ვისი დავალებით უსმენენ უჩა მამაცაშვილს?

უნდობლობა ადამიანების, საკუთარი გარემოცვის, ნათესავებისა და მეგობრების მიმართ ბიძინა ივანიშვილის სავიზიტო ბარათია. მას ახლოს ჰყავს პოლიტიკური პარტნიორები და კიდევ უფრო ახლოს ჰყავდა პირადი მეგობრები, თუმცა, ამავდროულად, მათ მუდმივად აკონტროლებდა.

სქემა, რომლითაც ივანიშვილი საკუთარ ბიზნესს მართავდა, ერთი ერთზე გადმოიტანა ქვეყნის მართვისას. ამ მოდელში არ არსებობს სიტყვა გუნდი, არსებობს მხოლოდ დროებითი პარტნიორები, რომლებსაც საკუთარი მისიის ამოწურვის შემდეგ  დაუმშვიდობებლად იშორებს თავიდან.

2012 წელს, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა და მთავრობაც დააკომპლექტა, არადა, ანალიტიკოსებმა და დასავლურმა წრეებმა იცოდნენ, რომ არჩევნებში მის კოალიციას 40% უნდა მიეღო, დანარჩენ ხმებს „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი რომელიმე სატელიტი პარტია იღებდა. ყველასთვის მოულოდნელად, „ციხის კადრების“ გამოქვეყნების მერე, დალაგებული სიტუაცია აირია და ივანიშვილი, რეალურად, ქვეყნის მმართველი გახდა.

2012 წლის ნოემბერში, როცა საარჩევნო პერიპეტიები უკვე მომთავრებული იყო და რისკი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, ივანიშვილმა საქართველოში საკუთარი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ჩამოიყვანა. ამ პერიოდისთვის მისი სახელი და გვარი საქართველოში არავინ იცოდა, არც კი იგუგლებოდა. მამაცაშვილი წლების განმავლობაში რუსეთში მუშაობდა და ივანიშვილის რამდენიმე ბიზნესს „ხედავდა“. უჩა მამაცაშვილმა ბინა „პიქსელის“ შენობაში დაიდო, სადაც გია ხუხაშვილთან ერთად ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდებოდა და ბიზნესწილების გადანაწილების საკითხებს არკვევდა. მისი ინტერესის ძირითადი სფერო რკინიგზა, გადაზიდვები, პორტები და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი სხვა აქტივები გახლდათ. მას ამ საქმეში მეგზური სჭირდებოდა და სწორედ ამ დროს „პიქსელის“ შენობაში ჯერ რამაზ ნიკოლაიშვილი გამოჩნდა (სააკაშვილის ხელისუფლების ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი), მოგვიანებით კი მთავარი პროკურორის მოადგილე დავით ჩხატარაშვილი. სწორედ ამ ორი ადამიანის მეშეობით მიიღო მამაცაშვილმა სრული ინფორმაცია „ნაცების“ ფინანსურ სქემებზე. ჩხატარაშვილს ბოლომდე მაინც არ ენდნენ და, მოგვიანებით, დაიჭირეს კიდეც, რამაზ ნიკოლაიშვილს კი განსაკუთრებით აზერბაიჯანის მიმართულებით თემების დალაგება დაუფასდა, თან იმდენად, რომ, საბოლოოდ, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში მოხვდა მეოცე ნომრად. წესით, ეს ფაქტი პირველი სიგნალი იყო იმისა, რომ ენმ-ს გარკვეულ წრესა და ივანიშვილის გარემოცვას შორის გარიგება უკვე არსებობდა.

ფინანსური სქემების დასალაგებლად უჩა მამაცაშვილს, დაახლოებით, სამი წელი დასჭირდა. მეოთხე წელს მისი გავლენები პოლიტიკურ პარტიებსაც მისწვდა. მის ოფისში ხშირად ხედავდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამიჯნულებს, პარლამენტში მოხვედრის მსურველებსა და ა. შ. უჩა მამაცაშვილის მარჯვენა ხელი, სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი, მეტსახელად „ანტრიკოტა“ გახდა.

