მოწმეთა ტრენინგ-ცენტრი „მატროსოვზე“

სისხლის სამართლის კოდექსის 205-4 მუხლში და პატიმრობის შესახებ კანონში გარკვევით წერია, რომ ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე საკნებში ათავსებენ და იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებულია, შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდეთ.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად სწორედ იმას მიიჩნევდა, რომ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირები 2006 წელს ერთ საკანში ისხდნენ 15 დღით და სწორედ ეს ფაქტი გახდა სტრასბურგის სასამართლოს შეშფოთების საგანი. საინტერესოა, გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესაბამისი მუხლები:

126-ე: 2006 წლის 23 მარტს პირველმა განმცხადებელმა საჩივარი შეიტანა საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, რომელმაც აღნიშნა, რომ „პატიმრობის შესახებ კანონის 86/2 მუხლის დარღვევით, ოთხივე ბრალდებული თბილისის მე-7 საპყრობილეში ერთსა და იმავე საკანში ჰყავდათ მოთავსებული. იგი აცხადებდა, რომ ეს საშუალებას აძლევდა ბრალდებულებს, შეეთანხმებინათ თავიანთი ჩვენებები და ამით ხელი შეეშალათ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის. სსსკ-ის 161/1 მუხლის თანახმად, მან მოითხოვა პატიმრების დაუყოვნებლივ ერთმანეთისგან განცალკევება.

127-ე: იმავე დღეს პირველმა განმცხადებელმა იგივე შუამდგომლობით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსსა და გენერალურ პროკურორს.

130-ე: ამ საჩივრებს არავითარი მოქმედება არ მოჰყოლია;

131-ე: 2006 წლის 27 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ოთხი ბრალდებული 2006 წლის 8-23 მარტს მართლაც ერთ საკანში იყო მოთავსებული, რადგან თბილისის მე-7 საპყრობილეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც რემონტი დასრულდა, ისინი ერთმანეთისგან განაცალკავეს. სახელმწიფოს მიერ ზეპირი მოსმენისთვის სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტები იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ბრალდებულები ერთსა და იმავე საკანში ჰყავდათ მოთავსებული. არსებობს, ასევე, დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ 2006 წლის 21 თებერვალსა და 25 მარტს ერთ-ერთმა კომპანიამ მე-7 საპყრობილეში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.

133-ე: პირველი განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ის კომფორტი და ლმობიერება, რომელსაც სახელმწიფო ორგანოები აშკარად იჩენდნენ ოთხი ბრალდებულის მიმართ, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ბრალდებულებს არ მიეცათ კაფე „შარდენში“ მყოფი შს მაღალი თანამდებობის პირებისა და შს მინისტრის მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენებები.

ეს არის ფრაგმენტები სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ. ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა და ციხე ჩაჯდა. მას 13 გამამართლებელი განაჩენი აქვს და ერთადერთი ეპიზოდი, რომელზეც სასჯელს იხდის, სწორედ სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდია.

ბაჩანა ახალაიას განაჩენში წერია:

მოქმედებდა კანონით დაკისრებულ მოვალეობათა საწინააღმდეგოდ. ბაჩანა ახალაიას მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მარტის ბრძანებით ბრალდებულებს საქართველოს შს სამინისტროს იმჟამინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს: გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა და იმავე დღეს შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში.

ბაჩანა ახალაიამ თავისი ძმის, დავით ახალაიასთვის ქმედითი მხარდაჭერის გზით და უკანონო უპირატესობის მინიჭების მიზნით, პატიმრების: გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძისა და ავთანდილ აფციაურის მე-7 დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე ხანში დაწესებულების იმჟამინდელმა დირექტორმა მეგის ქარდავამ, რომელიც, თავის მხრივ, ახალი დანიშნული იყო, ასევე თავად ბჩანა ახალაიას მიერ, იმავე დაწესებულების თანამშრომლებს მისცა მითითება, რომ აღნიშნულ ბრალდებულებს არ უნდა შექმნოდათ არანაირი პრობლემა დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან იმ თვალსაზრისით, რომ განსხვავებით სხვა ბრალდებულებისგან, მათზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს კანონმდებლობით და დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო თავად ამ პირებთან დამოკიდებულება თანამშრომლების მხრიდან უნდა ყოფილიყო სრულიად განსხვავებული“.

