ლევან ხაბეიშვილი: „ ძალიან სუსტი, უუნარო და კორუმპირებული დედაქალაქის მთავრობა გვყავს თბილისში!“

 

პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი, მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, ახალი ინიციატივებით გამოდის:

  1. ბიუროკრატიული ხარჯების, მინიმუმ, განახევრება, რაც გულისხმობს რიგი ა(ა)იპ-ების, სსიპ-ებისა და საქალაქო სამსახურების საერთოდ გაუქმებას და პროექტულ მართვაზე გადასვლას; 2. თბილისი ფარეხების გარეშე; 3. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადება მჭიდროდ დასახლებულ უბნებში; 4. გამწვანება კორპუსის სახურავებზეც; 5. ეკოპარკინგი; 6. მერიის თანამშრომლების, მათ შორის, საქალაქო სამსახურის უფროსების, მოადგილეების, განყოფილების უფროსების, გამგებლების, მათი მოადგილეებისა და რიგითი თანამშრომლების მუშაობის ელექტრონული კონტროლი.

ამ წინადადებებზე უფრო დაწვრილებით სასაუბროდ „ქრონიკა+“-მა ლევან ხაბეიშვილს მიმართა:

_ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეალობის გარდა, ასევე არის პრობლემები, რომლის მოგვარება თვითმმართველობების დონეზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც სხვადასხვა მიმართულებით, ასევე თვითმმართველობის მიმართულებითაც ძირეული და ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო.

ის, რომ დედაქალაქის მერია (როგორც სხვა ქალაქების მუნიციპალიტეტები) ვერ პასუხობს გამოწვევებსა და პრობლემებს (რაც ადგილზე მოქალაქეებს აქვთ), ამას ნებისმიერი მოქალაქე დაგიდასტურებთ. ძალიან სუსტი, არაეფექტიანი, უუნარო და კორუმპირებული დედაქალაქის მთავრობა გვყავს თბილისში. მათ კორუმპირებულობას, ფაქტობრივად, ყოველ თვე, ძალოვანი უწყებებიც ადასტურებენ სხვადასხვა თანამდებობის პირის აყვანით, რომლებსაც ქრთამის აღების ფაქტზე აკავებენ.

თვითმმართველობის არჩევნები კარზეა მომდგარი და გარდა საკანონმდებლო და საარჩევნო დონეზე რეგულაციებისა, ასევე საჭროა ინიციატივები, რომლებიც დედაქალაქის რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს.

ამ დროისთვის ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და სამოქალაქო პირთან იმ ინიციატივებზე მუშაობს, რომლებიც დედაქალაქს რეალური განვითარების საშუალებას მისცემს.

პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ბიუროკრატიული ხარჯების, მინიმუმ, განახევრება, რაც გულისხმობს რიგი ა(ა)იპ-ების, სსიპ-ებისა და საქალაქო სამსახურების საერთოდ გაუქმებას და პროექტულ მართვაზე გადასვლას. ის, რომ ბიუროკრატია გაზრდილია, ამას მოწმობს ლონდონის მერიის მაგალითიც, სადაც 835 ადამიანი მუშაობს, ჩვენი დედაქალაქის მერიაში კი _ 5700 (მხოლოდ მერიის ადმინისტრაციასა და საქალაქო სამსახურებში 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს).

რაც შეეხება ქალაქის პარამეტრებს, როგორც ფართობით, ასევე მოსახლეობით, რა თქმა უნდა, უდიდესი განსხვავებაა. მოსახლეობის მიხედვით ლონდონი 7-ჯერ, ხოლო ფართობით, მინიმუმ, 2-ჯერ დიდია. ლონდონისა და თბილისის მერიის მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტსა და მათ შედარებაზე აღარ შევჩერდები.

როცა ვსაუბრობთ ბიუროკრატიის განახევრებაზე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ზედმეტი თანამშრომლების განთავისუფლებასაც. თუმცა ამ პრობლემაზეც ვიფიქრეთ და შესაძლებელია, ერთი წლის განმავლობაში განთავისუფლებულ თანამშრომლებს, ყოველთვიურად, ხელფასის 80% გადავუხადოთ.

ეს შესაძლებლობას მოგვცემს, პირველსავე წელს დავზოგოთ ხელფასის 20%, პრემიები, დანამატები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია, გათბობა, შენობები, სადაც განლაგებულია ა(ა)იპ-ები, სსიპ-ები და საქალაქო სამსახურები.

რეფორმის შედეგად პირველ წელს დავზოგავთ, მინიმუმ, 30 მილიონ ლარს, ხოლო მომდევნო წლიდან, მას შემდეგ, რაც ყოფილ მოხელეებთან ვალდებულებაც აღარ გვექნება, 50-60 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება.

