პირველი ხელფასი

ახალგაზრდებმა თავისი შრომითი უფლებების დასაცავად ხმა აიმაღლეს. ამ პროცესმა, თითქმის, პარალელურად იფეთქა „ბიბლუსსა“ და „ფრესკოში“. დამაფიქრებელია ის, რასაც ეს ადამიანები აპროტესტებენ და ასმაგად დამაფიქრებელია ის, რაც მოჰყვა მათ პროტესტს. სოლიდარობას ვინ ჩივის, ყველამ თითო ლოდი დაუშინა საკუთარი ვოლიდან ამ ახალგაზრდებს ჩასაქოლად და მეტიც, გახსნეს თემა, ვინ, სად და რამდენი აიღო პირველ ხელფასად.

რასაც ახლა ვწერ, არანაირად არ ეხება არც „ფრესკოს“, არც „ბიბლუსს“. იმიტომ კი არა, რომ ეჭვი შემაქვს იმ ადამიანების გულწრფელობაში, რომლებმაც გაუსაძლისი პირობები გააპროტესტეს, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ასეთივე გაუსაძლისი პირობებია მთელ ქვეყანაში, ყველა სუპერმარკეტში, ყველა დიდსა თუ პატარა დაწესებულებაში და ეს ჩვენ ყველამ გადასარევად ვიცით. ვიცით და ჩუმად ვართ, ვიცით და ხმას არ ვიღებთ, ვიცით და ფეხებზე გვკიდია სხვა და მეტიც, თუკი ვინმე ხმას ამოიღებს, ნაცვლად იმისა, რომ მათ ადგილზე ჩვენი თავი, ჩვენი უმცროსი დები, ძმები, ჩვენი მეგობრები წარმოვიდგინოთ, მათ იქით ვამუნათებთ და უმალ გაზულუქებული დამსაქმებლების გვერდით ვკალათდებით. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენშიც პოტენციური პლანტატორია და მათთან უფრო ვახდენთ იდენტიფიკაციას?

რა, არ ვიცით, რა ხელფასად და რა პირობებში უწევთ ამ გოგო-ბიჭებს მუშაობა გინდა, „ფრესკოში“, გინდაც, „ნიშაში“ და გინდაც, „ნიკორაში“? თვალები არ გაქვთ? არ უყურებთ ამ თვალებამოღამებულ კაფანდარა გოგო-ბიჭებს? არ იცით, რამდენ ლარად უწევთ დღის და ღამის გასწორება? ნამუსი მართლა ჯართში ჩააბარეთ? რომ გამოდიხართ და ურცხვად ტლიკინებთ, ხელშეკრულებებს რომ ხელს აწერდნენ, არ იცოდნენ, რა პირობებზე მიდიოდნენ სამუშაოდო?

ჯერ ერთი, რომც არ კითხულობდნენ ეს გოგო-ბიჭები ამ ხელშეკრულებებს და ისე აწერდნენ ხელს და იწყებდნენ მუშაობას, რა, ეს ამ თაობის ნოუჰაუა? აქამდე ყველა ლუპით კითხულობდა ამ ქვეყანაში ხელშეკრულებებს და ამ გოგო-ბიჭებმა დაიწყეს ხელშეკრულებებზე წაუკითხავად ხელმოწერა? ენას რომ კისერზე კაშნესავით იგდებთ ლაქლაქისგან, ერთი, თქვენ რამდენჯერ გაქვთ წაკითხული სტრიქონ-სტრიქონ ყველა ხელშეკრულება, რაზეც კი ოდესმე ხელი მოგიწერიათ?

