ვახტანგ ბეგიაშვილი: „ენერგეტიკის სამინისტრო, ლამის, თავდაცვაზე უფრო დახშულ სისტემად ჩამოყალიბდა“

რატომ ჩამოყალიბდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ერთ-ერთი დახურული ტიპის ორგანიზაციად? კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, რატომ არ საჯაროვდება გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და რუსულ „გაზექსპორტს“ შორის დადებული ბოლო ხელშეკრულება? როგორ შეაფასეს აღნიშნული ხელშეკრულება რუსულ მედიაში? უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი ენერგეტიკის სფეროს მმართველთა პროფესიულ კვალიფიკაციას? რატომ არ გადაიხედება წინა ხელისუფლებისას გაფორმებული სადავო ენერგეტიკული ხელშეკრულებები? რატომ ამჯობინა ხელისუფლებამ მცირე ჰიდროსადგურებს გორის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა? რას წარმოადგენენ „სოკარსა“ და გაზის კორპორაციას შორის მოქმედი ფირმები?..

ამ და სხვა კითხვებზე „ქრონიკა+“-ს პასუხობს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი გენერალური დირექტორი, მედიაკავშირ „ობიექტივის“ წამყვანი _ ვახტანგ ბეგიაშვილი:

_ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ერთ-ერთ დახურული ტიპის ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ლამის, თავდაცვის სამინისტროზე უფრო დახშული სისტემაა. ასე რატომ მოხდა და რატომ არაფერს ასაჯაროებენ?

_ სულ ბოლოდან დავიწყოთ: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და რუსულ „გაზექსპორტს“ შორის დადებული ხელშეკრულება ავიღოთ. პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორი ითხოვს პასუხს, თუ რა პირობებით დაიდო ქალაქ მინსკში ეს ხელშეკრულება?

ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა და ჩვენ მის პირობებს ვერ გავთქვამთო. რას ნიშნავს, კომერციული საიდუმლოება? ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, საქართველო რა თანხებს იხდის, ტრანზიტულად რა რჩება, გადასახადი რამდენია…

ასევე ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩვენ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ოპტიმალური პირობები მივიღეთ. მინისტრის მოადგილე მ. ვალიშვილი ამტკიცებს, რომ საუკეთესო ტრანსპორტირების ტარიფი გვაქვს(?!). რას ნიშნავს ოპტიმალური პირობები? ან საუკეთესო ტრანზიტის ტარიფი?

დანიაში გაზის ტრანსპორტირება 14 ევრო ღირს, უნგრეთში 7 ევროა, ავიღოთ ბელარუსი, სადაც ტრანზიტი 4,5 დოლარია. გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ამაზე კარგი ფასი აქვს დადებული? ეჭვი მეპარება (გადახედეთ იმ პერიოდის რუსულ პრესას და ყველაფერს მიხვდებით…). ვინ მოიგო, ეს ყველას აინტერესებს და სამინისტრო აღნიშნულ მონაცემებს არ გასცემს; აცხადებს, რომ ეს რაღაც გასაიდუმლოებული ხელშეკრულებაა და ა.შ.

_ რეალურ მიზეზს სად ხედავთ?

_ ადრე რა პირობებითაც გვქონდა დადებული ხელშეკრულება, 2 მილიარდ 400 მილიონი კუბმეტრი გაზი გაედინებოდა სატრანზიტოდ სომხეთში, იქიდან ნატურალური სახით ათ პროცენტს ვიღებდით. ეს ნატურად მიღებული გაზი ჩვენი მოსახლეობისთვის ბევრად სასარგებლოა, ვიდრე მონეტარიზაციაზე გადასვლა. ახლა ჩვენ რუსეთმა ფული უნდა გადაგვიხადოს, მაგრამ ამ ფულით მერე რა გაზი მოგვივა? იმის მესამედი, ან ნახევარი, რასაც აქამდე ნატურით ვიღებდით.

ამიტომ ეს არის წამგებიანი ხელშეკრულება. ჩემი გათვლებით, წაგებამ, დაახლოებით, 25 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა!

_ ამაზე რატომ წავიდნენ?

_ იმიტომ, რომ ნამდვილად არაკვალიფიციური ხალხია. პირდაპირ ვამბობ, რომ ენერგეტიკის სამინისტროში  90%-ზე მეტი არაკვალიფიციური ხალხი მუშაობს. ან საიდან უნდა იცოდნენ, როცა მინისტრი ისტორიკოსია, მოადგილე _ თარჯიმანი, სხვები გაურკვეველი პროფესიის ხალხია, ყოველ შემთხვევაში, ენერგეტიკოსები  ნამდვილად არ არიან.

