რა კანონს „ამწნილებს“ პრემიერ-მინისტრი სამუშაო მაგიდის უჯრაში?

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს მიიღო კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომლის ნორმათა უმეტესი ნაწილი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან, დანარჩენი კი იმავე წლის 1-ლი თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო. კერძოდ, კანონის საფუძველზე, სპეციალური მიზნით, უნდა შექმნილიყო „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი“ _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც 2016 წლის 1-ლი თებერვლიდან უნდა დაეწყო ფუნქციონირება, დეპარტამენტის წარდგინებით კი საქართველოს მთავრობას 2016 წლის 14 აპრილამდე უნდა დაემტკიცებინა ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და ტექნოლოგიური სტანდარტები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულებასა და სტრუქტურაზე საქართველოს მთავრობას უნდა ეზრუნა, მისი თავმჯდომარე კი პრემიერ-მინისტრს უნდა დაენიშნა. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კანონში გაწერილი ვადის მიუხედავად, არც სახელმწიფო ენის დეპარტამენტი შექმნილა და პრემიერ-მინისტრსაც არავინ დაუნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

რატომ არ ხერხდება კანონის აღსრულება? რა პრობლემების გამო დაირღვა პარლამენტის მიერ გაწერილი ვადა? ისევ დგას თუ არა დღის წესრიგში სახელმწიფო ენის დეპატამენტის შექმნის საკითხი, რომლის უშუალო რეგულირების სფერო ენის ნორმების დაცვა და ენის გამდიდრება იქნება? იგი ხომ, როგორც კანონში ვკითხულობთ, „არის სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და პოპულარიზაციის, ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და სპეციალურ ტერმინთა დადგენისა და დამკვიდრების უზრუნველმყოფი და სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო“?

როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, „სამწუხაროდ, 2016 წელს, ჯერჯერობით, მისთვის უცნობი მიზეზებით, აღნიშნული დეპარტამენტი ვერ დაკომპლექტდა და ვერ ჩამოყალიბდა“. პირადად მას კი ახლა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები აქვს დაწყებული როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, ასევე განათლების სისტემისა და პარლამენტის ხელმძღვანელობასთან: „დიდი იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით თებერვლის ბოლომდე გვექნება ჩამოყალიბებული სამომავლო გეგმა და ხედვა“, _ ამბობს ქალბატონი მარიამი.

ე. ი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნის საკითხი კვლავ დგას დღის წესრიგში, თებერვლის ბოლომდე დიდი დრო არ რჩება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ მანამდე, თუნდაც ქალბატონი მარიამისთვის „ჯერჯერობით უცნობ მიზეზებზე“ (საზოგადოებისთვის, მით უმეტეს) სასაუბროდ, „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, მერვე მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ბატონი ივანე კიღურაძისთვის მიემართა. მიზეზები მასზე უკეთესად ვინ უნდა იცოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, შეკითხვას რომ თავი დავანებოთ, „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი“ ბოლომდე ნათქვამიც არ გვქონდა, რომ ბატონმა ვანომ კომენტარზე უარი განგვიცხადა. ალბათ, ქალბატონი მარიამი კონსულტაციების პარალელურად მიზეზების გარკვევას ბატონ ვანოსთანაც შეეცდება და ამას საზოგადოებასაც ამცნობს, თავად მას კი ქართული ენის უდიდესი ქომაგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია, საჯაროდ, სოციალურ ქსელში უსვამს შეკითხვას:

„ქალბატონო მარიამ!

„გეგმა და ხედვა“ კი არა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი გიდევთ წინ, რომელშიც ეს ყველაფერი უკვე გათვალისწინებული და გაწერილია.

სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მეორე წელია (2015 წლის 22 ივლისიდან), ხსენებულ კანონს სამუშაო მაგიდის უჯრაში „ამწნილებს“ და პარლამენტის დადგენილებას არ ასრულებს.

