კადრების ბელადი სოსო
ქვეყნის უშიშროება სახელმწიფოს ხერხემალია, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კი _ სახელმწიფოს ტვინი. მარტივი შედარებისთვის: ადამიანს ორი რამ სჭირდება _ თავისა და ზურგის ტვინი, აქედან ერთი მაინც თუ დაზიანდა, ცოცხალი ორგანიზმი ფუნქციონირებას წყვეტს.
ასევეა სახელმწიფოც. შესაბამისად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ჩვენი ქვეყნის თავის ტვინია, სახელმწიფო უსაფრთხოება კი _ ზურგის (ხერხემალი) ტვინი გახლავთ.
ბოლო წლებში ხშირად დასმულა კითხვები: რატომ გახდა სახელმწიფოში მშვიდობა საფრთხის შემცველი? ქვეყნისთვის საშიში ადამიანები რატომ დასაქმდნენ სახელმწიფო სამსახურში? საიდან ამდენი სხვა ქვეყნის აგენტი? ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ არსებობს. ძირითადი ბრძოლის არეალი, რატომღაც, მხოლოდ „რუსთავი 2“ და „ქრონიკა+“-ია. ყველაფრის მიუხედავად, მთავარ მეტოქედ მხოლოდ ორ მედიაორგანიზაციას მიიჩნევენ. გასული წლის „ქრონიკა+“-ის მიმართ ბრძოლა წარუმატებლად დასრულდა, „რუსთავი 2“-თან _ ისევ გრძელდება.
მთავარი კითხვა, რომელიც შუშის სასახლიდან მოდის, ერთადერთია:
_ რატომ ვერ დახურეთ, რა ხდება?
პასუხი კი გომელაურის უწყებიდან, ერთი:
_ ვერ ვმუშაობთ, კადრები ნულს ქვემოთ გვყავს.
_ რატომ?
_ პროფესიონალიზმისა და კომპეტენტური კადრის პრობლემაა. ვერავინ გადავიბირეთ, ვერ გავტეხეთ.
_ მიზეზი? ვერ იყიდეთ?
_ ვერ შევძელით.
_ და მაინც, რატომ?!
_ დამკვიდრებული წესების საწინააღმდეგოდ გოგაშვილმა უწყებაში ხელმოკლე, უქონელი ადამიანები მიიღო და დაასაქმა. მათ კი, ხელმოკლეობასთან ერთად, არც ჭკუა მოეკითხებათ და არც _ გონება.
დაახლოებით ამ შინაარსის საუბარი გაიმართა იანვრის შუა რიცხვებისთვის გომელაურსა და ვიღაცას შორის. ის „ვიღაც“ შუშის სასახლის მსტოვარია. ომი გრძელდება. მშვიდობა არ ჩანს.
გომელაური მეტ თავისუფლებას ითხოვს, გოგაშვილი კი შეგროვებული კომპრომატებით ვაჭრობს. რატომ? თავის გადარჩენა უნდა. სურათი კი უფრო მძიმეა.
_ თავი დავანებოთ „ქრონიკა+“-საც და „რუსთავი 2“-საც, სხვა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ვისაუბროთ: რა უჯდება სახელმწიფოს სუს-ის შენახვა? გასულ წელთან შედარებით, ზუსტად, ორჯერ მეტი. რატომ? გატენილი უსაქმური კადრების გამო, არარსებული მივლინებების გამო, დამატებული ე. წ. სამუშაო ჯგუფების გამო.
_ რა არის ეს სამუშაო ჯგუფები?
_ მაგალითად ავიღოთ, პირობითად, გაზეთი „#“, ამ გაზეთის მუშაობა კითხვებს აჩენს: ვინ არიან?! რას აკეთებენ? რა შემოსავალი აქვთ? ვინ აფინანსებს? რამდენად იდეური ჯგუფი მუშაობს? ეს ხომ ვიღაცამ უნდა შეისწავლოს თავისი სუსტი და რთული მხარეებით? ამისთვის იქმნება ე. წ. სამუშაო ჯგუფები. ამ სამუშაო ჯგუფებს ეძლევათ გასამმაგებული ჯამაგირი. და რა ხდება? დასკვნა რა არის? არც არაფერი, გაზეთი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, სამუშაო ჯგუფი კი _ ჰამბურგერების ჭამას. შედეგი არ გვაქვს და არც გვექნება. არ შეიძლება, ყანიდან გამოიყვანო გლეხი, რომელმაც არ იცის არც რუსული, არც ინგლისური, რომელსაც პატაკის წარდგენაც კი უჭირს ქართულად და ამფერი იმფერით ლაპარაკობს და მას ანდო ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი. გაზეთი „#“ უბრალო მაგალითისთვის მოვიყვანე, თორემ მხოლოდ მედია ხომ არ არის ამ ქვეყანაში?!