ცხადია, ყველა მათგანმა იცოდა, რა კაპიკებზედაც მიდიოდნენ სამუშაოდ _ გასამრჯელოს ყველა კითხულობს. დავუშვათ და ხელშეკრულებაც წაკითხული ჰქონდათ და ყველა პირობას იყვნენ წინასწარ გაცნობილები და დათანხდნენ ამ პირობებს, რა, სულწასულებს ამოხრიალების უფლებაც აღარ აქვთ? კი, დათანხმდნენ მაგ ანაზღაურებას, მაგრამ სხვა არჩევანი ჰქონდათ? კითხულობთ მაინც, რამდენგან მივიდნენ ეს გოგო-ბიჭები სამუშაოს ძებნისას, რამდენგან უთხრეს იგივე ანაზღაურება და რა ქნან? არსად არ იმუშაონ და მშივრები იყვნენ? რა, სხვაგან ამ ბავშვებს ვინმე მეტ ანაზღაურებას სთავაზობდა და ისინი მივიდნენ და ამ კონკრეტულ ობიექტებზე დასთანხმდნენ დაბალ ანაზღაურებას? რა უნდა ქნას ადამიანმა, როდესაც ყველგან ერთი და იგივე პირობებია? ყყელგან ერთი და იგივე _ დაბალი და გაუსაძლისი პირობები? ან რომ შედიხართ და ამ მშრომელ გოგო-ბიჭებს ზემოდან უყურებთ, თავი ვინ გგონიათ, თქვენ პატრიციები ბრძანდებით და ისინი _ მონები? როდესაც სახლში გიყრიათ გაზულუქებული, პარაზიტი შვილები, მაცივრიდან მზა საჭმელსაც რომ ვერ იღებენ და თქვენ გელოდებიან, შოშიის ბარტყებივით პირში ჩაუდოთ, არ გრცხვენიათ მაინც, ამ მშრომელ ბავშვებს რომ ზემოდან უყურებთ?! მათგან რომ ამერიკულ ღიმილს ითხოვთ, იმ ამერიკებში და ევროპებში რომ დატლაკუნობთ, ერთი იმ ამერიკელ, ევროპელ მომხმარებლებსაც შეხედეთ, თქვენსავით ბღვერით პასუხობენ სუპერმარკეტებსა თუ ბარ-რესტორნებში დასაქმებულ ადამიანებს? აა, უკაცრავად, მაგათ ღიმილში უხდიან და თქვენ არა, ხომ? ემანდ, ღმერთი არ გაგიწყრეთ, ქართველობა არავინ წაგართვათ, მუქთად შუბლი არ გახსნათ, დაიბღვირეთ, მუჯლუგუნიც წაჰკარით, თავშიც ჩააფარეთ ამ ბავშვებს.

ყველას აქვს უფლება, ეჭვი შეიტანოს ამ ადამიანების პროტესტის გულწრფელობაში, თუნდაც, ივარაუდოს, რომ ეს ამ კონკრეტული კომპანიების კონკურენტი კომპანიებისგან აგორებული კამპანიაა ამ კომპანიების ჩასაძირად. ყველას აქვს უფლება, ცოტა ამბიციურად ეჩვენოს ეს გოგო-ბიჭები და, რა თქმა უნდა, იმის უფლებაც გაქვთ, დაიბოღმოთ მათ მცირე ხელფასებზეც და ბონუსებზეც, რომელსაც ჯარიმებით უკრეჭენ. ერთი ხელით ბონუსს აძლევენ, მეორით _ ჯარიმის სახით აჭრიან. კი, აზრის გამოხატვის თავისუფლების ეგიდით და საფარქვეშ ბოღმის ნთხევის უფლებაც გაქვთ, ეგ თქვენი ბოღმაც „ლეგიტიმურია“, მაგრამ რა გბოღმავთ? გიყურებთ და თქვენ შემხედვარეს, იცით, რა მახსენდება? ადრეულ ბავშვობაში ყველა მოხუცი გვაძახებდა, თქვენ ომი არ გინახავთ, თქვენ ომი არ გინახავთო! მერე მოხდა ისე, რომ ყველა ომი ვნახეთ, თან მათსავით დისტანციურად _ კავკასიონს გადაღმა კი არა, აგერ აქ, ცხვირწინ _ თბილისში, სამაჩაბლოში, აფხაზეთში, ყველა ომმა და უბედურებამ ჩვენს ზურგზე გადაიარა. ახლა თქვენც იმ მყრალი ბებრებივით დამდგარხართ და იხსენებთ, ვინ რა გაუსაძლის პირობებში დაიწყეთ მუშაობა და რამდენ კაპიკს გიხდიდნენ. ანუ რა? რომ თქვენ უარესი გაქვთ გამოვლილი ხმის ამოუღებლად და რაკიღა თქვენ ეს ჯოჯოხეთი გამოიარეთ, ყველამ ეს ჯოჯოხეთი უნდა გამოიაროს დღეს? ხათუნა ცხადაძის თქმის არ იყოს: „…უკაცრავად და ვის რა ფეხებად აინტერესებს, ვინ რამდენს ვიღებდით ხელფასს და ვის რამოდონა ქაქი გვიჭამია? მაშინ არც დენი გვქონდა, არც გაზი, არც სხვა სიკეთე და არც ევროპაზე და წარმატებულ სახელმწიფოზე ყრანტალებდნენ ქვეყნის „ლიდერები“. რომ მოვკეტოთ და თუ ვინმეს რამით შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც მართლა ძალიან უჭირთ ამ აღვირახსნილ ქვეყანაში, საბაზრო ეკონომიკაზე რომ რატრატებს (და ბანანების რესპუბლიკამდეც ბევრი არ აკლია), არ შეიძლება?“ (ხათუნა ცხადაძის პოსტიდან).