_ ხომ ვერ მეტყვით, რა ჰქვია თანამდებობის პირს, რომელიც კანონს არღვევს?!!“

 

***

მოკლედ, კანონი ირღვევა და, ამ ეტაპისთვის, პასუხი, თუ როდის დაარსდება, ან დაარსდება თუ არა „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი“ და იგი ქვეყნის საკეთილდღეოდ ამუშავდება, ჯერჯერობით, ჰორიზონტზე არ ჩანს. ვნახოთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან და განათლების სისტემასთან კონსულტაციების შედეგად თებერვლის ბოლოსთვის რა „სამომავლო გეგმასა და ხედვაზე“ ისაუბრებს ქალბატონი მარიამი?.. ფაქტია, რომ ქართულ ენას ნამდვილად სჭირდება დაცვა და ქვეყნის ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებებშიც ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ ქართული ენის დაცვა და მისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა იყო. კანონი მიიღეს, შედეგი კი… როდემდე?!

 

ჩვენი ქვეყნის ენობრივ მდგომარეობასა და სახელმწიფო ენის დაცვის საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული:

 

_ ბატონო ავთანდილ, წლების განმავლობაში კანონის „სახელმწიფო ენის შესახებ“ მიღება არ თუ ვერ ხერხდებოდა. დაახლოებით ორი წლის წინათ ეს შესაძლებელი გახდა _ კანონი მიღებულია, მაგრამ, ფაქტობრივად, იგი არ აღსრულდა, არ შეიქმნა „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი“, რომელსაც, რეალურად, ქართული ენა უნდა დაეცვა და მის განვითარება-გამდიდრებაზე ეზრუნა… თქვენი აზრით, კანონის აღსრულებას რა უშლის ხელს?

_ ეს „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღების მეოთხე ცდა იყო. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ იძულებულიც (მოსკოვიდან ვეღარ მოვიდოდა ესა თუ ის დავალება!) გავხდით და ვალდებულიც, რომ უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოს ეზრუნა იმ ფასეულობების დაფასებაზე, რაც  სახელმწიფოებრიობის გამოხატულება იყო. მაგრამ კანონის შემუშავების პირველი ცდა, ჯერ კიდევ, 1989 წელს გვქონდა. მე შენახული მაქვს 1989 წლის სამგვერდიანი, რაღაც სახით უკვე ჩამოყალიბებული კანონის პროექტი, რომელსაც მაშინ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გამოცდილების მიხედვით ვაკეთებდით. ისინი წინ იყვნენ  დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, 1988-1989 წლებში მიიღეს პირველი კანონები სახელმწიფო ენის შესახებ, რაც მაშინ სამაგალითო პრეცედენტად ჩანდა საბჭოურ სივრცეში და ჩვენც ვემზადებოდით ამისთვის… მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი ასე წაღმართად არ წარიმართა! მოგეხსენებათ, 90-იან წლებში რაც მოხდა და ვიღას ახსოვდა სახელმწიფო ენის კანონი, თავდაყირა დადგა ქვეყანა, სამოქალაქო ომი, საგარეო ომი, საომარი დაპირისპირება რუსეთთან და ასე შემდეგ… მერე, როგორც კი სიტუაცია ცოტა დალაგდა, 1993 წლიდან, ხელახლა დაიწყო მუშაობა ამ კანონის შესამუშავებლად. ჩვენ არ ვართ მონოეთნიკური სახელმწიფო, ამიტომაც აშკარად იგრძნობოდა, რომ სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი იმგვარად უნდა დარეგულირებულიყო, რომ წინააღმდეგობები მოეხსნა ახალი სისტემის ფორმირების მტკივნეულ პროცესში. სახელმწიფო ენის კანონის, სახელმწიფო ენის პოლიტიკის დალაგება არსებითი საკითხია სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა. დიდხანს და დაძაბულად ვმუშაობდით მაშინ, გაჭიანურებული კრიზისის პირობებში. სამუშაო პროცესში აქტიურად იყო ჩართული ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ასევე იუსტიციის სამინისტრო, სამეცნიერო წრეები და კანონმა გარკვეული სახე მიიღო. მაგრამ მაშინ ისეთი „აჭრილი“ საშინაო ვითარება იყო, ძალიან ადვილად ხდებოდა საზოგადოებრივი შფოთის პროვოცირება; გამოცდილმა პროვოკატორებმა მოახერხეს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები თუ მათი ინტერესები დაეპირისპირებინათ და კანონპროექტის პარლამენტამდე მიტანაც არ მოხერხდა… ეს იყო მეორე ცდა. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ კანონზომიერებას: აშკარად გამოჩნდა, სახელმწიფოებრიობის კრიზისი პირდაპირ იყო დაკავშირებული ენობრივი პრობლემის მოგვარების „უუნარობასთან“. ნიშანდობლივია: თუ სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით რაღაც აეწყობოდა, სახელმწიფო ენის სტატუსის განსაზღვრის, მისი ფუნქციონირების არეების, საარსებო სივრცის მოხაზვისა და ა. შ. აუცილებლობა მაშინვე ჩნდებოდა, მაგრამ როგორც კი კრიზისი იწყებოდა, ეს საკითხი არენიდან იმიტომ ქრებოდა, რომ უფრო „მნიშვნელოვანი“ კრიზისული პრობლემები იწევდა წინა პლანზე.

