water & power და ბატონი ნარმანია!

როგორც ვატყობ, კომპანია water & power-ი მოსახლეობის აქციებს ვერ ასცდება. თბილისის მერსაც მოუწევს პასუხის გაცემა დედაქალაქის იმ მცხოვრებლებისთვის, რომელთაც ეს კომპანია, უკვე ძალიან ხშირად, წყლის გარეშე ტოვებს. საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი კი ასეთია:

GWP გარიგებებში იმყოფება მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი სასმელი წყლის გამყიდველ საწარმოებთან და იმის გამო, რომ თბილისის სხვადასხვა რეგიონში ბოთლის წყალი გაიყიდოს და მისი ჩამომსხმელები გამდიდრდნენ, მოსახლეობას ონკანიდან წამოსულ წყალს სანატრელს უხდის. ბრალდება სერიოზულია, თუმცა მოსახლეობის ხმა იმ სტრუქტურებს, რატომღაც, არ ესმით, რომელთაც ხელეწიფებათ და წესით, დაინტერესებულნიც უნდა იყვნენ ამგვარი საკითხების გარკვევით და დანაშაულის გამოვლენით. სამართალდამცველებისთვის ხალხის პრობლემები უმნიშვნელოა, მთავარია, ხელისუფლებას და მის წევრებს არაფერი გაუჭირდეთ.

აი, ნარმანია კი აშკარა შარშია. კოკიდან ჩამოსული თბილისის მერი მართალია, სიამტკბილურ კავშირებს GWP -სთან უარყოფს, მაგრამ ავიწყდება, რომ მისი ვიზიტები ამ კომპანიაში ხალხისთვის ცნობილია…

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაზისუბანში, კორპუსების მცხოვრებლებს, წყალი შეფერხებებით მიეწოდებათ _ კვირაში რამდენჯერმე, მოულოდნელად, წყდება და ზოგჯერ, 12 საათის, ან უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ მოდის. კომპანიის ე. წ. ცხელი ხაზი გამწარებულ ხალხს ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობს: დაზიანებაა, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ბრიგადა გასულია, მუშაობს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ტყუილია, რადგან მოსახლეობამ უკვე გაარკვია, რომ წყლის შეწყვეტის დროს, აღნიშნულ უბნებში, GჭP-ის წარმომადგენლები არანაირ სამუშაოებს არ ასრულებენ. სამაგიეროდ, ამ დროს დიდი მუშაობა ჩაღდება მაღაზიებში, რადგან წარმატებით იყიდება ბოთლის წყალი. ყოფილა შემთხვევები, როცა, ონკანის წყლის შეწყვეტის შემდეგ, კონკრეტული უბნის არც ერთ მაღაზიაში გასაყიდი წყალი აღარ დარჩენილა და გამყიდველებს უთქვამთ, კომპანიებს უკვე შევატყობინეთ და დისტრიბუტორები, სადაც არის, სასმელი წყლის ახალ პარტიას შემოიტანენო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაღაზიებში წყალს ის ხალხი ყიდულობს, ვისაც ამის საშუალება, ჯერ კიდევ, აქვს, მაგრამ უცნობია, როგორ იქცევიან ასეთ დროს უწყლოდ დარჩენილი ის მოქალაქეები, რომლებიც შემოსავლის თითოეულ თეთრს გამოზომილად ხარჯავენ, რათა პური მაინც შეიძინონ და მშივრები არ დარჩნენ. შეიძლება, ზოგიერთს ეს სიტყვები პათეტიკადაც მოეჩვენოს, მაგრამ უმუშევართა, უსახლკაროთა, დევნილთა, გაჭირვებულთა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა, ურნებში საჭმლის მძებნელთა გრძელ სიას კიდევ ერთხელ თუ გადაავლებენ თვალს, კარგი იქნება, რადგან იმედია, ასე უფრო მივხდებიან, რომ ამ ადამიანების ბედი არავის ანაღვლებს.