ეს კონკრეტული მაგალითები მხოლოდ იმიტომ მოვიტანეთ, რომ პარალელები გავავლოთ ჩვენს საქმესთან. 31 მარტს ჩვენი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა დაიწყო. სახალხო დამცველმა იმის მტკიცებულებები წარმოადგინა, რომ ბრალდებული სპეცრაზმელები თვეების განმავლობაში ჩვენთან ერთად ისხდნენ „მატროსოვზე“ #19 საკანში. ჩვენ 2 თებერვალს დაგვაკავეს, „მატროსოვზე“4 თებერვალს შემოგვიყვანეს, რამდენიმე სპეცრაზმელი გლდანის მე-8 დაწესებულებაში დატოვეს, ხოლო 19 თებერვალს ისინიც „მატროსოვზე“ გადმოიყვანეს და თავიანთ მეგობრებთან ჩასვეს. 19 თებერვლიდან 7 აგვისტომდე (ამ დღეს გაუშვეს ისინი) ერთად, ერთ საკანში ისხდნენ, დაახლოებით, ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს განცხადება ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც არაერთგზის გავაკეთეთ, მაგრამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. მით უფრო, რეაქცია არ ჰქონდა არც პროკურორ ამირან გულუაშვილს, რომელიც, სხვათა შორის, ბაჩო ახალაიას იმ საქმის პროკურორი გახლდათ, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. გრიგოლ ცააძე მეზობელ, #17 საკანში იჯდა და სმოდა, როგორ მეცადინეობდნენ პროკურატურის მიერ დაწერილი ჩვენებების დაზეპირებაში სპეცრაზმელები. გრიგოლ ცააძემ ეს ყველაფერი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მოუყვა და ასევე წინასწარ უთხრა, რა ჩვენებებს მისცემდნენ სპეცრაზმელები სასამართლოზე. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჩვენ ცხრა თვის განმავლობაში სამარტოო საკანში მოგვათავსეს, არ გვქონდა ტელევიზორი, რადიო, კახა ნაკანი იმ ზომამდეც მივიდა, რომ ვენები გადაიჭრა.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დაადასტურეს: როცა 2015 წლის 22 აპრილს, მონიტორინგის მიზნით, „მატროსოვზე“ იმყოფებოდნენ, აღმოაჩინეს რომ #19 საკანში ერთ საქმეზე ბრალდებული შვიდივე სპეცრაზმელი ერთად იჯდა.

მათ ოქმი შეადგინეს და ცნობა მოითხოვეს, როდის ჩასვეს ისინი ერთად. სპეცნაწილის უფროსმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ეს ცნობა მისცა კიდეც.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროპის სასამართლოს აღშფოთების საგანი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ოთხი ბრალდებულის ერთ საკანში 15 დღით მოთავსების საკითხი გახდა. ჩვენს საქმეზე შვიდი სპეცრაზმელი ერთ საკანში იმყოფებოდა ხუთი თვის განმავლობაში. პროკურორი ამირან გულუაშვილი, ორ სხვადასხვა დარბაზში, ერთნაირი პრეცედენტის შემთხვევაში, სხვადასხვა რამეს აკეთებს. ის, რაც ბაჩანა ახალაიასთვის დანაშაული და კანონის დარღვევაა, ჩვენი საქმის მოწმეებზე არ ვრცელდება, არც დაწესებულების დირექტორის მხრიდან კანონის დარღვევას იმჩნევს ვინმე.