შემდეგი ეტაპი 2000-იანი წლების „მისადგომებს“ უკავშირდება, როცა რაღაც საკითხები, ასე თუ ისე, დალაგდა. 1997 წელს სახელმწიფო ენის პალატა შეიქმნა, რომელიც ენის კანონის მომზადებას ჩაუდგა სათავეში, ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩატარდა და 2002 წლისთვის სახელმწიფო ენის კანონი, ფაქტობრივად, მაღალი სტანდარტებით მომზადდა. პარლამენტში უნდა დაწყებულიყო კიდეც ამ კანონპროექტის განხილვა, მაგრამ კვლავ შიდა დაპირისპირებამ იჩინა თავი (სხვათა შორის, ჩვენი ერთი პრობლემა ისიც არის, რომ, „რატომღაც“, სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე არ ხერხდება თანხმობა). სერიოზული პროვოკაციის სუნი იგრძნობოდა და ინსტიტუტმა და უნივერსიტეტმა ერთდროულად მიმართა პარლამენტს, რომ სახელმწიფო ენის კანონპროექტის განხილვა დროებით გადადებულიყო.

მალე ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა და კანონი საერთოდ გაიტანა პარლამენტიდან; სახელმწიფო ენის პალატა და, მეტიც, ყველა ინსტიტუცია გააუქმეს, რაც კი არსებობდა. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფო ენის, ასე ვთქვათ, მოდარაჯედ დარჩა, ენათმეცნიერების ინსტიტუტია, რომელიც დღემდე, თუ შეიძლება ასე ითქვას, კბილებით არის შენარჩუნებული, რისი საფუძველიც ის განსაკუთრებული ფუნქციაა, რომელიც მას ისტორიამ დააკისრა…

2012 წლის შემდეგ ისევ დავიწყეთ სახელმწიფო ენის კანონზე ფიქრი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა ძალიან ავტორიტეტული მეცნიერების წარმომადგენლობით და პარლამენტს ამ კანონპროექტის კიდევ ერთი გადამუშავებული ვარიანტი შევთავაზეთ. შესაბამისი კომიტეტი, თითქმის, ორწელიწადნახევარი „აჭაშნიკებდა“ პარლამენტში ამ პროექტს და, ბოლოს, 2015 წლის 22 ივლისს, კანონი მიიღო სახელმწიფო ენის შესახებ (მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კანონი ერთხმად მიიღეს).

_ ბარემ, ისიც ვთქვათ, ვინ იბრძოდა კანონის მიღების წინააღმდეგ?

