„ჩამოთრეულო სადღაიციდან“

 

მოვლენების ეპიცენტრში კვლავ „რუსთავი 2“-ია და მაშასადამე _ კვლავ ნიკა გვარამია. ვიდრე იმ მტაცებლურ გეგმას შევეხებოდეთ, რასაც ის ბრძენი კაცი ამ არხის დასამორჩილებლად ახორციელებს და ვიდრე კიდევ უფრო ღრმა ფესვების მქონე მოვლენაზე ვიტყოდეთ რამეს, რამაც, ასევე, ამ დღეებში იჩინა თავი, აქვე უნდა ვთქვათ: „რუსთავი 2“-მა კანონი დაარღვია _ „+18“ არ დაადო იმ კადრებს, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ნიკა გვარამია და ბატონი მდინარაძე და სადაც წამყვან იაკობაშვილს ამაოდ ეჭირა „ლამპა“. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, თუმცა ეს ჩვენ გვეხუმრება და გვეღლიცინება იმ კადრების შემყურეს, თუ როგორ დაუნდობლად აფარჩაკებდა გვარამია მდინარაძეს, თორემ მდინარაძეს რა ეხუმრება, მდინარაძეს ვერც ერთი მდინარე ვერ გარეცხავს, რაც კი საქართველოში მოედინება, მაგას ნილოსი და ნიაგარის ჩანჩქერი თუღა ჩამორეცხს.

ახლა კი იმაზედ, რასაც ბევრად ღრმა ფესვები აქვს… ამ დღეებში „ფეისბუკში“ სამიოდე წუთიანი ღვარძლი გადმოიფრქვა. იმდენად, რამდენადაც იმ ქალბატონის ღვარძლი თავის თავში საკმაოდ დიდი აუდიტორიის ღვარძლს იტევს და იმდენად, რამდენადაც ეს არ ეხება მხოლოდ გვარამიას, ავტორის დასახელებაც არ არის საჭირო. ის ჩვენში კარგად ფესვგადგმულ დამოკიდებულებას ახმოვანებს და არსებითი არცაა, ბოლოს ვინ წამოიყვირებს მას.

„შე ვიღაცა ჩამოთრეულო სადღაიციდან, შენ!“ _ ესაა მისი ღვარძლის ლაიტმოტივი, მე ვიტყოდი, უკვდავი ლაიტმოტივი, რომელსაც არაერთხელ უჩენია თავი. მავანს და მავანს არ გააჩნია სხვა რამ პიროვნული ღირსება, იძულებულია, ჩაეჭიდოს თბილისელობის ხავსს, რომ ამით მაინც უზრუნველჰყოს საკუთარი „უპირატესობა“ სხვებზე; რომ ამით განიმტკიცოს პრივილეგირებული მდგომარეობა ამ ქალაქში. ეს თავმომწონე ხოხბები არად დაგიდევენ იმ ფაქტს, რომ ამ ქალაქში ვინც დღესაა _ ყველა ოდესღაც ჩამოთრეულია. თბილისის დაარსების ლეგენდას თუ ვირწმუნებთ, თბილისელი მხოლოდ ხოხობი თუ იყო. ისიც არავინ იცის, ის ხოხობი, თბილ წყლებში რომ ჩაიფუფქა „მესტნი“ იყო, თუ საშოვარზე შემოფრენილი? და რომც „მესტნი“ ყოფილიყო, ის გაიფუფქა და განა, რამდენი ბარტყი ჰყავდა გაფუფქვამდე დაჩეკილი, რომ შემდეგ ასე იბარტყა და მილიონიან ქალაქად იქცა? ან თუ ასეა, სად გყავთ დარვინის დარი მეცნიერი, რომელიც თეორიას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა ადამიანი ხოხბისგან? მაინც, რა პროცედურებია საჭირო, რომ ხოხბისგან თბილისელი დადგეს? გაფუფქვა? გაპუტვა?

