სოზარ სუბარის კომფორტის ზონა

იგი მესტიის რაიონში დაიბადა. არის ისტორიკოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი, საქართველოს სახალხო დამცველი 2004-2009 წწ.-ებში, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეკლესიაში დიაკვნად, საჯარო სკოლის დირექტორად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის კორესპონდენტად და რედაქტორად. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

დღემდე ის ხალხს ახსოვს, როგორც სახალხო დამცველი. ყველას გვახსოვს, რომ იგი აქტიურად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას და, მათ შორის, იმჟამინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო.

2012 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. ამავე წლის ოქტომბრიდან კი სასჯელაღსრულების მინისტრად ინიშნება, ახლა კი დევნილთა და განსახლების მინისტრია.

დღეს სწორედ მის „კომფორტის ზონაზე“ მოგიყვებით.

რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული ხდება თუ არა საბურთალოზე, ამჯერად, ცინცაძის ქუჩაზე, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აქ ჩვენი დღევანდელი „გმირის“ კომფორტის ზონა მდებარეობს და მისი მიგნებაც იმდენად მარტივი აღმოჩნდა, რამდენადაც ხსენებული ტერიტორიის, მეტ-ნაკლებად, უკვე შესწავლილი მდგომარეობა დამეხმარა დანიშნულების პუნქტამდე დაუბრკოლებლად მისვლაში.

თოვლიან ამინდში სოზარ სუბარის კომფორტის ზონის აღსაწერად წავედი.

პეკინის ქუჩაზე, ბუკიას ბაღს რომ გასცდებით, გზა უნდა გადაკვეთოთ და პირდაპირ იაროთ მარცხნივ პირველსავე შესახვევამდე _ ეს ცინცაძის ქუჩაა (ყოფილი საბურთალოს), ადგილი, სადაც ჩვენი სასჯელაღსრულების მინისტრი ცხოვრობს და სადაც მისი კომფორტის ზონა მდებარეობს.

ეს ქუჩა არც ისე მოკლეა და კენტები _ მარჯვნივ, ლუწები კი მარცხნივ _ პრინციპითაა განლაგებული (ეს მაშინ, როცა სოზარის სახლისკენ მიდიხართ…). ამ ქუჩაზე ორი დიდი მსხვილი სავაჭრო ობიექტია, რომელიც, ადგილმდებარეობიდან და პრესტიჟიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგადაც მუშაობს. ბრენდები რომ არ დავასახელო, ვიტყვი, რომ ერთი მათგანის დომინანტი ფერი წითელი, მეორისა კი _ ნარინჯისფერია.

გავუყევი გზას ცინცაძის ქუჩისკენ და თანმიმდევრობით გავიარე ყველა ის კენტი ნომერი, რომელიც დანიშნულების ნომრამდე მისვლას უძღოდა წინ. აქ კი ცოტა „გავიჭედე“, #47 ვიპოვე, თუმცა იმ კორპუსის შესასვლელი, რომელიც მაინტერესებდა _ ვერა.

ცინცაძის ქუჩაზე, ამ 12-სართულიან კორპუსში (დანიშნულების ადგილი), შესასვლელად პატარა თაღი უნდა გაიაროთ, სადაც შლაგბაუმია დამაგრებული და ადგილზე რამდენიმე მანქანა დაუყენებიათ. ამ თაღის გამოვლის შემდეგ ხვდებით ეზოში, სადაც რამდენიმე კორპუსი დგას და შუაში სათამაშო მოედნისა და მანქანების დასაყენებელი ადგილიც არის.

თაღში შესვლისას პირდაპირ მწვანე ფანჯრებიან კორპუსს უყურებთ, რომელიც დანიშნულების ადგილი სულაც არ არის. ჩვენ სწორედ იმ კორპუსსა და სადარბაზოში მივდივართ, რომელსაც აქამდე რამდენჯერმე ნახსენები თაღი ეკუთვნის. მოკლედ, უხვევთ მარჯვნივ და ხვდებით სადარბაზოსთან, რომელსაც კოდი იცავს, თუმცა ეს რაღაც ახალი სისტემაა, აქამდე არც ერთ ჩემს კომფორტის ზონის ობიექტთან არ შემინიშნავს. კარი ჩვეულებრივია, _ ნაცრისფერი და რკინის.