_ ჩვენი მეზობლის ძველი აგენტურა, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოდ შედგომას (რათა ის მერე ევროპას მიაწეროს): წვრილმანი ბიუროკრატია, რომელიც ყოველგვარ მოწესრიგებაში საკუთარი ინტერესების საზიანოს ხედავს; „უჩემოდ ვით იმღერეთა…“ კატეგორიის ინტელიგენცია; ამ ეტაპზე „ინკოგნიტო“ ჯგუფები ეწინააღმდეგებიან დეპარტამენტის შექმნას.

უნდა ითქვას, რომ პროცესის აღნიშნული გაჭიანურებაც სახელმწიფოებრიობის კრიზისის გამოხატულებაა. როცა სახელმწიფოებრივი ცნობიერება ჩამოყალიბებული არ არის _ ეს ეხება საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც _ მაშინ ფასეულობათა იერარქია, ფაქტობრივ, არ არსებობს და საზოგადოების ყურადღება, უპირატესად, გადატანილია მეორე-მესამეხარისხოვან საკითხებზე, პირველხარისხოვანი კი განზეა გაწეული. გეტყვით, რას ვგულისხმობ, რომ მენტალურად და ცნობიერად სახელმწიფოებრივი ცნობიერებით არ ვართ ჩამოყალიბებული. აი, მაგალითად: წლებია, განხილვის პრიორიტეტული თემაა ფარული მოსმენების (თვალთვალი) პრობლემა, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდა. უკვე გამოიკვეთა, რომ შეიძლება ჩამოყალიბდეს სააგენტო, ახალი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ამას მოუვლის, მის ხელში იქნება რაღაც „გასაღები“ და ა. შ. გეკითხებით, რა უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, მოსმენები თუ სახელმწიფო ენა?

ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მოსმენები!..

უკაცრავად და „ჭუჭყიანი“ მოსმენებისთვის, თურმე, ფულიც არსებობს, სააგენტოს (შესაფერისი ტერმინია!) შექმნის შესაძლებლობაც, საზოგადოების ყურადღების არენაზეც ის უნდა იყოს. ხოლო ამ დროს წმიდათაწმიდა სახელმწიფო ენისთვის არც ერთი არსებობს, არც _ მეორე და არც _ მესამე. ეს, ბუნებრივია, გამრუდებაა, ცნობიერების გადახრაა იმიტომ, რომ სახელმწიფო ენაზე მაღლა, სახელმწიფოს გარდა, სხვა არაფერი არსებობს. სახელმწიფო ენა არის სახელმწიფოს პირველი მდგენელი (არა მხოლოდ შემადგენელი), ანუ ის, რაც ქმნის სახელმწიფოს. ენობრივი საკითხი მთავარი გამაერთიანებელია, ჩვენი სახელმწიფოებრივი იდენტობის (ეროვნული იდენტობის, თავისთავად) მთავარი კონსტრუქტორი არის სახელმწიფო ენა და როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ათწლეულების განმავლობაში და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როცა ევროპული სივრცის პირობების მიღებას ვაპირებთ, ამაზე ვამბობდეთ უარს?! ევროპული კულტურა სწორედ ის არის, რომ სახელმწიფო ენას თავისი ადგილი ჰქონდეს. რომელ განვითარებულ, ან თავმოყვარე განვითარებად ქვეყანაშიც არ უნდა შეხვიდეთ, პირველივე ნაბიჯის გადადგმისას იგრძნობთ, რომ იქ სახელმწიფო ენას საკუთარი ადგილი აქვს მიკუთვნებული განსაზღვრული წესებით, ფუნქციონირების სივრცე აქვს მოხაზული და მთლიანობაში იმ სივრცეშია გაბატონებული. ბუნებრივია, ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე, ჩვენს სინამდვილეში კი, ფაქტობრივ, სახელმწიფო ენის პოლიტიკა არ არსებობს!