ან, იქნებ, ვინმემ, ვინც მეტისმეტად თავს იწონებს თბილისელობით და მტერზე მეტად ვძულვართ „ჩამოთრეულები“, კარგად ჩახედოს ისტორიას, ვინ ცხოვრობდა აქ საუკუნეთა მანძილზე და როგორ გაქართულდა ეს ქალაქი. ჩახედოს ისტორიას, დაითვალოს, რამდენი თაობის წინ ჩამოვიდა თვითონ. ეს ხომ ყველას უყვარს _ თაობების თვლა. დაითვალოს ეს 4 თაობა, გადათვალოს და აღმოაჩენს, რომ მისი თბილისური ფესვები არ სცდება, უკიდურეს შემთხვევაში, XIX საუკუნეს, ბევრად დიდი ნაწილი კი XX საუკუნეში ამ ქალაქში „სადღაიციდან ჩამოთრეულია“. და რაც უფრო აქეთ, მეოცეს დასასრულისკენ მოვდივართ _ უფრო და უფრო მატულობს ეს რიცხვი. და რა ხდება ახლა? გუშინწინ „ჩამოთრეულები“ გუშინ „ჩამოთრეულებს“ ერჩიან.

მიდი, და კედელს „ნაპორით“ აყარე ცერცვი და ამ ხალხს რამე შეაგნებინე. თუნდაც ის, რომ ეს ქალაქი სწორედ „ჩამოთრეულმა“, ყვარლიდან „ჩამოთრეულმა“ ილია ჭავჭავაძემ აქცია ქართულ ქალაქად, რომ ამ ქალაქში თეატრი სწორედ „ჩამოთრეულმა“ გიორგი ერისთავმა დააარსა, უნივერსიტეტი _ ხოვლელმა ივანე ჯავახიშვილმა. არც აკაკი წერეთელი იყო გაპუტული ხოხობი, არც ვაჟა, არც კოტე მარჯანიშვილი, არც სანდრო ახმეტელი, არც გალაკტიონი, არც კონსტანტინე გამსახურდია, არც მიხეილ ჯავახიშვილი, არც ვერიკო ანჯაფარიძე, არც სესილია თაყაიშვილი, არც აკაკი შანიძე, არც დიმიტრი უზნაძე, არც სერგო ზაქარიაძე, არც უშანგი ჩხეიძე, არც ეროსი მანჯგალაძე და არც კიდევ ბევრი სხვა, ღირსეული და საქვეყნოდ გამოჩენილი ქართველი, ვის გარეშეც დღეს უკვე წარმოუდგენელია საქართველოც და მისი დედაქალაქი _ თბილისიც! მაინცდამაინც თქვენ დაგემსგავსოთ, მოგდგეთ და გითხრათ, ვინ იყვნენ „კარენოი“ თბილისელები? გიჟი კიკა და მარინა?

გვარამიას მოძულე ქალბატონი გვარამიას არ დაზარდა და ექსკურსიამძღოლობაც იკისრა: „გვარამია, თბილისი იყო ყოველთვის როგორი ქალაქი, იცი? აქ ადამიანები ვიცნობდით ერთმანეთს, ოჯახები ვცემდით პატივს ერთმანეთს, მეზობლები, ქუჩაში, უბანში რომ შედიოდა, ქალი იყო, კაცი იყო, თუ ვინ იყო, ყველა ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობოდით, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცოდით, ის ვისთან მიდიოდა, ვისი სტუმარი იყო, ვისი და იყო…“