2012 წელს სოსო გოგაშვილის სახელი და გვარი მხოლოდ კუდ-მა და იმ ხალხმა იცოდა, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ პლაკატების გამკვრელებად მუშაობდნენ. იყო დრო, გოგაშვილს პარტიის ოფისში არ უშვებდნენ და ახალი ცნობების მოლოდინში შენობის წინ ბორდიურზე ათენ-აღამებდა. არადა, ახალი ამბები ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან ვალი ჰქონდა გასასტუმრებელი. მაშინდელმა ფინანსურმა პოლიციამ ინდმეწარმე _ ყასაბი გოგაშვილი, რომელიც ფარშის დისტრიბუციით იყო დაკავებული, სოლიდური თანხით დააჯარიმა, მას ამ თანხის ჩამოწერაში კი სწორედ მისი მეზობელი, კუდ-ის „ოდეერი“, გიორგი (გოგიტა) პაპაშვილი დაეხმარა, რომელმაც, თავის დროზე, „ანტრიკოტა“ „დაავერბოვკა“ და კუდ-ის უფროსის მოადგილეს, ვაჟა ლელუაშვილს დააკავშირა. სოსო გოგაშვილის პოლიტიკური აქტივობიდან „ქართული ოცნების“ მაშინდელი აქტივისტები მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩატარებულ აქციას იხსენებენ, რომელშიც, ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, თავადაც მონაწილეობდა, მაგრამ აქციის შესახებ შემორჩენილ ერთადერთ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, როგორ იფარავს სახეს კაშნეთი „ანტრიკოტა“ და ცდილობს, კამერების ობიექტივში არ მოხვდეს.

არჩევნების მერე სოსო გოგაშვილს მაშველად შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, ზვიად ჯანყარაშვილი გამოუჩნდა, _ მან „ზემლიაკი“ გენერალურ ინსპექციაში მიიყვანა სამუშაოდ. ამ უბირმა და გაუნათლებელმა მაჩხაანელმა ბიჭმა ინტრიგების ხლართვის შესაშური „ჭკუა“ გამოიჩინა: ჯანყარაშვილისგან კახი კალაძესთან გადაპორტირდა, მოგვიანებით კი უჩა მამაცაშვილის ცოლისძმას დაუკავშირდა და ახალი პატრონიც იშოვა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილი გოგაშვილის პერსონით დაინტერესებულა და მისი საყვარელი დეიდაშვილისთვის უკითხავს კიდეც, _ ეს კაცი სად იპოვე, როგორც გავიგე, ადრე პარტიაში არაფერი ესაქმებოდაო. მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილი გოგაშვილზე კიდევ უფრო გაბრაზებულა, როცა მასთან ბიზნესმენი გენო მალაზონია მისულა და უთქვამს, _ ბიზნესმენების საქმეებში სუს-ის უფროსის მაოდგილე ერევაო და ფაქტებიც მოუყოლია. გაბრაზებულ ივანიშვილს საყვარელი დეიდაშვილისთვის დაურეკავს, _ ეს გოგაშვილი სუს-იდან ამდენ ხანს რატომ ვერ მოაშორეო. სწორედ ამ დროს უთხოვია მისთვის უჩა მამაცაშვილს, _ ორი თვე დამაცადე, რამდენიმე პროექტი აქვს დაწყებული, დაასრულებს და წავაო.

ივანიშვილს მამაცაშვილი უპასუხოდ დაუტოვებია, სამაგიეროდ, თავად მამაცაშვილს დაურეკავს გენო მალაზონიასთვის, _ თუ რამე პრობლემა გქონდეთ, ბიძინა აღარ შეაწუხოთ, მე აგერ არ ვარ, ყველაფერში დაგეხმარებითო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გაბრაზებულ და ტრადიციულად ეჭვიან ივანიშვილს, რამდენიმე სანდო პირისთვის, უჩა მამაცაშვილის ყველა ტელეფონის მოსმენა და მასზე სრული ინფორმაციის მოპოვება დაუვალებია, ხოლო ახლო ნათესავების მეორე ფრთის რეკომენდაციით, სუს-ის უფროსის მოადგილედ ალეკო ტაბატაძე დაუნიშნავს. ამ დანიშვნით გოგაშვილს გავლენები მნიშვნელოვნად შეუმცირდა, _ მას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონტროლი საერთოდ ჩამოართვეს, ხოლო ანტიკორუფციული დეპარტამენტის საქმიანობას ბიძინა ივანიშვილის დავალებით ასევე სხვა პირები ახორციელებენ, რადგან, როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ყოფილ პრემიერს გონივრული ეჭვი აქვს, რომ მისი საყვარელი დეიდაშვილი სოსო გოგაშვილთან ერთად მის ზურგსუკან ფულს ისე აკეთებს, პირადად ის საქმის კურსში არ არის.