რა გინდათ, როგორც თქვენ დაიტანჯეთ, ისე გინდათ, რომ დღესაც იტანჯებოდნენ? გრძნობთ, რომ მაგ დამოკიდებულებით გაავებული, გაბოროტებული ბებრები ხართ, ასაკისდა მიუხედავად? ან იმ პირველ სამსახურებს და ხელფასებს რომ იხსენებთ რიხით და ტრამპა-ცუმპით, გოჩა მირცხულავას თქმის არ იყოს, ბარემ, იმაზეც დაწერეთ, პროტექტციით რომ მოხვდით იმ პირველ სამსახურებში და თქვენზე ჭკვიანი დაჩაგრეთ.

არა, არც პირველი სამსახურისა და პირველი ხელფასის გახსენებაა რამე მანკიერება, როცა ტალღა აგორდება, ძალაუნებურად მოგეძალება ეს ფიქრები, გაგახსენდება ის პირველი გასამრჯელოც, შენი შრომით მიღებული და ის გასამრჯელო ტკბილია, რაც არ უნდა კატორღულ პირობებში იყოს მოპოვებული, ჯუნგლებში ნაშოვნი ალალი ლუკმაც გემრიელია, მაგრამ მეორეა, რას უპირისპირებ ამ შენს ტკბილ-მწარე მოგონებებს? ვის წისქვილზე ასხამ წყალს ამ ყველაფრით? ისე ჩაწიხლეთ ეს საწყალი ბავშვები, სადმე ვინმეღა გაბედავს ხმის ამოღებას საკუთარ შრომით უფლებებზე? თან იმოძღვრებით, საკუთარი უფლებები უნდა იცოდეთო, მისი დაცვაო. სცადეს ამ ბავშვებმა და რა მიიღეს პასუხად? სოლიდარობის ნაცვლად სრული ისტერიკა, რომ, თურმე, „ფრესკოში“ შესანიშნავი, კომფორტული მომსახურებაა, რომ, თურმე, „ბიბლუსში“ კომფორტული მომსახურებაა. ეგ თქვენი კომფორტი სწორედ მაგ ახალგაზრდების მხრებზე რომ დგას, თუ იცით? თუ კომპანიის დირექტორები, ან გაზულუქებული ტოპმენეჯერები გემსახურებიან, როდესაც შედიხართ? ეგ კომფორტული მომსახურება რომ მოგწონთ, მხოლოდ თქვენი კომფორტი გაღელვებთ? იმ ადამიანების დისკომფორტი არაფრად გიღირთ, ვინც მაგ კომფორტს უზრუნველყოფს? თქვენ, ეგ ახალგაზრდები, უკიდურესი მატერიალური გაჭირვების გამო რომ მანდ მუშაობენ, მართლა უვიცი გოგო-ბიჭები ხომ არ გგონიათ? იკითხეთ მაინც, სად სწავლობენ იმ ამოღამებული თვალებით, რომ როგორმე სწავლის გადასახადი გადაიხადონ, ბინის ქირა გადაიხადონ და 2 ლუკმა ჭამონ? მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მშობლები თქვენსავით ათას კლდეზე ვერ გადახტნენ და ვერ უზრუნველყვეს და ვერ უზრუნველყოფენ მათ სრულფასოვან ცხოვრებას?