ჰკითხეთ ნებისმიერ ამ სფეროს სპეციალისტს (ალბათ, უფრო მიკროფონისა და კამერის გარეშე) და თუ სინდისთან პრობლემები არა აქვს (ახლა ასეთების პოვნაც გაჭირდა), გეტყვის, რომ სამინისტროში განათლებული, პროფესიონალების რიცხვი ნულის ტოლია, რომ დარგში მენეჯერები, ძირითადად, ყოფილი „ოდეერები“, პირადი დაცვისა და დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომლები არიან, საერთოდ, ამათ  ენერგეტიკის რა გაეგებათ? როგორ შეიძლება, ენერგეტიკაში რამე იცოდნენ?

„გაზექსპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებითაც ჩანს, როცა აშკარად  წამგებიან პირობებზე მოუწერეს ხელი რუსებს.

უკვე ანეკდოტადაც დადის ქალაქში: კალაძისთვის ოლიმპიური ჩემპიონის, ზვიადაურის დასაქმება სამტრედიის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ დირექტორატში შეუთავაზებიათ, მას კი თავი გაუგიჟებია, _ სად ზვიადაური და სად ფეხბურთი, ფეხბურთის რა გაეგება, არაპროფესიონალიაო. ამიტომ სწრაფად მოუძებნა „პროფესიულად“ შესაფერისი ადგილი, უფროსი მრჩეველ-კონსულტანტის თანამდებობა გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. ხუმრობა იქით იყოს, ყველამ იცის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მენეჯმენტი, ძირითადად, კალაძის „პროფესიონალებითაა“ დაკომპლექტებული.

სააკაშვილი რომ აცხადებდა, ომი მოვიგეთო, ესენიც ზუსტად ასე იქცევიან, – ჩამოვიდნენ და აცხადებენ, რომ ხელშეკრულება ხელსაყრელი პირობებით დავდეთო. ვეკითხები, გვაჩვენეთ, რას წარმოადგენს ეს ხელსაყრელი პირობები-მეთქი?

_ პასუხისმგებლობა ვის მხარეზეა?

_ რასაკვირველია, ენერგეტიკის სამინისტროზე. მაგრამ აქ ერთ ხელშეკრულებაზე როდია საუბარი, აქ ხელშეკრულებების მთელი რიგია, რომელსაც დღემდე ენერგეტიკის სამინისტრო არ ასაჯაროებს.

კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (მინისტრი ა. ხეთაგური, მისი კურატორები: ვ. მერაბიშვილი, ზ. ადეიშვილი) რუსეთის „ინტერ-რაოს“ შესთავაზა „ენგურჰესის“ მართვაში გადაცემა, რომელიც ჩვენი ყველაზე მძლავრი ჰიდროსადგურია. ამასთან დაკავშირებით მემორანდუმი მომზადდა და ამ მოღალატეობრივ მემორანდუმზე კალაძის დღევანდელი  მოადგილე ი. ხმალაძე მუშაობდა, რომელიც „ნაციონალური“ რეჟიმის დროს იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. თავის დროზე, როცა ჩვენ, „ქართული ოცნებაც“ ოპოზიციაში ვიყავით, გასაჯაროებას ვითხოვდით, თუ რატომ ვაძლევდით ენგურს რუსეთს.

ისე, ენგური რომ არ გვქონდეს, საერთოდ, ჩვენი ეკონომიკა ნულთან გასწორდებოდა. რატომ მისცეს რუსულ „ინტერ-რაოს“, რა პირობებით აძლევენ ამხელა ჰესს? მაშინაც ასე აცხადებდნენ (იგივე ვალიშვილი), რომ ეს ყველაფერი კომერციული საიდუმლოება იყო.

კიდევ უკან წავიდეთ: 2007 წელს „ინტერ-რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით, 2015 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დაეფინანსებინა, აეშენებინა და ექსპლუატაციაში გაეშვა 100 მეგავატის ჰიდროელექტროსადგური, ან თბოელექტროსადგური. დღეს ენერგეტიკის სამინისტროს ვეკითხები: სად არის ეს სადგური? რატომ არ შესრულდა პირობა?

ახლა დაწვრილებით ვთქვათ, რატომ გაკეთდა ეს მემორანდუმი, ჩვენმა მოქალაქეებმა რომ იცოდნენ: როდესაც გამანაწილებელი კომპანია ინვესტიციას თავისსავე კომპანიაში დებს, ეს, რა თქმა უნდა, მარეგულირებელ კომისიას ტარიფში შეჰყავს და ტარიფი იზრდება. მაგრამ როდესაც ამ საინვესტიციო კომპონენტის უკან ამოღებას იწყებ, ის ტარიფი გიმცირდება.