უჩა მამაცაშვილს მოქმედ პრემიერთან არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მას კვირიკაშვილის მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრად საკუთარი კანდიდატურის დანიშვნა უნდოდა, მაგრამ პრემიერი არ დაეთანხმა და ამ პოსტზე ზურაბ ალავიძე დანიშნა. დანიშვნამდე, სწორედ სოსო გოგაშვილის დავალებით, სუს-ის მედიამ ალავიძეს წარსული და „ნაცებთან“ ურთიერთობა გაუხსენა, მაგრამ ამ ფაქტს მისი დანიშვნისთვის ხელი არ შეუშლია. მომდევნო წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საკმაოდ დიდი თანხაა გამოყოფილი და რაკი უჩა მამაცაშვილი სამინისტროს პირდაპირ კონტროლს ვერ ახერხებს, ამ ეტაპზე, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ალავიძეს მოადგილედ, სწორედ, სოსო გოგაშვილის სიძეს, გუჯა სონღულაშვილს უნიშნავენ, რომ სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია სისტემატურად მიიღონ. საერთოდ, ოჯახის წევრების ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებაში გამოყენება გოგაშვილისთვის უცხო არ არის, ხშირად, სწორედ მისი ცოლის, თეა მარტყოფლიშვილის მეშვეობით გადასცემს ის სასურველ ინფორმაციას (დეზინფორმაციას) გავლენის აგენტებს, ხოლო ცოლისდის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე უძრავი ქონების, მათ შორის, შეძენილი მიწების ნაწილი აქვს გაფორმებული.

გიორგი კვირიკაშვილი ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და რადგან ზუსტად იცის, რომ მარტის ბოლოს თანამდებობის დატოვება მოუწევს, არც ფიქრობს, რომ გოგაშვილს რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა გაუწიოს. ამის დასტურად „ქრონიკა+“-ის წყაროს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი მოჰყავს: პრემიერმა კვირიკაშვილმა მხარის გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა მოაწყო, რომელსაც, გოგაშვილის დაჟინებული თხოვნით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დიტო სამხარაძეც ესწრებოდა. სამხარაძის ინტელექტზე პარტიაში ანეკდოტები დადის და ხუმრობენ, _ ამან რეგიონების რა იცის, თავმოყვარე კაცი ორ ბატს არ ჩააბარებსო. კვირიკაშვილმა გუბერნატორებს სთხოვა, რეგიონების საკითხებზე კოორდინაცია დიტო სამხარაძესთან გქონდეთო. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერის რწმუნებულები დაუფარავად ლანძღავდნენ კვირიკაშვილს, _ სამხარაძესთან რა გვესაქმება, პარლამენტის დეპუტატი ჩვენი უფროსი რატომ უნდა იყოსო.

ამავე წყაროს ინფორმაციით, გოგაშვილით ასევე უკმაყოფილო ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ძმა, რომელსაც ყოფილ პრემიერთან „ანტრიკოტას“ მისამართით პრეტენზიები პირადად გამოუთქვამს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ივანიშვილს გოგაშვილის გაშვება გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ მხოლოდ იმაზე წუხს, რომ სუს-ის მაღალჩინოსნის გაშვება „ქრონიკა+“-ის აქტივში არ ჩაიწეროს.

გოგაშვილის გამოსაცდელი ვადა ნელ-ნელა იწურება, მაგრამ ორივე საკითხი, რომელიც მან დაიწყო, ჯერჯერობით, წარუმატებლად ვითარდება. ერთი მხრივ, საუბარია „რუსთავი 2“-ის საქმის დასასრულზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შანტაჟზე. მოსამართლეებისთვის სახლში გაგზავნილი წერილები იმდენად კომიკურად გამოიყურება, რომ ძალოვან უწყებაშიც კი ღადაობენ „ანტრიკოტას“ ფანტაზიებზე.

