ენმ და „ვისი სული გსურს“ სამეგრელოში

შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპში დაწყებულმა დაპირისპირებამ, რომელზეც ყველას საკუთარი, უტყუარად მიჩნეული ვერსია აქვს, გაყრით დასრულების შემდეგ, სამეგრელოში გადაინაცვლა.

სწორედ სამეგრელო იქცა „დარჩენილებსა“ და „გამიჯნულებს“ შორის ახალი ჭიდილის ადგილად და ეს, კაცმა რომ თქვას, არც არის გასაკვირი, თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ სამეგრელოს რეგიონზე მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა უმრავლესობა“.

აქ ბაზირებულია ის ამომრჩეველი, ვინც ყველა არჩევნებზე მშვიდად, ერთგულად, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, ყოფილი პარტიზანების მუქარისა და სახელმწიფო რესურსების ამოქმედების მიუხედავად, ხაზავდა და ხაზავს ხუთიანს.

სამეგრელოს ამომრჩეველმა ეს ერთგულება, ჯერ კიდევ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე დაამტკიცა, როცა კორცხელის ცნობილი ცემა-ტყეპის მიუხედავად, ადგილობრივ საკრებულოში „ნაციონალი“ აირჩია და არა „ქართული ოცნების“ წევრი.

ამის მიუხედავად, სამეგრელოში მარცხს ვერც ეს და ვერც სააკაშვილის წინამორბედი შევარდნაძის ხელისუფლება ეგუებოდნენ. კარგა ხნის წინ „ქრონიკა+“-ში ვწერდით, რომ ედუარდ შევარდნაძე სამეგრელოში 1992 წელს ჩასვლის დროს მისთვის ნასროლი ლაყე კვერცხებით მოთხუპნულ პიჯაკს გაურეცხავად და საგულდაგულოდ ინახავდა, ხოლო შემდეგ საქართველოში სტუმრად ჩამოსულ უცხოელებს უჩვენებდა იმის ნიშნად, როგორ არ უყვარდა ხალხს ადრე და როგორ შეცვალა ქვეყანა უკეთესობისკენ…

სწორედ სამეგრელოს რეგიონი იყო პირველი, ვინც განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როცა მას ტერაქტის მოწყობას უპირებდნენ აბაშის გზაზე, ჯერ კიდევ, გაპრეზიდენტებამდე.

ეს მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილსა და მის დაფუძნებულ პარტიას ამ დრომდე მოჰყვება, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ენმ-სგან გამოცალკევებულები ცდილობენ, თოკი თავიანთკენ გადაძალონ, ხოლო ენმ-ში დარჩენილები მას თავიანთკენ ექაჩებიან.

კაცმა რომ თქვას, ენმ-ს გაყოფა სამეგრელოს ორგანიზაციებს დიდად არ დასტყობია, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მის ორგანიზაციას დაეტყო. ამ შინაარსით, თითქოს, აბსურდული წინადადების არსში რომ გავერკვეთ, უნდა გავიხსენოთ, რომ სამეგრელოდან პარლამენტში მოხვედრილთა უმრავლესობამ პირდაპირ გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას მხარე აირჩია.

თუ ეს გასაკვირი არ ყოფილა ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარისგან – ლაშა დამენიასგან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასაკვირი აღმოჩნდა თენგიზ გუნავას მხრიდან, რადგან არავინ ელოდა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის საპირისპირო პოზიციას დაიკავებდა.

თენგიზ გუნავა, რასაკვირველია, სულაც არ მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნა, მაგრამ ფაქტია, რომ პირი, რომელიც ამ ხელისუფლებამ სრულიად უკანონოდ, განსაკუთრებული ცინიზმით დააპატიმრა, ახლაც შესაძლოა, ციხეში მჯდარიყო, რომ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, რის შემდეგაც ის ჯერაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამეგრელოს გუბერნატორად დანიშნა.

ახლა, როცა არჩევნები უკანაა, ხოლო თენგიზ გუნავა „ევროპული საქართველოს“ წევრია, ზუგდიდში ხშირად იხსენებენ, რომ ბოლო არჩევნების წინასაარჩევნო თვეებში თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია საკმაოდ უცნაურად იქცეოდნენ, როცა ოფისში ბევრი საეჭვო პირი ჩნდებოდა და მათთან შეფების ახლო ურთიერთობა თვალში საცემი იყო. ბევრს სწორედ დამენია-გუნავასთან აქვს პრეტენზია იმის გამო, რომ სანდრა რულოვსი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში არ გავიდა, ხოლო პირველ ტურში დამარცხდა იმის მიუხედავად, რომ კონკურენტს მისი მშობლიური სოფლის ერთ-ერთ უბანშიც კი მოუგო.

