით და მიწა ჩავარდნილი დაგვხვდა. ეს რომ დღისით მომხდარიყო, მანქანების გარდა ხალხსაც ჩაიყოლებდა. ამ ჩავარდნამ სამშობიაროს მთელი საკანალიზაციო სისტემა დააზიანა.

აქვე აღვნიშნავ, რომ მამა ადამი ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს გადასვლას, ამიტომ იგი გენერალურ დირექტორობას ჩამოაშორეს და ვატო სურგულაძე გამოუშვეს, რომელმაც თარხნიშვილის ქუჩიდან უსწრაფესად გადაგვაბარგა გაურკვეველი ხარისხით აშენებულ შენობაში. ეს არის 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მიჯნა. კოლექტივი ოთახებს ვცლიდით და უკან ბრიგადა მოგვყვებოდა დიდი უროებით, რომლებიც სველ წერტილებს ამტვრევდნენ: თუ არჩევნების შემდეგ მთავრობის შემადგენლობა შეიცვლებოდა,  ხელშეკრულება ახალ ხელისუფლებას არ გაეუქმებინა და უკან არ მოვბრუნებულიყავით. გადავედით ახალ შენობაში და რას ვხედავთ?! _ უნიტაზში ცხელი წყალი მოდის, ონკანში _ ცივი, კანალიზაციიდან ცალკე წყალი ასხამს. მოკლედ, ყველაფერი ხელმეორედ გასაკეთებელი გახდა და გაკეთდა კიდეც სამშობიაროს ბიუჯეტიდან.

მიუხედავად ასეთი პირობებისა, მუშაობა სრული დატვირთვით მიდიოდა. თარხნიშვილის ქუჩიდან სახელიც გამოგვყვა და პაციენტებიც. 2014 წლის მაისში ვატო სურგულაძე ირაკლი სასანიათი ჩაანაცვლეს.

სამშობიაროს კოლექტივი დირექტორების ასეთი ცვლილებით დაიღალა და საპატრიარქოში მანანა შარაშიძეს მიმართა. ეს ქალი ბევრ რამეს წყვეტდა. მაგალითდ, ერთხელ, როცა საპატრიარქოში მივედით, მანანა შარაშიძე ერთ-ერთი სამყოფლიდან ჩუსტებით გამოვიდა. მოკლედ, სამშობიაროს კოლექტივმა შარაშიძეს სთხოვა, დაგვიტოვე ვატო სურგულაძე, საქმეს აკეთებს და პაციენტიც სულ გვყავსო. შარაშიძემ გვიპასუხა: მასე სად არის, ერთი არ მოსულა აქ და საპატრიარქოში კაპიკი არ ჩამოუტანიაო.

მოვიდა ირაკლი სასანია და მოიყვანა თავისი ჯგუფი. „ემერჯენსი“ მოინდომა და ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ მალევე პოლონეთიდან „ემერჯენსის“ ხელმძღვანელად ქალი ჩამოიყვანა, რომელსაც თვეში 15 ათასი ლარი დაუნიშნა. ხელმძღვანელობას ხელფასები 10-15 ათასი ლარის ფარგლებში დაენიშნათ, ყოველ შემთხვევაში, სამი ათას ლარზე ნაკლები არავის ჰქონდა. ამ დროს, ჩვენს გინეკოლოგებს, რომელთაც ოფლით და სისხლით, საშუალოდ, დღეში ორ სიცოცხლესთან ჰქონდათ საქმე, თვეში 500-600 ლარიც არ გამოსდიოდათ. ირაკლი სასანიამ რემონტი დაიწყო. ეს კარგია, მაგრამ ხომ უნდა გამოკვეთო, რომელია პრიორიტეტული?