მოდი და ნუ გაოცდები, დავდგეთ ახლა და დავიჯეროთ, რომ მილიონიან ქალაქში მართლა ყველა ყველას იცნობდა? თუ ის უფრო დასაჯერებელია, რომ მათთვის თბილისი ჩაის სახლთან მთავრდებოდა და იმის იქით თბილისი აღარც იყო? ვგონებ, ეს უფრო დასაჯერებელია, რადგან გლდანს, ვარკეთილს, სამგორს, სანზონას და მსგავს უბნებს დღესაც კი არ მიიჩნევენ თბილისად. მეტიც, თბილისის მართლაც ისტორიულ უბნებსაც არ თვლიან თბილისად იმ უბანში, სადაც XX საუკუნის დასაწყისში ტყე იყო და გაბაშვილების ადგილ-მამულს წარმოადგენდა. დიახ, ვაკეზეა საუბარი, იმ ვაკეზე, რომელიც XX საუკუნეში გაშენდა. რა ვქნათ, ახლა, როგორ ვარკვიოთ, ვინ რამდენვარსკვლავიანი თბილისელია, რის მიხედვით დარიგდეს ეს ვარსკვლავები _ უბნის, ისტორიულობის მიხედვით, თუ იმის მიხედვით, ვინ რამდენი თაობის წინ ჩამოეთრა „სადღაიციდან“?

ახლა რაც შეეხება პატივისცემას… კი, ყველას გვახსოვს, როგორ ეცით პატივი გალის ქუჩაზე გაზრდილ ზვიად გამსახურდიას და ისიც გვახსოვს, როგორ უთავმოყვარეოდ უჩოქებდით მამათიდან „ჩამოთრეულ“ ედუარდ შევარდნაძეს. როგორც არ უნდა მოიწადინოთ, მაგ „პატივისცემას“ ნამდვილად ვერ წამოჰკიდებთ ნიკა გვარამიას. ის, ჯერ კიდევ, პატარა ბიჭი იყო და, ჯერ კიდევ, იქ იყო _ „სადღაიცაში“ _ აფხაზეთში, საიდანაც, სხვათა შორის, თავისი ნებით არ „ჩამოთრეულა“… თურმე, ნუ იტყვით და გაჩეჩილაძეებს ქალაქელები იცნობენ, რაკიღა ისინი აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, აი, გვარამიას კი, რომელიც „ჩამოთრეულია“, არ იცნობენ. ახლა, ამტკიცო ის, რომ გვარამიას არ იცნობენ ვინაა, მეტისმეტია. აქ სხვა ცნობაზეა საუბარი. განა, არ იცნობენ, ვინაა _ არ სცნობენ, არ აღიარებენ _ რაკიღა „ჩამოთრეულია“.

ვერაფერს იტყვი, პარადოქსების ქვეყანაა. თუ არ ნებავთ, არ გცნობენ, არ გაღიარებენ, თუ აწყობთ _ ფეხქვეშაც გაგეგებიან, როგორც გაეგნენ მამათელს, ჭორვილელს, კოკელს…

და სხვათა შორის, რაც იგივე ნარმანიასა და მის კოკელობაზე ხდებოდა, იგივე მედლის მეორე მხარეა. მერე რა, რომ ბოლოს ერთი ადგილი აწიეს და ისევ ხუნტრუცით მისცეს ხმა მის გამერებას, მის გამერებამდეც და მერეც ხომ იყო ყოვლად ამაზრზენი კაკაფონია ნარმანიას არათბილისელობაზე. მხოლოდ მის წარმოშობას ისე უსვამდნენ ხაზს, გეგონება, სხვა მხრივ, ყველაფერი თაროზე ჰქონდა ჩაწიკწიკებული, გეგონება, სხვა მხრივ, ყოველმხრივ ღირსი იყო მერობის თუ მინისტრობის და მხოლოდ ეს ნაკლი ჰქონდა _ არ იყო თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. მეათეხარისხოვანი პირველხარისხოვნად აქციეს და მიუხედავად ამისა, მაინც ზარზეიმით აიყვანეს მერის ტახტრევანზე.

