„რუსთავი 2“, აქციები და გადასაფარი თემები

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ზე ხელისუფლების იერიშის განახლების მოლოდინი საზოგადოებაში კიდევ უფრო შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც, სავარაუდოდ, სპეცსამსახურების, ან მათთან აფილირებული ჯგუფის მიერ ტანჯვა-წამებით დამონტაჟებული სატელეფონო ჩანაწერები გამოქვეყნდა, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი და წამგებიანი თემა შემოაგდეს _ მოსამართლეებისთვის დ. საყვარელიძის ხელმოწერით უკრაინიდან მიღებული ამანათი, შანტაჟის წერილით და, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და იგივე დ. საყვარელიძის ვაიბერ-მიმოწერა, სადაც ისინი მოსამართლეებისთვის ქრთამის გადაცემაზე „საუბრობენ“.

ყველაზე ნათელი პასუხი ამ აბსურდის თეატრს დავით საყვარელიძემ გასცა, როცა განაცხადა, _ ვაიბერში მიმოწერა რად მინდოდა, მე და სააკაშვილი გვერდიგვერდ ოთახებში ვსხედვართო, მაგრამ ხელისუფლებას ლოგიკა როდის ჰყვარებია, ახლა რომ შეყვარებოდა?

ჰოდა, ამ ანკესზე ბევრი არ წამოეგო, ბევრი კი _ პირიქით. თუმცა ანკესზე წამოგებულთა შორის მასზე თავიანთი ნებით წამოგებულები რომ სჭარბობენ, ეჭვს არ იწვევს _ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული ამ ვერსიებისა და ჭორების აბსურდულობა, მაგრამ ვალდებულება აქვთ, ხელისუფლების მსგავსი, აბსურდული ხრიკები „გააპრავონ“ და შავზე თქვან, თეთრიაო, იქამდეც კი დავიდნენ, რომ რამდენჯერმე „კურიერში“ ნიკა გვარამიას მონაწილეობით სახელდახელოდ შექმნილი და გაყალბებული მიმოწერა, ასევე, სხვადასხვა დროს ნათქვამი ფრაზების შეკოწიწებით მიღებული ე. წ. სატელეფონო საუბარი თავიანთ სასარგებლოდ და იმის სამტკიცებლად გამოიყენეს, აქაოდა, ნიკა გვარამიამ ამით აღიარა, რომ ჩანაწერებისა და მიმოწერის დამონტაჟება-გაყალბება შეუძლიაო…

„რუსთავი 2“-ის დაცვის აუცილებლობაზე საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე კარგა ხანია, შეთანხმებულია. ეს არაერთხელ გამოვლინდა: „რუსთავი 2“-ის შესასვლელთან, მერე კი ეზოში გამართული აქციების დროს, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს ეზოებში, დროდადრო რომ „ზონდერ-პოლიტპატიმრებს“ უქსევდა ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებებით და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის არაორაზროვანი, მკაფიო მესიჯებით, რომ „რუსთავი 2“-ის ხელყოფა დაუშვებელია.

ამის მიუხედავად, ხელისუფლება აგრძელებდა და აგრძელებს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბრძოლას ისე, რომ წინასწარი მოლოდინი, ამა თუ იმ დასახელებულ თარიღზე „რუსთავი 2“-ში შევლენ, ამ დრომდე, არსებობს, თუმცა არ მართლდება _ ეს თარიღი სამომავლოდ იწევს და იწევს. რასაკვირველია, ხელისუფლება ამ მოლოდინს მიზანმიმართულად აჩენს, რომ მერე არ გამართლდეს და თითზე დაიხვიოს, _ აი, არაფერსაც არ ვაპირებთ, ცრუ განგაშიაო.

წესით და რიგით, რამდენიმე გაცრუებული შეჭრა, წაღება თუ სხვისთვის გადაცემა, საზოგადოებაში ამ თემის გაუბრალოებას, სიფხიზლის მოდუნებას უნდა იწვევდეს, როგორც „მგელი, მგელის“ მოყვირალი მწყემსის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ პირიქითაა _ საზოგადოების მომლოდინე ნაწილის რეაქცია ჯერაც მკვეთრი და მყისიერია, მზადყოფნა _ თვალში საცემი და ესეც ხელისუფლების „დამსახურებაა“, რადგან საზოგადოების ამ ნაწილმა ძალიან კარგად იცის, რა მეთოდები აქვთ მმართველობის ზედა ეშელონებში და რაზეა გათვლილი ვერტიკალის მოქმედებები.