და აი, ერთ მშვენიერ დღეს, 2015 წლის სექტემბერს, საპატრიარქომ ჩვენთან დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე მოავლინა. მანამდე, 2015 წლის მაისში, გავიგეთ, რომ საპატრიარქომ სამშობიაროში აუდიტი გამოაგზავნა, რათა სასანიას საქმიანობა გამოეკვლია. სექტემბერში კოლექტივს საერთო კრებაზე გვეძახიან. დეკანოზი გიორგი მამალაძე მოდის და გვეუბნება: მე ვარ საპატრიარქოს ქონების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საპატრიარქომ დამავალა, ვითარება შემესწავლა და ამ მიზნით ჩემი აუდიტი ირმა ჩხაიძე გამოვუშვი. ჩვენ ყველაფერი შევისწავლეთ, მაგრამ რაღაც საკითხები ვერ გავარკვიეთ და ახლა კოლექტივს დაგიძახეთ, თქვენთან ერთად გვინდა, გავიაროთ; შეკითხვა მაქვს სასანიასთან, ვინაიდან ჩემმა აუდიტმა იქ ნახა, რომ დიდი თანხებია პრემიების სახით გაცემული თანამშრომლებზე, აიღეთ ვინმემ პრემიაო? ჩვენ ვუპასუხეთ, რომ პრემია კი არა, ხელფასებს ვერ ვიღებთ წესიერად. 2014 წლის 6 თვის ხელფასი არ გვქონდა აღებული. ამის შემდეგ დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე გვეკითხება, _ 18 ათას ლარად შეფასებული კულონი ირაკლი სასანიამ რომელ თანამშრომელს გაჩუქათო? მის გვერდზე მჯდარ სასანიას სახეზე ღიმილი შეაშრა და ეუბნება, _ მამაო, ეს აქ გასარკვევი საქმე არ არისო… რაზეც დეკანოზმა უპასუხა, _ აქ იმიტომ ვამბობ, რომ თქვენთან ვერ გავარკვიეო.

ამ საერთო კრების შემდეგ ირაკლი სასანიამ დირექტორის პოსტი დატოვა და მოვიდა დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე. სასანიას წასვლის შემდეგ მამა გიორგის მოვთხოვეთ, აუდიტის დასკვნა მოეცა, რომელიც ჩაატარა და რომლითაც წინა დირექტორს ბრალი დასდო, იმიტომ, რომ ვატო სურგულაძემაც და ირაკლი სასანიამაც ყველას გადმოგვიგზავნეს მანამდე ჩატარებული აუდიტის ელექტროვერსიები. ჩვენდა გასაკვირად, სასანიას წასვლის შემდეგ მამა გიორგი კარდინალურად შეიცვალა. მისი პასუხი იყო, რომ თქვენ აქ არავინ ხართ, ამ შპს-ს მფლობელი საპატრიარქოა და იგი არ მიიჩნევს საჭიროდ დასკვნის გასაჯაროებასო.