ვინაიდან თოვს და ყინავს, ეზოში არავინაა, მხოლოდ მანქანები დგას თითქმის ყველგან. უცებ შევნიშნე, რომ გვერდითა კორპუსიდან, რომელიღაც სართულიდან, ქალმა ნამცეცები ტილოს ნაჭრით ეზოში გადმოფერთხა. რა თქმა უნდა, ამ ერთადერთ ხელჩასაჭიდ სულიერს ქვემოდან ძახილი არ დავუწყე და უკეთესის მოლოდინში თაღისკენ დავიძარი, რომელთანაც ტაქსი გაჩერდა და იქიდან პროდუქტებით დატვირთული ორი ახალგაზრდა გოგონა გადმოვიდა. სწორედ მათ ვკითხე:

_ უკაცრავად, ეს ცინცაძის #49 არის?

_ დიახ.

_ აქ ცხოვრობს სოზარ სუბარი?

_ კი, მოდი, კარს გაგიღებ.

_ კარგი, მოგეხმარები, _ ვეუბნები და მისი ტვირთისკენ ვიწევ.

_ არა, არაა საჭირო, _ არ მიშვებს.

მეც დავნებდი და სადარბაზოს კარი გააღეს. მადლობა გადავუხადე და ისინი ლიფტით ავიდნენ, მე კი კიბით დავიწყე სულ ასვლა. თუმცა მანამდე უნდა გამერკვია, როგორი მეზობელი გახლდათ ხსენებული სტატიის „გმირი“ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მეზობლებს მის მიმართ.

პირველსავე სართულზე, როგორც კი სადარბაზოში შევედი, მარცხენა მხარეს უფრო დაბლა ჩამავალი კიბეები, გისოსის კარი, დაბლა ოთახი და ანთებული შუქი შევნიშნე, საიდანაც რემონტის ხმაური გამოდიოდა. რაღაც ახალს ხსნიან, _ ვიფიქრე და პირველ სართულზე გადავინაცვლე. ზარი დავრეკე ჯერ პირველ, მარჯვენა კუთხის ბინის კარზე, თუმცა უშედეგოდ, ასევე გაგრძელდა შემდეგ ორ კარზე ამავე სართულზე, სადაც კარში ჩამაგრებული კომუნალურების ქვითრები იმას მაფიქრებინებდა, რომ ამ სახლში ჯერ არავინ იყო.

შემდეგ სართულზე გადავინაცვლე, სადაც პირველ ორ კარში ისევ ქვითრებს გადავაწყდი და კარი აქაც არ გამიღეს. ახლა მესამე დიდ რკინის მუქბორდო კარს გადავაწყდი. დავაკაკუნე და შიგნიდან ხმა მომესმა:

_ ვინ არის?

_ ჟურნალისტი ვარ, ორიოდე კითხვა მექნება, თუ შეიძლება.

კარი გაიღო.

შუახნის შავთმიანმა ქალმა გამომხედა, რომელიც ისე მიყურებდა, მეგონა, უდიდესი შეცდომა დავუშვი, როცა ჟურნალისტობა ავირჩიე პროფესიად-მეთქი.

_ გაზეთ „ქრონიკა+“-დან ვარ. სტატიას ვამზადებ სოზარ სუბარის კომფორტის ზონაზე. თქვენი მეზობელია, ხომ?

_ კი.

_ იცნობთ? როგორი მეზობელია?

_ არანაირი შეხება არ მაქვს. არ ვიცი.

_ გმადლობთ, _ წამოვედი.

ახლა შემდეგ სართულზე დავრეკე ზარი. აქაც სამივე ბინას თითქმის ერთნაირი კარი ჰქონდა. ბოლოს გამიმართლა და მარცხენა, უკიდურეს კუთხეში მდებარე ბინის კარი ახალგაზრდა მამაკაცმა გამიღო:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მაინტერესებს, სოზარ სუბარს თუ იცნობთ?

_ კი, კი.

_ თქვენი მეზობელია, ხომ?

_ კი, მაღლა ცხოვრობს, მეექვსეზე.

_ ხშირად გხვდებათ? როგორი მეზობელია?

_ კარგი მეზობელია, ვხედავ ხოლმე, გასვლისას დილაობით, თორემ ისე ხშირად _ არა. ყველაფერი წესრიგშია.

_ გესალმებათ ხოლმე? როგორია ურთიერთობაში?

_ როცა ვხედავთ, აუცილებლად კარგი გამარჯობა და საკმაოდ თბილი დამოკიდებულება აქვს.

_ გმადლობთ.