სწორედ 2007 წელს მოვიდა ის პერიოდი, როდესაც „თელასს“ ჩადებული ინვესტიციებიც ამოღებული ჰქონდა და მისი ტარიფი 3,7 თეთრით უნდა გაიაფებულიყო. ამასთან დაკავშირებით მოიფიქრეს ეს მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერს ზურაბ ნოღაიდელი და „ინტერ-რაოს“ მხრიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რაპაპორტი. ეს 2007 წლის 20 ივნისს ხდება. როგორც აღვნიშნე, აქ „ინტერ-რაოს“ ვალდებულებად ჩაუწერეს, რომ 2015 წლის პირველ სექტემბრამდე 100 მეგავატის სადგურს ააშენებდა.

წინასწარგანზრახული მემორანდუმის ეს პირობა მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფში გაუტარა და ეს 3,7 მეათედი „თელასს“ არ ჩამოაკლო.

3,7 თეთრი რომ არ დააკლო „თელასს“, ჩვენ ვიხდიდით ამის საფასურს, რადგან დადებული პირობა არ შესრულდა. რაც დავითვალეთ, ჩვენ „თელასთან“, დაახლოებით, 380 მილიონამდე ზედმეტად გადავიხადეთ 2012 წლისთვის. სად წავიდა, სად გაქრა ეს თანხა?!

ზუსტად იგივე პირობაა „ენერგო-პროსთან“ (პრემიერ-მინისტრმა ნ. გილაურმა გააფორმა მემორანდუმი). იცით, რომ „ენერგო-პრო“ ჩეხური კომპანიაა, „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქაური კომპანიაა, რომელიც აქ ოპერირებს და განაწილების ლიცენზია აქვს. საერთოდ, სამი გამანაწილებელი კომპანია გვაქვს ქვეყანაში. 1. „თელასი“, 2. „კახეთი“ (გაკოტრების რეჟიმშია) და 3. „ენერგო-პრო“. ე. ი. თბილისისა და კახეთის გარდა, ყველა აბონენტი „ენერგო-პროსია“, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირები.

„ენერგო-პროსაც“ ჰქონდა საინვესტიციო ვალდებულება: ჰესები, მრიცხველები, ხაზი, ამომრთველები უნდა გაესწორებინა და ა. შ., მაგრამ როდესაც ფულის ამოღებას ახორციელებს, მასაც აღნიშნული კომპონენტი უმცირდება. იმ პერიოდისთვის „ენერგო-პროსთან“ ეს კომპონენტი 3,2-3,5 თეთრს შეადგენდა, მაგრამ ზუსტად იგივე მემორანდუმი, იგივე სქემა გააფორმეს „ენერგო-პროსთან“. მან ვალდებულება აიღო, რომ 100 მეგავატის ჰიდროელექტროსადგურს, ან თბოელექტროსადგურს გააკეთებდა, მაგრამ არ შეუსრულებია.

თუმცა ამ ხალხმა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებმა ეს ფული გადაიხადა. ფაქტობრივად, ამ მემორანდუმებით მოსახლეობას წინასწარ აფინანსებინებდნენ აღნიშნულ ჰიდრო ან თბოელექტროსადგურს. მათ ეს ვალდებულება არ შეასრულეს და აღნიშნული თანხები კი გადახდილი დარჩა: „თელასზე“ 380 მილიონზე მეტი, ხოლო „ენერგო-პროზე“ _ 350 მილიონ ლარზე მეტი. აი, ეს არის ფარატინა ფურცლები, ამ მემორანდუმებს სხვა არაფერი ჰქვია.

დღევანდელი ენერგეტიკის სამინისტრო, იმის ნაცვლად, რომ ეს გაესაჯაროებინა, გამოევლინა, ამ თანხების დაბრუნების მექანიზმი გამოეძებნა (ხელთ მაქვს აღნიშნული ხელშეკრულებები), რაღაც დახურული ტიპის სამხედრო ორგანიზაციად იქცა, სადაც ყველაფერზე გრიფი „კომერციული საიდუმლოა“ დადებული. ეს არის ჩვენი მოსახლეობის მიერ გადახდილი ფული, რატომ უნდა იყოს გრიფით „საიდუმლო“, იქნებ, ვინმემ აგვიხსნას?

როცა ამ ფულს მახდევინებდა და მეუბნებოდა, რომ 3,7 თეთრი საინვესტიციო კომპონენტის ფულია, მაშინ ეს თემა რატომ გაასაჯაროა?

ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ეს არის ზუსტად ერთი ჯაჭვი, ვინც ეს მემორანდუმები მოამზადა (მათ შორის, ენგურის ცნობილი მემორანდუმი), როგორც ზემოთ ავღნიშნე, ისევ ისინი მუშაობენ ენერგეტიკის სამინისტროში, განა, სადმე წასულან? მათ მიერ მომზდებულია ეს მემორანდუმები, „ენგურჰესის“ გადაცემის მემორანდუმიც და ეს ბოლო გაზის ხელშეკრულებებიც. ისევ ის ხალხია და ვითომ ასეთი „ეშმაკური“ გამოსავალი იპოვეს.

ეს არის ნამდვილი კორუფცია და პროკურატურამ სასწრაფოდ გამოძიება უნდა დაიწყოს. აქ დანაშაულის აშკარა ნიშნებია. ადამიანებს წლების განმავლობაში არაფერში გადაახდევინეს ამხელა თანხები, „ენერგო-პრომ“ 350 მილიონი წაიღო, „თელასმა“ _ 380 მილიონი. დღემდე ეს ე. წ. კომერციული საიდუმლოების საფარქვეშაა.

ეს კიდევ ნაწილია იმ ციკლის, რასაც დღევანდელი ენერგეტიკის სამინისტრო აკეთებს. ზარზეიმით გახსნეს ქარის სადგური გორთან. ალბათ, გაგივლიათ. ეს ყველაფერი სახელმწიფო ფულით შეისყიდეს, 34 მილიონი გადაიხადეს. და რა გააკეთეს? სახელმწიფო ფულით გერმანიაში დაასაქმეს მუშახელი… ქვეყანამ ამით რა მიიღო, 6,9 აშშ ცენტიანი, ძვირიანი სადგური? რომელიც წლიურად, საუკეთესო შემთხვევაში, 88 მილიონ კილოვატსაათს გამოიმუშავებს?!!

კითხვას ვსვამ: რამდენი მცირე ჰიდროსადგური აშენდებოდა 34 მილიონი აშშ დოლარით? ალბათ, 2-3-მეგავტიანი 7-8 ობიექტის, ჯამური გამომუშავებაც 88 მილონზეც გაცილებით მეტი ექნებოდათ და გახარჯული 34 მილიონის მხოლოდ 20-25% წავიდოდა გერმანიაში, ან ავსტრიაში (ჰიდროაგრეგატების ყველაზე მაღალხარისხიანი მწარმოებლები), ხოლო დანარჩენი თანხა, _ 25,5 მილიონ დოლარზე მეტი _ საქართველოში დარჩებოდა.

როდესაც ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგური შენდება, ჯერ ერთი, იქ მუშახელი საქმდება და 80% ამ ფულიდან საქართველოშივე რჩება _ სამშენებლო მასალა, მუშახელის ხელფასი, გადასახადები და ა. შ. მეტსაც გეტყვით: გაცილებით მომგებიანად შეიძლებოდა ამ 34 მილიონი აშშ დოლარის გამოყენება, თუ ამ ფულს ისე არაპროფესიონალურად, დილეტანტივით არ გამოიყენებდი, როგორც ეს ენერგეტიკის სამინისტრომ „მოახერხა“.

შექმნილიყო ე. წ. ფეედინ ტარიფის ფონდი (სტიმულირების ფონდი) და ინვესტორებისთვის მცირე და საშუალო ჰიდროსადგურების მშენებლობა შეეთვაზებიანა ამ დილეტანტებით სავსე ენერგეტიკის სამინისტროს. ამით ხომ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად შევუმცირებდით რისკებს და არნახულ ბიძგს მივცემდით მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის განვითარებას. ამ პირობებში ასეთი სტიმულით (საბაზრო ფასს პლუს ტარიფზე გარანტირებული დანამატი, 34 მილიონი აშშ დოლარიანი ფონდიდან) რამდენი ჰესი აშენდებოდა. გეტყოდით, მაგრამ მინდა, ამ „განათლებულ“ ენერგეტიკის სამინისტროს ამოცანად დავუტოვო, იქნებ, ამოხსნან, მაგრამ არა მგონია, ვერ დაძლევენ ამოცანას.

დღეს სახელმწიფო სახსრები უყაირათოდ იფლანგება, ეს, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმის გამო. თუმცა ზოგიერთი ჩემი მეგობარი მიმტკიცებს, აქ სხვა კრიმინალურ  მოვლენასთან გვაქვს საქმეო. რა ვიცი, რა ვიცი…

სწორედ ამას ვამბობ, რომ კვალიფიკაცია არ აქვთ. არ იციან, ან საიდან უნდა იცოდნენ? კალაძე ამბობს, ისტორიკოსი ვარო, ვალიშვილი თარჯიმანია და ენერგეტიკა როგორ უნდა იცოდნენ? მთელი უბედურება ის არის, რომ არავის არც ეკითხებიან. ენერგეტიკული სექტორი ასე დახურული ამიტომაც გახადეს, რომ ზედმეტი შეკითხვა არ დავუსვათ.