გადის გარკვეული პერიოდი და დეკანოზი გიორგი მამალაძე გვეუბნება, რომ ჩემი პირადი კონტაქტებით მოლაპარაკებას ვაწარმოებ, რათა გრანტის სახით დიდი თანხა გადმოგვირიცხონ, რომელიც ამ კლინიკას მოხმარდებაო. ვკითხეთ, _ გრანტს ვინ დაგახარჯინებთ სახელფასო დავალიანებაზეო? მაგრამ ჩვენს კითხვაზე იგი შეურაცხადი ხდებოდა. ცოტა ხანში, ვიგებთ, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ კლინიკა უკრაინის მოქალაქე ვიღაც სერგეი ჯამბოვს ჩაუდო იპოთეკაში, რომელსაც შპს სოფიაში, რვასართულიან „ხრუშჩოვკაში“ ჰქონდა დარეგისტრირებული. ის მამა გიორგის 12,5 მილიონ დოლარს ურიცხავდა. პირობა ასეთი იყო: ფული 6 თვის განმავლობაში ტრანშებად უნდა წამოსულიყო, აქედან პირველი _ 70 დღის განმავლობაში 2,5 მილიონი დოლარი უნდა დარიცხულიყო. თუ ეს გრაფიკი დაირღვეოდა, ხელშეკრულება ბათილად იქნებოდა ცნობილი. მაგრამ თუ ჩვენი მხრიდან ეს თანხა არამიზნობრივად დაიხარჯებოდა, ჯამბოვი კლინიკას დაიტოვებდა. ეს ხდება 2016 წლის აპრილში. მამა გიორგიმ დაგვიბარა და გვითხრა: ამას იმიტომ არ გეუბნებოდით, კი არ გიმალავდით, უბრალოდ, არ მინდოდა, გენერვიულათო. ვთხოვეთ, ბიზნესგეგმა ენახვებინა, რომელიც ჯამბოვს წარუდგინა, რაზედაც გვიპასუხა, რომ ასე ადვილი გგონიათ ბიზნესგეგმის დაწერაო? აი, პირველი ფული რომ მოვა, 40 ათას დოლარს გადავიხდით და ბიზნესგეგმას დაგვიწერენო. ანუ ყველანი იდიოტებად მიგვიჩნია! ავუხსენით, _ ასე გითხრეს, მამაო, რომ ჯერ ფულს გამოგიგზავნით და მერე ბიზნესგეგმა დაგვაწიეო?! ამაზე წამოგვიხტა, დაავლო ხელი ლეპტოპს და, _ ამ ხელშეკრულებას დღესვე გავაუქმებო! ამაზე ვუპასუხეთ, _ კი მაგრამ, სანოტარო მომსახურებაში 11 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი სამშობიაროს ბიუჯეტიდან და იმას რას უზამთო? აქედან დაიწყო ჩვენი იმედების რღვევა. იპოთეკა აგვისტოში მოხსნეს და საპატრიარქომ ვალდებულებაში ჩაწერა, რომ იკრძალება სამშობიაროს შენობის გასხვისება, იპოთეკაში ჩადება და ა. შ. როგორც ჩანს, ეს ამბავი საპატრიარქომდე მივიდა. მამა გიორგის ამისთვის პასუხი არავინ მოსთხოვა. ჩვენც კითხვები არ დაგვისვამს, რადგან ვიცოდით, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის გარემოცვის ახლო წევრია. კერძოდ, პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის ქალიშვილი პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის ცოლია, ოხანაშვილის და კი არის მამა გიორგი მამალაძის ცოლი.

ერთ მშვენიერ დღეს აჭარიდან დაგვირეკეს და გვეუბნებიან, _ ეს თქვენი მამაო რომ მიმდგარა და ბობოყვათის მიწებს უკრაინელებზე ყიდის, თუ იცითო? საპატრიარქოს მიწებზეა საუბარი. ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ეს კაცი თვეში ერთი-ორჯერ თუ ჩნდებოდა სამშობიაროში. სად არის? _ ვკითხულობდით და, _ მივლინებაშიაო. ვინ მიავლინა და რა ხარჯებით, ან სად? სამშობიარო იმ კონდიციამდე მიიყვანა, რომ დღეს ხელფასი არ გვაქვს, პაციენტი არ გვყავს და კაციშვილი ჩვენი პატრონი არ არის.

 

გაგრძელება.

როგორ დაიგეგმა?

 

ჩანაწერი #2

„10 თებერვალს სამსახურში მივედი და მეუბნებიან, რომ მამაომ დილის 6 საათზე მოირბინა, თავის ოთახში შევარდა, ახვეტა თავისი რაღაცები და წავიდაო. მანამდე, ბოლო ერთი კვირა, ღამღამობით დადიოდა და ვიღაც ხალხი მოჰყავდა. თანამშრომლებმა კითხვა რომ დასვეს, უპასუხა, კომისია არისო. კომისია ღამის 11-12 საათზე?! გვიკვირდა, მაგრამ გავჩუმდით. მოკლედ, 10 თებერვალს სამსახურში მისულს მეუბნებიან, რომ მამაომ თავისი ყველაფერი ახვეტა და წავიდა. მერე 10 საათზე ხუთკაციანი ჯგუფი მ ჩხრეკის ორდერითოვიდა. დაუძახეს იურისტს _ ნატა ინდუაშვილს. ზოგადად, როდესაც იურისტს ჩხრეკაზე ისწრებენ, იმას ყოველთვის ეუბნებიან, რაზე მოვიდნენ. ჩხრეკის შემდეგ იურისტი „მკვდარი“ გამოვიდა. შევეკითხეთ, მაგრამ გვითხრა, რომ არ ვიციო. სახეზე ფერი არ ედო. პროკურატურის ხალხი ხუთი იყო, ოთხი კაცი და ერთი ქალი. მამაოს კაბინეტში შევიდნენ და რაღაც ორი დისკი გამოიტანეს. ნატა ინდუაშვილს რა ჭირდა, არ ვიცი, ხმას ვერ იღებდა. ჩხრეკის შემდეგ არაფერი თქვეს, მხოლოდ განგვიმარტეს, რომ მიზეზს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვითო. ინდუაშვილმა მხოლოდ ჩხრეკის ორდერი ნახა, დანარჩენს არავის ანახეს. ინდუაშვილი ამის შემდეგ ენაჩავარდნილი იჯდა“.