ან მაგ ბავშვებს რომ სთხოვთ  ხელშეკრულებების წაკითხვას, ერთი იმ დამსაქმებელთა მოთხოვნებშიც ჩაიხედეთ, რატომ აწესებენ ასაკობრივ ზღვარს და რატომ ითხოვენ მხოლოდ სასიამოვნო გარეგნობას მიღებისას და რატომ სთხოვენ მერე მათ კვალიფიკაციას? რას ფიქრობენ, როდესაც 18-19 წლის ახალგაზრდებს კონსულტანტებად ნათლავენ? მანამდე, ვიდრე თბილისში წიგნის ამდენი მაღაზია გაიხსნებოდა, პეკინზე იყო და ახლაცაა წიგნის სახლი. იქ მუშაობდა და, ვგონებ, დღესაც მუშაობს კონსულტანტად ახალგაზრდა ქალი (და არა 18-ოდე წლის გოგონა), ფრიად ნაკითხი, განათლებული, ამომწურავად ფლობდა, რა წიგნებს ყიდდა; შეეძლო, მართლაც ერჩია წიგნი, დაწყებული თარგმანის ხარისხით, დამთავრებული ლიტერატურის ბოლო ტენდენციებით. იგივეს შეძლებს სტუდენტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა? ან სუპერმარკეტში 19 წლის გოგოს ან ბიჭს კონსულტანტს რომ დაარქმევ, რომელმაც მომხმარებელს უნდა ურჩიოს, ფლობდეს ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტზე, უკაცრავად და, რანაირად იქნება მისი რჩევა კვალიფიციური? სასურსათო საქონელმცოდნეა? ან გაუსინჯავს კი ის, რასაც ყიდის, რომ პირის გემოთი მაინც გირჩიოს რამე? დღემდე ყურებში მიდგას ერთი კონსულტანტი გოგონას ნათქვამი, _ როგორ მოგატყუოთ, მე არც ერთი მიჭამია. ძვლები დამეწვა, ეს რომ მითხრა და თქვენ ან ძვლები არ გაქვთ, ან გული? ასეთი უძვლო და უგულო რა მამამ გაგაკეთათ, რა დედამ გშობათ? დახედეთ ფასებს, რა ღირს რიგი დასახელების პროდუქტები, თუნდაც, თევზი! საიდან იცოდეს 250-ლარიანმა კონსულტანტმა, რომელი თევზი უკეთესია _ 100-ლარიანი თუ 90-ლარიანი?

რა ყველა ბეწვი და ბანჯგვლი ამოიგლიჯეთ, ამოიპუტეთ, რა თქვეს ამ ბავშვებმა? როგორ თუ გაბედეს და 8-საათიანი სამუშაო დღე ახსენეს? თავი რომ მწვანე კიტრებად მოგაქვთ, იცით მაინც, რის ფასად მიაღწია კაცობრიობამ ამ 8-საათიან სამუშაო დღეს? ან ასე გამგელებულები რომ იცავთ მაგ კომპანიებსა და მათი დაცვით ყველა ასეთ მსხვილ და წვრილ კომპანიას, ყველა დამსაქმებელს იმაზე მაინც არ გიფიქრიათ, ეგ კომპანიები ერთი ხელით რომ მაგ ბავშვებს ამუშავებენ, მეორით რომ ჩვენს მომხმარებლებს ყვლეფენ? აბა, თუ ყვლეფა არაა, რატომ ღირს ერთგან 80 თეთრით მეტი ერთი და იგივე დასახელების, წონის კარაქი, ვიდრე მეორეგან? ცხადია, მეც მეტყვით, ფასს ხომ კითხულობ, თუ არ გაწყობს, ნუ იყიდიო, ნუ შეხვალო… პასუხი, ცხადია, მზად გაქვთ და, ჯამში, რა გამოდის? თურმე, ეს გარემო, რაშიც ცხოვრება გვიწევს, ძალიანაც მოგწონთ და გაწყობთ! და ამ ნირვანაში ცხოვრებას ჩვენ გირღვევთ, დისონანსი შემოგვაქვს.