ერთ დღეს, როდესაც ონკანში წყალი კვლავ ხანგრძლივი დროით შეწყდა და წყლის შესაძენად „კარფურს“ მივადექი, იცით, რა ვნახე? _ იქ უკვე 40-ლიტრიანი ბალონებით იყიდებოდა წყალი, რომელსაც მყიდველი ბლომად ჰყავდა. ამ ფაქტიდან ერთადერთი დასკვნა გამოვიტანე, რომელმაც ისევ კომპანია GWP-მდე მიმიყვანა. ცხადია, ამ მდგომარეობით ვიღაც ვაჭრობს და იმ გაუმაძღარი „ბაყბაყდევის“ როლს მშვენივრად ირგებს, რომელიც ქვეყნის ბუნებრივ რესურსს დაპატრონებია, მილიონებს იხვეჭს და ხალხს საარსებო, მაცოცხლებელ წყაროსაც უკეტავს. ალბათ, დამეთანხმებით, არც ერთი კომპანია არ გამოიტანდა მაღაზიის დახლებზე ამ მოცულობის ჭურჭლით წყალს, გაყიდვის იმედი რომ არ ჰქონოდა. იმედს კი თან ახლავს დაპირებები. ჰოდა, ჩვენც სწორედ ეგ გვაინტერესებს, _ ვინ დაჰპირდა სასმელი წყლის გამყიდველებს წყლით გაჯერებულ საქართველოში, რომ ეროვნული სიმდიდრით, ალბათ, ერთობლივად, გაისქელებდნენ ჯიბეებს? ონკანიდან რომ მოდიოდეს, 40-ლიტრიანი ჭურჭლით წყალი ვის რაში დასჭირდებოდა? ამიტომ „კარფურიდან“ სახლში გამწარებული დავბრუნდი და სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი დავწერე:

„სულ გაგიჟდა ეს კომპანია _ water & power _ თუ რა ჯანდაბა ხდება? ყოველდღე შეიძლება, რომ წყალი 24 საათით წყდებოდეს? ამ ქვეყანას და ამ კომპანიას პატრონი ჰყავს?! ფეისბუქმაიმუნებს, სულ ლანძღვა-გინებით რომ არიან დაკავებულნი და ათას უწმაწურ სიტყვას ისვრიან სხვადასხვა მიმართულებით, ეტყობა, ეს პრობლემა არ აწუხებთ და ხმაც ამიტომ აქვთ ჩაგდებული, თუ ასეთი დავალება ჯერ არ მიუღიათ?..

ჰოდა, ფეისბუქმაიმუნებო, ახლა მე გაძლევთ დავალებას: ერთი, ნარმანიას ჰკითხეთ, გუშინ რომ ესტუმრა water & power-ს, იქ რა გააკეთა? თვალები აგვიხვია, რომ საქმის კაცია, თუ ხელი მოუწერა, მიდით, ხალხი აწამეთ, ჩემგან „დაბრო“ გაქვთო? ხალხის პრობლემები ეხება თუ არ ეხება, ხომ უნდა ვიცოდეთ, მისი მერობის ბოლო ჟამს მაინც?!

მოკლედ, მიდით ახლა, დაკბინეთ, დაგლიჯეთ, შეყლაპეთ თქვენებურად ეს კომპანია და ნარმანია ბატონი. ამჯერად მაინც გააკეთებთ კარგ საქმეს!

კეთილმა ადამიანებმა დამითაგეთ water & power და ნარმანია. ამოვიდნენ უკვე ყელში!!!“

აქვე განვმარტავთ: ინტერნეტმედიით ამ დღეებში ინფორმაცია გავრცელებულა, რომ „თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, მოადგილეებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ობიექტები დაათვალიერა. ტურის ფარგლებში სტუმრებმა, ღრმაღელის სათავო ნაგებობა, საფილტრე სადგური და წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია მოინახულეს, სადაც სასმელი წყლის კონტროლი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მათ, ასევე, უნიკალური მობილური ლაბორატორია დაათვალიერეს, რომელიც დღეს რეგიონის მასშტაბით ერთადერთია. კომპანიის მობილურ ლაბორატორიაში ადგილზე ჩატარებული კვლევების საშუალებით არასაწარმო და საწარმოო დაწესებულებებიდან წყალარინების კოლექტორში ჩამდინარე წყლის კონტროლი ხორციელდება. სტუმრებმა მოინახულეს: საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგური „საგურამოჰესი“. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან მერიის წარმომადგენლების ვიზიტს უძღვებოდნენ: არჩილ გაჩეჩილაძე _ GGU ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ცხადაძე _ კომპანიის გენერალური დირექტორი; ეკატერინე ბერიძე _ კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი; ირაკლი ბაბუხადია _ კომერციული დირექტორი; მამუკა კიკალიშვილი _ ოპერაციების მართვის დირექტორი; თამარ ნიკურაძე _ ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები. ვიზიტის მიმდინარეობისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელებმა, ქალაქის მერთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის სამომავლო გეგმებსა და საინვესტიციო პროექტების უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე ისაუბრეს. კომპანია მსგავს შეხვედრებს სამომავლოდაც გააგრძელებს“.