მეორე თემა, რომელიც სუს-მა დაიწყო და ასევე არასასურველი სცენარით გაგრძელდა, პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაა. სინოდის აჯანყება ვერ შედგა, გოგაშვილმა პატრიარქის ერთგული რამდენიმე პირის დისკრედიტაცია მოახერხა, მაგრამ ხსენებულ ეპარქიებში საკუთარი ცოლის ბიძაშვილი, მეუფე სვიმონი ვერ გაამწესა, სამაგიეროდ, „მოდულის“ შენობაში სულ უფრო ხშირად ხედავენ მეუფე იაკობს, რომელიც, ამავე წყაროს ინფორმაციით, პატრიარქის ერთგული პირების წინააღმდეგ, ამ დღეებშიც გამოვა მკვეთრი განცხადებებით.

საკონსტიტუციო უმრავლესობის პარალელურად, გაზაფხულზე ივანიშვილი მთავრობისა და კონსტიტუციის შეცვლას აპირებს. უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ პრემიერის პოსტს ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი, გიორგი გახარია დაიკავებს. ასევე შეიცვლება მინისტრების დიდი ნაწილი. ამ ეტაპზე კანდიდატურებს არჩევენ და პროცესში ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტი, პავლე კუბლაშვილიც მონაწილეობს. ადგილობრივი არჩევნების გადაგორებას ივანიშვილი ახალი მთავრობისა და ბიზნესმენთა დახმარების ახალი მილიარდიანი პროგრამის მეშვეობით აპირებს, მაგრამ, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მას, თითქოს, ყველაფერი დალაგებული აქვს, რეალურად, წინ მძიმე დღეები ელის.

რუსეთი ყოფილი პრემიერისგან, ხელისუფლებაში მოყვანის სანაცვლოდ, ვალის გასტუმრებას მოითხოვს. და ეს ვალი გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე დღეს ვინმეს წარმოუდგენია. ერთი მხრივ, საუბარია აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე და პროგრამა მაქსიმუმი შეიძლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყოს!!!

ქვეყნის შიგნით ივანიშვილის უძლეველობის მითი დევნილობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად დაანგრია. ივანიშვილმა ვერ მოახერხა სააკაშვილისთვის პარტიის ახევა და, შესაბამისად, მისი ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება. მეტიც, სააკაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ უძრაობის დრო დასრულდა, პარტია თავდაცვიდან შეტევის რეჟიმში გადადის, რაც საბოლოო ამოცანად ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად. „ქრონიკა+“-ის წყარო ქვეყნის გარეთ ივანიშვილის მთავარ პრობლემად მის ყოფილ პარტნიორს, ანატოლი ბიკოვს ასახელებს და ამ დრომდე უცნობი ისტორიის დეტალებს გვიყვება.

სისხლიანი ალუმინის სახელს ატარებს ის იმპერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში ააშენა. ამ საქმეში მუდმივად ფიგურირებდა ვინმე ანატოლი ბიკოვი. ის მოკრივეა. ივანიშვილმა ბიკოვი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში, მათ შორის, მკვლელობის დამკვეთად ჯერ გამოიყენა, „როსსიისკი კრედიტში“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზეც კი დანიშნა, მაგრამ, მოგვიანებით, თავიდან მოიშორა, _ ბიკოვი დააპატიმრეს, კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი ლებედი კი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ჩვენი წყარო ამბობს: ანატოლი ბიკოვმა სწორედ მაშინ დაიფიცა, რომ ივანიშვილისთვის არაფრის პატიებას აპირებს და ივანიშვილიც საქართველოში სწორედ ბიკოვის პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ გადმოიხვეწა, მშობლიურ სოფელში დასახლდა და ხუთი წელი ჭორვილიდან საერთოდ არ გასულა. ამ წლებში ჩამოუყალიბდა მას საკვების მიმართ ფობია და მოწამვლის პანიკური შიში. სხვათა შორის, ანატოლი ბიკოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. რუსული მედია წერდა, რომ გენერალ ლებედის მკვლელობის შესახებ მან გამოძიებას ფასდაუდებელი ინფორმაცია მიაწოდა. ვარაუდობენ, ბიკოვმა ლებედის მკვლელობის დამკვეთიც დაასახელა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს თქმით, ივანიშვილი პუტინის მძევალია. ალუმინის ომმა აჩვენა, რომ მას საჯარო ქმედებები არ უყვარს და კულისებში ყოფნა ურჩევნია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან საკუთარი ტელევიზია გაყიდა, რამდენიმე დაახლოებული პირის გარდა არავისთან კონტაქტობს, შთაბეჭდილებას ქმნის, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა, მაგრამ თუ მოსკოვი აფხაზეთის აღიარებას მოითხოვს, მას კულისებში დარჩენა გაუჭირდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ანატოლი ბიკოვის ფაქტორი მისთვის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, რადგან კარგად იცის, ბიკოვი რაზე წამსვლელია, რომელიც, თავის დროზე, სწორედ მის დავალებებს ასრულებდა.