_ გორის სადგურს როგორი შედეგები აქვს?

_ ახლა გაუშვეს და ამბობენ, რომ დაგეგმილზე მეტი გამოუშვა კილოვატსაათიო. 20 მეგავატია სიმძლავრე და რაღაც შედეგი იქნება. კიდევ კარგი, რომ ნორმალური ფირმისგან იყიდეს ეს აპარატურა. მაგრამ გათვალე მაინც, აღნიშნული 34 მილიონით რამდენ, ხალხისთვის უფრო დაბალტარიფიან ელექტროენერგიას მიიღებდი, მეტი მუშახელი დასაქმდებოდა და ქვეყანაში მეტი ფულიც დარჩებოდა. კარგი მენეჯერობა სწორედ ეს არის, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გათვალო, მუშახელს როგორ ასაქმებ, იაფ ენერგიას როგორ იღებ და ა. შ.

ახლა შემდეგზე გადავიდეთ: დღევანდელ ენერგეტიკის სამინისტროში ინვესტორი რომ მოვიდეს და სხვადასხვა ჰესზე, მაგალითად, მემორანდუმის გაფორმება მოითხოვოს (ანუ პირობებს აკმაყოფილებს, საბანკო გარანტია მოიტანა და ა. შ), თუ ადამიანი უპატრონოა,  მემორანდუმში ხელს უწერენ, რომ სახელმწიფო გარანტირებულად ამ დენს სამი თვის განმავლობაში შეისყიდის. დანარჩენი თავისუფალი ხარ, სადაც გინდა, იქ გაყიდეო, გეუბნებიან.

თუ ცოტა „ისეთი“ პატრონი გყავს, ექვს თვეს იყიდიან და თუ მაგარი პატრონი გყავს, სახელმწიფო გარანტირებულად რვა თვეს შეისყიდის. შეიძლება, ეს 12 თვემდეც გაფორმდეს. რატომ არის ეს სხვაობა? ზოგან სამ თვეს დებენ, ზოგ მემორანდუმში ექვს თვეს და სხვაგან _ 8, 12 თვეს. კორუფცია თუ არ არის, ასე რატომ ხდება? ამას შეუიარაღებელი თვალითაც რომ შეხედავ, კორუფციას ამოიცნობ. კითხვას ვსვამ, _ რა იწვევს ამ სხვაობას? ტარიფებს ნუ იკითხავთ, ზოგს 4,3 აშშ ცენტი აქვს, ზოგს _ 6, ზოგს _ 6,5, ზოგს _ 6,9, ზოგს _ 10.5 და ა. შ. მოკლედ, ნასწავლი კაცი ადვილად მიხვდება, რომ სრული ქაოსია.

ეს იმან განაპირობა, თუ ვინ როგორ ჩაეხუტება აღნიშნულ სიტუაციას. წმინდა წყლის კორუფციაა და ამას ბევრი საუბარი არც სჭირდება. ახლა ხვალ მივალ და მეტყვიან, რომ შენ გარანტირებულად სამი თვეო, სხვას რვა, თორმეტ თვეს ეტყვიან და რატომ, ეს ლამაზი თვალების გულისთვის ხომ არ კეთდება? იქ ხომ პირობები ერთი და იგივეა, მეც უნდა დავხარჯო, მანაც და ა. შ.

ასეთი მემორანდუმი ინვესტორთან ფორმდება. მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტროში ვამბობ, რომ მე მაქვს თანხა და მინდა, ჰესი ავაშენო. აი, ჩემი საბანკო გარანტია, თანხები და ყველაფერი, სამინისტრო მიწერს მემორანდუმს ჰესის აშენების თაობაზე, რომ გარანტირებულად სამ თვეს ვყიდულობო. თუ საქმეს ჩააწყობ, რვა თვეს და მეტსაც მოგცემენ, რატომ ასეთი ცდომილება?

ასევე, როდესაც „თელასის“ პრივატიზება მოხდა, გახსოვთ, თავიდან ამერიკული კომპანია იყო, მერე რუსულ კომპანიაზე გაიყიდა, მაგრამ ამერიკული კომპანიის პირობებშიც მათ საკუთრებაში ჰქონდათ გადაცემული თბოელექტროსადგური, გახსოვთ IX-X ბლოკების ისტორია. და კიდევ: საქართველოს მთავრობის დადგენილებით გადაცემული ჰქონდათ მართვაში 2024 წლამდე ჰესები: „ხრამი1“  და „ხრამი2“. „ხრამი1“-ის  სიმძლავრე 112,8 მეგავატია, ხოლო „ხრამი2“-ის სიმძლავრე 110 მეგავატია. ბრწყინვალე მდგომარეობაში მყოფი ჰესებია, იაპონური შეღავათიანი კრედიტით რეაბილიტირებული („ხრამი2“).