მაშინ ამბობდნენ, რომ გასამიჯნად გამზადებულებს ხელს არ აძლევდათ სამეგრელოში სანდრა რულოვსის გამარჯვება, რადგან საფუძველი გამოეცლებოდა თეორიას, თითქოს მიხეილ სააკაშვილის, ან მასთან პირდაპირ აფილირებული პირების აქტივობა ამომრჩეველს აფრთხობდა, ამიტომაც არაფერი გაკეთდა, რათა დარბეული უბნები დაეცვათ.

მოგვიანებით, შეკითხვები კიდევ უფრო მომრავლდა, როცა სანდრა რულოვსის მიერ, სავარაუდოდ, დიდი უპირატესობით მოგებული ჯიხაშკარის უბანი დაარბიეს, ხოლო სულ ცოტა ხანში ადგილობრივი კომისიის წარმომადგენელი ენმ-დან, არც მეტი, არც ნაკლები, სამეგრელოს პოლიციაში დაასაქმეს.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გამიჯნულების მიერ ხმამაღალი განცხადებების დაწყებისთანავე, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დრომდე თავისი პოზიცია არ გამოუხატავს, თენგიზ გუნავას მიმართ პრეტენზიები აშკარა იყო. ამავე დროს, ისიც გამოჩნდა, რომ ენმ-ს მხარდამჭერები ადვილად ელეოდნენ ყველა სხვას, თენგიზ გუნავას გარდა, ვის მიმართაც ბოლომდე შეინარჩუნეს მაქსიმალური კორექტულობა, ცალკეული გამონაკლისების გარდა.

მაგრამ ცდებოდა ის, ვინც ფიქრობდა, რომ თენგიზ გუნავა „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა და ენმ-ს საბოლოოდ ჩამოშორდა. ბუნებრივია, ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციასა და სამეგრელოს სხვა ქალაქებშიც იყვნენ პირები, რომლებიც ამ პარტიის მხარდამჭერები სწორედ თენგიზ გუნავას ფაქტორის გამო გახდნენ და თენგიზ გუნავამაც მათი „გადაქაჩვა“ ახალ პარტიაში სცადა, რასაც გაღიზიანება მოჰყვა.

როგორც ცენტრალურ ოფისში, ასევე რეგიონებში ადგილების გამოთავისუფლებამ ამ ადგილების მოსურნეთა შორის ახალი დაპირისპირება გამოიწვია და თუ ცენტრში ეს პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართა, სამეგრელოში და კერძოდ, ზუგდიდში, ისევ საჯარო და ხმამაღალმა დაპირისპირებამ იჩინა თავი. ეს ზუგდიდის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესს უკავშირდებოდა. როგორც ირკვევა, აქტივი რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი და ამ პოსტზე ყველ საკუთარ კანდიდატს ლობირებს.

პირველ რიგში ენმ-ს წევრის, ახალგაზრდა და ენერგიული ანი წითლიძის კანდიდატურა წამოტივტივდა, რომელიც ენმ-ს მეშვიდე ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრად აირჩიეს. სწორედ ის ესახებოდა აქტივის ნაწილს მომავალ თავმჯდომარედ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში, თუნდაც პარტიულ სიაში სამეგრელოს კვოტის გადანაწილებისას, ის უსამართლოდ გაწიეს განზე.

მოსახლეობასთან ხშირი კონტაქტი, აქციებზე სხვადასხვა დროს გამოჩენა და საჯარო პოსტები „ფეისბუქზე“ ის ფაქტორებია, რომლებიც ამ შემთხვევაში ანი წითლიძის სასარგებლოდ მოქმედებს, თუმცა თავმჯდომარეობის კანდიდატების სია ჯერ საბოლოოდ არ არის ცნობილი და არც ისაა გარკვეული, ანი წითლიძე ამ მარათონში მონაწილეობას აპირებს თუ, უბრალოდ, რომელიმე კანდიდატს დაუჭერს მხარს?

თუ ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივის ნაწილის მოსაზრებებს დავუჯერებთ, ანი წითლიძე თავად არ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს იმ ორიდან, ვისი პოზიციებიც დღეს არის გამოკვეთილი.

