თელავი და მისი ეკონომიკური კრიზისი

ეკონომიკის განვითარების საკითხები ისეთივე აქტუალურია, როგორც გასული ათწლეულების მანძილზე. შეიძლება ითქვას, უფრო აქტუალურიცაა, ვიდრე აქამდე. ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბება, სხვა მიზეზებთან ერთად, იმიტომ არის პრიორიტეტი, რომ ოცწლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე პირველად მოხერხდა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა და შესაბამისად, დემოკრატიული განვითარებისკენ ერთერთი ყველაზე გარდამტეხი ნაბიჯი გადაიდგა.

 

თუ ამ დადებითი მოვლენის გამოყენება და შენარჩუნება გვინდა, ეკონომიკურ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ.

ფართოდ გავრცელებული სიღარიბე და უთანასწორობა აუცილებლად იქცევა პოლიტიკური დესტაბილიზაციის, ან დემოკრატიული პროცესების უკუსვლის მიზეზი, რაც სოციალური პრობლემების მოგვარების დროში გადადებას იწვევს. მსგავსი სცენარების თავიდან ასარიდებლად აუცილებლად უნდა მოხერხდეს მძიმე სოციალური პრობლემების შემსუბუქება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკის განვითარების ხედვის გარეშე, შეუძლებელია.

ჩვენი ხელისუფლება, ამ ეტაპზე, საზოგადოებასთან განვითარების ზოგადი ხედვის კომუნიკაციას განსაკუთრებული მონდომებით არ ცდილობს. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, თავადვე დავსვათ კითხვები, მოვითხოვოთ სოციალურეკონომიკური პოლიტიკის სინთეზი, გამოვყოთ არსებული პრობლემები, გამოვითხოვოთ ინფორმაცია ყველა აუცილებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, ვინ განსაზღვრავს ყოველდღიური დებატების დღის წესრიგს.

სახელმწიფო რომ ოჯახს ჰგავს, ეს ახალი ამბავი არ არის. შესაბამისად, როგორც ყველა ოჯახს, ისევე სახელმწიფოს, ან ნებისმიერ მუნიციპალიტეტს სჭირდება ეკონომიკური სტრატეგია.

დაახლოებით ორი კვირის წინათ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონებისა და ეკონომიკური მართვის კომისიას წერილით მივმართე და მოვითხოვე:

გთხოვთ, მომცეთ უძრავი და მოძრავი ქონების ჩამონათვალი და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მართვის 2017 წლის სტრატეგია. მუნიციპალიტეტი საგონებელში ჩავარდა და ვერ მიხვდა, რას ვითხოვდი. პასუხი კი მარტივია, _ ვითხოვდი სამართლებრივ აქტს, სადაც გაწერილი უნდა ყოფილიყო, როგორ ხარჯავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია 10 მილიონამდე ლარს? რა სტრატეგიული გეგმები გვაქვს ეკონომიკური თვალსაზრისით? რა შესაძლო მოგება შეიძლება მოვუტანოთ ქალაქის მოსახლეობას აღნიშნული თანხის დასახარჯად? და რა შესაძლო პრობლემები შეიძლება გაჩნდეს 2017 წელს?

მათ, ეკონომიკური სტრატეგიის ნაცვლად, 2017 წლის ქალაქ თელავის ბიუჯეტი მომცეს, სადაც ერთი წინადადებით წერია, რომ სტრატეგია გვაქვს ინფრასტრუქტურაში, განათებაში და ..

1 წელიწადი მოკლე დროა… 10 მილიონი კი _ დიდი ფული

მოკლევადიანი სტრატეგია მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვეულებრივად მუშავდება მართვის საშუალო დონეზე, დროის უფრო მოკლე მონაკვეთზეა გათვალისწინებული, ვიდრე სტრატეგია (ჩვეულებრივ, ერთი წელიწადი).

ერთჯერადი ცვლილება, როგორი უნიკალური და წარმატებულიც არ უნდა იყოს იგი, არ არის საკმარისი შედეგებისთვის. აუცილებელია ასეთი სიახლეების უწყვეტობა, რის გარეშეც შეუძლებელია დარჩე ყურადღების ცენტრში. ამ უკანასკნელის გარეშე კი წარმატება სულ უფრო ცვალებადი ხდება.