სხვა თემაა გადაფარვის პოლიტიკა. რასაკვირველია, არც ასეთი თემები ილევა და, პირველ რიგში, ამაზე ბიძინა ივანიშვილი ზრუნავს, რომელმაც ტიტისა და მაგნოლიის შემდეგ ახლა გურიაში, ნატანებში ფესვებგადგმულ ასწლოვან მუხება და სხვა იშვიათი ჯიშის ხეებს დაადგა თვალი.

როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, ნატანებში, ვისაც კი ეზოში ასწლოვანი, ან მეტი ასაკის ხეები ედგა, ივანიშვილის „კრიკუნები“ ყველგან მივიდნენ და ხეების პატრონებს სოლიდური, მაცდური გარიგება შესთავაზეს, რასაც ისედაც შავ დღეში მყოფი მოსახლეობა ადვილად დასთანხმდა.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან ხე მხოლოდ შეშად და მოსაჩრდილებლად თუ გამოდგება _ საკვებად ის უვარგისი და გამოუყენებელია, მოსახლეობის დიდი ნაწილის პრობლემა კი ოჯახის გამოკვებაა _ მათ შორის, ცხადია, ასეა ნატანებშიც. ამიტომაც ივანიშვილის კურიერები დადიან და მათ სარფიან გარიგებას სთავაზობენ, ხოლო სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს, იმ ტერიტორიიდან ხეებს სულაც უბოდიშოდ და უფასოდ ეზიდებიან, მაგალითად, ნატანების ყოფილი ჩაის ფაბრიკიდან, საიდანაც ხეები გააქვთ, სანაცვლოდ არაფერს რგავენ (ჯერჯერობით, მაინც), მოსახლეობას კი ეუბნებიან, ამ ხეების სანაცვლოდ ივანიშვილი იტალიიდან იწერს ხეებს, რომლებსაც აქ დავრგავთ და სკვერსაც გავაშენებთო.

ეს თემები, ცხადია, ნატანებიდანაც ჟონავს „ფეისბუქზე“, სადაც იწყება ქილიკი, ლანძღვა, გინება და დაცინვა. ეს კი, რა თქმა უნდა, მთავარი თემისგან მოწყვეტას და ყურადღების სხვა მიმართულებით მობილიზებას იწვევს, ანუ „რუსთავი 2“-ის თემა უკანა პლანზე გადადის.

იგივე შეიძლება ითქვას საპატრიარქოს ბოლოდროინდელ სკანდალზეც, თუმცა ამ სენსიტიურ საკითხში ჯერაც ბევრი რამაა ბურუსით მოცული და სანამ ოფიციალური განმარტებები არ გაკეთდება როგორც ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენელთა მხრიდან, ცოტა ძნელია ვერსიებზე საუბარი. ერთი რამ ნათელია, რომ ქორეპისკოპოსი „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს პატრიარქის შესაძლო მოწამვლას _ ამბობს, რომ შეკითხვებს მოგვიანებით, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გასცემს პასუხს.

არსებობს, ასევე, ყურადღების გადასატანი სხვა, წვრილ-წვრილი თემებიც, როგორებიცაა ჯეჯელავასა და ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებები, შიგადაშიგ კი მართვადი საპარლამენტო ოპოზიციის რეპლიკები (მაგალითად, ადა მარშანიასი).

არის კიდევ ერთი თემა, რომელიც ზოგს აქტუალურ პრობლემად მიაჩნია, ზოგს კი სწორედ „რუსთავი 2“-ის თემის მიჩქმალვისა და უკანა პლანზე გადაწევის მცდელობად _ საზოგადოებრივი მაუწყებელი და მის გარშემო მიმდინარე პროცესები, რომელსაც უცნაურად მიება მემარცხენე ორგანიზაციების გამოსვლები მშრომელთა უფლებების დასაცავად ლოზუნგით „ქარხნები მუშებს“. გასული კვირის ბოლოს ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეჭრა საზმაუს შენობის ფოიეში და მათი დაჟინებული მოთხოვნით „მოამბეში“ პირდაპირი ეთერის მიღება, შემდეგ კი განცხადებაში, საერთოდაც, „რუსთავი 2“-ის არხსენება სწორედ ამაზე მიანიშნებს…