ხმას არავინ იღებს იმაზე, რომ წიგნის მაღაზიაში წიგნის ქურდობა უმსგავსობაა, უნამუსობაა, და ხმას იღებთ იმაზე, როდესაც კონსულტანტები აპროტესტებენ იმას, რომ მათ ამ ზარალის დაფარვა უწევთ თავისი ხელფასიდან. თურმე, ნუ იტყვით და კამერები აყენია! ერთ-ერთმა ყოფილმა კონსულტანტმა დაწერა, ერთ კლიენტს რომ რაღაცას ვუხსნიდი, იმ დროს მეორე იპარავდაო. რა ქნას იმ კონსულტანტმა? რას ამოიცნობენ იმ კამერით? _ ვინც მოიპარა იმას, თუ ვისაც მოპარეს იმას? ან ეს შენიშვნა არაფერს გეუბნებათ? „პირველი უნდა გქონდეთ ერთი პატარა ოთახი მაინც, სადაც თანამშრომელი დასვენებას შეძლებდა და, ელემენტარულად, ყავის დალევას, რადგან ყველას არ აქვს საშუალება, რომ კაფეში დაჯდეს და იქ რამე შეჭამოს, ან დალიოს“. ადამიანი მთელი დღე რომ სამსახურშია, და შესვენებაც არ აქვს, რა ქნას? და რომც გქონდეს შესვენება, სად წავიდეს გაჭირვებული საჭმელად? ქუჩაში ილუკმოს? მე სამსახურიდან ბევრი ასეთი ახალგაზრდა მინახავს გამოსული, ქუჩაში რომ ჭამს. თქვენ ლანჩებით, მსუყე სადილებით მაძღრებო, გიფიქრიათ ამ ბავშვებზე? გასაძლისი პირობაა ეგ? მაღაზიას მაღაზიაზე რომ ხსნი, რა გახდა იმ მაღაზიაში 5 კვ.მ.-იანი ოთახის მოწყობა, რომ ადამიანმა სული მოითქვას? მაგრამ არა, თქვენ გაგახსენდებათ, რომ, თავის დროზე,  პროზექტურებში გამომცხვარ, მარილიანი მაკარონით გაკეთებულ ხაჭაპურს ჭამდით და ამ ბავშვების ნათქვამი მწყობრიდან გამოგიყვანთ! თქვენ ისიც გაგაკვირვებთ,  როცა ეს ხალხი იმას აპროტესტებს, მთელი დღე აკრძალული რომ აქვთ მობილური ტელეფონით სარგებლობა. იმ შავბნელ 90-იანებში ხომ მობილურიც არ იყო და ახლა რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს უფლება, ტელეფონით დაუკავშირდეს სახლში შვილს, მეუღლეს?.. იქნებ, ვინმე უკვდება, იქნებ, ხანძარია მის სახლში? მერე რა, სამუშაოდან რომ მივა, ის დამწვარ-დაბუგული სახლი იქ არ დახვდება, ან მკვდარი შვილი?

და რა მივიღეთ ჯამში? რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ ის, რომ დამქირავებელი ოფიციალურ განცხადებაში უკმაყოფილო თანამშრომლებს ჭიპილიას ცოლივით ლანძღავს? უწოდებს მათ უნიათოს, უსაქმურს, მუქთახორას, ლუზერებს და იქვე მუქარასაც აფენს: „ბოიკოტის აყოლა ნიშნავს თქვენი ჯიბეების, საფულეებისა და შემოსავლის ბოიკოტს“; რომ, თურმე, ვინც კი კითხვას სვამს, ბინძურხელებიანია და „ფრესკოს“ არ უნდა შეეხოს. რა გინდა, რომ თქვა?! _ სუპერმარკეტი კი არა, წმიდა სამსხვერპლო, საკურთხეველი ყოფილა… გეკითხებით, რას ნიშნავს მათი დამფუძნებლის განცხადება: „დორბლები მოიწმინდეთ, „პეროები“ გამოიღეთ, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქეთ და… გპატიობთ“. რა ჰგონია ამ ხალხს თავი, სუპერმარკეტის დამფუძნებელი, თუ წმინდა კულტის მოწყალე ქურუმი?

ეს გინდოდათ და ეს გაწყობთ, ხომ? იმ თქვენი პირველი ხელფასის მზემა…

 

რეზო შატაკიშვილი