არჩევნები დასრულდა, მაგრამ, რეალურად, საქართველოში არაფერი შეცვლილა. დასუსტებული და ეკონომიკურად წელში გაწყვეტილი ქვეყანა სწორედ რუსეთის ინტერესებშია. ჩვეულებრივი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება, სამოქალაქო პროტესტი სპონტანურად, პოლიტიკური პარტიების აქტიურობის გარეშე დაიწყოს. მასობრივი პროტესტის დროს, რეალურად, ივანიშვილი ხელისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. მას წასასვლელი, თითქმის, არსად აქვს, მხოლოდ საქართველოში გრძნობს თავს უსაფრთხოდ, სხვაგან მისი მოსისხლე მტერი, ანატოლი ბიკოვი, ყველგან მისწვდება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მას სათადარიგო სცენარიც აქვს, რომლისთვის მზადებაც ბოლო პერიოდში დაიწყო. თვითგადარჩენის ინსტინქტი ივანიშვილს აიძულებს, რომ თავდაცვის ზომები მიიღოს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თუ გაზაფხულზე პროტესტი ხანგრძლივი და მასობრივი იქნება, პარალელურად, აუცილებლად აირევა სიტუაცია ჯავახეთში, რაც, შეიძლება, საბოლოოდ, ამ რეგიონში რუსული საჯარისო ნაწილების შემოყვანით დასრულდეს.

სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჯავახეთში სიტუაცია ვანო მერაბიშვილმა დაალაგა, _ რეგიონში გაიხსნა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, ეტაპობრივად ხდებოდა ინტეგრაცია, ადგილობრივებს საჯარო სამსახურებში ასაქმებდნენ, ინტენსიურად მიმდინარეობდა რკინიგზის მშენებლობა, დაიხარჯა საკმაოდ დიდი ფული. ადგილობრივი სეპარატისტების ლიდერი, ვაჰაგან ჩახალიანი, ციხეში დიდი ხნით გამოკეტეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილის აწყობილი სტრუქტურა ნელ-ნელა მოიშალა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯავახეთში სომხეთის საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტები გახშირდა. ეკა ბესელიას ძალისხმევით, ჩახალიანი პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან განთავისუფლდა, რომელიც ახლა ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგში უჩივის. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჯავახეთში სიტუაციის ასარევად სწორედ „ჯავახკის“ ლიდერს, ვაჰაგან ჩახალიანს და მის მიერ კონტროლირებად სეპარატისტებს გამოიყენებენ, ჯავახეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციები დაიწყება, ხელისუფლება ამ პრობლემას ვერ და არ მოუვლის, არეულობის შემთხვევაში კი ჯავახეთში რუსული სამხედრო ნაწილები შემოვა. გალში უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო ქალაქის მშენებლობა. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, ივანიშვილი ისევ კულისებში დარჩება და განტევების ვაცი საქართველოს მოქმედი მთავრობა იქნება, თუმცა თუ სოციალური და პოლიტიკური კრიზისი ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებში გადაიზარდა, მაშინ ივანიშვილი ხელისუფლებას, უბრალოდ, ვერ შეინარჩუნებს, რადგან მის დავალებებს უპირობოდ მხოლოდ სუს-ის რამდენიმე მაღალჩინოსანი შეასრულებს, სხვა ძალოვანი უწყებები, მათ შორის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, ფაქტობრივად, ჩამოშლილია. რიგითი პოლიციელები და ჯარისკაცები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის დასაცავად არ გამოვლენ.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მარტის ბოლოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გადადგება და ახალი მთავრობის დაკომპლექტება დაიწყება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური კრიზისიც აქტიურ ფაზაში სწორედ ამ დროს შევა.

 

ელისო კილაძე