მოკლედ, გადავწყვიტე, კომპანიისა და მერიის ყურადღება მიმექცია, რათა საკუთარი თავისთვისაც და იმ უბნის მცხოვრებლებისთვისაც მეშველა, რომელთაც წყალი ხშირად და ხანგრძლივი დროით არ მიეწოდებათ. სოციალური ქსელით ყოველ საათში ასეთ საპროტესტო პოსტებს ვაქვეყნებდი: „არ დავიღლები თქვენზე წერით! წატერ & პოწერ & ბატონი ნარმანია _ გამოუშვით წყალი ვაზისუბანში, ან გავცვალოთ საცხოვრებლები. კოკი არც შემომთავაზოთ!“ „ვიბარებ ბოთლებს! წყალი უნდა მოვიმარაგო, როცა მოვა“; „ვაზისუბანი ითხოვს წყალს! სანამ water & power & ნარმანიას მივადექით პლაკატებით და საყვირებით, გამოუშვან წყალი! თუ არ გამოუშვებენ, წაიღონ დასარეცხი ჭურჭელი, დამირეცხონ და ა. შ. დამითაგეთ ნარმანია!“ „ვაზისუბნის მცხოვრებლები ვითხოვთ: GWP  &  ნარმანიამ გამოუშვას წყალი!“ „რა ტექნიკას ნახულობს ნარმანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“? ვის აინტერესებს მაგათი ტექნიკა, თუ წყალი არ გვექნება? დავიღალეეეეთ!.. რამდენი საათი მოდის წყალი კვირის განმავლობაში, თითებზე ვითვლი და თითები მყოფნის… მე წყალს ვყიდულობ და ეგენი ყიდიან, თუ რა ხდება? ამ კომპანიის მუშაობას ვინმე სწავლობს, თუ სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული? რის ფასად ხდება ეს?“ „დილით წყალი არ წამოვა ონკანიდან და GWP & ნარმანია, დაელოდე მხარზე კოკაშემოდგმულ თებროლეებს! მარტივად არ დასრულდება ეს ამბავი“. უწყლოდ ყოფნის მეორე დღეს, ღამის 11 საათზე, კი დავწერე: „დაიკეტა მაღაზიები, დაყიდეს უკვე, რაც შეიტანეთ, გამოუშვით წყალი! ვაზისუბანში წყალი ახლაც არ მოდის!“

ამ საპროტესტო პოსტმა ყველაზე მეტად გაამართლა, რადგან კომენტარების წერა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმაც დაიწყეს და თავდაცვას შეეცადნენ. თუმცა სანამ მათ კომენტარებს შემოგთავაზებთ, მინდა, მოსახლეობის აზრი გაგაცნოთ, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ ვირტუალურ საპროტესტო აქციაში. აღმოჩნდა, რომ თბილისის ძალიან ბევრ უბანში კომპანია GWP -ს ერთდროულად ჰქონდა შეწყვეტილი წყალმომარაგება. არადა, ცხელ ხაზზე და შემდგომ ამ კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები კომენტარებში გვარწმუნებდნენ, რომ, თურმე, ვაზისუბანში რაღაც დაზიანებულა, მის გამოსწორებას ცდილობდნენ და წყალი ამის გამო არ მოგვეწოდებოდა. ისიც ცნობილია, რომ, წესით, გეგმური  სამუშაოები უბნებში რიგითობით სრულდება და არა ერთბაშად. ასე რომ, ტყუილშიც არ უქნია ღმერთს ეს ხალხი. 6 თებერვალს, თბილისში, წყალი არ მიეწოდებოდა: სვანეთის უბანს, კუკიას, ვაზისუბანს, ვარკეთილს,  მთაწმინდას, რუსთაველს, ნაძალადევს, სამგორს… როგორც გვითხრეს, ამ დღეს წყალი, ასევე, არ ჰქონდა და, საერთოდაც, შეფერხებებით მიეწოდებოდა დიდი დიღმის მოსახლეობას.

აი, როგორ გამოხატავდა პროტესტს ხალხი თბილისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით:

დეა თავბერიძე:

_ რუსთაველზეც მთელი დღეა, წყალი არ გვაქვს.