მოკლედ, რუსულმა „ინტერ-რაომ“ „მოიკლა“ თავი ამ ჰესების პრივატიზებისთვის, თუ მაშინდელი „ნაციონალების“ სამინისტრომ ძალით „შეტენა“ ოკუპანტს ეს საუკეთესო ჰესები, დღეს ამას ვერავინ გაარკვევს. ისტორია და  სამინისტრო, ტრადიციულად ამაზე დუმს. ისეთი სწრაფი წესით მიჰყიდეს „ნაციონალებმა“ ეს ჰესები რუს ოკუპანტებს, რომ საღ გონზე მყოფ ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება ეჭვი. პრივატიზაციის შემდეგ ამ ჰესებისთვის დამტკიცებულ ტარიფს რომ გადახედავთ, აშკარად უამრავი კითხვა დაგებადებათ. ამ პრივატიზაციის მართლზომიერებაზე ეჭვი ნამდვილად გაგიღვივდებათ, მაგრამ ეს ისევ გონიერ ადამიანებს და არა ამ საკითხზე უკვე 4 წელი გასუსულ ენერგეტიკის სამინისტროსა და „თვალებდახუჭულ“ მარეგულირებელ კომისიას.

ამ მთავარ „ენერგეტიკულ“ ორგანიზაციებში მომუშავე  ადამიანებს საეჭვოდ არ უჩდებათ ეს კითხვა, როგორ შეიძლება, რომ 112,8 და 110-მეგავატიან ჰესს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე 1300-მეგავატიან „ენგურჰესს“?! რატომ დაუწესეს „ნაციონალებმა“ ამათ დიდი ტარიფი? თუ ეს კორუფცია არ არის, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? და ეს სპეციალურად რუსებისთვის გააკეთეს! იქ სწორედ პირობა იყო ჩადებული, რომ ჩვენ ამას მოგყიდით, მაგრამ ისეთ ტარიფს გაგიკეთებთ, რომ თქვენ ეს გადახდილი ფული უცბადვე უკან შემოგიტრიალდეთო. ის ფული ამ „ინტერ-რაოს“ ცხრაჯერ აქვს ამოღებული, რა ფულითაც ეს ჰესები იყიდა. ხოლო ტარიფი რვაჯერ უფრო მაღალი აქვს, ვიდრე _ „ენგურჰესს“. ამ დროს „ენგურჰესი“ ათჯერ უფრო მძლავი და საჭიროა, ვიდრე „ხრამი1“ და „ხრამი2“. „ნაციონალების“ საქციელი ამ საკითხში ჩემთვის გასაგები იყო. 4 წლის განმავლობაში რატომ არ იკვლევდა ამ საკითხს ან სამინისტრო ან ახალი სემეკი, აქ უკვე კითხვაც აღარ მაქვს.

_ ეს ხელშეკრულებები როდის გაფორმდა?

_ 2008 წლის შემდეგ და დღესაც ის ტარიფებია. ვიმეორებ: ამ ორ ჰესს იმხელა შემოსავალი აქვს, რომ „ენგურზე“, რეალურად, რვაჯერ მეტია. როგორ შეიძლება, 1300-მეგავატიანი ჰესი ასეთ პირობებში იყოს?! ეს ხომ ჩვენი მთავარი ჰესია, ქვეყნის 40-45%-ის გამომუშავებით. ერთხელ „ენგურზე“ უცხოელი მყავდა ჩაყვანილი და ესპანელმა მითხრა, _ ჩვენ რომ ასეთი ჰესი გვქონდეს, გერბზე გამოვხატავდითო. როგორ შეიძლება, „ენგურჰესზე“ რვაჯერ უფრო დიდი ტარიფი ჰქონდეს „ხრამჰესს“?

_ რატომ არ გადაიხედება ტარიფები?

_ ეს ხომ რეალურად ერთი და იგივე გუნდია: ხეთაგური, კალაძე, გილაური და ა.შ. ენერგეტიკაში ვინ შეიცვალა, ისევ ხეთაგურისა და გილაურის კადრები, ნათესავ-მეგობრები, მუშაობენ. გადახედეთ ჯერ სამინისტროს კადრებს, შემდეგ ელექტროსისტემას, გადახედეთ „საქრუსენერგოს“, „გაზისა და ნავთობის კორპორაციას“, „ტრანსპორტირების კომპანიას“, „ნავთობისა და გაზის სააგენტოს“, ერთი და იგივე შემადგენლობაა. არავინ თქვას, რომ ახალი ვინმე მოვიდა და რაღაც დაეტყო აღნიშნულ სისტემას, ერთი და იგივე ჯაჭვი, ჩაძმაკაცებული თემაა. ვიმეორებ: თან დარგი დახურეს, რომ სხვამ ზედმეტი შეკითხვები აღარ დასვას!