 

ჩანაწერი #3

„დეკანოზი გიორგი მამალაძე პირველად 2011 წელს დააკავეს ბათუმში. დაკავებული იყო და იზოლატორშიც იმყოფებოდა სასაფლაოს უკანონოდ გასხვისებაზე. მეორე იყო, აქ რაც ეწერა: 10.02.17-ში აიყვანეს იზოლატორში, მუხლი 108. საღამოს გადაკვეთა საზღვარი და გააწითლეს. ეს ნიშნავს გაწითლებას“.

 

მოწმეები.

თავდაპირველად „ქრონიკა+“ სამშობიაროს იურისტს, ნატა ინდუაშვილს დაუკავშირდა, რომელიც მამა გიორგი მამალაძის კაბინეტის ჩხრეკას დაესწრო:

 

_ ქალბატონო ნატა, 10-ში სამშობიაროში ჩხრეკაზე პროკურატურა შემოვიდა, რომელსაც თქვენ დაესწარით.

_ ხელმძღვანელობას დაუკავშირდით.

_ ხელმძღვანელობას უკვე დავუკავშირდი. ისინი ჩხრეკას არ დასწრებიან და ოქმზე ხელი არ მოუწერიათ. ჩხრეკას თქვენ დაესწარით?

_ გასაგებია, მაგრამ ხელმძღვანელობას დაუკავშირდით.

 

„ქრონიკა+“ „წმინდა ანასა და იოაკიმეს სახელობის სამშობიაროს“ საპატიო დირექტორს, მარიკა ბარნოვას გაესაუბრა:

_ 10 თებერვალს თქვენთან პროკურატურა ჩხრეკაზე შემოვიდა?

_ დიახ.

_ საქმის კურსში ხართ, რა ხდება?

_ ჩვენ მხოლოდ იმის საქმის კურსში ვართ, რომ ჩხრეკა იყო და ბავშვები არ ვართ. ვხვდებით, რომ სერიოზული ვითარებაა და რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.

_ რას გულისხმობთ?

_ ფინანსურ გაფლანგვაზე რომ არ შემოვიდოდა, ფაქტია, რადგან ისეთი გაფლანგულია წლების მანძილზე, რომ გაპარტახებულია. ასე რომ, არ მგონია, ეს ყველაფერი ჰოსპიტალს უკავშირდებოდეს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ხომ ხვდებით, პროკურატურა ორდერით მოდის და მამაოს კაბინეტში ჩხრეკას ატარებს.

_ თქვენთვის ცნობილი თუა, რომ 2011 წელს ამ პიროვნებაზე საქმე იყო აღძრული ბობოყვათის მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით?

_ ახლა მესმის უკვე რაღაცები, რომ თურმე და თურმეო. ჩვენ პირიქით, რომ დავინახეთ, რომ სასულიერო პირი გამოგვიგზავნა საპატრიარქომ დაქცეული ფინანსური მდგომარეობის ფონზე, ძალიან გაგვიხარდა, რომ სასულიერო პირია და ილოცებს. მენეჯმენტს კი გავმართავდით. როგორც ჩანს, კიდევ რაღაც ილუზიებში ვცხოვრობდით.

_ როდესაც კერძო პირს სამშობიაროს შენობა 12,5 მილიონ დოლარად იპოთეკაში ჩაუდო, არც მაშინ გაგიჩნდათ კითხვები?