ხათუნა ნოზაძე:

_ სამგორიც მაგ დღეშია…

ნონა ჩეკურაშვილი:

_ ვერის უბნის მელოდიები! რასაც წყლის გამო ვიბრძვი ამ ძვირფას კომპანიასთან, მერიასთან და სემეკთან გადამამისამართეს! სემეკი აკონტროლებს ამ ჯიგრებსო!

ქეთი მიქაძე:

_ დავიტანჯე მეც უკვე, რა. თუ მოვა და ისე ძაფივით მოდის, გამაცხელებელი არ აცხელებს! იცი, რა მიკვირს, დღეს გეგმური გამორთვა ნაძალადევსა და ისანშია და ჩვენ რატომ ვხვდებით ყველა გამორთვაში? მესამე მასივის ხალხმა, აეროპორტის გზას გადავკეტავთო.

როზეტა გუჯეჯიანი:

_ არც სვანეთის უბანშია და არც კუკიაზე.

ზაზა სვანაძე:

_ მარტო ვასიზუბანში არაა ასეთი ვითარება, რაღაც პერიოდი ვარკეთილში ვცხოვრობდი და იქაც მასე _ კვირაში ერთი დღე მაინც უნდა გადაეკეტათ წყალი.

ქეთი დოლიძე:

_ წყალი კი მაქვს, მაგრამ უამრავი წელია, ეს კომპანია მაყაჩაღებს. ერთხელ კარგად მოვიცლი. 17 წელია, მამა გარდაცვლილია და დღემდე მახდევინებენ გადასახადს, ადრე ორჯერ მივედი და მითხრეს, აწი გამოსწორდება ეგ ამბავიო და, აჰა. სულადობა კვლავ იგივეა. მიცვალებულზე წყლის გადასახადს მახდევინებენ, მეტი საოცრება რაღაა?!

 

ახლა კი GWP -სა და მერიის „დამცველთა“ საუბარს გაგაცნობთ, რომლებიც, როგორც შევიტყვეთ, მათი თანამშრომლები არიან და, ალბათ, ამ დაწესებულებების აზრს გამოხატავენ:

 

თინათინ ჭუჭულაშვილი:

_ მოგესალმებით, ქალბატონო ნელი, კომპანია GWP -ის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი ვარ. წყალმომარგება ხვალ დილით 10 საათზე აღდგება. გუშინ, 5 იანვარს, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ურიდიას ქუჩაზე, #183-თან, 1200 მმ-იანი გვირაბული წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. კომპანიას დაუყოვნებელი რეაგირება ჰქონდა _ ბრიგადებმა, დაზიანების აღმოსაფხვრელად, წყალმომარაგების შეზღუდვის გარეშე განახორციელეს მოსამზადებელი სამუშაოები. დაზიანების აღდგენა მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვდა. ვინაიდან 4 კმ-იანი გვირაბული წყალსადენი დაზიანდა, ქსელის დაცლას დიდი დრო დასჭირდა. ინფორმაცია გუშინვე გავავრცელეთ.

ეკა სრესელი:

_ მერია არაფერ შუაშია, ინფორმაცია წყლის კომპანიამ დადო.  სარემონტოებია და ზოგიერთ უბანს არ აქვს. მილებს ცვლიან, დიდი დრო უნდაო. მიკვირს, რომ ეს ინფორმაცია ვერ ნახეთ.

_ კვირაში რამდენ დღეს შეიძლება ჩატარდეს წყლის სარემონტო სამუშაოები? რატომ არ ინტერესდება მერია? გაარკვიეთ და მიხვდებით, რომ წყლის შეწყვეტა, რეალურად, სარემონტო სამუშაოების გამო არ ხდება და, ხშირად, არსად არაფერს ცვლიან. როცა ქალაქის მერი კომპანიაში მიდის და ამ კომპანიის გამო ხალხი ცუდ დღეში იმყოფება, მინიმუმ, ის მაინც ხომ უნდა იკითხოს, რა ხდება და ხალხს პასუხი გასცეს! თქვენ ახლა ვიღაცას იცავთ, ეს, ალბათ, თქვენი მისიაა, მაგრამ გიფიქრიათ, ასეთ დროს როგორ მდგომარეობაშია კორპუსებში გამოკეტილი ხალხი? გვირჩიეთ, რა ვქნათ?