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში შედიოდა საკითხები, რომლებიც ნამდვილად ფასეულობათა წინა პლანზეა, მათ შორის, სახელმწიფო ენის დარეგულირების საკითხი და ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც აღიარებენ სახელმწიფო ენის კანონისა და სახელმწიფო ენის დაცვის აუცილებლობას, მაგრამ, რეალურად, ნაბიჯის გადადგმა არ ხერხდება, რაც სამწუხაროა. სტრუქტურას რა ერქმევა, ეს კი არ არის არსებითი (სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვანაირი სტრუქტურა შექმნილა საამისოდ), მთავარია, რომ კანონის განხორციელების მაკონტროლებელი სახელმწიფო სტრუქტურა არსებობდეს (და ეს ასეც განსაზღვრა მიღებულმა კანონმა). ზოგი საქმეში ჩაუხედავი ამბობს: ხომ არსებობს ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ხომ სწავლობს სახელმწიფო ენას? რა თქმა უნდა, შეისწავლის მეცნიერულად, ენის განვითარების კანონებსა და წესებსაც შეიმუშავებს, მაგრამ ამ კანონებს ვერც დაამტკიცებს და ვერც დანერგავს. მას მაკონტროლებელი ფუნქცია არ აქვს და, ცხადია, ვერც სახელმწიფო ენის ფუნქციონირებას გააკონტროლებს. ამისთვის საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურა, მოქნილი, მობილური ინსტიტუცია, რომელიც ყველა მიმართულებით გააკონტროლებს სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ამიერიდან უკვე კანონით გააზრებულსა და განსაზღვრულ სამოქმედო „რუკას“.

_ კონკრეტულად რა სფეროებს სჭირდება განსაკუთრებული კონტროლი?

_ ეს არის, უპირველეს ყოვლისა, განათლება. შეიძლება ითქვას, რომ, ჯერჯერობით, სახელმწიფო ენის გავრცელების, დანერგვის თვალსაზრისით სახელმწიფოებრივი პოლიტიკა  თანმიმდევრული არ არის. ეს შეეხება როგორც სასკოლო განათლებას,  განსაკუთრებით არაქართულენოვანი რეგიონების სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლებას, ისე უმაღლესი განათლების სისტემასაც, სადაც სახელმწიფო ენის ადგილი აღარ არსებობს. ზოგან საერთოდ გაქრა სახელმწიფო ენა, თითქოს საჭირო აღარ იყოს, თვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კი, შეიძლება ითქვას, რომ მას სიმბოლური ადგილიღა აქვს მიკუთვნებული.

ეს არის, ასევე, მასმედია, რომელიც, ზოგადად, მედიის კანონით რეგულირდება, მაგრამ ენობრივი ფუნქციონირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ის სფეროა, რომელსაც ძალიან დიდი ხელშეწყობა, მხარდაჭერა და ისეთი სპეციფიკური ინსტრუქციები სჭირდება, რითაც თანამიმდევრულად განავითარებს, გააუმჯობესებს თავის ენობრივ „მეურნეობას“. თავისუფალი მედია დიდი მონაპოვარია და მას უამრავი პოზიტიური ასპექტი აქვს, მაგრამ, ამავე დროს, ენობრივი პროცესების ასე თავისუფლად მიშვება არ შეიძლება. დიდი სახელმწიფოებიც კი არ აძლევენ თავს უფლებას, რომ თვითდინებაზე იყოს მიშვებული სახელმწიფო ენის განვითარება. ცნობილია, რომ ცოცხალ ენაში მუდმივად მიმდინარეობს ცვლილებები. გარკვეულ დონეზე ეს ცვლილებები რაოდენობრივი ხასიათისაა (მაგალითად, ლექსიკის შემოჭრა), რაც შემდეგ, თურმე, თვისობრივში გადადის, ანუ ისეთი პროცესები იჩენს თავს, რომელიც შეუქცევადია. ჩვენს ენობრივ სინამდვილეში ამის ნიშნები არის…