_ არაფრის.

ახლა შემდეგ სართულზე ავედი, პირველსავე კართან დავრეკე ზარი:

_ რომელი ხარ?

_ ჟურნალისტი ვარ. ორიოდე კითხვა მაქვს, თუ შეიძლება.

ახალგაზრდა ქალბატონმა კარი გამიღო, კარს უკან კი ორი შვილი იდგა, რომლებიც 14-15-წლისანი იქნებოდნენ.

_ გისმენთ.

_ მაინტერესებს, როგორი მეზობელია სოზარი? როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენთან?

_ ხალისიანი, სულ სალმიანია და ძალიან დადებითი.

_ დილაობით ხედავთ ხოლმე?

_ ძირითადად, კი.

_ გმადლობთ.

_ არაფრის.

შემდეგ სართულზე უშედეგოდ ვრეკავდი ზარს, თან ქვემოდან იმ ინსტრუმენტების ხმა ისმოდა, ოთახს რომ აკეთებდნენ წეღან.

კიდევ ერთი კარი გაიღო და ძალიან გამიხარდა. იქიდან ახალგაზრდა, შავგვრემანი ქალბატონი გამოვიდა. იგივე კითხვაზე კი მიპასუხა:

_ ძალიან იშვიათად ვხედავ, მომენტებში ხოლმე.

ახლა გვერდით ბინისკენ გადავედი, სადაც კარებიდანვე, მიკაკუნების მერე მკითხეს:

_ ვინ არის?

_ ჟურნალისტი…

ამის შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა და არავის კითხვაზე და ძახილზეც კი არ უპასუხია, კარის გაღებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ასე გაგრძელდა მე-6 სართულამდე, სადაც, როგორც კი ავედი, პატარა კამერა შევნიშნე, რომელიც ამ სართულზე მდებარე სამი ბინის კარის შუაში, მაღლა ეყენა ისე, რომ იგი თავისუფლად აჩვენებდა კიბეებზე ამსვლელ-ჩამომსვლელებს. აქ რამდენიმე წამს შევყოვნდი, რომ კარისთვის ფოტო გადამეღო, გადავუღე კიდევაც და შემდეგ სართულზე გადავინაცვლე.

აქ კარების განლაგება შედარებით სხვანაირია, რადგან კიბიდან პირდაპირ დერეფანში ადიხართ, რომლის ერთ, მარცხენა მხარეს დერეფანი გადის, მის ბოლოში კი ორი ახალი, წითელი კარია, მარჯვენა მხარეს ისევ ჩვეულებრივი განლაგებით თეთრი ძველი კარი, შუაშიც, ასევე, თეთრი კარი დაგხვდებათ.

პირველად დერეფნისკენ წავედი, გავიარე და მის ბოლოში მდებარე კარზე დავრეკე. რამდემე ცდის შემდეგ შუახნის მამაკაცმა გამომხედა:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ გაზეთ „ქრონიკა+“-დან, სოზარ სუბარის კომფორტის ზონაზე ვწერ, ორიოდე კითხვა მექნება, თუ შეიძლება.

_ კი ბატონო, გისმენთ.

_ მაინტერესებს თქვენთან როგორია, როგორც მეზობელი?

_ აქ აღარ ვცხოვრობ, მდგმური მყავს, მაგრამ ისე, ლიფტში რომ შემხვედრია, გამარჯობას ვერ დაასწრებ. მეტი არაფერი ვიცი. ძალიან სალმიანი ადამიანია, ჯერ კიდევ, ციხეების ამბებზე რომ მუშაობდა, იქიდან ვიცი.

_ ხედავდით ხოლმე?

_ კი, მანამდე ლიფტში ან ეზოში მოვკრავდი ხოლმე თვალს, მაგრამ ახლა ამ კორპუსში აღარ ვარ და არ მინახავს.

_ გმადლობთ. აქ, თქვენ გვერდით ბინაში ცხოვრობს ვინმე?

_ არა, მხოლოდ პირდაპირ კარში ცხოვრობენ…

…წინ, კარისკენ წავედი, აქაც დავრეკე, თუმცა „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“, ამიტომ იქითკენ მოვბრუნდი, საიდანაც ხმაური შემომესმა, ეს ის კარი იყო, რომელსაც კიბის ავლისას პირდაპირ შეეფეთებოდით და საკმაოდ ხმამაღალი ხმაური გამოდიოდა.