ეს და კიდევ სხვა გადასაფარი თემები, სავარაუდოდ, მომავალშიც გამოჩნდება. „რუსთავი 2“-ის გარშემო ყულფი ვიწროვდება, თუმცა ჯერ დადგენილი არ არის, როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო. 10-15 თებერვალი, თითქოს, ის პერიოდი უნდა ყოფილიყო, როცა გადაწყვეტილება უნდა გასაჯაროვებულიყო, მაგრამ ეს ჯერაც არ მომხდარა და როგორც ირკვევა, კარგა ხანს არც მოხდება, რადგან ჯერ მოსამართლეებიც კი არ შეურჩევიათ…

სწორედ ასეთ სიტუაციაში, დღეს და ახლა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საპროტესტო გამოსვლებს „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად. რაც მთავარია, ამ აქციაზე ისინიც კი უნდა მივიდნენ, ვისაც „რუსთავი 2“ მაინცდამაინც არ მოსწონს, მაგრამ კარგად იცის, რომ მისი დახურვით ან სხვისთვის (ხელისუფლებასთან აფილირებული პირებისთვის) გადაცემით საფრთხის ქვეშ დგება მისი პირადი კეთილდღეობაც, რადგან მედიის ნებისმიერი ხელყოფა იმის მომასწავებელია, რომ ხელისუფლება ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს, რაც, ადრე თუ გვიან, მოქალაქესაც შეეხება (თუ არ გავითვალისწინებთ, რომ უკვე ეხება კიდეც, მაგალითად, მოსმენების შესახებ კანონით).

10 თებერვალს გამართული აქცია-მსვლელობა „რუსთავი 2“-ისა და საზმაუს მხარდასაჭერად ბევრი ფაქტორით იყო მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმით, რომ ეს იყო პირველი ერთობლივი აქცია, რომელიც ახლად შექმნილ საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა გამართეს. ამ ორგანიზაციაში, საერთო ჯამში, 8 პოლიტიკური გაერთიანება შევიდა, მათ შორის, ენმ, ედპ, აფხაზთა კრება და სხვები.

სწორედ მათი ინციატივა იყო, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების სავარაუდო შუალედში (10-15 თებერვალი) ერთი აქცია ჩატარებულიყო. ამით საბჭო ძალებსაც მოსინჯავდა და, რასაკვირველია, საქმეც გაკეთდებოდა. აქციის ათვლის წერტილად რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია იქცა _ სწორედ აქ მოიყარეს თავი სხვადასხვა პლაკატით „შეიარაღებულმა“ დემონსტრანტებმა. თავდაპირველად აქციას ადგილზე ხელმძღვანელობდნენ ენმ-ელები: აკაკი მინაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი და კობა ხაბაზი, მერე კი ნიკა მელია, ბაჩუკი ქარდავა, პაატა დავითაია, მალხაზ პატარაია და სხვებიც გამოჩნდნენ.

პირველი, რაც აშკარად გეცემოდათ თვალში, არადემონსტრანტი მოქალაქეების ღიმილნარევი რეაქცია იყო იმ პლაკატების დანახვაზე, რაზეც ადრე აგრესიას არ მალავდნენ: „ივანიშვილო, შენამდეც მოვალთ!“ „ხელები შორს „რუსთავი 2“-ისგან და „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან!“, „თავდაცვიდან _ შეტევაზე!“ „რუსთავი 2“ ჩემია!“ _ ეს პლაკატების არასრული ჩამონათვალია.

მსვლელობის დაწყებამდე ადგილზე საიმედოდ შეფუთული დრამერები მივიდნენ, რომლებიც დემონსტრაციას მუსიკალურად აფორმებდნენ და, კაცმა რომ თქვას, სიტუაციას ძალიან კარგ მუხტსა და დრაივს ჰმატებდნენ. მუსიკალური განწყობა და დეტალები ამ აქციას იმდენადაც კი დაებედა, რომ უკვე უზენაესი სასამართლოს შენობასთან გადანაცვლებულებმა, ზაზა ბიბილაშვილმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმა, გია ჭანტურიამ და რუსუდან ცირეკიძემ „მრავალჟამიერიც“ კი დასცხეს, რაც ენმ-დან წასული „გამიჯნულებისთვის“, რატომღაც, ქილიკის საფუძვლად იქცა…