მნიშვნელოვანია რეგიონებში სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხი. სხვათა შორის, კანონპროექტის განხილვის დროს შიშობდნენ, რომ ამ რეგიონებში ისევ ძველი მექანიზმით მოხერხდებოდა პროტესტის პროვოცირება. საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ცნობიერება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ზოგიერთი „მოღვაწის“. დღეს საყოველთაო შეგნებაა იმისა, რომ სახელმწიფო ენის ფლობის გარეშე მოქალაქეობრივი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა შეზღუდულია და ამას თავადვე უსვამდნენ ხაზს. კანონპროექტის განხილვის დროს რეგიონებიდანაც იყვნენ ჩამოსულები და ერთმა მამაკაცმა პირდაპირ თქვა, _ მე რა სიმწარეც ვნახე ცხოვრებაში იმის გამო, რომ ქართული არ ვიცოდი, სულაც არ მაქვს სურვილი, ჩემმა შვილმაც ასეთივე სიმწარე იწვნიოს, ამიტომაც ასწავლეთო! რეგიონებში სერიოზული შეგნებაა იმისა, რომ სახელმწიფო ენა სათანადოდ ისწავლებოდეს, მაგრამ სახელმწიფოებრივი კონტროლი სჭირდება, რომ ეს საქმე სწორ ნიადაგზე დადგეს. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ არაქართულენოვანი კონტინგენტის მომზადების მიმართულებით სახელმწიფო რესურსები იხარჯება, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი  მცირეა. გასული წლის ბოლოს ევროსაბჭოს თბილისის ოფისის ეგიდით კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც ექსპერტები გამოვიდნენ და კრიტიკულად შეაფასეს ვითარება. ე. ი. რაც იხარჯება, იმასაც ვერ ვიმკით. რატომ? იმიტომ, რომ ეს კერძო ინიციატივების საგანია, არ არის ერთიანი მიდგომა, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა, ამიტომაც შედეგი ვერ გვექნება.

_ ანუ, პრაქტიკულად, საქართველოში არ ტარდება სახელმწიფო ენის გამყარების პოლიტიკა.

_ დიახ, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ჩამოყალიბებული… კანონის თანახმად, გასული წლის 1-ლი თებერვლიდან სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უნდა ამოქმედებულიყო, პროგრამები და სახელმწიფო ენის ნორმები უნდა მიეღოთ. სხვათა შორის, სახელმწიფო ენის პროგრამაც შემუშავებული გვქონდა და ნორმატიული სტანდარტებიც. ჩვენი მხრივ, როგორც მეცნიერები, ჩვენს მოვალეობას ვიხდით და ყოველწლიურად არაერთ სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ, ჯერჯერობით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ყველაფერი არავის არაფერში სჭირდება. სახელმწიფო ენის თემას ქვეყნის ცხოვრებაში, სამწუხაროდ, კანონიერი ადგილი, ჯერ კიდევ, მოსაპოვებელი აქვს და ამაში მედიას განსაკუთრებული როლი ეკისრება…