პროექტული მართვა გაზრდის კონკურენციას, სამოქალაქო ჩართულობას, სამოქალაქო ზედამხედველობას და, რაც მთავარია, ხარისხსა და ეფექტიანობას.

მეორე ინიციატივა ეხება დედაქალაქის განთავისუფლებას ფარეხებისგან. რაც უნდა მტკივნეული და მიუღებელი იყოს ფარეხების მეპატრონეებისთვის ეს ინიციატივა, ქალაქის იერსახისთვის და ეკოლოგიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინიციატივის გამოცხადებიდან ერთ წელიწადში თბილისში აღარ უნდა არსებობდეს არც ერთი ფარეხი, რაც საშუალებას მოგვცემს, დამატებით მოეწყოს სკვერები და სარეკრეაციო ზონები.

მესამე ინიციატივა ეხება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადებას, რაც გულისხმობს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა აიკრძალება აწ უკვე მჭიდროდ დასახლებულ უბნებში. მშენებლობა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ამ დროისთვისაც არის საცხოვრებელი ფართობი.

მაგალითად, ე. წ. ხრუშჩოვკების ადგილზე დაინტერესებული ინვესტორის შემთხვევაში მას გამარტივებული წესით შეეძლება ყველა ბიუროკრატიული პროცესის გავლა გონივრულობის ფარგლებში, გაითვალისწინებენ მის ინტერესებსა და კორსპუსის პარამეტრებს…

გარდა იმისა, რომ სოკოებივით გაჩენილ კორპუსებს ავირიდებთ, რომლებიც არანაირ არქიტექტურულ გემოვნებაში არ ჯდება (მათ შორის, საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს), ასევე წავახალისებთ ე. წ. ხრუშოვკების ჩანაცვლებას.

მეოთხე ინიციატივა დედაქალაქში მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარმანია თბილისელებს მწვანე წალკოტის გაშენებას დაჰპირდა, რეალურად, „ბეტონის ჯუნგლები“ მივიღეთ. ფაქტია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ეკოლოგიურ კატასტროფამდე არ მივიდეთ. ეს მაშინ, როცა თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახურში თანამშრომლები კორუფციით არიან დაკავებულები. ავიღოთ უკანასკნელი ფაქტი: რამდენიმე დღის წინათ ეკოლოგიის სამსახურისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს.

ჩვენი ინიციატივა კორპუსების სახურავებზე გამწვანების მოწყობას ეხება. ეს შესაძლებელია თბილისის ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, სადაც თანადაფინანსებით, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება, კორპუსის სახურავებზე მოეწყოს გამწვანება. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია, მინიკაფეებისა და დასასვენებელი ობიექტების მოწყობაც.

აბსოლუტურად რეალისტური და განხორციელებადი ინიციატივაა. მონდომების შემთხვევაში, ჩვენი დათვლით, 4 წელიწადში ყოველ მეოთხე კორპუსზე შესაძლებელია მწვანე სივრცის არსებობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

მეხუთე ინიციატივა ეხება ეკოპარკინგს. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ინიციატივა თბილისში ერთ-ერთი კორპუსის თავმჯდომარემ მოგვაწოდა, რომელმაც ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი იმუშავა. თეორიულად ამის წარმოდგენა რთულია, თუმცა ვიზუალურად ძალიან იოლი გასაგებია, რას გულისხმობს ეკოპარკინგი, ანუ მწვანე გაზონების მოწყობა ისე, რომ ავტომობილის გაჩერების შემთხვევაშიც მწვანე ზოლს პრობლემა არ შეექმნას.

მეექვსე ინიციატივა ეხება მერიის თანამშრომლების, მათ შორის, საქალაქო სამსახურის უფროსების, მოადგილეების, განყოფილების უფროსების, გამგებლების, მათი მოადგილეებისა და რიგითი თანამშრომლების მუშაობის ელექტრონულ კონტროლს.

ყველა თბილისელს ონლაინრეჟიმში უნდა შეეძლოს ნახოს, რომელი თანამდებობის პირი თუ რიგითი თანამშრომელი იმყოფება სამსახურში, ან თუ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას შენობის გარეთ სამუშაო საათებში.

ეს ყველაფერი მოაგვარებს ე. წ. ყავისტების, უსაქმურებისა და უპასუხისმგებლო თანამშრომლების პრობლემას. ასევე ელექტრონულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა თანამშრომლის დღის „რეპორტი“, ანუ რას საქმიანობდა დღის განმავლობაში. ესეც მარტივი და პროგრამულად გამართვადია, სურვილისა და ნების შემთხვევაში.

ეს არ არის სრულყოფილი ინიციატივები, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას აქვს. ეს არის მინიმალური ინიციატივები, რომელიც დათვლილი, გათვლილი და აბსოლუტურად რეალისტურია.

 

გიორგი მეფარიძე