ერთ პატარა მაგალითსაც მოგიყვანთ: ავიღოთ ეს სამეთვალყურეო საბჭოები. ყველა სახელმწიფოს მიერ შექმნილ კომპანიას აქვს სამეთვალყურეო საბჭოები. რა ნიშნით ინიშნებიან, მაგალითად, „ენგურზე“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, კალაძის ახლობლები? რა კვალიფიკაციით ინიშნებიან, ენერგეტიკის რამე იციან, რამე აქვთ გაკეთებული?

სამაგიეროდ, ძალიან გაბერილი ხელფასები აქვთ და, საერთოდ, თუ იციან, სად არის „ენგურჰესი“? ან „საქრუსენერგოში“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები რა ნიშნით დაინიშნენ, ან სხვაგან ეს რა ნიშნით ხდება?

_ მაინც, ვისზეა საუბარი?

_ ეკონომიკის სამინისტროში წერილი გავგზავნე და ვითხოვ ჩამონათვალს, გავაკეთებ და შემდეგში მოგაწვდით. საერთოდ, „ენგურჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოში სამტრედიელები არიან, რა ესაქმებათ, ენერგეტიკოსები არიან, რა დამსახურებისთვის მოხვდნენ? კალაძემ თავის ახლობლებს გაუკეთა თანამდებობები.

თუ გინდა, კაცი გააზარმაცო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად უნდა დასვა. იქ არის, კაი ხელფასებს იღებენ და ვეკითხები, საერთოდ, სად არის ენგური? რა არის ეს ობიექტი, საერთოდ, თუ აზრზე არიან?

კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც მსურს, რომ მოსახლეობამ იცოდეს: გაზის ხელშეკრულებაზე ამხელა ამბავი არის ატეხილი და ესენი ინფორმაციას მალავენ. ასევე მალავენ „სოკარიდან“ შესყიდვის ფასსაც.

ჩვენი მოხმარების 92% აზერბაიჯანულ გაზზე მოდის. 8% ის გაზია, რომელიც აქამდე ტრანზიტის შედეგად  ნატურით რჩებოდა. ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, გაზის ფასების გახსნას ვითხოვდით, რადგან მოსახლეობამ იცოდეს, რა გაზს და რამდენად ვყიდულობთ.

ერთი არის სოციალური გაზი და მისი საფასური, მეორეა კომერციული გაზი, მესამე თბოელექტროსადგურებისთვის სხვა ტარიფი და ა. შ. აქ ყველაზე საინტერესო რა არის: „სოკარი“ სად ყიდის ამ გაზს? ეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ხდება. „სოკარი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიაა. ყველამ ასე იცის, რომ შემსყიდველი საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაა, მაგრამ ამ კორპორაციასა და „“სოკარს“ შორის 5 ფირმა რომ არის (რაღაც შპს, კომპანიები), ესენი ვინ არიან? რატომ არიან ამათ შორის და ამ ფირმების თანხები ფასწარმოქმნაზე რატომ აისახება? ყველა ფირმას რაღაც თანხა ემატება და ეს კომპონენტი იზრდება, შემდეგ გაზის კორპორაცია ყიდულობს.

_ კონკრეტულად, რა ფირმებზეა საუბარი?

_ საქმეც ეს არის, რატომ არ ხსნიან ფრჩხილებს, თუ ვის წარმოადგენენ ეს ფირმები? რა ესაქმებათ, რაში მონაწილეობენ? უბრალოდ, ისინი ჩაგდებული აქვთ „სოკარსა და გაზის კორპორაციას შორის და ამით ბუნებრივი აირის ფასი იმატებს. რატომ არ უნდა ვიცოდე, რა ფასად ყიდულობს სახელმწიფო ამ გაზს?

_ არ მოგითხოვიათ ეს ინფორმაცია?

_ ამ მოთხოვნას ვაგზავნი, მაგრამ ამაზეც გვეტყვიან, რომ ეს დახურული კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა ეს, ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლების პერიოდიდან მოდის. ეს ფირმები დღეს კი არ გაჩენილა, ძველი დროიდან ასხედან და მაინტერესებს, საერთოდ ვინ არიან? ანუ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ვისთან უდევს ხელშეკრულება და რა ფასად? რომ ამბობენ, შეთანხმება „სოკართან“ გვიდევსო, ასე კი არაა, ჯერ ამ მეხუთე ფირმასთან, მერე მეოთხესთან, მესამესთან, მეორესთან, პირველთან და მერე მოდის „სოკარი“.