მოგეხსენებათ, დღეს პარლამენტს ახალი შემადგენლობა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტსაც ახალი თავმჯდომარე ჰყავს. სახელმწიფო ენის კანონის მიღება კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, ბატონი ივანე კიღურაძის დიდი დამსახურებაა, პირადად მან დიდი შრომა ჩადო ამ საქმეში, მაგრამ ბატონი ივანეს პარლამენტში ყოფნის პერიოდში კანონის განაზრახთა რეალიზება არ მოესწრო. ახლა კომიტეტის თავმჯდომარეა ქალბატონი მარიამ ჯაში, რომელთანაც უკვე გვქონდა საუბარი და მისი დამოკიდებულებაც, საბედნიეროდ, დადებითია. მგონი, ამჯერად მაინც (სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს), სამართალი თავის გზას იპოვის. იმედი მაქვს და სხვანაირად არ შემიძლია: ვერ შევეგუები აზრს, რომ ეს უმართავი პროცესი, ეს განუკითხაობა უსასრულოდ გაგრძელდეს, სადღაც აუცილებლად უნდა დამთავრდეს. 25 წლის მცდელობის შემდეგ იქამდე მივედით, რომ კანონი ჩამოყალიბდა, სხვათა შორის, ძალიან სრულყოფილი კანონი. ახლა იმ გადაწყვეტილებამდეც მივალთ, როცა სახელმწიფო შექმნის სტრუქტურას, რომელიც ყველაფერ ამას გააკონტროლებს, სახელმწიფო ენის პოლიტიკას განახორციელებს. უფრო ფართოდ, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკა, რომლითაც იწყება განათლებაც, მეცნიერებაც, მედიაც, სახელმწიფო სამსახურებიც… სხვათა შორის, ჩვენ გამოსაცემად უკვე მზად გვაქვს „საჯარო მოხელის ლექსიკონი“. საჯარო სამსახურების სფერო არა მარტო იმიტომ არის კრიტიკის საგანი, რომ მოქალაქე საჭირო პასუხს ვერ იღებს ელემენტარული საკითხის დასმის დროს, არამედ იმითაც, რომ ენობრივად ისეთი დოკუმენტები იქმნება, ისეთი განკარგულებები და ბრძანებულებები გამოიცემა, მოქალაქეებს ჩვენთან მოაქვთ და გვეკითხებიან, განგვიმარტეთ, აქ რა წერიაო. როცა სათანადო სტრუქტურა იარსებებს, მსგავსი რამ არ მოხდება, რადგან ის სტრუქტურა წინასწარ გააკონტროლებს იმ დოკუმენტებსა და კანონებს, რომელთა წაკითხვა ცალსახა, ერთაზროვანი უნდა იყოს…

_ ენობრივი თვალსაზრისით ძირითადი პრობლემა, რაც ყველაზე მეტად თვალსაჩინოა, რა არის?

_ შინაურისთვისაც და გარეშესთვისაც თვალში საცემია გარე წარწერები. თანამედროვე ცხოვრება ისეთია, რომ ყველაფერი გარეთ არის გამოტანილი: რეკლამები, ათასნაირი ფირნიშები, განათებები და ა. შ. რაც ქალაქის იერსახეს ქმნის. ღამე რომ გაიაროთ, თბილისი ვისი დედაქალაქია, ვერ გაიგებთ, ბაბილონის გოდოლს ჰგავს… ამ თვალსაზრისით არანაკლები პრობლემაა რეგიონებში. და არა მხოლოდ არაქართულენოვან რეგიონებში. დაითვალეს და თბილისიდან სარფამდე ორი ათასზე მეტი არაქართულენოვანი წარწერაა გაკეთებული. ასეთივე ვითარებაა თბილისი-ყაზბეგის  მიმართულებით და სხვა ტრასებზეც. საერთოდ, რეგიონებში რომ ჩახვიდეთ, ყველგან ერთი და იგივე თავმოუბმელი მდგომარეობაა. არადა, ეს კანონის მიხედვით განსაზღვრულია. გარდა ამისა, მითითებულია, რომ დეპარტამენტმა და იქ მოქმედმა კომისიამ წესები უნდა დაადგინოს, როგორ, სად, რა რიგით და რა ფორმით უნდა განთავსდეს წარწერა. სავალდებულო არ არის, რომ წარწერა ორენოვანი იყოს, ეს არავის მოუთხოვია. არის ობიექტები, რომელზედაც სახელმწიფოენოვანი წარწერაც სრულიად საკმარისია. უნდა განისაზღვროს ზომა და წონა იმ გარე წარწერებისა, რომლებიც ხშირად საშინლად ამახინჯებს და აჭუჭყიანებს ჩვენს მშვენიერ დედაქალაქს და ჩრდილს აყენებს მის კულტურას. რატომ უნდა იყოს ვალუტის გადამხურდავებლის წარწერა უფრო დიდი, ვიდრე, ვთქვათ, რომელიმე კეთილშობილი დაწესებულებისა, სრულიად გაუგებარია და ამას კონტროლი სჭირდება, ხომ?..