_ რა ლოგიკა გაქვთ? ვერ კითხულობთ, რას ვწერ? რა შუაშია აქ დაცვა? ეს არის ინფორმაცია, რომელიც გაასაჯაროეს. დარეკეთ ცხელ ხაზზე, იგივეს გეტყვიან. კარგად.

 

თბილისის წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით ფეისბუქზე ატეხილი აჟიოტაჟის დროს, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი, ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილიც ვახსენეთ, თუმცა იგი ვერც ვირტუალურ სამყაროში აღმოვაჩინეთ.

 

სამაგიეროდ, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გამოგვეხმაურა:

_ რეკომენდაციას ამჯერადაც აუცილებლად გავუგზავნით კომპანიას. ბოლო პერიოდში მთელ თბილისში არის ეს პრობლემა და ყველა უბნიდან გვაქვს ინფორმაციები. ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ „ჯვპ“ დავიბარეთ კიდეც და ადგილზე მივეცით რეკომენდაციები. ვაზისუბნიდან ბევრი გვწერდა და ხშირად შევახსენებთ „ჯვპ“-ს, რომ მდგომარეობა გამოასწორონ. მიგვაჩნია, რომ კომპანიამ უწყვეტი და საიმედო მომსახურება უნდა შეძლოს, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება. ისიც გვესმის, რომ სარემონტო სამუშაოები აუცილებელია, მაგრამ ამ სამუშაოების განხორციელებით გამოწვეული დისკომფორტი მომხმარებლებზე მინიმალურად უნდა აისახოს. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად შესრულდეს ხოლმე და ისეთ დროს დაიგეგმოს, როცა მომხმარებელთა დიდი ნაწილი სახლში არ არის. ავარიული შემთხვევები კი მინიმალურ დროში უნდა აღმოიფხვრას.

სამწუხაროდ, 2016 წლის განმავლობაში ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო „ჯვპ“-ს მისამართით და აბსოლუტურად სამართლიანად.

 

ესეც ჩვენ ვართ?! მერიამ ახლა მოწმინდოს პირი GWP -ს _ წყალს გეგმურად წყვეტს, ინფორმაციებს რატომ არ კითხულობთო? ინფორმაციებს კი ვკითხულობთ, ძვირფასო მერია და მერიის წარმომადგენლებო, მაგრამ ამ ინფორმაციების სანდოობაში უკვე ძალიან გვეპარება ეჭვი. ამ ეჭვს კი, სხვა სიტუაციებთან ერთად, თბილისის მერის ცისფერი ხალათით კომპანიაში უცნაური სირბილი და თქვენი კბილებით დაცვაც გვიმძაფრებს.

ბოლო დროს, GWP -სთან დაკავშირებით, ასეთი ინფორმაციებიც ვრცელდება: წყლის კომპანია GWP „ბიჯეო ჯგუფმა“ იყიდა. რომ არ დაიბნეთ, ეს არის „საქართველოს ბანკი“, რომელმაც ზედიზედ შეიძინა „ფარმადეპო“, „ჯიპისი“, ფლობს ცნობილ სამშენებლო ფირმა „ემ კვადრატს“ და ა. შ. ეს ყველაფერი „ბიჯეო ჯგუფის“ სახელის ქვეშაა გაერთიანებული. იყვირეთ ახლა, ბანკი ასეთ საწარმოებს არ უნდა ფლობდესო.

აღარც კი ვიცით, რა ვიფიქროთ. ფაქტი ერთია: მდიდრდებიან, ბობოლები ხდებიან, უცხოეთში დასეირნობენ, ძვირადღირებული მანქანებით დადიან, თვითმფრინავსა და სასტუმროებში „ჰაი კლასს“ ირჩევენ, შვილებს საზღვარგარეთ აცხოვრებენ და ასწავლიან, სახლებს ევროპაში ყიდულობენ, შვეიცარიის ბანკში ანგარიშებს ხსნიან, ძვირადღირებული ექიმი და წამალი არ აკლიათ… ეს ყველაფერი კი იმ ხალხის ხარჯზე, რომელთაც ხელისუფლება სოციალურ დახმარებას უხსნის, საყოველთაო დაზღვევას უმცირებს, წყალს, გაზს, ელექტროენერგიას, ბენზინს უძვირებს, კომერციული ბანკებისა და კომპანიების  საჯიჯგნად ხდის, სიტყვის თავისუფლებას უსპობს… და წლებია, მხოლოდ ოცნებით აცოცხლებს.

 

ნელი ვარდიაშვილი