აი, ეს ყველა ფირმა თავის საფასურს იღებს. ზოგი ქართული, ზოგი ოფშორული, ზოგი აზერბაიჯანული ფირმაა, ამიტომ გარკვევაა საჭირო. მე კი ვიცი, რა ფირმები არიან, მაგრამ მათი პასუხები მაინტერესებს. ახლა ვუგზავნი წერილს გაზის კორპორაციას და  თვითონვე გასცენ პასუხი, თუ რატომ ვიხდით მათ ფულს, ან რატომ არავინ ინტერესდება, რა ოფშორულმა კომპანიამ იყიდა გაზის საკმაოდ დიდი სადისტრიბუციო ნაწილი კომპანია „იტერასგან“. არსებობს ეჭვი, რომ ის ოფშორი (რომელიც შემდეგ „სოკარს“ დაუძმობილდა) დღესაც მერაბიშვილის, ხეთაგურის, გილაურის, ადეიშვილის საკუთრებაა. დღეს, მგონი, „საქორგაზი“ ჰქვია.

რატომ მონაწილეობენ ეს ფირმები ფასწარმოქმნაში, რატომაა კომერციულ სექტორში ასე ძვირი გაზი?!

_ შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალს სად ხედავთ?

_ ენერგეტიკის სამინისტროდან ეს არაკვალიფიციური გუნდი სახლში უნდა წავიდეს, უკვე ბევრი ზიანი მოგვაყენეს. ასევე სახლში უნდა წავიდნენ მარეგულირებელ კომისიაში მოკალათებული ის „სპეციალისტები“, რომლებიც ვერ და არ ხედავდნენ ზემოთ აღნიშნულ მემორანდუმებს, ჰესების („ხრამები“) ტარიფებს, გაზის სექტორში აშკარა ქაოსს. პარლამენტში აუცილებლად საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. პროკურატურამ ეს ხელშეკრულებები უნდა შეისწავლოს. ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასწრაფოდ უნდა შეისწავლონ ეს მემორანდუმები, გაზის ფასები და ა. შ. აუდიტის სამსახურმა უნდა დადოს დასკვნა, აღნიშნული მემორანდუმებით რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს, ხალხს და ა. შ. რომ ხალხს ამდენი ხნის განმავლობაში ზედმეტი ფული ახდევინეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა დაითვალოს, „ხრამი1“-სა და „ხრამი2“-ს რატომ აქვს ასე დიდი ტარიფი?

„ქრონიკა+“-ის მეშვეობით მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს და მინდა ვთხოვო, რომ ამაზე რეაგირება მოადინონ. ამასვე ვთხოვ პარლამენტის დეპუტატებსა და ა. შ. ასევე წერილობით მივმართავ იმ ორგანოებს, რომლებიც ჩამოვთვალე. მედიაკავშირი „ობიექტივიც“ მიმართავს დაინტერესებულ მხარეებს და ამას ასე არ დავტოვებთ.

ხალხი მილიარდამდე ლარით გაყვლიფეს. თუნდაც, ეს ორი კონტრაქტი და კიდევ სხვა რაღაცები რომ დავითვალოთ, ხალხის ფული _ მილიარდამდე _ ჯიბეში ჩაიდეს.

_ რას ელით?

_ საერთოდ, არაფერი იმალება. ხალხმა დათვლაც ისწავლა და ენერგეტიკის სამინისტროს თუ ჰგონია, რომ ყველაფერს დახურავს, სადღაც სარდაფში ჩაიკეტება და იქიდან იმუშავებს, ასე არ იქნება. ამ ყველაფერს საერთაშორისო სამსჯავროზე გამოვიტანთ. მადლობა ღმერთს, ქვეყანაში არიან სპეციალისტები, რომლებმაც დათვლაც იციან, ენერგეტიკაც და ხალხის სამსახურშიც იქნებიან. ის, რომ მე ეს ხელშეკრულება გავასაიდუმლოე და შენ რა გესაქმება, _ ეს ამ ქვეყანაში დამთავრდება.

წინა ხელისუფლება ამიტომ დამთავრდა და სამინისტროებში ეს ნაშთები დატოვეს. ენერგეტიკის სამინისტრო სწორედ წინა ხელისუფლების გაგრძელებაა. მინისტრი კალაძეც ძველი ხელისუფლების პირდაპირი გაგრძელებაა. ხელისუფლება პარლამენტში შეიცვალა, სადღაც კიდევ შეიცვალა, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტროში არაფერი შეცვლილა. იქ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ „ნაციონალების“ მმართველობა გრძელდება.

 

გელა მამულაშვილი