ზარი დავრეკე და კარი მაშინვე გამიღეს. აქ ერთმა ახალგაზრდა, აშკარად არაქართველი გარეგნობისა და მის უკან მდგომმა ასევე არაქართველმა, მუქკანიანმა, შედარებით მაღალმა ბიჭებმა გარკვირვებით დამიწყეს ყურება. სიტუაციის განსამუხტად სწრაფად დავიწყე საუბარი:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, ორიოდე კითხვა მექნება სოზარ სუბარზე, თუ შეიძლება.

_ მოიცა, მოიცა, რუსულად ან ინგლისურად ამიხსენი, _ რუსულად მითხრა იმ შედარებით დაბალმა ბიჭმა, რომელსაც კარის სახელური ეჭირა.

_ სოზარ სუბარს თუ იცნობთ? თქვენი მეზობელია ქვევით.

ამის თქმა იყო და ორივემ ერთმანეთს შეხედა, იმის დასტურად, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, ვისზე ვსაუბრობდი.

_ არა, არ ვიცნობთ, _ მითხრეს გაოცებულებმა, არ ვიცით, ვინაა.

_ კარგი, გმადლობთ.

ეტყობოდა, სტუდენტები იყვნენ, რომლებიც საქართველოში სასწავლებლად ჩამოვიდნენ.

იმ სართულს გავცილდი, ზევით ავედი, სადაც არაფერი გახლდათ კედლის გარდა და მის ზემოთ უკვე სახურავი იყო.

ქვევით დავეშვი, ყველა სართულს ფეხით ჩამოვუარე, სადაც კარი გამიღეს, ან არ გამიღეს.

მეექვსე სართულიც ჩამოვიარე და ისევ „არსაიდან ხმა…“ კარში _ ისევ კომუნალურების ქვითრები.

პირველ სართულზე სარდაფიდან ისევ რემონტის ხმა ამოდიოდა, შუქიც ენთო და ადამიანების საუბარიც ისმოდა. სარდაფში ჩამავალ კიბეებზე მტვერსა და დაყრილ სამშენებლო მასალებს გადავუარე და ისეთი ხმით ვიყვირე, _ გამომხედეთ ვინმე-მეთქი! _ რომ ბურღის ხმაც კი გადავფარე. ახალგაზრდა ქალი გამოვიდა, თეთრი სახით და შავი თმით. ამასაც ვკითხე, სოზარ სუბარს თუ იცნობთ, ზემოთა მეზობელია-მეთქი:

_ ვაიმე, აქ პირველად თუ მეორედ ვარ, რაღაც იხსნება და მაგაზე მოვედითო. აქ ცხოვრობს?

_ კი, ზემო სართულზე.

_ უი, არ ვიცოდი. ბოდიში.

_ არა, რას ამბობთ-მეთქი, _ და წამოვედი.

მესმოდა, შიგნით ჰკითხეს, ვინ იყო და რა უნდოდაო? ამან უპასუხა, ჟურნალისტი იყო და სოზარ სუბარზე აინტერესებდა, როგორი მეზობელიაო. _ ეგ ვინ არისო? _ ჰკითხეს, ალბათ, იქიდან, რადგან მხოლოდ ამ ქალბატონის ხმა მესმოდა, რომელმაც თქვა, _ სახალხო დამცველი რომ იყო ჩვენიო. _ მერე წამოვედი. კარი ისევე უცნაურად იღებოდა, როგორი უცნაური სტრუქტურაც ჰქონდა.

გარეთ შებინდებულიყო და ქუჩაში ლამპიონები ანათებდა, რომელიც უკვე ნაკლებად მაოცებენ. ისევ თოვდა და ყინავდა.

იქურობას გავცილდი, რაც რამდენიმე მჭიდროდ მოყენებული მანქანებიდან თავის დაღწევის ფასად დამიჯდა. კორპუსს ფოტო გადავუღე და თაღიდან გამოვედი. გზა გადავჭერი, რომ მეორე მხრიდან შენობისთვის უკეთ გადამეღო. ასეც მოვიქეცი.

მაშ, ასე! _ დევნილთა და განსახლების მინისტრის კომფორტის ზონა არის საბურთალო, ცინცაძის ქუჩა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით განლაგებულია დიდი მაღაზიები, სილამაზის სალონები და კაფე-ბარები. ნამდვილად მოსახერხებელი და კომფორტული ადგილია საცხოვრებლად.

 

 

ნინო ტაბაღუა