მარტივი წარმოსადგენია, რა მარაზმთან და შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე.

ანალოგიური საქმეა „კასრების საქმე“.

თავიდან, 2013 წელს, 11 კაცი იყო დაკავებული. ამ საქმეზეც ანალოგიურად მოიქცნენ. 11-დან ორი ბრალდებული  ერთად ჩასვეს „მატროსოვზე“, 4 #1 საკანში, და ოთხიც _ #9 საკანში, დაახლოებით, რვა თვის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რვა ბრალდებული ერთად იჯდა. რატომ მოხდა ასე? კობა თოდუაზე, რომელიც დღემდე იძებნება აფხაზურ-რუსული სპეცსამსახურების მიერ, არც მაშინ ჰქონდათ რამე მტკიცებულება მისი ამ საქმეში მონაწილეობის თაობაზე და, მით უმეტეს, არც ახლა აქვთ. იგი არ არის არც ერთ ვიდეოში, არც მისი ხმაა, დანაშაულის ჩადენის დროს, მობილური ტელეფონის ამონაწერის მიხედვით, თბილისში იმყოფებოდა, ასევე თითის ანაბეჭდების მიხედვითაც, რვა ბრალდებულიდან მხოლოდ ორი დაითანხმეს ჩვენების მიცემაზე, ისიც პროკურატურის დაწერილი ჩვენებების ბეჯითად მეცადინეობის შემდეგ. ამ ფაქტის თაობაზე ორმა მოწმემ _ ჭითანავამ და ბულიამ _ სასამართლოზეც განაცხადეს. მეტიც: ჭითანავამ სასამართლოზე პროკურორ კავსაძეს დაადო ხელი, _ ამან ჩაგვსვა ერთად, პერიოდულად შემოდიოდა და ჩვენზეზეწოლას ახორციელებდაო.

მოკლედ, ამ ამბების შემდეგ ჩვენ „მატროსოვის“ ციხეს „მოწმეთა მომზადების ცენტრი“ დავარქვით. გაგეცინებათ, მაგრამ ეს ასეა.

ხელისუფლებამ ბაჩო ახალაია ციხეში ანალოგიური ბრალდებით გამოკეტა, რასაც, ფაქტობრივად, ყოველდღე სჩადის ჩვენი დაწესებულების დირექტორი და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობა. ვინმეს წარმოუდგენია, რომ იმდროინდელმა დეპარტამენტის უფროსმა გახარიამ, ან იმდროინდელმა მინისტრმა მღებრიშვილმა დილით გაიღვიძეს და  გადაწყვეტილება მიიღეს, „მატროსოვზე“ ტრენინგცენტრი გაეხსნათ?

კითხვაზე, _ რატომ ჩასვეს ერთად ერთ საქმეზე ბრალდებული პირები? _ პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. როცა ჩვენი აღმკვეთი ღონისძიება განიხილებოდა, პროკურორმა მთავარ არგუმენტად მოიყვანა: ამათი გარეთ დატოვება როგორ შეიძლება, მოწმეებზე სერიოზულ ზეწოლას მოახდენენო, რასაც მოსამართლე დაეთანხმა. სამაგიეროდ, აიღეს და ჩვენი საქმის მოწმეები 15 კვ.მ. საკანში ერთად ჩასვეს.

ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ესენი არიან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სადაც შედიან პროკურატურის, სუს-ის, შსს-ს, სასჯელაღსრულების სისტემისა და სასამართლოს წარმომადგენლები, ამ პროცესში ბევრი ადვოკატიც მონაწილეობს.

გამოსავალი ერთია: ან თავიანთი ჯგუფის წევრები უნდა დააკავონ და ახალაიას მიუსვან გვერდით, ან ბაჩო ახალაია გაუშვან.

 

პატივისცემით: ირაკლი ფირცხალავა

„მატროსოვი“, 12 თებერვალი, 2017 წელი.