და რადგან ჩემი ქალაქის ვერც საკრებულოს აღნიშნულმა კომისიამ გამცა პასუხი, სად უნდა გვქონდეს გაწერილი ეკონომიკური სტრატეგია, მაშინ ამისთვის მარტივი მაგალითის მოყვანა გადავწყვიტე

სოციალურ ქსელში არსებულ ვინმე ჯემალს გამოვიყენებ და ავხსნი:

ჯემალს ოჯახი აქვს, ორი შვილი და მეუღლე ჰყავს, ჯემალს წელიწადში 10 000 ლარი აქვს შემოსავალი, ჯემალმა იცის, რომ ეს 10 000 ლარი სწორად უნდა დახარჯოს: ლარით ასწავლოს შვილებს, გამოკვებოს ოჯახი და სწორი სტრატეგიით მართოს ოჯახის ბიუჯეტი. ან ჯემალს შეუძლია, ყოველი თვის ბოლოს აღებული ხელფასი ოჯახისთვის არ დახარჯოს, წავიდეს სადმე რესტორანში და ერთ ვახშამში გადაიხადოს 800 ლარი, მაგრამ ჯემალი ამას არ აკეთებს და იცით, რატომ? ჯემალმა იცის, როცა ის მოხუცდება, მისი შვილები უნდა იყვნენ ოჯახის პატრონები და მათ თუ არ მისცა განათლება, დღეს თუ მათ არ უყიდა ფეხსაცმელი, ისინი სკოლაში ვერ ივლიან, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ჯემალს შრომა აღარ შეეძლება, ვერც მისი შვილები შეძლებენ განათლების გარეშე მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. ამიტომ ჯემალს თავისი ოჯახის ეკონომიკური სტრატეგია სწორად აქვს გაწერილი.

რეალურად, გასული წლების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირებსა და საკრებულოს დეპუტატებს იმდენი საწვავი აქვთ გაწერილი ბიუჯეტში, რომ დღეში, საშუალოდ, 15 ლირტი ბენზინის დაწვა მოუწევთ. ასევე დეპუტატებს, რომელთაც ბიუჯეტი საწვავის სახით აირს აძლევს, ჯერ სამი წლის მანძილზე არც ერთი ღია და საჯარო შეხვედრა არ ჩაუტარებიათ მოსახლეობასთან, სადაც ერთობლივად განიხილავდნენ ბიუჯეტის მართვას და ხალხისთვის აუცილებელ საჭიროებებს.

მაგალითად, სოციალურ პროგრამებში 2017 წელს აღარ გვაქვს ერთჯერადი დახმარება სოციალურად დაუცველებისთვის, რომელიც წელიწადში მხოლოდ 42 000 ლარი ჯდებოდა. სამაგიეროდ, ადმინისტრაციული ხარჯი მილიონ ლარამდე ადის. 2017 წელს თელავში სოციალურად დაუცველთა რიცხვი იმაზე მეტად არის გაზრდილი, ვიდრე 2014 წელს იყო.

საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკის კომისიას არ აქვს არც ქონებრივი ბალანსის შესახებ არსებული დოკუმენტი. ანუ მუნიციპალიტეტში არ იციან, რა თანხის ქონების პატრონია ქალაქი თელავი. არ აქვთ ობექტების არც ცვეთისა და არც ქონების ღირებულებების ჩამონათვალი.

საერთო დასკვნის ფონზე ქალაქი, რომელსაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი უკავია რეგიონში, არის რეგიონული ადმინისტრაციული ცენტრი, აქვს ტურიზმის განვითარების მაღალი პოტენციალი, 2017 წლის სტრატეგიული გეგმა არ გააჩნია, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკა თელავში. არც საკრებულოს დეპუტატებს აქვთ ინიციატივები, ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო განხილვა ან შეხვედრა მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებთან.

დავა რთულია, მაგრამ სიმართლე ადვილად დასადგენია. თვითმმართველი თელავის საკრებულოს აპარატის დებულების მე-8 მუხლში წერია, რომ ) ქვეპუნქტი: აპარატის თანამშრომელმა (პრესსამსახური) უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება: სადაც უნდა გამოქვეყნდეს ყველა დადგენილება, ამავდროულად, დეპუტატების მიერ ყველა შეხვედრა მოსახლეობასთან. თუმცა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე წელთაღრიცხვა გაჩერებულია და ის 2016 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით გამოიყურება. სანაცვლოდ ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტი პრესსამსახურთა შესანახად, დაახლოებით, იმდენივე ლარს ხარჯავს, რამდენიც სიღატაკის ზღვარს მიღმა ასობით მოქალაქის ერთჯერადი დახმარებისთვის უნდა დაეხარჯა.

და როცა იკითხავთ, _ კიდევ რა არის ეკონომიკური სტრატეგიაო? _ მაშინ წაიკითხეთ საბიუჯეტო კანონმდებლობა; გადახედეთ თქვენსავე თანამშრომლების მიერ თვეების მანძილზე უსაქმურობის თვალსაჩინო ნიმუშებს და მიხვდებით, რომ ეგ 10 მილიონი საქულას დუქნის კი არა, თელაველებისაა. იმ თელაველების რომლებსაც არც ერთხელ არ წაუკითხავთ და არც უნახავთ, სად იხარჯება ქალაქის ფული.

 

  1. S. 2016 წლის ბოლოს ქალაქს თითქმის ერთი მილიონი ლარი დარჩა აუთვისებელი. რატომ?! არც გასულ წელს გქონიათ ეკონომიკური სტრატეგია, რადგან არ იცით, რა რას ემსახურება

 

მაკა მოსიაშვილი