აქციის დაწყებისთანავე მცირე კამათი მოხდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და ენმ-ს ლიდერებს შორის. კამათი გზის გადაკეტვას ეხებოდა. თავდაპირველი შეთანხმებით, დემონსტრანტებს მხოლოდ რუსთაველის გამზირის სავალი გზის ერთი ზოლი უნდა გადაეკეტათ, მაგრამ მათ მთლიანად გამზირზე გაშლა მოინდომეს, რასაც პოლიციელები ეწინააღმდეგებოდნენ: „ხომ შევთანხმდით“ წამოძახილით. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, რუსთაველზე მანქანების გადაადგილება პარალიზებული არ იყო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც თავიანთი ვიდეოთვალის კამერებით აქციის გადაღებაზე გადავიდნენ.

აქციას იღებდნენ გამვლელი მანქანებიდანაც. „რა ხდება?“ _ კითხულობდა ზოგი, ხოლო პასუხის მიღების შემდეგ, მოწონების ნიშნად, ცერს მაღლა წევდნენ. მოგვიანებით, იგივე განმეორდა ლაღიძისა და გრიბოედოვის ქუჩებზეც, სადაც მოქალაქეები მაღაზიებიდან და მარკეტებიდან გამოდიოდნენ და, მართალია, აქციას არ უერთდებოდნენ, მაგრამ მათი მონაწილეების მიმართ სოლიდარობას ღიმილითა და ხელის ქნევით გამოხატავდნენ _ ესეც ერთგვარი დეტექტორი იყო, რომ აქციას ბევრი უჭერდა მხარს.

აქციის მსვლელობის დროს კომენტარები ენმ-ს ლიდერებმა და საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა გააკეთეს:

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მრავალი ათასი და მილიონი თანამოქალაქის სახელით გამოვხატავთ პროტესტს ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც უნდა, რომ ეს ქვეყანა რაღაც წარმონაქმნად აქციოს და არა სახელმწიფოდ, სადაც არ არის თავისუფალი და ალტერნატიული სიტყვა, რასაც დღეს წარმოადგენს „რუსთავი 2“. ბუნებრივია, მთელი საზოგადოება დაირაზმება და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება“, _ განაცხადა გია ბარამიძემ.

„ივანიშვილი „რუსთავი 2“-ს ეპოტინება, ის აბუჩად იგდებს საზოგადოებას, ხალხს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ გამოუვა“, _ თქვა კობა ხაბაზმა.

„რომ არა ეს ტელევიზია, დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს არ ეცოდინებოდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. „რუსთავი 2“ არის ხალხის ტელევიზია. ხელისუფლება მოქმედებს, რომ თავისუფალი აზრი და სიტყვა ჩაახშოს. „რუსთავი 2“ საზოგადოებას ეკუთვნის. როდესაც სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობაა, საზოგადოება მშვიდობიანი პროტესტით იწყებს მოქმედებას ამ მანკიერი პრაქტიკის მიმართ. დღევანდელი დღე ივანიშვილის გაფრთხილებაა. ბიძინა ივანიშვილს სიგნალს ვუგზავნით, რომ ხელი აიღოს „რუსთავი 2“-ის სახლში წაღებისგან“, _ განაცხადა ნიკა მელიამ აქციაზე.

ედპ-ს თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავამ მსვლელობის მონაწილეებსა და უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეკრებილებს „თავისუფლების მეციხოვნეები“ უწოდა:

„თავს ნუ მოვიტყუებთ, „რუსთავი 2“ არ არის თავისუფალი ტელევიზია იმ გაგებით, რომ „გიჟი თავისუფალია“. მსოფლიოში ყველა ცნობილ მედიასაშუალებას აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა, თავისი პრიორიტეტები და „რუსთავი 2“-ის არსებობა იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს, აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის“, _ აღნიშნა მან.

და კიდევ ერთი დეტალი: დემონსტრანტებს შორის რამდენიმემ ენმ-ს ლიდერებს „ბარემ სოლოლაკზე ასვლა“ შესთავაზა, მაგრამ მათ ეს წინადადება თავაზიანად უარყვეს და მომავალი კვირის დასაწყისიდან ახალი აქციები დააანონსეს.

 

ლაშა ბერულავა