_ რეალური მიზეზი?!
_ გოგაშვილის კადრები, სხვა არაფერი. სუს-ი გატენილია მისი უნიჭო ბიჭებით. შეიძლება, შედეგი სადმე ნახო? არც არსად…
_ რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას, რეორგანიზაცია, ან უწყების ოპტიმიზაცია რომ ჩატარდეს? შესაფერისი კადრები რომ მოიყვანონ?
_ ვერ მოიყვანენ, მაკა. პირველი: ამისთვის საჭიროა გოგაშვილის მოხსნა; მეორე: გოგაშვილის მოხსნას მოჰყვება მის მიერ პროლეტარიატის წარმომადგენლების ე. წ. ბუნტები. ამ კადრების ბელადი სოსოა. ამ ადამიანებმა უცებ გაიღვიძეს და უთხრეს, _ დღეიდან შენ ხარ „აგნეტი 007“, ან რაღაც ზღაპრული არსება, თავისი თავები ფილმების გმირები ჰგონიათ, წარმოსახვით სამსახურში არიან და ვერ ხვდებიან, რა ტრიალებს მათ თავს, ქვეყანაში, ყოველი მესამე, თითქმის, სხვა ქვეყნის დესანტია და ამათ ჰგონიათ, რომ ნიკა გვარამიასა და ელისო კილაძის დამარცხებით თბილისს შარავანდედი დაადგება. სოსო გასაშვებია, მაგრამ სოსოს გაშვებამდე იმ კადრის შეცვლაა საჭირო, რომლითაც გოგაშვილმა სუს-ი ასე გაამდიდრა. სამაგიეროდ, ამ ყველაფრის ფონზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს შეექმნათ სასათბურე პირობები.
სუს-ში, თანამშრომლებს მხოლოდ რეკომენდაციებით იღებენ, რომელთა უმრავლესობა, რა თქმა უნდა, გასულ წლებში გოგაშვილს ეკუთვნოდა, ამის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. რეალურად, არავინ ამოწმებს, ვინ მოდის უწყებაში, რომელიც ქვეყნის მართვის უმნიშვნელოვანესი წერტილია. აქ მომუშავე ადამიანები ვერტმფრენშიც არ მსხდარან. ესენი რომელიმე რეისს რომ გააყოლო რაიმეს დასაზვერად ან გასაგებად, რა უნდა ჩამოგიტანონ? თვითმფრინავში გადაღებული სელფები? მეტი ხომ არაფერი?! ეს აქ, ცენტრალურ ნაწილში რაც ხდება. აბა, ახლა, პერიფერიებში გადავინაცვლოთ, რა მდგომარეობაშია რეგიონული სამსახურები? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე უნდა მუშაობდნენ, მაგალითად, ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობაზე?! საგარეჯოს იორმუღანლო აიღე და ლაგოდეხის კაბალი… რა ინფორმაცია გვაქვს იქ არსებულ სიტუაციაზე? არაფერი, საერთოდ არაფერი, სუფთა ფურცლები. იგივეა პანკისსა და ყარაჯალაზე. ვიცით, რა ისლამური დაჯგუფებები ცხოვრობენ იქ? ყარაჯალაში იცი, რამდენი ვაჰაბისტია? იცი, რამდენი ადამიანია წასული სირიაში? _ არ იცი. ასევე არ ვიცით ჩვენც. რატომ? მიზეზი მარტივია _ გოგაშვილმა ხელმოკლე, ჭკუამოკლე და უქონელი ადამიანებით აავსო უწყება. რა იდეა, რის იდეა?! საერთოდ, ადამიანები აქ რომ მუშაობენ, აქვთ კი მიზანი, რაც აერთიანებთ? აერთიანებთ სოსო გოგაშვილი და გასამმაგებული ჯამაგირი.
_ გამოსავალი?
_ გამოსავალი არის ერთადერთი, _ სრული, ძირეული ცვლილება! არ შეიცვლება გოგაშვილი და მისი „პროლეტარიატი“ სუს-ში?! _ ქვეყანა დაზარალდება და ასე აგურ-აგურ ჩამოგვეშლება ყველაფერი.
- S. კარლ იუნგენი: „თუკი ადამიანი ვერ იგებს, რას ეუბნებით, ის საკუთარ თავს კი არა, თქვენ მიგიჩნევთ სულელად“. კარლ იუნგენის მიხედვით ჩვენ, სოსოს აზრით, ყველანი სულელები ვართ. ეუბნებოდე და არ ესმოდეს, იშვიათია. და ეს იშვიათი კი ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია…
მაკა მოსიაშვილი