_ იცით რა, სასულიერო პირი მოვიდა, გაგვიხარდა, საპატრიარქო ფინანსურად ძლიერი ორგანიზაციაა. თან, მაგ დოკუმენტს არ ახმაურებდა, იმიტომ, რომ იქნებ, არ გამოვიდეს და არ მინდა, რომ წინასწარ ვთქვაო. საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება. გავიგეთ, რომ რაღაც გრანტზე იყო საუბარი. იპოთეკა გამოდგა… მერე მივხვდით, როდესაც რამდენიმე თვე გავიდა, წელი, მაგრამ აფერა არ გვეგონა. ჩვენ უფრო ვფიქრობდით, რომ ვერ აკეთებდა. მაგრამ ახლა რაც გავიგეთ, შოკში ვართ.

_ ვინ განიხილება შემცვლელად, ან მოვალეობის შემსრულებლად?

_ მაგაზე იმტვრევს თავს ახლა კოლექტივი. რამდენიმეს სურს…

_ მაგალითად, სამშობიაროს ფინანსურ დირექტორს, ვეფხია ოდიშარიას?

_ მის მიმართ კარგი განწყობა მაქვს, მაგრამ კოლექტივს არ მოუნდა, მასაც გაუჭირდება, ისე არის დაძაბული სიტუაცია და ისეთი იმედგაცრუება აქვს მიღებული კოლექტივს.

_ როგორც ვიცი, „ჯიპისიმ“ თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნა, მეუფე ანდრია იყო მოსული, გორის მიტროპოლიტი და ვერ შეთანხმდნენ?

_ ასეთი ვარიანტიც იყო, მაგრამ აქ შიგნით ითქვა, რომ კოლექტივი გარედან აღარავის შემოუშვებს, იმიტომ რომ კოლექტივი გამწარებული და გაუბედურებულია.

_ ირინა ცისკარიძე კრიზისების მართვის მენეჯერია სამშობიაროში, არა?

_ დიახ, მამაომ მოიყვანა. ნათესავია თუ კლასელი, არ ვიცი.

_ იურისტი ნატა ინდუაშვილი პროკურატურის მიერ წარმოებულ ჩხრეკას დაესწრო?

_ დიახ.

_ მხოლოდ კაბინეტი გაჩრიკეს?

_ დიახ, მხოლოდ მამაოს კაბინეტი გაჩხრიკეს.

_ კაბინეტიდან გამოტანილი დისკები რატომ ვერ გახსნეს?

_ დიახ, დისკები ვერ გახსნეს, გამოიტანეს და გარეთ გახსნეს კომპიუტერში. წაღებით კი რაღაც წაიღეს.

_ რა?

_ საკმეველიო.

_ საკმეველი?

_ დიახ… დიდხანს ეძებდნენ რაღაცას და მერე საკმეველი წაიღესო, მაგრამ ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე, სანამ პროკურატურა მოვიდოდა, მამაო იყო მოსული ჰოსპიტალში.

_ ანუ იზოლატორიდან რომ გამოუშვეს, მერე მოვიდა პირდაპირ ჰოსპიტალში?

_ ალბათ. მოკლედ, დიდ დეტექტივში ვართ ჩართულები. ძალიან გაწვალებულია პოლიცია.

 

„ქრონიკა+“ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს, მამა დავით  შარაშენიძეს დაუკავშირდა:

_ მამა დავით, რატომ ჩაატარა ჩხრეკა პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძის სამუშაო კაბინეტში?

_ ვერა…

_ ბატონო?

_ ახლა დაკავებული ვარ, სხვა დროს დამირეკეთ.

მამა დავით შარაშენიძე ტელეფონს მითიშავს, რაც მისთვის ნამდვილად არ არის ჩვეული.

 

საქმეს გრიფი ადევს. ჩვენ არ დავწერთ იმას, რაც დაიწერა და გაჟღერდა _ პატრიარქის ციანიდით მოწამვლის მცდელობაზე. არ დავწერთ იმას, როგორ ჩავიდა გერმანიაში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, როგორ გამოუშვეს გერმანიიდან საქართველოში პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი და პროკურატურაში მიიყვანეს დაკითხვაზე.

 

 

თამარ როსტიაშვილი