_ იმედია, სახელმწიფო დროზე იზრუნებს…

_ უკიდურესად მომწიფდა ვითარება სახელმწიფო ენის დაფასებისთვის. ჩვენ თუ ევროპული ოჯახისკენ მივდივართ და ევროპის კარზე ვაკაკუნებთ, იქ ელოდებიან პასუხს არა იმაზე, თუ რისთვის, რის მისაღებად მოვდივართ, არამედ იმაზე, თუ რა ფასეულობა მიგვაქვს ამ დიდ ოჯახში? და ჩვენ გვაქვს ის, რითაც, შეიძლება, ღირსეულად წარვდგეთ _ ჩვენი უზარმაზარი ისტორიით, როგორც ქრისტიანული ქვეყნისა და ერისა; ძალიან ფასეული, უნიკალური კულტურით და ძალიან დიდი სახელმწიფო ენით… ეს ის ფასეულობებია, რომლებიც მუდამ წინა პლანზე უნდა გვქონდეს წამოწეული, რომლებიც არც ინფლაციას ექვემდებარება და არც დევალვაციას, რადგან მარადიულ ღირებულებას წარმოადგენს…

_ ამ ყველაფრის ფონზე თქვენი სათქმელი რა არის, ბატონო ავთანდილ?

_ დეპარტამენტის თემა არ შეიძლება, სპეკულაციის საგანი იყოს. სტრუქტურა შეიძლება აღმოჩნდეს ფუჭი და უქმი მხოლოდ მაშინ, თუ სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. სახელმწიფო ენის სფეროში პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს, ძალიან სერიოზულად უნდა მიეხედოს ყველა იმ ინსტიტუციასა და ყველა იმ სფეროს, სადაც სახელმწიფო ენა ფუნქციონირებს. შეიძლება ითქვას, ენათმეცნიერების ინსტიტუტი დაარსების დღიდან ის უმთავრესი დაწესებულებაა, რომელიც გეგმაზომიერად სწავლობს სახელმწიფო ენის განვითარებას, მის ისტორიასა და თანამედროვეობას. სწორედ ის იყო ქართული ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის საბაზო ინსტიტუტი, მაგრამ ის სახელმწიფო ენის ერთი ფრთაა და მას მეორე ფრთით სჭირდება გაწონასწორება, რომელიც სახელმწიფოებრივ ნებას განახორციელებს. მაშინ სახელმწიფო ენის არსებობა თანამედროვე მღელვარე სივრცეში ნამდვილად სიმყარეს შეიძენს. აი, ამ თვალთახედვით ვუყურებთ ჩვენ კანონსაც და მისი აღსრულების აუცილებლობასაც და ვერავინ შეგვირყევს იმის რწმენას, რომ ეს პირველი რიგის სახელმწიფოებრივი საკითხია.

 

საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ

თავი XII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 40. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

  1. 2016 წლის 1-ლ თებერვლამდე:

ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა, განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

  1. 2016 წლის 14 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს:

ა) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა;

ბ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და ტერმინოლოგიური სტანდარტები;

გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი.

  1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უზრუნველყოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვა.

მუხლი 41. კანონის ამოქმედება

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 33-ე, 34-ე, 36-ე და 37-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1-ლი იანვრიდან.
  2. ამ კანონის 36-ე მუხლის 1-ლი-მე-5 პუნქტები, მე-6 პუნქტის „ა“-„ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები და მე-7-მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1-ლი თებერვლიდან.
  3. ამ კანონის 33-ე და 34-ე მუხლები, 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და 37-ე მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 14 თებერვლიდან“.

 

  1. S. სხვათა შორის, გასულ წელს აღნიშნულ დეპარტამენტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო, 2017 წელს კი ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არავის გამოუყვია.

 

 

თამარ ოთიაშვილი