მარტივად რომ ვთქვათ, ამ ქალაქის წინაშე ურთულესი დილემაა _ მის მკვიდრთა ნაწილი დღემდე ვერ აცნობიერებს და ტვინში ვერ უშვებს იმას, რომ დედაქალაქი ყველასია. არათუ დედაქალაქი, საერთოდ ქალაქის არსებითი მახასიათებელი ისაა, რომ ის ღიაა ყველასთვის. სწორედ ეს განასხვავებს მას სოფლისგან. მაგრამ რა გინდა, რომ ქნა? ვერ გამოვიდნენ იმ საუკუნეებიდან, როდესაც ქალაქებს გალავნებს არტყამდნენ. იმ საუკუნეებშიც კი იმ გალავნებს მტრისგან თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა და არა ჩამოსულთაგან. ახლა, თურმე, სხვა ამოცანაა _ მტერი კი არა, „გვარამიები“ არ შემოეპაროთ. თუმცა ვერც გეტყვით, რომ დიდად სცდებიან, სწორედ „გვარამიები“ არიან მათი ჩაკეტილობის მტრები, სოციალური მტრები. წიხლით რომ ამტვრევენ იმ მენტალურ გალავანს თუ ქვის ყორეს, რომელსაც ისინი გულდაგულ ავლებენ გარს დედაქალაქს. დიახ, „ქალაქელები“ „გვარამიებს“ აღიქვამენ მტრად და არა „ბიძინებს“, რომელიც რეალურად ხელყოფს ამ ქალაქის იერსახესაც, ჭრის კლდეებს, დაათრევს ხეებს. ხეებს ვინ დაეძებს, აგერ, „რუსთავი 2“-ს ეჯაჯგურება და ერთი სული აქვს, როდის ამოთხრის და დაირგავს ეზოში. მისთვის ყველაფერი ემეტებათ, ოპერის ლოჟებიც, ყველა ტელეარხიც, „ასმეტრიანი“ ხეებიც, საყდრისიც, ქალაქის იერსახეც, ბოტანიკური ბაღიც, არც მისი ზებრა-ზვიგენ-პინგვინი ურღვევთ ქალაქურ მყუდროებას. და როცა სხვადასხვა ტრიბუნიდან ყინჩად გაჰკივიან „ჩამოთრეულების უკან დაბრუნებაზე“, ბატონ ბიძინაზე „ნიჩორტას“ აკეთებენ. ის ბრძენი კაცი „ციხეს ზის ეგზომ მაღალსა“, ზემოდან გადმოჰყურებს თბილისს, იცინის და ერთი სულ აქვს, როდის ააცლის ფუკასავით ამ ქვეყანას „რუსთავი 2“-ს.

„რუსთავი 2“-ის საქმის ორი მოსამართლე მათზე ზეწოლაზე ალაპარაკდა და პროკურატურას მიმართა. ხელისუფლებას უტიფრობა ეყო და მოსამართლეთა განცხადებების გასაჯაროების ნაცვლად იმაზე ალაპარაკდა, რომ, თურმე, ნუ იტყვით და ამ მოსამართლეებზე ზეწოლას წინა ხელისუფლება ახორციელებს. ტყუილ-მართლის ერთმანეთში ალუფხვა სწორედ ის ხერხია, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს „რუსთავი 2“-ის საბოლოდ ხელში ჩაგდებას. სქემა მარტივია _ მისცემენ ქიბარს, ქიბარი გაყიდის. იყიდის ვინ? ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო… ივანიშვილმა უკვე ხინკალივით მოახვია ქართული ტელემედია, ბოლო ნაოჭზეა გაჭედილი, თორემ, აგერ, საზოგადოებრივი მაუწყებელი კალთაში უზის კარგა ხანია. ადრესატმა უკვე მიიღო შეტყობინება, _ საზმაუს თავზე ჩემი ვასო ფრიალებს! ახლა, დღე-დღეზე ნინო ზაუტაშვილის „რეალურ სივრცესაც“ დახურავენ და მივიღებთ რეალობას, სადაც მთელი მედიასივრცე მონოპოლიზებულია… მაგრამ ეს რა სუფრაზე მოსატანია, მთავარია, თბილისს „გვარამიები“ არ შემოესიონ, თორემ, ბიძინას გინდა, მთელი თბილისი ამოუიღლიავებია გაფუფქული ხოხობივით.

 

 

რეზო შატაკიშვილი