ასეთები კი ლევან კონჯარია და ალექსანდრე ქობალია არიან. მათგან პირველი საკრებულოს თავმჯდომარე იყო 2013 წლამდე, ხოლო შემდეგ საკრებულოს წევრი გახდა. რაც შეეხება ალექსანდრე ქობალიას, ის ზუგდიდის ყოფილი გამგებელია და სწორედ მისი გამგებლობის პერიოდს უკავშირდება ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება, მოწესრიგებული გზები და განათებები, ასევე ენმ-ს მხარდაჭერა იმ პერიოდში, როცა ზუგდიდში ყველაზე რთული პერიოდი იდგა, ხოლო ალექსანდრე ქობალია ზუგდიდის გამგებელი აღარ იყო.

ქობალიას სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ ის აწ გარდაცვლილი ყოფილი პარლამენტის წევრისა და ზუგდიდის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ოდიშის“ დამფუძნებლის, გრიგოლ ქობალიას ვაჟია, ხოლო მამამისი და ტელევიზია იყვნენ სწორედ ისინი, რომლებმაც თავის მხრებზე გადაიტანეს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის სიმძიმე, ჯერ კიდევ, მაშინ, როცა ის იუსტიციის მინისტრი იყო, შემდეგ გადადგა და შევარდნაძეს ჩაუდგა ოპოზიციაში.

რაც შეეხება ლევან კონჯარიას, ზუგდიდის აქტივის ნაწილი მიიჩნევს, რომ ის მერყევი პიროვნებაა და, ამავე დროს, თენგიზ გუნავასთან დაახლოებული პირიცაა. ზოგიერთი იმასაც იხსენებს, რომ მას სანდრა რულოვსის კონკურენტ ედიშერ თოლორაიასთანაც აკავშირებს ნათელ-მირონი, ხოლო მის ბიზნესს არანაირი დაბრკოლება არ შექმნია მაშინ, როცა აქტივის წევრთა უმრავლესობას სხვადასხვა მიზეზით დევნიან, აკავებენ და აჯარიმებენ. ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ლევან კონჯარიას არჩევა თენგიზ გუნავას ხელს აძლევს, რათა მისი სახით ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციაზე კონტროლი შეინარჩუნოს.

ანი წითლიძე ამბობს, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა საბოლოდ გარკვეული ჯერ არ არის, არანაირი ფავორიტები არ არსებობენ და რომ თავმჯდომარეს ზუგდიდის აქტივი აირჩევს. ის, ასევე, მიუთითებს, რომ „გამიჯნულების“ ოფისი „ფეისბუქის“ ლოკაციაზე გამოჩნდა მის წინააღმდეგ რამდენიმე გვერდზე და საჯარო განხილვის ადგილზე დაწერილი პოსტებითა და კომენტარებით, რასაც ის ყურადღებასაც არ მიაქცევს და ჩვეული შემართებით გააგრძელებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.

ჯერჯერობით გარკვეული არ არის, როდის დაინიშნება და ჩატარდება ზუგდიდის ორგანიზაციის კონფერენცია, სადაც თავმჯდომარეს აირჩევენ. მანამდე ანი წითლიძის მოწინააღმდეგეები „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ერთ-ერთი ბრიფინგის ვიდეოფრაგმენტს ავრცელებენ, რომელიც 2013 წელსაა გადაღებული და სადაც ანი წითლიძე „ახალაიების, სორდიებისა და მიქაიების ზონდერების გარეშე“ ზუგდიდზე საუბრობს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვიდეო აშკარად კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. თავად ანი წითლიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი სუს-ის მიერ შექმნილი ყალბი პროფილებით კეთდება და ყურადღების მიქცევად არ ღირს.

თუ სამეგრელოში დაწყებული დაძაბულობა იმ ტემპით გაგრძელდა, რა ტემპიც აიღო და მასშტაბებიც გაიზარდა, არაა გამორიცხული, სწორედ სამეგრელოს ქალაქებსა და, განსაკუთრებით, ზუგდიდში ახალი თავმჯდომარის არჩევა გახდეს ენმ-ს ბოლოდროინდელი გაყრის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე საინტერესო და დრამატული მონაკვეთი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ იყვნენ ჩასული სამეგრელოში ენმ-ს პოლიტსაბჭოს ახალი ხელმძღვანელები, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ აშკარად იკლო, თუმცა, არ გამქრალა.

 

ლაშა ბერულავა